მეთოდოლოგიური მითითებანი საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ დაწესებულებათა მიერ უცხოურ ვალუტაში შემოსავლების გეგმებისა და ხარჯთანუსხების პროექტების შედგენის წესის შესახებ

მეთოდოლოგიური მითითებანი საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ დაწესებულებათა მიერ უცხოურ ვალუტაში შემოსავლების გეგმებისა და ხარჯთანუსხების პროექტების შედგენის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი №4-12/116
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/07/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 10/09/1996
სარეგისტრაციო კოდი 000000430.01(2).000.000125
№4-12/116
09/07/1996
გამოუქვეყნებელი, 0, 10/09/1996
000000430.01(2).000.000125
მეთოდოლოგიური მითითებანი საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ დაწესებულებათა მიერ უცხოურ ვალუტაში შემოსავლების გეგმებისა და ხარჯთანუსხების პროექტების შედგენის წესის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

საგარეო საქმეთა მინისტრის

 

ბრძანება №4-12/116

 

1996 წლის 10 ივლისი

 

ქ. თბილისი

 

მეთოდოლოგიური მითითებანი საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ დაწესებულებათა მიერ უცხოურ ვალუტაში შემოსავლების გეგმებისა და ხარჯთანუსხების პროექტების შედგენის წესის შესახებ

1. ზოგადი დებულებანი

1.1. საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა დაწესებულება ვალდებულია ყოველწლიურად შეადგინოს დაწესებულების მომავალი წლის შემოსავლის გეგმისა და ხარჯთანუსხის პროექტები და წარუდგინოს იგი დამფინანსებელ ორგანიზაციას დაწესებულ ვადაში.

1.2. აღნიშნული მასალების მომზადებისას სახელმძღვანელოდ გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონები, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კოლეგიის გადაწყვეტილებები და ბრძანებები, რომლებიც მიმართულია ყოველი დაწესებულების შიდა რეზერვის მობილიზაციის, სახელმწიფო სახსრების მიზნობრივი დანიშნულებით ეკონომიურად და ეფექტიანად გამოყენებისაკენ.

1.3. წინასწარ აღნიშნული მასალების პროექტების შედგენამდე, საჭიროა დეტალურად გაანალიზდეს გასული ორი-სამი წლის პერიოდში საზღვარგარეთის დაწესებულების შემოსავლები და ხარჯები, რათა გამოვლინდეს დამატებითი რეზერვები შემოსავლების გადიდებისა და ზედმეტი ხარჯების დაუშვებლობისათვის; გათვალისწინებულ იქნეს ყველა ფაქტორი და პირობა, რომლებიც გავლენას ახდენენ შემოსავლების ოდენობასა და ხარჯებზე; აგრეთვე ავტომობილების რაოდენობის ცვლილება, ახალი ობიექტების ამოქმედება, სამსახურებრივი და საცხოვრებელი დანიშნულების შენობებისა და ნაგებობების იჯარით აღების შესახებ ხელშეკრულებებში მომხდარი ცვლილებები, ადგილსამყოფელ ქვეყანაში ფასებისა და ტარიფების შემცირება ან გადიდება და ა.შ.

1.4. ხარჯთანუსხის პროექტების შედგენისას სახელმძღვანელოდ უნდა იქნეს მიღებული დადგენილი ნორმატივები, ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების გათვალისწინებით, რამაც უნდა უზრუნველყოს საზღვარგარეთის დაწესებულების მიერ ფაქტობრივი ხარჯების (როგორც ნატურალურ, ისე ფულად გამოხატულებაში) შესახებ უტყუარი მონაცემების წარმოდგენა ყოველი გასული პერიოდის მიხედვით.

1.5. ხარჯთანუსხის პროექტში განსაზღვრული უნდა იყოს საზღვარგარეთის დაწესებულების რეალური მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე დასაგეგმი წლის მთელი პერიოდის განმავლობაში დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის. ყველა მოთხოვნილი თანხა დასაბუთებული უნდა იქნეს დაწვრილებითი გაანგარიშებებითა და შესაბამისი დოკუმენტებით.

2. შემოსავლების გეგმისა და ხარჯთანუსხის პროექტების წარმოდგენის ვადები და წესი

2.1. უცხოურ ვალუტაში მომავალი (დასაგეგმი) წლის შემოსავლების გეგმისა და ხარჯთანუსხის პროექტები, ყველა დანართებით, უნდა წარადგინონ:

ა) საელჩოებმა, წარმომადგენლობებმა და გენერალურმა საკონსულოებმა, რომლებიც ფინანსდებიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან და დაფინანსების სხვა წყაროებიდან, - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სავალუტო და საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში სამინისტროს ქონების მართვის დეპარტამენტში;

ბ) დანარჩენმა საკონსულო დაწესებულებებმა - საელჩოებში, რომლებიც მათ ხარჯებს აფინანსებენ.

