„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ -სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ -სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 49
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 07/03/2025
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016371
49
07/03/2025
ვებგვერდი, 11/03/2025
310050000.54.066.016371
„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ -სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №49

2025 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

 

„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“  სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №27 ბრძანებით დამტკიცებულ „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესში“ (www.matsne.gov.ge, 06/02/2024 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016324) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:

„პ) ზსხ-ის განსხვავებული მოდელი – ერთ კლასს მიკუთვნებული ზსხ ან ზსხ-თა ჯგუფი, რომელსაც გააჩნია სხვაობები იმ ზსხ-თან მიმართებით, რომლის ექსპლუატაციასაც ახორციელებს ზსხ-ს პილოტი და საჭიროებს გაცნობით (Familiarisation training) ან სხვაობათა სწავლებას (Differences training);

შენიშვნა: გაცნობითი სწავლება გულისხმობს ზსხ-ის განსხვავებულ ვარიანტზე დამატებითი თეორიული ცოდნის მიღებას, ხოლო სხვაობათა სწავლება გულისხმობს შესაბამის ზსხ-თან დაკავშირებით დამატებითი თეორიული ცოდნისა და საფრენოსნო წვრთნის მიღებას“.

2. დაემატოს შემდეგი შინაარსის „41“ მუხლი:

„მუხლი 41. მოწმობის/სერტიფიკატის მფლობელის ზოგადი ვალდებულებები

პირი, რომელიც ახორციელებს ზსხ-ის საფრენოსნო ექსპლუატაციას, ვალდებულია:

ა) დაიცვას ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები;

ბ) ფრენა შეასრულოს მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა  აკმაყოფილებს ამ წესის მე-3  მუხლის მე-4 პუნქტის პირობებს;

გ) გააჩნდეს ამ წესის საფუძველზე გაცემული ზსხ-ის პილოტის მოწმობა ან სერტიფიკატი განსახორციელებელი საქმიანობის შესაბამისი უფლებამოსილებით“.

3. მე-5 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. მოწმობის და აღიარების სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერება, აღდგენა, გაუქმება, დუბლიკატის გაცემა“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. მოწმობის ან სერტიფიკატის დაზიანების/დაკარგვის შემთხვევაში მოწმობის/სერტიფიკატის მფლობელი უფლებამოსილია, მიმართოს სააგენტოს მოწმობის ან სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემის მიზნით. დუბლიკატი გაიცემა მოწმობის/სერტიფიკატის მფლობელის განცხადების სააგენტოში რეგისტრაციიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. მოწმობის ან სერტიფიკატის დაზიანების შემთხვევაში მოწმობის/სერტიფიკატის მფლობელმა სააგენტოს უნდა დაუბრუნოს დაზიანებული დოკუმენტი“.

4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტის აღიარება

1. უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების ან შესაბამისი უწყების მიერ გაცემული მოწმობით სააგენტოს მიერ აღრიცხულ ზსხ-ზე მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებების გამოყენება შესაძლებელია სააგენტოს მიერ აღნიშნული მოწმობის და მასში განსაზღვრული უფლებამოსილების აღიარების შემდგომ.

2. უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული მოწმობის აღიარება და აღიარების სერტიფიკატის, ამ წესის №7 დანართის შესაბამისად გაცემა, ხორციელდება შემდეგ შემთხვევაში:

ა) თუ პირი ფლობს ზსხ-ის პილოტის მოწმობას:

ა.ა) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე;

ა.ბ) მოწმობის გამცემი სახელმწიფოს უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლება ან შესაბამისი უწყება ადმინისტრაციული წარმოების ვადაში დაადასტურებს წარმოდგენილი მოქმედი მოწმობის და მასში არსებული მონაცემების ნამდვილობას; და

ა.გ) მოწმობის მფლობელი პირის მიერ სააგენტოში თეორიული გამოცდის გავლისას, რომელიც შესაძლებელია ჩატარდეს ქართულ ან ინგლისურ ენაზე. თეორიული გამოცდის გავლა არ მოეთხოვება პირს, თუ უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტის აღიარების მიზნით, სააგენტოში საერთო თეორიული გამოცდის ჩაბარებიდან გასულია არაუმეტეს 24 თვე.

ბ) თუ პირი ფლობს ჩიკაგოს კონვენციის პირველი დანართის (Annex 1 - Personnel Lisensing) შესაბამისად გაცემულ თვითმფრინავის ან შვეულმფრენის პილოტის მოწმობას მოქმედი ოსტატობით:

ბ.ა) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე;

ბ.ბ) მოწმობის გამცემი სახელმწიფოს უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლება ადმინისტრაციული წარმოების ვადაში დაადასტურებს წარმოდგენილი მოწმობისა და მასში არსებული მონაცემების ნამდვილობას, ასევე, დაადასტურებს, რომ მოწმობის მფლობელი პირი დოკუმენტის გამცემ სახელმწიფოში უფლებამოსილია, განახორციელოს ზსხ-ს შესაბამისი კლასის (თვითმფრინავი ან შვეულმფრენი) საფრენოსნო ექსპლუატაცია;

ბ.გ) ამ წესის შესაბამისად სერტიფიცირებულ ზსხ-ის პილოტს ინსტრუქტორთან ჩაბარებული აქვს საფრენოსნო შემოწმება.

შენიშვნა: საფრენოსნო შემოწმებაზე პირი დაიშვება ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის გადაწყვეტილებით, მას შემდეგ, რაც გაივლის გაცნობით ან სხვაობათა სწავლებას და დამატებით საფრენოსნო მომზადებას (თუ პირის საფრენოსნო უნარ-ჩვევები მოცემულ დროს არ იძლევა ზსხ-ის უსაფრთხოდ მართვის შესაძლებლობას). დამატებითი საფრენოსნო მომზადების ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოწმობის აღიარებისათვის განმეორებით მიმართვისას, იმ შემთხვევაში, თუ აღიარების სერტიფიკატის ვადის ამოწურვიდან გასული პერიოდი:

ა) არ აღემატება 12 თვეს ზსხ-ის მე-2 კლასის, ხოლო 6 თვეს – მე-4 კლასის შემთხვევაში, პირს აღარ მოეთხოვება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესრულება;

ბ) აღემატება 12 თვეს ზსხ-ის მე-2 კლასის, ხოლო 6 თვეს – მე-4 კლასის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების ნაცვლად, პირს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორთან ერთად უნდა ჰქონდეს შესრულებული არანაკლებ 1-საათიანი ფრენა.

შენიშვნა: ფრენის შესახებ ჩანაწერი აღინიშნება პილოტის საფრენოსნო წიგნაკში, რომელსაც ხელს აწერს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორი.

4. მოწმობის მფლობელი პილოტი უფლებამოსილია, აღიარების თარიღიდან არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში განახორციელოს მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებები, რომლის ვადაც იზღუდება მოწმობის გამცემი სახელმწიფოს მიერ გაცემული მოწმობის (კვალიფიკაციის) მოქმედების ვადით ან ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან შესაბამისი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადით, რომელიც უფრო ნაკლებია“.

5. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ზსხ-ის პილოტის საერთო თეორიული ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატის ეკვივალენტური დოკუმენტის მფლობელად მიიჩნევა პირი იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ა) ფლობს თვითმფრინავის ან შვეულმფრენის პილოტის მოქმედ მოწმობას, რომელიც გაცემულია ჩიკაგოს კონვენციის პირველი დანართის შესაბამისად;

ბ) ფლობს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ შესაბამისად გაცემულ თვითმფრინავის ან შვეულმფრენის პილოტის მოქმედ მოწმობას;

გ) ფლობს არაუმეტეს 24 თვით ადრე გაცემულ თეორიული გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელ სერტიფიკატს, რომელიც მიღებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და/ან „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული მოწმობების მიღების მიზნით“.

6. მე-14 მუხლის:

ა) 1-ელი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შესაბამისი კლასის ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორთან ჩაბარებული აქვს:

გ.ა) სპეციფიკური სახმელეთო შემოწმება ამ წესის №2 დანართის შესაბამისად;

შენიშვნა: ზსხ-ზე სპეციფიკური სახმელეთო შემოწმების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა განისაზღვრება ამ წესის №9 დანართის შესაბამისად.

გ.ბ) საფრენოსნო შემოწმება;

შენიშვნა: ზსხ-ზე საფრენოსნო შემოწმების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა განისაზღვრება ამ წესის №10 დანართის, ხოლო საფრენოსნო შემოწმების საკითხები ზსხ-ს კლასების გათვალისწინებით, განისაზღვრება ამ წესის №12 დანართის შესაბამისად“.

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თვითმფრინავის ან შვეულმფრენის მოყვარული პილოტის, კომერციული პილოტის ან ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობის საფუძველზე ზსხ-ის პილოტის მოწმობის გაცემა ხორციელდება შემდეგი პირობების დაცვით:

ა) პირის განცხადების საფუძველზე;

ბ) პირი ფლობს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ შესაბამისად გაცემულ თვითმფრინავის ან შვეულმფრენის პილოტის მოქმედ მოწმობას;

გ) პირს ამ წესის ძალაში შესვლამდე ნაფრენი აქვს ზსხ-ზე, რომელიც დასტურდება პილოტის საფრენოსნო წიგნაკით და მოქმედია ის ოსტატობა, რომლის საფუძველზეც ხორციელდებოდა ზსხ-ის ექსპლუატაცია;

დ) იმ შემთხვევაში, თუ პირს ამ წესის ძალაში შესვლამდე ნაფრენი არ აქვს ზსხ-ზე, ზსხ-ს შესაბამისი კლასის ინსტრუქტორთან ჩაბარებული უნდა ჰქონდეს საფრენოსნო შემოწმება.

შენიშვნა: საფრენოსნო შემოწმებაზე პირი დაიშვება ზსხ-ის პილოტის ფრენის ინსტრუქტორის გადაწყვეტილებით, მას შემდეგ, რაც გაივლის გაცნობით ან სხვაობათა სწავლებას და დამატებით საფრენოსნო მომზადებას (თუ პირის საფრენოსნო უნარ-ჩვევები მოცემულ დროს არ იძლევა ზსხ-ის უსაფრთხოდ მართვის შესაძლებლობას). დამატებითი საფრენოსნო მომზადების ოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად“.

7. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილება

1. ზსხ-ის პილოტის მოწმობის მფლობელი უფლებამოსილია:

ა) განახორციელოს ფრენა მგზავრის გარეშე, მხოლოდ იმ კლასის ზსხ-ით, რომლის კვალიფიკაციასაც ფლობს;

ბ) განახორციელოს ფრენა მგზავრთან ერთად, თუ ფლობს აღნიშნულ უფლებამოსილებას შესაბამისი კლასის ზსხ-ისთვის ამ წესის მე-6 მუხლის „გ“  ქვეპუნქტის შესაბამისად;

გ) განახორციელოს პლანერის ბუქსირება, გარდა ზემსუბუქი პლანერისა, იმ შემთხვევაში, თუ ფლობს აღნიშნულ უფლებამოსილებას ამ წესის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

დ) განახორციელოს რადიოსატელეფონო კავშირი ინგლისურ ენაზე, თუ ფლობს აღნიშნულ უფლებამოსილებას ამ წესის მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

2. დაუშვებელია ზსხ-ით ფრენა მგზავრთან ერთად, თუ პილოტს უკანასკნელი 90 დღის განმავლობაში შესაბამისი კლასის ზსხ-ის მეთაურის რანგში არ შეუსრულებია არანაკლებ 3 აფრენა და დაფრენა.“.

8. დანართები 1-№4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი