დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 944 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი |
მიღების თარიღი | 28/12/1993 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 12, 31/12/1993 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 30/09/1996 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/12/1993 - 03/09/1996)
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №944
1993 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს თანდართული დებულება, სტრუქტურა და დაქვემდებარებულ ორგანიზაციათა ნუსხა.
2. განისაზღვროს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაკთა ზღვრული რიცხოვნობა 294 ერთეულით.
3. საქართველოს რესპუბლიკის ფინანთა სამინისტროს ეკოლოგია განისაზღვროს 15 წევრით.
4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 3 მარტის № 256 დადგენილება
„საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“, გარდა მესამე პუნქტისა.
საქართველოს რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრი ო. ფაცაცია
საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს
დებულება
1. ზოგადი დებულებანი
1.1. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო (შემდგომში „სამინისტრო) არის რესპუბლიკის საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკის განმხორციელებლის აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანო, რომელიც ექვემდებარება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს. მის კომპეტენციაში შედის საქართველოს რესპუბლიკის საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავება, საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შედგენა, მისი შესრულებისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კონტროლი. იგი ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საგადასახადო (მათ შორის საბაჟო) პოლიტიკის შემუშავებას. სამინისტრო ახორციელებს ღონისძიებებს სახელმწიფო ფინანსური რესურსების რაციონალურად და ეკონომიკურად გამოყენებისათვის და თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც სახელმწიფოს მეთაურის, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებათა შესრულების მიზნით, სავალდებულოა შესასრულებლად რესპუბლიკის სამინისტროების, კომიტეტების, დეპარტამენტების, ინსპექციების, კორპორაციებისა და კონცერნების, საწარმოების, ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და სხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმის მიუხედავად, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ორგანოებისათვის.
1.2. სამინისტრო კოორდინაციას უწევს რესპუბლიკაში აუცილებელი ფინანსური ბაზის შექმნის სამუშაოებს, შეიმუშავებს ფინანსური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და შესაბამისი საკანონმდებლო აქტების პროექტებს. საბაზრო ურთიერთობათა პრინციპებსა და „საბიუჯეტო სისტემისა და უფლებების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონზე დაყრდნობით განიხილავს ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ორგანოების მიერ შემუშავებული ბიუჯეტების დაბალანსების წინადადებებს.
სამინისტრო ადგენს საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ფორმირების ეკონომიკური ნორმატივებისა და ამ ბიუჯეტების დეფიციტის დაფარვისათვის ბანკის გრძელვადიანი სესხების ლიმიტების პროექტებს, შეიმუშავებს წინადადებებს რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის სტაბილურობის განმტკიცებისათვის, სახელმწიფოს ფულადი რესურსების რაციონალური და ეკონომიკური გამოყენებისათვის.
სამინისტრო საქართველოს რესპუბლიკის კონტროლის პალატასთან, საგადასახადო ინსპექციასთან, საბაჟო დეპარტამენტთან და შესაბამის ადგილობრივ ორგანოებთან ერთად ახორციელებს რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტის შესრულების სამუშაოთა კოორდინაციას. რესპუბლიკის ბიუჯეტის შემოსავლებში მობილიზებული სახსრების ფარგლებში ახორციელებს საერთო-სახელმწიფოებრივ ღონისძიებათა ფულადი სახსრებით უზრუნველყოფას.
სამინისტრო საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მონაწილეობს რესპუბლიკის ცალკეული დარგების რენტაბელობისა და მოგების გადიდების ღონისძიებათა შემუშავებაში საბაზრო ურთიერთობათა და სამეწარმეო საქმიანობის ფართო განვითარების საფუძველზე.
1.3. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროები, რესპუბლიკის ქალაქებისა და რაიონების ადგილობრივი მმართველობის ორგანოების საფინანსო სამსახურები, საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ფასეულობათა ფონდი, სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია და სხვა დაქვემდებარებული ორგანიზაცია-დაწესებულებანი შეადგენენ სამინისტროს ერთიან სისტემას.
1.4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროები და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების შემადგენლობაში არსებული საფინანსო სამსახურები იმყოფებიან აგრეთვე სამინისტროს დაქვემდებარებაში.
1.5. სამინისტრო ავტონომიურ რესპუბლიკაში საფინანსო ორგანოების საქმიანობის ხელმძღვანელობას ახორციელებს ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროების მეშვეობით.
2. სამინისტროს ამოცანები
2.1. შეიმუშავებს საბიუჯეტო კანონპროექტებს, მონაწილეობს საგადასახადო კანონმდებლობის დაცვაში საქართველოს რესპუბლიკის კონტროლის პალატასთან, საბაჟო დეპარტამენტთან და საგადასახადო ინსპექციასთან ერთად.
2.2. უზრუნველყოფს სახელმწიფო სახსრების ეფექტიან გამოყენებას რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დასაჩქარებლად, საფინანსო და მატერიალური რესურსების გასადიდებლად, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.
2.3. ზრუნავს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული სიმდიდრის ზრდის, რესპუბლიკის ეკონომიკური სუვერენიტეტის განმტკიცებისა და განვითარებისათვის.
2.4. ახორციელებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ძვირფასი ლითონებისა და ქვების მოპოვების, დამუშავებისა და გამოყენებისადმი კონტროლს, სასინჯ ზედამხედველობას.
2.5. აწესებს წინასწარ მიმდინარე კონტროლს რესპუბლიკის ბიუჯეტიდან სამინისტროების, კომიტეტების, დეპარტამენტების, ინსპექციების, სახელმწიფო კორპორაციებისა და კონცერნებისათვის სახელმწიფო სახსრების გამოყოფისა და ხარჯვის სისწორისადმი, ხოლო სახაზინო სამსახურის მეშვეობით ახორციელებს წინასწარ და მიმდინარე კონტროლს სახელმწიფო სახსრების მობილიზაციისა და ხარჯვისადმი და მის ოპერატიულ მართვას.
2.6. ზრუნავს აუცილებელი სახელმწიფო ფინანსური რეზერვების შექმნისათვის და განსაზღვრავს მისი ხარჯვის ძირითად მიმართულებებს.
2.7. სრულყოფს ფინანსების მართვის სისტემას საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით და საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე.
2.8. შეიმუშავებს წინადადებებს სახელმწიფოს და საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შორის ფინანსური ურთიერთობის სრულყოფისათვის.
2.9. უზრუნველყოფს ბიუჯეტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეუფერხებელ დაფინანსებას.
2.10. აქტიურად მონაწილეობს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სრულყოფის საქმიანობაში.
2.11. დაინტერესებულ უწყებებთან ერთად ახორციელებს მეთოდურ ხელმძღვანელობას საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისადმი.
2.12. ორგანიზაციას უწევს საფინანსო-საბიუჯეტო და სისტემის სხვა დარგებისათვის კადრები შერჩევა-განაწილების, მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებას.
3. სამინისტროს ძირითადი ფუნქციები
3.1. ახორციელებს რესპუბლიკაში საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის მეთოდურ ხელმძღვანელობას.
3.2. „საბიუჯეტო სისტემისა და უფლებების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონით განსაზღვრულ ვადაში საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს წარუდგენს ან დებულების 1.2. პუნქტით გათვალისწინებულ პროექტებს.
3.3. საქართველოს რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექციასთან და კონტროლის პალატასთან ერთად უზრუნველყოფს საქართველოს რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტის შესრულებას, ადგენს დამტკიცებული რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავალ-გასავლის განწერას; ორგანიზაციას უკეთებს ბიუჯეტის შესრულებას; ახორციელებს ღონისძიებებს საბიუჯეტო სახსრების დანიშნულებისამებრ ხარჯვის უზრუნველსაყოფად; დადგენილი წესით ახორციელებს რესპუბლიკური ბიუჯეტის ურთიერთანგარიშსწორებას ავტონომიური რესპუბლიკების, რესპუბლიკის ქალაქებისა და რაიონების ბიუჯეტებთან, აგრეთვე შეაქვს ცვლილებანი საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროთა და უწყებათა შემოსავალ-გასავლის ბალანსების (საფინანსო გეგმების) და ხარჯთაღრიცხვების ცალკეულ მუხლებში. ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის შესადგენად და სათანადო ანალიზისათვის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციისაგან სამინისტრო ყოველთვიურად ღებულობს ანგარიშებს ნაერთი და რესპუბლიკური ბიუჯეტების შემოსავლების შესახებ.
3.4. ახორციელებს კონტროლს საქართველოს რესპუბლიკის საბანკო დაწესებულებათა მიერ ბიუჯეტის საკასო შესრულებისადმი.
3.5. ადგენს კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკური და ნაერთი ბიუჯეტების შესრულების შესახებ და წარუდგენს მათ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს.
3.6. შეიმუშავებს და ამტკიცებს რესპუბლიკური და ნაერთი ბიუჯეტების შედგენისა და შესრულების წესს, მათ შემოსავლებისა და ხარჯების კლასიფიკაციას.
3.7. შეიმუშავებს ბიუჯეტზე მყოფ დაწესებულებათა ხარჯთაღრიცხვების შედგენის, განხილვის, დამტკიცებისა და შესრულების წესს.
3.8. შეიმუშავებს და ახორციელებს ღონისძიებებს სახელმწიფო სახსრების ხარჯვის ნორმებისა და ნორმატივების სრულყოფისათვის და მათი გამოყენების ეფექტიანობის და ნორმატივების სრულყოფისათვის და მათი გამოყენების ეფექტიანობის ამაღლებისათვის.
3.9. რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური გეგმისა და სხვა მაჩვენებლების გათვალისწინებით შეიმუშავებს ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების სათანადო ღონისძიებებს.
3.10. თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს უცხოური კრედიტების, ინვესტიციებისა და დახმარებების, სახელმწიფო ვალების რეგულირების საქმეში.
3.11. განიხილავს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროების, კომიტეტების, დეპარტამენტების, ინსპექციების, სახელმწიფო კორპორაციებისა და კონცერნების კვარტალურ და წლიურ ბუღალტრულ ანგარიშებსა და ბალანსებს და აანლიზებს მათ საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის, საჭიროების შემთხვევაში წარუდგენს მათ მოთხოვნებს საფინანსო საქმიანობაში გამოვლენილ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის შესახებ, აუცილებლობის შემთხვევაში მოახსენებს ამის თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს.
3.12. საფინანსო-საკრედიტო მექანიზმის სრულყოფის ღონისძიებათა განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად შეიმუშავებს წინადადებებს ფასებისა და ფასწარმოქმნის სრულყოფის თაობაზე.
3.13. აქტიურად მონაწილეობს ქვეყანაში ინფლაციური პროცესების შეჩერებისა და სტაბილიზაციის ღონისძიებათა განხორციელებაში, ქართული ეროვნული ვალუტის შემოღებაში; შეისწავლის ფულის მიმოქცევის მდგომარეობას და შეიმუშავებს წინადადებებს მისი გაუმჯობესების, სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების, აქციებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების, ფულისა და ნივთების ლატარიის ბილეთების გამოშვებისა და გავრცელების შესახებ. ორგანიზაციას უკეთებს და წარმართავს აქციებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებულ საქმიანობას, ფულისა და ნივთების სახელმწიფო ლატარიის ტირაჟების ჩატარებას, მონაწილეობს რესპუბლიკის სავაჭრო-საგადამხდელო და მოსახლეობის ფულადი შემოსავალ-გასავლის წლიური და პერსპექტიული ბალანსების შემუშავებაში და თვალყურს ადევნებს მათ შესრულებას.
3.14. ახორციელებს კონტროლს მმართველობის აპარატის შენახვის სახსრების სწორად და ეკონომიურად ხარჯვისადმი. შეიმუშავებს წინადადებებს სახელმწიფო მმართველობის ორგანოების ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესებისა და მისი შენახვის გაიაფებისათვის.
3.15. ფინანსური რესურსების მობილიზაციისა და ეფექტიანი გამოყენებისათვის შეიმუშავებს ღონისძიებებს რესპუბლიკაში საგადასახადო პოლიტიკის სრულყოფის შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს საწარმოების, გაერთიანებებისა და ორგანიზაციების საქმიანობის სტიმულირების მეწარმეობისა და მცირე ბიზნესის განვითარების, სოციალური სამართლიანობის პრინციპების დაცვას.
3.16. შეიმუშავებს მეთოდურ მითითებებსა და სხვა ნორმატიულ აქტებს საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ, ახორციელებს მეთოდურ ხელმძღვანელობასა და კონტროლს სამინისტროების, კომიტეტების, დეპარტამენტების, ინსპექციების, კორპორაციების, კონცერნების, გაერთიანებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების საქმიანობისადმი. ადგენს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ბიუჯეტის შესრულების თაობაზე ანგარიშების, საბიუჯეტო დაწესებულებათა ხარჯთაღრიცხვების აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებს.
3.17. მეთოდურ დახმარებას უწევს აუდიტორულ ორგანიზაციებს, ასევე იურიდიულ და ფიზიკურ პირებს – ფინანსური ანგარიშების შემუშავებასა და მათი საქმიანობის შედეგების გამოქვეყნებაში.
3.18. საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნათა შესაბამისად სამინისტროს სისტემაში ატარებს საკადრო პოლიტიკას, ახდენს კადრების შერჩევას და განაწილებას, ახორციელებს ღონისძიებებს მათი მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის.
3.19. მოქმედი კანონმდებლობის და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ატარებს ატესტაციას და უფლებას აძლევს (გასცემს ლიცენზიებს) მომსახურებისა და სხვა საქმიანობისათვის.
4. სამინისტროს უფლებამოსილებანი
სამინისტრო უფლებამოსილია:
4.1. მიიღოს სამინისტროების, კომიტეტების, დეპარტამენტების, ინსპექციების, კორპორაციების, საწარმოებისა და ორგანიზაციებისაგან (საკუთრების ფორმის მიუხედავად), საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკური და ნაერთი ბიუჯეტების პროექტების შესადგენად საჭირო მონაცემები.
საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს უფლება აქვს ცალკეული საკითხების განხილვისა და დამუშავებისათვის მოიწვიოს სამინისტროების, უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, მეცნიერები და სპეციალისტები, ან მოითხოვოს მათ საჭირო ინფორმაცია.
4.2. შეზღუდოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, შეაჩეროს საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან სამინისტროების, კომიტეტების, დეპარტამენტების, ინსპექციების, კორპორაციების, კონცერნების, დაწესებულებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების დაფინანსება, თუ გამოვლინდა მათ მიერ სახსრების უკანონოდ ხარჯვის ან ადრე გაცემული სახსრების ხარჯვისადმი დაწესებული ანგარიშგების წარუდგენლობის ფაქტები. ამასთან, აცნობოს ამის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს.
4.3. ჩაატაროს სახელმწიფო სახსრების მობილიზაციისა და საბიუჯეტო ასიგნებათა ხარჯვის სისწორის შერჩევითი და მიზნობრივი შემოწმება, ჩაატაროს საბუღლატრო-საფინანსო შემოწმებები სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად.
შემოწმებების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში და სხვა არასაბიუჯეტო ფონდებში დამატებით ჩარიცხული თანხის 15 პროცენტი მოხმარდეს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინსიტროს მუშაკთა მატერიალურ წახალისებას, სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას და სხვა ღონისძიებებს.
მატერიალური წახალისებისათვის განკუთვნილი თანხები გათავისუფლებულია სოცდაზღვევის ანარიცხებისაგან.
4.4. ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით დააწესოს ძვირფასი ლითონებისა და ქვების შესასყიდი და სარეალიზაციო ფასები, მონაწილეობა მიიღოს პროდუქციის, საქონლისა და საწარმოებისა და მოსახლეობისათვის გაწეული მომსახურების რეგულირებადი ფასებისა და ტარიფების პროექტების მომზადებაში, განხილვასა და დამტკიცებაში.
4.5. განახორციელოს კონტროლი სახელმწიფო სახსრების ნაწილში რესპუბლიკის სამინისტროების, კომიტეტების, დეპარტამენტების, ინსპექციების, კორპორაციებისა და კონცერნების მიერ საქვეუწყებო საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების საბუღალტრო ანგარიშებისა და ბალანსების დროულად და სწორად განხილვისადმი. მისცეს მათ რეკომენდაციები და წინადადებანი ანგარიშებსა და ბალანსებში საჭირო შესწორებების შეტანის თაობაზე და შეამოწმოს ამ წინადადებათა განსახორციელებლად გატარებული ღონისძიებანი.
4.6. განახორციელოს მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების თაობაზე ორგანიზაციული ღონისძიებები დაინტერესებული სამინისტროების, კომიტეტების, დეპარტამენტების, უწყებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების (საკუთრების ფორმის მიუხედავად), სამეცნიერო დაწესებულებებისა და მართვის ადგილობრივი ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობით.
4.7. სამინისტროს ენიჭება სხვა უფლებებიც, რომლებიც გამომდინარეობს საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედი კანონმდებლობიდან.
5. სამინისტროს ხელმძღვანელობა
5.1. სამინისტროს ხელმძღვანელობს ფინანსთა მინისტრი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – სახელმწიფოს მეთაური საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის წარდგინებით და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც იგი თავად ნიშნავს თანამდებობაზე და ათავისუფლებს თანამდებობიდან, რასაც შემდგომ ამტკიცებს მინისტრთა კაბინეტი. ფუნქციებს მინისტრის მოადგილეებს შორის ანაწილებს ფინანსთა მინისტრი.
5.2. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს უთანხმდება ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა მინისტრების, რესპუბლიკის ქალაქებისა და რაიონების საფინანსო ორგანოების ხელმძღვანელთა თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება.
5.3. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს აკისრია პერსონალური პასუხისმგებლობა. სამინისტროსათვის მინდობილი ამოცანებისა და მოვალეობების შესრულებისათვის, საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკის განხორციელებისათვის. იგი განსაზღვრავს მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს აპარატის ქვედანაყოფების და სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ორგანიზაცია-დაწესებულებების ხელმძღვანელთა პერსონალურ პასუხისმგებლობას.
5.4. სამინისტროში იქმნება კოლეგია, რომელშიც შედიან საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი (კოლეგიის თავმჯდომარე), ფინანსთა მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი მუშაკები, სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, აგრეთვე სხვა სამინისტროების, უწყებების, სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლები (საჭიროების მიხედვით). სამინისტროს კოლეგიის შემადგენლობა განისაზღვრება 15 წევრით. მათ პერსონალურ შემადგენლობას საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.
კოლეგიის საქმიანობას და მის პრაქტიკულ მუშაობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ ღონისძიებებს ახორციელებს კოლეგიის მდივანი.
5.5. სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დაქვემდებარებული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი.
5.6. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაურის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის პოლიტიკას დადგენილი წესით, გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებს, მეთოდურ მითითებებს; მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროებს, რესპუბლიკის ქალაქებისა და რაიონების საფინანსო ორგანოებს, სამინისტროს სისტემის სხვა დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შესასრულებლად აძლევს მათთვის სავალდებულო მითითებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას.
საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის საქართველოს რესპუბლიკის სხვა სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად ღებულობს კოლეგიის გადაწყვეტილებებს, დადგენილებებს, გამოსცემს ბრძანებებსა და ინსტრუქციებს.
5.7. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს შეაჩეროს და გააუქმოს სამინისტროსთან არსებული ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდის, სასინჯი ზედამხედველობათა სახელმწიფო ინსპექციის, ფინანსებისა და სტატისტიკის ინსტიტუტის და სხვა დაქვემდებარებული ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ხელმძღვანელების მიერ გამოცემული კანონსაწინააღმდეგო აქტები.
5.8. მინისტრის მოადგილეებს უფლება აქვთ მიიღონ გადაწყვეტილებანი მინისტრის მიერ განსაზღვრული ფუნქციების ფარგლებში მინისტრის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში მას ცვლის პირველი მოადგილე.
5.9. სამინისტროს კოლეგია თავის სხდომებზე იხილავს საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკური და ნაერთი ბიუჯეტების შესადგენად და შესასრულებლად მუშაობის ორგანიზაციის, სამინისტროს სისტემის დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისადმი პრაქტიკული ხელმძღვანელობის, დავალებათა შესრულების შემოწმების, კადრების შერჩევისა და სხვა საკითხებს, უმნიშვნელოვანესი ბრძანებების, წესებისა და ინსტრუქციების პროექტებს; ისმენს ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა მინისტრების, რესპუბლიკის ქალაქებისა და რაიონების საფინანსო ორგანოების, სამინსიტროს ცენტრალური აპარატის სამმართველოების, განყოფილებებისა და საქვეუწყებო ორგანიზაცია-დაწესებულებათა ხელმძღვანელების ანგარიშებს.
კოლეგიის გადაწყვეტილებანი, როგორც წესი, ფორმდება მინისტრის ბრძანებით ან კოლეგიის დადგენილებით, მინისტრსა და კოლეგიის წევრთა შორის უთანხმოების შემთხვევაში მინისტრი ახორციელებს თავის გადაწყვეტილებას.
5.10. სამინისტროს კოლეგია ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ორგანიზაციებისა და დაწესებულებების, ცენტრალური აპარატის სამმართველოების, განყოფილებებისა და სხვა ქვედანაყოფების დებულებებს.
5.11. სამინისტროს დებულებას, ცენტრალური აპარატის სტრუქტურას, მუშაკთა საერთო რიცხოვნობას და მათი შესანახი ხარჯების ოდენობას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს შეაქვს სათანადო ცვლილებანი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ სამინისტროსათვის დამტკიცებულ სტრუქტურაში; სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო განრიგს ამტკიცებს მინისტრი.
5.12. სამინისტროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და სათანადო ანგარიშები ბანკებში, აგრეთვე თავისი ბეჭედი, რომელზეც გამოსახულია საქართველოს გერბი.
5.13. სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება რესპუბლიკაში მოქმედი კანონმდებლობით.
საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურა
– ხელმძღვანელობა
– მთავარი საბიუჯეტო სამმართველო
– ხაზინა
– საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის სამმართველო
– ფასიანი ქაღალდების სამმართველო
– ფასების, ფულის მიმოქცევისა და საკრედიტო პოლიტიკის სამმართველო
– სავალუტო და უცხოურ ინვესტიციების საწარმოთა მომსახურების სამმართველო
– მრეწველობისა და მშენებლობის დაფინანსების სამმართველო
– სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და გარემოს დაცვის ღონისძიებათა დაფინანსების სამმართველო
– მომსახურების დარგთა დაფინანსების სამმართველო
– სოციალური ინფრასტრუქტურის დაფინანსების მთავარი სამმართველო
– სახელმწიფო მართვის ორგანოების დაფინანსების სამმართველო
– თავდაცვის, სამართალდამცავი ორგანოებისა და მატერიალური რეზერვების დაფინანსების სამმართველო
– ინფორმაციის და საფინანსო ოპერაციების კომპიუტერული დამუშავების სამმართველო
– ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების სამმართველო
– კადრებისა და კადრების მომზადების სამმართველო
– ფინანსური კონტროლის სამმართველო
– ფინანსური საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო
– საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სამმართველო
– აღდგენითი სამუშაოების დაფინანსების განყოფილება
– მოსახლეობის სოციალური დაცვისა და ლტოლვილებთან მუშაობის განყოფილება
– ცენტრალური ბუღალტერია
– სამეურნეო სამმართველო
– საქმეთა მმართველობა
ნუსხა
საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ორგანიზაციებისა
– საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდი
– სასინჯი ზედამხედველობის სახელწმიფო ინსპექცია
– ფინანსებისა და სტატისტიკის ინსტიტუტი
– სამშენებლო საწარმოო სამმართველო
– სტამბა
– დამხმარე მეურნეობა
დოკუმენტის კომენტარები