საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან არსებული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის რესპუბლიკური ინსპექციის დებულება

საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან არსებული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის რესპუბლიკური ინსპექციის დებულება
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
მიღების თარიღი 22/03/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 10/04/1995
ძალის დაკარგვის თარიღი 28/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000220.01(2).000.000055
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
0
22/03/1995
გამოუქვეყნებელი, 0, 10/04/1995
000000220.01(2).000.000055
საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან არსებული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის რესპუბლიკური ინსპექციის დებულება
ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/04/1995 - 21/12/2006)

საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის

ბრძანება

1995 წლის 22 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან არსებული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის რესპუბლიკური ინსპექციის

დებულება

I. ზოგადი დებულებანი

1.1. ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის რესპუბლიკური ინსპექცია (შემდგომში ინსპექცია) შექმნილია საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 21 აპრილის №130 ბრძანებულების „ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ“ ბრძოლის გაძლიერების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საფუძველზე და საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1994 წლის 22 ივნისის № 193/ო ბრძანების „ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის შემდგომი გაძლიერების მიზნით ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის რესპუბლიკური ინსპექციის შექმნის შესახებ“ შესაბამისად;

1.2. ინსპექცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით, მინისტრთა კაბინეტის დადგენილებებით, განკარგულებებით, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ბრძანებით გაეროს 1961, 1971 და 1988 წლების კონვენციებით გათვალისწინებული რეკომენდაციებით, მოთხოვნებითა და სხვა კანონქვემდებარე აქტებით, რომლებიც არეგულირებენ მისი საქმიანობის სფეროს, აგრეთვე წინამდებარე დებულებით;

1.3. ინსპექცია წარმოადგენს რესპუბლიკურ საბიუჯეტო დაწესებულებას იურიდიული პირის უფლებით. მის გამგებლობაშია დამფუძნებლის მიერ მასზე გამოცემული ქონება. ინსპექციას აქვს გერბიანი ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელებით, გახსნილი აქვს ანგარიშსწორებისა და სხვა ანგარიშები ბანკში, აქვს დამოუკიდებელი ბალანსი;

ინსპექციის სტრუქტურას და საშტატო განრიგს ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, ინსპექციის ადმინისტრაციის წარდგინებით;

ინსპექციის იურიდიული მისამართია: 380077, ქ. თბილისი, მ. ასათიანის ქ. №10

მინისტრი  ა. ჯორბენაძე

2. ინსპექციის მიზანი და ამოცანები

2.1. ინსპექციის ფუნქციონირების მიზანია საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე ლეგალური ბრუნვის ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ძლიერმომქმედი და შხამშემცველი საშუალებების (ნივთიერებების) ექსპორტ-იმპორტის, შენახვის, დამზადების, წარმოების, აღრიცხვის, დანიშვნის, გაცემის, გამოყენების, რეალიზაციისა და გაყიდვის დადგენილი წესებისა და პირობების დაცვის ერთიანი სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფა;

2.2. ინსპექციის ძირითადი ამოცანებია:

- დაინტერესებულ უწყებებთან და სამინისტროებთან ერთად აწარმოოს გაეროს 1961, 1971 და 1998 წლების კონვენციებთან საქართველოს რესპუბლიკის შეერთების პროცედურასთან დაკავშირებული საქმიანობა;

- შესაბამის სამსახურებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს ინსპექციის კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ, ძლიერმომქმედ და შხამშემცველ საშუალებათა (ნივთიერებათა) ჩამონათვლის შედგენაში, დასამტკიცებლად წარუდგინოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს და შექმნას კომპიუტერული, დაპროგრამებული ბანკი;

- აწარმოოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგალურ მიმოქცევაში არსებული ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ძლიერმომქმედი და შხამშემცვლელი საშუალებების (ნივთიერებების) ექსპორტ-იმპორტით, შენახვით, დამზადებით, წარმოებით, აღრიცხვით, დანიშვნით, გაცემით, გამოყენებით, რეალიზაციითა და გაყიდვით დასაქმებული ორგანიზაციების, დაწესებულებების, ფირმების, წარმოებების (განურჩევლად უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა) აღრიცხვა;

- უზრუნველყოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგალურ მიმოქცევაში არსებული ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ძლიერმომქმედი და შხამშემცველი საშუალებების (ნივთიერებების) აღრიცხვიანობა;

- რესპუბლიკის მასშტაბით უზრუნველყოს ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება, რაც დაკავშირებული იქნება ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ძლიერმომქმედი და შხამშემცვლელი საშუალებების (ნივთიერებების) ლეგალურ მიმოქცევასთან;

გაეროს „1991 წლის ფსიქოტროპულ ნივთიერებათა შესახებ“ კონვენციის მე-13 სტატიის შესაბამისად უზრუნველყოს დაინტერესებული სამინისტროების, უწყებების, ორგანიზაციებისათვის ინფორმაციის-მიწოდება იმ ქვეყნების შესახებ, რომლებიც კრძალავენ თავიანთ ტერიტორიებზე კონკრეტული ფსიქოტროპული ნივთიერებების შეტანას, რათა თავიდან იქნას აუცილებელი ასეთ ქვეყნებში აღნიშნულ ნივთიერებათა საქართველოს რესპუბლიკიდან ექსპორტის (რეექსპორტის) შემთხვევები.

3. ინსპექციის უფლებები და მოვალეობანი

ინსპექცია უფლებამოსილია:

- მოითხოვოს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებულ სამედიცინო დაწესებულებებისაგან, აფთიაქებისაგან, საწარმოებისა და ორგანიზაციებისაგან (განურჩევლად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა) ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ძლიერმომქმედი და შხამშემცველი საშუალებების (ნივთიერებების) ექსპორტ-იმპორტის შენახვის, დამზადების, წარმოების, აღრიცხვის, დანიშვნის, გამოყენების, რეალიზაციისა და გაყიდვის დადგენილი წესების განუხრელი დაცვა;

- რესპუბლიკის მასშტაბით მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია, რაც დაკავშირებული იქნება ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ძლიერმომქედი და შხამშემცველი საშუალებების (ნივთიერებების) ექსპორტ-იმპორტთან, შენახვასთან, დამზადებასთან, წარმოებასთან, აღრიცხვასთან, დანიშვნასთან, გაცემასთან, გამოყენებასთან, რეალიზაციასთან და გაყიდვასთან, ყველა ორგანიზაციიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, განურჩევლად უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა;

- თავისი კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად აწარმოოს საექსპორტო სამუშაოები და მოითხოვოს სხვა ორგანიზაციებიდან წამლის ხარისხის ექსპერტიზის ჩატარება და სხვადასხვა საექსპორტო დასკვნების წარმოდგენა;

- თავისი საქმიანობის განხორციელებისათვის დადოს ხელშეკრულებები იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;

- შესაბამის სამსახურებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს საბაზო, კერძო ტიპის აფთიაქებში და სააფთიაქო მაღაზიებში ნებადართული ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ძლიერმომქედი და შხამშემცველი სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალის შედგენაში.

- საბაზო, კერძო ტიპის აფთიაქებზე და სააფთიაქო მაღაზიებზე გასცეს სპეციალური ლიცენზიები, რომლებიც უფლებას მიანიჭებენ მათ შეისყიდონ და გაყიდონ ის ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ძლიერმომქმედი და შხამშეცველი სამკურნალო საშუალებები, რომელთა ნუსხა თითოეული კატეგორიის აფთიაქისათვის (საბაზო, კერძო აფთიაქი, სააფთიაქო მაღაზია) დამტკიცებული იქნება ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ;

- საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის კომიტეტში წარსადგენად, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, იმპორტ-ექსპორტით (რეექსოპრტით) დასაქმებულ იურიდიულ პირებზე (განურჩევლად უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმის) გასცეს ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ძლიერმომქმედი და შხამშემცველი სამკურნალო საშუალებების იმპორტ-ექსპორტზე (რეექსპორტზე) ნებართვის სერტიფიკატები;

- ჩაატაროს შემოწმებები რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებულ ყველა იმ დაწესებულებაში (მიუხედავად უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა), რომლებიც დაკავშირებულნი არიან ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ძლიერმომქმედი და შხამშემცველი საშუალებების ექსპორტ-იმპორტთან, შენახვასთან, დამზადებასთან, აღრიცხვასთან, წარმოებასთან, დანიშვნასთან, გაცემასთან, გამოყენებასთან, რეალიზაციასთან და გაყიდვასთან;

- შემოწმებების შედეგად გამოვლენილ დარღვევების შემთხვევაში ინსპექცია უფლებამოსილია დამრღვევთა მიმართ გამოყენების შემდეგი სახის სანქციები;

ა) დასვას საკითხი სათანადო ორგანოების წინაშე მათი ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ;

ბ) დააყენოს იურიდიული პირთა ხელმძღვანელების, პასუხისმგებელ პირებისა და ფიზიკურ პირთა დისციპლინარული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი შესაბამისი ორგანოების წინაშე;

- თავის სტრუქტურაში შექმნას სპეცსახსრების ანგარიშზე მომუშავე ლაბორატორია იურიდიული პირის უფლების გარეშე, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით განუსაზღვროს საქმიანობის სფერო და მოზიდული თანხები გამოიყენოს ძირითადი საწესდებო მიზნების განხორციელებისათვის;

- აწარმოოს ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ძლიერმომქმედი და შხამშემცველი და სამკურნალო საშუალებების ვარგისიანობაზე კონტროლი და გასცეს მის კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებების ვარგისიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატი;

- რესპუბლიკის მასშტაბით შექმნას რეგიონალური განყოფილებები იურიდიული პირის უფლებით, ან მის გარეშე;

3.2.ინსპექცია ვალდებულია:

- შეიმუშაოს მონაცემების შევსების, შეფასებისა და ანგარიშგების სტანდარტიზებული სისტემა, რაც გამოყენებული იქნება ყველა დაინტერესებული ორგანიზაციებისაგან წერილობითი ხასიათის მონაცემების შესაგროვებლად;

- იმის გათვალისწინებით, რომ ფარმაცევტული წარმოების განვითარებას თან სდევს ახალი ნარკოტიკული სამკურნალო და ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებების გამოშვება, შეიმუშაოს ექიმების, ფარმაცევტების, სასწავლო და კვლევითი დაწესებულებების ხელმძღვანელებისათვის სპეციალური წესები, რომელიმე ნივთიერების მიმართ დამოკიდებულების გაჩენის შემჩნევის შემთხვევაში ინსპექციის სასწრაფო ინფორმირების შესახებ;

- შეაგროვოს ინფორმაცია კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის დარგში ნარკოტიკული და ფსიქოტროპულ ნივთიერებათა გამოყენების მიზანშეწონილობის და მოხმარების ოფიციალური პროცედურის შესახებ;

- მონაწილეობა მიიღოს ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და მძიმე ნივთიერებების საქართველოს რესპუბლიკისათვის კვოტების შედგენაში.

- „1961 წლის ნარკოტიკების შესახებ ერთიანი კონვენციის“ მე-19 სტატიის შესაბამისად წარუდგინოს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტს ნარკოტიკულ საშუალებებზე და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე რესპუბლიკის წლიური მოთხოვნილების გამონათვალი საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული ფორმების მიხედვით;

- დააწესოს კონტროლი სამინისტროების, უწყებების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ ინსპექციის კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ, ძლიერ მომქმედ და შხამშემცვლელ საშუალებათა მოთხოვნილების საფუძვლიანობაზე;

- მიიღოს და დაამუშაოს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შესაბამისი ინფორმაცია;

თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული დაწესებულებებიდან (მიუხედავად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა) უზრუნველყოს საჭირო ინფორმაციის მიღება, ჩაატაროს სათანადო ანალიზი და ანგარიშით წარსდგეს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წინაშე;

- შესაბამის სამსახურებთან ერთად აწარმოოს ახალი ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ, ნივთიერებების აღრიცხვა და უზრუნველყოს შესაბამისი დაწესებულებებისათვის ინფორმაციის მიწოდება;

- შეიმუშაოს თავისი საქმიანობის სრულყოფილი განხორციელებისათვის ნორმატიული აქტების პროექტები;

- საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტში დადგენილ ვადებში წარადგინოს ანგარიში;

- თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეგულარულად აწარმოოს შემოწმებები რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული დაწესებულებებისა და სამსახურებისა, მიუხედავად უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა;

- აწარმოოს საბუღალტრო აღრიცხვა და სტატისტიკური ანგარიშგება დადგენილი წესით;

- განახორციელოს შესაბამისი პროფილის საზღვარგარეთის ქვეყნების სახელწმიფო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობა.

