საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს დებულების შესახებ

საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს დებულების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 71
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 06/02/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 2, 27/02/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 04/01/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).00.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
71
06/02/1998
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 2, 27/02/1998
000000000.00(0).00.000000
საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს დებულების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/02/1998 - 26/12/1999)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №71

1998 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს დებულების შესახებ

1. „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 აგვისტოს №502 ბრძანებულება.

ე. შევარდნაძე

საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს დებულება

I. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულება.

2. სამინისტრო ხელმძღვანელობს მინდობილ სფეროს და პასუხს აგებს მისი მდგომარეობისა და განვითარებისათვის, სახელმწიფო დავალებათა შესრულებისა და სისტემის წინაშე დასახულ სხვა ამოცანათა გადასაწყვეტად უზრუნველყოფს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სფეროში სახელმწიფო მართვას, ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

3. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით და ამ დებულებით.

4. სამინისტროს სისტემა შედგება სამინისტროს ცენტრალური აპარატისაგან, რომელიც იყოფა სტრუქტურულ ქვედანაყოფად და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისაგან.

5. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.

6. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სამინისტროს სახელწოდების აღნიშვნით.

7. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 380007, გ. ლეონიძის ქ. №2.

II. სამინისტროს მიზნები და ამოცანები

8. დასაქმების სფეროში სამინისტროს მიზნები და ამოცანებია:

ა) მოსახლეობის დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;

ბ) დაინტერესებული სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მონაწილეობით დასაქმების ეროვნული, რეგიონალური და სხვა მიზნობრივი პროგრამების შემუშავების კოორდინაცია და მისი განხორციელების კონტროლი;

გ) დასაქმების სისტემის რეგულირება და კოორდინაცია;

დ) დასაქმების სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და მათში ცვლილებების, დამატებების შესატანად რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;

ე) ქვეყნის მოსახლეობის რაციონალური დასაქმების უზრუნველსაყოფად შრომითი რესურსების ინფორმაციული ბანკის შექმნა და ანგარიშგების სისტემის სრულყოფის შესახებ სათანადო წინადადებების მომზადება; საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი მონაცემების მიხედვით პროფესიების მიმდინარე და პერსპექტიულ მოთხოვნილებათა განსაზღვრა;

ვ) სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად პროფესიული ორიენტაციის, კადრების მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ერთობლივ ღონისძიებათა განხორციელებაში მონაწილეობა;

ზ) დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის საქმიანობის ხელმძღვანელობა და მართვა.

9. შრომის ანაზღაურებისა და შრომითი ურთიერთობების სფეროში სამინისტროს მიზნები და ამოცანებია:

ა) შრომის ორგანიზაციის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება, მათი რეალიზაციის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების მომზადება;

ბ) სახელმწიფო, სამხარეო, საქალაქო, რაიონულ, დარგობრივ, აგრეთვე საწარმოებისა და ორგანიზაციების დონეზე შრომითი ურთიერთობების მოწესრიგების მიზნით შესაბამისი ნორმატიული აქტების შემუშავება;

გ) შრომის ანაზღაურების მინიმალური დონის განსაზღვრა და მინიმალური სამომხმარებლო ბიუჯეტისა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ცხოვრების დონის მიმდინარე ცვლილებათა შესაბამისად მისი შეცვლა;

დ) სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად საბიუჯეტო სფეროს მუშაკთა შრომის ანაზღაურების პირობების სრულყოფის ღონისძიებათა შემუშავება და წინადადებათა წარდგენა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში;

ე) სახელმწიფო არასაბიუჯეტო და არასახელმწიფო სექტორში შრომის ანაზღაურების მოწესრიგების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ვ) მეწარმეთა გაერთიანებებთან და პროფესიულ კავშირებთან ერთად სამმხრივი გენერალური შეთანხმებისა და დარგობრივ შეთანხმებათა დადების ორგანიზაციულ-მეთოდური აქტების შემუშავება და ამ შეთანხმებათა შესრულების მიმდინარეობის შემოწმება;

ზ) შრომის სფეროში საინფორმაციო ბაზის სრულყოფის შესახებ წინადადებათა შემუშავება.

10. შრომის დაცვის სფეროში სამინისტროს მიზნები და ამოცანებია:

ა) დაინტერესებულ სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;

ბ) ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებულ ყველა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებისმიერ დროს შრომის კანონმდებლობის, შრომის დაცვის, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის, შრომის ანაზღაურებისა და შეღავათების, კომპენსაციების გაცემისადმი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; შრომის დაცვის საკითხებზე მეწარმეთა გაერთიანებებთან და მშრომელთა წარმომადგენლობით ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

გ) საწარმოო დანიშნულების ახალი და რეკონსტრუირებული ობიექტების მიმღები კომისიების მუშაობაში მონაწილეობა, ამ და სხვა ობიექტებზე, შრომის პირობებიდან გამომდინარე, შეღავათებისა და კომპენსაციების გაცემის საკითხებზე რეკომენდაციების მიცემა, შრომისა და შრომის დაცვის სფეროში სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებული კანონქვემდებარე აქტების პროექტების შეთანხმება;

დ) გამოვლენილი დარღვევების აღსაკვეთად სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ორგანიზაციების და საწარმოების ხელმძღვანელობისათვის შესასრულებლად სავალდებულო მიწერილობების გაცემა, კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებათა განხორციელება ადმინისტრაციული სახდელების სფეროში, საჭიროების შემთხვევაში წერილობითი წარდგინება გამოვლენილ დარღვევებზე სამართალდამცველ ორგანოებში;

ე) შრომის და შრომის დაცვის სფეროს მაკონტროლებელი ორგანოების კოორდინაცია;

ვ) შრომის ინსპექციის საქმიანობის ხელმძღვანელობა და მართვა.

11. ცხოვრების დონის სფეროში სამინისტროს მიზნები და ამოცანებია:

ა) მხარეების (ქალაქებისა და რაიონების) მიხედვით მოსახლეობის ცხოვრების დონის შეფასება და მისი ამაღლების და განვითარების ღონისძიებათა შემუშავება, ადგილობრივ თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოებთან ერთად მოსახლეობის სოციალური დაცვის რეგიონალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ბ) მოსახლეობის ცხოვრების დონეზე დაკვირვების მიზნით განმაზოგადებელი სოციალური ნორმატივის - საარსებო მინიმუმის დადგენის მეთოდიკის შემუშავება და მისი მუდმივი სრულყოფა;

გ) შესაბამისი სამინისტროებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მონაწილეობით სქესობრივ-ასაკობრივი, დარგობრივი და პროფესიული ნიშნების მიხედვით მინიმალური სამომხმარებლო ბიუჯეტის შემუშავება;

დ) მოსახლეობის შემოსავლების მიხედვით მიზნობრივ-სოციალურ დახმარებათა ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმების შემუშავება;

ე) საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროსა და სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად განსაზღვრულ სახეობათა პროდუქტების ფასების ერთდროული მკვეთრი ზრდის პირობებში კომპენსაციის მექანიზმის ამოქმედებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შესაბამისად მოსახლეობის ფულადი შემოსავლების ინდექსირების განსაზღვრა, სათანადო წინადადებათა შემუშავება.

12. სოციალური დაცვის სფეროში სამინისტროს მიზნები და ამოცანებია:

ა) მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება, მათი განხორციელების ორგანიზაცი და კონტროლი;

ბ) მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამებისა და პროგნოზების შედგენა-შემუშავება, შესაბამის სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად მათი განხორციელება;

გ) პენსიონერების, ინვალიდებისა და მოსახლეობის სოციალურად დაუცველი სხვა ფენებისათვის სოციალური დახმარების გაწევის პროგრამების შემუშავება-განხორციელება შესაბამის სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად;

დ) ინვალიდთა სოციალურ-შრომითი რეაბილიტაციის საკითხებზე საჭირო ღონისძიებათა განსახორციელებლად შესაბამის სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთობლივი მუშაობის გაწევა;

ე) საცხოვრებელი სახლების, საყოფაცხოვრებო დანიშნულების, კულტურულ-სპორტული და სხვა ობიექტების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, საპროექტო სამუშაოთა შესრულების, აგრეთვე ტრანსპორტის ექსპლუატაციის დროს ინვალიდთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით შესაბამის სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან კონტაქტების დამყარება და სათანადო რეკომენდაციების მომზადება;

ვ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების წევრთა, ამ ბრძოლებში დაინვალიდებულთა, დაჭრილთა და დაავადებულთა, აგრეთვე ყველა კატეგორიის ინვალიდთა რეაბილიტაციის, პროფესიული ორიენტაციის, საყოფაცხოვრებო და შრომითი ადაპტაციის ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება;

ზ) ინვალიდთა პროფესიული სწავლებისა და შრომითი მოწყობისათვის საჭირო ღონისძიებათა შემუშავება და შესაბამის სამინისტროებთან, უწყებებთან ერთად მათი განხორციელება;

თ)ინვალიდებისათვის საპროთეზო-ორთოპედიული დახმარების გაწევა, საპროთეზო-ორთოპედიული წარმოების გაფართოება;

ი) მოხუცთა და ინვალიდთა პანსიონატების ქსელის სრულყოფა, მარტოხელა მოხუცებისა და ინვალიდების ბინაზე სოციალური დახმარების გაწევის სამსახურის შემდგომი სრულყოფა-განვითარება;

კ) საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში მომუშავე ინვალიდთა შრომის პირობების კონტროლი;

ლ) სამინისტროს დაქვემდებარებული სპეციალური სასწავლო საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის მეთოდურ-პრაქტიკული დახმარება და მათი საქმიანობის სწორი ორგანიზაცია;

მ) ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის საქმიანობის ხელმძღვანელობა და მართვა;

ნ) მოსახლეობის სოციალური გარანტიების განმტკიცების მიზნით სახელმწიფო სოციალური და კერძო, ნებაყოფლობითი, ასევე სავალდებულო დაზღვევის განვითარებისა და სადაზღვევო კომპანიების ქსელის ფორმირებისათვის ხელშეწყობა.

13. დემოგრაფიის სფეროში სამინისტროს მიზნები და ამოცანებია:

ა) სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად სახელმწიფოს ერთიანი დემოგრაფიული პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა და მისი განხორციელებისათვის სახელმწიფო და რეგიონალური მიზნობრივი პროგრამების შემუშავება;

ბ) ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული პროცესის კომერციული ბანკის შექმნა;

გ)დემოგრაფიული საკითხებით დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა.

14. საგარეო ურთიერთობათა სფეროში სამინისტროს მიზნები და ამოცანებია:

ა)საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირურთიერთობისა და საქმიანი კონტაქტების დამყარება;

ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი პროფილის სამინისტროებთან და სამსახურებთან თანამშრომლობა, მათთან ინფორმაციის გაცვლისათვის საჭირო მასალების მომზადება და მათი გამოცდილების გაზიარება;

გ) სხვა ქვეყნების მიერ შემუშავებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების მოძიება და დამუშავება;

დ) სოციალური დაცვის, შრომის, დასაქმებისა და სხვა სოციალურ პრობლემებზე უცხოელ პარტნიორებთან წინასწარ მოლაპარაკებათა ორგანიზაცია, შესაბამისი ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების მომზადება.

15. საინფორმაციო-საკონსულტაციო სფეროში სამინისტროს მიზნები და ამოცანებია:

ა) საწარმოებში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში მუშაკთა ინფორმირების მიზნით სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების საკითხებზე ლექცია-საუბრების გამართვა;

ბ) ტელევიზიის, რადიომაუწყებლობისა და პრესის საშუალებით მოსახლეობისათვის საჭირბოროტო საკითხებზე სისტემატური, დროული და სწორი კონსულტაციების გაწევა, აგრეთვე სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სფეროში შექმნილი ვითარების, მისი გამოსწორების გზების, სამინისტროში მიმდინარე მუშაობის შესახებ მოსახლეობისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება,

III. სამინისტროს უფლება-მოვალეობანი

16. დაკისრებულ ამოცანათა შესასრულებლად სამინისტროს თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს:

ა) ქვეყნის ტერიტორიაზე კონტროლი გაუწიოს საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში (საკუთრებისა და მეურნეობრიობის ფორმების მიუხედავად) სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების საკითხებზე საქართველოს კანონებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებას, საჭიროების შემთხვევაში გამოვლენილი დარღვევების შესახებ მასალები სათანადო რეაგირებისათვის გადასცეს კომპეტენტურ ორგანოებს;

ბ) მოითხოვოს და მიიღოს სათანადო ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ქვეყნის საწარმოებისაგან, დაწესებულებებისაგან, ორგანიზაციებისაგან, ქალაქებისა და რაიონების ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისაგან;

გ) პერიოდულად სრულყოს სამინისტროს ორგანიზაციული სტრუქტურა და შესაბამისი წინადადებანი დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს;

დ) სამინისტროსათვის დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად ცალკეული საკითხების განხილვისა და შესაბამისი ღონისძიებების შემუშავების საჭიროებისათვის მოიწვიოს სამთავრობო დაწესებულებათა, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა, ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, აგრეთვე იურიდიული პირებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მეცნიერები და სპეციალისტები ან მიიღოს მათგან საჭირო ინფორმაციები, აგრეთვე მათი მონაწილეობით შექმნას ერთობლივი საუწყებათაშორისო კომისიები;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსამსახურეებისათვის გასცეს დანამატი ნამსახურები წლებისათვის;

ვ) დადგენილი წესით შექმნას სახაზინო საწარმოები;

ზ) გასცეს არასახელმწიფო სამსახურებზე საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების ლიცენზიები, შრომითი მოწყობისათვის ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ;

თ) დადგენილი წესით დამოუკიდებლად აწარმოოს მოლაპარაკება და დადოს ხელშეკრულება როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, მიიღოს მათი წარმომადგენლები და საზღვარგარეთ მიავლინოს სამინისტროს თანამშრომლები;

ი) დადგენილი წესით შექმნას, გარდაქმნას და გააუქმოს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულები;

კ)დადგენილი წესით გადაწყვიტოს დაქვემდებარებული საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა დაფინანსების საკითხები, აწარმოოს სტატისტიკური, საბუღალტრო აღრიცხვა და ანგარიშგება, სამინისტროს სისტემაში მოაწყოს საბუღალტრო რევიზიები;

ლ) წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს წინადადებანი სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ სფეროებში მოქმედი კანონმდებლობის გადასინჯვის ან ახლის მიღების შესახებ, გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და დადგენილი წესით კონტროლი გაუწიოს მათ შესრულებას;

მ) გამოაქვეყნოს და გამოსცეს მის მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტები, სტატისტიკური ანგარიშების კრებულები, მეთოდური ბიულეტენები და სხვა ლიტერატურა, ჰქონდეს საკუთარი ბეჭდვითი სიტყვის ორგანო;

ნ) გამოიყენოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

IV. სამინისტროს ხელმძღვანელობა

17. სამინისტროს ერთმმართველობის პრინციპის საფუძველზე ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც პარლამენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მინისტრი:

ა) აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) წარმოადგენს სამინისტროს და ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლის უფლებამოსილებას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;

გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების და საქართველოს პარლამენტის დადგენილებების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამინისტროს მმართველობას განეკუთვნება;

დ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეების გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით;

ე) კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის მრჩევლებს, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს, სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა საჯარო მოხელეებს;

ვ) შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან შეთანხმებით ადგენს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოხელეებისადმი;

ზ) დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებს;

თ) აწარმოებს მოქალაქეების მიღებას;

ი) შეაქვს წინადადება საქართველოს პრეზიდენტთან სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე, და აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის;

კ) კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა შექმნის, გარდაქმნის და საქმიანობის შეწყვეტის შესახებ, ამტკიცებს მათ დებულებებს, აგრეთვე ადგენს სტრუქტურას, საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ისინი დადგენილია უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივი აქტებით; თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებს;

ლ) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, აგრეთვე სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს შორის;

მ)დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები შესაბამის ორგანოებში გადაწყვეტილებების მისაღებად იმ საკითხებზე, რომლებიც სამინისტროს გამგებლობის სფეროს განეკუთვნება;

ნ) საქართველოს პრეზიდენტს აბარებს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;

ო) ასრულებს მისთვის საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის დადგენილებით დაკისრებულ სხვა მოვალეობებს;

პ) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ჟ) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს და პასუხისმგებელია ბრძანების კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის;

რ) ზედამხედველობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას; მინისტრი ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების ხელმძღვანელების იმ აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს; უფლებამოსილია კანონით დადგენილი წესით ძალადაკარგულად ცნოს აღნიშნული თანამდებობის პირებისა და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა აქტები მათი მიზანშეუწონლობის მოტივით.

18. მინისტრს უფლება აქვს სამინისტროს თანამდებობის პირების მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს პირველ მოადგილეს.

19. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები საქართველოს პარლამენტს ან საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ მინისტრის მეშვეობით.

20. მინისტრს ჰყავს ერთი პირველი მოადგილე და სამი მოადგილე, რომლებსაც მისი წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

მინისტრის მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს მინისტრი, რომელიც კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას.

21. მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები:

ა) ხელმძღვანელობენ იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობას, რომლებიც მინისტრის ბრძანებით მათ დაქვემდებარებაშია გადაცემული;

ბ) ხელმძღვანელობენ სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევენ სამსახურების ურთიერთობებს მინისტრის არყოფნისას.

22. ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.

23. მთავრობის შემადგენლობის მიერ უფლებამოსილებათა მოხსნა ან სხვა საფუძველზე მინისტრის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტა მინისტრის პირველი მოადგილის და მოადგილეების უფლებამოსილებათა შეწყვეტის საფუძველია.

24. მინისტრის სათათბირო ორგანოა სამინისტროს საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან: მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, აგრეთვე მინისტრის მიერ შერჩეული. სამინისტროს აპარატისა და საქვეუწყებო დაწესებულებების თანამდებობის პირები საბჭოში შეიძლება შეყვანილ იქნენ აგრეთვე სამეცნიერო და სხვა სამთავრობო დაწესებულებათა წარმომადგენლები საბჭოს საქმიანობის წესს, წევრთა რიცხოვნობასა და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი. საბჭოს რეკომენდაციები ფორმდება მინისტრის ბრძანებით.

V. სამინისტროს სისტემა და სტრუქტურა

25. სამინისტროს სისტემაში შედის:

- აფხაზეთის შრომისა და დასაქმების სამინისტრო

- აფხაზეთის სოციალური დაცვის სამინისტრო

- აჭარის სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო

- დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდი

- ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტი ინსტიტუტი

- შრომის ინსპექცია

- შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სამეცნიერო-სასწავლო სამეურნეო სამმართველო

- სამხარეო წარმომადგენლები

- საქალაქო და რაიონული სამსახურები.

26. აფხაზეთის სოციალური დაცვის სამინისტრო, აფხაზეთის შრომისა და დასაქმების სამინისტრო და აჭარის სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობით, ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობით და თავიანთი დებულებებით ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოსახლეობის სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების საკითხებში დასახული ძირითადი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.

27. დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდი წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში კონსოლიდირებული ფინანსური რესურსების ერთობლიობას, რომელიც გამოიყენება მიზნობრივი დანიშნულებით. ფონდის ძირითადი ამოცანაა უმუშევართა აღრიცხვა და მათი სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფა, მოსახლეობის დასაქმების ღონისძიებების განხორციელება, დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსება.

28. ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის მიზანი და ამოცანაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა ოჯახების წევრების, ამ ბრძოლებში დაინვალიდებულთა, დაჭრილთა, დაავადებულთა, აგრეთვე ქვეყანაში მცხოვრებ ყველა კატეგორიის ინვალიდთა მიმართ სამედიცინო რეაბილიტაციის, საყოფაცხოვრებო და პროფესიული ადაპტაციის ღონისძიებათა განხორციელება.

29. შრომის ინსპექცია არის შრომისა და შრომის დაცვის მართვის სახელმწიფო ორგანო, რომლის ძირითადი მიზანი და ამოცანაა შრომის კანონმდებლობისა და შრომის დაცვასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივ-ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულებისადმი სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება.

30. შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სამეცნიერო-სასწავლო ინსტიტუტის საქმიანობის მიზანია დარგობრივი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შესრულება და სამინისტროს პროფილის სპეციალისტების მომზადება.

31. სამეურნეო სამმართველოს ფუნქციაა ადმინისტრაციული შენობის მოვლა-პატრონობა და ყველა სახის კომუნალური მომსახურება

32. სამხარეო წარმომადგენლების ძირითადი მიზნები და ამოცანებია თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში რეგიონში მოსახლეობის სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების ერთიანი პოლიტიკის გატარება, რეგიონის მმართველობის ორგანოებთან ერთად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს პროფილის რაიონული და საქალაქო ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია.

33. საქალაქო და რაიონული სამსახურების მიზანი და ამოცანაა მოსახლეობის სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების ცალკეული მიმართულებების მიხედვით ადგილებზე სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება.

34. სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

- მინისტრის აპარატი

- საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო

- საპენსიო უზრუნველყოფის სამმართველო

- სოციალური დახმარებისა და ადაპტაციის სამმართველო

- შრომითი რესურსებისა და დასაქმების სამმართველო

- შრომითი ურთიერთობისა და შრომის დაცვის სამმართველო

- სოციალური ნორმატივების სამმართველო

- დემოგრაფიის სამმართველო

- საგარეო ურთიერთობათა სამმართველო

- საინფორმაციო-საკონსულტაციო სამმართველო

- იურიდიული განყოფილება.

35. მინისტრის აპარატის ძირითადი ამოცანაა (სამინისტროს კადრების აღრიცხვის განხორციელება, სამინისტროში შესული და სამინისტროდან გასული ნებისმიერი დოკუმენტაციის და კორესპონდენციის რეგისტრაცია, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს პარლამენტის დადგენილებების, მინისტრისა და მისი მოადგილეების განკარგულებებისა და მითითებების შესრულების კონტროლი.

36. საფინანსო-ეკონომიური სამმართველო ახორციელებს და კოორდინაციას უწევს საგეგმო, საფინანსო, საბუღალტრო და სისტემაში საფინანსო კონტროლის სამუშაოებს.

37. საპენსიო უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი მიზანი და ამოცანაა მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის პოლიტიკის განსახორციელებლად ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და მათი რეალიზაციის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების მომზადება.

38. სოციალური დახმარებისა და ადაპტაციის სამმართველოს მიზანი და ამოცანაა პენსიონერთა, მარტოხელა, შრომისუუნარო მოხუცთა და მარტოხელა ინვალიდთა მატერიალურ-საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ღონისძიებების ორგანიზაცია და საქალაქო და რაიონული რგოლების მეშვეობით მათი განხორციელება, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება.

39. შრომითი რესურსებისა და დასაქმების სამმართველოს ძირითადი მიზანი და ამოცანაა დასაქმების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გასატარებლად საჭირო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება, დასაქმების სფეროში ნორმატიული და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადება, დასაქმების რეგიონალური და მიზნობრივი პროგრამების შემუშავება.

40. შრომითი ურთიერთობებისა და შრომის დაცვის სამმართველოს მიზანი და ამოცანაა შრომითი ურთიერთობებისა და შრომის დაცვის სფეროში შემუშავებული პოლიტიკის განხორციელება, ამ სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და მათი რეალიზაციის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების მომზადება.

41. სოციალური ნორმატივების სამმართველოს ძირითადი ფუნქციაა მოსახლეობის სოციალური დაცვის პოლიტიკის განხორციელების მიზნით ნორმატიული აქტების და შესაბამისი ნორმატივების პროექტების შემუშავება, მოსახლეობის ცალკეული სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფებისათვის სოციალური დაცვის მიზნობრივი პროგრამების შემუშავება.

42. დემოგრაფიის სამმართველოს ძირითადი მიზანი და ამოცანაა ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული ვითარების სისტემატური შესწავლა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება, ერთიანი დემოგრაფიული პოლიტიკის გატარებისათვის რეგიონალური და მიზნობრივი პროგრამების შემუშავება.

43. საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს ფუნქციაა სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სფეროში საგარეო ურთიერთობის განხორციელების მიზნით შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტების შემუშავება და საგარეო კავშირების ორგანიზაცია.

44. საინფორმაციო-საკონსულტაციო სამმართველოს საქმიანობის მიზანია სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სფეროში არსებული მდგომარეობისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება და სფეროში მოქმედი ნორმატიული და ინსტრუქციული დოკუმენტების გაშუქება და პროპაგანდა, მოსახლეობაში განმარტებითი-საკონსულტაციო მუშაობა.

45. იურიდიული განყოფილების მიზანი და ამოცანაა სამინისტროში შემუშავებული ნორმატიული აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა, წინადადებების შემუშავება მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით.

VI. დასკვნითი დებულებები

46. სამინისტროს დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

47. სამინისტროს რეორგანიზაცია და საქმიანობის შეწყვეტა ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.