დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 157 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/07/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 99, 14/07/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.250.000.10.003.001.102 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/07/2008 - 09/08/2008)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №157
2008 წლის 9 ივლისი
ქ. თბილისი
თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1 . საქართველოს საბაჟო კოდექსის 150-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლის საფუძველზე დამტკიცდეს „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ“ თანდართული ინსტრუქცია.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1
ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს თავისუფალი ზონის (შემდგომში – თზ) შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის გაანგარიშების, გარანტიის სახეობის განსაზღვრისა და წარდგენის წესს, თზ-ის შექმნის პირობებსა და ფუნქციონირების წესს, თზ-ში შესატანი ან თზ-დან გასატანი საქონლის მიმართ თზ-ის პერიმეტრზე არსებულ შესასვლელებსა და გამოსასვლელებში განთავსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტში გადაადგილებული საქონლის, აგრეთვე თზ-ში არსებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების, თზ-ში საქონლის შენახვის წესებს.
მუხლი 2
ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს საქართველოს საბაჟო კოდექსითა და „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა, თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
თავი II. გარანტია
მუხლი 3
1. თზ-ის ორგანიზატორს ევალება გარანტიის წარმოდგენა. გარანტიის ოდენობა განისაზღვრება თზ-ის მოწყობის წარმოდგენილი გეგმის შესაბამისად თზ-ის მიწის ნაკვეთის ფართობის ყოველ 1 კვადრატულ მეტრზე 25 ევროს ოდენობით, არა უმეტეს 20 000 000 ევროს ოდენობისა.
2. ამ მუხლში მითითებული გარანტია წარმოადგენს:
ა) „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან (შემდგომში – სამსახური) შეთანხმებული თზ-ის მოწყობის გეგმაში ასახული საბაჟო პროცედურების განხორციელებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურის, ტექნიკა-დანადგარების სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფის საშუალებას;
ბ) თზ-ის ფუნქციონირების პერიოდში შესაძლო წარმოქმნილი საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას.
3. გარანტია უნდა მოქმედებდეს თზ-ის ფუნქციონირების მთელი პერიოდის განმავლობაში და წარმოდგენილ უნდა იქნეს არანაკლებ 3 წლის ვადით.
4. გარანტიის წარდგენამდე იკრძალება თზ-ის ფუნქციონირების დაწყება.
5. გარანტიის ვადის ყოველი შემდგომი გაგრძელების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასევე არანაკლებ 3 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს თზ-ის სტატუსის მოქმედების დარჩენილი ვადისა) წარმოდგენილ უნდა იქნეს მიმდინარე გარანტიის ვადის ამოწურვამდე.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმდინარე გარანტიის ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან ახალი გარანტიის წარმოდგენამდე იკრძალება თზ-ში საქონლის შეტანა და თზ-დან საქონლის გატანა.
7. გარანტიის შესრულების (რეალიზაციის) შემდეგ არა უგვიანეს ერთი თვისა ორგანიზატორმა უნდა უზრუნველყოს გარანტიის პირველად ოდენობამდე შევსება.
8. ყოველ 10 წელიწადში გარანტიის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოდენობა შეიცვლება ინფლაციისა და ვალუტის კურსის ცვლილებების გათვალისწინებით.
9. ამ მუხლით გათვალისწინებული გარანტია წარედგინება სამსახურს.
მუხლი 4
გარანტიის სახეებია:
1. საბანკო გარანტია:
ა) რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა.ა) გარანტის სრული დასახელება და იურიდიული მისამართი;
ა.ბ) პრინციპალის სრული დასახელება და იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი;
ა.გ) ბენეფიციარი;
ა.დ) გარანტიის ობიექტი და გარანტის ვალდებულება;
ა.ე) გარანტიის მოქმედების ტერიტორია;
ა.ვ) გარანტიის თანხა და გარანტიის მოქმედების პერიოდი;
ა.ზ) დადასტურებას, რომ გარანტი იღებს გამოუწვევად ვალდებულებას ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე გადაუხადოს ბენეფიციარს ნებისმიერი თანხა ან თანხები, მაგრამ არა უმეტეს გარანტიით გათვალისწინებული თანხისა მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
ბ) ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის შემთხვევაში:
ბ.ა) სამსახური განიხილავს საბანკო გარანტიას ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ბ.ბ) საბანკო გარანტიის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში სამსახური საბანკო გარანტიას უგზავნის საბაჟო ორგანოს, რომელიც ახდენს გარანტიის რეგისტრაციას და იტოვებს მის დედანს, ხოლო დამოწმებულ ასლს გადასცემს ორგანიზატორს.
2. დეპოზიტი სახელმწიფო ხაზინაში:
ა) ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებად დეპოზიტის გამოყენების შემთხვევაში ორგანიზატორი სათანადო თანხას შეიტანს სახელმწიფო ხაზინაში კომერციული ბანკის მეშვეობით ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე – დეპოზიტების საბაჟო საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდზე, რის შესახებაც სახელმწიფო ხაზინა სამსახურს მიაწვდის შესაბამის ინფორმაციას ერთდროულად ელექტრონული და წერილობითი ფორმით;
ბ) ორგანიზატორი საბაჟო ორგანოს წარუდგენს საგადახდო დავალებას, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებით განსაზღვრული წესით;
გ) სახელმწიფო ხაზინაში ბიუჯეტის შემოსულობის ერთიან ანგარიშზე დეპოზიტის სახით კომერციული ბანკის მეშვეობით თანხის შეტანა შეიძლება როგორც ნაღდი ფულით, ისე უნაღდო ანგარიშსწორების გზით;
დ) დეპოზიტზე ყოფნის დროს თანხაზე პროცენტის დარიცხვა, აგრეთვე თანხის ინდექსაცია არ ხდება;
ე) ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის შემთხვევაში:
ე.ა) საბაჟო ორგანო ახორციელებს სახელმწიფო ხაზინის მიერ გაცემული ინფორმაციისა და ვალდებული პირის მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების ურთიერთშედარებას. კერძოდ, ამოწმებს, თუ რამდენად შეესაბამება საგარანტიო თანხა ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესით გაანგარიშებულ ოდენობას. შეუსაბამობის შემთხვევაში საგადახდო დავალება არ მიიღება;
ე.ბ) თანხის შემტანის მიერ თანხის განკარგვა ხორციელდება სახელმწიფო ხაზინის შესაბამისი ანგარიშიდან. შესაბამისი საბაჟო ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინისათვის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია დეპოზიტზე თანხის შემტანის მიერ მისი განკარგვა;
ე.გ) საგადახდო დავალების ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისას მისი რეგისტრაცია ხორციელდება იმ საბაჟო ორგანოს მიერ, რომელიც განახორციელებს თზ-ის პერიმეტრზე განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადაადგილებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო კონტროლს.
მუხლი 5
გარანტია წარმოადგენს ინსტრუქციის დადგენილი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას და თზ-ის ფუნქციონირების დაწყებისას ამ გარანტიის მიმართ ბენეფიციარის სტატუსი გააჩნია სამსახურს.
თავი III. ტექნიკური, საორგანიზაციო და სხვა მოთხოვნები თზ-ის მოწყობისას
მუხლი 6
1. სავალდებულოა თზ-ის გააჩნდეს ტერიტორიის მთელი პერიმეტრის შემომსაზღვრელი კაპიტალურად დამონტაჟებული მასალის, არანაკლებ 3 მეტრი სიმაღლის ღობე, რომელსაც მთელ სიგრძეზე უნდა გასდევდეს გარე განათება. ღობეზე ან შენობა-ნაგებობის კედელზე გარე მხრიდან ყოველი 200 მეტრის შუალედში უნდა იყოს მიმაგრებული ტოლგვერდა სამკუთხედის ფორმის ფირნიში (სამკუთხედის გვერდის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 50 სანტიმეტრისა), რომლებზეც მწვანე ფერის ფონზე თეთრი ფერით ქართულ და ინგლისურ ენებზე გაკეთებულია წარწერა „საბაჟო კონტროლის ზონა“ – „Customs Control Zone“, ამასთან, ფირნიში დამზადებული უნდა იყოს „მანათობელი“ საღებავის გამოყენებით.
2. თზ-ის ტერიტორიაზე არსებული მიწისზედა და მიწისქვეშა შენობა-ნაგებობები და სხვა ნებისმიერი კონსტრუქცია (გარდა შესასვლელ-გამოსასვლელი საბაჟო გამშვები პუნქტებისა, ასევე წყალმომარაგების, კავშირგაბმულობის ელექტრო- და გაზმომარაგების კონსტრუქციებისა) არ უნდა კვეთდეს თზ-ის ღობის ვერტიკალურ სიბრტყეს.
3. თზ-ში კანონმდებლობით დადგენილი წესით (თზ-ის ორგანიზატორის მიერ და მისივე ხარჯით) მოეწყობა თზ-ში შესასვლელები და გამოსასვლელები – საბაჟო გამშვები პუნქტები. საბაჟო გამშვები პუნქტების მოწყობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურით და ტექნიკა-დანადგარით აღჭურვა მოიცავს:
ა) საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიის, მასზე შენობა-ნაგებობების, სპეციალური ტექნიკის განთავსების პროექტის შეთანხმებას სამსახურთან;
ბ) სპეციალიზებული საავტომობილო და სხვა სახის (რაოდენობის, სიმძლავრის და ა.შ. განსაზღვრისთვის საჭირო) სასწორის განთავსებას;
გ) საქონლის (მათ შორის, რადიაციული, იარაღის (ფეთქებადი მასალა), ნარკოტიკული საშუალების) მალულად გადაადგილების აღკვეთისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით სატრანსპორტო საშუალების გახსნის გარეშე საქონლის დათვალიერების, რადიაციული, იარაღის, ნარკოტიკულ საშუალებათა გამომვლენი საშუალებების (რენტგენულ გამოსხივებაზე დამყარებული) რაოდენობის, სიმძლავრის განსაზღვრას და საბაჟო გამშვები პუნქტის აღჭურვას. სპეციალურ საშუალებებში იგულისხმება აგრეთვე სპეციალიზებული კინოლოგიური მომსახურება;
დ) საქონლის დათვალიერების ადგილის გამოყოფასა და შესაბამისად აღჭურვას (სასწორი, გადმოტვირთვა-დატვირთვის სპეციალური ტექნიკა);
ე) საბაჟო მონაცემთა ელექტრონულ ბაზასთან სამსახურის მიერ განსაზღვრული სიმძლავრის კავშირის უზრუნველყოფას;
ვ) დეკლარაციის, აღრიცხვის მოწმობის შევსებას, გამოწერას, კონტროლის დაწესებას, მოხსნისთვის აუცილებელი კომპიუტერული ტექნიკის, ქსელის არსებობას;
ზ) საბაჟო გამშვებ პუნქტში გამოსახულების მიმდინარე რეჟიმში ელექტრონული საშუალებით სამსახურის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ტექნიკური საშუალების არსებობას;
თ) ნებართვას დაქვემდებარებული საქონლის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი თზ-ში საქმიანობის სავარაუდო გეგმის მიხედვით შესაბამისი მასშტაბის საბაჟო ლაბორატორიის მოწყობას;
ი) სახელმწიფო სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და ტექნიკა-დანადგარების რაოდენობის, სახეობის განსაზღვრასა და საბაჟო გამშვები პუნქტის აღჭურვას.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული, საბაჟო გამშვები პუნქტის მოწყობის პირობების და მოთხოვნების შემცირების ან გაზრდის უფლებამოსილება გააჩნია სამსახურს.
5. შესაძლებელია შეიცვალოს თზ-ის ფუნქციონირებისათვის დადგენილი პირობები, რის შესახებაც ერთი წლით ადრე ეცნობება ორგანიზატორს ფუნქციონირების ახალ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ორგანიზატორის წინააღმდეგობის შემთხვევაში სათანადო პასუხისმგებელი ორგანო თავად უზრუნველყოფს მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას, ამისათვის საკმარისი ფუნქციონირების ვალდებულებების უზრუნველმყოფი გარანტიის სახელმწიფოს სასარგებლოდ რეალიზაციის საშუალებით.
თავი IV. თზ-ის შექმნის პირობები და ფუნქციონირების წესი
მუხლი 7
1. საქართველოს მთავრობისათვის თზ-ის შექმნის ინიციატივით ორგანიზატორის მიერ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის (შემდგომში – სამინისტრო) დასკვნის მომზადების მიზნით წარდგენილ განცხადებას სამინისტრო თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად უგზავნის სამსახურს.
2. თანდართული დოკუმენტაციის სახით წარდგენილი უნდა იქნეს ის ინფორმაცია, რაც საკმარისია საბაჟო პროცედურების განხორციელებისათვის საჭირო სრული ინფრასტრუქტურის ელემენტების, ტექნიკა-დანადგარების სახეობის, სიმძლავრის, უსაფრთხოების, რაოდენობის, განლაგების, დაპროექტების, სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირებისათვის, ასევე სხვა პარამეტრების შესახებ სამსახურის მიერ მოთხოვნების განსაზღვრისათვის, აგრეთვე ვალდებულებას ფუნქციონირების დაწყების ვადის ფარგლებში ამ მოთხოვნების შესრულების თაობაზე, ან მტკიცებულებებს, რომ დაკმაყოფილებულია თზ-ის შექმნისათვის სამსახურის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები.
