საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ

საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 502
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 11/08/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 30/08/1996
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
502
11/08/1996
გამოუქვეყნებელი, 0, 30/08/1996
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №502

1996 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ

 

დამტკიცდეს საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების თანდართული დებულება და სტრუქტურა.

 

ე. შევარდნაძე

 

 

საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და

დასაქმების სამინისტროს

დ ე ბ უ ლ ე ბ

1. ზოგადი დებულებანი

1.1. საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო (შემდგომში - „სამინისტრო“) არის სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო.

1.2. სამინისტრო ხელმძღვანელობს მინდობილ დარგს და პასუხს აგებს მისი მდგომარეობისა და განვითარებისათვის, სახელმწიფო დავალებათა შესრულებისა და სისტემის წინაშე დასახულ სხვა ამოცანათა გადასაწყვეტად შეიმუშავებს და ახორციელებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას და ექვემდებარება საქართველოს პრეზიდენტს.

1.3. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით და ამ დებულებით. იგი თავის უფლებებს, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის ორგანოებთან, მმართველობის სამხარეო და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთკავშირით.

1.4. სამინისტროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორებისა და სხვა ანგარიშები ბანკში, ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით.

1.5. სამინისტროს აპარატის შენახვა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.

სამინისტროს დებულებასა და სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. სამინისტროს მიზნები და ამოცანები დასაქმების სფეროში:

2.1. მოსახლეობის დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და, ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მასში სათანადო ცვლილებათა შეტანა;

2.2. მოსახლეობის დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის გასატარებლად დასაქმების ეროვნული, რეგიონალური და სხვა მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და განხორციელება, დასაქმების სისტემის რეგულირება და კოორდინაცია;

2.3. დასაქმების სფეროში საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების შემუშავება და მათში ცვლილებათა, დამატებათა შესატანად რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;

2.4. ქვეყნის მოსახლეობის რაციონალური დასაქმების უზრუნველსაყოფად შრომითი რესურსების ინფორმაციული ბანკის შექმნა, ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი მონაცემების მიხედვით პროფესიებზე მიმდინარე და პერსპექტიულ მოთხოვნილებათა განსაზღვრა;

2.5. ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად დასაქმებისა და შრომითი რესურსების კრებსითი საპროგნოზო ბალანსების დამუშავება, უმუშევართა რიცხვის მოსალოდნელ ცვლილებათა პროგნოზირება;

2.6. დასაქმების სფეროში ინფორმაციული ბაზისა და ანგარიშგების სისტემის სრულყოფის შესახებ სათანადო წინადადებათა მომზადება;

2.7. განათლების სამინისტროსთან, სხვა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად პროფესიული ორიენტაციის, კადრების მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ერთობლივ ღონისძიებათა განხორციელება;

2.8. დასაქმების დეპარტამენტისა და დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის საქმიანობის წარმართვა და კონტროლი.

შრომის ანაზღაურებისა და შრომითი ურთიერთობების სფეროში:

2.9. შრომის სფეროში საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება, მათი რეალიზაციის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების მომზადება;

2.10. ეროვნულ, სამხარეო, საქალაქო, რაიონულ, დარგობრივ, აგრეთვე საწარმოებისა და ორგანიზაციების დონეზე შრომითი ურთიერთობების მოწესრიგების მიზნით შესაბამისი ნორმატიული აქტები შემუშავება;

2.11. შრომის ანაზღაურების მინიმალური დონის განსაზღვრა და მინიმალური სამომხმარებლო ბიუჯეტისა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ცხოვრების დონეში მიმდინარე ცვლილებათა შესაბამისად მისი შეცვლა;

2.12. დარგობრივ სამინისტროებთან და შესაბამის უწყებებთან ერთად საბიუჯეტო სფეროს მუშაკთა შრომის ანაზღაურების პირობების სრულყოფის ღონისძიებათა შემუშავება და წინადადებათა წარდგენა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებში;

2.13. სახელმწიფო არასაბიუჯეტო და კერძო სექტორებში შრომის ანაზღაურების მოწესრიგების რეკომენდაციების შემუშავება;

2.14. მეწარმეთა გაერთიანებებთან და პროფესიულ კავშირებთან ერთად სამმხრივი გენერალური შეთანხმებისა და დარგობრივი შეთანხმებების დადების ორგანიზაციულ-მეთოდური აქტების შემუშავება და ამ შეთანხმებათა შესრულების მიმდინარეობის შემოწმება;

2.15. შრომის სფეროში საინფორმაციო ბაზის სრულყოფის შესახებ წინადადებათა შემუშავება.

შრომის დაცვის სფეროში:

2.16. დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;

2.17. ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებულ ყველა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში (საკუთრებისა და მეურნეობრიობის ფორმის მიუხედავად) შრომის კანონმდებლობის, შრომის დაცვის, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის, შრომის ანაზღაურებისა და შეღავათების, კომპენსაციების გაცემისადმი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, შრომის დაცვის საკითხებზე საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

2.18. საწარმოო დანიშნულების ახალი და რეკონსტრუირებული ობიექტების მიმღები კომისიების მუშაობაში მონაწილეობა და ამ ობიექტებზე, შრომის პირობებიდან გამომდინარე, შეღავათებისა და კომპენსაციების გაცემის საკითხებზე რეკომენდაციების მიცემა;

2.19. გამოვლენილი დარღვევების აღსაკვეთად სამინისტროების უწყებების, ორგანიზაციების, საწარმოების ხელმძღვანელობისათვის შესასრულებლად სავალდებულო მიწერილობების მომზადება, კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებათა განხორციელება ადმინისტრაციული სახდელების სფეროში,

2.20. შრომის სახელმწიფო ინსპექციის საქმიანობის წარმართვა და კონტროლი.
ცხოვრების დონის სფეროში

2.21. მხარეების (ქალაქებისა და რაიონების) მიხედვით მოსახლეობის ცხოვრების დონის შეფასება და მისი ამაღლების ღონისძიებათა შემუშავება, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ერთად მოსახლეობის სოციალური დაცვის რეგიონალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

2.22. მოსახლეობის ცხოვრების დონეზე დაკვირვების მიზნით განმაზოგადებელი სოციალური ნორმატივის საარსებო მინიმუმის დადგენის მეთოდიკის შემუშავება და მისი მუდმივი სრულყოფა;

2.23. შესაბამისი სამინისტროებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მონაწილეობით სქესობრივ-ასაკობრივი, დარგობრივი და პროფესიული ნიშნების მიხედვით მინიმალური სამომხმარებლო ბიუჯეტის შემუშავება;

2.24. ეკონომიკის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ფასებისა და მომსახურების ტარიფების დადგენა-რეგულირებაში მონაწილეობა;

2.25. მოსახლეობის შემოსავლების მიხედვით მიზნობრივ სოციალურ დახმარებათა ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმების შემუშავება, სოციალური დაცვის სფეროში;

2.26. ეკონომიკის სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროსა და სოციალურ ეკონომიკური ინფორმაციის დეპარტამენტთან ერთად განსაზღვრულ სახეობათა პროდუქტების ფასების ერთდროული მკვეთრი ზრდის პირობებში კომპენსაციის მექანიზმის ამოქმედებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შესაბამისად მოსახლეობის ფულადი შემოსავლების ინდექსირების განსაზღვრა, სათანადო წინადადებათა შემუშავება.

2.27. მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების შემუშავება, მათი განხორციელების ორგანიზაცია და კონტროლი;

2.28. მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამების და პროგნოზების შედგენა შემუშავება, შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად მათი განხორციელება.

2.29. სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული ნორმატიული მასალების კოდიფიკაცია და სისტემატიზაცია.

2.30. პენსიონერების, ინვალიდებისა და მოსახლეობის სოციალურად დაუცველი სხვა ფენებისათვის სოციალური დახმარების გაწევის პროგრამების შემუშავება - განხორციელება შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად;

2.31. ინვალიდთა სოციალურ შრომითი რეაბილიტაციის საკითხებზე საჭირო ღონისძიებათა განსახორციელებლად შესაბამის სამინისტროებთან, უწყებებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან ერთობლივი მუშაობის გაწევა;

2.32. საცხოვრებელი სახლების საყოფაცხოვრებო დანიშნულების, კულტურულ-სპორტული და სხვა ობიექტების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, საპროექტო სამუშაოთა შესრულების, აგრეთვე ტრანსპორტის ექსპლუატაციის დროს ინვალიდთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით შესაბამის სამინისტროებთან, კომიტეტებთან, დეპარტამენტებთან კონტაქტების დამყარება და სათანადო ღონისძიებათა განხორციელება;

2.33. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების წევრთა, ამ ბრძოლებში დაინვალიდებულთა, დაჭრილთა და დაავადებულთა, აგრეთვე ყველა კატეგორიის ინვალიდთა რეაბილიტაციის, პროფესიული ორიენტაციის, საყოფაცხოვრებო და შრომითი ადაპტაციის ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება;

2.34. ინვალიდთა პროფესიული სწავლებისა და შრომითი მოწყობისათვის საჭირო ღონისძიებათა შემუშავება და შესაბამის სამინისტროებთან, უწყებებთან ერთად მათი განხორციელება;

2.35. პენსიებისა და დახმარებების დანიშვნის, გაცემის, ინვალიდობის განსაზღვრისა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სხვა საკითხების განხილვა-გადაწყვეტის ორგანიზაცია და სრულყოფა;

2.36. ინვალიდებისათვის საპროთეზო-ორთოპედიული დახმარების გაწევა, საპროთეზო-ორთოპედიული წარმოების გაფართოება;

2.37. მოხუცთა და ინვალიდთა პანსიონატების ქსელის გაფართოება, მარტოხელა მოხუცებისა და ინვალიდების ბინაზე სოციალური დახმარების გაწევის სამსახურის შემდგომი გაფართოება-განვითარება;

2.38. საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში მომუშავე ინვალიდთა შრომის პირობების კონტროლი სამედიცინო სოციალური საექსპერტო კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, მათი დასაქმებისადმი თვალყურის დევნება;

2.39. სამინისტროს დაქვემდებარებული სასწავლო და სპეციალური საწარმოების, ორგანიზაციებისადმი მეთოდურ-პრაქტიკული დახმარება და მათი საქმიანობის სწორი ორგანიზაცია;

2.40. ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სტრუქტურაში შემავალი სამინისტროების პროფილის სამსახურებისადმი (ქვედანაყოფებისადმი) ორგანიზაციულ-მეთოდური დახმარება;

2.41. ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის საქმიანობის წარმართვა და კონტროლი,

2.42. მოსახლეობის სოციალური გარანტიების განმტკიცების მიზნით სავალდებულო სახელმწიფო, კერძო და ნებაყოფლობითი სოციალური სადაზღვევო კომპანიების ქსელის ფორმირებისათვის ხელშეწყობა.

დემოგრაფიის სფეროში:

2.43. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ერთად სახელმწიფოს ერთიანი დემოგრაფიული პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა და მისი განხორციელებისათვის სახელმწიფო და რეგიონალური მიზნობრივი პროგრამების შემუშავება;

2.44. ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული პროცესების ინფორმაციული ბანკის შექმნა;

2.45. დემოგრაფიული საკითხებით დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

საგარეო ურთიერთობათა სფეროში:

2.46. საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირურთიერთობისა და საქმიანი კონტაქტების დამყარება;

2.47. საზღვარგარეთისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების სოციალური პროფილის სამინისტროებთან და სამსახურებთან თანამშრომლობა, მათთან ინფორმაციის გაცვლისათვის საჭირო მასალების მომზადება;

2.48. სხვა ქვეყნების მიერ შემუშავებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების მოძიება და დამუშავება;

2.49. სოციალური დაცვის, შრომის, დასაქმებისა და სხვა სოციალურ პრობლემებზე უცხოელ პარტნიორებთან წინასწარი მოლაპარაკების ორგანიზაცია, შესაბამისი ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების მომზადება.

