საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 332
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
მიღების თარიღი 19/03/1992
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 3, 31/03/1992
ძალის დაკარგვის თარიღი 29/11/1996
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.0.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
332
19/03/1992
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 3, 31/03/1992
000000000.00.0.000000
საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/03/1992 - 09/11/1996)

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის

 

დადგენილება №332

 

1992 წლის 19 მარტი

 

ქ. თბილისი

საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

დამტკიცდეს თანდართული დებულება საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესახებ.

 

საქართველოს რესპუბლიკის

პრემიერ-მინისტრის

მოვალეობის შემსრულებელი                                                              თ. სიგუა

 

საქართველოს რესპუბლიკის

მინისტრთა კაბინეტის

სახელმწიფო კანცელარიის

მმართველობის მოვალეობის

შემსრულებელი                                          გ. ბერიძე

 

დებულება

 

 საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში „სამინისტრო“) არის რესპუბლიკის აგრარული მეურნეობის სახელმწიფო მართვის ცენტრალური ორგანო.

სამინისტრო შექმნილია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 14 თებერვლის № 156 დადგენილებით.

I. სამინისტრო უზენაესი აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში

1. სამინისტრო თავის საქმიანობაში ემორჩილება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის, რესპუბლიკის კანონების, მთავრობის დადგენილებების, სამინისტროს ბრძანებებისა და სხვა ნორმატიული აქტების, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ამ დებულების შესაბამისად.

2. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურაში სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს პრიორიტეტულ როლს აგრარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავებასა და განხორციელებაში.

3. სამინისტრო მინისტრთა კაბინეტის შესაბამის სტრუქტურებთან ერთად ამზადებს აგრარული პოლიტიკის სტრატეგიისა და ტაქტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მთავრობის დადგენილებებს, პროექტებს სხვა კანონქვემდებარე დოკუმენტებს, აქტებს და მონაწილეობას ღებულობს მთავრობის სხდომებზე მათ განხილვაში, მიღებასა და განხორციელებაში.

4. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მინისტრთა კაბინეტის წინაშე თავისი კომპეტენციის ფარგლებში რესპუბლიკაში აგრარული პოლიტიკის განხორციელებასა და მთავრობის შესაბამისი დადგენილების განუხრელად შესრულებაზე.

5. საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი მთავრობის წევრია. მას მოქმედი კონსტიტუციის საფუძველზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის წარდგინებით რესპუბლიკის პარლამენტი, ხოლო მინისტრის მოადგილეებს – მთავრობა.

– საგანგებო პერიოდში მოქმედებს განსაკუთრებული წესი.

II. სამინისტრო რესპუბლიკის უზენაესი საკანონმდებლო ხელისუფლების სისტემაში

პარლამენტი, კონსტიტუცია და სამინისტრო

1. სამინისტროს ქმნის რესპუბლიკის პარლამენტი მოქმედი კონსტიტუციის საფუძველზე.

2. სოფლის მეურნეობის სამინისტრო თანამშრომლობს პარლამენტის შესაბამის სტრუქტურასთან, აგრარული კანონმდებლობის დახვეწისა და სრულყოფის მიზნით – მუდმივმოქმედ კომისიებთან შეაქვს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში ახალი კანონპროექტები ან წინადადებანი მოქმედ კანონმდებლობაში აგრარულ საკითხებზე.

3. მინისტრი ვალდებულია პასუხი გასცეს დეპუტატთა შეკითხვებზე წერილობით ან პარლამენტში გამოსვლით, უფლება აქვს დააყენოს საკითხები პარლამენტის წინაშე აგრარული პოლიტიკისა და აგრარული კანონმდებლობის შესახებ, თვითონ მიმართოს შეკითხვით საჯაროდ პარლამეტს ან დეპუტატებს.

III. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამოცანები, მიზნები და ფუნქციები

სამინისტროს მთავარი მიზნები და ამოცანებია:

– მოსახლეობისა და მრეწველობის უზრუნველყოფა აგრარული მეურნეობის მაღალხარისხოვანი პროდუქციით;

– საქართველოს სასოფლო ტერიტორიაზე (სოფელი, რაიონი და სხვა) მშრომელთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, მათი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, აგრარული სტრუქტურების განვითარება, განათლების სისტემის სრულყოფა;

– აგრარული მეურნეობის ორგანიზაციულ, საწარმოო და ეკონომიკურ ურთიერთობათა სრულყოფა (აგრარული მეურნეობის, როგორც ინტეგრირებული სისტემის მოდერნიზაცია, წარმოების გადიდებისათვის დარგთაშორისი რეზერვების ინტენსიური გამოყენება, ეფექტიანი საინვესტიციო პოლიტიკის გატარება და სხვა);

– აგრარული საგარეო ურთიერთობის განვითარება, სოფლის მეურნეობის პროდუქციით შიდავაჭრობის ორგანიზაცია და გაუმჯობესება;

– მაღალხარისხოვანი სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების გადიდება, სასურსათო რესურსების ფორმირება, დაშვებული ფონდების ფარგლებში მრეწველობის ნედლეულით მომარაგება, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის დაჩქარებისა და მისი შედეგების წარმოებაში დანერგვის უზრუნველყოფა;

– რესპუბლიკის აგრარული მეურნეობის განვითარების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მშენებლობის, სახელმწიფო მეურნეობათა, ფერმერული, გლეხური (საკომლო) მეურნეობის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და სხვა სახის საწარმოო-სამეურნეო ფორმირებათა მომსახურება და შესაბამისი (ხელშეკრულებით განსაზღვრული) დანიშნულების საქონლით უზრუნველყოფა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიწების მელიორაციის, ახალი მიწების ათვისებისა და მიწების ნაყოფიერების ამაღლების ტექნიკურ, ეკონომიკურ, სამეურნეო და ორგანიზაციულ ღონისძიებათა განხორციელება.

IV. სამინისტრო გარდამავალ, ახალ საწარმოო-ეკონომიკურ ურთიერთობათა და საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების პერიოდში სამინისტროს უფლება-მოვალეობანი

1. დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად მიმდინარე ეტაპზე რესპუბლიკის სოფლის მეურნეობაში თვისობრივად ახალ საწარმოო-ეკონომიკურ ურთიერთობათა ჩამოყალიბებისა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ინტერესების გათვალისწინებით სამინისტრო მონაწილეობს სახელმწიფო შეკვეთების ფორმირებაში, უშუალოდ წყვეტს მართვის ცენტრალური და ადგილობრივი სტრუქტურების სრულყოფის (შეცვლის), ახალი საწარმოების, ორგანიზაციების, გაერთიანებებისა და სხვა ფორმირებათა შექმნის, გაყოფა-შეერთების, გაუქმების, ასევე სასოფლო-სამეურნეო წარმოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საუწყებო კონტროლის განხორციელების, მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობის პირების დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხებს.

V. სოფლის მეურნეობის განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ძირითადი გზები

1. სამინისტრო საქართველო სამეურნეო-ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად ახორციელებს სოფლის მეურნეობის განვითარების ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას, რისთვისაც უზრუნველყოფს:

– არსებული საწარმოო-ეკონომიკური პოტენციალის, უწინარეს ყოვლისა მიწის, სხვა ძირითადი ფონდების, შრომითი, მატერიალური და ფინანსური რესურსების ეფექტიან გამოყენებას და ამის საფუძველზე აგრარული მეურნეობის პროდუქციის წარმოების შემდგომ გადიდებას;

– სოფლის მეურნეობის დარგების, როგორც რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის ერთიანი შემადგენელი ნაწილის, კომპლექსურ განვითარებას მასში შემავალ სახელმწიფოებრივ და არასახელმწიფოებრივ საწარმოთა და ორგანიზაციათა ეკონომიკური, ტექნოლოგიური და ორგანიზაციული კავშირურთიერთობის განმტკიცების გზით;

– სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მიღწევათა დანერგვას, სახელმწიფოებრივი და არასახელმწიფოებრივი სტრუქტურების, სასოფლო მშენებლობისა და წყალსამეურნეო ორგანიზაციების საწარმოო მომსახურებასა და მატერიალურ-ტექნიკურ მომარაგებას შესაბამისი ბაზის თანმიმდევრული განმტკიცებისა და მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების საფუძველზე;

– აგრარული მეურნეობის წარმოების რაციონალურ განლაგებასა და გადაადგილებას თითოეული რეგიონის ბუნებრივ-საწარმოო და ეკონომიკურ შესაძლებლობათა და თავისებურებათა გათვალისწინებით;

– სახელმწიფო შეკვეთების საფუძველზე სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ნედლეულის რესურსების ოპტიმალურ ფორმირებას და რესპუბლიკის მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად კვების მრეწველობის დარგებისათვის მიწოდებას;

– სოფლის მეურნეობის დარგების (მიუხედავად მათი საკუთრებრივი ფორმებისა) განვითარების ეკონომიკურ-ორგანიზაციული საფუძვლების დამუშავებას;