4. ინსპექციის ქონება

4.1. ინსპექციის ქონების წარმოადგენს:

- საქართველოს რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მისთვის მფლობელობასა და სარგებლობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები და იმყოფება მის გამგებლობაში;

- ძირითადი ფონდები, საბრუნავი საშუალებები, ფულადი სახსრები და სხვა ფასეულობანი, რომლებიც დადგენილი წესით ასახულია მის დამოუკიდებელ ბალანსში;

4.2. სამსახურის სამეურნეო გამგებლობაში არსებული შენობების, მოწყობილობათა, სატრანსპორტო საშუალებათა და სხვა სახის მატერიალურ ფასეულობათა სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირთათვის მიყიდვის, იჯარით გაცემის, მიქირავების, გადაცვლის, ასევე ბალანსიდან ჩამოწერის საკითხებს ინსპექციის წარდგინებით წყვეტს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

4.3. ინსპექციის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

4.4. სამეურნეო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს;

4.5. წლიური ანგარიში და ბალანსი განსახილველად წარედგინება ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს;

5. ინსპექციის მართვა

5.1. ინსპექციის მართვა ხორციელდება წინამდებარე დებულებისა და საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე;

- ინსპექციის მართვას ახორციელებს ინსპექციის უფროსი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი;

5.2. ინსპექციის უფროსი თანამდებობრივი უფლებების ფარგლებში:

- აღდგენის ინსპექციის სტრუქტურას, საშტატო განრიგს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს.

- ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში დასამტკიცებლად წარადგენს ინსპექციის ბალანსს და ანგარიშებს არსებული წესის შესაბამისად;

- დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას ინსპექციის საქმიანობის ყველა საკითხზე, რომელიც არ განეკუთვნება ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კომპეტენციას ;

- საგანგებო რწმუნების გარეშე მოქმედებს თავისი სამსახურის სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში, ფლობს და იყენებს სამსახურის ბალანსზე მყოფ ქონების ფულადი სახსრების ჩათვლით, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ, ძლიერ მომქმედ და შხამშემცველ სამკურნალო საშუალებების იმპორტ-ექსპორტზე (რეექსპორტზე) ნებართვის სერტიფიკატებს, ინსპექციის კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალწამლო საშუალებების ვარგისიანობის დამადასტურებელ სერტიფიკატებს, სპეციალურ ლიცენზიებს, რომლებიც უფლებას ანიჭებენ საბაზო, კერძო ტიპის აფთიაქებს და სააფთიაქო მაღაზიებს შეისყიდონ და გაყიდონ ის ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ძლიერმომქმედი და შხამშემცველი სამკურნალო საშუალებები, რომელთა ნუსხა თითოეული კატეგორიის აფთიაქისათვის დამტკიცებული იქნება ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ, ბანკებში ხსნის საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებს, გამოსცემს ყველა თანამშრომლისათვის სავალდებულო ბრძანებებს და განკარგულებებს;

- ანგარიშვალდებულია ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის წინაშე;

6. ინსპექციის სახსრების შექმნა და გამოყენება

6.1. ინსპექციის სახსრები იქმნება:

- საქართველოს რესპუბლიკის ბიუჯეტიდან;

- საექსპორტო და კვლევითი სამუშაოების სახელშეკრულებო ფასებში ჩატარებით მიღებული შემოსავლებიდან;

- საბანკო კრედიტებით;

- ინსპექციის საქმიანობით განპირობებული სხვა შემოსავლით;

- ინსპექციის შემოსავალი მის განკარგულებაშია. მოიხმარება დამოუკიდებლად და არ ექვემდებარება ჩამორთმევას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

- ინსპექციის სახსრები გამოიყენება მისი ძირითადი საქმიანობისათვის, საწესდებო მიზნების და ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებული სამუშაოების დაფინანსებისათვის.

7. ინსპექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

7.1. ინსპექციის საქმიანობა წყდება:

- საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით;

- ინსპექციის საქმიანობის შეწყვეტა ხდება მისი რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის გზით, საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით.