დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 261 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 08/04/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 4, 30/04/1996 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 30/09/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/04/1996 - 22/09/1997)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №261
1996 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 8 დეკემბრის კანონის თანახმად:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება და სტრუქტურა.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 13 დეკემბრის № 939 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სამეურნეო სამმართველოს შექმნის შესახებ“ და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 20 დეკემბრის № 918 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს დებულების, სტრუქტურის და კოლეგიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება
I. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომში „იუსტიციის სამინისტრო“) აღმასრულებელი სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებაა, რომელიც თავისი ძირითადი ამოცანების ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო სამართლებრივ პოლიტიკას.
2. იუსტიციის სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით და განკარგულებებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროშია აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის სამინისტროები, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი სასამართლოები, სასამართლო ექსპერტიზის კვლევითი ცენტრი, იუსტიციის სასწავლო ცენტრი, საქართველოს ქალაქებისა და რაიონების სასამართლოები, რეგიონალური სამხედრო სასამართლოები, საქართველოს სანოტარო კანტორები, საქართველოს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოები, მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოების არქივები.
4. იუსტიციის სამინისტრო, მისი ორგანოები და დაწესებულებები ქმნიან სამინისტროს ერთიან სისტემას.
5. იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს სახელმწიფოს, როგორც საჯარო-სამართლებრივი იურიდიული პირის უფლებებს და ასრულებს სამოქალაქო ვალდებულებებს მის წინაშე მდგარი ამოცანების შესაბამისად. იუსტიციის სამინისტროს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, შესაბამისი ბეჭდები და შტემპელები, დამოუკიდებელი ბალანსი და სათანადო ანგარიში ბანკში.
II. სამინისტროს ამოცანები
6. იუსტიციის სამინისტროს მთავარი ამოცანაა იმ სამართლებრივი აქტების მომზადების კოორდინირება, რომლებიც გამოცემულია სამართლებრივი სისტემის განვითარებისათვის, აუცილებელი ორგანიზაციული და ეკონომიკური პირობების უზრუნველყოფა სასამართლოებში მართლმსაჯულების განხორციელებისათვის, სამართლებრივი დახმარების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, სამართლებრივი ინფორმაციის სისტემის ფლობასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულება და სხვა საქმიანობა, რაც შედის სამინისტროს, როგორც ერთიანი სისტემის მმართველობის სფეროში.
III. სამინისტროს საქმიანობის მიმართულებები
7. დასახული ამოცანების შესასრულებლად იუსტიციის სამინისტრო:
ა) ამზადებს კანონპროექტებს და სხვა სამართლებრივ აქტებს სახელმწიფო და კონსტიტუციური სამართლის, სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის სამართალწარმოების, სასამართლო წყობილების, ადმინისტრაციული სამართლის, სამოქალაქო სამართლის ზოგადი საკითხების, ვალდებულებით, სანივთე, საოჯახო, მემკვიდრეობით, სავაჭრო სამართლის საკითხების, საზოგადოებებად და კავშირებად გაერთიანების უფლებების, გაკოტრების რეესტრის წარმოების, სამოქალაქო სამართალწარმოებისა და სააღსრულებო წარმოების შესახებ;
ბ) აანალიზებს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასა და საკანონმდებლო წინადადებებს, ამზადებს წინადადებებს კანონმდებლობის კოდიფიკაციისათვის, ხელმძღვანელობს ახალი კოდექსების შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის მუშაობას და უზრუნველყოფს კოდექსების გამოცემას;
გ) შეიმუშავებს სამართალშემოქმედების მეთოდიკას და სამართლის ტექნიკის ზოგად პრინციპებს;
დ) შეაქვს წინადადებები პარლამენტში კანონებსა და სხვა სამართლებრივ აქტებში წინააღმდეგობების, ხარვეზებისა და შეცდომების აღმოსაფხვრელად;
ე) სამინისტროებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა მოთხოვნით გასცემს ცნობებს სამართლებრივი აქტების მოქმედების შესახებ;
ვ) ადგენს საქართველოს კანონმდებლობის საკონტროლო ინფორმაციის ბანკს, წარმართავს კანონმდებლობის სისტემატიზაციის საქმიანობას;
ზ) გამოსაცემად ამზადებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის კრებულებს, კოდექსებს, შეაქვს წინადადება იურიდიული ლიტერატურის გამოცემის საკითხებზე;
თ) უზრუნველყოფს იუსტიციის ორგანოებსა და სასამართლოებს
საკანონმდებლო, სიახლეებით, დახმარებას უწევს მათ კანონმდებლობის აღრიცხვისა და საკონტროლო მდგომარეობაში მოსაყვანად;
ი) ეწევა იუსტიციის ორგანოების, დაწესებულებებისა და სასამართლოების ინფორმაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფის კომპიუტერული სისტემების ჩამოყალიბებისა და დანერგვის ორგანიზაციას;
კ) აღრიცხავს ავტონომიური რესპუბლიკების საკანონმდებლო აქტებს, ეწევა საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობის შედარებით ანალიზს;
ლ) ახორციელებს საქართველოს სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების, სახელმწიფო მმართველობის ყველა ცენტრალური ორგანოს იმ ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეგისტრაციასა და აღრიცხვას, რომლებიც მოქალაქეთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს უხება ან უწყებათაშორისი ხასიათი აქეს, ადგენს საუწყებო ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეგისტრაციის რეესტრს, გასცემს ლიცენზიას ფასიანი იურიდიული მომსახურებისათვის.
მ) წინასწარ განიხილავს უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა განცხადებებს საქართველოს მოქალაქედ მიღების, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის შესახებ, საქართველოს მოქალაქეთა განცხადებებს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ, კომპეტენტურ ორგანოთა წარდგინებებს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ, განიხილავს და წყვეტს შუამდგომლობებს იმიგრაციის შესახებ;
ნ) ახდენს საქართველოს კანონმდებლობის უნიფიკაციის კოორდინირებას საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
ო) ქმნის გაკოტრების საქმეთა მწარმოებელ საკვალიფიკაციო საბჭოს და ამტკიცებს მის დებულებას გაკოტრების საქმეთა მწარმოებელი საკვალიფიკაციო საბჭოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, გასცემს გაკოტრების საქმეების წარმოებასთან დაკავშირებულ საკვალიფიკაციო მოწმობებს;
პ) სამინისტრო სარეგისტრაციო კოლეგიის მეშვეობით ახორციელებს პოლიტიკური გაერთიანებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, რელიგიური გაერთიანებების წესდებათა სახელმწიფო რეგისტრაციას, ადგენს მოქალაქეთა პოლიტიკური და საზოგადოებრივი გაერთიანებების სახელმწიფო რეესტრს, ქმნის რეგისტრირებული ორგანიზაციების მონაცემთა ერთიან საინფორმაციო ბანკს, ეწევა მათ მიერ წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულების კონტროლს. შეისწავლის რეგისტრირებულ ორგანიზაციათა მიერ მოქმედი კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკას;
ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვა სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან და საერთაშორისო-იურიდიულ ორგანიზაციებთან დებს შეთანხმებებს სამართლებრივი ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ; სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მონაწილეობს სხვა სახელმწიფოებთან სამართლებრივი დახმარების გაწევის შესახებ ხელშეკრულებების, კონვენციებისა და შეთანხმებების დადებაში და ორგანიზაციას უწევს მათ შესრულებას;
რ) სასამართლო რეფორმის განხორციელებასთან, აგრეთვე სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ორგანიზაციებისა და დაწესებულებების საქმიანობის სფეროსადმი დაკავშირებულ საკითხებზე შეიმუშავებს ნორმატიული აქტების პროექტებს;
ს) ახორციელებს სასამართლოების ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას, ადგენს სასამართლოს მუშაობის წესებს, ორგანიზაციას უკეთებს სასამართლოს მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების საქმეს, ახდენს სასამართლო პრაქტიკის სისტემატიზაციას და კომპიუტერიზაციას, განკარგავს საფინანსო სახსრებს სასამართლოების საქმიანობის უზრუნველსაყოფად და ამარაგებს მათ საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით, ზრუნავს სასამართლოების მშენებლობისა და მათი კაპიტალური შეკეთებისათვის;
ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ატარებს სასამართლოთა რევიზიას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში რევიზიის ჩასატარებლად იწვევს უზენაესი სასამართლოს წევრებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით;
უ) არჩევს და ამზადებს მოსამართლედ დასანიშნ კანდიდატებს, მითითებებს აძლევს სასამართლოთა თავმჯდომარეებს, აგრეთვე ამ სასამართლოთა სხვა თანამდებობის პირებს, შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით სამუშაო დისციპლინის კონკრეტული დარღვევისათვის ადებს მათ დისციპლინურ სასჯელს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში მოსამართლეების წინააღმდეგ აღძრავს დისციპლინურ დევნას; მიმართავს უზენაესი სასამართლოს პლენუმს მოქმედი კანონის აუცილებლი განმარტებისათვის;
ფ) ხელმძღვანელობს იუსტიციის სამინისტროს სისტემის სასამართლო-საექსპერტო დაწესებულებებს, ქმნის სასამართლო ექსპერტიზის სასამართლო კვლევით დაწესებულებებს; განსაზღვრავს სასამართლო ექსპერტიზის სახეებს, ეწევა საერთაშორისო თანამშრომლობას სასამართლო ექსპერტიზის დარგში;
ქ) ორგანიზაციას უწევს თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სასამართლოების, იუსტიციის ორგანოებისა და დაწესებულებების მუშაობასთან დაკავშირებული საჩივრებისა და განცხადებების განხილვას;
ღ) არჩევს იუსტიციის ორგანოების მუშაკთა კანდიდატურებს, კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფს იუსტიციის ორგანოებსა და დაწესებულებებს, ორგანიზაციას უწევს მათ პროფესიულ სწავლებას, საქმიან კონტაქტებს ამყარებს საზღვარგარეთის შესაბამის ორგანოებთან მოწინავე ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე იურისტთა კადრების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველსაყოფად;
ყ) დადგენილი წესით ხელმძღვანელობს ნოტარიატის საქმიანობას, წყვეტს სანოტარო კანტორების გახსნის საკითხებს და განსაზღვრავს მათი მომსახურების ტერიტორიას, იღებს ზომებს საზღვარგარეთ არსებული სამემკვიდრეო ქონების დასაცავად.
შ) ხელმძღვანელობს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოებს, იღებს ზომებს მოსახლეობის სათანადო სამართლებრივი მომსახურების უზრუნველსაყოფად; ამზადებს ცნობებს საზღვარგარეთ დასაქორწინებელ მოქალაქეებზე ქორწინებისათვის დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ; ამოწმებს, ხელმძღვანელობს საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების ქართული წარმომავლობისა და შესაბამისი გვარების აღმდგენი მუდმივმოქმედი კომისიის მუშაობას;
ჩ) ხელმძღვანელობს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრს;
ც) ხელს უწყობს მოქალაქეთა სამართლებრივი კულტურის ამაღლების საქმეს, ამ მიზნით თანამშრომლობს პრესისა და სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას სამინისტროს სამართალშემოქმედების და საქმიანობის შესახებ, აცნობს კანონპროექტებს, აანალიზებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნებულ სამართლებრივ ინფორმაციას, ახდენს საზოგადოების მართლშეგნების ცვლილებების პროგნოზირებას;
ძ) აფინანსებს იუსტიციის სამინისტროს ორგანოებსა და დაწესებულებებს, გამოყოფს ფინანსურ სახსრებს შესაბამისი სასამართლოების განკარგულებაში, უზრუნველყოფს ასიგნებათა ხარჯვის კონტროლს, ორგანიზაციას უწევს სასამართლოების, იუსტიციის ორგანოებისა და დაწესებულებების სისტემის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, განსაზღვრავს მათ მოთხოვნილებას კადრებზე;
წ) ხელს უწყობს და აფინანსებს სამეცნიერო გამოკვლევებს თავისი საქმიანობის სფეროში, მითითებული ამოცანების შესასრულებლად ქმნის დროებით შემოქმედებით კოლექტივს, აწყობს სამეცნიერო კონფერენციებს, სემინარებს, შეხვედრებსა და სიმპოზიუმებს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით;
ჭ) სწავლობს საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობას და იუსტიციის სისტემის ორგანიზაციას;
ხ) აწესრიგებს სამართლებრივ ტერმინოლოგიას.
IV. სამინისტროს უფლებები და ვალდებულებანი
8. იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია:
ა) სახელმწიფო და სხვა ორგანოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან, თანამდებობის პირებისაგან გამოითხოვოს სამინისტროსათვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტაცია და მასალა;
ბ) კანონშემოქმედებითი, საკონსულტაციო და საექსპერტო სამუშაოების განსახორციელებლად დადგენილი წესით მოიწვიოს სამეცნიერო ორგანიზაციები, სახელმწიფო ორგანოებისა და დაწესებულებათა თანამშრომლები, სპეციალისტები და ექსპერტები, მათ შორის საზღვარგარეთიდან; გამოიყენოს ამ მიზნისათვის სპეციალური საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრები;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს მოლაპარაკებები, დადოს ხელშეკრულებები როგორც რესპუბლიკის, ისე საზღვარგარეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.
V. სამინისტროს ხელმძღვანელობა
9. იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში „მინისტრი“), რომელსაც პარლამენტის თანხმობით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
მინისტრი პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე მინდობილი მმართველობის სფეროს მდგომარეობისა და განვითარებისათვის.
მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები.
მინისტრის პირველ მოადგილეს მინისტრის წარდგინებით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, მინისტრის მოადგილეებს ნიშნავს მინისტრი საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით.
ფუნქციებს მინისტრის მოადგილეებს შორის ანაწილებს მინისტრი. მინისტრის დავალებით ერთ-ერთი მოადგილე ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
VI.
10. მინისტრი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.
11. მინისტრი:
ა) უზრუნველყოფს სამინისტროს წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებას; დადგენილი წესით წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად ნორმატიული აქტების პროექტებს სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;
ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს იუსტიციის ორგანოებისათვის, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის, ხოლო სამუშაოს ორგანიზაციის საკითხებზე სასამართლოებისათვის შესასრულებლად სავალდებულო ბრძანებებს და ინსტრუქციებს, აკონტროლებს ამ ბრძანებებისა და ინსტრუქციების შესრულებას;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას ნოტარიუსების სამსახურებრივ საქმიანობაზე; სანოტარო მოქმედებების და მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩაწერის სრულყოფის საკითხებზე იუსტიციის სამინისტროს ინსტრუქციები და მითითებანი სავალდებულოა მოქალაქეებისათვის, სამინისტროებისა და უწყებებისათვის, ადგილობრივი ადმინისტრაციისათვის, საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის;
დ) იღებს გადაწყვეტილებას უცხოელი მოქალაქეებისა და საქართველოში დროებით მყოფი მოქალაქეობის არმქონე პირების საქართველოდან გაძევების შესახებ;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაკებს, სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს, მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოებისა და სანოტარო კანტორების მუშაკებს, დასამტკიცებლად წარუდგენს რაიონის (ქალაქის) სასამართლოების, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს, ნიშნავს ადმინისტრაციულ მოსამართლეებს და სასამართლო აღმასრულებლებს;
ვ) აღძრავს მოსამართლეთა მიმართ დისციპლინურ დევნას და დადგენილი წესით მოსამართლეთა საკვალიფიკაციო კოლეგიის წინაშე აყენებს მოსამართლეთა გაწვევის (ვადამდე გათავისუფლების) საკითხებს, სათანადო ორგანოებში შეაქვს წარდგინება მოსამართლეთა გაწვევის შესახებ;
ზ) ამტკიცებს სამინისტროს სამმართველოებისა და განყოფილებების, აგრეთვე სამინისტროსადმი დაქვემდებარებული დაწესებულებებისა და ორგანიზაციების დებულებებს (წესდებებს);
თ) იწვევს იუსტიციის სამინისტროს კოლეგიას და თავმჯდომარეობს კოლეგიის სხდომებს, ხელმძღვანელობს იუსტიციის სამინისტროს აპარატის მუშაობას;
ი) ამტკიცებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხას;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იუსტიციის ორგანოების მუშაკებს ანიჭებს სპეციალურ წოდებებს, დადგენილი წესით წარადგენს სასამართლოების მუშაკებს საკვალიფიკაციო კლასების მისანიჭებლად;
ლ) დადგენილი წესით განსაკუთრებით გამოჩენილ მუშაკებს წარადგენს საპატიო წოდებისა და ჯილდოს მისანიჭებლად;
მ) აწარმოებს მოქალაქეთა პირად მიღებას, ორგანიზაციას უწევს სამინისტროს აპარატის მუშაობას მოქალაქეთა მიღების მათი წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვის საკითხებში;
ნ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებას.
12. მინისტრს შეუძლია გადასცეს მისთვის მინიჭებული ცალკეული უფლებამოსილება მისდამი დაქვემდებარებულ თანამდებობის პირებს, გარდა იმ უფლებისა, რომელიც მინისტრის განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება.
13. მინისტრის სათათბირო ორგანოა სამინისტროს კოლეგია, რომლის შემადგენლობაში არიან მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები, აგრეთვე მინისტრის მიერ დანიშნული სხვა თანამდებობის პირები და სპეციალისტები.
კოლეგია განიხილავს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებს.
კოლეგიის გადაწყვეტილების შესრულება ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.
მინისტრსა და კოლეგიას შორის უთანხმოების შემთხვევაში მინისტრი ახორცილებს თავის გადაწყვეტილებას და წარმოშობილი უთანხმოების შესახებ მოახსენებს საქართველოს პრეზიდენტს.
14. სამართლებრივი და სასამართლო რეფორმის განხორციელების პრობლემებზე იუსტიციის სამინისტროსთან შეიძლება შეიქმნას სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოები.
სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების შემადგენლობას და დებულებებს ამტკიცებს მინისტრი.
15. სამინისტროს რეორგანიზაცია ან მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სტრუქტურა
საჯარო სამართლის სამმართველო
საჯარო კანონმდებლობის განყოფილება
სისტემატიზაციისა და იურიდიული ტექნიკის განყოფილება
კანონთა წიგნის რედაქცია
კერძო სამართლის სამმართველო
ეკონომიკური კანონმდებლობის განყოფილება
საუწყებო ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილება
საერთაშორისო სამართლებრივი
ურთიერთობის სამმართველო
საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილება
საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარების განყოფილება
სასამართლო დეპარტამენტი
სასამართლოს ორგანიზაციული საქმიანობის სარევიზიო განყოფილება
სააღსრულებო წარმოების განყოფილება
სასამართლო პრაქტიკის სისტემატიზაციისა და ანალიტიკის განყოფილება
სასამართლო სტატისტიკის განყოფილება
საზღვარგარეთის ქვეყნების სასამართლოების დავალებებისა და აქტების შესრულების უზრუნველყოფის სექტორი
სასამართლოების მიერ იურიდიულ პირთა რეგისტრაციის სექტორი
მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამმართველო
მოქალაქეობის საკითხთა განყოფილება
იმიგრაციის საკითხთა განყოფილება
მოქალაქეთა გაერთიანებებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა რეგისტრაციის სამმართველო
მოქალაქეთა გაერთიანებებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა რეგისტრაციის განყოფილება
რეგისტრირებული ორგანიზაციების საწესდებო საქმიანობის ანალიზის განყოფილება
მოქალაქეთა მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოების განყოფილება
ნოტარიატის განყოფილება
კადრების სამმართველო
კადრებთან მუშაობის განყოფილება
სპეც. მუშაობის განყოფილება
საქმეთა მმართველობა
სამეურნეო და კაპიტალური მშენებლობის განყოფილება
საერთო განყოფილება
აღრიცხვა-ანგარიშგების ცენტრალური ბუღალტერია
საგეგმო-საფინანსო ჯგუფი
დოკუმენტის კომენტარები