სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის დამტკიცების თაობაზე

სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/01/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 310010010.10.003.024907
17
22/01/2025
ვებგვერდი, 24/01/2025
310010010.10.003.024907
სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №17

2025 წლის 22 იანვარი

   ქ. თბილისი

 

სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 131 მუხლის პირველი ნაწილისა და 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესი

თავი I

ზოგადი დებულებანი


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. „სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესი“ (შემდგომ – წესი) შემუშავებულია „საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ“ 1980 წლის 9 მაისის კონვენციის (კოტიფი) C დანართის − სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ რეგულაციისა (RID) და საქართველოს სარკინიგზო კოდექსის შესაბამისად.

2. ეს წესი განსაზღვრავს რკინიგზით სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, მათ შორის, სახიფათო ტვირთების კლასიფიკაციისა და შეფუთვის პირობებს, სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მონაწილეების უფლება-მოვალეობებს, მარკირებისა და საშიშროების ნიშნების განთავსების მოთხოვნებს, სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, უსაფრთხოების ზომებს, სახიფათო ტვირთის გადაზიდვის, დატვირთვის, გადმოტვირთვისა და დამუშავების პირობებს, ზედამხედველობასა და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ დებულებებს, სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული შემთხვევების შესახებ სააგენტოსთვის ანგარიშის წარდგენის პირობებს.

მუხლი 2. მიზანი

1. ამ წესის მიზანია:

ა) „საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ“ 1980 წლის 9 მაისის კონვენციის (კოტიფი) C დანართის − სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ რეგულაციის (RID) დებულებების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა;

ბ) სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირებისას ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სახიფათო ტვირთი – სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ რეგულაციის (RID) 3.2 თავით და რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის 1951 წლის 1 ნოემბრის „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების (СМГС) მე-2 დანართით განსაზღვრული ნივთიერებები ან/და ნაკეთობები, რომლებიც კლასიფიცირებულია საშიშროების ტიპის მიხედვით და რომელთა გადაზიდვა აკრძალულია ან დასაშვებია მხოლოდ გარკვეული პირობების დაცვით;

ბ) სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ რეგულაცია (RID) (შემდგომ – RID) – „საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ“ 1980 წლის 9 მაისის კონვენციის (კოტიფი) C დანართი − სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ რეგულაცია;

გ) სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო;

დ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური;

ე) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსაქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი;

ვ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვა – სახიფათო ტვირთისათვის ადგილმდებარეობის შეცვლა, გაჩერებების ჩათვლით, რაც აუცილებელია სატრანსპორტო პირობების შესაბამისად და მოიცავს სახიფათო ტვირთის ვაგონებში, ცისტერნებსა და კონტეინერებში ყოფნის პერიოდს, რისი აუცილებლობაც განპირობებულია გადაზიდვის პირობებით ადგილმდებარეობის შეცვლამდე, შეცვლის დროსა და მის შემდეგ. ეს განმარტება ასევე მოიცავს სახიფათო ტვირთის შუალედურ, დროებით დასაწყობებას, სატრანსპორტო საშუალებების სახეობის ან საშუალებების შეცვლის მიზნით (გადატვირთვა);

ზ) გაერთიანებული ერების ნომერი (UN) – ნივთიერების ან ნაკეთობის ოთხციფრა კოდი, რომელიც აღებულია გაეროს მოდალური რეგულაციებიდან;

თ) მომეტებული საფრთხის ტვირთები – ტვირთები, რომლებიც შეიძლება ბოროტად იქნეს გამოყენებული ტერორისტულ აქტებში და, შესაბამისად, გამოიწვიოს ისეთი მძიმე შედეგები, როგორიცაა მრავალრიცხოვანი ადამიანური დანაკარგი, მასობრივი ნგრევა ან, მე-7 კლასის ტვირთების შემთხვევაში, მასობრივი სოციალურ-ეკონომიკური რყევები. მომეტებული საფრთხის ტვირთების ჩამონათვალი მოცემულია ამ წესის V დანართში.

ი) სატვირთო სადგური/ეზო – სადგური, რომელსაც გააჩნია ლიანდაგები ან ლიანდაგთა ჯგუფები (პარკები), სადაც შესაძლებელია განხორციელდეს სახიფათო ტვირთით დატვირთული სატვირთო მატარებლების მიღება, გასაგზავნად მომზადება ან ვაგონების დახარისხება დანიშნულებების მიხედვით ახალი მატარებლის ფორმირებისა და გაგზავნის მიზნით, აგრეთვე მისასვლელი ლიანდაგი, სადაც ხდება სახიფათო ტვირთით დატვირთული ვაგონების მიღება ან/და გაგზავნა.

კ) ნარინჯისფერი ტაბლო – საინფორმაციო ტაბლო, რომლის ზედა ნახევარში გამოსახულია ნივთიერებებისა და ნაკეთობების საშიშროების საიდენტიფიკაციო ნომერი, ხოლო ქვედა ნახევარში გაეროს ნომერი და რომელიც გამოიყენება სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას სატრანსპორტო საშუალებებზე ამ ინფორმაციის ვიზუალური მინიშნების მიზნით;

ლ) შეფუთვა – შეფუთვის ოპერაციის დასრულებული პროდუქტი, რომელიც შედგება გადაზიდვისთვის მომზადებული ტარისგან, მსხვილგაბარიტიანი ტარისგან ან ნაყარი ტვირთის საშუალო ტვირთამწეობის კონტეინერისა და მისი შიგთავსისგან. აღნიშნული ტერმინი ვრცელდება მოცემული პუნქტისთვის განსაზღვრული აირების შესანახ ჭურჭლებზე, ასევე ნაკეთობებზე, რომლებიც, მათი ზომიდან, მასიდან ან კონფიგურაციიდან გამომდინარე, შეიძლება გადაზიდულ იქნეს შეუფუთავი სახით ან ჩარჩოებში, გისოსებსა თუ ტვირთის დასამუშავებელ მოწყობილობებში. რადიოაქტიური ნივთიერებების გადაზიდვის გარდა, აღნიშნული ტერმინი არ ვრცელდება იმ ტვირთებზე, რომელთა გადაზიდვაც ხორციელდება ნაყარი ტვირთის სახით, ასევე ცისტერნებით გადაზიდულ ნივთიერებებზე;

მ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მონაწილეები – მონაწილე პირები – სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მთავარი მონაწილეები და სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სხვა მონაწილეები, რომლებიც ჩართულნი არიან სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში;

ნ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მთავარი მონაწილეები – ტვირთგამგზავნი, გადამზიდველი და ტვირთმიმღები;

ო) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სხვა მონაწილეები – სახიფათო ტვირთის მტვირთავი, შემფუთავი, შემვსები, კონტეინერ-ცისტერნის/გადასატანი ცისტერნის ოპერატორი, ვაგონ-ცისტერნის ოპერატორი, ინფრასტრუქტურის მენეჯერი, გადმომტვირთავი და ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირი, ასევე ექსპედიტორი და საწყობის ოპერატორი;

პ) ტვირთგამგზავნი – პირი, რომლის მიერ ან რომლის სახელით იდება ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულება;

ჟ) გადამზიდველი – გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე სატრანსპორტო ოპერაციების განმახორციელებელი პირი;

რ) ტვირთმიმღები – ტვირთის მიმღები გადაზიდვის ხელშეკრულების თანახმად. იმ შემთხვევაში, თუ ტვირთმიმღები გამოყოფს მესამე პირს გადაზიდვის ხელშეკრულების პირობების თანახმად, ასეთი პირი ჩაითვლება ტვირთმიმღებად RID-ით განსაზღვრული მნიშვნელობით;

ს) ექსპედიტორი – ნებისმიერი პირი, რომელიც შემკვეთთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, თავისი სახელით და შემკვეთის ხარჯით ახორციელებს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ მომსახურებას;

ტ) მტვირთავი – ნებისმიერი პირი, რომელიც:

ტ.ა) ახორციელებს შეფუთული სახიფათო ტვირთის, პატარა კონტეინერების, ან გადასატანი ცისტერნების დატვირთვას ვაგონზე ან კონტეინერზე; ან

ტ.ბ) ახორციელებს კონტეინერის, ნაყარი ტვირთის კონტეინერის, MEGC-ს, ცისტერნა-კონტეინერის, საავტომობილო სატრანსპორტო საშუალების დატვირთვას ვაგონზე;

უ) შემფუთავი – ნებისმიერი პირი, რომელიც უზრუნველყოფს სახიფათო ტვირთების მოთავსებას ტარაში, მათ შორის, მსხვილგაბარიტიან ტარასა და ნაყარი ტვირთის საშუალო ტვირთამწეობის კონტეინერებში და, საჭიროების შემთხვევაში, მოამზადებს შეფუთვებს გადასაზიდად;

ფ) შემვსები – ნებისმიერი პირი, რომელიც უზრუნველყოფს სახიფათო ტვირთების დატვირთვას ცისტერნაში (ვაგონ-ცისტერნაში, მოსახსნელ ცისტერნაში, გადასატან ცისტერნასა თუ კონტეინერ-ცისტერნაში) და/ან ვაგონში, ნაყარი ტვირთის გადაზიდვისთვის განკუთვნილ დიდ თუ მცირე მოცულობის კონტეინერში, ან ვაგონ-ბატარეასა თუ მრავალელემენტიან აირის კონტეინერში;

ქ) კონტეინერ-ცისტერნის ან გადასატანი ცისტერნის ოპერატორი – ნებისმიერი პირი, რომლის სახელითაც ხორციელდება კონტეინერ-ცისტერნის ან გადასატანი ცისტერნის ფუნქციონირება;

ღ) ვაგონ-ცისტერნის ოპერატორი – ნებისმიერი პირი, რომლის სახელზეც რეგისტრირებულია ვაგონ-ცისტერნა ან დამტკიცებულია გადაზიდვისთვის;

ყ) ინფრასტრუქტურის მენეჯერი − იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, მართვისა და მოვლა-შენახვისთვის, მათ შორის, მოძრაობის მართვისთვის, აგრეთვე სიგნალიზაციის, მემანქანის მართვისა და კონტროლის სისტემებზე, სარკინიგზო ქსელზე ან მის ნაწილზე. ინფრასტრუქტურის მენეჯერის ფუნქციები შეიძლება სხვა პირს გადაეცეს;

შ) გადმომტვირთავი – პირი, რომელიც:

შ.ა) უზრუნველყოფს კონტეინერის, ნაყარი ტვირთის კონტეინერის, მრავალელემენტიანი აირის კონტეინერის, კონტეინერ-ცისტერნის, გადასატანი კონტეინერის ან საავტომობილო სატრანსპორტო საშუალების გადმოღებას ვაგონიდან;

შ.ბ) გადმოტვირთავს შეფუთულ სახიფათო ტვირთს, პატარა კონტეინერებს, ან გადასატან ცისტერნებს ვაგონიდან ან კონტეინერიდან;

შ.გ) ახორციელებს სახიფათო ტვირთის გადმოტვირთვას ვაგონ-ცისტერნიდან, მოსახსნელი ცისტერნიდან, გადასატანი ცისტერნიდან ან კონტეინერ-ცისტერნიდან ან ვაგონ-ბატარეადან ან მრავალელემენტიანი აირის კონტეინერიდან ან ვაგონიდან, დიდი კონტეინერიდან ან პატარა კონტეინერიდან დიდი მოცულობის ტვირთის ან ნაყარი ტვირთის კონტეინერით გადაზიდვისთვის.

ჩ) ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირი – პირი, რომელიც პასუხისმგებელია სატრანსპორტო საშუალების მოვლა-შენახვაზე, შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე;

ც) ვაგონი – სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ წარმოადგენს თვითმავალ საშუალებას, გამიზნულია ტვირთის გადასაზიდად და აღჭურვილია მატარებელში ჩასართავად საჭირო ყველა საშუალებით;

ძ) ვაგონი-ბატარეები – ვაგონი, რომელიც შეიცავს ისეთ ნაწილებს, რომლებიც ერთმანეთთან კოლექტორით არის დაკავშირებული და სტაციონარულად ვაგონზეა მიმაგრებული. შემდეგი ნაწილები განიხილება, როგორც ვაგონ-ბატარეის ნაწილები: ბალონები, მილები, ბალონის შეკვრები (ცნობილი ასევე, როგორც ჩარჩოები), წნევის დოლურები, ასევე, ცისტერნები, რომელიც გამიზნულია აირების გადასაზიდად;

წ) კონტეინერი – სატრანსპორტო მოწყობილობის საგანი (ასაწევი ნაკეთობა ან სხვა მსგავსი კონსტრუქცია):

წ.ა) რომელსაც გააჩნია მდგრადი კონსტრუქცია და შესაბამისად საკმაოდ მძლავრია იმისათვის, რომ უზრუნველყოს მისი მრავალჯერადი გამოყენება;

წ.ბ) სპეციალურად არის კონსტრუირებული იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ტვირთების გადაზიდვას ერთი ან რამდენიმე სახეობის სატრანსპორტო საშუალებით, ტვირთის დაზიანების გარეშე;

წ.გ) აღჭურვილია იმ დანადგარებით, რომლებიც იძლევა მისი დაწყობისა და დამუშავების შესაძლებლობას განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს მის გადატვირთვას ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეზე;

წ.დ) დაპროექტებულია იმ სახით, რომ შესაძლებელი იყოს მისი ადვილად შევსება და დაცლა;

წ.ე) გააჩნია არანაკლებ 1 მ3 შიდა მოცულობა, გარდა იმ კონტეინერებისა, რომლებიც გათვალისწინებულია რადიოაქტიური მასალების გადასაზიდად.

ჭ) ნაყარი ტვირთის კონტეინერი – ნიშნავს შესანახ სისტემას (ნებისმიერი შუასადებისა თუ საფარის ჩათვლით), რომელიც გათვალისწინებულია შესანახ სისტემასთან უშუალო კონტაქტში მყოფი მყარი ნივთიერებების გადასაზიდად. აღნიშნულში არ იგულისხმება ტარა, ნაყარი ტვირთის საშუალო ტვირთამწეობის კონტეინერები (IBCs), მსხვილგაბარიტიანი ტარა და ცისტერნები. ნაყარი ტვირთის კონტეინერს:

ჭ.ა) გააჩნია მდგრადი ხასიათი და შესაბამისად საკმარისი სიმძლავრე მრავალჯერადი გამოყენების უზრუნველსაყოფად;

ჭ.ბ) არის საგანგებოდ კონსტრუირებული ტვირთების შუალედური გადმოტვირთვის გარეშე ერთი ან რამდენიმე სახეობის სატრანსპორტო საშუალებით ტვირთების გადაზიდვის გაადვილების მიზნით;

ჭ.გ) აღჭურვილია იმ მოწყობილობებით, რომლებიც უზრუნველყოფს მათი დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებს;

ჭ.დ) გააჩნია არანაკლებ 1.0 მ3 მოცულობა.

ხ) ნაყარი ტვირთის საშუალო ტვირთამწეობის კონტეინერი (შემდგომ – IBC) – მყარი ან დრეკადი გადასატანი ტარა:

ხ.ა) რომელსაც გააჩნია შემდეგი მოცულობა:

ხ.ა.ა) არაუმეტეს 3მ3 ამ წესის I დანართით გათვალისწინებული II და III შეფუთვის ჯგუფებით განსაზღვრული მყარი და თხევადი ნივთიერებების შემთხვევაში;

ხ.ა.ბ) არაუმეტეს 1.5მ3 ამ წესის I დანართით გათვალისწინებული I შეფუთვის ჯგუფის მყარ ნივთიერებებთან დაკავშირებით, როდესაც გამოყენებულია დრეკადი, მყარი პლასტმასის, შედგენილი, ბოჭკოვანი მუყაოსა თუ ხის IBC-ები;

ხ.ა.გ) არაუმეტეს 3მ​3 ამ წესის I დანართით გათვალისწინებული I შეფუთვის ჯგუფის მყარ ნივთიერებებთან დაკავშირებით, როდესაც გამოყენებულია ლითონის IBC-ები;

ხ.ა.დ) არაუმეტეს 3მ​3 მე-7 კლასით გათვალისწინებულ რადიოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით;

ხ.ბ) რომელიც გათვალისწინებულია მექანიკური დამუშავებისთვის;

ხ.გ) რომელიც მედეგია დატვირთვა-გადმოტვირთვისა და ტრანსპორტირების ოპერაციების დროს წარმოდგენილი დატვირთვების მიმართ.

ჯ) პატარა კონტეინერი – კონტეინერი, რომლის შიდა მოცულობა არაუმეტეს 3 მ3-ია;

ჰ) დიდი კონტეინერი – გულისხმობს:

ჰ.ა) კონტეინერს, რომელიც არ შეესაბამება პატარა კონტეინერის განმარტებას;

ჰ.ბ) იმ ზომის კონტეინერს, რომლის გარე ოთხივე ქვედა კუთხეებს შორის ფართობი არის:

ჰ.ბ.ა) არანაკლებ 14 მ2; ან

ჰ.ბ.ბ) არანაკლებ 7 მ2, თუ დამაგრებულია ზედა კუთხის მოწყობილობებით.

1) მრავალელემენტიანი აირის კონტეინერი (შემდგომ – MEGC) – ნიშნავს იმ ელემენტების შემცველ კონტეინერს, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება კოლექტორით და აღმართულია ჩარჩო კონსტრუქციაზე. შემდეგი ელემენტები განიხილება მრავალელემენტიანი აირის კონტეინერის შემადგენელ ელემენტებად: ბალონები, მილები, წნევის დოლურები და ბალონების შეკვრები, ასევე აირების გადასატანი ცისტერნები, რომლებსაც გააჩნია 450 ლიტრზე მეტი ტევადობა;

2) მსხვილგაბარიტიანი ტარა – ტარა, რომელიც შედგება ნაკეთობებისა თუ შიდა ტარის შემცველი გარე ტარისგან და რომელიც:

2.ა) გათვალისწინებულია მექანიკური დამუშავებისთვის;

2.ბ) აღემატება 400 კგ სუფთა მასას ან 450 ლიტრ ტევადობას, თუმცა მისი მოცულობა არ აჭარბებს 3 მ​3-ს.

3) ცისტერნა – კორპუსი, მისი საექსპლუატაციო და კონსტრუქციული აღჭურვილობის ჩათვლით. დამოუკიდებლად გამოყენების შემთხვევაში, ტერმინი „ცისტერნა“ გულისხმობს კონტეინერ-ცისტერნას, გადასატან ცისტერნას, ვაგონ-ცისტერნას და მოსახსნელ ცისტერნას, როგორც ეს განმარტებულია ამ მუხლში, იმ ცისტერნების ჩათვლით, რომლებიც წარმოადგენენ ვაგონ-ბატარეების ან მრავალელემენტიანი აირის კონტეინერის შემადგენელ ნაწილებს;

4) ვაგონი-ცისტერნა – ვაგონი, რომელიც გამიზნულია სითხეების, აირების, ფხვიერი ან გრანულირებული ნივთიერებების გადაზიდვისთვის, რომელიც შედგება ერთი ან მეტი ქვაბისგან და მათი მოწყობილობებისგან, ასევე ვაგონის ჩარჩოსგან, რომელზეც მორგებულია მისივე აღჭურვილობები;

5) კონტეინერ-ცისტერნა – სატრანსპორტო აღჭურვილობის ნაკეთობა, რომელსაც მოიცავს ტერმინის – „კონტეინერი“ – განმარტება და შედგება კორპუსისა და აღჭურვილობის ელემენტებისგან იმ აღჭურვილობის ჩათვლით, რომელიც უზრუნველყოფს კონტეინერი -ცისტერნის გადაადგილების შესაძლებლობას მისი მდგომარეობის მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე, გამოიყენება აირების, სითხის, ფხვიერი თუ გრანულირებული ნივთიერებების გადასაზიდად, ხოლო აირების გადაზიდვისთვის გამოყენების შემთხვევაში, გააჩნია 0.45 მ3 -ზე (450 ლიტრზე) მეტი ტევადობა;

6) განსაკუთრებით დიდი ტევადობის კონტეინერ-ცისტერნა – კონტეინერ-ცისტერნა, რომლის შიდა მოცულობა აღემატება 40 000 ლიტრს;

7) გადასატანი ცისტერნა – 450 ლიტრზე მეტი ტევადობის, კომბინირებული გადაზიდვისათვის განკუთვნილი ცისტერნა, რომელიც გამოიყენება აირების გადასაზიდად. შესაძლებელი უნდა იყოს მისი დატვირთვა და გადმოტვირთვა ავსებულ მდგომარეობაში, კონსტრუქციული მოწყობილობების მოხსნის გარეშე;

8) მოსახსნელი ცისტერნა – ცისტერნა, რომელიც დაპროექტებულია ვაგონის სპეციალურ მოწყობილობაზე მოსარგებად, მაგრამ რომელიც შეიძლება მოიხსნას მხოლოდ მისი მიმაგრების საშუალებების დემონტაჟით.

2. რადიოაქტიური მასალის გადაზიდვის შემთხვევებზე ვრცელდება „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №72 დადგენილებით განსაზღვრული ტერმინები.

მუხლი 4. მოქმედების სფერო

1. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვაზე და სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, კერძოდ, სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მონაწილე პირებზე, რომლებიც ახორციელებენ სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვას ან სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ საქმიანობას, მათ შორის, ტვირთის გადაზიდვისთვის მომზადებას, შეფუთვას, დატვირთვას, გადმოტვირთვას ან დახარისხებას.

2. RID-ითა და ამ წესით დადგენილი მე-7 კლასის (რადიოაქტიური მასალა) სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის შემთხვევაში ვრცელდება რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობითა და „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №72 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები.

3. RID-ისა და ამ წესის დებულებები არ გამოიყენება შემდეგ საგამონაკლისო შემთხვევებში:

ა) სატრანსპორტო ოპერაციის მახასიათებლებთან დაკავშირებული გამონაკლისები:

ა.ა) ფიზიკური პირის მიერ სახიფათო ტვირთების გადაზიდვისას, როდესაც აღნიშნული ტვირთი შეფუთულია საცალო გაყიდვების მიზნით და გათვალისწინებულია პირადი ან საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, დასასვენებელი ან სპორტული ღონისძიებებისთვის, იმ პირობით, თუ მიღებულია შესაბამისი ზომები გადაზიდვის ნორმალურ პირობებში ტვირთის შიგთავსის გაჟონვის პრევენციის მიზნით. თუ აღნიშნული ტვირთი წარმოადგენს ადვილაალებად სითხეს, რომლის გადაზიდვაც ხორციელდება მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭლით, შევსებული ფიზიკური პირების მიერ ან მათთვის, აღნიშნული სითხის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 60 ლიტრს თითოეულ ჭურჭელზე. IBC-ში, მსხვილგაბარიტიან ტარასა თუ ცისტერნებში მოთავსებული სახიფათო ტვირთი არ ჩაითვლება შეფუთულად საცალო გაყიდვების მიზნით;

ა.ბ) საწარმოების მიერ განხორციელებული გადაზიდვისას, რომელიც ხორციელდება მათ ძირითად საქმიანობაზე დამატების სახით, როგორიცაა ტვირთების მიწოდება სამშენებლო ან საინჟინრო-ტექნიკურ ობიექტებზე ან მათი დაბრუნება აღნიშნული ობიექტებიდან, ან აზომვით, სარემონტო და ტექნიკურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ სამუშაოებთან მიმართებაში, არაუმეტეს 450 ლიტრის ოდენობით თითოეულ ტარაზე (IBC-სა და მსხვილგაბარიტიანი ტარის ჩათვლით) და ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში. ამასთანავე, უნდა განხორციელდეს შესაბამისი ზომები გადაზიდვის ნორმალურ პირობებში ტვირთის შიგთავსის გაჟონვის პრევენციის მიზნით. აღნიშნული გამონაკლისი არ გამოიყენება მე-7 კლასის სახიფათო ტვირთების შემთხვევაში. ასევე, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი არ ეხება იმ გადაზიდვებს, რომლებიც სრულდება ამ საწარმოების მიერ საკუთარი მიწოდების ან გარე თუ შიდა განაწილების მიზნით;

ა.გ) კომპეტენტური უწყებების მიერ ან მათი ზედამხედველობის ქვეშ განხორციელებული გადაზიდვის მიმართ, რომელიც საჭიროა საგანგებო ან საავარიო მდგომარეობის საპასუხოდ, კერძოდ, გადაზიდვა, რომელიც ხორციელდება ინციდენტის ან სარკინიგზო შემთხვევის დროს სახიფათო ტვირთის ლოკალიზაციის, შეგროვების და მათი უახლოეს უსაფრთხო ადგილას გადატანის მიზნით;

ა.დ) სამაშველო ტრანსპორტირება, რომელიც გამიზნულია ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ან გარემოს დასაცავად, იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ტრანსპორტირების უსაფრთხოდ განსახორციელებლად მიღებულია ყველა სათანადო ზომა;

ა.ე) გაუწმენდავი, ცარიელი, სტაციონარული სასაწყობო რეზერვუარების გადაზიდვა, რომლებიც შეიცავენ RID-ით გათვალისწინებული მე-2 კლასის A, O ან F ჯგუფის აირებს, II ან III შეფუთვის ჯგუფში შემავალი მე-3 ან მე-9 კლასის ნივთიერებებს, ან ამ წესის I დანართით გათვალისწინებული II ან III შეფუთვის ჯგუფში შემავალი 6.1 კლასის პესტიციდებს, შემდეგი პირობების დაცვით:

ა.ე.ა) ყველა ხვრელი, წნევის შემზღუდველი მოწყობილობის გარდა (მისი არსებობის შემთხვევაში), ჰერმეტულად არის დახურული;

ა.ე.ბ) მიღებულია შესაბამისი ზომები გადაზიდვის ნორმალურ პირობებში ტვირთის შიგთავსის გაჟონვის პრევენციის მიზნით;

ა.ე.გ) ტვირთი დამაგრებულია ჩარჩოებზე, გისოსებსა თუ სხვა სატრანსპორტო-ჩასატვირთ მოწყობილობებში, ან ვაგონებსა თუ კონტეინერებზე იმ სახით, რომ შეუძლებელი იყოს მისი მორყევა ან გადაადგილება გადაზიდვის ნორმალურ პირობებში;

ა.ვ) ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისები არ ეხება იმ სტაციონარულ, შესანახ რეზერვუარებს, რომლებიც შეიცავს დესენსიბილიზებულ ფეთქებად ნივთიერებებს ან ისეთ ნივთიერებებს, რომელთა გადაზიდვაც აკრძალულია RID-ის თანახმად.

ბ) აირების გადაზიდვასთან დაკავშირებული გამონაკლისები:

ბ.ა) სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების საწვავის ავზებში ან ბალონებში მოთავსებული აირების გადაზიდვა, რომლებიც გამოიყენება მისი მოძრაობისთვის/გადაადგილებისთვის ან მისი ნებისმიერი მოწყობილობის ფუნქციონირებისათვის (მაგალითად, სამაცივრო აღჭურვილობის);

შენიშვნა: ეს გამონაკლისი ასევე ვრცელდება კონტეინერზე, რომელიც აღჭურვილია გადაზიდვისას გამოსაყენებელი მოწყობილობით, რომელიც დამაგრებულია სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებაზე.

ბ.ბ) RID-ის 2.2.2.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ А და О ჯგუფებს მიკუთვნებული აირების გადაზიდვა, თუ აირის წნევა, რეზერვუარსა თუ ცისტერნაში, 20​oC ტემპერატურაზე არ აღემატება 200 კპა-ს (2 ბარს) და თუ აირი არ წარმოადგენს გათხევადებულ ან გაყინულ გათხევადებულ აირს. აქ იგულისხმება ნებისმიერი სახის რეზერვუარი ან ცისტერნა, მაგალითად: ის რეზერვუარი ან ცისტერნა, რომელიც წარმოადგენს მანქანებისა და აპარატურის ნაწილებს;

შენიშვნა: აღნიშნული გამონაკლისი არ ვრცელდება ნათურებზე;

ბ.გ) სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისთვის გამოსაყენებელ მოწყობილობებში (მაგალითად: ცეცხლმაქრები) შემავალი აირების გადაზიდვა, სათადარიგო ნაწილების (მაგალითად, დაბერილი პნევმატური სალტეების) ჩათვლით; ზემოაღნიშნული გამონაკლისი ასევე გამოიყენება ტვირთების სახით დაბერილი პნევმატური სალტეების გადაზიდვის შემთხვევაშიც;

ბ.დ) ვაგონების ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ მოწყობილობაში შემავალი აირების გადაზიდვისას, რომლებიც აუცილებელია ამ სპეციალური მოწყობილობის ფუნქციონირებისთვის გადაზიდვების დროს (მაგალითად, გამაგრილებელი სისტემები, თევზების მოსათავსებელი რეზერვუარები, გამათბობლები და ა.შ.), ასევე, სათადარიგო სათავსები აღნიშნული მოწყობილობებისთვის ან გაუწმენდავი ცარიელი შემცვლელი სათავსები, რომელთა გადაზიდვაც ხდება იმავე ვაგონში ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებაში;

ბ.ე) საკვებ პროდუქტებში შემავალი აირების გადაზიდვისას (გაეროს №1950-ის გარდა), გაზირებული სასმელების ჩათვლით;

ბ.ვ) სპორტული მოხმარების ბურთებში შემავალი აირების გადაზიდვისას.

გ) თხევადი საწვავის გადაზიდვასთან დაკავშირებული გამონაკლისები: სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების საწვავის ავზებში ან ბალონებში მოთავსებული თხევადი საწვავის გადაზიდვა, რომლებიც გამოიყენება მისი მოძრაობისთვის/გადაადგილებისთვის ან მისი ნებისმიერი მოწყობილობის ფუნქციონირებისათვის (მაგალითად, სამაცივრო აღჭურვილობის);

შენიშვნა: ეს გამონაკლისი ასევე ვრცელდება კონტეინერზე, რომელიც აღჭურვილია გადაზიდვისას გამოსაყენებელი მოწყობილობით, რომელიც დამაგრებულია სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებაზე.

დ) სპეციალურ პირობებთან ან შეზღუდულ ან გათავისუფლებულ რაოდენობებად შეფუთული სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული გამონაკლისები (ნიშნები, რომლებიც დაიტანება შეფუთვებზე, განსაზღვრულია VII დანართის შესაბამისად):

დ.ა) RID-ის 3.3 თავით გათვალისწინებული ცალკეული სპეციალური პირობები სრულად ან ნაწილობრივ ათავისუფლებს შესაბამის სახიფათო ტვირთს RID-ის მოთხოვნებისგან. ეს გამონაკლისი მოქმედებს, როდესაც RID-ის 3.2 თავის A ცხრილის მე-6 სვეტში გაკეთებულია შესაბამისი ჩანაწერი სპეციალურ პირობაზე;

დ.ბ) გარკვეული სახიფათო ტვირთი შესაძლებელია დაექვემდებაროს გამონაკლისს, იმის გათვალისწინებით, რომ დაცულია RID-ის 3.4 ან/და 3.5 თავებით განსაზღვრული პირობები.

ე) ცარიელ, გაუწმენდავ ტარასთან დაკავშირებული გამონაკლისები: ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება ცარიელ გაუწმენდავ ტარაზე (IBC-სა და მსხვილგაბარიტიანი ტარის ჩათვლით), რომელიც შეიცავდა მე-2, მე-3, 4.1, 5.1, 6.1, მე-8 ან/და მე-9 კლასების ნივთიერებებს, თუ მიღებული იქნება შესაბამისი ზომები 1-დან მე-9 კლასების ტვირთებისათვის დამახასიათებელი საფრთხეების ნეიტრალიზების მიზნით

ვ) ერთი ვაგონით ან დიდი კონტეინერით გადასატან მაქსიმალურ საერთო რაოდენობებთან დაკავშირებული გამონაკლისები:

ვ.ა) ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, როდესაც ერთი და იმავე სატრანსპორტო კატეგორიის სახიფათო ტვირთი გადაიზიდება იმავე ვაგონით ან დიდი კონტეინერით, მაქსიმალური ნებადართული საერთო რაოდენობა განსაზღვრულია ამ წესის I დანართის შესაბამისად;

ვ.ბ) იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის I დანართის შესაბამისად, სხვადასხვა სატრანსპორტო კატეგორიებში შემავალი სახიფათო ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება იმავე ვაგონით ან დიდი კონტეინერით, სახიფათო ტვირთების რაოდენობის გათვალისწინებით მათთვის განსაზღვრული მნიშვნელობების ჯამმა არ უნდა გადააჭარბოს „1 000“-ს. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თითოეული სატრანსპორტო კატეგორიის ნივთიერებებისა და ნაკეთობების რაოდენობის გაანგარიშებისთვის გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობები:

ვ.ბ.ა) პირველ სატრანსპორტო კატეგორიაში შემავალი ნივთიერებებისა და ნაკეთობების რაოდენობა გამრავლებული „50“-ზე (გარდა ამ წესის I დანართის შენიშვნაში მითითებული პირველი სატრანსპორტო კატეგორიის ნივთიერებებისა და ნაკეთობებისა, რომელთა რაოდენობა უნდა გამრავლდეს „20“-ზე);

ვ.ბ.ბ) მე-2 სატრანსპორტო კატეგორიაში შემავალი ნივთიერებებისა და ნაკეთობების რაოდენობა გამრავლებული „3“-ზე;

ვ.ბ.გ) მე-3 სატრანსპორტო კატეგორიაში შემავალი ნივთიერებებისა და ნაკეთობების ჩვეულებრივი რაოდენობა.

მაგალითი:

გადასაზიდია შემდეგი სახიფათო ტვირთები: UN 2334, UN 2333 და UN 2332. ამ ნივთიერებებისათვის, RID-ის 3.2 თავის A ცხრილის მე-15 სვეტის მრიცხველში მოცემულია შემდეგი ციფრები: UN 2334-სთვის „1“; UN 2333-სთვის „2“ და UN 2332-სთვის „3“. დაგეგმილია გადაზიდვა შემდეგი ოდენობების გათვალისწინებით: UN 2332-სთვის 400 ლიტრი, UN 2333-სთვის 100 ლიტრი და UN 2334-სთვის 5 ლიტრი .

ზემოაღნიშნული პირობის მიხედვით: 400+300(100x3)+250(5x50)=950.

ვინაიდან საერთო ჯამი წარმოადგენს 950-, რომელიც ნაკლებია 1000-ზე, შესაძლებელია წარმოდგენილი პროპორციით მათი გადაზიდვა ამ წესისა და RID-ის მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე.

შენიშვნა:

ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, მხედველობაში არ მიიღება ის სახიფათო ტვირთი, რომელიც გათავისუფლებულია ამ წესისა და RID-ის მოთხოვნებისგან ამ პუნქტით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით (გარდა ამ პუნქტის.ქვეპუნქტისა).

ზ) ელექტროენერგიის აკუმულირებისა და გამომუშავების სისტემების გადაზიდვასთან დაკავშირებული გამონაკლისები:

RID-ით და ამ წესით განსაზღვრული პირობები არ გამოიყენება იმ ელექტროენერგიის აკუმულირებისა და გამომუშავების სისტემების მიმართ (მაგალითად: ლითიუმის ბატარეები, ელექტროკონდენსატორები, ასიმეტრიული კონდენსატორები, ლითონის ჰიდრიდის შენახვის სისტემები და საწვავის უჯრედები), რომლებიც:

ზ.ა) დამონტაჟებულია სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებაში, გამიზნულია მისი წევის ან მისი ნებისმიერი მოწყობილობის ფუნქციონირებისათვის;

ზ.ბ) მოთავსებულია მოწყობილობაში ამავე მოწყობილობის ფუნქციონირებისათვის, რომელიც გამოყენებულია ან გამიზნულია გამოსაყენებლად გადაზიდვის დროს (მაგალითად, ლეპტოპი), გარდა, ისეთი მოწყობილობისა, როგორიცაა, მონაცემთა ჩამწერი (data loggers) ან ტვირთის მიდევნების (cargo tracking) მოწყობილობა, მიმაგრებული ან განთავსებული ტვირთის შეფუთვაზე, შეფუთვების პაკეტზე ან კონტეინერებზე, რომელიც ექვემდებარება RID-ის 5.5.4 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

თ) სახიფათო ტვირთის, როგორც ხელბარგის ან ბარგის სახით, ან მატარებლის ბორტზე გადაზიდვასთან დაკავშირებული გამონაკლისები: სახიფათო ტვირთის, როგორც ხელბარგის ან ბარგის სახით, ან მატარებლის ბორტზე გადაზიდვის შემთხვევაში მოქმედებს ამ პუნქტის „ა“, „ბ.ბ-ბ.ვ“, „დ“, „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისები;

ი) გამონაკლისი იმ სახიფათო ტვირთების მიმართ, რომლებიც გადაზიდვისას გამოიყენება გაგრილების ან კონდიცირების მიზნით:

სახიფათო ტვირთებზე, რომლებიც გამოიყენება ვაგონებში ან კონტეინერებში გაგრილების ან კონდიცირების მიზნით, ვრცელდება მხოლოდ RID-ის 5.5.3. პუნქტის მოთხოვნები.

კ) სახიფათო ტვირთების შემცველი ნათურების გადაზიდვასთან დაკავშირებული გამონაკლისები:

კ.ა) ამ წესით გათვალისწინებული დებულებები არ გამოიყენება შემდეგი ნათურების მიმართ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებებს და ვერცხლისწყალს RID-ის 3.3 თავის 366-ე სპეციალური დებულებით გათვალისწინებულ ოდენობაზე მეტი რაოდენობით:

კ.ა.ა) ნათურები, რომელთა შეგროვებაც ხდება ფიზიკური პირებისგან ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებიდან, მათი შეგროვების ან ნარჩენების დამუშავების პუნქტში გადაზიდვისას;

შენიშვნა: აღნიშნული ასევე მოქმედებს იმ ნათურებთან დაკავშირებით, რომელთა მიწოდებასაც უზრუნველყოფენ ფიზიკური პირები შეგროვების პირველად პუნქტში, და შემდგომ ამისა, რომელთა გადაზიდვაც ხორციელდება სხვა შეგროვების, შუალედური დამუშავების ან ნარჩენების დამუშავების პუნქტებში.

კ.ა.ბ) ნათურები, რომლებიც შეიცავენ 1 გრამზე მეტ სახიფათო ტვირთს და შეფუთულია იმ სახით, რომ ყოველ შეფუთვაში არ იყოს წარმოდგენილი 30 გრამზე მეტი სახიფათო ტვირთი იმ პირობით, თუ:

კ.ა.ბ.ა) ნათურები დამზადებულია ხარისხის მართვის სერტიფიცირებული სისტემის შესაბამისად;

შენიშვნა: აღნიშნული მიზნისთვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სტანდარტი ISO 9001.

კ.ა.ბ.ბ) ყოველი ნათურა, იმის მიუხედავად იქნება თუ არა შეფუთული შიდა ტარაში, ერთმანეთისგან გამოყოფილი ტიხრებით, ან წარმოდგენილი სადებ მასალაში ნათურების დაცვის მიზნით და განთავსებული მყარ გარე ტარაში, რომელიც აკმაყოფილებს RID-ის 4.1.1.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ზოგად დებულებებს და ასევე შეუძლია გაიაროს 1,2 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდნის გამოცდა;

კ.ა.გ) გამოყენებული, დაზიანებული ან წუნდებული ნათურები, რომლებიც შეიცავენ არაუმეტეს 1 გრამ სახიფათო ტვირთს, ყოველ შეფუთვაში არაუმეტეს 30 გრამ სახიფათო ტვირთის შემცველობასთან ერთად, როდესაც მათი გადაზიდვა ხდება შეგროვების ან ნარჩენების დამუშავების პუნქტიდან. ნათურები უნდა შეიფუთოს საკმარისად გამძლე გარე ტარაში, რათა თავიდან იქნეს აცილებული გადაზიდვის ნორმალურ პირობებში შიგთავსის გამოთავისუფლება, იგი უნდა აკმაყოფილებდეს RID-ის 4.1.1.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ზოგად დებულებებს და გაიაროს არანაკლებ 1,2 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდნის გამოცდა;

კ.ა.დ) ნათურები, რომლებიც შეიცავენ მხოლოდ RID-ის 2.2.2.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ A და O ჯგუფის აირებს იმ პირობით, თუ მათი შეფუთვა მოხდება ისე, რომ ნათურის წყვეტის შედეგად გამოწვეული ფეთქებადი ეფექტი შეკავებული იქნეს შეფუთვის ფარგლებში;

კ.ა.ე) რადიოაქტიური მასალის შემცველი ნათურების გადაზიდვა რეგულირდება RID-ის 2.2.7.2.2.2 (b) ქვეპუნქტით.

თავი II

 სახიფათო ტვირთების კლასიფიკაცია და შეფუთვა

მუხლი 5. სახიფათო ტვირთების კლასიფიკაცია

1. RID-ის შესაბამისად, სახიფათო ტვირთები საშიშროების ტიპის, ასევე მათი ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური თვისებების მიხედვით, იყოფა შემდეგ კლასებად და ქვეკლასებად:

კლასი 1 – ფეთქებადი ნივთიერებები და ნაკეთობები;

ქვეკლასი 1.1 – ნივთიერებები და ნაკეთობები, რომელთაც ახასიათებთ მასიური აფეთქების საშიშროება (მასიური აფეთქება ნიშნავს აფეთქებას, რომელიც პრაქტიკულად მყისიერად ვრცელდება თითქმის მთელ ტვირთზე);

ქვეკლასი 1.2 – ნივთიერებები და ნაკეთობები, რომელთაც ახასიათებთ გაფანტვის საშიშროება, მაგრამ არა მასიური აფეთქების საშიშროება;

ქვეკლასი 1.3 – ნივთიერებები და ნაკეთობები, რომელთაც ახასიათებთ ხანძრის გაჩენის, აგრეთვე უმნიშვნელო აფეთქების ან უმნიშვნელო გაფანტვის საშიშროება, და/ან ორივე ერთად, თუმცა არა მასიური აფეთქების საშიშროება:

ა) რომლებიც წვის დროს გამოყოფენ სხივისებური სითბოს მნიშვნელოვან რაოდენობას, ან;

ბ) რომლებსაც, თანმიმდევრულად წვისას, ახასიათებთ უმნიშვნელო აფეთქების ან გაფანტვის ეფექტები ან ორივე მათგანი;

ქვეკლასი 1.4 – ნივთიერებები და ნაკეთობები, რომლებიც წარმოადგენენ აფეთქების მხოლოდ უმნიშვნელო საფრთხეს გადაზიდვების დროს აალების ან ინიცირების შემთხვევაში. აღნიშნული ეფექტები ძირითადად თავს იჩენს შეფუთვის შიგნით და ამ შემთხვევაში არ არის მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ზომისა თუ მოცულობის ნატეხების გავრცელება. გარეგანმა ხანძარმა არ უნდა გამოიწვიოს შეფუთვის თითქმის მთლიანი შიგთავსის პრაქტიკულად მყისიერი აფეთქება;

ქვეკლასი 1.6 – უკიდურესად დაბალი მგრძნობელობის ნაკეთობები, რომელთაც არ აღენიშნებათ მასიური აფეთქების საშიშროება. აღნიშნული ნაკეთობები შეიცავს ძირითადად უკიდურესად არამგრძნობიარე ნივთიერებებს და ავლენს აფეთქების ინიცირებისა თუ გავრცელების უმნიშვნელო ალბათობას.

კლასი 2 – აირები;

კლასი 3 – ადვილაალებადი სითხეები;

კლასი 4.1 – ადვილაალებადი მყარი ნივთიერებები, თვითრეაქტიული ნივთიერებები და მყარი დესენსიბილიზებული ფეთქებადი ნივთიერებები;

კლასი 4.2 – თვითაალების გამომწვევი ნივთიერებები;

კლასი 4.3 – ნივთიერებები, რომლებიც წყალთან შეხებისას გამოყოფენ ადვილაალებად აირებს;

კლასი 5.1 – მჟანგავი ნივთიერებები;

კლასი 5.2 – ორგანული პეროქსიდები;

კლასი 6.1 – ტოქსიკური ნივთიერებები;

კლასი 6.2 – ინფექციური ნივთიერებები;

კლასი 7 – რადიოაქტიური მასალები;

კლასი 8 – კოროზიული ნივთიერებები;

კლასი 9 – სხვა სახიფათო ნივთიერებები და ნაკეთობები.

2. სახიფათო ტვირთების ჩამონათვალი განისაზღვრება RID-ის 3.2 თავით. სახიფათო ტვირთი აღინიშნება გაერთიანებული ერების მიერ მინიჭებული ოთხციფრა კოდით, „სახიფათო ტვირთების გადაზიდვის შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ტიპური წესების შესაბამისად (ST/SG/AC.10/1/Rev.18 (vol.1)).

3. 1-ლი კლასის ნივთიერებები და ნაკეთობები, გარდა ქვეკლასებისა, ასევე ნაწილდება შეთავსებადობის ჯგუფში, რომელიც გასაზღვრულია RID-ისა და II დანართის შესაბამისად.

4. სახიფათო ტვირთების სხვა კლასებთან დაკავშირებული სპეციალური პირობები განისაზღვრება RID-ის მე-2 თავითა და რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობით.

5. გადასაზიდად არ დაიშვება ისეთი სახიფათო ტვირთი, რომლის გადაზიდვა აკრძალულია RID-ის შესაბამისად.

მუხლი 6. სახიფათო ტვირთის შეფუთვის ჯგუფები

1. შეფუთვის მიზნებისთვის, სახიფათო ტვირთად განსაზღვრული ნივთიერებები, გარდა 1, 2, 4.1 (მხოლოდ თვითრეაქტიული ნივთიერებები), 5.2, 6.2 და 7 კლასებით განსაზღვრულისა, ნაწილდებიან შემდეგ შეფუთვის ჯგუფებში, საფრთხის ხარისხის შესაბამისად:

ა) I შეფუთვის ჯგუფი: მაღალი საფრთხის მქონე ნივთიერებები;

ბ) II შეფუთვის ჯგუფი: საშუალო საფრთხის მქონე ნივთიერებები;

გ) III შეფუთვის ჯგუფი: დაბალი საფრთხის მქონე ნივთიერებები.

2. თითოეული ნივთიერება შეფუთვის ჯგუფში ნაწილდება RID-ის 3.2 თავის „A“ ცხრილში მითითებული ჯგუფების შესაბამისად.

3. სახიფათო ტვირთად განსაზღვრული ნაკეთობები შეფუთვის ჯგუფებში არ ნაწილდება.

თავი III

სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მონაწილეები

მუხლი 7. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მონაწილეების პასუხისმგებლობა

1. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მონაწილეებმა უნდა უზრუნველყონ ამ წესის, RID-ისა და რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვა.

2. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მონაწილეებმა უნდა მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა საფრთხეების ბუნებისა და მასშტაბის გათვალისწინებით, რათა თავიდან აიცილონ ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს ადამიანს, გარემოს ან/და ქონებას და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყონ უარყოფითი შედეგების გავლენის შემცირება.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა საზოგადოებრივი უსაფრთხოების საფრთხის ქვეშ დაყენების გარდაუვალი რისკი, სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მონაწილეებმა აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და მიაწოდონ რეაგირებისთვის აუცილებელი ინფორმაცია.

მუხლი 8. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მთავარი მონაწილეების უფლებები და ვალდებულებები

1. ტვირთგამგზავნის უფლებები და ვალდებულებები:

ა) ტვირთგამგზავნი ვალდებულია გადასცეს გადამზიდველს ტრანსპორტირებისათვის მხოლოდ ის სახიფათო ტვირთი, რომელიც დაშვებულია გადასაზიდად და აკმაყოფილებს RID-ისა და ამ წესის მოთხოვნებს. კერძოდ, ის ვალდებულია:

ა.ა) დაადგინოს, რომ სახიფათო ტვირთი კლასიფიცირებულია და გადაზიდვისთვის ნებადართულია RID-ისა და ამ წესის შესაბამისად;

ა.ბ) ხელმისაწვდომი ფორმით გადამზიდველს მიაწოდოს ინფორმაცია და მონაცემები, აგრეთვე საჭიროებისას, მიაწოდოს ტრანსპორტირების დოკუმენტები და სხვა თანმხლები დოკუმენტები (მაგალითად, შესაბამისი ნებართვები, ავტორიზაციები, შეტყობინებები, სერთიფიკატები, და ა.შ.), RID-ის 5.4 თავისა და 3.2 თავის „A“ ცხრილით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით;

ა.გ) გამოიყენოს მხოლოდ ის ტარა, მსხვილგაბარიტიანი ტარა, IBC და ცისტერნები, რომლებიც შესაფერისია შესაბამისი ნივთიერებების გადასაზიდად და რომლებსაც გააჩნიათ RID-ით გათვალისწინებული მარკირება;

ა.დ) დაიცვას გაგზავნასთან დაკავშირებული მოთხოვნები და გაგზავნის შეზღუდვის პირობები;

ა.ე) უზრუნველყოს, გაუსუფთავებელი და არადეგაზირებული ცარიელი ცისტერნების (ვაგონ-ცისტერნები, ვაგონები მოსახსნელი ცისტერნებით, ვაგონ-ბატარეები, MEGCs, გადასატანი ცისტერნები) ან ცარიელი გაუსუფთავებელი ვაგონებისა და ნაყარი ტვირთის კონტეინერების სათანადოდ აღჭურვა საინფორმაციო დაფებით, მარკირებითა და საშიშროების ნიშნებით და განახორციელოს ცარიელი გაუსუფთავებელი ცისტერნების დახურვა ჰერმეტულად იმგვარად, როგორც სავსე მდგომარეობის შემთხვევაში.

ბ) თუ ტვირთგამგზავნი სარგებლობს სხვა მონაწილე პირების მომსახურებით, მან უნდა უზრუნველყოს, რომ სახიფათო ტვირთის გადაზიდვა შეესაბამება RID-ისა და ამ წესის მოთხოვნებს. ტვირთგამგზავნს უფლება აქვს დაეყრდნოს სხვა მონაწილე პირების მიერ მიწოდებულ ინფორმაციასა და მონაცემებს, ამ პუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.გ“ და „ა.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

გ) როდესაც ტვირთგამგზავნი მოქმედებს მესამე პირის სახელით, ეს უკანასკნელი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს ტვირთგამგზავნს სახიფათო ტვირთის არსებობის შესახებ და ხელმისაწვდომი გახადოს მისთვის ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი, რაც მას სჭირდება ვალდებულებების შესასრულებლად.

2. გადამზიდველის უფლებები და ვალდებულებები:

ა) გადამზიდველი, რომელიც გაგზავნის ადგილიდან იღებს სახიფათო ტვირთს, ვალდებულია:

ა.ა) დარწმუნდეს, რომ ტრანსპორტირებას დაქვემდებარებული სახიფათო ტვირთის გადაზიდვა დაშვებულია RID-ისა და ამ წესის დებულებების შესაბამისად;

ა.ბ) გადაზიდვის დაწყებამდე დარწმუნდეს, რომ ტვირთგამგზავნის მიერ წარმოდგენილი იქნა გადასაზიდ სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებით RID-ით გათვალისწინებული ყოველგვარი ინფორმაცია, ინსტრუქციები და სხვა საჭირო სატრანსპორტო დოკუმენტები;

ა.გ) ვიზუალური დათვალიერებით დარწმუნდეს, რომ სატრანსპორტო საშუალებებსა და გადასაზიდ ტვირთებს არ აღენიშნებათ რაიმე ხილული ხარვეზი, გაჟონვა, ბზარი და ისინი სათანადოდ არიან აღჭურვილი;

ა.დ) დარწმუნდეს, რომ ვაგონ-ცისტერნების, ვაგონ-ბატარეების, სახსნელი ცისტერნების, გადასატანი ცისტერნებისა და MEGCs-ის ინსპექტირების ვადა არ არის ვადაგადაცილებული;

ა.ე) დარწმუნდეს, რომ ვაგონები არ არის დატვირთული ტვირთამწეობაზე მეტად;

ა.ვ) შეამოწმოს ვაგონებზე და სახიფათო ტვირთზე საშიშროების ნიშნების, საინფორმაციო დაფების, ნარინჯისფერი ტაბლოების და მარკირების არსებობა და შესაბამისობა RID-ისა და ამ წესის მოთხოვნებთან;

ა.ზ) დარწმუნდეს, რომ წერილობითი ინსტრუქციებით გათვალისწინებული აღჭურვილობა განთავსებულია მემანქანის კაბინაში.

შენიშვნა: აღნიშნული უნდა განხორციელდეს სატრანსპორტო დოკუმენტაციისა და თანმხლები დოკუმენტების შემოწმების საფუძველზე, ასევე ვაგონის ან კონტეინერ(ებ)ის და საჭიროებისამებრ, ტვირთის ვიზუალური ინსპექტირებით.

ბ) გადამზიდველს უფლება აქვს დაეყრდნოს სხვა მონაწილე პირების მიერ მიწოდებულ ინფორმაციასა და მონაცემებს, ამ პუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.დ“ და „ა.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამ პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, იგი უფლებამოსილია დაეყრდნოს RID-ის 5.4.2 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილ „კონტეინერის/სატრანსპორტო საშუალების შეფუთვის სერტიფიკატს“;

გ) გადამზიდველი ვალდებულია ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების ან/და ამ წესის ან/და RID-ის დებულებების სხვა მოთხოვნების დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში შეაჩეროს სახიფათო ტვირთის გაგზავნა მათ აღმოფხვრამდე;

დ) იმ შემთხვევაში, თუ გადაზიდვის დროს თავს იჩენს ისეთი დარღვევა, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას გადაზიდვის უსაფრთხოებას, შეძლებისდაგვარად სწრაფად შეაჩეროს ტვირთის გადაზიდვა მოძრაობის უსაფრთხოებასთან, ტვირთის დაცვის უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების გათვალისწინებით. გადაზიდვის ოპერაცია შესაძლებელია გაგრძელდეს მხოლოდ ტვირთის მოქმედ წესებთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ გადაზიდვის ოპერაციის მოქმედ წესებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია, გადამზიდველმა დასახმარებლად უნდა მიმართოს შესაბამის კომპეტენტურ უწყებებს.

ე) გადამზიდველმა უნდა უზრუნველყოს, რომ ინფრასტრუქტურის მენეჯერს გააჩნდეს ნებისმიერ დროს სწრაფი და შეუზღუდავი წვდომა იმ ინფორმაციაზე, რომელიც ამ უკანასკნელს საშუალებას მისცემს შეასრულოს მე-9 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები;

ვ) გადამზიდველმა მატარებლის მემანქანეს უნდა მიაწოდოს წერილობითი ინსტრუქციები RID-ის 5.4.3 პუნქტის შესაბამისად;

ზ) მატარებლის გამგზავრებამდე გადამზიდველმა უნდა აცნობოს მატარებლის მემანქანეს სახიფათო ტვირთების არსებობისა და მატარებელში მათი მდებარეობის თაობაზე.

3. ტვირთმიმღების ვალდებულებები:

ა) ტვირთმიმღები ვალდებულია არ შეაჩეროს ტვირთების მიღება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის გარეშე და გადმოტვირთვის შემდეგ შემოწმების შედეგად დარწმუნდეს, რომ მის მიერ სრულად იქნა შესრულებული ტვირთთან დაკავშირებული RID-ის და ამ წესის მოთხოვნები;

ბ) ვაგონის ან კონტეინერის დაბრუნება და ხელმეორედ გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც შესრულდება გადმოტვირთვასთან დაკავშირებული RID-ისა და ამ წესის მოთხოვნები;

გ) თუ ტვირთმიმღები სარგებლობს სხვა მონაწილე პირების მომსახურებით, იგი ვალდებულია მიიღოს სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები შესრულდება.

4. მე-7 კლასის (რადიოაქტიური მასალა) სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვაზე, მთავარ მონაწილეებზე ვრცელდება „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №72 დადგენილებითა და რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები.

მუხლი 9. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სხვა მონაწილეების პასუხისმგებლობა

1. ეს მუხლი განსაზღვრავს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სხვა მონაწილეების ვალდებულებებს. ამ მუხლით გათვალისწინებული სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სხვა მონაწილეების ჩამონათვალი არ არის ამომწურავი, ხოლო მათი ვალდებულებები გამომდინარეობს ამ წესის მე-7 მუხლიდან, იმდენად, რამდენადაც მათ იციან ან უნდა სცოდნოდათ, რომ მათი საქმიანობა ექვემდებარება ამ წესისა და RID-ის მოთხოვნებს.

2. მე-7 კლასის (რადიოაქტიური მასალა) სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვაზე, სხვა მონაწილეებზე ვრცელდება „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №72 დადგენილებითა და რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები.

3. მტვირთავი ვალდებულია:

ა) გადასცეს სახიფათო ტვირთი გადამზიდველს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ნებადართულია გადაზიდვისთვის RID-ის შესაბამისად;

ბ) შეფუთული სახიფათო ტვირთის ან გაუწმენდავი, ცარიელი შეფუთვების გადასაზიდად გადაცემამდე შეამოწმოს არის თუ არა შეფუთვა დაზიანებული. იგი ვალდებულია არ გადასცეს ისეთი შეფუთული პაკეტი, რომელიც დაზიანებულია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პაკეტი წყალგაუმტარი არ არის და სახეზეა სახიფათო ნივთიერების გაჟონვა ან მისი გაჟონვის ალბათობა მანამ, სანამ ასეთი დაზიანება არ აღმოიფხვრება. ეს ვალდებულება ვრცელდება ასევე გაუწმენდავი, ცარიელი შეფუთვების მიმართ;

გ) შეასრულოს დატვირთვასთან და ტვირთის დამუშავებასთან დაკავშირებული სპეციალური მოთხოვნები RID-ის შესაბამისად;

დ) როდესაც უშუალოდ გადასცემს ტვირთს გადაზიდვისთვის, შეასრულოს ამ წესის IV თავითა და RID-ის 5.3 თავით გათვალისწინებული მოთხოვნები საშიშროების ნიშნების, მარკირების და ნარინჯისფერი ტაბლოების ვაგონზე ან დიდ კონტეინერზე განთავსებასთან დაკავშირებით;

ე) დატვირთვისას ვალდებულია გაითვალისწინოს მოთხოვნები სახიფათო ტვირთისგან კვების პროდუქტების, სხვა მოხმარების საგნების და ცხოველების საკვების განცალკევებასთან დაკავშირებით.

შენიშვნა: მტვირთავს შეუძლია დაეყრდნოს სხვა მონაწილე პირების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და მონაცემებს ამ პუნქტის“, „დაქვეპუნქტებთან დაკავშირებით.

4. შემფუთავი ვალდებულია:

ა) შეასრულოს შეფუთვისა და შერეული შეფუთვის პირობები, RID-ის შესაბამისად;

ბ) შეფუთვის გადაზიდვისთვის მომზადების დროს დაიცვას შეფუთვების მარკირების RID-ით გათვალისწინებული მოთხოვნები.

5. შემვსები ვალდებულია:

ა) ცისტერნების შევსებამდე დარწმუნდეს, რომ ცისტერნა და მისი აღჭურვილობა ტექნიკურად დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია;

ბ) დარწმუნდეს, რომ ცისტერნის ტექნიკური ინსპექტირების ვადა არ არის ვადაგადაცილებული;

გ) შეავსოს ცისტერნები მხოლოდ იმ სახიფათო ტვირთით, რომელიც ასეთი ცისტერნებით გადაზიდვისთვის დაშვებულია;

დ) ცისტერნის შევსებისას დაემორჩილოს მომიჯნავე განყოფილებაში განთავსებული სახიფათო ტვირთის შესახებ მოთხოვნებს;

ე) ცისტერნის შევსებისას გაითვალისწინოს შევსების ნებადართული ხარისხი ან შიგთავსის ნებადართული მასა ტევადობის თითო ლიტრის მიხედვით იმ ნივთიერებისთვის, რომლითაც ხდება შევსება;

ვ) ცისტერნის შევსების შემდეგ, დარწმუნდეს, რომ ყველა საკეტი არის დაკეტილი და ადგილი არ აქვს გაჟონვას;

ზ) დარწმუნდეს, რომ შევსებული ნივთიერების ნარჩენი არ დარჩეს იმ ცისტერნაზე გარედან, რომელსაც შეავსებს;

თ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვისთვის მომზადების დროს, დარწმუნდეს, რომ ყველა ნიშანი, მარკირების ნიშანი და ნარინჯისფერი ტაბლოები, ასევე სამანევრო სამუშაოებისთვის განკუთვნილი ნიშნები მიმაგრებულია ცისტერნებზე, ვაგონებზე და კონტეინერებზე RID-ის 5.3 თავის მიხედვით;

ი) ვაგონ-ცისტერნების თხევადი აირით შევსებამდე და შევსების შემდგომ შეასრულოს აღნიშნულის მიმართ გამოყენებადი, განსაკუთრებული შემოწმების მოთხოვნები;

კ) ვაგონების ან კონტეინერების ნაყარი სახიფათო ტვირთით შევსებისას, დარწმუნდეს, რომ RID-ის 7.3 თავის შესაბამისი პირობები დაცულია.

6. კონტეინერ-ცისტერნის/გადასატანი ცისტერნის ოპერატორი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს წარმოების, აღჭურვილობის, ინსპექტირების/ტესტირების და მარკირების არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა;

ბ) უზრუნველყოს, რომ კორპუსის ტექნიკური მომსახურება და მათი აღჭურვა იმგვარად იყოს განხორციელებული, რომ ნორმალური ოპერირების პირობებში ცისტერნა-კონტეინერი/გადასატანი ცისტერნა შემდგომ ინსპექტირებამდე აკმაყოფილებდეს RID-ის მოთხოვნებს;

გ) განახორციელოს დამატებითი შემოწმება, როდესაც ცისტერნის კორპუსის ან მისი აღჭურვილობის უსაფრთხოების მდგომარეობა გაუარესდება შეკეთებისას, შეცვლისას ან სარკინიგზო შემთხვევის შედეგად.

7. ვაგონ-ცისტერნის ოპერატორი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს, ვაგონ-ცისტერნის წარმოების, აღჭურვილობის, ინსპექტირების/ტესტირების და მარკირების არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა;

ბ) განახორციელოს დამატებითი შემოწმება, როდესაც ცისტერნის კორპუსის ან მისი აღჭურვილობის უსაფრთხოების მდგომარეობა შესაძლოა გაუარესდეს შეკეთებისას, შეცვლისას ან სარკინიგზო შემთხვევის შედეგად;

გ) აღრიცხოს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები და აწარმოოს შესაბამისი ჩანაწერები;

დ) ცისტერნასა და მის აღჭურვილობასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდოს ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელ პირს.

8. რკინიგზის ინფრასტრუქტურის მენეჯერი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს, რომ სადგურებში, სადაც ხდება ტვირთების დახარისხება, საგანგებო მართვის გეგმები მომზადებულია RID-ის 1.11 თავის შესაბამისად;

ბ) უზრუნველყოს, რომ გადაზიდვისას მას აქვს სწრაფი და შეუზღუდავი წვდომა შემდეგ ინფორმაციაზე:

ბ.ა) მოძრავი შემადგენლობა თითოეული ვაგონის ნომრის ან ვაგონის ტიპის მითითებით, თუ ვაგონის ნომერი აღნიშნულს არ მოიცავს;

ბ.ბ) სახიფათო ტვირთის გაეროს ნომრები, რომლებიც გადაიზიდება თითოეულ ვაგონზე ან ვაგონით, იმდენად, რამდენადაც სავალდებულოა მათი ტრანსპორტირების დოკუმენტში ასახვა, ან თუ სახიფათო ტვირთი RID-ის 3.4. თავის შესაბამისად შეფუთულია შეზღუდულ რაოდენობებად, ინფორმაცია მათი არსებობის შესახებ, როდესაც RID-ის 3.4 თავის თანახმად ვაგონის ან დიდი კონტეინერის მარკირება სავალდებულოა;

ბ.გ) თითოეული ვაგონის მდებარეობა მოძრავ შემადგენლობაში (ვაგონების წყობა).

9. გადმომტვირთავი ვალდებულია:

ა) საჭირო ინფორმაციის სატრანსპორტო დოკუმენტაციაში მითითებული შესაბამისი ინფორმაცია შეადაროს ინფორმაციას, რომელიც მოცემულია შეფუთვაზე, კონტეინერზე, ცისტერნაზე, MEGC-ზე ან ვაგონზე, რათა დაადგინოს, გადმოტვირთული სახიფათო ტვირთის მასთან შესაბამისობა;

ბ) გადმოტვირთამდე ან მის გადმოტვირთვის დროს, შეამოწმოს არის თუ არა შეფუთვა, ცისტერნა, ვაგონი ან კონტეინერი დაზიანებული იმ მასშტაბით რომ ეს ხელს შეუშლის გადმოტვირთვის პროცესს. თუ ასეთი შემთხვევა სახეზეა, შეაჩეროს გადმოტვირთვის პროცესი სათანადო ზომების მიღებამდე;

გ) დაემორჩილოს RID-ის ყველა მოთხოვნებს, რომლებიც შეეხება გადმოტვირთვასა და ტვირთის დამუშავებას;

დ) ცისტერნის, ვაგონის ან კონტეინერის გადმოტვირთვის შემდგომ დაუყოვნებლივ:

დ.ა) მოაშოროს გარედან არსებული ნარჩენები;

დ.ბ) უზრუნველყოს სარქველების დაკეტვა და გასახსნელი ადგილების შემოწმება.

ე) უზრუნველყოს, ვაგონებისა და კონტეინერების წმენდა და დეკონტამინაცია, რომელიც უნდა განხორციელდეს „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად;

ვ) უზრუნველყოს, რომ ვაგონები და კონტეინერები სრული გადმოტვირთვის, წმენდის, დეგაზირებისა და დეკონტამინაციის შემდეგ აღარ ატარებენ ნიშნებსა და ნარინჯისფერ ტაბლოებს, რომლებიც მათზე გამოსახული იყო RID-ის 5.3 თავის მიხედვით;

ზ) თუ გადმომტვირთავი სარგებლობს სხვა მონაწილე პირების მომსახურებით, იგი ვალდებულია მიიღოს სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ RID-ით გათვალისწინებული მოთხოვნები შესრულდება.

10. ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს, რომ ცისტერნების და მათი აღჭურვილობის მოვლა-შენახვა ხორციელდება იმგვარად, რომ ნორმალური ოპერირების პირობებში ვაგონი-ცისტერნა აკმაყოფილებდეს RID-ის მოთხოვნებს;

ბ) აღრიცხოს ცისტერნებისა და მათი აღჭურვილობის მოვლა-პატრონობის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები.

თავი IV

მარკირება და საშიშროების ნიშნების განთავსება

მუხლი 10. მარკირება

1. თუ RID-ით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, სახიფათო ტვირთის შესაბამისი გაეროს ნომერი, რომელსაც წინ უსწრებს აღნიშვნა „UN“, უნდა იყოს გარკვევით და მყარად მარკირებული თითოეულ შეფუთვაზე. შეუფუთავი ნაკეთობების შემთხვევაში, მარკირება გამოსახული უნდა იყოს ნაკეთობაზე, მის საყრდენ, ან საექსპლუატაციო, სასაწყობო ან გამშვებ მოწყობილობაზე.

2. სახიფათო ტვირთის შეფუთვის მარკირება უნდა იყოს თვალსაჩინო და გარკვევით შესრულებული, აგრეთვე, იგი უნდა უძლებდეს ამინდის ნებისმიერ ზემოქმედებას ხარისხის მნიშვნელოვანი გაუარესების გარეშე.

3. საავარიო ტარა და სამაშველო წნევის რეზერვუარები დამატებით უნდა იყოს მარკირებული სიტყვით „სამაშველო“. სიტყვა „სამაშველოს“ ასოები უნდა იყოს მინიმუმ 12 მმ სიმაღლის.

4. სახიფათო ტვირთის მარკირებასთან დაკავშირებული სხვა სავალდებულო მოთხოვნები, მათ შორის რადიოაქტიური ნივთიერების მარკირების პირობები, განისაზღვრება RID-ის 5.2 თავისა და „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №72 დადგენილების შესაბამისად.

მუხლი 11. საშიშროების ნიშნების განთავსება

1. სახიფათო ტვირთის შეფუთვაზე უნდა განთავსდეს საშიშროების შესაბამისი ნიშანი ამ წესის VIII დანართისა და RID-ის 5.2.2 პუნქტის შესაბამისად.

2. საშიშროების ნიშნები შეიძლება შეიცვალოს წარუშლელი საფრთხის აღმნიშვნელი ნიშნებით, რომლებიც ზუსტად შეესაბამება საშიშროების შესაბამის ნიშნებს.

3. თითოეული საშიშროების ნიშანი უნდა:

ა) მიმაგრდეს შეფუთვის იმავე ზედაპირზე, თუ შეფუთვის ზომები იძლევა ამის საშუალებას;

ბ) განთავსდეს შეფუთვაზე იმგვარად, რომ არ იყოს დაფარული ტარის სხვა ნაწილის ან სხვა საშიშროების ნიშნის ან მარკირების ნიშნის მიერ;

გ) გამოისახოს ერთმანეთის გვერდით, როდესაც აუცილებელია ერთზე მეტი საშიშროების ნიშნის განთავსება.

4. განსაკუთრებული ფორმის ან მცირე ზომის შეფუთვებზე, თუ შეუძლებელია ნიშნის მყარად ან დაუფარავად განთავსება, საშიშროების ნიშანი შესაძლებელია განთავსდეს ტარაზე მიმაგრებით.

მუხლი 12. დიდი ზომის საშიშროების ნიშნების განთავსება

1. RID-ის 5.3 თავის შესაბამისად, დიდი ზომის საშიშროების ნიშნები უნდა განთავსდეს დიდი კონტეინერების, ნაყარი ტვირთის გადამზიდველი კონტეინერების, MEGCs, კონტეინერ-ცისტერნების, გადასატანი ცისტერნების და ვაგონების გარე ზედაპირზე.

2. დიდი ზომის საშიშროების ნიშნები უნდა შეესაბამებოდნენ RID-ის 3.2 თავის A ცხრილის (5) და საჭიროებისას, (6) სვეტებით დიდ კონტეინერებში, ნაყარი ტვირთის გადამზიდავ კონტეინერში, MEGC-ის, კონტეინერ-ცისტერნაში, გადასატან ცისტერნასა ან ვაგონში განთავსებულ სახიფათო ტვირთისთვის მოთხოვნილ ნიშნებს და RID-ის 5.3.1.7 ქვეპუნქტით განსაზღვრულ სპეციფიკაციებს.

3. დიდი ზომის საშიშროების ნიშნები უნდა გამოისახოს კონტრასტული ფერის ფონზე, ან მას უნდა ჰქონდეს წერტილებიანი ან სადა გარე კონტური. დიდი ზომის საშიშროების ნიშნები უნდა უძლებდეს ამინდის პირობებს და უნდა იყოს მყარად დამაგრებული.

4. ამ წესის IX დანართით გათვალისწინებული ნარინჯისფერი ტაბლო უნდა განთავსდეს ვაგონ-ცისტერნის, ვაგონ-ბატარეის, მოსახსნელი ცისტერნის მქონე ვაგონის, ცისტერნა-კონტეინერის, MEGC-ის, გადასატანი ცისტერნის, ნაყარი ტვირთის გადამზიდავი ვაგონის ან კონტეინერის და რადიოაქტიური ნივთიერების გადასაზიდი ვაგონის ან კონტეინერის თითოეულ მხარეს, RID-ის 5.3.2 თავის შესაბამისად.

თავი V

სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია

მუხლი 13. დოკუმენტაცია

1. სახიფათო ტვირთის გადაზიდვას თან უნდა ახლდეს RID-ის 5.4 თავით და ამ მუხლით გათვალისწინებული შემდეგი დოკუმენტები/ინფორმაცია:

ა) სახიფათო ტვირთის სატრანსპორტო დოკუმენტ(ებ)ი და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია, შემდეგი პირობებით:

ა.ა) სატრანსპორტო დოკუმენტ(ებ)ი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას თითოეული ნივთიერების ან ნაკეთობისთვის:

ა.ა.ა) გაეროს ნომერს, რომელსაც წინ უსწრებს ინიციალები: „UN“;

ა.ა.ბ) გადაზიდვის დასახელებას, RID-ის 3.1.2 პუნქტის შესაბამისად;

ა.ა.გ) შეფუთვის ჯგუფს, არსებობის შემთხვევაში;

ა.ა.დ) შეფუთვის ნომერს და აღწერილობას, საჭიროებისამებრ;

ა.ა.ე) თითოეული სახეობის სახიფათო ტვირთის ჯამურ ოდენობას, მათ შორის გაეროს ნომრის, გადაზიდვის დასახელებისა და შეფუთვის ჯგუფის მიხედვით;

ა.ა.ვ) ტვირთგამგზავნის დასახელებას და მისამართს;

ა.ა.ზ) ტვირთმიმღების დასახელებას და მისამართს;

ა.ა.თ) RID-ის 5.4.1.1.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სხვა ინფორმაციას, საჭიროებისამებრ.

ა.ბ) სატრანსპორტო დოკუმენტში მითითებული ჩანაწერები, რომლებიც შეიცავენ მოთხოვნილ ინფორმაციას, უნდა იყოს მკაფიო;

ა.გ) RID-ის 5.4.1.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური პირობების არსებობისას, დაცული უნდა იქნეს RID-ის იმავე პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები;

ა.დ) წარმოდგენილი უნდა იქნეს RID-ის 5.4.1.2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ინფორმაცია 1-ლი, მე-2, 4.1, 5.2, 6.2 და მე-7 კლასების სახიფათო ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში.

ბ) კონტეინერის/სატრანსპორტო საშუალების შეფუთვის სერტიფიკატი, თუ სახიფათო ტვირთის კონტეინერით გადაზიდვა წინ უსწრებს საზღვაო გადაზიდვას;

გ) წერილობითი ინსტრუქციები, ამ წესის მე-14 მუხლისა და VI დანართის შესაბამისად.

2. მე-7 კლასის (რადიოაქტიური მასალა) სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, ასევე განისაზღვრება „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №72 დადგენილებითა და რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობით.

მუხლი 14. წერილობითი ინსტრუქციები

1. სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას, სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის დროს, შესაბამისი რეაგირებისთვის აუცილებელ წერილობით ინსტრუქციებთან დაკავშირებული მოთხოვნები და მათი ფორმები განსაზღვრულია ამ წესის VI დანართის შესაბამისად.

2. მე-7 კლასის (რადიოაქტიური მასალა) სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას, წერილობითი ინსტრუქციები ასევე განსაზღვრულია „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №72 დადგენილებითა და რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობით.

3. წერილობითი ინსტრუქციები უნდა იყოს განთავსებული მემანქანის კაბინაში, ადვილად მისადგომ ადგილას.

4. მატარებლის მემანქანისთვის წერილობითი ინსტრუქციების მიწოდების ვალდებულება ეკისრება გადამზიდველს. ამასთან, გადამზიდველი პასუხისმგებელია, რომ მატარებლის მემანქანეს გააზრებული აქვს აღნიშნული ინსტრუქციები და შეუძლია მათი სათანადოდ შესრულება.

5. მატარებლის მემანქანე ვალდებულია, გაეცნოს მისთვის მიწოდებულ წერილობით ინსტრუქციებს, გამგზავრებამდე.

მუხლი 15. საავარიო ბარათები

1. სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას, ამ წესის მე-14 მუხლითა და VI დანართის შესაბამისად გათვალისწინებული წერილობითი ინსტრუქციების ნაცვლად, ნებადართულია საავარიო ბარათების გამოყენება „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების (СМГС) მე-2 დანართის 5.4.3.12 ქვეპუნქტის შესაბამისად.

2. საავარიო ბარათი შეიცავს ინფორმაციას სახიფათო ტვირთის თვისებების, პირადი დამცავი აღჭურვილობის გამოყენებისა და საგანგებო სიტუაციებში მოქმედებების ინსტრუქციების შესახებ.

მუხლი 16. ინფორმაციის შენახვა

1. ტვირთგამგზავნი და გადამზიდველი ვალდებულნი არიან, შეინახონ ამ წესის მე-13 მუხლით გათვალისწინებული სატრანსპორტო დოკუმენტისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ასლები, არანაკლებ 3 თვის ვადით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, როდესაც დოკუმენტების შენახვა ხორციელდება ელექტრონულად, ტვირთგამგზავნს და გადამზიდველს უნდა შეეძლოთ დაამზადონ მათი ასლები ბეჭდური სახით.

თავი VI

სახიფათო ტვირთის გადაზიდვის, დატვირთვის, გადმოტვირთვისა და დამუშავების პირობები

მუხლი 17. ზოგადი დებულება

სახიფათო ტვირთის გადაზიდვისთვის აუცილებელია გარკვეული ტიპის სატრანსპორტო აღჭურვილობის გამოყენება, რომელიც შეესაბამება ამ თავის მოთხოვნებს.

მუხლი 18. სახიფათო ტვირთის შეფუთვების გადაზიდვა

1. თუ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სახიფათო ტვირთის შეფუთვები შესაძლოა დაიტვირთოს:

ა) დახურულ ვაგონებში ან დახურულ კონტეინერებში;

ბ) ბრეზენტით გადაფარებულ ვაგონებში ან ბრეზენტით გადაფარებულ კონტეინერებში;

გ) ღია ვაგონებში ან ღია კონტეინერებში.

2. შეფუთვები, რომლებიც დამზადებულია ნესტის მიმართ მგრძნობიარე მასალისგან, უნდა დაიტვირთოს დახურულ ან ბრეზენტით გადაფარებულ ვაგონებში ან დახურულ ან ბრეზენტით გადაფარებულ კონტეინერებში.

3. სახიფათო ტვირთის შეფუთვებში გადაზიდვასთან დაკავშირებული სპეციალური პირობები განისაზღვრება RID-ის 3.2 თავის A ცხრილის მე-16 სვეტში მითითებული აღნიშვნებისა და 7.2.4 პუნქტის შესაბამისად.

მუხლი 19. ნაყარი ტვირთის გადაზიდვა

1. სახიფათო ტვირთის ნაყარი ტვირთის სახით გადაზიდვა ნაყარი ტვირთის გადამზიდავ კონტეინერში, კონტეინერში ან ვაგონში დასაშვებია, თუ:

ა) დაცულია RID-ის 7.3.2 პუნქტის შესაბამისი პირობები და არსებობს სპეციალური დებულება, რომელიც RID-ის 3.2 თავის A ცხრილის მე-10 სვეტში აღნიშნულია კოდით „BK“ ან კონკრეტულ პუნქტზე მითითებით და რომელიც ერთმნიშვნელოვნად რთავს ნებას გადაზიდვის ამ რეჟიმს;

ბ) დაცულია RID-ის 7.3.3 პუნქტში მითითებული შესაბამისი პირობები „AP“ კოდისთვის და არსებობს სპეციალური დებულება, რომელიც RID-ის 3.2 თავის A ცხრილის მე-17 სვეტში აღნიშნულია კოდით „VC“ ან კონკრეტულ პუნქტზე მითითებით და რომელიც ერთმნიშვნელოვნად რთავს ნებას გადაზიდვის ამ რეჟიმს.

2. ნივთიერებები, რომლებიც შეიძლება გადავიდნენ თხევად მდგომარეობაში, ისეთი ტემპერატურების არსებობისას, როგორიც შეიძლება წარმოიშვას გადაზიდვის დროს, არ დაიშვება ნაყარი ტვირთის სახით გადასაზიდად.

3. ნაყარი ტვირთის კონტეინერები, კონტეინერები ან ვაგონები უნდა იყოს ფხვიერი ნივთიერებებისთვის გაუმტარი და იხურებოდეს იმგვარად, რომ გადაზიდვის ნორმალურ პირობებში არ დაიკარგოს ტვირთის შიგთავსი, მათ შორის ვიბრაციის ან ტემპერატურის, ტენიანობის ან წნევის ცვალებადობის პირობებში.

4. ნაყარი ტვირთის გადაზიდვისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:

ა) ნივთიერებები უნდა ჩაიტვირთოს და გადანაწილდეს თანაბრად, იმგვარად, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი გადაადგილება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ნაყარი ტვირთის კონტეინერის, კონტეინერის ან ვაგონის დაზიანება ან სახიფათო ტვირთის გაჟონვა/დაფანტვა;

ბ) სავენტილაციო მოწყობილობების დამონტაჟების შემთხვევაში ისინი უნდა იყოს შენარჩუნებული სუფთა და მუშა მდგომარეობაში;

გ) ნივთიერებები არ უნდა ურთიერთქმედებდნენ მასალებთან, რომლისგანაც დამზადებულია ნაყარი ტვირთის კონტეინერი, კონტეინერი, ვაგონი ან მათი აღჭურვილობა, მათ შორის სახურავი და ბრეზენტი და, ასევე, დამცავ საფართან, რომელიც უშუალოდ ეხება ტვირთს და მნიშვნელოვნად ამცირებს მის სიმყარეს. ნაყარი ტვირთის კონტეინერები, კონტეინერები ან ვაგონები უნდა იყოს მოწყობილი ისე, რომ ნივთიერებები არ აღწევდნენ ხის საფარის ელემენტების ღიობებში ან ეხებოდნენ კონტეინერის ან ვაგონის ნაწილებს, რომლებიც შეიძლება დაზიანდეს გადასაზიდი ნივთიერებების ან მათი ნარჩენების ურთიერთქმედების შედეგად;

დ) დატვირთვამდე/შევსებამდე და გადასაზიდად წარდგენამდე, ყოველი ნაყარი ტვირთის კონტეინერი, კონტეინერი ან ვაგონი უნდა შემოწმდეს და გაიწმინდოს, რათა მის შიდა და გარე ზედაპირზე არ დარჩეს სახიფათო ტვირთის რაიმე ნარჩენი, რომელსაც შეუძლია:

დ.ა) გამოიწვიოს საშიში რეაქცია გადაზიდვისთვის განკუთვნილ ნივთიერებასთან;

დ.ბ) დააზიანოს ნაყარი ტვირთის კონტეინერის, კონტეინერის ან ვაგონის კონსტრუქციული მთლიანობა;

დ.გ) შეამციროს ნაყარი ტვირთის კონტეინერის, კონტეინერის ან ვაგონის გაუმტარობა.

ე) ნაყარი ტვირთის კონტეინერის, კონტეინერის ან ვაგონის ძარის გარე ზედაპირებზე არ უნდა იყოს სახიფათო ტვირთების ნარჩენები;

ვ) თუ ერთმანეთის მიმდევრობით დამონტაჟებულია რამდენიმე ჩამკეტი მოწყობილობა ჩატვირთვამდე, პირველ რიგში, უნდა დაიხუროს ის მოწყობილობა, რომელიც ყველაზე ახლოს არის განთავსებული ტვირთთან;

ზ) ცარიელი ნაყარი ტვირთის კონტეინერები, კონტეინერები ან ვაგონები, რომლებშიც გადაიზიდებოდა სახიფათო მყარი ნივთიერება ნაყარი ტვირთის სახით, უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესისა და RID-ის იმავე მოთხოვნებს, რასაც სავსე ნაყარი ტვირთის კონტეინერები, კონტეინერები ან ვაგონები, თუ არ არის განხორციელებული ყველა შესაბამისი ღონისძიება ნებისმიერი შესაძლო საფრთხის შესამცირებლად;

თ) თუ ნაყარი ტვირთის კონტეინერი, კონტეინერი ან ვაგონი გამოიყენება ისეთი ნაყარი ტვირთის გადასაზიდად, რომელიც ხასიათდება აფეთქებით ან აალებადი აირების გამოყოფით, მაშინ მიღებული უნდა იყოს ზომები აალების წყაროს განეიტრალების მიმართ და საფრთხის შემცველი ელექტრო-სტატიკური განმუხტვის თავიდან აცილების მიზნით, გადაზიდვის, დატვირთვის/შევსების ან გადმოტვირთვის დროს;

ი) ნივთიერებები, მაგალითად ნარჩენები, რომელთაც შეუძლიათ ერთმანეთთან სახიფათო ურთიერთქმედება, ასევე ნივთიერებები, რომლებიც განეკუთვნებიან სხვადასხვა კლასს და ტვირთები, რომლებიც არ ექცევა RID-ის მოქმედების სფეროში, რომელთაც შეუძლიათ ერთმანეთთან სახიფათო ურთიერთქმედება (რეაქციაში შესვლა), არ უნდა დაიტვირთოს ერთსა და იმავე ნაყარი ტვირთის კონტეინერში, კონტეინერში ან ვაგონში;

კ) დატვირთვამდე ნაყარი ტვირთის კონტეინერი, კონტეინერი ან ვაგონი უნდა შემოწმდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი კონსტრუქციული ვარგისიანობა, კერძოდ, შიდა კედლებზე, ჭერზე და იატაკზე არ უნდა შეინიშნებოდეს გამოშვერილი ან დაზიანებული ადგილები. აგრეთვე, შიდა შუასადებზე ან აღჭურვილობაზე, რომელიც განკუთვნილია ნივთიერებების შესაკავებლად, არ უნდა იყოს ნახეთქები ან სხვა ნებისმიერი დაზიანებები, რომელთაც შეუძლიათ საფრთხე შეუქმნას ტვირთის შეკავების შესაძლებლობას.

5. ნაყარი სახითაო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული სპეციალური პირობები, მათ შორის სახიფათო ტვირთის კლასების მიხედვით, განისაზღვრება RID-ის 7.3.2 და 7.3.3 პუნქტებით.

მუხლი 20. სახიფათო ტვირთის გადაზიდვა ცისტერნებით

სახიფათო ტვირთი შეიძლება გადაიზიდებოდეს ცისტერნებში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადასატანი ცისტერნის ინსტრუქცია მითითებულია RID-ის 3.2 თავის „A“ ცხრილის მე-10 სვეტში, ან მე-12 სვეტში მითითებულია ცისტერნის კოდი, ან თუ აღნიშნული გადაზიდვისთვის ცისტერნის ინსტრუქცია დამტკიცებულია ტვირთის წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ, რაც გათვალისწინებულია RID-ის 6.7.1.3 ქვეპუნქტით. კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე გადაზიდვა ხორციელდება RID-ის 4.2, 4.3, ან 4.5 თავების დებულებების მიხედვით.

მუხლი 21. სახიფათო ტვირთის დატვირთვა, გადმოტვირთვა და დამუშავება

1. გამგზავნ სადგურში სახიფათო ტვირთის დატვირთვისას სავალდებულოა ამ წესისა და RID-ის მოთხოვნების დაცვა.

2. გარდა RID-ით გათვალისწინებული ცალკეული შემთხვევებისა, სახიფათო ტვირთის დატვირთვა არ უნდა განხორციელდეს, თუ ვაგონის ან კონტეინერის, ან ნაყარი ტვირთის კონტეინერის, MEGC-ების, კონტეინერ-ცისტერნების, გადასატანი ცისტერნების ან ავტოსატრანსპორტო საშუალებების, ასეთების არსებობის შემთხვევაში, ასევე აღჭურვილობის, რომელიც გამოიყენება დატვირთვა-გადმოტვირთვის დროს, ვიზუალური დათვალიერების ან დოკუმენტალური შემოწმების შედეგად დასტურდება, რომ არ არის დაცული ამ წესისა და RID-ის მოთხოვნები.

3. დატვირთვის წინ ვაგონი ან კონტეინერი უნდა შემოწმდეს როგორც შიგნიდან, ისე გარედან, რათა არ ჰქონდეს რაიმე სახის დაზიანება, რომელსაც შეუძლია შეფუთვების მთლიანობის დარღვევა.

4. თუ RID-ით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სახიფათო ტვირთის გადმოტვირთვა არ უნდა განხორციელდეს, თუ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემოწმებისას გამოვლინდა ისეთი ხარვეზი, რომელმაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს გადმოტვირთვის უსაფრთხოებაზე.

5. შეფუთვები, რომლებსაც გააჩნიათ სხვადასხვა საშიშროების ნიშნები, არ შეიძლება დაიტვირთოს ერთსა და იმავე ვაგონში ან კონტეინერში, თუ ეს არ არის გათვალისწინებული RID-ის 7.5.2 პუნქტის და III დანართის შესაბამისად.

6. საჭიროების შემთხვევაში, ვაგონს ან კონტეინერს უნდა ჰქონდეს მოწყობილობები, რაც ხელს შეუწყობს სახიფათო ტვირთის უსაფრთხოებას და დამუშავებას. შეფუთვები, რომლებიც შეიცავს სახიფათო ნივთიერებებს და დაუფასოებელ საფრთხის შემცველ საგნებს, დაცული უნდა იქნეს საქონლის შეკავების შესაფერისი საშუალებებით (დამჭერი ღვედები, მოძრავი ძელი, რეგულირებადი სამაგრები) ვაგონში ან კონტეინერში ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული გადაადგილების დროს ნებისმიერი მოძრაობა, რაც შეცვლის შეფუთვის ორიენტაციას ან დააზიანებს მას. როდესაც სახიფათო ტვირთი სხვა ტვირთთან ერთად გადაიზიდება, ყველა სახის ტვირთი საიმედოდ უნდა იყოს დაფიქსირებული ან განთავსებული ვაგონებში ან კონტეინერებში ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული სახიფათო ტვირთის გათავისუფლება. შეფუთვების მოძრაობა ასევე შეიძლება თავიდან ავიცილოთ სიცარიელეების მასალით შევსების, ტვირთის კომპაქტურად ჩალაგებით, ბლოკირების ან სამაგრების გამოყენების საშუალებით. თუ გამოიყენება სამაგრი საშუალებები, როგორებიც არის ბანდაჟის ლენტები ან ღვედები, ისინი არ უნდა იყოს ძალიან გადაჭიმული, რომ არ დააზიანოს ან მოახდინოს შეფუთვის დეფორმაცია.

7. შეფუთვების შტაბელირება აკრძალულია, თუ ისინი არ არის განკუთვნილი ამ მიზნისთვის. თუ ერთდროულად იტვირთება სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციის შეფუთვები, რომლებიც ექვემდებარებიან შტაბელირებას, გასათვალისწინებელია მათი თავსებადობა. საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს მზიდი მოწყობილობები, რათა თავიდან იქნეს აცილებული ზედა იარუსის შეფუთვების მიერ ქვედა იარუსის შეფუთვების დაზიანება.

8. დატვირთვისა და გადმოტვირთვის დროს სახიფათო ტვირთის შემცველი შეფუთვები დაცული უნდა იყოს დაზიანებისგან.

9. თუ ვაგონის ან კონტეინერის გადმოტვირთვის შემდეგ, რომელშიც განთავსებული იყო შეფუთული სახიფათო ტვირთები, აღმოჩდა, რომ ადგილი აქვს შიგთავსის გაჟონვას, დაქცევას ან გაბნევას აუცილებელია, დაუყოვნებლივ და ნებისმიერ შემთხვევაში ახალ დატვირთვამდე, განხორციელდეს ვაგონის ან კონტეინერის გასუფთავება.

10. თუ ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული გასუფთავება ტვირთის გადმოტვირთვის/დამუშავების ადგილზე შეუძლებელია, სატრანსპორტო საშუალება ან კონტეინერი გადაიზიდება სათანადო უსაფრთხოების ზომების დაცვით იმ უახლოეს ადგილამდე, სადაც შესაძლებელია მისი გასუფთავება.

11. ვაგონები ან კონტეინერები, რომლებითაც განხორციელდა სახიფათო ტვირთის ნაყარი ტვირთის სახით გადაზიდვა, შემდგომ დატვირთვამდე სათანადო წესით უნდა გასუფთავდეს, თუ ახალი ტვირთი არ არის იმავე სახის სახიფათო ტვირთი, როგორიც იყო წინა.

12. ცალკეული სახიფათო ტვირთის, დატვირთვის, გადმოტვირთვისა და დამუშავების მიმართ სპეციალური დებულებები განისაზღვრება RID-ის 7.5.11 პუნქტის შესაბამისად.

მუხლი 22. სახიფათო ნარჩენების გადაზიდვა

1. სახიფათო ნარჩენების გადაზიდვა უნდა განხორციელდეს RID-ის, ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების დაცვით.

2. ამ მუხლის მიზნისთვის, სახიფათო ნარჩენები გულისხმობს ნივთიერებებს, ხსნარებს, ნარევებს, ან ნაკეთობებს, რომელთა პირდაპირი გამოყენება არ არის განსაზღვრული, მაგრამ რომლებიც გადაიზიდება გადამუშავებისთვის, გადასაყრელად, დაწვის გზით ან სხვა მეთოდებით ნარჩენების დამუშავებისთვის.

3. ნარჩენები, რომლებიც შედგება მე-3, 4.1, 5.1, 6.1, 6.2, მე-8 და მე-9 კლასის ნივთიერებებისგან შეიძლება გადაიზიდოს ვაკუუმზე მომუშავე ნარჩენების ცისტერნებით RID-ის 6.10 თავის შესაბამისად, თუ მათი კონტეინერ-ცისტერნებით ან მოსახსნელძარიანი ცისტერნებით გადაზიდვა ნებადართულია RID-ის 4.3 თავით.

4. ნარჩენები, რომლებიც შედგება ნივთიერებებისგან, რომლებსაც მინიჭებული აქვთ RID-ის 3.2 თავის A ცხრილის მე-12 სვეტში მითითებული ცისტერნის კოდი „L4BH“ ან ცისტერნის სხვა კოდი, რომელიც დაშვებულია RID-ის 4.3.4.1.2 ქვეპუნქტის ცხრილის მიხედვით, შეიძლება გადაიზიდოს ვაკუუმზე მომუშავე ნარჩენების ცისტერნებით, რომლებიც ცისტერნის კოდის მე-3 ნაწილში შეიცავენ „A“ ან „B“ ასოებს.

5. სამედიცინო ნარჩენი, რომელსაც მინიჭებული აქვს გაეროს ნომერი 3549 და რომლის გადაზიდვაც ხორციელდება ნარჩენების დამუშავებისთვის, უნდა შეიფუთოს RID-ის P 622 ან/და LP 622 შეფუთვის ინსტრუქციისა და RID-ის 4.1.1 და 4.1.3 პუნქტებით დადგენილი შეფუთვის ზოგადი დებულებების გათვალისწინებით.

6. სახიფათო ნარჩენების შემცველი ტვირთის გადაზიდვისას (გარდა რადიოაქტიური ნარჩენებისა), შესაბამისი გადაზიდვის სახელს წინ უნდა უსწრებდეს სიტყვა „ნარჩენი“, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს ტერმინი არ არის შესაბამისი გადაზიდვის სახელის ნაწილი, მაგალითად:

– „გაეროს №1230 ნარჩენები მეთანოლი, 3 (6.1), II“ ან

– „გაეროს №1230 ნარჩენები მეთანოლი 3 (6.1), PG II“ ან

– „გაეროს №1993 ნარჩენები აალებადი სითხე, N.O.S. (ტოლუენი და ეთილ სპირტი), 3, II“ ან

– „გაეროს №1993 ნარჩენები აალებადი სითხე, N.O.S. (ტოლუენი და ეთილ სპირტი), 3, PG II“

ან როდესაც განსაზღვრულია მარკირება RID-ის 5.3.2.1 ქვეპუნქტის შესაბამისად:

– „336, გაეროს №1230 ნარჩენების მეთანოლი, 3 (6.1), II“ ან

– „336, გაეროს №1230 ნარჩენების მეთანოლი, 3 (6.1), PG II“.

მუხლი 23. რადიოაქტიური მასალის გადაზიდვა

1. მე-7 კლასის (რადიოაქტიური მასალა) სახიფათო ტვირთის გადაზიდვა უნდა განხორციელდეს ამ წესის, RID-ის „,ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №72 დადგენილებითა და რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.

2. ამ წესის მიზნებისთვის, რადიოაქტიური მასალის გადაზიდვა გულისხმობს ტრანსპორტირებას „,ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №72 დადგენილებაში მოცემული მნიშვნელობით.

მუხლი 24. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წინასწარი შეტყობინება

1. ტვირთგამგზავნი ან ექსპედიტორი ვალდებულია 1-ლი და მე-7 კლასის სახიფათო ტვირთების რკინიგზით გადაზიდვის შესახებ ინფორმაცია გადაზიდვის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 დღისა, წინასწარი წერილობითი შეტყობინების სახით, აცნობოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს. გადამზიდველი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ ტვირთგამგზავნის ან ექსპედიტორის მიერ წერილობითი შეტყობინება გაგზავნილია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:

ა) ტვირთგამგზავნის და ტვირთმიმღების დასახელებას, მისამართს და საკონტაქტო ტელეფონის ნომერს;

ბ) გადასაზიდი სახიფათო ტვირთის გაეროს ნომერს, რომელსაც წინ უსწრებს ინიციალები: „UN“;

გ) სახიფათო ტვირთის დასახელებას;

დ) სახიფათო ტვირთის კლასს/ქვეკლასს;

ე) თითოეული სახეობის სახიფათო ტვირთის ჯამურ ოდენობას, მათ შორის, გაეროს ნომრის და გადაზიდვის დასახელების მიხედვით;

ვ) სახიფათო ტვირთის გადაადგილების მარშრუტს და დანიშნულების პუნქტებს (დასახელება და მისამართი), მათ შორის, არსებობის შემთხვევაში, შუალედური დანიშნულების პუნქტებს.

თავი VII

უსაფრთხოების ზომები

მუხლი 25. უსაფრთხოების ზომების ზოგადი პირობები

1. ამ თავის მიზნებისთვის, უსაფრთხოება გულისხმობს ღონისძიებებს სახიფათო ტვირთის ქურდობის ან არასათანადოდ გამოყენების რისკის შემცირების მიზნით, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადამიანებს, გარემოს ან/და ქონებას.

2. ყველა პირი, რომელიც ჩართულია სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში, ვალდებულია გაითვალისწინოს უსაფრთხოების ამ თავში მითითებული და ასევე „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №72 დადგენილებითა და რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში.

3. სახიფათო ტვირთის გადამზიდველი უნდა იყოს სათანადოდ იდენტიფიცირებული.

4. სივრცეები, რომლებიც განთავსებულია დროებითი დასაწყობების ტერმინალების, დროებითი დასაწყობების ადგილების, დეპოების, ნავსადგურების და სატვირთო სადგურების/ეზოების შიგნით, რომლებიც გამოიყენებიან სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მისი დროებითი დასაწყობებისთვის, უნდა იყოს სათანადოდ დაცული, კარგად განათებული და, აუცილებლობის შემთხვევაში, გარეშე პირებისთვის ხელმიუწვდომელი.

5. იმ მატარებლის ბრიგადის თითოეული წევრი, რომლითაც გადაიზიდება სახიფათო ტვირთი, ვალდებულია გადაზიდვისას თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფოტოსურათით).

6. მომეტებული საფრთხის ტვირთების ან რადიოაქტიური ნივთიერებების გადაზიდვისას გადამზიდველებმა, ტვირთგამგზავნებმა და გადაზიდვის სხვა მონაწილეებმა უნდა მიიღონ, სისრულეში მოიყვანონ და იმოქმედონ უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:

ა) უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მოვალეობების კონკრეტული განაწილება პირებზე, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი კომპეტენცია, კვალიფიკაცია და უფლებამოსილება;

ბ) შესაბამისი სახიფათო ტვირთებისა თუ სახიფათო ტვირთების ტიპების შესახებ ჩანაწერები;

გ) მიმდინარე ოპერაციების მიმოხილვა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შეფასება, მათ შორის, სატრანსპორტო ოპერაციისთვის აუცილებელი ნებისმიერი გაჩერება, სახიფათო ტვირთების შენახვა ვაგონებში, ცისტერნასა თუ კონტეინერში რეისამდე, რეისის განმავლობაში და მის შემდეგ და სახიფათო ტვირთების შუალედური, დროებითი დასაწყობება ტრანსპორტის სახეობების შეცვლის პროცესსა თუ სატრანსპორტო ერთეულებს შორის გადატვირთვის პროცესში, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე;

დ) იმ ღონისძიებების ჩამონათვალი, რომლებიც მიღებული უნდა იქნეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად;

ე) დროული და ეფექტიანი პროცედურები საფრთხეების, უსაფრთხოების დარღვევებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შემთხვევების შესახებ ანგარიშგებისა და მათი აღმოფხვრის ეფექტური და განახლებული პროცედურები;

ვ) უსაფრთხოების გეგმების შეფასებასა და გამოცდასთან დაკავშირებული მეთოდები და გეგმების პერიოდული შემოწმებისა და განახლების პროცედურები.

7. მომეტებული საფრთხის ტვირთების ან რადიოაქტიური ნივთიერებების გადაზიდვისას უნდა მოხდეს იმ მოწყობილობების, დანადგარების ან დაცვის სისტემების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფენ სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი ტვირთის მოპარვის პრევენციას და მიღებული უნდა იქნეს სათანადო ზომები, რათა აღნიშნული მოწყობილობები, დანადგარები ან დაცვის სისტემები ყოველთვის იყოს გამართულ მდგომარეობაში. აღნიშნული ზომების მიღებამ საფრთხე არ უნდა შეუქმნას საავარიო სიტუაციის შექმნისას გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელებას.

მუხლი 26. სატვირთო სადგური/ეზო

სატვირთო სადგურში/ეზოში სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის დროს, მისი პერსონალის კოორდინირებულად რეაგირებისა და სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის შედეგების გავლენის შემცირების მიზნით, თითოეულ სატვირთო სადგურს/ეზოს, სადაც ხდება სახიფათო ტვირთის გადაზიდვა/დატვირთვა/გადმოტვირთვა/დამუშავება უნდა გააჩნდეს საგანგებო მართვის გეგმა.

თავი VIII

ზედამხედველობა და პასუხისმგებლობა

მუხლი 27. ზედამხედველობა

1. ამ წესის შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

2. მე-7 კლასის (რადიოაქტიური მასალა) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის (ტრანსპორტირების) ნაწილში, ზედამხედველობას ახორციელებს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

3. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მონაწილეების შემოწმება ამ წესით და RID-ით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

4. სააგენტო უფლებამოსილია სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მონაწილეებისგან გამოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან.

მუხლი 28. პასუხისმგებლობა

სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვასთან დაკავშირებული RID-ის, საქართველოს სარკინიგზო კოდექსით, რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის სამართალდამრღვევის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი IX

სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული შემთხვევების შესახებ ანგარიშის წარდგენა

მუხლი 29. სააგენტოსთვის ანგარიშის წარდგენა სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული შემთხვევების შესახებ

1. თუ სახიფათო ტვირთის დატვირთვის, შევსების, გადაზიდვის ან გადმოტვირთვის დროს საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა სერიოზული სარკინიგზო შემთხვევა, სარკინიგზო შემთხვევა ან ინციდენტი, მტვირთავი, შემვსები, გადამზიდველი, გადმომტვირთავი, ტვირთმიმღები ან ინფრასტრუქტურის მენეჯერი, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, XI დანართით გათვალისწინებული ფორმით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ანგარიშგებას ექვემდებარება:

ა) სახიფათო ტვირთის გამოთავისუფლების შემთხვევა, რომელიც გულისხმობს პროდუქტის დანაკარგს (მაგალითად: გაჟონვას, დაფანტვას ან დაყრას) შემდეგი პირობებით:

ა.ა) „0“ ან „1“ სატრანსპორტო კატეგორიისას 50 კგ/50 ლ ან მეტი ოდენობით;

ა.ბ) „2“ სატრანსპორტო კატეგორიისას 333 კგ/333 ლ ან მეტი ოდენობით;

ა.გ) „3“ ან „4“ სატრანსპორტო კატეგორიისას 1 000 კგ/1 000 ლ ან მეტი ოდენობით.

ბ) შემთხვევა, როდესაც არსებობს პროდუქტის გარდაუვალი დაკარგვის რისკი „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ოდენობებით;

გ) შემთხვევა, როდესაც გამოვლინდა მატერიალური ან გარემოსადმი მიყენებული ზიანი, რომელიც გულისხმობს სახიფათო ტვირთის გამოთავისუფლებას, მიუხედავად მისი რაოდენობისა, სადაც ზიანის ოდენობა აღემატება 50 000 ევროს (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში);

დ) შემთხვევა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება (დაშავება ან ექსპოზირება) რომელიც:

დ.ა) მოითხოვს ინტენსიურ სამედიცინო მკურნალობას (მაგალითად: ჯანმრთელობაზე მუდმივი ინტენსიური მეთვალყურეობა, ფარმაკოლოგიური მხარდაჭერა, ქირურგიული ჩარევა და სხვა);

დ.ბ) მოითხოვს, სულ მცირე, 24 საათით საავადმყოფოში განთავსებას (ჰოსპიტალიზაცია);

დ.გ) იწვევს შრომისუუნარობას მინიმუმ სამი თანმიმდევრული დღით;

ე) შემთხვევა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის გარდაცვალება;

ვ) შემთხვევა, როდესაც უწყებების ჩართულობა გახდა აუცილებელი.

3. მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროდუქტის დაკარგვის რისკი არსებობს მაშინ, თუ ივარაუდება, რომ კონსტრუქციის დაზიანების გამო ტვირთის შემაკავებელი საშუალება აღარ არის ვარგისი შემდგომი გადაზიდვისთვის ან თუ სხვა მიზეზის გამო უსაფრთხოების დამაკმაყოფილებელი დონე არ არის უზრუნველყოფილი (მაგალითად, დაზიანებულია ცისტერნები ან კონტეინერები, გადაბრუნებულია ცისტერნა ან ხანძარია მის მახლობლად).

4. მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება სახიფათო ტვირთის გადამზიდველი სატრანსპორტო საშუალების ან სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაზიანება.

5. მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უწყებების ჩართულობა ნიშნავს უწყებების ან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირდაპირ ჩართულობას სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული შემთხვევისგან გამოწვეული საფრთხის გამო, ადამიანების ევაკუაციისას ან საზოგადოებრივი მოძრაობის მარშრუტის (რკინიგზა/რკინიგზასთან ტვირთის მისატანად განკუთვნილი გზა, მათ შორის, საავტომობილო და საქვეითო გზა) დაკეტვისას, სულ მცირე, სამი საათის ხანგრძლივობით.

6. 6.2 კლასის (ინფექციური ნივთიერებები) სახიფათო ტვირთის შემთხვევაში ამ თავით გათვალისწინებული ანგარიშის წარდგენის ვალდებულება ვრცელდება გამოთავისუფლებული პროდუქტის რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე.

7. მე-7 კლასის (რადიოაქტიური მასალა) სახიფათო ტვირთის შემთხვევაში უნდა შესრულდეს რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნები და შესაბამისი სალიცენზიო პირობები.