საინფორმაციო-საკონსულტაციო სფეროში:

2.50. საწარმოებში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში მუშაკთა ინფორმირების მიზნით სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების საკითხებზე ლექცია-საუბრების გამართვა;

2.51. ტელევიზიის, რადიომაუწყებლობისა და პრესის საშუალებით მოსახლეობისათვის საჭირბოროტო საკითხებზე დროული და სწორი კონსულტაციების გაწევა, აგრეთვე სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სფეროში შექმნილი ვითარების, მისი გამოსწორების გზების, სამინისტროში მიმდინარე მუშაობის შესახებ მოსახლეობისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.

3. სამინისტროს უფლება-მოვალეობანი

დაკისრებულ ამოცანათა შესასრულებლად სამინისტროს თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს:

3.1. ქვეყნის ტერიტორიაზე გააკონტროლოს საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში (საკუთრებისა და მეურნეობრიობის ფორმების მიუხედავად) სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების და სხვა ნორმატიული აქტების შესრულება.

საჭიროების შემთხვევაში გამოვლენილი დარღვევების შესახებ მასალები სათანადო რეაგირებისათვის გადაეცემა კომპეტენტურ ორგანოებს;

3.2. მოითხოვოს და მიიღოს სათანადო ინფორმაცია ქვეყნის საწარმოებიდან, დაწესებულებებიდან, ორგანიზაციებიდან, ქალაქებისა და რაიონების მმართველობის ორგანოებიდან კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში;

3.3. პერიოდულად სრულყოს სამინისტროს ორგანიზაციული სტრუქტურა და შესაბამისი წინადადებანი დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს;

3.4. თავის კომპეტენციაში შემავალ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით სხვა სამინისტროების, უწყებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით ერთობლივად შექმნას კომისიები;

3.5. გასცეს შრომითი მოწყობის კერძო დაწესებულებათა შექმნისა და საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების ლიცენზიები;

3.6. დამოუკიდებლად აწარმოოს მოლაპარაკება, დადოს ხელშეკრულება როგორც რესპუბლიკის, ისე საზღვარგარეთის ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, მიიღოს მათი წარმომადგენლები და საზღვარგარეთ მიავლინოს სამინისტროს თანამშრომლები;

3.7 დადგენილი წესით შექმნას, გარდაქმნას და გააუქმოს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულები;

3.8. დადგენილი წესით გადაწყვიტოს დაქვემდებარებული საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა დაფინანსების საკითხები და გააკონტროლოს მათი ხარჯვის სისწორე, აწარმოოს სტატისტიკური, საბუღალტრო აღრიცხვა და ანგარიშგება, სამინისტროს სისტემაში მოაწყოს საბუღალტრო რევიზიები;

3.9. წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს წინადადებანი სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ სფეროებში მოქმედი კანონმდებლობის გადასინჯვის ან ახლის მიღების შესახებ, გამოსცეს ქვეკანონური აქტები და გააკონტროლოს მათი შესრულება;

3.10. საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების საწარმოებისაგან, ორგანიზაციებისაგან, დაწესებულებებისაგან, მოქალაქეებისაგან დადგენილი წესით მიიღოს მატერიალური, მათ შორის მიზნობრივი ფინანსური შემოწირულობანი და შეიმუშაოს მათი ხარჯვის უზრუნველყოფის ღონისძიებანი;

3.11. განახორციელოს სათანადო ორგანიზაციული ღონისძიებანი სამინისტროს სისტემის ყველა სამსახურის სამართლებრივი მომსახურებისათვის;

3.12. გამოაქვეყნოს ნორმატიული აქტები, სტატისტიკური ანგარიშების კრებულები, მეთოდური ბიულეტენები და სხვა ლიტერატურა, ჰქონდეს საკუთარი ბეჭდვითი სიტყვის ორგანო.