2.2. შემოსავლების გეგმებისა და ხარჯთანუსხების პროექტების წარდგენის ვადა იმ დაწესებულებებისათვის, რომლებიც ჩამოთვლილია 2.1. ა) პუნქტში, დგინდება ცენტრის (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო) მიერ. დანარჩენი დაწესებულებებისათვის - დამფინანსებელი საელჩოების მიერ, ამ უკანასკნელთათვის ცენტრის მიერ დაწესებული ვადების გათვალისწინებით.

2.3. საელჩოები, რომლებიც საკონსულო დაწესებულებებს აფინანსებენ, იხილავენ წარმოდგენილ საკონსულო დაწესებულების შემოსავლების გეგმისა და ხარჯთანუსხის პროექტებს, საჭიროების შემთხვევაში შეაქვთ მათში ცვლილებები და ჩართავენ თავიანთ შემოსავლების გეგმისა და ხარჯთანუსხის პროექტში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საფინანსო–სავალუტო და საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში სამინისტროს ქონების მართვის დეპარტამენტში წარსადგენად.

2.4. ყოველ დაწესებულებაში შემოსავლების გეგმისა და ხარჯთანუსხის პროექტების სწორად და დროულად შედგენისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულების მთავარ (უფროს) ბუღალტერს ან ბუღალტერს (მთ. ბუღალტრის უფლებით). აღნიშნული პროექტების შესადგენად საჭირო მასალებს წარადგენენ დაწესებულების ცალკეული ქვედანაყოფების პასუხისმგებელი მუშაკები.

შემოსავლების გეგმისა და ხარჯთანუსხის პროექტები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სავალუტო და საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში სამინისტროს ქონების მართვის დეპარტამენტს წარედგინება დაწესებულების ხელმძღვანელისა და მთავარი (უფროსი) ბუღალტრის (მთ. ბუღალტრის უფლებით) ხელმოწერით, დადგენილი ფორმის მიხედვით (დანართი ფორმა № 1), რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულების ხელმძღვანელს.

3. შემოსავლების გეგმა

მომავალი წლის შემოსავლების თანხების განსაზღვრისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი შემოსავლები:

3.1. საკონსულო მოსაკრებლები

საკონსულო მოსაკრებელთა წლიური თანხა განისაზღვრება წინა წლის ფაქტობრივი შემოსავლებითა და საელჩოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში საკონსულო დაწესებულებების მიერ შედგენილი საანგარიშო მონაცემების საფუძველზე.

3.2. საკონსულო ქმედების შესრულებისას ფაქტობრივი დანახარჯების ანაზღაურება

ამ პუნქტში შეიტანება განმცხადებლისაგან (ვისი დაინტერესებითაც ხორციელდება საკონსულო ქმედება) მიღებული ყველა შემოსავალი, რომელიც ანაზღაურდება საკონსულო დაწესებულების მიერ გაწეული ხარჯების ანგარიშში. ეს ხარჯებია: საფოსტო-სატელეგრაფო, საკანცელარიო, სატრანსპორტო, სამივლინებო და სხვ., რისი გაწევაც აუცილებელია განმცხადებლის მოთხოვნით საკონსულო ქმედების შესრულებისას.

3.3. სახელმწიფო ქონების რეალიზაციიდან მიღებული სახსრები

ქონებრივი ფასეულობების (ძირითადი საშუალებების) რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები განისაზღვრება მათი ადგილობრივ ბაზარზე რაც შეიძლება მაქსიმალურ ფასში რეალიზაციის მიხედვით.

3.4. საცხოვრებელი ბინით და ინვენტარით სარგებლობისათვის გადახდილი თანხები.

ამ პუნქტში შეიტანება შემოსავლები, რომლებსაც იხდიან საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაწესებულების მუშაკები ნორმის ზევით საცხოვრებელი ფართით და ინვენტარით სარგებლობისათვის

3.5. სხვა შემოსავლები

სხვა შემოსავლებში ჩაითვლება ბანკში არსებულ დაწესებულების თანხებზე ბანკის მიერ გადახდილი პროცენტები; გასული წლების ხარჯების ანგარიშში მიღებული სახსრები და ა.შ.

3.6. შემოსავლების დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს გასულ წლებში შემოსულობათა ოდენობები. ყოველი სახის შემოსავლებში ცვლილებები დასაბუთებული უნდა იქნეს შესაბამისი გაანგარიშებებით ან აღნიშნულ იქნეს ცვლილებების გამომწვევი მიზეზები.

4. ხარჯების სია

4.1. მომავალი (დასაგეგმი) წლის ხარჯთანუსხის პროექტით მოთხოვნილი ასიგნებანი დასაბუთებული უნდა იყოს გაანგარიშებებით თითოეული პუნქტის მიხედვით, საჭირო დოკუმენტების დართვით. ასიგნებათა ოდენობა განისაზღვრება გასული წლების ფაქტობრივი ხარჯების, მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში მომხდარი ცვლილებების, აგრეთვე მიმდინარე და მომავალი წლის მოსალოდნელი ხარჯების გათვალისწინებით.

4.2. დაწესებულების ხარჯების ნუსხა იგეგმება მკაცრი მიზნობრივი დანიშნულებით და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლების შესაბამისად.

4.3. მუხლი 1., „ხელფასის ფონდი".

საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თითოეული დაწესებულების ხელფასის ფონდი განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სავალუტო და საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში სამინისტროს ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგიდან გამომდინარე და მისი შევსების გათვალისწინებით. ამასთან, საზღვარგარეთის დაწესებულება ხარჯთანუსხით მოთხოვნასთან ერთად საფინანსო-სავალუტო და საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში სამინისტროს ქონების მართვის დეპარტამენტში წარმოადგენს სამ ეგზემპლარად შედგენილ ცნობას შედგენის თარიღისათვის დაწესებულების მუშაკთა ფაქტობრივი საშტატო რიცხოვნობის შესახებ, აგრეთვე ვაკანტური თანამდებობების ჩამონათვალს იმ თარიღის ჩვენებით, საიდანაც ითვლება თანამდებობა დაუკომპლექტებლად (დანართი №2). ამ მასალებს თან ერთვის თანამშრომლების სია ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ დაწესებულების ადგილსამყოფელ ქვეყანაში და მიღებული არიან სამუშაო ვაკანტური თანამდებობების ხელფასის ფონდის ხარჯზე (გარდა დიპლომატიური შემადგენლობისა), მათთვის დანიშნული ხელფასის ოდენობის ჩვენებით (დანართი № 3).

№ 2 და № 3 დანართებში აღნიშნული მონაცემების საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სავალუტო და საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში სამინისტროს ქონების მართვის დეპარტამენტში წარმოდგენას დიდი მნიშვნელობა აქვს ხელფასის ფონდის ხარჯვისადმი ქმედითი კონტროლის დასაწესებლად.

შენიშვნა:

1. ადგილებზე ტექნიკური და მომსახურე პერსონალის სამუშაოზე მიღებისას, ამ მუშაკებზე მიცემული ხელფასის საერთო თანხამ არ უნდა გადააჭარბოს დამტკიცებული საშტატო განრიგის მიხედვით მოცემული კატეგორიის მუშაკების ვაკანტური თანამდებობების ხელფასის ფონდს.

2. ცალკეულ შემთხვევებში, როცა ზოგიერთი სამეურნეო, სარემონტო ან სამშენებლო სამუშაო სრულდება ხელშეკრულებით ცალკეული პირების მიერ არასამუშაო საათებში, მაშინ მათი შრომის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს არა 1 მუხლის „ხელფასის ფონდის" ხარჯზე, არამედ ხარჯთანუსხის შესაბამისი მუხლებით („სამეურნეო-საკანცელარიო ხარჯები", „შენობა-ნაგებობების კაპიტალური რემონტი", „კაპიტალური დაბანდება მშენებლობაზე" და „წარმომადგენლობის ხარჯები") დაგეგმილი სამუშაოთა მოცულობიდან გამომდინარე.

4.4. მუხლი 2. „ სამედიცინო დაზღვევა"

მუხლი 2. „სამედიცინო დაზღვევის" ასიგნებანი მოითხოვება დადგენილი ფორმის მიხედვით (დანართი ფორმა №3). სამედიცინო დაზღვევის ასიგნებათა ოდენობა განისაზღვრება საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური დაწესებულებების თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებზე (მხოლოდ საქართველოდან წარგზავნილებზე) ადგილსამყოფელ ქვეყანაში სამედიცინო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთა ასლები წარედგინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სავალუტო და საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში სამინისტროს ქონების მართვის დეპარტამენტს.

4.5. მუხლი 3. „სამეურნეო-საკანცელარიო ხარჯები".

ამ მუხლით იგეგმება შემდეგი სახის ხარჯები:

ა) სამსახურებრივი დანიშნულების შენობებისა და სხვა ქონების დაქირავება და შენახვა;

ბ) საცხოვრებელი ბინების დაქირავება და შენახვა;

გ) კავშირგაბმულობის ხარჯები;

დ) ტრანსპორტის დაქირავება და შენახვა;

ე) სხვა სამეურნეო-საკანცელარიო ხარჯები.

მე-3 მუხლით ასიგნებანი მოითხოვება დადგენილი ფორმებით (დანართი ფორმები

№ 4, 5, 6) და სხვა გაანგარიშებებით.

ა) სამსახურებრივი დანიშნულების შენობებისა და სხვა ქონების დაქირავება და შენახვა

სამსახურებრივი დანიშნულების შენობას მიეკუთვნება დაწესებულების მუშაკთა სამუშაო ოთახები, სტუმრების მისაღები ოთახები და დარბაზები, კლუბებისა და ბიბლიოთეკების სათავსები, აგრეთვე სხვადასხვა დამხმარე და სამეურნეო სათავსები (ავტოფარეხი, საწყობი, სასადილო და ა.შ.), რომლებიც დაწესებულების საქმიანობისათვის ნორმალურ პირობებს უზრუნველყოფენ.

დაქირავების ხარჯები განისაზღვრება შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულებებით, რომელთა ქართულ ენაზე თარგმნილი ასლები უნდა დაერთოს დასაგეგმი წლის ხარჯთანუსხის პროექტს. ხელშეკრულებათა ჩამონათვალი აისახება დანართის - ფორმა № 4-ის „საკუთარი და იჯარით აღებული შენობებისა და სათავსების შესახებ" მონაცემებში, ხარჯთანუსხის პროექტის შედგენის თარიღისათვის.

მონაცემების შევსებისას საჭიროა ცალ-ცალკე იქნეს ჩამოთვლილი უკლებლივ ყველა საკუთარი და იჯარით აღებული შენობა, ბინა თუ სხვა სათავსები; საჭიროა ზუსტად აღინიშნოს მიწის ნაკვეთების, შენობების, ბინებისა და სხვა სათავსების ფართი. ეს მონაცემები აუცილებელია არამარტო მათი შენახვის ხარჯების დაგეგმვისათვის, არამედ იმისათვის, რომ მოლაპარაკება ვაწარმოოთ საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური დაწესებულების ადგილსამყოფელი ქვეყნის წარმომადგენლებთან ამ ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის ქ. თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში შენობების, ცალკეული სათავსებისა და მიწის ნაკვეთების გამოყოფის პირობების თაობაზე.

ფაქტობრივ გადასახადთან შედარებით მომავალი წლის საიჯარო ქირის განაკვეთში შეტანილი ცვლილება უნდა იყოს დასაბუთებული (იჯარის, ხელშეკრულების გაუქმება, იჯარის პირობების გადახედვა, მისი მიზეზების აღნიშვნით, ახალი საიჯარო ქირა და თარიღი, საიდანაც შედის იგი ძალაში). მე-3 მუხლით იგეგმება გათბობის, კონდიცირების, განათების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, შენობისა და ტერიტორიის დასუფთავების, დეზინფექციის ჩატარების, შენობების მიმდინარე რემონტის, სამეურნეო მიზნებისათვის გამოსაყენებელი მცირეფასიანი ინსტრუმენტების, ინვენტარისა და მასალების შეძენის (გარდა ავეჯის, ინვენტარისა და მოწყობილობისა, რომელთა შეძენა გათვალისწინებულია მე-12 მუხლით), საკუთარი და იჯარით აღებული შენობებისა და ნაგებობების დაზღვევის (თუ ეს გათვალისწინებულია საიჯარო ხელშეკრულებაში), სამეურნეო თეთრეულის გარეცხვის, ინვენტარის (რბილი ინვენტარის ჩათვლით) და მოწყობილობის მიმდინარე რემონტის, თესლისა და სასუქის შეძენისა და ა.შ. ხარჯები, აგრეთვე სამსახურებრივი შენობებისა და ტერიტორიის იერსახის სათანადო დონეზე შენარჩუნებასთან დაკავშირებული ხარჯები.

ზემოთ ჩამოთვლილი ხარჯები იგეგმება გასულ წლებში გაწეული ფაქტობრივი ხარჯების საფუძველზე. ხარჯებში ცვლილების შეტანის საფუძველი შეიძლება იყოს ფასებისა და ტარიფების ცვლილება, ფართობის ზომისა და გათბობისათვის გამოყენებული საწვავის სახის შეცვლა. ფასების, ტარიფებისა და ა.შ. ცვლილებისას ხარჯთანუსხის პროექტს უნდა დაერთოს ამ ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტები (ახალი ხელშეკრულებები, ფასების გადიდების შესახებ გამოქვეყნებული პუბლიკაციების ასლები და ა.შ.).

სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა ხორციელდება შენობებისა და ნაგებობების დამთვალიერებელი კომისიის აქტების საფუძველზე, რომელიც დგება ორ წელიწადში ერთხელ. გარდა ამისა, კომისია განსაზღვრავს მოწყობილობის, ავეჯისა და ინვენტარის მდგომარეობას და შეაქვს წინადადება მოცემული ქონების მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ჩატარების შესახებ (კომისიის აქტების ასლები დაერთვის ხარჯთანუსხის პროექტს).

ბ) საცხოვრებელი ბინების დაქირავება და შენახვა

ამ მუხლით ხარჯების დაგეგმვა წარმოებს „საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური დაწესებულებების მუშაკების საცხოვრებელი ფართით, ავეჯითა და კომუნალური მომსახურებით უზრუნველყოფის შესახებ" დამტკიცებული დებულების შესაბამისად.

საცხოვრებელი ბინის დაქირავების ხარჯები განისაზღვრება საიჯარო ხელშეკრულებათა საფუძველზე, ზემოაღნიშნული დებულებით გათვალისწინებული ნორმების მიხედვით. ქართულ ენაზე თარგმნილი საიჯარო ხელშეკრულებების ასლები უნდა დაერთოს ხარჯთანუსხების პროექტებს, საიჯარო ქირის ცვლილების შემთხვევაში აღინიშნება ძველი და ახალი საიჯარო ქირის ოდენობები.

იმ შემთხვევაში, როცა სამსახურებრივი მიზნებისათვის დაქირავებული შენობის ფართის ნაწილი გამოიყენება საცხოვრებელი დანიშნულებით, მაშინ შენობის იჯარისა და შენახვის ხარჯები დაიგეგმება მე–3° მუხლით „სამსახურებრივი დანიშნულების შენობებისა და სხვა ქონების დაქირავება და შენახვა", და ნორმის ზევით კომუნალური მომსახურებისა და საცხოვრებელი ბინით სარგებლობისათვის მცხოვრებლებისაგან მიღებული სახსრები ჩაითვლება დაფინანსებაში და შესაბამისი თანხით შემცირდება მე-3 მუხლით დაკვეთილი ასიგნებანი.

საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური დაწესებულების მუშაკთა საცხოვრებელი ბინის კომუნალური ხარჯების განსაზღვრა და გადახდა ხორციელდება "საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური დაწესებულებების მუშაკების საცხოვრებელი ფართით, ავეჯითა და კომუნალური მომსახურებით უზრუნველყოფის შესახებ" დამტკიცებული დებულების შესაბამისად.

საცხოვრებელი ბინების ავეჯით უზრუნველყოფის ხარჯების დაგეგმვა ხორციელდება მე-12 მუხლით „ინვენტარის შეძენა", ხოლო მაცივრების, ტელევიზორების, რადიომიმღებების, სხვა ელექტროხელსაწყოებისა და  საოჯახო საგნების შეძენა ხორციელდება მობინადრეთა პირადი სახსრების ხარჯზე.

საცხოვრებელი შენობების მიმდინარე პროფილაქტიკური რემონტი, კიბის უჯრედის ჭერისა და კედლების შეღებვის ჩათვლით, აგრეთვე სახურავების, ფანჯრებისა და კარების რემონტი, ფასადის შეღებვა, საინჟინრო კომუნიკაციების შეცვლა და რემონტი და ა.შ. უნდა განხორციელდეს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური დაწესებულების ხარჯთანუსხით გათვალისწინებულ ასიგნებათა ხარჯზე.

მე-3 მუხლის მიხედვით მიმდინარე რემონტის ჩასატარებლად დაკვეთები ისევე უნდა იქნეს შედგენილი, როგორც ეს მე–3° მუხლით არის გათვალისწინებული.

გ) კავშირგაბმულობის ხარჯები

ამ მუხლით გაითვალისწინება ყველა სახის კავშირგაბმულობის (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა და ა.შ.) დანახარჯები. ნაჩვენები უნდა იქნეს თითოეული სახის კავშირგაბმულობის ტარიფი, ხელშეკრულების შესაბამისად.

ხარჯები განისაზღვრება წინა წლის ფაქტობრივი დანახარჯებიდან გამომდინარე.

შენიშვნა:

საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ დაწესებულებათა მუშაკების საცხოვრებელ ბინაში გაწეული კავშირგაბმულობის ხარჯები, როგორც წესი, გადაიხდება თვით დამქირავებლის მიერ, გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ცენტრის ნებართვით დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ გაწეული ხარჯები შეიძლება ანაზღაურებულ იქნეს დაწესებულების ხარჯთანუსხით.

დ) ტრანსპორტის დაქირავება და შენახვა

მე-3დ მუხლით იგეგმება (დანართი ფორმა № 6) დაწესებულების  ბალანსზე მყოფი სატრანსპორტო საშუალებების ხარჯები. ამასთან, მსუბუქი ავტომობილებისა - დამტკიცებული ლიმიტების ფარგლებში. ცენტრის ნებართვის გარეშე შეძენილი ავტომობილების შენახვაზე ასიგნებანი არ გამოიყოფა.

სატრანსპორტო საშუალებათა თხევადი საწვავის ხარჯები იგეგმება ცალკეულ დაწესებულებებში დადგენილი ხარჯვის ერთიანი ნორმის მიხედვით, ყოველ 100 კმ გარბენზე გაანგარიშებით. ეს ნორმები დგინდება საზღვარგარეთის დაწესებულებაში შექმნილი კომისიის მიერ.

ამ მუხლით იგეგმება აგრეთვე ადგილსამყოფელ ქვეყანაში აუცილებელი დაზღვევის ტარიფების შესაბამისად, ავტომობილების დაზღვევის (დაწესებულების ხელმძღვანელის ავტომანქანა დაზღვეული უნდა იქნეს ყველა სახის რისკისაგან), დაწესებულების მძღოლის მართვის მოწმობის გაფორმების, ავტომობილების მიმდინარე და კაპიტალური რემონტის, აკუმულატორების დამუხტვის, სათადარიგო ნაწილების შეძენის, ფასიან გზებზე, გვირაბებში, ხიდებზე გასვლისა და ა.შ. ხარჯები. ავტომობილების შენახვაზე ასიგნებათა ოდენობა განისაზღვრება მხოლოდ სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების გათვალისწინებით.

შენიშვნა:

სამსახურებრივი მანქანების პირადი მიზნებისათვის გამოყენებისას მუშაკების მიერ ანაზღაურება წარმოებს ადგილსამყოფელ ქვეყანაში ამ სახის ტრანსპორტზე არსებული განაკვეთების მიხედვით.

ამ მუხლით იგეგმება აგრეთვე სამეურნეო დანიშნულებისათვის ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები (ტვირთის მიტანა, ნაგავის, თოვლის გატანა და ა.შ.).

ე) სხვა სამეურნეო-საკანცელარიო ხარჯები.

მე-32 მუხლით იგეგმება საკანცელარიო საქონლის, სხვადასხვა ბლანკების, უწყისების, საქმისწარმოებისა და სააღრიცხვო წიგნების შეძენის დოკუმენტების აკინძვის, ტიპოგრაფიისა და პუბლიკაციის ხარჯები. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ფულადი გადარიცხვების ანაზღაურების, საცნობარო, ოფიციალური და პერიოდული ლიტერატურის (გაზეთი ჟურნალი, ბიულეტენი, ცნობარები და ა.შ.) და პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის მედიკამენტებისა და ბინტების შეძენის ხარჯები.

4.6. მუხლი 4. „მივლინებები და სამსახურებრივი მიმოსვლა"

ამ მუხლის მიხედვით ასიგნებანი მოითხოვება დადგენილი ფორმის მიხედვით (დანართი № 7) და იგეგმება ხარჯები (დღიური, სასტუმროს, მგზავრობის), რომელიც დაკავშირებულია დაწესებულების ადგილსამყოფელ ქვეყანაში, აგრეთვე მომიჯნავე საზღვარგარეთის ქვეყნებში დადგენილი წესით მუშაკების სამსახურებრივი მივლინებისათვის.

გარდა ამისა, ამ მუხლით იგეგმება შვებულების დროს სამშობლოში გამომგზავრებისა და უკან დაბრუნების, აგრეთვე საზღვარგარეთ სამუშაო ვადის დამთავრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნების სამივლინებო ხარჯები დაწესებული ნორმის ფარგლებში, ტვირთის ღირებულების ანაზღაურების ჩათვლით.

4.7. მუხლი 12. „ინვენტარ-მოწყობილობის შეძენა"

ამ მუხლით ასიგნებათა მოთხოვნა იანგარიშება დადგენილი ფორმით (დანართი ფ. “ 8), სადაც გათვალისწინებულია ხარჯები სატრანსპორტო საშუალებების, მოწყობილობისა და სამეურნეო დანიშნულების ინვენტარის შესაძენად, რომელთა ღირებულება ცალ–ცალკე აღემატება 150 ლარს, უცხოურ ვალუტაში - შეძენის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო ბირჟის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით.

მოთხოვნაში ჩამოთვლილი უნდა იყოს შესაძენად გათვალისწინებული საგნები ფასების ჩვენებით, ხოლო ახსნა-განმარტებით ბარათში უნდა აღნიშნოს მიზეზები, რომელთა გამო აუცილებელია მათი შეძენა.

შენიშვნა:

1. საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ დაწესებულებათა მუშაკების საცხოვრებელი ბინებისათვის ავეჯის შეძენისას უნდა იხელმძღვანელოთ დებულებით „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებათა მუშაკების საცხოვრებელი ფართით, ავეჯითა და კომუნალური მომსახურებით უზრუნველყოფის შესახებ".

2. საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ დაწესებულებათა ბალანსზე რიცხული ავტომობილის შესაცვლელად ასიგნებათა მოთხოვნისას ხარჯთანუსხას უნდა დაერთოს შესაცვლელი ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ აქტი, რომელიც შედგენილი უნდა იქნეს დაწესებული ფორმის მიხედვით (დანართი №ფ. . 24).

სახარჯთაღრიცხვო მოთხოვნაში უნდა იყოს აღნიშნული ახალი ავტომობილის სრული ღირებულება. არის თუ არა ძველი ავტომობილის ახალზე გადაცვლის შესაძლებლობა გარკვეული დანამატის გადახდით. ამ შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვაში ავტომობილის შესაძენად შეტანილ უნდა იქნეს დანამატის თანხა.

4.8. მუხლი 13. „კაპიტალური დაბანდება მშენებლობაზე"

საზღვარგარეო მიწის ნაკვეთის შესაძენად, შენობებისა და ნაგებობების ასაშენებლად და საკუთრებაში მყოფი შენობების რეკონსტრუქციისა და დაშენების სამუშაოთა ჩასატარებლად, აგრეთვე ამ მიზნით პროექტების შესადგენად ასიგნებანი გამოიყოფა საქართველოს პრეზიდენტის ნებართვის საფუძველზე, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით გაითვალისწინება საქართველოს მომავალი წლის ცენტრალური ბიუჯეტით.

4.9. მუხლი 16. „შენობებისა და ნაგებობების კაპიტალური რემონტი.

ამ მუხლით მოითხოვება ასიგნებები საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური დაწესებულების ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი და საცხოვრებელი დანიშნულების შენობებისა და ნაგებობების კაპიტალური რემონტისათვის. იჯარით აღებული შენობებისა და ნაგებობების კაპიტალური რემონტის სამუშაოები გაითვალისწინება იმ შემთხვევაში, თუ საიჯარო ხელშეკრულება შეიცავს მას.

კაპიტალური რემონტის ჩასატარებლად აუცილებელია დადგენილი წესით პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა, რომელსაც საზღვარგარეთის დაწესებულება თავის ხარჯთანუსხის პროექტთან ერთად წარუდგენს საგარეო საქმეთა სამინისტროს საფინანსო–სავალუტო და საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში სამინისტროს ქონების მართვის დეპარტამენტს.

შენიშვნა:

როდესაც საზღვარგარეთ კაპიტალური რემონტის სამუშაოებს ატარებენ საქართველოდან მიწვეული სპეციალისტები, მათ მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯები უნდა დაიგეგმოს მე-16 მუხლით „შენობებისა და ნაგებობების კაპიტალური რემონტი" და არა მე-4 მუხლით „მივლინებები და სამსახურებრივი მიმოსვლა"..

4.10. მუხლი 18. "სხვადასხვა ხარჯები".

ა) წარმომადგენლობითი ხარჯები, რომელიც გაიანგარიშება თანდართული ფორმით (დანართი ფ. 1 №9) გარდა ამისა, უნდა შედგეს ცალკეული გაანგარიშებები:

- დიპლომატიური თანამშრომლების ეკიპირებისათვის საჭირო ნივთების შესაძენად. თანამშრომელთა ეკიპირებისათვის ხარჯები იგეგმება მხოლოდ იმ დიპლომატებზე, რომელთაც, მუშაობის პირობებიდან გამომდინარე, აუცილებლად ესაჭიროებათ იგი. ამასთან, იმ დიპლომატზე, რომელსაც ეკუთვნის ეკიპირება, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში უნდა დაბრუნდეს სამშობლოში, ეკიპირების თანხები არ გაიცემა. ეკიპირებისათვის შეძენილი ნივთების გამოყენების ხანგრძლივობაა:

კოსტიუმის ან სავიზიტო სერთუკისა - სამი წელი;

ფეხსაცმლისა - ორი წელი.

- სავიზიტო ბარათების, მოსაწვევი ბილეთების დამზადებაზე, წარმომადგენლობის თეთრეულის გარეცხვაზე, კლუბებში საწევრო შენატანებზე და სხვა ხარჯებზე;

- ამ მუხლით გაითვალისწინება აგრეთვე დიპლომატიურ დაწესებულებაში შემოსული სტუმრებისათვის გამართული მიღების ხარჯები.

ბ) ხარჯები თანამემამულეთა დახმარებებზე, რომელიც იგეგმება გასულ წლებში ფაქტობრივად გაცემული თანხებიდან გამომდინარე. ამასთან, წარმოდგენილი უნდა იქნეს მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი მოქალაქე საჭიროებს დახმარებას და რამდენს რა თანხაზე გაეწია იგი.

შენიშვნა:

დახმარებები გაიცემა დიპლომატიური დაწესებულების ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც დროებით იმყოფებიან საზღვარგარეთ და სხვადასხვა მიზეზის გამო საჭიროებენ მატერიალურ დახმარებას. უცხოეთში მცხოვრებ უმუშევარ თანამემამულეებზე ამ მუხლის შესაბამისად ასევე შეიძლება გაიცეს თანხები მოქალაქეთა რეპატრიაციასთან დაკავშირებულ ხარჯებზე.

გ) ხარჯები საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღის აღსანიშნავად, ყოველწლიურად 26 მაისს.

დ) ხარჯები უცხო ენის შესწავლისათვის, რომლის გაანგარიშება წარმოდგენილი უნდა იქნეს თანდართული ფორმის (დანართი ფ. № 10) მიხედვით.

5. ახსნა-განმარტებითი ბარათი

შემოსავლების გეგმებისა და ხარჯთანუსხების პროექტებს აუცილებლად უნდა დაერთოს ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომელშიც ჩამოყალიბებული უნდა იქნეს მონაცემები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური დაწესებულების მიერ აღნიშნული დოკუმენტების შედგენისათვის გაწეული მუშაობის, ადგილსამყოფელ ქვეყანაში ფასებისა და ტარიფების დონის (საწვავის, კავშირგაბმულობის, ელექტროენერგიის, გაზის, სამედიცინო მომსახურებისა და დაზღვევის, სასურსათო პროდუქტების და ა.შ.) შესახებ.

ვინაიდან პროექტებზე თანდართულ ფორმებში არ არის გათვალისწინებული ყველა მუხლით მოთხოვნილი თანხის მიმართ სათანადო დასაბუთება და არ არის ახსნილი გასული წლის ფაქტობრივ და მომავალი წლისათვის მოთხოვნილ თანხებს შორის გადახრის მიზეზები, ახსნა-განმარტებით ბარათში აღინიშნება დამატებითი მონაცემები და დანარჩენი მუხლების მიხედვით მოთხოვნილი თანხების საფუძვლიანობა.

ახსნა-განმარტებით ბარათში მოთხოვნილ თანხებზე განმარტებები და დასაბუთებები ისე უნდა იქნეს ჩამოყალიბებული, რომ საზღვარგარეთის დიპლომატიური დაწესებულების ხარჯთანუსხის პროექტის ყველა ინსტანციაში განხილვისას არ უნდა წარმოიშვას რაიმე გაუგებრობა და არ უნდა გახდეს საჭირო დამატებითი ცნობებისა და მონაცემების წარმოდგენა.

საქართველოს საგარეო საქმეთა

სამინისტროს საფინანსო-სავალუტო

და საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში სამინისტროს

ქონების მართვის დეპარტამენტის

დირექტორის მოადგილე

საქართველოს საგარეო საქმეთა

სამინისტროს მთავარი

ბუღალტერი