დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 476 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 22/07/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 7, 22/07/1996 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 27/02/1998 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (22/07/1996 - 06/02/1998)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №476
1996 წლის 22 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს თანდართული დებულება და სტრუქტურა.
ე. შევარდნაძე
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს
დებულება
თავი 1. ზოგადი დებულებანი
1.1. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო (შემდგომში – „სამინისტრო“) არის სახელმწიფო ცენტრალური აღმასრულებლის ხელისუფლების ორგანო, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, „კავშირგაბმულობის კანონით“, „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დარგის სახელმწიფოებრივ მართვასა და რეგულირებას.
1.2. სამინისტრო ახორციელებს სახელმწიფოს, როგორც საჯარო-სამართლებრივი იურიდიული პირის, უფლებებს და ასრულებს სამოქალაქო ვალდებულებებს მის წინაშე მდგომი ამოცანების შესაბამისად. აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორებისა და სხვა ანგარიშები ბანკში (როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ), ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით.
1.3. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული კავშირგაბმულობის სახელმწიფო ქონების ობიექტების ფლობისა და სარგებლობის უფლება დელეგირებულია მხოლოდ კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროსათვის.
სამინისტროს შენახვისა და დაფინანსების წყაროებია:
– სახელმწიფო ბიუჯეტი;
– საექსპლუატაციო და კანონით ნებადართული სხვა საქმიანობიდან მიღებული ამონაგები;
– მოგება.
1.4. ყოველ წელს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო აღნიშნავს დარგის დღესასწაულს:
კავშირგაბმულობის დღე - 7 იანვარი;
ფოსტის დღე - 1 აპრილი.
თავი 2. სამინისტროს ძირითადი ამოცანები
სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:
2.1. კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, იურიდიული და ფიზიკური პირების ხარისხიანი და შეუფერხებელი მომსახურების ორგანიზაცია, შემდგომში დამატებითი მომსახურების (მათ შორის ელექტრონული ფოსტით) გაფართოება.
2.2. სახელმწიფო საკუთრების საერთო სარგებლობის კავშირგაბმულობისა და საფოსტო ქსელებისა და საშუალებების მართვის ორგანიზაცია.
2.3. დარგში საქართველოს სახელმწიფო რეგულირება კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის მიერ დამტკიცებული ნორმატიული აქტებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
2.4. დარგის განვითარების ტექნიკური და ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრა.
2.5. კავშირგაბმულობისა და საფოსტო დარგის ანალიზი და პროგნოზირება.
2.6. ეროვნული საფოსტო ნიშნების, საფოსტო კონვერტების, მარკებისა და ღია ბარათების გამოცემის ორგანიზაცია და გავრცელება.
2.7. საფოსტო ბანკის და კავშირგაბმულობისა და ფოსტის განყოფილებების საშუალებით საქართველოს მოსახლეობისათვის პენსია-დახმარებების შინ მიტანა.
2.8. კონტროლი სისტემაში შემავალი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შეკვეთების შესრულებისადმი.
2.9. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სისტემის ორგანიზაციათა ლიკვიდაცია, რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციათა შექმნა დადგენილი წესით.
2.10. საფელდიეგერო და სპეციალური კავშირების მართვის ორგანიზაცია საფოსტო დარგის ტექნოლოგიის გათვალისწინებით.
2.11. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ყველა სახის საშუალებებით მომსახურების ტარიფების რეგულირება და მათი კონტროლი, მიუხედავად საკუთრების ფორმებისა, ანტიმონოპოლიურ ორგანოსთან (ეკონომიკის სამინისტროსთან) შეთანხმებით.
2.12. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარმომადგენლობა საერთაშორისო ელექტროკავშირში და მსოფლიო საფოსტო კავშირში, აგრეთვე თანამშრომლობა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
2.13. კავშირგაბმულობისა და ფოსტის განვითარების გრძელვადიანი ინდიკატური გეგმის შემდგომი სრულყოფა და მისი რეალიზაციისთვის ხელშემწყობი პირობების შექმნა.
2.14. დარგის მეტროლოგიური უზრუნველყოფის ორგანიზაცია.
2.15. რადიოსიხშირული სპექტრისა და კავშირგაბმულობის თანამგზავრთა გეოსტაციონარული ორბიტის ეფექტიანი გამოყენება და დაცვა.
2.16. დარგის საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის შექმნაში მონაწილეობა, ტექნიკურ-ეკონომიკური ნორმების, ნორმატივებისა და სტანდარტების შემუშავება, მიღება და დანერგვა.
2.17. დარგის იურიდიულ-სამართლებრივი მომსახურება.
2.18. დარგში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშემწყობ ღონისძიებათა შემუშავება და რეალიზაცია.
2.19. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანგარიშსწორების უზრუნველყოფა კანონით დადგენილი წესით.
2.20. დარგში საკვლევ-სამეცნიერო სამუშაოთა კოორდინაცია და პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსება.
2.21. დარგში საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის ორგანიზაცია, სტატისტიკური და ბუღალტრული ანგარიშგების უზრუნველყოფა.
2.22. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, კავშირგაბმულობისა და საფოსტო საშუალებების პრიორიტეტული გამოყენება, მართვა ან მათი ფუნქციონირების შეჩერება, მიუხედავად საკუთრების ფორმებისა.
2.23. კავშირგაბმულობის ქსელებისა და საფოსტო საშუალებების სამობილიზაციო ღონისძიების მომზადების შემუშავება და რეალიზაცია.
თავი 3. სამინისტროს უფლებამოსილებანი
სამინისტროს უფლებამოსილებანია:
3.1. სასერტიფიკაციო ცენტრების ორგანიზება, რომლებიც დადგენილი წესით და კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს წარდგინებით აკრედიტებული არიან საქართველოს სტანდარტიზაციის, სერტიფიკაციისა და მეტროლოგიის დეპარტამენტში.
3.2. დარგში მოქმედი ყველა იურიდიული და ფიზიკური პირის საქმიანობის ლიცენზირება დადგენილი წესით.
3.3. სამუშაო სიხშირეთა განაწილება, მართვა, მათი გამოყენების წესების განსაზღვრა; რადიოელექტრონული გადამცემი საშუალების საზღვარგარეთიდან შემოტანის, წარმოებისა და ექსპლუატაციის ნებართვების გაცემა და კონტროლი.
3.4. სხვა იურიდიულ პირებთან ერთად, დარგის საქმიანობიდან გამომდინარე, დებულებებისა და ინსტრუქციების შემუშავება.
3.5. კონსულტაციებისათვის ექსპერტებისა და სპეციალისტების მოწვევა. ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი წესით მათი მომსახურების ანაზღაურება.
3.6. იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან (მათ შორის უცხოეთის) მოლაპარაკებათა წარმოება, ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადება.
3.7. სპეციალისტების მივლინება საზღვარგარეთის კვალიფიკაციის ასამაღლებლად, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობის მიღება დარგის ინტერესების გათვალისწინებით.
3.8. მნიშვნელოვანი ობიექტების დაფინანსებისათვის, სისტემის საწარმოთა ტექნიკური განახლების, ნაკლებად რენტაბელურ და ზარალთან საწარმოთა შენახვის, დროებითი ფინანსური დახმარებების აღმოჩენის, სამინისტროს აპარატის გადაუდებელი საჭიროებისა და სხვა საგანგებო და ექსტრემალურ პირობებში განსაკუთრებულ ღონისძიებათა დაფინანსებისათვის სისტემის ორგანიზაციებიდან, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემდეგ, მათ განკარგულებაში დარჩენილი ფინანსური სახსრების ცენტრალიზაცია.
3.9. დარგის საწარმოებში საბუღალტრო რევიზიის მოწყობა.
3.10. ეროვნული საფოსტო ნიშნების, საფოსტო კონვერტების, მარკებისა და ღია ბარათების დამტკიცება, მათი ღირებულებისა და ტირაჟის განსაზღვრა, გამოშვება და გავრცელების ორგანიზაცია.
3.11. საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების პერიოდულ და არაპერიოდულ გამოცემათა გამოშვება და გავრცელება.
3.12. კანონით დადგენილი წესით კადრების მომზადების, შერჩევის, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლებლების შექმნა.
3.13. დარგობრივი ტექნიკური პროგრამებისა და პროექტების ექსპერტიზის ორგანიზაცია.
3.14. საკუთარი სახსრების ხარჯზე სისტემის მუშაკებისა და ვეტერინარებისათვის დამატებითი დახმარებების და შეღავათების დაწესება.
3.15. გადაწყვეტილების მიღება სამინისტროს მფლობელობაში და სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების ფლობისა და სარგებლობის უფლების დარგის ორგანიზაციებისათვის დელეგირების შესახებ.
3.16. გადაწყვეტილების მიღება თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისათვის წინადადებების წარდგენა სამინისტროს მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის, დროებით სარგებლობაში გადაცემისა და გასხვისების თაობაზე.
თავი 4. სამინისტროს მართვა
4.1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც პარლამენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს პრეზიდენტი.
პრეზიდენტი უფლებამოსილია თანამდებობიდან გაათავისუფლოს მინისტრი.
4.2. მინისტრი პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე მინდობილი მმართველობის სფეროს მდგომარეობისა და განვითარებისათვის.
4.3. მინისტრი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, ამტკიცებს ინსტრუქციებსა და დებულებებს.
4.4. მინისტრი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს თავის კომპეტენციის მიკუთვნებულ საკითხებზე.
4.5. მინისტრი საზღვარგარეთის ქვეყნების ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში კავშირგაბმულობისა და ფოსტის საკითხებში წარმოადგენს საქართველოს ოფიციალურ პირს.
4.6. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები. მინისტრის პირველ მოადგილეს მინისტრის წარდგინებით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. მინისტრის მოადგილეებს ნიშნავს მინისტრი საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით. მინისტრის დავალებით ერთ-ერთი მოადგილე ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციებს.
4.7.მინისტრის სათათბირო ორგანოა სამინისტროს კოლეგია მინისტრის თავმჯდომარეობით. მის შემადგენლობაში არიან მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები, აგრეთვე მინისტრის მიერ დანიშნული სხვა თანამდებობის პირები და სპეციალისტები.
4.8. კოლეგიის გადაწყვეტილებები ფორმდება მინისტრის ბრძანებით.
4.9. მინისტრი:
– განსაზღვრავს სამინისტროს დებულებასა და სტრუქტურას და წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად;
–წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს კავშირგაბმულობისა და ფოსტის საშუალებათა განვითარების სხვადასხვა საკითხზე დასკვნებს, საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტებს;
– წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მუშაკთა კანდიდატურებს დასაჯილდოებლად და „კავშირგაბმულობის დამსახურებული მუშაკის“ საპატიო წოდების მისანიჭებლად;
– განსაზღვრავს სამინისტროს საშტატო ნუსხასა და შრომის ანაზღაურების ფონდს;
– ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებსა და სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების წესდებებს;
– წაახალისებს ან იყენებს დისციპლინური სახდელის ფორმებს სამინისტროში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიმართ;
– აპარატში შრომითი ურთიერთობები ხორციელდება მხოლოდ დადგენილი წესის მიხედვით, მუშაკებს სამუშაოზე იღებს და ათავისუფლებს მინისტრი;
– აკონტროლებს მისდამი დაქვემდებარებულ ორგანიზაციათა საქმიანობას აპარატის შესაბამისი სამსახურების მეშვეობით.
– თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კონტრაქტის (ხელშეკრულების) საფუძველზე სისტემაში შემავალ ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს სამინისტროს მიერ დამტკიცებული თავიანთი წესდების შესაბამისად.
თავი 5. სამინისტროს დებულებაში ცვლილებათა შეტანის წესი და ლიკვიდაცია
5.1. დებულებაში ცვლილებათა შეტანას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
5.2. სამინისტროს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს სისტემაში შემავალ საწარმოთა და ორგანიზაციათა
ნუსხა
– აჭარის კავშირგაბმულობის სამინისტრო
– საწარმოო გაერთიანება კავშირგაბმულობის აფხაზეთის საწარმო
– შ. პ. ს. „საქართველოს ელექტროკავშირი“ თავისი ფილიალებით
– შ. პ. ს. „საქართველოს ფოსტა“ თავისი ფილიალებით
– სახაზინო საწარმო „საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირის რესპუბლიკური ცენტრი“
– შ. პ. ს. „რადიოცენტრი“
– შ. პ. ს. „ტელეცენტრი“
– შ. პ. ს. „საქართველოს პრესა“ თავისი ფილიალებით
– სახაზინო საწარმო „ინფოკომი“
– „სპეცკავშირის“ რესპუბლიკური სამმართველო
– სახაზინო საწარმო „რადიოსიხშირეთა განაწილების და ზედამხედველობის რესპუბლიკური სამმართველო“
– სახელმწიფო საფელდეგერო სამსახურის სამმართველო
– საფოსტო ყუთი № 9301
– გასამხედროებული დაცვის რაზმეული
– სპეცგანყოფილების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა
– სატელეკომუნიკაციო მშენებლობის დირექცია
– შ. პ. ს. „სახლმმართველობა“
– ერთიანი სასწავლო ცენტრი „კავშირგაბმულობის კოლეჯი“.
კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს სტრუქტურა
– ხელმძღვანელობა
– მინისტრის სამდივნო
– ეკონომიკური სამმართველო
– ორგანიზაციებთან მუშაობის კოორდინაციის სამმართველო
– საქმეთა მმართველობა
– სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების სამმართველო
– სალიცენზიო და სერტიფიკაციის სამმართველო
– საგარეო ურთიერთობის სამმართველო
– საკონტროლო-საინსპექციო სამმართველო
– უშიშროების, საგანგებო სიტუაციათა და სამობილიზაციო საკითხთა სამმართველო.
დოკუმენტის კომენტარები