4. სამინისტროს ხელმძღვანელობა

4.1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც პარლამენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტი უფლებამოსილია თანამდებობიდან გაათავისუფლოს მინისტრი.

მინისტრი პერსონალურად აგებს პასუხს სამინისტროსათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისა და მის წინაშე მდგომი ამოცანების გადაწყვეტის გამო, იგი სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს. მინისტრი ამტკიცებს სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების დებულებებს.

4.2. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე, რომელსაც მისი წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, აგრეთვე მოადგილეები, რომლებსაც საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი. ერთ-ერთი მოადგილე ასრულებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას. მინისტრის მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს მინისტრი, რომელიც კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას.

4.3. სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი;

4.4. სამინისტროს აპარატის მუშაკებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. იგი ამტკიცებს სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხას, განსაზღვრავს ცენტრალური აპარატის მუშაკთა თანამდებობრივ სარგოებს დაწესებული რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში, მათი მატერიალური სტიმულირების წესს.

4.5. მინისტრის მოადგილეებს მინიჭებული ფუნქციების ფარგლებში უფლება აქვთ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებანი.

მინისტრის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე.

5. სამინისტროს კოლეგია

5.1. მინისტრის სათათბირო ორგანოა სამინისტროს კოლეგია.

მის შემადგენლობაში შედიან: მინისტრი (კოლეგიის თავმჯდომარე), მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს აპარატის წამყვანი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. მინისტრი განსაზღვრავს სამინისტროს კოლეგიის წევრთა რაოდენობას და ამტკიცებს მის პერსონალურ შემადგენლობას.

5.2. კოლეგია თავის სხდომებზე იხილავს სამინისტროს სამმართველოების, განყოფილებებისა და სხვა ქვედანაყოფების, სამინისტროსთან არსებული ორგანიზაციების მიერ გაწეული მუშაობის შედეგებს, აგრეთვე მინდობილი დარგის განვითარებისა და საქმიანობის კარდინალურ პრობლემებს;

5.3. კოლეგიის გადაწყვეტილება ფორმდება მინისტრის ბრძანებით.

6. სამინისტროს გაუქმების, რეორგანიზაციისა და დებულებაში ცვლილებათა შეტანის წესი

6.1. სამინისტროს გაუქმება ან რეორგანიზაცია ხდება დადგენილი წესის შესაბამისად.

6.2. სამინისტროს ფუნქციების შეცვლისას საქართველოს პრეზიდენტს დებულებაში შეაქვს სათანადო ცვლილებები.

 

საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს ცენტრალური აპარატის

სტრუქტურა

1. ხელმძღვანელობა

2. სამდივნო

3. კადრების განყოფილება

4. საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო

5. საპენსიო უზრუნველყოფის სამმართველო

6. სოციალური უზრუნველყოფისა და ადაპტაციის სამმართველო

7. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ინსპექცია

8. შრომითი რესურსებისა და დასაქმების სამმართველო

9. შრომითი ურთიერთობისა და შრომის დაცვის სამმართველო

10. ცხოვრების დონის სამმართველო

11. დემოგრაფიის სამმართველო

12. საგარეო ურთიერთობათა სამმართველო

13. საინფორმაციო-საკონსულტაციო სამმართველო.

 

საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროსთან არსებული ორგანიზაციები

1. დასაქმების დეპარტამენტი

2. ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტი

3. შრომის სახელმწიფო ინპექცია

4. დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდი

5. შრომისა და წარმოების, ორგანიზაციის სამეცნიერო-სასწავლო ინსტიტუტი

6. პენსიებისა და დახმარებების დარიცხვისა და გაცემის რესპუბლიკური ცენტრი

7. სამეურნეო სამმართველო

8. სახელმწიფო საწარმოო მრავალდარგოვანი ფირმა „სოცავტოსერვისი“

9. სპეციალური საკონსტრუქტორო ბიურო.