თამბაქოს წარმოების ლიცენზირების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე

თამბაქოს წარმოების ლიცენზირების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 115
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/04/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 340150000.10.003.025005
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
115
15/04/2025
ვებგვერდი, 16/04/2025
340150000.10.003.025005
თამბაქოს წარმოების ლიცენზირების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (16/04/2025 - 27/08/2025)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №115

2025 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

 

თამბაქოს წარმოების ლიცენზირების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 33 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „თამბაქოს წარმოების ლიცენზირების წესი და პირობები“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



თამბაქოს წარმოების ლიცენზირების წესი და პირობები

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

„თამბაქოს წარმოების ლიცენზირების წესი და პირობები“ (შემდგომში − წესი) შემუშავებულია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე და განსაზღვრავს თამბაქოს წარმოების ლიცენზირების გაცემის წესსა და პირობებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) თამბაქოს წარმოების ლიცენზია (შემდგომში − ლიცენზია) – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, თამბაქოს (მოსაწევი თამბაქოსა და სიგარეტის) მწარმოებლისათვის კანონმდებლობით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული თამბაქოს წარმოების განხორციელების უფლება;

ბ) თამბაქოს (მოსაწევი თამბაქოსა და სიგარეტის) მწარმოებელი − შესაბამისი ლიცენზიის მფლობელი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 32 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას და პასუხს აგებს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის ყოველ ეტაპზე მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებისთვის;

გ) ლიცენზიის მაძიებელი − თამბაქოს წარმოების ლიცენზიის მიღების მსურველი პირი.

მუხლი 3. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

თამბაქოს წარმოების ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში  − ლიცენზიის გამცემი).

მუხლი 4. ლიცენზიის გაცემის წესი

ლიცენზია გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ  წესით განსაზღვრული წესითა და პირობებით.

 მუხლი 5. ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები

1. ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის გამცემს წარუდგენს წერილობით განცხადებას. განცხადება განიხილება და წარმოებაში მიიღება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით დადგენილი წესით.

2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, ლიცენზიის მისაღებად წარსადგენ განცხადებას თან უნდა დაერთოს ლიცენზიის მაძიებლის უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული:

ა) მონაცემები საწარმოო ობიექტის ადგილმდებარეობის შესახებ;

ბ) საწარმოო ობიექტის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ტექნოლოგიური პროცესის მოკლე აღწერა;

დ) ინფორმაცია წარმოების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ;

ე) ინფორმაცია ლაბორატორიის (შემდგომში − ლაბორატორია) მოწყობისა და მისი აღჭურვილობის შესახებ;

ვ) ინფორმაცია ლაბორატორიაში ამ წესის დანართ №2-ის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პროცესებზე პასუხისმგებელ პირთა კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ ლაბორატორიას  გააჩნია საჭირო კვალიფიკაციისა და კომპეტენციის მქონე ადამიანური რესურსი;

ზ) ინფორმაცია საწარმოში ამ წესის დანართ №1-ის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საწარმოო პროცესებზე პასუხისმგებელ პირთა კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ საწარმოს გააჩნია საჭირო კვალიფიკაციისა და კომპეტენციის მქონე ადამიანური რესურსი;

თ) „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 29-ე პუნქტით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მუხლი 6. დამატებითი სალიცენზიო პირობები

1. ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლის მფლობელობაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის №1 დანართის მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირობებს.

2. ლიცენზიის მაძიებლის მფლობელობაში არსებული ლაბორატორია უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის №2 დანართით განსაზღვრულ პირობებს.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები ლიცენზიის მფლობელის მიერ დაცული უნდა იქნეს მუდმივად.

მუხლი 7. სალიცენზიო პირობების ადგილზე შემოწმება

1. ლიცენზიის მაძიებლის სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის დასადგენად ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია, ადგილზე შეამოწმოს ლიცენზიის მაძიებლის სალიცენზიო პირობები.

2. სალიცენზიო პირობებში მითითებული მონაცემების ადგილზე შემოწმებისას დგება შემოწმების ოქმი, რომელშიც აისახება შემოწმების შედეგები. ოქმს ხელს აწერენ ლიცენზიის გამცემის შესაბამისი უფლებამოსილი პირი და ლიცენზიის მაძიებელი. თუ ლიცენზიის მაძიებელი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.

3. ლიცენზიის მაძიებელს უფლება აქვს, წარადგინოს ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე მიუთითოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

მუხლი 8. ლიცენზიის გაცემის წესი

1. ლიცენზიის გამცემი წარდგენილი დოკუმენტაციისა და სალიცენზიო პირობების ადგილზე შემოწმების შედეგად იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე ან გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.

2. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 20 დღის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ლიცენზია გაცემულად ჩაითვლება.

3. ლიცენზიის მაძიებელი უფლებამოსილია ლიცენზიის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს სალიცენზიო მოწმობა. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს სალიცენზიო მოწმობა.

მუხლი 9. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები

ლიცენზიის გამცემი არ გასცემს ლიცენზიას, თუ:

ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები არ აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს და ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა გამოსწორებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ;

ბ) ლიცენზიის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებს;

გ) ლიცენზიის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის ლიცენზირებად სფეროში საქმიანობის უფლება.

მუხლი 10. უარი ლიცენზიის გაცემაზე

1. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი ლიცენზიის მაძიებელს.

2. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში.

მუხლი 11. სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი

1. სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

2. სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანო.

3. სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლის შედეგები ეგზავნება ლიცენზიის გამცემს.

მუხლი 12. ლიცენზიის გაუქმება

ლიცენზიის გაუქმება ხდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 13. სალიცენზიო მოწმობის ფორმა

თამბაქოს წარმოების სალიცენზიო მოწმობის ფორმა განისაზღვრება ლიცენზიის გამცემის ნორმატიული აქტით.

 

დანართი №1

თამბაქოს წარმოებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

 

1. თამბაქოს წარმოების ლიცენზიის მაძიებელს უნდა გააჩნდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელიც მისცემს მას შესაძლებლობას, განახორციელოს შემდეგი საწარმოო პროცესები:

ა) თამბაქოს ნაზავისა და დაჭრილი თამბაქოს მომზადება:

ა.ა) თამბაქოს ნედლეულის გაჩეჩვა;

ა.ბ) დანამვა:

ა.გ) სოუსირება;

ა.დ) თამბაქოს ნედლეულის შერევა;

ა.ე) თამბაქოს დაჭრა;

ა.ვ) დაჭრილი თამბაქოს თერმული დამუშავება;

ა.ზ) დაჭრილი თამბაქოს არომატიზება;  

ა.თ) დაჭრილი თამბაქოს შერევა;

ა.ი) მზა პროდუქტის შეფუთვა;

ბ) სიგარეტის წარმოება:

ბ.ა) დაჭრილი თამბაქოს სიგარეტის ქაღალდში განთავსება;

ბ.ბ) ფილტრიანი სიგარეტის წარმოება;

ბ.გ) უფილტრო სიგარეტის წარმოება;

ბ.დ) სიგარეტის კოლოფში შეფუთვა.

2. თამბაქოს სრული ციკლის წარმოებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური აქტივების ჩამონათვალი, რომელიც სავალდებულო წესით უნდა მოიცავდეს შემდეგ დანადგარებს:

ა) თამბაქოს ნაზავისა და დაჭრილი თამბაქოს მომზადება:

ა.ა) დაწნეხილი ფოთლის დამშლელი დანადგარი;

ა.ბ) დანამვისა და სოუსირების დოლი;

ა.გ) ფოთლოვანი თამბაქოს შემრევი დანადგარი;

ა.დ) დაჭრილი თამბაქოს შემრევი დანადგარი;

ა.ე) თამბაქოს ფოთლის ინსპექტირების მეტალო მინარევების აღმომჩენი დეტექტორი;

ა.ვ) დამჭრელი მანქანა;

ა.ზ) საშრობი დოლი;

ა.თ) არომატიზაციის დოლი;

ბ) სიგარეტის წარმოება:

ბ.ა) თამბაქოს პნევმომიმწოდებელი დანადგარი;

ბ.ბ) სიგარეტის დამტენი ხაზი: ღერის დამამზადებელი დანადგარი, სიგარეტის ღერზე ფილტრის მიმბმელი დანადგარი;

ბ.გ) სიგარეტის ღერის შემკრები რეზერვუარი;

ბ.დ) სიგარეტის ღერის კოლოფში შემფუთავი მანქანა;

ბ.ე) სიგარეტის კოლოფზე აქციზური მარკის მიმკვრელი დანადგარი;

ბ.ვ) სიგარეტის კოლოფის ცელოფანში შემფუთი დანადგარი;

ბ.ზ) ბლოკში შემფუთი დანადგარი.

 

დანართი №2

ლაბორატორიის აღჭურვის პირობები

1. თამბაქოს წარმოების ლიცენზიის მაძიებელი უნდა ფლობდეს ლაბორატორიას, რომელიც მისცემს მას შესაძლებლობას, განახორციელოს ხარისხის კონტროლის შემდეგი პროცესები:

ა) ტენის მასური წილის განსაზღვრა;

ბ) მტვერის მასური წილის განსაზღვრა;

გ) დაჭრილი თამბაქოს ფრაქციული ანალიზი;

დ) ფილტრის სიმაგრის განსაზღვრა;

ე) სიგარეტის ღერის სიმაგრის განსაზღვრა;

ვ) თამბაქოს შევსების უნარიანობის კვლევა;

ზ) დაჭრილი თუთუნის ბოჭკოს სიგანის დადგენა;

თ) სიგარეტის ღერიდან გამოყრილი თამბაქოს ფრაქციული ანალიზი;

ი) ნიკოტინის შემცველობის განსაზღვრა;

კ) სიგარეტის სიგრძისა და დიამეტრის განსაზღვრა;

ლ) ფილტრის სიგრძის დადგენა;

მ) სიგარეტისა და ფილტრის გამტარიანობის განსაზღვრა;

ნ) შაქრის შემცველობის დადგენა.

2. ლაბორატორია უნდა მოიცავდეს შემდეგ დანადგარებს:

ა) ანალიზური სასწორი;

ბ) საცრების ნაკრები;

გ) მინიმიკროსკოპი;

დ) მბრუნავი ცილინდრი;

ე) საშრობი კარადა;

ვ) ექსიკატორი;

ზ) ტენის, ნიკოტინისა და შაქრის მზომი;

თ) დენსიმეტრი;

ი) წებოს ხარისხის საზომი;

კ) კლიმატკამერა.