საქართველოს კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ

საქართველოს კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4437-XVIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/09/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 040200010.05.001.102379
4437-XVIმს-Xმპ
17/09/2024
ვებგვერდი, 03/10/2024
040200010.05.001.102379
საქართველოს კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 
საქართველოს კანონი

 

ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ

მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებების დაცვისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერება.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ქალი − მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული მდედრობითი სქესის ადამიანი;

ბ) მამაკაცი − მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული მამრობითი სქესის ადამიანი;

გ) ბიოლოგიური სქესი − მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული სქესი.

მუხლი 3. ტერმინის „პოპულარიზაცია“ განმარტება

1. ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაცია/ქმედება ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ მიმართულ ინფორმაციად/ქმედებად მიიჩნევა, თუ, ობიექტური დამკვირვებლის აზრით, აღნიშნული ინფორმაცია/ქმედება ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნებას ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნებას, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატულ ურთიერთობას ან ინცესტს დადებითად ან/და მისაბაძად წარმოაჩენს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის/ქმედების შეფასებისას გაითვალისწინება აღნიშნული ინფორმაციის/ქმედების შინაარსი, ფორმა და სახე, მისი გავრცელების (მიწოდების)/განხორციელების ფორმა, მეთოდი და დრო, ის სივრცე, სადაც იგი გავრცელდა (მიწოდებულ იქნა)/განხორციელდა, ის ვითარება, რომელშიც იგი გავრცელდა (მიწოდებულ იქნა)/განხორციელდა, და ის პირები, რომლებიც ამ ინფორმაციის/ქმედების ადრესატები აღმოჩნდნენ.

 მუხლი 4. ქორწინება

1. ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის კავშირის, როგორც ქორწინების, რეგისტრირება ან/და სამართლებრივი აქტით ქორწინებად აღიარება დაუშვებელია. ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის ისეთ კავშირს, რომელიც საზღვარგარეთ რეგისტრირებულია ან/და აღიარებულია, როგორც ქორწინება, საქართველოში იურიდიული ძალა არ აქვს.

2. ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება ან/და სამართლებრივი აქტით აღიარება დაუშვებელია. საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ან/და აღიარებულ ასეთ კავშირს საქართველოში იურიდიული ძალა არ აქვს.

მუხლი 5. არასრულწლოვანის შვილად აყვანა, მინდობით აღზრდა

1. დაუშვებელია არასრულწლოვანის შვილად აყვანა იმ ადამიანის მიერ, რომელიც თავს არცერთ ბიოლოგიურ სქესს არ მიაკუთვნებს ან თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ანდა რომლის სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება.

2. დაუშვებელია არასრულწლოვანის მინდობით აღსაზრდელად გადაცემა იმ ადამიანისთვის, რომელიც თავს არცერთ ბიოლოგიურ სქესს არ მიაკუთვნებს ან თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ანდა რომლის სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება.

მუხლი 6. სამედიცინო მანიპულაციის გამოყენება

ადამიანის მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით მისთვის ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ან მის მიმართ სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის გამოყენება დაუშვებელია.

მუხლი 7. საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითება

1. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისას სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ადამიანის სქესად მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება დაუშვებელია. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების ან/და დამატების შეტანით მასში ადამიანის სქესად მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება დაუშვებელია. ამ აკრძალვებიდან გამონაკლისები, რომლებიც დაკავშირებულია ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ შესაბამის სამართლებრივ ურთიერთობებთან, განისაზღვრება „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტში ადამიანის სქესად მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება დაუშვებელია. ამ აკრძალვიდან გამონაკლისები, რომლებიც დაკავშირებულია ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ შესაბამის სამართლებრივ ურთიერთობებთან, განისაზღვრება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტებისგან განსხვავებულ იმ დოკუმენტში, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო გასცემს, ადამიანის სქესად შეიძლება მიეთითოს მხოლოდ ის ბიოლოგიური სქესი, რომელიც იმავე პუნქტებით გათვალისწინებულ რომელიმე დოკუმენტშია მითითებული, ხოლო ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში − ის ბიოლოგიური სქესი, რომელიც მისი ვინაობის დამდგენ სხვა სათანადო დოკუმენტშია მითითებული.

4. დაუშვებელია საქართველოს საერთო სასამართლოს მიერ ისეთი მოთხოვნის დაკმაყოფილება ან/და უცხო ქვეყნის ისეთი სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა, რომელიც ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნებას ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნებას გულისხმობს.

მუხლი 8. განათლება

დაუშვებელია ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების სააღმზრდელო ან/და საგანმანათლებლო პროგრამაში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სააღმზრდელო ან/და საგანმანათლებლო პროგრამაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში ისეთი ინფორმაციის შეტანა ან/და აღნიშნული დაწესებულების თანამშრომლის მიერ ამ დაწესებულების საქმიანობის ფარგლებში ან/და ამავე დაწესებულების ტერიტორიაზე ისეთი ინფორმაციის გავრცელება ან ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.

მუხლი 9. ინფორმაციის გავრცელება

1. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ თავისი ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ეს აკრძალვა მაუწყებლის ეთერში შემოქმედებითი ნაწარმოების განთავსების მიმართ გულისხმობს მხოლოდ ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ინტიმური ურთიერთობის ან ინცესტის ამსახველი სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელების დაუშვებლობას. ამ პუნქტით დადგენილი აკრძალვის დარღვევა მაუწყებელს არ შეერაცხება, თუ იგი შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებაზე ფაქტობრივ კონტროლს არ ახორციელებდა.

2. დაუშვებელია არასრულწლოვანთან პირდაპირი კომუნიკაციის განხორციელებით მისთვის ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების) მიწოდება (გაზიარება) ან/და ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების) ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. არასრულწლოვანთან პირდაპირი კომუნიკაციის განხორციელებით მისთვის ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა გულისხმობს ისეთ შემთხვევასაც, როდესაც სუბიექტმა არასრულწლოვანი დაუშვა იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს ინფორმაცია სიტყვიერად, ხმოვანი მოწყობილობით ან/და ვიზუალურად ვრცელდება, თუ აღნიშნულ სუბიექტს ამ არასრულწლოვანის ასეთ ტერიტორიაზე დაშვების შეზღუდვის უფლება და გონივრული შესაძლებლობა ჰქონდა.

3. დაუშვებელია ისეთი რეკლამის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ამ აკრძალვის დარღვევა სუბიექტს არ შეერაცხება, თუ იგი შესაბამისი რეკლამის გავრცელებაზე ფაქტობრივ კონტროლს არ ახორციელებდა.

მუხლი 10. შეკრება, მანიფესტაციის ჩატარება

დაუშვებელია საჯაროდ ისეთი შეკრება ან/და ისეთი მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.

მუხლი 11. შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის ამსახველი შინაარსის მქონე სიტყვების გამოყენება

ბათილია შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დაკისრებული ნებისმიერი ვალდებულების, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში გაცემული ნებისმიერი მითითების ან/და შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დადებული ნებისმიერი შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც ბიოლოგიური სქესის ამსახველი შინაარსის ქონის გამო რომელიმე სიტყვის ან სიტყვათა ერთობლიობის გამოყენებისგან თავის შეკავებას გულისხმობს.

მუხლი 12. ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე

17 მაისი დადგენილია ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ.

მუხლი 13. პასუხისმგებლობა

ამ კანონით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა იწვევს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

მუხლი 14. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი

თბილისი,

17 სექტემბერი 2024 წ.

N4437-XVIმს-Xმპ