– ეკოლოგიურად სუფთა, რესურსდამზოგველი ახალი ტექნოლოგიების შექმნას;

– სასოფლო-სამეურნეო წარმოების მექანიზაციის, ელექტრიფიკაციის და ქიმიზაციის, მიწების მელიორაციისა და სასოფლო მშენებლობის, საწარმოო მომსახურებისა და მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების, ნიადაგების რაციონალური გამოყენებისა და მათი ნაყოფიერების კვლავწარმოების, მიწის, ტყისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა-შენახვის საქმეში ერთიანი ტექნიკური და ტექნოლოგიური პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებას;

– სასელექციო მუშაობის გაუმჯობესების გზით მაღალპროდუქტიული თესლებისა და მრავალწლიანი კულტურების (ვაზის, ხეხილის, ჩაის, ციტრუსებისა და სხვა) ნერგების წარმოების განვითარებას, სანაშენო საქმის ეფექტიანობის ამაღლებას, საჭირო მანქანათა სისტემების დანერგვას, სასუქების, მელიორანტებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებათა რაციონალურ გამოყენებას, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ახალი ჯიშებისა და ჰიბრიდების წარმოებაში დანერგვას;

– პროდუქციის ხარისხის, მცენარეთა დაცვის, სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეკოლოგიური უსაფრთხოების, წყლის გამოყენების სამინისტროს სისტემის დაქვემდებარების ტყეების მდგომარეობის, მისი გამოყენების, კვლავწარმოებისა და დაცვის, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გამოცდის, ვეტერინარული ზედამხედველობისა და მომსახურების, მეთესლეობის, ნერგების წარმოებისა და სანაშენო მუშაობის საკითხებისადმი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას;

– სოფლის მეურნეობაში მეურნეობრიობის სხვადასხვა ფორმების დანერგვისადმი ხელის შეწყობას, საწარმოებისა და ორგანიზაციების სამეურნეო დამოუკიდებლობის გაღრმავებას, შრომითი კოლექტივების თვითმმართველობაზე თანდათანობით გადასვლას;

– შეიმუშავებს რესპუბლიკის დაინტერესებული სამინისტროებისა და უწყებების მონაწილეობით დარგების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საერთო სტრატეგიას მიმდინარე პერიოდისა და პერსპექტივისათვის, საბაზრო ურთიერთობის პირობებში სისტემის ეკონომიკის რეგულირების პრინციპებს;

– უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის საწარმოთა საქმიანობაში ფულად-სასაქონლო ურთიერთობათა განვითარების მიზნით შესაბამისი ინფრასტრუქტურის, მარკეტინგის სამსახურების, ერთობლივი საწარმოებისა და ეკონომიკის სხვა ფუნქციონალურ სტრუქტურულ დანაყოფთა შექმნას, თავისუფალი საწარმოო-სამეურნეო ურთიერთობის განვითარებას და საბაზრო ეკონომიკაზე თანდათან გადასვლას;

– ქმნის მატერიალურ და ფინანსურ რეზერვებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ დადგენილი ოდენობით;

– ამუშავებს და ახორციელებს ნიადაგების ნაყოფიერების ამაღლების, ჭარბტენიანი მიწების დაშრობის, ნიადაგების წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზიის, მავნე ეკოლოგიური პროცესების, დაჭაობების, დამლაშებისა და ნიადაგების მდგომარეობის გამაუარესებელი სხვა პროცესების კვლევისა და მათი თავიდან აცილების ღონისძიებებს;

– განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის სოფლის მეურნეობის წარმოების კომპლექსური მექანიზაციის, ელექტრიფიკაციის, გაზიფიკაციის, თბოფიკაციის განვითარების ძირითად მიმართულებებს;

– შეიმუშავებს და წარუდგენს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს წინადადებებს სოფლის მეურნეობაში საგადასახადო სისტემისა და ფასების მექანიზმის სრულყოფის, აგრეთვე საკრედიტო პოლიტიკის საკითხებზე;

– აანალიზებს სოფლის მეურნეობის დარგების საფინანსო და სამეურნეო საქმიანობას და ადგენს მისი განვითარების მეცნიერულად დასაბუთებულ პროგნოზს;

– ამზადებს წინადადებებს საბაზრო ურთიერთობის პირობებში სოფლის მეურნეობის წარმოების სპეციალიზაციის სრულყოფის შესახებ და რესპუბლიკის მთავრობის მიერ მისი მოწონების შემდეგ ნერგავს მას ცხოვრებაში;

– უწევს სახელმწიფო ზედამხედველობას სამინისტრო სისტემის საწარმოებისა და ორგანიზაციების კუთვნილი მანქანებისა და მოწყობილობების ტექნიკურ მდგომარეობასა და ექსპლუატაციას, მათი რემონტისა და ტექნიკური მომსახურების ხარისხის, ნავთობპროდუქტებისა და სხვა ენერგორესურსების გამოყენებას;

– აკონტროლებს თავისი სისტემის სახელმწიფო მეურნეობებისა და ორგანიზაციების მიერ ქონების იჯარით გაცემას და მათ განკარგვას;

– მონაწილეობს მიწების გამოყენების, მიწების დაცვის, მიწის რეფორმისა და მიწათსარგებლობის საკითხების განხილვაში;

– რესპუბლიკის სავეტერინარო სამსახურის მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფო სავეტერინარო კანონმდებლობას;

– ამუშავებს წინადადებებს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობაში ინვესტიციის პოლიტიკის შესახებ;

– აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, რაიონების (ქალაქების) ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისა და სისტემის რესპუბლიკურ გაერთიანებათა წინადადებების გათვალისწინებით განიხილავს და ამტკიცებს სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა სამშენებლო-სამონტაჟო, მომმარაგებელ და სატრანსპორტო ორგანიზაციათა და განლაგების სქემებს;

– მონაწილეობს სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამმუშავებელი საწარმოებისა და სოფლის ინფრასტრუქტურის მშენებლობათა განლაგების სქემების განხილვაში;

– უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზასა და დამტკიცებას დადგენილი წესით;

– განსაზღვრავს მიწების მელიორაციის განვითარების ძირითად მიმართულებებს;

– ხელმძღვანელობს რესპუბლიკაში აგროქიმიურ და მცენარეთა დაცვა-კარანტინის სამსახურებს;

– შეიმუშავებს და ორგანიზაციას უწევს სოფლის მეურნეობის სისტემაში მართვის, პროგნოზირების, დაფინანსების, ეკონომიკურ სტიმულირების, შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სრულყოფის ღონისძიებათა განხორციელებას;

– არეგულირებს ეკონომიკურ ურთიერთობას სამინისტროს სისტემის სასოფლო-სამეურნეო, მომსახურე და სხვა საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა შორის;

– ამტკიცებს დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მომსახურების ფასებსა და ტარიფებს, ტექნიკურ-ეკონომიკურ ნორმატივებს, ნედლეულის, სათბობისა და მასალების ხარჯვისა და მარაგის ნორმებს;

– უზრუნველყოფს სახელმწიფო კონტროლს დამზადებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხისადმი და წყვეტს ამ პროდუქციის ხარისხის შესახებ სადაო საკითხებს;

– ხელს უწყობს დამხმარე წარმოებისა და სარეწთა განვითარებას, მათ შორის რეწვის ეროვნული, ტრადიციული სახეების აღორძინებას;

– ხსნის მაღაზიებს, სავაჭრო სახლებს, სასადილოებს, კაფეებს, ერთობლივ საწარმოებსა და სხვა ობიექტებს; აწყობს ბაზრობებს და მონაწილეობს მათში საქვეუწყებო საწარმოებისა და ორგანიზაციების მიერ წარმოებული პროდუქციის პროპაგანდის, რეკლამისა და რეალიზაციის მიზნით;

– თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სისტემის სახელმწიფო მეურნეობების, საწარმოებისა და ორგანიზაციების, რესპუბლიკური გაერთიანებების, ტრესტებისა და სხვა ფორმირებების ხელმძღვანელებს, მათ მოადგილეებს, მთავარი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს;

– სამინისტროს აპარატის შენახვა ხორციელდება დაქვემდებარებული მეურნეობებისა და ორგანიზაციებისაგან მიღებული ანარიცხების ხარჯზე, რისთვისაც სამინისტროს შესანახი ხარჯების, მატერიალური და სოციალური განვითარების ღონისძიებათა და ცალკეულ მნიშვნელოვან ღონისძიებათა დაფინანსებისათვის შრომით კოლექტივებთან შეთანხმებით მობილიზაციას უკეთებს მეურნეობებისა და ორგანიზაციების განკარგულებაში დატოვებული მოგების 10 პროცენტს.

2. სამინისტრო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, რესპუბლიკის რაიონების (ქალაქების) სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოებიდან და რესპუბლიკური გაერთიანებებიდან წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად განსაზღვრავს სოფლის მეურნეობის პროდუქციის სახელმწიფო დამზადების აუცილებელი მოცულობის პროგნოზს, რომელიც მინისტრთა კაბინეტის მიერ მისი მოწონების შემდეგ, სახელმწიფო დაკვეთის სახით, დადგენილი წესით, შესასრულებლად გადაეცემა აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობას, რესპუბლიკის იმ რაიონების (ქალაქების) სახელმწიფო მმართველობის ორგანოებს, რომლებიც ავტონომიური რესპუბლიკების შემადგენლობაში არ შედიან, ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობის სამინისტროებს, სოფლის მეურნეობის რესპუბლიკურ გაერთიანებებს და საქართველოს რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებს, სამინისტროს უშუალო დაქვემდებარების საწარმოებს და ორგანიზაცია-დაწესებულებებს.

VI. სამინისტროს ორგანიზაციული სტრუქტურა

1. საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატი, ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობის სამინისტროები, სოფლის მეურნეობის მართვის ადგილობრივი ორგანოები, საქვეუწყებო რესპუბლიკური გაერთიანებები, ასოციაციები და სხვა ფორმირებანი, სახელმწიფო მეურნეობები, საწარმოები და ორგანიზაციები, დაწესებულებები, მათ შორის სამშენებლო, სარემონტო, სამელიორაციო სისტემათა საწარმოები და სამმართველოები, მცირე საწარმოები და სხვა ქმნიან საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიან სისტემას.

2. საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სათავეში უდგას მინისტრი. იგი ანაწილებს ფუნქციებს მინისტრის მოადგილეებს შორის მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ნიშნავს (ამტკიცებს) და ათავისუფლებს თანამდებობის პირებს დამტკიცებული ნომენკლატურის შესაბამისად.

3. საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოლეგიის წევრთა პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა. მინისტრის წარდგინებით კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც წესი, ხორციელდება სამინისტროს ბრძანებებითა და კოლეგიის დადგენილებებით. მინისტრსა და კოლეგიას შორის უთანხმოების შემთხვევაში მინისტრი ახორციელებს თავის გადაწყვეტილებას, ამასთან, წამოჭრილი უთანხმოების შესახებ მოახსენებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს, ხოლო კოლეგიის წევრებს, თავის მხრივ, შეუძლიათ აცნობონ თავიანთი აზრი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს.

4. საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურას, მისი შენახვის ხარჯებს მუშაკთა ზღვრულ რიცხოვნობასა და შრომის ანაზღაურების წლიურ ფონდს ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა.

5. სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო განრიგს და მათი შენახვის ხარჯთაღრიცხვას, აგრეთვე დებულებებს მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების შესახებ ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი.

6. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ფუნქციონირებს მთავარი სამმართველოები, სამმართველოები, განყოფილებები და სხვა. ისინი მუშაობენ თავიანთი დებულების მიხედვით.

7. საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზაციულ სტრუქტურაში ფუნქციონირებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობის სამინისტროები.

8. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით იქმნება სოფლის მეურნეობის მართვის რაიონული სამმართველოები, განყოფილებები, მათ დებულებასა და სტრუქტურას თავისებურებათა გათვალისწინებით ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

VII. კადრების მომზადების, ატესტაციისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემა

1. სამინისტრო ითვალისწინებს რა აგრარული სექტორის ყველა დარგის ინტენსიური განვითარების აუცილებლობას, ქმნის საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებით კადრების მომზადების, ატესტაციისა და კვალიფიკაციის ამაღლების ახალ სისტემას, შეაქვს კორექტივები სპეციალობათა ნომენკლატურაში, აარსებს აგრარულ კოლეჯებს, ახალი ტიპის სხვა სასწავლებლებს, სრულყოფს მოქმედი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმებისა და სასწავლებლების საქმიანობას.

2. მჭიდრო კონტაქტებს ამყარებს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან, სხვა აგრარულ უმაღლეს სასწავლებლებთან, შეიმუშავებს სოფლის მეურნეობისათვის საჭირო კადრების საზღვარგარეთის აგრარული და სხვა ტიპის უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში მომზადების პროგრამას.

3.ორგანიზაციას უწევს საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი პერიოდის ხელმძღვანელი კადრებისა და სპეციალისტების მომზადებასა დაგადამზადებას, აგრეთვე მასობრივი პროფესიული კადრების მომზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას, მონაწილეობს უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლების სოფლის მეურნეობის დარგების სპეციალობის სტუდენტთა კონტიგენტის განსაზღვრაში.

4. საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობაში მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების ძირითადი მიმართულებებზე წინადადებათა განსახილველად, მეცნიერულად დასაბუთებული ერთიანი ტექნიკური პოლიტიკის დასადგენად, სამამულო და საზღვარგარეთული მეცნიერებისა და ტექნიკის უახლოესი მიღწევებისა და მოწინავე გამოცდილების დანერგვის თაობაზე რეკომენდაციების შესამუშავებლად სამინისტროში იქმნება სამეცნიერო-ტექნიკური საბჭო თვალსაჩინო მეცნიერების, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების, წარმოების ნოვატორების, სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოებებისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენელთა შემადგენლობით.

სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს შემადგენლობასა და დებულებას ამტკიცებს მინისტრი.

5. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად განსაზღვრავს აკადემიის სისტემის ორგანიზაციებში სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის თემატიკას, სამეცნიერო კადრების მომზადების (სტაჟირების, მათ შორის უცხოეთის ქვეყნებში), აგრარული მეცნიერების უახლესი მიღწევების წარმოებაში დანერგვის სისტემას.

VIII. სამინისტროს ურთიერთობა რესპუბლიკის სხვა სამინისტროებთან, უწყებებთან, დეპარტამენტებთან

1. სასოფლო-სამეურნეო წარმოების, კვების მრეწველობის, მრეწველობის, მომარაგება-გასაღების და სხვა დარგის სამინისტროებთან, უწყებებთან, დეპარტამენტებთან, მართვის სხვა რესპუბლიკურ ორგანოებთან ურთიერთობას (ჰორიზონტალურ ჭრილში) სამინისტრო არეგულირებს ზემდგომი ორგანოების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, მაგრამ მათ შორის ურთიერთობა შესაძლებელია აგრეთვე უშუალოდ ერთმანეთთან კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმების, ერთობლივი დადგენილებების მიღებისა და მისი განხორციელების გზით, რას შეესაბამება საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ინტერესებს და სამინისტროთა უფლებების გაფართოების აუცილებლობას.

2. ყველა სადავო საკითხს, რომელიც არ ექვემდებარება მთავრობასა და პარლამენტში განხილვას, სამინისტრო წყვეტს სასამართლო წესით, უცხოელ პარტნიორებთან კი – საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო სასამართლოს მეშვეობით.

3. სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დარგების ფუნქციონირების სამართლებრივ უზრუნველყოფას.

4. სამინისტრო კანონით დადგენილი წესით აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას, მათი წინადადებების, განცხადებების და საჩივრების განხილვას.

IX. სამინისტრო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები

1. აგრარული პოლიტიკის გატარებისას სამინისტრო მჭიდრო კონტაქტს ამყარებს სასოფლო, სადაბო, რაიონულ, საქალაქო ხელისუფლების ორგანოებთან (გამგებლები, საკრებულოები და სხვა) ადგილობრივი ხელისუფლების იმ სტრუქტურებთან, რომლებსაც მინიჭებული აქვთ რეგიონში სოფლის მეურნეობების განვითარების, აგრარული ბაზრის ეკონომიკური და პოლიტიკური მართვის ფუნქციები.

2. სოფლის მეურნეობის რაიონული სამმართველო, განყოფილება ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან ერთად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ აგრარულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.

3. სამინისტროს რეგიონალური აგრარული სამსახურები (მელიორაციის, აგროქიმიის, ვეტერინარული, მცენარეთა დაცვის, კარანტინის, სასოფლო-სამეურნეო მშენებლობის, მატერიალურ-ტექნიკური მომარაგებისა და სხვა) თავიანთ მუშაობას გარდაქმნიან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის სპეციფიკის გათვალისწინებით, ამკვიდრებენ სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორებში ახალ ეკონომიკურ ურთიერთობებს, იცავენ მეწარმეთა და მომხმარებელთა ინტერესებს.

4. სახელმწიფო შეკვეთების შესრულების ორგანიზაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო აღწევს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისა და სოფლის მეურნეობის რაიონული სამმართველოს, განყოფილების საქმიანობის კოორდინაციით.

5. სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მთავარი საზრუნავია სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად ქართული სოფლის აღორძინება, ქართული არქიტექტურის, ყოფა-ცხოვრების, წეს-ჩვეულებების, ტრადიციების მოვლა-შენახვა და განვითარება ეროვნული სახელმწიფოს კონცეფციის შესაბამისად.

X. სამინისტროს ურთიერთობა პოლიტიკურ პარტიებთან და ორგანიზაციებთან, პროფკავშირებთან და შემოქმედებით კავშირებთან

1.სამინისტრო აგრარული პოლიტიკის კარდინალური საკითხების – პრივატიზაციის, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის, ფასების ლიბერალიზაციის, მოსახლეობის საარსებო დონის ამაღლებისა და სხვა პრობლემების გადაჭრაში ფართო საზოგადოებრიობის ჩაბმის მიზნით ფართო კონტაქტებს ამყარებს რესპუბლიკის პოლიტიკურ პარტიებთან და პოლიტიკურ ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით აგრარული და ეკოლოგიური მიმართულების პარტიებთან (აგრარული პარტია, მწვანეთა პარტია და ა. შ.). დაინტერესებულ პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად ქმნის სამინისტროსთან პოლიტიკურ საკონსულტაციო საბჭოს, მათთან ერთად შეიმუშავებს უმნიშვნელოვანესი ღონისძიებების გეგმებს, დადგენილებებისა და კანონების პროექტებს, სახავს აგრარული პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელების გზებს და ა. შ.

2. სამინისტრო მჭიდრო კონტაქტებს ამყარებს აგრარული სექტორთან დაკავშირებულ პროფკავშირულ ორგანიზაციებთან, მათთან ერთად ატარებს სოფლის მშრომელთა სოციალური დაცვის კომპლექსურ ღონისძიებებს, ხელს უწყობს შრომის ანაზღაურების პროგრესული ფორმების დანერგვას, სოფლის მშრომელთა მატერიალურ-ტექნიკური დონის ამაღლების, სოფლად ალპინიზმის, ტურიზმის, საცხენოსნო და სპორტის სხვა ეროვნულ სახეობათა განვითარებას და სხვა. სხვა დაინტერესებულ სამინისტროებთან და სპორტულ ორგანიზაციებთან ერთად ატარებს სოფლის სპორტსმენთა ტურნირებს, აწესებს, ანიჭებს და გადასცემს პრიზებს.

3. სამინისტრო, ფართო საზოგადოებრიობასთან, განსაკუთრებით შემოქმედებით ინტელიგენციასთან, მწერალთა, ჟურნალისტთა, მხატვართა, კინემატოგრაფისტთა, კომპოზიტორთა, არქიტექტორთა კავშირებთან ერთად ანიჭებს პრემიებს მეცნიერების, ლიტერატურის, ხელოვნების, ჟურნალისტიკის, კინოდოკუმენტალისტიკის დარგში თანამედროვე სოფლის თემაზე შექმნილ საუკეთესო ნაწარმოებთა ავტორებს.

4. სამინისტრო პროფკავშირულ ორგანიზაციებთან ერთად გეგმაზომიერად მუშაობს სოფლის მშრომელების, განსაკუთრებით ახალგაზრდობის მხატვრული და ესთეტიკური აღზრდისათვის, კულტურის სამინისტროსთან და სხვა ორგანიზაციებთან ერთად ატარებს მხატვრული თვითშემოქმედების, სოფლის თეატრების რესპუბლიკურ და რეგიონალურ დათვალიერებებს, ფესტივალებს, ოლიმპიადებს, აყალიბებს ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებს (კოლექტივებს), აწყობს მათთვის გასტროლებს საზღვარგარეთ, უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ფოლკლორის მსოფლიო და საერთაშორისო ფესტივალებში.

XI. სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობანი

1. მთავრობასთან შეთანხმებით საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამყარებს საქმიან კონტაქტებს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის აგრარული მეურნეობის მართვის სამინისტროებთან, აფორმებს კონტრაქტებს წარმოების, გასაღების, მომარაგების, ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიის დანერგვის, ინფორმაციის გაცვლის, ექსპორტისა და იმპორტის კარდინალურ საკითხებზე, დებს ხელშეკრულებებს და სხვა.

2. სამინისტრო, აგრარული სექტორის განვითარების მიზნით, დახმარებას უწევს ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროებს, სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, სასოფლო-სამეურნეო წარმოების ორგანიზაციებს, საწარმოებს როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო სტრუქტურებში არსებულ მეურნეობებს საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობათა განმტკიცებაში, მონაწილეობს საერთაშორისო ბაზრობებსა და სხვა ეკონომიკურ, კომერციულ საქმიანობაში.

3. სამინისტრო, მთავრობასთან შეთანხმებით, საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კავშირში კონტაქტებს ამყარებს გაეროს აგრარულ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო აგრარულ ბანკებთან, ბირჟებთან, სამეცნიერო, საწარმოო, ფინანსური და კომერციულ ორგანიზაციებთან.

4. სამინისტრო დაინტერესებულ სამინისტროებთან და ორგანიზაციებთან ერთად რესპუბლიკის ტერიტორიაზე ატარებს საერთაშორისო ღონისძიებებს, ტრადიციულ ბაზრობებს, გამოფენებს, კონკურსებს, ანიჭებს დიპლომებს, პრიზებს, აფორმებს კონტრაქტებს, ამ გზითაც ავითარებს ექსპორტს და იმპორტს, ხელს უწყობს უცხოური კაპიტალის რესპუბლიკისათვის მომგებიანი ინვესტიციის პოლიტიკის განხორციელებას.

5. უცხოური ვალუტის დეფიციტის პირობებში სამინისტრო განსაკუთრებით უწყობს ხელს უცხოეთის ქვეყნებთან ბარტერული გაცვლის განვითარებას.

6. სამინისტრო ხელს უწყობს უცხოეთის ქვეყნებთან საწარმოო-ეკონომიკური და მეცნიერულ-ტექნიკური კავშირურთიერთობების განვითარებას და მისი ეფექტიანობის ამაღლებას;

– უზრუნველყოფს უცხოეთის სახელმწიფოებთან დადებული ხელშეკრულებების ვალდებულებათა შესრულებას;

– საზღვარგარეთის ფირმებთან სოფლის მეურნეობის ხაზით ერთობლივი საწარმოებისა და ფირმების. კომერციული ბანკების, სააქციონერო საზოგადოების შექმნისას რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოდის ძირითად დამფუძნებლად;

– მონაწილეობას იღებს სასაქონლო ბირჟებისა და აუქციონების ორგანიზაციასა და საქმიანობაში, საბაზრო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტების ფორმირებაში;

- ხსნის სავალუტო ანგარიშს საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ბანკის ნებისმიერ დაწესებულებაში;

– საკუთარი სახსრების ხარჯზე ახორციელებს ნებისმიერ სამეურნეო-ეკონომიკურ და საფინანსო ურთიერთობას საზღვარგარეთის ქვეყნებთან დადგენილი წესით, მიავლებს იქ და მიიღებს იქიდან ფირმებისა და ოგანიზაციების დელეგაციებსა და წარმომადგენლებს, ახორციელებს პროდუქციის გაცვლას, ექსპორტსა და იმპორტს სათანადო ლიცენზიების საფუძველზე, რომლის გაცემის უფლებაც ენიჭება მას.

XII. სამინისტროს საინფორმაციო სამსახური

1. სამინისტროს საქტელერადიო დეპარტამენტთან შეთანხმებით შეუძლია მოამზადოს დარგის ტელე-რადიო გადაცემები და კინოჟურნალები.

2. სამინისტროს შეუძლია შექმნას საინფორმაციო ცენტრი „საქაგროინფორმი“, რომელიც პრესას, რადიოსა და ტელევიზიას მიაწვდის ოპერატიულ ინფორმაციას აგრარული პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე, სამინისტროს საქმიანობაზე.

3. სამინისტროს შეუძლია შექმნას პრესცენტრი, მოაწყოს პრესკონფერენციები.

4. სამინისტროსთან შეიძლება შეიქმნას საზოგადოებრივი აზრის და კონკრეტულ-სოციალოგიური და აგრარულ-პოლიტოლოგიური კვლევისა და ინფორმაციის სამსახურები სათათბირო-სარეკომენდაციო ორგანოების სტატუსით.

5. სამინისტრო უშვებს ექსპრეს-ინფორმაციის ფარგლებსა და ბიულეტენს.

6.სამინისტრო ქმნის საზღვარგარეთის ქვეყნების სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან ინფორმაციის გაცვლისა და მსოფლიო აგრარული ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების სამსახურს.

XIII. სამინისტროს რეორგანიზაციისა და დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი

1. სამინისტროს ჩამოყალიბება, რეორგანიზაცია, გაყოფა, სხვა სამინისტროსთან შეერთება წარმოადგენს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტსა და პარლამენტის პრეროგატივას.

2. სამინისტროს დებულებაში ცვლილებები შეაქვს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს უშუალოდ ან სამინისტროს ინიციატივით.

3. სამინისტრო არის იურიდიული პირი, აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები სახელმწიფო ბანკში, ბეჭედი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ბანკში, ბეჭედი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და დასახელებით და შტამპი. უფლება აქვს იქონიოს სპეციალური სავალუტო ანგარიში საგარეო ეკონომიკურ ბანკში.