დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის გაცემის, განახლებისა და აღდგენის, მათი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 442 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310010010.10.003.024837 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (28/12/2024 - 10/10/2025)
|
მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის გაცემის, განახლებისა და აღდგენის, მათი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ
|
| მუხლი 1 |
საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის გაცემის, განახლებისა და აღდგენის, მათი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესები და პირობები“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
|
|
მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის გაცემის, განახლებისა და აღდგენის, მათი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესები და პირობები
თავი I ზოგადი დებულებანი
|
მუხლი 1. მიზანი და მოქმედების სფერო
1. მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის გაცემის, განახლებისა და აღდგენის, მათი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესებისა და პირობების (შემდგომში – წესი) მიზანია მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობისა და მატარებლის მემანქანის სერტიფიკატის გაცემის, განახლებისა და აღდგენის, მათი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების პირობებისა და წესების დადგენა და აღნიშნულის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს, მატარებლის მემანქანეების, სარკინიგზო საწარმოს, ინფრასტრუქტურის მენეჯერის, სასწავლო ცენტრისა და სხვა სუბიექტების პასუხისმგებლობების განსაზღვრა. 2. წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ მატარებლის მემანქანეზე, რომელიც საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ: ა) მეტროში, ტრამვაიში ან სხვა მსუბუქრელსიან სარკინიგზო ტრანსპორტში, რომელიც გამიჯნულია სარკინიგზო ქსელისგან; ბ) იმ ქსელზე, რომელიც ფუნქციურად გამიჯნულია დანარჩენი სარკინიგზო ქსელისგან და გამიზნულია მხოლოდ ადგილობრივი, საქალაქო ან საგარეუბნო სარკინიგზო მიმოსვლისა და სატვირთო მომსახურებისთვის; გ) კერძო საკუთრებაში არსებულ სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე, რომელიც არსებობს მხოლოდ ამ ინფრასტრუქტურის მფლობელის მიერ გადაზიდვების საკუთარი მიზნებისთვის განსახორციელებლად; დ) სარკინიგზო ლიანდაგის იმ მონაკვეთზე (მონაკვეთებზე), რომელიც (რომლებიც) რკინიგზის სისტემის შეკეთების, განახლების ან გაუმჯობესების მიზნით ჩვეულებრივი მიმოსვლისთვის დროებით დაკეტილია.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისთვის, წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მატარებლის მემანქანე (შემდგომში – მემანქანე) – პირი, რომელსაც აქვს მემანქანის მართვის მოწმობა და მემანქანის სერტიფიკატი და შეუძლია დამოუკიდებლად, უსაფრთხოდ და შესაბამისი პასუხისმგებლობით მართოს მატარებელი, მათ შორის, ლოკომოტივი, სამანევრო ლოკომოტივი, ძრავავაგონიანი მოძრავი შემადგენლობა, სპეციალური თვითმავალი მოძრავი შემადგენლობა, სამეურნეო მატარებელი, მოვლა-შენახვისთვის განკუთვნილი სარკინიგზო მანქანა-მოწყობილობა და მატარებელი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად/ტვირთის გადასაზიდად; ბ) რკინიგზის სისტემა − სისტემა, რომელიც მოიცავს სარკინიგზო ინფრასტრუქტურასა და მოძრავ შემადგენლობას, რომელიც ამ ინფრასტრუქტურაზე გადაადგილდება; გ) მსუბუქი სარელსო სისტემა – საქალაქო და/ან საგარეუბნო სარკინიგზო სატრანსპორტო სისტემა C-III ან C-IV კატეგორიის დარტყმაგამძლეობით (EN 15227:2011-ის შესაბამისად) და სატრანსპორტო საშუალების ძალით მაქსიმუმ 800 კნ. (კილონიუტონი) (გრძივი მკუმშავი ძალა შეერთების/გადაბმის მონაკვეთზე); მსუბუქ სარელსო რკინიგზის სისტემებს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი ან საგზაო მოძრაობასთან თანაზიარი მოძრაობის წესები, და ჩვეულებრივ, არ ახორციელებს სატრანსპორტო საშუალებების გაცვლას შორ მანძილზე მგზავრების გადაყვანაში ან ტვირთების გადაზიდვაში; დ) სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო; ე) მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები – მემანქანის მართვის მოწმობა და მემანქანის სერტიფიკატი; ვ) მემანქანის მართვის მოწმობა (შემდგომში - მართვის მოწმობა) − სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ შესაბამისი პირი აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ სათანადო მოთხოვნებს; ზ) მემანქანის სერტიფიკატი (შემდგომში – სერტიფიკატი) − სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურა (ინფრასტრუქტურის მონაკვეთი) და მოძრავი შემადგენლობა, რომლებზედაც ამ დოკუმენტის მფლობელს აქვს მატარებლის მართვის უფლება (შემდგომში – მართვის უფლება); თ) სასწავლო ცენტრი − იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს მემანქანეთა პროფესიულ სწავლებას სააგენტოს მიერ მინიჭებული შესაბამისი სტატუსის საფუძველზე; ი) განმცხადებელი − დაინტერესებული პირი, რომელსაც სურს ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მიიღოს მართვის მოწმობა ან სერტიფიკატი; კ) დამსაქმებელი – სარკინიგზო საწარმო ან ინფრასტრუქტურის მენეჯერი (მათ შორის მისასვლელი ლიანდაგის მფლობელი), სადაც მემანქანე დასაქმებულია ან უწევს მომსახურებას სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერს შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე; ლ) უსაფრთხოების მართვის სისტემა – ორგანიზაციული მოწყობა, პროცესები და პროცედურები, რომლებიც განსაზღვრულია ინფრასტრუქტურის მენეჯერის ან სარკინიგზო საწარმოს მიერ, რათა უზრუნველყოს ოპერაციების უსაფრთხო მართვა; მ) მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მემანქანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა) (შემდგომში – მემანქანის ჯანმრთელობის ცნობა) – უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით გაცემული ცნობა (ფორმა №IV-100/ა), რომელიც ასახავს დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისობას სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ საქართველოს სარკინიგზო კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობა.
თავი II მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები, მათი მოქმედების ფარგლები და მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების გამცემი ორგანოები
მუხლი 3. მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები რკინიგზის სისტემაში მართვის უფლება აქვს მხოლოდ იმ მემანქანეს, რომელიც ფლობს მართვის უფლების დამადასტურებელ შემდეგ დოკუმენტებს: ა) მართვის მოწმობას, რომელიც ადასტურებს, რომ მემანქანეს აქვს ძირითადი პროფესიული უნარ-ჩვევები და შესაბამისი განათლება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს; ბ) ერთ ან რამდენიმე მოქმედ სერტიფიკატს, სადაც მითითებული იქნება ის მოძრავი შემადგენლობა, რომლის მართვის უფლებაც გააჩნია სერტიფიკატის მფლობელს და ის ინფრასტრუქტურა, რომელზეც სერტიფიკატის მფლობელი უფლებამოსილია, მართოს შესაბამისი მოძრავი შემადგენლობა.
მუხლი 4. მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების გამცემი ორგანოები და მოქმედების ფარგლები 1. მართვის მოწმობას გასცემს სააგენტო. 2. სერტიფიკატს გასცემს დამსაქმებელი. 3. მართვის მოწმობა გაიცემა ორენოვანი ფორმით, ქართულ და ინგლისურ ენაზე. 4. სერტიფიკატი მოქმედებს მხოლოდ ინფრასტრუქტურის იმ მონაკვეთ(ებ)ზე და მოძრავი შემადგენლობის იმ ტიპ(ებ)ზე, რომლებიც სერტიფიკატშია მითითებული. 5. მართვის მოწმობისა და სერტიფიკატის ფორმებს ამტკიცებს სააგენტო.
თავი III მართვის მოწმობის გაცემის, განახლების, აღდგენის, მასში ცვლილების შეტანის, მისი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესები და პირობები
მუხლი 5. განცხადების წარდგენა მართვის მოწმობასთან დაკავშირებით 1. მართვის მოწმობის მიღების, განახლების, აღდგენის და მასში ცვლილების შეტანის მიზნით განცხადების შეტანა ხორციელდება სააგენტოში. 2. მართვის მოწმობის განახლების, აღდგენისა და მასში ცვლილების შეტანის ვადები განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტით.
მუხლი 6. მართვის მოწმობის გაცემის პირობები 1. მართვის მოწმობის მიღების უფლება პირს წარმოეშობა 18 წლის ასაკიდან. 2. მართვის მოწმობის მოსაპოვებლად, განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) პროფესიული განათლების მისაღებად, სააგენტოს მიერ აღიარებულ სასწავლო ცენტრში წარმატებით უნდა ჰქონდეს გავლილი საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს სულ მცირე ამ წესის დანართი №2-ით განსაზღვრულ ზოგად საკითხებს; ბ) უნდა გააჩნდეს მემანქანის ჯანმრთელობის ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ იგი აკმაყოფილებს ამ წესის დანართი №1-ის 1.1-1.3, 2.1 და 2.2 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; გ) სააგენტოში წარმატებით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული ამ წესის 26-ე მუხლით გათვალისწინებული მემანქანის მართვის მოწმობის გამოცდა. 3. განმცხადებელმა მართვის მოწმობის მიღების მოთხოვნით, სააგენტოს უნდა მიმართოს მემანქანის მართვის მოწმობის გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან არაუგვიანეს 12 თვისა. თუ განმცხადებელი აღნიშნულ ვადაში არ მიმართავს სააგენტოს მართვის მოწმობის დამზადების მოთხოვნით, მან ხელახლა უნდა ჩააბაროს მართვის მოწმობის გამოცდა. 4. მართვის მოწმობის მისაღებად, განმცხადებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს ამ წესის დანართი №5-ით განსაზღვრული განცხადება და შემდეგი დოკუმენტები: ა) პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მემანქანის ჯანმრთელობის ცნობა; გ) სააგენტოში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 5. თუ განმცხადებელი აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი და მე-3-მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სააგენტო განცხადების წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გასცემს მართვის მოწმობას. 6. მართვის მოწმობის მოქმედების ვადაა მისი გაცემიდან 10 წელი. მართვის მოწმობის განახლება შესაძლებელია ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. 7. მართვის მოწმობა გაიცემა ერთ ეგზემპლარად ორ ენაზე, რომელიც წარმოადგენს ორიგინალს და მისი მფლობელის საკუთრებაა.
მუხლი 7. მართვის მოწმობის განახლება 1. მართვის მოწმობის გასაახლებლად, მოქმედი მართვის მოწმობის მოქმედების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 30 კალენდარული დღით ადრე, მართვის მოწმობის მფლობელი მიმართავს სააგენტოს ამ წესის დანართი №5-ით განსაზღვრული განცხადებით. 2. მართვის მოწმობის განახლების განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) მემანქანის პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მემანქანის ჯანმრთელობის ცნობა; გ) მემანქანის ფოტოსურათი; დ) სააგენტოში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) მოქმედი მართვის მოწმობა, არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 8. მართვის მოწმობის აღდგენა 1. მართვის მოწმობის აღდგენა ხდება მართვის მოწმობის დაზიანების, განადგურების, დაკარგვის ან ამ წესის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში. აღნიშნულის შესახებ მემანქანემ ან/და დამსაქმებელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სააგენტოს, მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრის განახლების მიზნით. 2. მართვის მოწმობის აღსადგენად განმცხადებელი სააგენტოს განაცხადს წარუდგენს, ამ წესის დანართი №5-ით განსაზღვრული ფორმით. 3. მართვის მოწმობის აღსადგენად განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) მემანქანის პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) მემანქანის ჯანმრთელობის ცნობა (თუ ჯანმრთელობის ცნობის ამ წესით განსაზღვრული მოქმედების ვადა გასულია); გ) მემანქანის ფოტოსურათი; დ) სააგენტოში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) მართვის მოწმობა, იმ შემთხვევაში, როდესაც მართვის მოწმობის აღდგენის მოთხოვნა განპირობებულია მართვის მოწმობის დაზიანებით. 4. მართვის მოწმობის აღდგენის განცხადების წარდგენისას, მართვის მოწმობის აღდგენამდე, მოთხოვნის შემთხვევაში მემანქანეზე გაიცემა მართვის მოწმობის ფლობის დამადასტურებელი ცნობა, რომლითაც მემანქანეს ეძლევა სამუშაოს უწყვეტად შესრულების შესაძლებლობა. 5. მართვის მოწმობის ფლობის დამადასტურებელი ცნობა გაიცემა სააგენტოს მიერ. 6. სააგენტო მართვის მოწმობის ფლობის დამადასტურებელ ცნობას გასცემს ცნობის გაცემის შესახებ განცხადებით მიმართვიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. 7. მემანქანე მართვის მოწმობის აღდგენამდე ვალდებულია მატარებლის მართვისას თან იქონიოს მართვის მოწმობის ფლობის დამადასტურებელი ცნობა.
მუხლი 9. მართვის მოწმობაში ცვლილების შეტანა 1. მართვის მოწმობაში ცვლილების შეტანა ხდება, როდესაც მართვის მოწმობაში არსებული მონაცემები არასწორია, არაზუსტია ან როდესაც მართვის მოწმობაში ასახული მონაცემები საჭიროებს განახლებას. 2. მართვის მოწმობაში ცვლილების შესატანად მემანქანე მიმართავს სააგენტოს ამ წესის დანართი №5-ით განსაზღვრული განცხადებით. 3. მართვის მოწმობაში ცვლილების შეტანის განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) მემანქანის პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) მემანქანის ჯანმრთელობის ცნობა (თუ ჯანმრთელობის ცნობის ამ წესით განსაზღვრული მოქმედების ვადა გასულია); გ) მემანქანის ფოტოსურათი; დ) სააგენტოში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. შეცვლილი მართვის მოწმობის მიღებისთვის, მემანქანემ სააგენტოს უნდა დაუბრუნოს შესაცვლელი მართვის მოწმობა, რის შედეგადაც სააგენტო განაახლებს მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრს.
მუხლი 10. სააგენტოს მიერ ხარვეზის დადგენა 1. თუ სააგენტოში წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები მართვის მოწმობის გაცემის, განახლების, აღდგენისა და მასში ცვლილების შეტანის შესახებ არ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ხარვეზის დადგენის შესახებ და განმცხადებელს განუსაზღვრავს 5 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. თუ ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ იქნება აღმოფხვრილი, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას მართვის მოწმობის გაცემაზე, განახლებაზე, აღდგენასა და მართვის მოწმობაში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადის განმავლობაში ადმინისტრაციული წარმოების ვადის დინება ითვლება შეჩერებულად.
მუხლი 11. მართვის მოწმობის მოქმედების შეჩერება/გაუქმება 1. სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს მართვის მოწმობის მოქმედების შეჩერების/გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შემდეგ შემთხვევებში: ა) ინსპექტირების/მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა მემანქანის შეუსაბამობა ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც საფრთხეს უქმნის სარკინიგზო უსაფრთხოებას; ბ) გამოვლინდა, რომ მემანქანემ მართვის მოწმობის მისაღებად წარადგინა ყალბი დოკუმენტაცია; გ) გამოვლინდა სამედიცინო მოთხოვნებთან დაკავშირებული შეუსაბამობა; დ) პერიოდული სამედიცინო შემოწმების სიხშირის გათვალისწინებით, დაირღვა ამ წესის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადები; ე) ინსპექტირების ფარგლებში გამოვლინდა ისეთი შეუსაბამობა, რაც დაკავშირებულია სამუშაო პროცესში ალკოჰოლური/ნარკოტიკული ან სხვა ისეთი ნივთიერების გამოყენებასთან, რაც იწვევს მემანქანის კონცენტრაციის დაქვეითებასა და ქცევის ცვლილებას; ვ) არსებობს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი მემანქანის მიმართ, რომლითაც პირს ჩამოერთვა მემანქანედ საქმიანობის უფლება ან ჩადენილი დანაშაული იწვევს გონივრულ ეჭვს მემანქანის მიერ მისი საქმიანობის შესრულების შესაბამისობასთან ან/და სარკინიგზო სისტემის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით; ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიუროს ანგარიშის საფუძველზე დადგინდა, რომ სერიოზული სარკინიგზო შემთხვევა განპირობებული იყო მემანქანის მიზეზით, დაუდევრობით ან სამუშაოს მიმართ გულგრილობით; თ) ისეთი სარკინიგზო შემთხვევის ან/და სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში, რომელშიც იკვეთება მემანქანის პასუხისმგებლობა, სარკინიგზო უსაფრთხოებისთვის შექმნილი რისკების გათვალისწინებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი საფუძვლის არსებობის დადგენის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია, მის მიერ განსაზღვრული ვადით შეაჩეროს მართვის მოწმობის მოქმედება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობისას, სააგენტო იღებს მემანქანის მართვის მოწმობის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგენტო მართვის მოწმობის მოქმედებას აჩერებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო თუ დადასტურდა მემანქანის ბრალეულობა სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის გამო, მართვის მოწმობის მოქმედება უქმდება. 4. სააგენტო, მართვის მოწმობის შეჩერების ან გაუქმების თაობაზე, თავისი დასაბუთებული გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის მემანქანესა და მის დამსაქმებელს. 5. სააგენტოს მიერ მართვის მოწმობის მოქმედების შეჩერების შემთხვევაში, სერტიფიკატი მოქმედებას წყვეტს მართვის მოწმობის შეჩერების ვადით, ხოლო სააგენტოს მიერ მართვის მოწმობის მოქმედების გაუქმებისას, სერტიფიკატიც ავტომატურად უქმდება.
თავი IV სერტიფიკატის მიღების პირობები მუხლი 12. სერტიფიკატის გაცემის პირობები 1. სერტიფიკატის მოსაპოვებლად განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) უნდა ფლობდეს მოქმედ მართვის მოწმობას; ბ) გავლილი ჰქონდეს ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სწავლება და ჩაბარებული ჰქონდეს თეორიული და პრაქტიკული გამოცდა, რომლითაც დადგინდება მისი პროფესიული ცოდნა და უნარები: ბ.ა) იმ მოძრავ შემადგენლობასთან დაკავშირებით, რომელზეც გაიცემა სერტიფიკატი. გამოცდა მოიცავს სულ მცირე ამ წესის დანართი №3-ით გათვალისწინებულ საკითხებს; ბ.ბ) იმ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, რომელზეც გაიცემა სერტიფიკატი. გამოცდა მოიცავს სულ მცირე ამ წესის დანართი №4-ით გათვალისწინებულ საკითხებს; ბ.გ) მის მართვის უნართან დაკავშირებით რკინიგზის სათანადო ქსელში და მოძრავ შემადგენლობაზე სატესტო მართვის პირობებში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სწავლების მოთხოვნა სერტიფიკატის მიღების შემთხვევაში არ ვრცელდება, თუ დამსაქმებელი ამ წესის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაწყვეტს, მემანქანეს არ მოსთხოვოს ამ წესის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასერტიფიკატო სწავლების ხელახლა გავლა. 3. განმცხადებელს სერტიფიკატის მიღებამდე დამსაქმებელმა უნდა ჩაუტაროს ტრენინგი მისი უსაფრთხოების მართვის სისტემასთან დაკავშირებით.
მუხლი 13. სერტიფიკატის გაცემა 1. სერტიფიკატი წარმოადგენს იმ სარკინიგზო სისტემის/ინფრასტრუქტურის მენეჯერის საკუთრებას, რომელმაც გასცა ის. მემანქანეს უფლება აქვს, სარკინიგზო საწარმოსგან/ინფრასტრუქტურის მენეჯერისგან მიიღოს ამ წესის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატის ასლი. 2. თითოეულმა სარკინიგზო საწარმომ და ინფრასტრუქტურის მენეჯერმა, უსაფრთხოების მართვის სისტემის ფარგლებში, უნდა განსაზღვროს საკუთარი წესები და პროცედურები სასერტიფიკატო სწავლების, სერტიფიკატის გაცემის, განახლების, შეჩერებისა და გაუქმებისათვის, ასევე, გასაჩივრების პროცედურა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მემანქანეს, მოითხოვოს სერტიფიკატის გაცემასთან, განახლებასთან, შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გადახედვა. 3. სერტიფიკატის მოქმედების ვადას განსაზღვრავს სარკინიგზო საწარმო ან/და ინფრასტრუქტურის მენეჯერი, საკუთარი უსაფრთხოების მართვის სისტემის ფარგლებში და ასახავს სერტიფიკატების რეესტრში. 4. სერტიფიკატი გაიცემა სარკინიგზო საწარმოს/ინფრასტრუქტურის მენეჯერის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.
მუხლი 14. სერტიფიკატის განახლება 1. სერტიფიკატის განახლება უნდა მოხდეს ყველა შემთხვევაში, როდესაც სერტიფიკატის მფლობელი მოიპოვებს კომპეტენციას დამატებით მოძრავ შემადგენლობაზე ან ინფრასტრუქტურაზე, აგრეთვე, როდესაც ამას ითვალისწინებს ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესები და პროცედურები. სარკინიგზო საწარმომ და ინფრასტრუქტურის მენეჯერმა დაუყოვნებლივ უნდა განაახლონ სერტიფიკატი და აღნიშნული ცვლილება ასახონ სერტიფიკატების რეესტრში. 2. სააგენტო ქმნის დავების განმხილველ ორგანოს, რომელიც განიხილავს დავებს სერტიფიკატის გაცემა/განახლებაზე, ასევე სერტიფიკატის შეჩერება/გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე. დავების განმხილველი ორგანოს ფუნქციები დგინდება სააგენტოს ნორმატიული აქტით. 3. შესაბამისმა პირმა, დავის განხილვის მიზნით, დავების განმხილველ ორგანოს უნდა მიმართოს სარკინიგზო საწარმოს/ინფრასტრუქტურის მენეჯერის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 15. სერტიფიკატის კატეგორიები 1. სერტიფიკატი იყოფა შემდეგ 2 კატეგორიად: ა) კატეგორია A: სამანევრო ლოკომოტივები, სპეციალური თვითმავალი მოძრავი შემადგენლობები, სამეურნეო მატარებლები, მოვლა-შენახვისთვის განკუთვნილი სარკინიგზო მანქანა-მოწყობილობები და სხვა ლოკომოტივები, როდესაც მათი გამოყენება ხდება სამანევრო სამუშაოების ჩასატარებლად; ბ) კატეგორია B: მგზავრების გადაყვანა ან/და ტვირთების გადაზიდვა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კატეგორიებს გააჩნიათ შემდეგი ქვეკატეგორიები: ა) კატეგორია A აერთიანებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით მითითებულ ყველა საქმიანობას, რომლის მოქმედების ფარგლებიც შეიძლება შეიზღუდოს შემდეგი ქვეკატეგორიებით: ა.ა) A1 - სამანევრო ლოკომოტივები; ა.ბ) A2 - სამეურნეო მატარებლები; ა.გ) A3 - სპეციალური თვითმავალი მოძრავი შემადგენლობები და მოვლა-შენახვისთვის განკუთვნილი სარკინიგზო მანქანა-მოწყობილობები; ა.დ) A4 - სხვა ლოკომოტივები, რომლებიც გამოიყენება მანევრირებისთვის; ა.ე) A5 - სხვა, როდესაც შესაბამის საქმიანობას ან მოძრავ შემადგენლობას არ მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილი ქვეკატეგორიები; ბ) კატეგორია B აერთიანებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით მითითებულ ტვირთის გადაზიდვასა და მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებულ საქმიანობებს, რომელიც შეიძლება შეიზღუდოს შემდეგი ქვეკატეგორიებით: ბ.ა) B1 - მგზავრთა გადაყვანა; ბ.ბ) B2 - ტვირთების გადაზიდვა. 3. სერტიფიკატი შესაძლოა, მოიცავდეს ერთ ან რამდენიმე კატეგორიას/ქვეკატეგორიას, თითოეული კატეგორიისათვის/ქვეკატეგორიისთვის განკუთვნილი შესაბამისი კოდის/კოდების მითითებით. 4. სარკინიგზო საწარმო/ინფრასტრუქტურის მენეჯერი უფლებამოსილია მასთან დასაქმებულ მემანქანეებს მიანიჭოს კლასები, მათი კომპეტენციის, გამოცდილების, უნარების და სხვა მის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით.
მუხლი 16. სერტიფიკატის მოთხოვნიდან გამონაკლისები 1. მართვის მოწმობის მქონე პირს, ინფრასტრუქტურის კონკრეტულ ნაწილზე სერტიფიკატი არ მოეთხოვება, თუ მას მატარებლის მართვისას თან ახლავს ამავე ინფრასტრუქტურაზე შესაბამისი სერტიფიკატის მქონე მემანქანე, მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში: ა) სარკინიგზო მომსახურების რეჟიმის დარღვევისას აუცილებელია მატარებელთა მოძრაობის გადართვა სხვა ხაზზე ან ლიანდაგის ტექნიკური მომსახურება, რომელიც განსაზღვრულია ინფრასტრუქტურის მენეჯერის მიერ; ბ) საგამონაკლისო, ერთჯერადი სერვისებისთვის, ისტორიული მატარებლების გამოყენებისას; გ) საგამონაკლისო, ერთჯერადი გადაზიდვის მომსახურებისათვის, ინფრასტრუქტურის მენეჯერის თანხმობით; დ) ახალი მატარებლის ან ლოკომოტივის მისაწოდებლად ან სადემონსტრაციოდ; ე) მემანქანეების სწავლებისა და გამოცდის ჩატარების მიზნით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სერტიფიკატის მოთხოვნისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას, წერილობითი ფორმით იღებს სარკინიგზო საწარმო ან ინფრასტრუქტურის მენეჯერი. თუ აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს სარკინიგზო საწარმო, მან ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მენეჯერს უნდა აცნობოს წერილობითი ფორმით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოპერაციის განხორციელებამდე გონივრული ვადით ადრე.
მუხლი 17. დასაქმების შეწყვეტა 1. დამსაქმებელი ვალდებულია სააგენტოს დაუყოვნებლივ აცნობოს შემდეგი შემთხვევების შესახებ: ა) მემანქანე წყვეტს მუშაობას; ბ) მემანქანე წყვეტს მემანქანედ მუშაობას; გ) მემანქანის გარდაცვალების/უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების შესახებ; დ) მემანქანე, ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შეუთავსებლობის გამო, 3 თვეზე მეტი ხნით ვერ ასრულებს საკუთარ ფუნქცია-მოვალეობებს. ასეთ შემთხვევაში დამსაქმებელმა სააგენტოს ასევე უნდა აცნობოს კონკრეტული თარიღი, რომლიდანაც მემანქანე აღარ არის თავსებადი ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან. 2. როდესაც სერტიფიკატის მფლობელი წყვეტს სარკინიგზო საწარმოსთან/ინფრასტრუქტურის მენეჯერთან მემანქანედ მუშაობას, შესაბამისმა სარკინიგზო საწარმომ/ინფრასტრუქტურის მენეჯერმა ამის შესახებ ცვლილებები უნდა ასახოს სერტიფიკატების რეესტრში. ასეთ შემთხვევაში სერტიფიკატი წყვეტს მოქმედებას, ხოლო მართვის მოწმობა ძალაში რჩება, თუ სრულდება ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობები. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სერტიფიკატის მფლობელს შეუძლია მიიღოს როგორც სერტიფიკატის, ისე ყველა სხვა დოკუმენტის ასლი, რომელიც ადასტურებს ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სწავლების გავლას, კვალიფიკაციას, გამოცდილებასა და პროფესიულ უნარებს. 4. მემანქანის მიერ სხვა სარკინიგზო საწარმოში ან ინფრასტრუქტურის მენეჯერთან დასაქმების შემთხვევაში, მემანქანის ახალი დამსაქმებელი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, გაითვალისწინოს მემანქანის ცოდნა და გამოცდილება და სერტიფიკატის გაცემისას არ მოსთხოვოს ამ წესის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასერტიფიკატო სწავლების ხელახლა გავლა.
მუხლი 18. უცხო ქვეყანაში გაცემული მართვის მოწმობის და სერტიფიკატის დაშვება უცხო ქვეყანაში დაფუძნებული სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერის მემანქანეს, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას და კვეთს საქართველოს საზღვარს, ამ წესის შესაბამისად გაცემული მართვის მოწმობა და სერტიფიკატი არ მოეთხოვება რკინიგზებს შორის ორმხრივი შეთანხმების/ხელშეკრულებების ან სხვა საერთაშორისო ნორმების საფუძველზე.
თავი V პერიოდული შემოწმებების ვალდებულება მართვის მოწმობისა და სერტიფიკატის ფლობისათვის მუხლი 19. პერიოდული შემოწმება მართვის მოწმობის ფლობისთვის 1. მოქმედი მართვის მოწმობის მოქმედების უწყვეტობის მიზნით, შესაბამის მემანქანეს უნდა ჩაუტარდეს პერიოდული სამედიცინო შემოწმება ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 2. პერიოდული სამედიცინო შემოწმება უნდა ჩატარდეს მინიმუმ 3 წელიწადში ერთხელ 55 წლის ჩათვლით ასაკის პირებისთვის, ხოლო ყოველ წელიწადს – 55 წელს ზემოთ მყოფი პირების შემთხვევაში. 3. შესაბამისი სამედიცინო შემოწმება უნდა ჩატარდეს, როდესაც არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ მართვის მოწმობის ან სერტიფიკატის მფლობელი პირი ვეღარ აკმაყოფილებს დადგენილ სამედიცინო მოთხოვნებს. სამედიცინო დაწესებულებას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი შესაბამისი სამედიცინო შემოწმების ჩატარების შესახებ. 4. მოთხოვნები პერიოდული სამედიცინო შემოწმებებისთვის განისაზღვრება ამ წესის დანართი №1-ის მიხედვით. 5. მემანქანეთა ჯანმრთელობის ცნობის გაცემაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების აღიარების წესი განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტით. 6. სარკინიგზო საწარმო და ინფრასტრუქტურის მენეჯერი ვალდებულნი არიან უსაფრთხოების მართვის სისტემის შესაბამისად განახორციელონ ღონისძიებები მათთან დასაქმებული მემანქანეების მიერ სამედიცინო შემოწმების პერიოდულობის დასაცავად და შედეგების შესახებ სააგენტოს ინფორმირებისთვის. 7. ამ წესის 24-ე მუხლით გათვალისწინებული პროფესიული ცოდნის შენარჩუნების მიზნით, სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერის მიერ უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მასთან დასაქმებული მემანქანეების უწყვეტი/განგრძობითი სწავლების პროცესი, უსაფრთხოების მართვის სისტემის შესაბამისად.
მუხლი 20. პერიოდული შემოწმება სერტიფიკატის ფლობისთვის 1. მოქმედი სერტიფიკატის შენარჩუნების მიზნით, გარდა ამ წესის მე-19 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნებისა, სარკინიგზო საწარმო ან ინფრასტრუქტურის მენეჯერი ვალდებულია მემანქანეს ჩაუტაროს პერიოდული გამოცდები ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასერტიფიკატო სწავლების ფარგლებში მიღებული ცოდნისა და უნარების შემოწმების მიზნით. 2. მემანქანის გამოცდების სიხშირეს განსაზღვრავს დამსაქმებელი, საკუთარი უსაფრთხოების მართვის სისტემის შესაბამისად. გამოცდების სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს: ა) ინფრასტრუქტურის ცოდნასთან მიმართებით (მარშრუტისა და საოპერაციო წესების ჩათვლით) 3 წელს ან თუ შესაბამის მარშრუტზე მემანქანეს არ უმუშავია – მინიმუმ 1 წელს; ბ) მოძრავი შემადგენლობის ცოდნასთან მიმართებით 3 წელს. 3. ამ მუხლით განსაზღვრული თითოეული შემოწმებისთვის სარკინიგზო საწარმო ან ინფრასტრუქტურის მენეჯერი სერტიფიკატების რეესტრში ადასტურებს, რომ მემანქანე აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებულ მოთხოვნებს. თავი VI ინსპექტირება და მონიტორინგი მუხლი 21. სააგენტოს მიერ ინსპექტირება და მონიტორინგი 1. სააგენტო ახორციელებს მემანქანეთა პროფესიული სწავლების, მემანქანის გამოცდის ან/და ტესტირების მონიტორინგს, სარკინიგზო ქსელში მემანქანის მართვის უფლებისა და სერტიფიცირების ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით გეგმურ და არაგეგმურ ინსპექტირებას. 2. სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეამოწმოს საქართველოს რკინიგზის სისტემაში მომუშავე მემანქანე ამ წესის შესაბამისად გაცემული მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობისა ან ამ წესით დადგენილი სხვა მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებით. 3. სააგენტოს მიერ მემანქანის სერტიფიცირებისა და მართვის უფლების შესახებ ნორმების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება ხორციელდება სააგენტოს ნორმატიული აქტის შესაბამისად. 4. ინსპექტირებისა და მონიტორინგის ფარგლებში სააგენტო უფლებამოსილია მართვის მოწმობის პირობებისა და მემანქანის სერტიფიცირების წესების დარღვევისთვის იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ გამოიყენოს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები, მათ შორის, ადმინისტრაციული სახდელის დადება.
მუხლი 22. სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება/გაუქმება 1. ინსპექტირების ფარგლებში გამოვლენილი შეუსაბამობისას, რომელიც მიმართულია სერტიფიკატის ფლობისათვის დადგენილი მოთხოვნების დაცვასთან, სააგენტო მიმართავს სარკინიგზო საწარმოს ან/და ინფრასტრუქტურის მენეჯერს მოთხოვნით, შეისწავლოს, თუ რამდენად აკმაყოფილებს მემანქანე სერტიფიკატის ფლობისათვის დაწესებულ მოთხოვნებს. საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე სააგენტოს უფლება აქვს სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერს მოსთხოვოს სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება ან/და მემანქანის მატარებლის მართვისგან ჩამოშორება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სარკინიგზო საწარმო/ინფრასტრუქტურის მენეჯერი აჩერებს სერტიფიკატის მოქმედების ვადას და საკითხს განიხილავს სააგენტოს მიმართვიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. ხოლო, თუ სარკინიგზო საწარმო ან/და ინფრასტრუქტურის მენეჯერი მიიჩნევს, რომ მემანქანე აღარ აკმაყოფილებს სერტიფიკატის ფლობისთვის დადგენილ მოთხოვნებს, უფლებამოსილია გააუქმოს სერტიფიკატი და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს და წარუდგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. 3. იმ შემთხვევაში, თუ სარკინიგზო საწარმო/ინფრასტრუქტურის მენეჯერი მის მიერ დანერგილი მონიტორინგის სისტემის ფარგლებში დაადგენს, რომ მემანქანე აღარ შეესაბამება სერტიფიკატის მიღებისათვის ამ წესით დადგენილ პროფესიული ცოდნის მოთხოვნებს, იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის შეჩერების/გაუქმების თაობაზე. 4. გარდა ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა სარკინიგზო საწარმო/ინფრასტრუქტურის მენეჯერი სერტიფიკატის მოქმედების ვადას აჩერებს ამ წესის მე-11 მუხლით დადგენილი საფუძვლით.
მუხლი 23. სარკინიგზო საწარმოს/ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და მემანქანის ვალდებულებები 1. სარკინიგზო საწარმო და ინფრასტრუქტურის მენეჯერი ვალდებულია დანერგოს მონიტორინგის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მათთან დასაქმებულ (მათ შორის, ხელშეკრულების საფუძველზე) მემანქანეს ჰქონდეს: ა) მოქმედი მართვის მოწმობა და სერტიფიკატი; ბ) ამ წესით დადგენილი მემანქანის პროფესიული ცოდნა და ჯანმრთელობის მდგომარეობა. 2. მემანქანის პროფესიული ცოდნის შეუსაბამობა მის საქმიანობასთან შესაძლოა, გამოვლინდეს ინციდენტის შედეგად ან იმ შემთხვევაში, თუ მემანქანეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ განუხორციელებია მატარებლის მართვა გარკვეულ მონაკვეთზე. 3. თუ მემანქანე მიიჩნევს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება მის საქმიანობას, მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს დამსაქმებელს. 4. თუ სარკინიგზო საწარმო/ინფრასტრუქტურის მენეჯერი შეიტყობს, რომ მემანქანის ჯანმრთელობა შესაძლოა აღარ შეესაბამებოდეს მის საქმიანობას, მან დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს სათანადო ზომები ამ წესის დანართი №1-ის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო შემოწმების, სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების, ხოლო თუ აუცილებელია, სერტიფიკატის მოქმედების გაუქმების ჩათვლით, რაც უნდა აისახოს სერტიფიკატების რეესტრში და აცნობოს სააგენტოს. 5. სარკინიგზო საწარმომ/ინფრასტრუქტურის მენეჯერმა არ უნდა დაუშვან, რომ მათი მემანქანე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, იმყოფებოდეს ალკოჰოლის ან ისეთი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, რასაც გავლენა ექნება მის კონცენტრაციაზე, ყურადღებასა და ქცევაზე.
თავი VII მემანქანეთა პროფესიული სწავლება, სასერტიფიკატო სწავლება და გამოცდები მუხლი 24. პროფესიული სწავლება 1. მემანქანეთა პროფესიული სწავლება მოიცავს მართვის მოწმობასთან დაკავშირებულ საშუალო პროფესიულ სწავლებას, ამ წესის დანართი №2-ის მოთხოვნების გათვალისწინებით. 2. მართვის მოწმობასთან დაკავშირებული საშუალო პროფესიული სწავლება ხორციელდება იმ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელსაც სააგენტოსგან მინიჭებული აქვს სასწავლო ცენტრის სტატუსი. 3. პირისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭებისა და ამ სტატუსის შეჩერებისა და გაუქმების წესი მტკიცდება სააგენტოს ნორმატიული აქტით. 4. სააგენტო უზრუნველყოფს, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭებას იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს მინიჭებული ავტორიზაცია და ახორციელებს მემანქანეთა პროფესიული სწავლების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამას. 5. სააგენტო უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით თანამშრომლობს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს მემანქანეთა პროფესიული სწავლების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მისი საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციის პროცესში, შესაბამის ავტორიზაციის საბჭოში მონაწილეობის გზით. 6. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ავტორიზაციის შეჩერების/გაუქმების შესახებ, აგრეთვე მემანქანეთა პროფესიული სწავლებისათვის საჭირო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ავტორიზაციის შეჩერების/გაუქმების თაობაზე.
მუხლი 25. სასერტიფიკატო სწავლება 1. მემანქანის სასერტიფიკატო სწავლება მოიცავს: ა) მოძრავი შემადგენლობის სასერტიფიკატო სწავლებას, ამ წესის დანართი №3-ით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით; ბ) ინფრასტრუქტურის სასერტიფიკატო სწავლებას (მარშრუტის პირობების ცოდნის, ექსპლუატაციის წესებისა და პროცედურების ჩათვლით), ამ წესის დანართი №4-ით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით. 2. სარკინიგზო საწარმო ან ინფრასტრუქტურის მენეჯერი პასუხისმგებელია სასერტიფიკატო სწავლების განხორციელებაზე. 3. სააგენტო, მემანქანის სასერტიფიკატო სწავლების განხორციელების უფლებას ანიჭებს იმ სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერს, რომელსაც საკუთარი უსაფრთხოების მართვის სისტემაში ასახული აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მიმართულებებზე სწავლების განხორციელების შესაბამისი წესები და პროცედურები. 4. სარკინიგზო საწარმომ ან ინფრასტრუქტურის მენეჯერმა, რომელსაც სურს განახორციელოს სასერტიფიკატო სწავლება უსაფრთხოების მართვის სისტემაში უნდა ასახოს: ა) ტექნიკური და ოპერაციული კომპეტენცია, სასწავლო პროგრამები, სისტემური გამართულობა სასწავლო ამოცანების შესაბამისი სასწავლო პროგრამის ორგანიზებისთვის; ბ) ინფორმაცია სასწავლო აქტივობების სისტემური აღრიცხვის თაობაზე, სწავლებაში მონაწილეთა შეფასების, ტრენერების, კურსების რაოდენობისა და დანიშნულების შესახებ ინფორმაციის ჩათვლით; გ) ინფორმაცია საჭირო ადამიანური რესურსითა და ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფის თაობაზე, რაც მიზნად ისახავს სასერტიფიკატო სწავლების ფარგლებში მემანქანეების მომზადებას რკინიგზის ქსელში მატარებლის სამართავად. 5. სარკინიგზო საწარმო ან ინფრასტრუქტურის მენეჯერი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სასერტიფიკატო სწავლების თეორიული კომპონენტების ნაწილი, განახორციელოს სააგენტოს მიერ აღიარებული სასწავლო ცენტრის რესურსით, უსაფრთხოების მართვის სისტემის ფარგლებში შესაბამისი მტკიცებულებებისა და პროცედურის მითითებით. 6. სარკინიგზო საწარმომ ან ინფრასტრუქტურის მენეჯერმა, რომელიც თავად ვერ უზრუნველყოფს სასერტიფიკატო სწავლების განხორციელებას, უსაფრთხოების მართვის სისტემაში უნდა ასახოს პროცედურა, თუ როგორ იქნება უზრუნველყოფილი მათთან დასაქმებული მემანქანეების სასერტიფიკატო სწავლება. მასთან დასაქმებულ მემანქანეებს შესაბამისი შეთანხმების/ხელშეკრულების საფუძველზე უნდა მიეცეთ სასერტიფიკატო სწავლების გავლის შესაძლებლობა იმ სარკინიგზო საწარმოში/ინფრასტრუქტურის მენეჯერთან, სადაც ეს ხორციელდება.
მუხლი 26. გამოცდის ჩაბარება მართვის მოწმობის მისაღებად 1. მართვის მოწმობის მისაღებად, განმცხადებელს სასწავლო ცენტრში წარმატებით უნდა ჰქონდეს გავლილი პროფესიული სწავლება და ჩაბარებული ჰქონდეს მემანქანის მართვის მოწმობის გამოცდა, რომლის ჩატარების წესი და პირობები მტკიცდება სააგენტოს ნორმატიული აქტით. 2. მემანქანის მართვის მოწმობის გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს სააგენტო. 3. მემანქანის მართვის მოწმობის გამოცდაზე დასაშვებად წარდგენილი უნდა იქნეს ამ წესის დანართი №5-ით განსაზღვრული განცხადება, რომელსაც უნდა ერთოდეს: ა) ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) ფოტოსურათი; დ) სააგენტოში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 27. სასერტიფიკატო გამოცდა 1. სასერტიფიკატო გამოცდას ატარებს უფლებამოსილი სარკინიგზო საწარმო ან ინფრასტრუქტურის მენეჯერი. 2. სერტიფიკატის მისაღებად ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სასწავლო კურსების წარმატებით გავლისთვის უნდა ჩატარდეს თეორიული და პრაქტიკული გამოცდა აუცილებელი კვალიფიკაციის შემოწმების მიზნით. 3. სასერტიფიკატო გამოცდას ატარებს სარკინიგზო საწარმო/ინფრასტრუქტურის მენეჯერი, სააგენტოს მიერ აღიარებული გამომცდელის მეშვეობით, რომელსაც აღიარებულ გამომცდელთა რეესტრიდან თავად ირჩევს სარკინიგზო საწარმო ან ინფრასტრუქტურის მენეჯერი. 4. სასერტიფიკატო გამოცდის ფარგლებში მართვის პრაქტიკული უნარების შეფასება უნდა მოხდეს რკინიგზის ქსელში რეალურ გარემოში გამოცდისას. სიმულატორები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ოპერაციული წესების გამოყენებისა და მემანქანეების მუშაობის შესამოწმებლად განსაკუთრებით რთულ სიტუაციებში. 5. სასერტიფიკატო გამოცდის მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო.
თავი VIII მართვის მოწმობებთან და სერტიფიკატებთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვა და ინფორმაციის გაცვლა მუხლი 28. ელექტრონული საინფორმაციო ბაზა 1. სააგენტო ქმნის ელექტრონულ საინფორმაციო ბაზას, რომელიც აერთიანებს მემანქანის მართვის მოწმობებისა და სერტიფიკატების რეესტრებს. სააგენტო ასევე აწარმოებს მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრს. 2. სარკინიგზო საწარმო და ინფრასტრუქტურის მენეჯერი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში ატვირთოს მის მიერ გაცემულ სერტიფიკატებთან დაკავშირებული მონაცემები. 3. მატარებლის მემანქანეს უფლება აქვს მიიღოს მის შესახებ მართვის მოწმობისა და სერტიფიკატების რეესტრში არსებული ინფორმაცია. 4. მემანქანის მართვის მოწმობებისა და სერტიფიკატების რეესტრის წარმოების წესი მტკიცდება სააგენტოს ნორმატიული აქტით.
მუხლი 29. მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრი 1. სააგენტო აწარმოებს მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრს და მუდმივად ასახავს ინფორმაციას ყველა გაცემული, განახლებული, შესწორებული, ვადაგასული, შეჩერებული, გაუქმებული, აგრეთვე, დაზიანებულად, განადგურებულად ან დაკარგულად გამოცხადებული მართვის მოწმობების შესახებ. 2. მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრი მოიცავს მასში ასახული მართვის მოწმობების მონაცემებს, აგრეთვე იმ მონაცემებს, რაც დაკავშირებულია ამ წესის მე-6 და მე-19 მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან. 3. დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, მართვის მოწმობის სტატუსის შესახებ ინფორმაცია იმ პირთან დაკავშირებით, რომელიც დასაქმებულია ან რომელსაც სურს სარკინიგზო საწარმოში ან ინფრასტრუქტურის მენეჯერთან მემანქანედ დასაქმება, სააგენტომ ამ პირის თანხმობის საფუძველზე უნდა მიაწოდოს სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერს.
მუხლი 30. სერტიფიკატების რეესტრი 1. სარკინიგზო საწარმო/ინფრასტრუქტურის მენეჯერი ვალდებულია აწარმოოს და მუდმივად ასახოს ინფორმაცია მის მიერ გაცემული, განახლებული, შესწორებული, ვადაგასული, შეჩერებული, გაუქმებული, აგრეთვე, დაზიანებულად, განადგურებულად ან დაკარგულად გამოცხადებული სერტიფიკატების შესახებ. 2. სერტიფიკატების რეესტრი მოიცავს მასში ასახულ ყველა სერტიფიკატის მონაცემებს, აგრეთვე, იმ მონაცემებს, რაც დაკავშირებულია ამ წესის მე-13, მე-19, მე-20 და 22-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის. 3. სარკინიგზო საწარმო და ინფრასტრუქტურის მენეჯერი რეგულარულად ანახლებს სერტიფიკატების რეესტრს. 4. სააგენტოს უნდა ჰქონდეს ხელმისაწვდომობა სერტიფიკატების რეესტრში დაცულ მონაცემებზე.
მუხლი 31. გარდამავალი დებულებები 1. ამ წესის შესაბამისად გაცემული მემანქანის მართვის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობის ვალდებულება 2025 წლის 1 სექტემბრამდე არ წარმოეშობათ პირებს, რომლებიც სარკინიგზო საწარმოში ან ინფრასტრუქტურის მენეჯერთან 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დასაქმებულნი არიან: ა) მატარებლის მემანქანის (მათ შორის, დრეზინის მძღოლის) ან მემანქანე-ინსტრუქტორის პოზიციაზე; ბ) მემანქანის თანაშემწის პოზიციაზე და ფლობენ სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ 2025 წლის 1 იანვრამდე გაცემულ მართვის უფლების დამადასტურებელ მოწმობას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს, უფლება აქვთ სააგენტოსგან მიიღონ მართვის მოწმობა, რისთვისაც 2025 წლის 1 აპრილამდე სააგენტოში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: ა) დამსაქმებლის მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებს პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილებას; ბ) ზოგადი, პროფესიული ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) მემანქანის ჯანმრთელობის ცნობა ან დამსაქმებელთან წარდგენილი სამედიცინო შემოწმების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტის გაცემიდან 55 წლის ასაკის ჩათვლით მყოფი პირების შემთხვევაში არ უნდა იყოს გასული 3 წელზე მეტი, ხოლო 55 წელს ზემოთ მყოფი პირების შემთხვევაში – 1 წელზე მეტი; დ) პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ე) ფოტოსურათი; ვ) დამსაქმებლის ან სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გაცემული ცნობა იმის თაობაზე, თუ რომელ მოძრავ შემადგენლობასა და ინფრასტრუქტურასთან მიმართებით ფლობს მემანქანე მართვის უფლებას; ზ) სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გაცემული მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სააგენტო 2025 წლის 1 ივნისამდე გასცემს მართვის მოწმობას, რომელიც მიიჩნევა, რომ აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებული მართვის მოწმობის მიღებისათვის დადგენილ მოთხოვნებს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მართვის მოწმობის ფლობის შემთხვევაში, სარკინიგზო საწარმო ან/და ინფრასტრუქტურის მენეჯერი 2025 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოფენ მათთან დასაქმებული ასეთი პირებისთვის სერტიფიკატის გაცემას ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ამ წესით განსაზღვრული სასერტიფიკატო სწავლებისა და სასერტიფიკატო გამოცდების ჩაბარების გარეშე. ამ პუნქტის საფუძველზე გაცემული სერტიფიკატი მიიჩნევა, რომ აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებული სერტიფიკატის მიღებისათვის დადგენილ მოთხოვნებს. 5. 2025 წლის 31 დეკემბრამდე მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე, ამ წესით გათვალისწინებულ სასწავლო ცენტრში პროფესიული სწავლების გავლის გარეშე დაიშვება პირი, რომელიც 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ა) დასაქმებულია სარკინიგზო საწარმოში ან/და ინფრასტრუქტურის მენეჯერთან მემანქანის თანაშემწის პოზიციაზე; ბ) ფლობს სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გაცემულ მატარებლის მართვის მოწმობას; გ) ფლობს მატარებლის მართვასთან დაკავშირებულ პროფესიულ ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს სარკინიგზო ტრანსპორტის ელექტრომექანიკოსის მიმართულებით. 6. პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ მოთხოვნას, მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე დასაშვებად სააგენტოს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ცნობა სამუშაო ადგილიდან, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მართვის მოწმობის ასლი, ხოლო ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ტრანსპორტის ელექტრომექანიკოსის მიმართულებით მატარებლის მართვასთან დაკავშირებული პროფესიული ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) მემანქანის ჯანმრთელობის ცნობა ან დამსაქმებელთან წარდგენილი სამედიცინო შემოწმების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტის გაცემიდან 55 წლის ასაკის ჩათვლით მყოფი პირების შემთხვევაში არ უნდა იყოს გასული 3 წელზე მეტი, ხოლო 55 წელს ზემოთ მყოფი პირების შემთხვევაში – 1 წელზე მეტი; გ) პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) ფოტოსურათი; ე) სააგენტოში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 7. პირები, რომლებიც 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ირიცხებიან „ლოკომოტივის მართვის“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, დიპლომის მიღების შემდეგ, მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე დაიშვებიან სასწავლო ცენტრში პროფესიული სწავლების გავლის გარეშე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები