საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებრივი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებრივი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-355
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 19/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.023.016907
2-355
19/06/2025
ვებგვერდი, 20/06/2025
340170000.22.023.016907
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებრივი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-355

2025 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებრივი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :


მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  უწყებრივი ჯილდოს გაცემის თანდართული წესი.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი



საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებრივი ჯილდოს გაცემის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) უწყებრივი ჯილდოთი (შემდგომ − უწყებრივი ჯილდო)  დაჯილდოების პირობებსა და პროცედურას.

2. უწყებრივი ჯილდოთი დაჯილდოების მიზანია   საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და,  ზოგადად, განსაკუთრებული დამსახურების აღიარება-დაფასება, ასევე თანამშრომელთა წახალისება და მათი მოტივაციის გაძლიერება.


მუხლი 2. უწყებრივი ჯილდო
სამინისტროს უწყებრივი ჯილდოა „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მედალი“ (დანართი №1).

მუხლი 3. დასაჯილდოებელი პირი
„უწყებრივი ჯილდოთი“ ჯილდოვდება სამინისტროს სისტემის მოქმედი ან ყოფილი თანამშრომელი ან/და სხვა ნებისმიერი პირი ერთ-ერთი შემდეგი პირობის არსებობის შემთხვევაში:

ა) სამინისტროს სისტემის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;

ბ) განსაკუთრებული ან/და მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისთვის;

გ) სამინისტროს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის;

დ) სამინისტროს სისტემაში  ხანგრძლივი (30 და მეტი წელი) და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის.


მუხლი 4. დაჯილდოების წესი
1. გადაწყვეტილებას უწყებრივი ჯილდოთი პირის დაჯილდოების შესახებ იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. უწყებრივი ჯილდოთი დაჯილდოების მიზნით მინისტრს კანდიდატურას (კანდიდატურებს) წარუდგენს კომისია, რომელიც მინისტრის პირველი მოადგილისა (კომისიის თავმჯდომარე) და მინისტრის მოადგილეებისგან შედგება. 

3. კომისიას დასაჯილდოებლად პირის (პირების) კანდიდატურას (კანდიდატურებს) შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს კომისიის წევრი, ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად.

4. მინისტრისთვის დასაჯილდოებლად პირის (პირების) კანდიდატურის (კანდიდატურების) წარდგენის შესახებ კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრების ხმათა უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. აღნიშნული გადაწყვეტილება აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელიც ერთვის წარდგინებას.

5. მინისტრი უფლებამოსილია კომისიის წარდგინების გარეშეც მიიღოს გადაწყვეტილება პირის (პირების) დაჯილდოების შესახებ.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ოქმს აწარმოებს და მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს ამზადებს სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო.


მუხლი 5. უწყებრივი ჯილდოს გადაცემა 
1. დაჯილდოებულ პირს უწყებრივ ჯილდოს გადასცემს მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე.

2. უწყებრივ ჯილდოსთან ერთად დაჯილდოებულ პირს გადაეცემა სერტიფიკატი  (დანართი №3).

3. დაჯილდოებულ პირს უწყებრივი ჯილდო შესაძლებელია გადაეცეს საზეიმო ვითარებაში, მათ შორის, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ან სამინისტროს მიერ დაგეგმილი რაიმე ღონისძიების ფარგლებში.

4. დაჯილდოების შესახებ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლი ან ამონაწერი ინახება დაჯილდოებული თანამშრომლის პირად საქმეში.


მუხლი 6. უწყებრივი ჯილდოს მიმართ მოპყრობის წესი
1. აკრძალულია უწყებრივ ჯილდოდ გადაცემულ მედალზე ნებისმიერი სახის ზემოქმედება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს მისი ორიგინალური სახის (ვიზუალური და ხარისხობრივი) შეცვლა.

2. მედლის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში დაჯილდოებული პირი ვალდებულია ამის შესახებ წერილობით ან სამსახურებრივი ელფოსტის საშუალებით აცნობოს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს.

3. დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში დაჯილდოებულ პირს უწყებრივი ჯილდო განმეორებით არ გადაეცემა.

4. გასაცემი „უწყებრივი ჯილდოს“ შენახვას უზრუნველყოფს სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი.