მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/151
დოკუმენტის მიმღები საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 24/12/2024
დოკუმენტის ტიპი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 310010000.84.097.016001
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1-1/151
24/12/2024
ვებგვერდი, 26/12/2024
310010000.84.097.016001
მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/12/2024 - 15/09/2025)

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №1-1/151

2024 წლის 24 დეკემბერი

. თბილისი

 

მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 64-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 29 ივნისის №1-1/250 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრის წარმოების წესი“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიერეკლე კეჟერაშვილი




მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრის წარმოების წესი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) ქმნის ელექტრონულ საინფორმაციო ბაზას (eTDS), რომელიც აერთიანებს მემანქანის მართვის მოწმობებისა და  მემანქანის სერტიფიკატების რეესტრს.

2. მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრის წარმოების წესი (შემდგომ − წესი) ადგენს გაცემული, განახლებული, აღდგენილი, შეცვლილი, ვადაგასული, შეჩერებული, გაუქმებული, დაკარგული, მოპარული ან განადგურებული მართვის მოწმობების რეესტრის წარმოების წესს, ასევე, გაცემული, განახლებული, შეცვლილი, ვადაგასული, შეჩერებული, გაუქმებული, მოპარული, განადგურებული ან დაკარგული  სერტიფიკატების რეესტრის წარმოების წესს.

3. მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრს აწარმოებს სააგენტო.

4. მემანქანის სერტიფიკატების რეესტრს აწარმოებს სარკინიგზო საწარმო და ინფრასტრუქტურის მენეჯერი.

5. სარკინიგზო საწარმო და ინფრასტრუქტურის მენეჯერი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში (eTDS) ატვირთოს მის მიერ გაცემულ მემანქანის სერტიფიკატებთან დაკავშირებული ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მონაცემები.

მუხლი 2. მემანქანის მართვის მოწმობებისა და მემანქანის სერტიფიკატების რეესტრის წარმოების მიზანი

მემანქანის მართვის მოწმობებისა და მემანქანის სერტიფიკატების რეესტრის წარმოების მიზანია მემანქანის მართვის მოწმობებისა (შემდგომ − მართვის მოწმობა) და მემანქანის სერტიფიკატების (შემდგომ − სერტიფიკატი) აღრიცხვის, სისტემატიზაციის, ერთიანი ცენტრალიზებული სისტემის არსებობისა და სარკინიგზო სექტორში ანგარიშვალდებულებისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა.

მუხლი 3. მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრის მონაცემები

მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრში  მართვის მოწმობის შესახებ აღირიცხება შემდეგი ინფორმაცია:

ა) მართვის მოწმობის ნომერი;

ბ) მართვის მოწმობის მიმდინარე სტატუსი (მოქმედი, შეჩერებული, გაუქმებული);

გ) მართვის მოწმობის მფლობელის:

გ.ა) სახელი, გვარი;

გ.ბ) პირადი ნომერი;

გ.გ) მოქალაქეობა;

გ.დ) დაბადების თარიღი;

გ.ე) დაბადების ადგილი;

გ.ვ) მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან საფოსტო მისამართი;

გ.ზ) ფოტოსურათი;

გ.თ) განათლება;

გ.ი) ფიზიკური თავსებადობა;

გ.კ) ხელმოწერა;

დ)  მართვის მოწმობის პირველად გაცემის/გაცემის თარიღი;

ე) მართვის მოწმობის ვადის გასვლის თარიღი;

ვ) მართვის მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება;

ზ) მართვის მოწმობის მფლობელის მიმართ არსებული სამედიცინო შეზღუდვა;

თ) მართვის მოწმობის განახლების, ცვლილების, შეჩერების, გაუქმების, დაკარგულად, მოპარულად ან/და განადგურებულად გამოცხადების შესახებ ინფორმაცია;

ი) დამატებითი ინფორმაცია (მაგალითად, დაწესებულ სამედიცინო მოთხოვნებთან დაკავშირებული ინფორმაცია, მართვის მოწმობის მფლობელის მშობლიური ენა).

მუხლი 4. მემანქანის სერტიფიკატების რეესტრის მონაცემები

მემანქანის სერტიფიკატების რეესტრში სერტიფიკატის შესახებ აღირიცხება შემდეგი ინფორმაცია:

ა) სერტიფიკატის მფლობელის:

ა.ა) სახელი, გვარი;

ა.ბ) პირადი ნომერი;

ა.გ) დაბადების თარიღი;

ა.დ) დაბადების ადგილი;

ა.ე) მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან საფოსტო მისამართი;

ა.ვ) ფოტოსურათი;

ა.ზ) ხელმოწერა;

ა.თ) მართვის მოწმობის ნომერი;

ა.ი) მართვის მოწმობის მიმდინარე სტატუსი (მოქმედი, შეჩერებული, გაუქმებული);

ბ) სერტიფიკატის ნომერი;

გ) სერტიფიკატის პირველად გაცემის/გაცემის თარიღი;

დ) სერტიფიკატის ვადის გასვლის თარიღი;

ე) სერტიფიკატის გამცემი ორგანოს დასახელება;

ვ) სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერის მისამართი, სადაც დასაქმებულია მემანქანე;

ზ) კატეგორია/ქვეკატეგორია, რომლის მართვის უფლებაც აქვს მემანქანეს;

თ) მოძრავი შემადგენლობა, რომლის მართვის უფლებაც აქვს მემანქანეს;

ი) ინფრასტრუქტურა, რომლის მართვის უფლებაც აქვს მემანქანეს;

კ) დამატებითი ინფორმაცია;

ლ) დამატებითი შეზღუდვები;

მ) ინფორმაცია სერტიფიკატის განახლების, ცვლილების, შეჩერების, გაუქმების, დაკარგულად, მოპარულად ან/და განადგურებულად გამოცხადების შესახებ;

ნ) მოძრავი შემადგენლობის ცოდნა;

ო) ინფრასტრუქტურის ცოდნა.

მუხლი 5. მემანქანის მართვის მოწმობებისა და მემანქანის სერტიფიკატების რეესტრის წარმოება

1. სააგენტო უზრუნველყოფს მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრის, ხოლო სარკინიგზო საწარმო და ინფრასტრუქტურის მენეჯერი მემანქანის სერტიფიკატების რეესტრის წარმოებასა და მუდმივ განახლებას.

2. სააგენტო ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული მონაცემების მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრში ასახვას უზრუნველყოფს მართვის მოწმობის გაცემიდან, განახლებიდან, აღდგენიდან, შეცვლიდან ან/და მემანქანეთა მართვის მოწმობების რეესტრში არსებული სხვა ნებისმიერი ინფორმაციის ცვლილების/განახლების საჭიროების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

3. სარკინიგზო საწარმო და ინფრასტრუქტურის მენეჯერი ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული მონაცემების მემანქანის სერტიფიკატების რეესტრში ასახვას უზრუნველყოფს სერტიფიკატის გაცემიდან, განახლებიდან, ცვლილებიდან, შეჩერებიდან, გაუქმებიდან, დაკარგულად, მოპარულად ან/და განადგურებულად გამოცხადებიდან ან/და მემანქანის სერტიფიკატების რეესტრში არსებული სხვა ნებისმიერი ინფორმაციის ცვლილების/განახლების საჭიროების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

4. მემანქანის მართვის მოწმობებისა და მემანქანის სერტიფიკატების რეესტრში მონაცემების წარმოება (მათ შორის განახლება) ხორციელდება ელექტრონულ საინფორმაციო ბაზის (eTDS) გამოყენებით.

მუხლის 6. მემანქანის მართვის მოწმობებისა და მემანქანის სერტიფიკატების რეესტრში არსებულ მონაცემებზე წვდომა

1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრში დაცულ მონაცემებზე წვდომის უფლება აქვთ შემდეგ სუბიექტებს:

ა) მატარებლის მემანქანეს, მის შესახებ მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრში არსებული მონაცემების გაცნობის მიზნით;

ბ) სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერს, სადაც უნდა დასაქმდეს მატარებლის მემანქანე, მოთხოვნის საფუძველზე, მართვის მოწმობის სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით;

გ) მატარებლის მემანქანის ნებისმიერ დამსაქმებელს, მოთხოვნის საფუძველზე, მართვის მოწმობის სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით;

დ) სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის მიზნით, დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე,  სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიუროს.

2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მემანქანის სერტიფიკატების რეესტრში დაცულ მონაცემებზე წვდომის უფლება აქვთ შემდეგ სუბიექტებს:

ა) მატარებლის მემანქანეს, მის შესახებ მემანქანის სერტიფიკატების რეესტრში არსებული მონაცემების გაცნობის მიზნით;

ბ) სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის მიზნით, დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიუროს.

3. მატარებლის მემანქანეს უფლება აქვს მიიღოს მის შესახებ მემაქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატების რეესტრში არსებული ინფორმაციის ასლები.

4. მემაქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატების რეესტრის მონაცემებზე  წვდომის მისაღებად შესაბამისმა პირებმა, გარდა მატარებლის მემანქანეებისა, სააგენტოს უნდა მიმართონ ოფიციალური განცხადებით.

5. სააგენტოს უნდა ჰქონდეს ხელმისაწვდომობა სერტიფიკატების რეესტრში დაცულ მონაცემებზე.

6. მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატების რეესტრის მონაცემებზე წვდომა უნდა განხორციელდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 7. რეესტრში დაცული მონაცემების შენახვის ვადა

1. მართვის მოწმობასთან და სერტიფიკატთან  დაკავშირებული ყველა მონაცემი მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატების რეესტრში ინახება  მართვის მოწმობისა და სერტიფიკატის მოქმედების ვადის დასრულებიდან 10 წლის განმავლობაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პერიოდში გამოძიების დაწყების შემთხვევაში, მართვის მოწმობასა და სერტიფიკატთან დაკავშირებული მონაცემების შენახვის ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს სამართლებრივი მოთხოვნის უზრუნველყოფის ვადით.