3. იმ შემთხვევაში, როცა თზ-ისათვის განკუთვნილი ტერიტორიის საზღვრების განლაგების მიხედვით ან/და ორგანიზატორის სურვილით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პირის შესვლა, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შეტანა, ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან პირის გასვლა, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გატანა განხორციელდება უშუალოდ თზ-ისათვის განკუთვნილი ტერიტორიდან, აუცილებელია წარმოდგენილ იქნეს ინფორმაცია სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო, ტექნიკური სტანდარტებისადმი შესაბამისობისა და ხარისხის ან/და სხვა სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო სრული ინფრასტრუქტურის ელემენტების, ტექნიკა-დანადგარების სახეობის, სიმძლავრის, უსაფრთხოების, რაოდენობის, განლაგების, დაპროექტების, სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირებისათვის, ასევე სხვა პარამეტრების შესახებ მოთხოვნების განსაზღვრისათვის.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე თზ-ის შექმნისათვის საჭირო პირობების მომზადების მიზნით განცხადების რეგისტრაციიდან ერთი დღის ვადაში სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა.
5. სამსახურის უფროსს უფლება აქვს ჯგუფის შემადგენლობაში ექსპერტის სტატუსით მოიწვიოს სხვა პირი.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების საფუძველზე თზ-ის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრის თაობაზე ან განსაზღვრაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადაა განცხადების რეგისტრაციიდან 25 კალენდარული დღე.
მუხლი 8
1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით სამუშაო ჯგუფი იწყებს მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებას. გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის შესაბამისად.
2. სამუშაო ჯგუფი ვალდებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული წესით, გარკვეული პერიოდულობით გამართოს ზეპირი მოსმენა. ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ჯგუფის უფროსი საკუთარი ინიციატივით ან განმცხადებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
3. განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე სხდომის ხელმძღვანელი ვალდებულია სხდომა გამოაცხადოს დახურულად.
4. დამატებითი ინფორმაციის წარდგენის საჭიროებისას სამუშაო ჯგუფი მართავს ზეპირი მოსმენის სხდომას და განმცხადებელთან შეთანხმებით განსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის ფარგლებშიც განმცხადებელი ვალდებულია წარადგინოს ეს ინფორმაცია. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს განცხადების სამსახურში რეგისტრაციიდან 10 კალენდარულ დღეს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრული ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმით დადგენილ ვადაში ინფორმაციის წარუდგენლობა არის თზ-ის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი.
6. ამ მუხლში აღნიშნული წესით განსაზღვრული ვადის თაობაზე ეცნობება სამინისტროს.
მუხლი 9
თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვროს თზ-ის ფუნქციონირების დაწყების ვადა, რომელიც მოიცავს თზ-ის შექმნის ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების, საქართველოს მთავრობის, საქართველოს მინისტრის სამართლებრივ აქტებში თზ-ის ფუნქციონირების დაწყებისათვის აუცილებელი ცვლილებისა და დამატებების მიღების, საბაჟო-გამშვები პუნქტების შექმნის, შესაბამისი კადრებით დაკომპლექტების, საბაჟო პროცედურების განხორციელების ტექნოლოგიური სქემის მომზადების ვადას.
მუხლი 10
1. თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ფუნქციონირების ვადის დაწყების ამოწურვამდე 20 კალენდარული დღით ადრე, ან ვადამდე ორგანიზატორის განცხადების საფუძველზე სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა. იმ შემთხვევაში, როცა ჯგუფი იქმნება ორგანიზატორის განცხადების საფუძველზე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა განცხადების სამსახურში რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში.
2. სამსახურის უფროსს უფლება აქვს ჯგუფის შემადგენლობაში ექსპერტის სტატუსით მოიწვიოს სხვა პირი.
3. ჯგუფის ამოცანაა დაადასტუროს ან უარყოს თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესაბამისობა.
4. სამუშაო ჯგუფი განსაზღვრავს თზ-ის დათვალიერების თარიღს და აღნიშნულის შესახებ ატყობინებს ორგანიზატორს.
5. თზ-ის დათვალიერებისას დგება დათვალიერების შედეგების ამსახველი აქტი, რომელსაც ხელს აწერს ჯგუფის ყველა წევრი.
მუხლი 11
თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში ორგანიზატორსა და სამინისტროს სამსახური უგზავნის მოთხოვნას ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული გარანტიის შესაბამის საბაჟო ორგანოში დარეგისტრირების თაობაზე, ხოლო გარანტიის რეგისტრაციის მეორე სამუშაო დღეს ორგანიზატორსა და სამინისტროს სამსახური უგზავნის შეტყობინებას თზ-ის ფუნქციონირების დაწყების მზადყოფნის შესახებ.
მუხლი 12
1. თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესაბამისობის უარყოფის შემთხვევაში თზ-ის დათვალიერების შედეგების ამსახველ აქტში ფიქსირდება ინფორმაცია ნაკლოვანებებისა და მათი აღმოფხვრის ღონისძიებათა შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას სამინისტროს უგზავნის სამსახური. სამსახურის მიერ გაგზავნილი ინფორმაციის საფუძველზე სამინისტრო იწყებს მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებას და ზეპირი მოსმენის გამართვის შემდგომ ადგენს დათვალიერების შედეგების ამსახველ აქტში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას.
მუხლი 13
ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლით გათვალისწინებული წესით განსაზღვრული ვადის ფარგლებში თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესაბამისობის უარყოფის დამადასტურებელი თზ-ის დათვალიერების შედეგების ამსახველ აქტში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრისას ორგანიზატორი წერილობით ატყობინებს სამსახურსა და სამინისტროს.
მუხლი 14
ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლით გათვალისწინებული წესით განსაზღვრული ვადის ფარგლებში თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესაბამისობის უარყოფის დამადასტურებელ თზ-ის დათვალიერების შედეგების ამსახველ აქტში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის თაობაზე ორგანიზატორის წერილობითი შეტყობინების მიუღებლობისას სამსახური აყენებს საკითხს თზ-ის ლიკვიდაციის (საქმიანობის შეწყვეტის) შესახებ.
მუხლი 15
1. ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლში აღნიშნული წერილობითი შეტყობინების სამსახურში რეგისტრაციიდან მეორე სამუშაო დღეს სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა.
2. სამსახურის უფროსს უფლება აქვს ჯგუფის შემადგენლობაში ექსპერტის სტატუსით მოიწვიოს სხვა პირი.
3. ჯგუფის ამოცანაა დაადასტუროს ან უარყოს თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესაბამისობის უარყოფის დამადასტურებელი თზ-ის დათვალიერების შედეგების ამსახველ აქტში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა.
4. სამუშაო ჯგუფი განსაზღვრავს თზ-ის დათვალიერების თარიღს და ატყობინებს აღნიშნულის შესახებ ორგანიზატორს.
5. თზ-ის დათვალიერებისას დგება თზ-ის დათვალიერების შედეგების ამსახველი აქტი, რომელსაც ხელს აწერს ჯგუფის ყველა წევრი.
მუხლი 16
თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესაბამისობის უარყოფის დამადასტურებელი თზ-ის დათვალიერების შედეგების ამსახველ აქტში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის დადასტურების შემთხვევაში ორგანიზატორსა და სამინისტროს სამსახური უგზავნიას მოთხოვნას ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული გარანტიის შესაბამის საბაჟო ორგანოში დარეგისტრირების თაობაზე, ხოლო გარანტიის რეგისტრაციის მეორე სამუშაო დღეს ორგანიზატორსა და სამინისტროს სამსახური უგზავნის შეტყობინებას თზ-ის ფუნქციონირების დაწყების მზადყოფნის შესახებ.
მუხლი 17
იმ შემთხვევაში, როცა ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლში მითითებული დათვალიერების აქტით არ დადასტურდება თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესაბამისობის უარყოფის დამადასტურებელი თზ-ის დათვალიერების შედეგების ამსახველ აქტში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა, სამსახური აყენებს საკითხს თზ-ის ლიკვიდაციის (საქმიანობის შეწყვეტის) შესახებ.
მუხლი 18
თზ-ის ფუნქციონირების ვადის განმავლობაში ორგანიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს თზ-ის ფუნქციონირების დაწყებამდე არსებული ინფრასტრუქტურის, ტექნიკა-დანადგარების სამუშაო რეჟიმში ყოფნა, ინფრასტრუქტურაში შემავალი ელემენტების, ტექნიკა-დანადგარების მიმდინარე, კაპიტალური რემონტი, შეცვლა, მათი განახლება.
მუხლი 19
ამ ინსტრუქციის მე-18 მუხლში მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობისას თზ-ის საწარმოების მომსახურების/ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი სახელმწიფო ორგანო ვალდებულია ორგანიზატორს ან თიზის შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – თიზის სააგენტოს წარუდგინოს წერილობითი მოთხოვნა ინფრასტრუქტურაში შემავალი ელემენტების ან/და ტექნიკა-დანადგარების სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით მათი მიმდინარე, ან კაპიტალური რემონტის, ან შეცვლის თაობაზე. თიზის სააგენტო წერილობითი მოთხოვნის რეგისტრაციიდან ერთი დღის ვადაში მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს მოთხოვნის შესრულების გონივრულ ვადას და ატყობინებს ზემოაღნიშნულის შესახებ ორგანიზატორს.
თავი V. თზ-ისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა და გარანტიიდან თანხის ჩამოჭრა
მუხლი 20
1. ამ მუხლის მიზნებისათვის თზ-ისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობად ითვლება თზ-ის შექმნის თაობაზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მიღების შემდგომ პერიოდში ნებისმიერი წესის/პირობის დარღვევა (მათ შორის ორგანიზატორის მიერ საბაჟო ვალდებულებების შეუსრულებლობა), რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია თზ-ის შექმნისა და ფუნქციონირებისათვის.
2. იმ პირობის/მოთხოვნის დარღვევისათვის, რომელზეც წარდგენილია ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარანტია, გარანტიის შესრულების (რეალიზაციის) მოთხოვნას ან გარანტიიდან მოთხოვნის შესრულებისათვის საჭირო ოდენობის ფულადი თანხის ჩამოჭრას ახორციელებს სამსახური.
3. ამ ინსტრუქციის მე-19 მუხლში მითითებული ვადის განმავლობაში მოთხოვნის შეუსრულებლობისას წერილობითი მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს მოთხოვნის შესრულებისათვის საჭირო ფულადი თანხის ოდენობა და გაუგზავნოს საბაჟო ორგანოს წერილობითი შეტყობინება გარანტიიდან ამ თანხის ჩამოჭრის თაობაზე. საბაჟო ორგანო ვალდებულია წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 3 დღის ვადაში გარანტს მოსთხოვოს თანხის ჩამოჭრა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მოთხოვნის შესრულების უზრუნველყოფას გარანტიიდან ჩამოჭრილი ფულადი თანხის ფარგლებში ახორციელებს სააგენტო, ხოლო სააგენტოს მიერ მოთხოვნის შესრულების შემდგომ დაუხარჯავი ფულადი თანხის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა უნდა დაუბრუნდეს ორგანიზატორს.
5. გარანტიის თანხის ჩამოჭრიდან ერთი თვის ვადაში ორგანიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს გარანტიის თანხის შევსება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობისას სამსახური მიმართავს სამინისტროს თზ-ის ლიკვიდაციის (საქმიანობის შეწყვეტის) მოთხოვნით.
6. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება გარანტიიდან მოთხოვნილი თანხის მიღება, ორგანიზატორი ვალდებულია წარმოადგინოს ახალი გარანტია ან უზრუნველყოს მოთხოვნილი თანხის დაფარვა ერთი თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახური მიმართავს სამინისტროს თზ-ის ლიკვიდაციის (საქმიანობის შეწყვეტის) მოთხოვნით.
მუხლი 21
თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ან/და თზ-ის ფუნქციონირების პერიოდში თუ სამსახური აღმოაჩენს, რომ თზ-ში განსხვავებული საქმიანობის დაწყების ან სხვა გარემოების გამო საჭიროა თზ-ისათვის დადგენილი მოთხოვნებისაგან განსხვავებული მოთხოვნის დამატებით შესრულება, იგი ვალდებულია ამის შესახებ გონივრულ ვადაში წერილობით აცნობოს თზ-ის ორგანიზატორს, ხოლო ამ უკანასკნელმა წერილის მიღებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამ ვადის განმავლობაში მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მისი იძულების წესით შესრულება ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლის მიხედვით.
თავი VI. საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების, თზ-ში საქონლის შენახვის წესები
მუხლი 22
თზ-ის შესასვლელებსა და გამოსასვლელებზე, თზ-ის საზღვრებზე (პერიმეტრის ზღუდეზე) პირის, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების, თზ-ში არსებული ან/და შენახული საქონლის კონტროლს ახორციელებს საბაჟო ორგანო.
მუხლი 23
კონტროლი მოიცავს:
ა) თზ-ის შესასვლელებსა და გამოსასვლელებზე, თზ-ის საზღვრებზე (პერიმეტრის ზღუდეზე) პირის, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შესახებ დოკუმენტების წარდგენასა და კამერალურ შემოწმებას; პირის, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების წარდგენას და დათვალიერებას;
ბ) თზ-ში არსებული ან/და შენახული საქონლის შესახებ დოკუმენტების წარდგენას და დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას, აგრეთვე საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ამ საქონლის დათვალიერებას;
გ) საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქმიანობის შემოწმებას საქართველოს საბაჟო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 24
თზ-ის შესასვლელებსა და გამოსასვლელებზე განთავსებულ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიურ სქემას შეიმუშავებს სამსახური.
მუხლი 25
საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება საბაჟო მონაცემთა ავტომატიზირებულ სისტემაში „ASYCUDA“ (შემდგომში – სისტემა) გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემის მეშვეობით, ან უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით რისკების მართვის სისტემის საფუძველზე მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ან საკუთარი ინიციატივით.
მუხლი 26
ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) რისკი – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის პოტენციური დარღვევის ალბათობა;
ბ) რისკის პროფილი – რისკების კრიტერიუმების ერთობლიობა, რომლის შინაარსი განისაზღვრება მოპოვებული ინფორმაციის ანალიზისა და განსაზღვრული კატეგორიის მიხედვით კლასიფიცირების საფუძველზე, წინასწარ განსაზღვრული და შერჩევის დადგენილი კრიტერიუმების ფარგლებში;
გ) რისკის კრიტერიუმი – წინასწარ გარკვეული ნიშნით განსაზღვრული მონაცემი, რომლის თანხვედრა დეკლარირებული საქონლის შესახებ მონაცემებთან იძლევა საბაჟო კონტროლის გამოსაყენებელი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საშუალებას და გამოიყენება რისკის აღმოსაფხვრელად;
დ) დერეფანი (მწვანე, ყვითელი, წითელი და ლურჯი) – საბაჟო კონტროლის ღონისძიება, რომელიც საბაჟო მოხელემ უნდა განახორციელოს დეკლარირებული საქონლის შესახებ მონაცემთა რისკის კრიტერიუმთან თანხვედრის ან არათანხვედრის შემთხვევაში;
ე) შეტყობინება – საბაჟო მოხელისათვის დამატებით ელექტრონული სახით მიწოდებადი მითითება იმის შესახებ, თუ რა სახის ღონისძიება უნდა განხორციელდეს რისკის პროფილის საფუძველზე დეკლარაციის შესაბამის დერეფანში განთავსების შემთხვევაში;
ვ) უფლებამოსილი პირი – სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული საბაჟო ორგანოს მოხელე.
მუხლი 27
1. რისკის პროფილების შექმნა ხორციელდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ კომისიასთან შეთანხმებით. სამუშაო ჯგუფისა და კომისიის მუშაობის წესი, რისკის კრიტერიუმების შესაქმნელად წინასწარ გარკვეული ნიშნით განსაზღვრული მონაცემები წარმოადგენს სამსახურის საიდუმლო ინფორმაციას და მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 122-ე მუხლით დადგენილი წესით.
2. რისკის პროფილები იქმნება სისტემის მონაცემთა დამუშავების, საბაჟო კანონმდებლობის დარღვევების შესახებ არსებული მასალების, საერთაშორისო კონვენციების, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის, რისკების მართვის სფეროში არსებული საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე. რისკის პროფილები იქმნება გარკვეული ვადით ან უვადოდ და წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას. არსებული რისკის პროფილების შეცვლა ან გაუქმება გარკვეული პერიოდულობით ხორციელდება სამსახურის ხელთ არსებული ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის საფუძველზე.
3. რისკის პროფილები მტკიცდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 28
1. სისტემის მეშვეობით დეკლარირებული საქონლის მონაცემების რისკის კრიტერიუმებთან თანხვედრის შემთხვევაში სისტემაში რეგისტრირებული დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი, რაც გულისხმობს საბაჟო კონტროლის განსახორციელებელ შემდეგ ღონისძიებებს:
ა) მწვანე დერეფანი – თზ-ში შესატანი ან თზ-დან გასატანი საქონლის გაშვებას დეკლარაციაზე თანდართული დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე;
ბ) ყვითელი დერეფანი – თზ-ში შესატანი ან თზ-დან გასატანი საქონლის დეკლარაციისა და თანდართული დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას;
გ) წითელი დერეფანი – თზ-ში შესატანი ან თზ-დან გასატანი საქონლის დეკლარაციის, თანდართული დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას, დეკლარირებული საქონლის დათვალიერებას;
დ) ლურჯი დერეფანი – თზ-ში შესატანი ან თზ-დან გასატანი საქონლის დეკლარაციისა და თანდართული დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას და საქონლის გაშვების შემდგომ პერიოდში დოკუმენტების უტყუარობის შემოწმებას.
2. დერეფნის განსაზღვრასთან ერთად სისტემის მეშვეობით ელექტრონული სახით ხდება შეტყობინების მიწოდება (საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილზე დათვალიერებისათვის განკუთვნილი დეკლარაციის შემთხვევითი შერჩევის გარდა), რომელშიც მიეთითება საბაჟო კონტროლის დამატებით გამოსაყენებელი ღონისძიების შესახებ.
3. განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის დეკლარაციებით (გარდა იმ დეკლარირებული საქონლისა, რომლის დეკლარაციისათვის რისკის პროფილის საფუძველზე უკვე განისაზღვრა დერეფანი) დეკლარირებული საქონელი ექვემდებარება დათვალიერებას წითელი დერეფნის მსგავსად საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილზე. დათვალირებისათვის განკუთვნილი დეკლარაციის შემთხვევითი შერჩევა ხორციელდება სისტემის მეშვეობით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროცენტული მაჩვენებელი კონფიდენციალურია და მტკიცდება ინსტრუქციის 28-ე მუხლით დადგენილი წესით.
5. დეკლარაციისათვის ამ მუხლში მოცემული დერეფნის განსაზღვრის შემდეგ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი საბაჟო ორგანოს მოხელე ელექტრონულად იღებს შეტყობინებას.
6. სისტემის მეშვეობით დეკლარაციისათვის ამ მუხლში მოცემული დერეფნის განსაზღვრის მიუხედავად რისკების მართვის სისტემის საფუძველზე მიღებული ინფორმაციის მიხედვით ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს დეკლარაციისა და თანდართული დოკუმენტების შემოწმება, საქონლის დათვალიერება, აგრეთვე დოკუმენტების უტყუარობის გადამოწმება.
7. დეკლარირებული საქონლის მიმართ დერეფნის შესაბამისად გატარებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შედეგები სავალდებულოა აისახოს ელექტრონულ სისტემაში საბაჟო ორგანოს მოხელის მიერ. სისტემაში საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შედეგების ასახვის წესი მტკიცდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 29
საქონლის დათვალიერება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად.
მუხლი 30
იმ შემთხვევაში, როცა თზ-ში შესატანი ან თზ-დან გასატანი საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრის მიზნით დეკლარაციის წარდგენა ხორციელდება თზ-ის შესასვლელებსა და გამოსასვლელებზე განთავსებულ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიის გარდა საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების სხვა ადგილებში, ამ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე თზ-ში შესატანი ან თზ-დან გასატანი საქონლის კონტროლი ხორციელდება ტექნოლოგიური სქემის შესაბამისად.
მუხლი 31
საქონლის შენახვის ადგილის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ინვენტარიზაციის დაუბრკოლებლად განხორციელების შესაძლებლობა და ამ მიზნით საწყობში განთავსებული საქონლის შესაბამისი განლაგება.
მუხლი 32
იმ შემთხვევაში, თუ თზ-ის ორგანიზატორი განაცხადებს, რომ თზ-ი გამოყენებული იქნება არსებითად მომსახურების გაწევის მიზნით, საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს დაადგინოს ამ დადგენილების მე-3 თავით გათვალისწინებული მოთხოვნებისაგან განსხვავებული უფრო გამარტივებული მოთხოვნები. თზ-ში არსებითად სხვა საქმიანობაზე გადასვლის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლება აქვს თზ-ის ორგანიზატორს მოსთხოვოს, გონივრულ ვადაში დააკმაყოფილოს ამ დადგენილებით განსაზღვრული პირობები.
თავი VII. დასკვნითი დებულებები
მუხლი 33
თზ-ის ორგანიზატორის მიერ ფუნქციონირების ვადის განმავლობაში თზ-ის საწარმოების მომსახურების/ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნის განხორციელებისათვის გარანტიიდან ჩამოჭრილი თანხის სააგენტოს მიერ განკარგვის წესის შემუშავება ერთობლივად უზრუნველყონ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტრომ თზ-ის ფუნქციონირების დაწყებამდე.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები