უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4194-XIVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/05/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030040.05.001.102262
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4194-XIVმს-Xმპ
28/05/2024
ვებგვერდი, 03/06/2024
040030040.05.001.102262
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო

1. ეს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად აწესრიგებს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციასა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. ეს კანონი არ ზღუდავს მის საფუძველზე უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის საქმიანობას.

მუხლი 2. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია

1. ამ კანონის მიზნებისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:

ა) ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის დაფუძნებული, რომელიც არ არის „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;

ბ) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ისეთი მაუწყებელი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;

გ) ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს საქართველოში მოქმედ მასობრივი ინფორმაციის ბეჭდურ საშუალებას და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;

დ) ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან/და იყენებს მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე გამავრცელებელი ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენს ან/და ინტერნეტჰოსტინგს და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.

2. ამ მუხლის მიზნებისთვის შემოსავალი არის ფულადი თანხა ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთე (ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ნივთი). იმ შემოსავლის ღირებულება, რომელიც არ არის ფულადი თანხა, ამ მუხლის მიზნებისთვის მისი საბაზრო ფასით გამოითვლება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ იმავე პუნქტით გათვალისწინებულმა შესაბამისმა სუბიექტმა მიიღო შემოსავალი, თუ მას გადაეცა ფულადი თანხა ან იგი გახდა ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის (ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ნივთის) მესაკუთრე ან მოსარგებლე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ იმავე პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სუბიექტის მიერ მიღებული შემოსავლის წყარო უცხოური ძალაა, თუ:

ა) აღნიშნულმა სუბიექტმა შემოსავალი უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო;

ბ) აღნიშნულმა სუბიექტმა შემოსავალი პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო იმ იურიდიული პირისგან, რომელმაც შემოსავალი უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო;

გ) აღნიშნული შემოსავლის წყარო იდენტიფიცირებული არ არის.

მუხლი 3. უცხოური ძალა

ამ კანონის მიზნებისთვის უცხოური ძალა არის:

ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;

ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;

გ) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული;

დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.

მუხლი 4. სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია

1. სუბიექტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, ვალდებულია მის მიერ ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების წლის მომდევნო კალენდარული წლის იანვარში სახელმწიფო აუდიტის სამსახურს (შემდგომ – სამსახური) მატერიალური ფორმით წარუდგინოს წერილობითი განცხადება უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის თაობაზე. ამ შემთხვევაში სამსახური ვალდებულია 2 სამუშაო დღეში უზრუნველყოს აღნიშნული სუბიექტის სათანადო ვებგვერდზე იმგვარი დაშვება, რომ მან შეძლოს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის (შემდგომ – განაცხადი) ელექტრონულად, გენერალური აუდიტორის მიერ დადგენილი ფორმის დაცვით შევსება და სამსახურისთვის წარდგენა.

2. სუბიექტი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სათანადო ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღეში ელექტრონულად, გენერალური აუდიტორის მიერ დადგენილი ფორმის დაცვით შეავსოს და სამსახურს წარუდგინოს განაცხადი.

3. განაცხადის ავტორი ვალდებულია განაცხადში, რომელიც იმავდროულად მისი საფინანსო დეკლარაციაა, ასახოს შემდეგი ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში):

ა) განაცხადის ავტორის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ბ) განაცხადის ავტორის ადგილსამყოფლის მისამართი;

გ) განაცხადის ავტორის ვებგვერდის მისამართი;

დ) ინფორმაცია განაცხადის ავტორის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის წყაროს, ოდენობისა და მიზნის შესახებ;

ე) ინფორმაცია განაცხადის ავტორის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნის შესახებ;

ვ) განაცხადის შევსების თარიღი.

4. სამსახური ვალდებულია განაცხადის სამსახურისთვის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში გამოიკვლიოს და შეისწავლოს ეს განაცხადი. ამ მიზნით ამ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც სამსახური მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია. თუ განაცხადის ავტორი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს და განაცხადი სწორად და სრულყოფილად არის შევსებული, სამსახური ვალდებულია მისთვის განაცხადის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში დაარეგისტრიროს განაცხადის ავტორი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად და აღრიცხოს იგი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში. თუ განაცხადი არასწორად ან/და არასრულყოფილად არის შევსებული, სამსახური განაცხადის ავტორს ხარვეზის აღმოსაფხვრელად 10 სამუშაო დღის ვადას განუსაზღვრავს. განაცხადის ავტორი ვალდებულია ამ ვადაში აღმოფხვრას ხარვეზი. თუ განაცხადის ავტორი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, სამსახური ვალდებულია აღნიშნული ვადის გასვლიდან 5 სამუშაო დღეში დაარეგისტრიროს განაცხადის ავტორი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად და აღრიცხოს იგი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში.

5. სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში აღრიცხვისთვის საფასური არ გადაიხდევინება.

6. სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების წესებს, აგრეთვე განაცხადის ფორმას ადგენს გენერალური აუდიტორი.

საქართველოს 2026 წლის 14 აპრილის კანონი №1490 – ვებგვერდი, 16.04.2026წ.

მუხლი 5. განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტებისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის საჯაროობის უზრუნველყოფა

1. განაცხადი და ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება საჯაროა. სამსახური ვალდებულია სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთანავე უზრუნველყოს აღნიშნული სუბიექტის მიერ სამსახურისთვის წარდგენილი განაცხადის, ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების, არსებობის შემთხვევაში – აგრეთვე აღნიშნული სუბიექტის მოქმედი წესდების, სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამ სუბიექტის შესახებ ბოლო ამონაწერის სათანადო ვებგვერდზე განთავსება და საჯაროდ ხელმისაწვდომობა.

2. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში შეტანილი ინფორმაცია საჯაროა. სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს მისი სათანადო ვებგვერდზე განთავსება და საჯაროდ ხელმისაწვდომობა.

საქართველოს 2026 წლის 14 აპრილის კანონი №1490 – ვებგვერდი, 16.04.2026წ.

მუხლი 6. ყოველწლიური საფინანსო დეკლარაცია

1. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტი ვალდებულია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის წლის ყოველი შემდგომი წლის იანვარში ელექტრონულად, გენერალური აუდიტორის მიერ დადგენილი ფორმის დაცვით შეავსოს და სამსახურს წარუდგინოს საფინანსო დეკლარაცია. ამ სუბიექტმა აღნიშნულ საფინანსო დეკლარაციაში სწორად და სრულყოფილად უნდა ასახოს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში) მისი სამსახურისთვის წარდგენის წლის წინა წლის მდგომარეობით. სამსახური ვალდებულია აღნიშნული საფინანსო დეკლარაციის სამსახურისთვის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში გამოიკვლიოს და შეისწავლოს ეს საფინანსო დეკლარაცია. ამ მიზნით ამ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც სამსახური მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია. თუ აღნიშნული საფინანსო დეკლარაცია არასწორად ან/და არასრულყოფილად არის შევსებული, სამსახური მის წარმდგენ სუბიექტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად 10 სამუშაო დღის ვადას განუსაზღვრავს. აღნიშნული სუბიექტი ვალდებულია ამ ვადაში აღმოფხვრას ხარვეზი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაცია და მასში ასახული ინფორმაცია საჯაროა. სამსახური ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს აღნიშნული საფინანსო დეკლარაციის სათანადო ვებგვერდზე განთავსება და საჯაროდ ხელმისაწვდომობა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაციის წარდგენის წესს, აგრეთვე აღნიშნული საფინანსო დეკლარაციის ფორმას ადგენს გენერალური აუდიტორი.

საქართველოს 2026 წლის 14 აპრილის კანონი №1490 – ვებგვერდი, 16.04.2026წ.

მუხლი 7. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმება

1. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებულ სუბიექტს, რომელიც, წინა კალენდარული წლის მონაცემების (გარემოებების) მიხედვით, აღარ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, უფლება აქვს, ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაციის სამსახურისთვის წარდგენისას დასაბუთებული წერილობითი განცხადებით, მატერიალური ფორმით მიმართოს სამსახურს და მოსთხოვოს მისი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის გაუქმება. ამ შემთხვევაში სამსახური აღნიშნული საკითხის სათანადო გამოკვლევისა და შესწავლის საფუძველზე 30 სამუშაო დღეში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. ამ მიზნით სამსახურს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც სამსახური მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია.

2. სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სამსახური ვალდებულია ეს სუბიექტი დაუყოვნებლივ ამორიცხოს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრიდან და სათანადო ვებგვერდიდან წაშალოს აღნიშნულ სუბიექტთან დაკავშირებით ამ კანონის შესაბამისად მანამდე გასაჯაროებული ინფორმაცია და დოკუმენტები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება საჯაროა და სათანადო ვებგვერდზე ქვეყნდება.

4. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების წესს ადგენს გენერალური აუდიტორი.

საქართველოს 2026 წლის 14 აპრილის კანონი №1490 – ვებგვერდი, 16.04.2026წ.

მუხლი 8. მონიტორინგი

1. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან ამ კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად სამსახურს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განახორციელოს მონიტორინგი – საკითხის სათანადო გამოკვლევა და შესწავლა.

2. მონიტორინგის დაწყების საფუძველია:

ა) სამსახურის გადაწყვეტილება;

ბ) სამსახურისთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო ინფორმაციას.

3. მონიტორინგის განსახორციელებლად სამსახურს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც სამსახური მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია.

4. ერთი და იმავე სუბიექტის მიმართ მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ 6 თვეში ერთხელ.

5. თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, მაგრამ მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას თავი აარიდა, სამსახური აღნიშნულ სუბიექტს არეგისტრირებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია ამ სუბიექტს არ ათავისუფლებს ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან. ამ შემთხვევაში აღნიშნული სუბიექტი ვალდებულია 10 სამუშაო დღის ვადაში ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით შეავსოს და სამსახურს წარუდგინოს განაცხადი.

6. მონიტორინგის წესს ადგენს გენერალური აუდიტორი.

საქართველოს 2026 წლის 14 აპრილის კანონი №1490 – ვებგვერდი, 16.04.2026წ.

მუხლი 9. პასუხისმგებლობა და სამართალწარმოების საკითხები

1. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაციის იმავე მუხლით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით.

2. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობა, ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით ან მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზის აღმოფხვრის ვალდებულების შეუსრულებლობა ან ამ კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული განაცხადის შევსებისა და წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების გაგრძელება იმავე ქმედების ჩადენისთვის ბოლოს დადებული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 თვის განმავლობაში –

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

4. სამსახურისთვის მის მიერ ამ კანონის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს და სამართალდამრღვევს შესაბამის ადმინისტრაციულ სახდელს ადებს სამსახურის მიერ უფლებამოსილი პირი. აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და სხვა სათანადო საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესაბამისი სუბიექტისთვის დაკისრება არ ათავისუფლებს მას ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებისაგან.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენიდან 6 წლის განმავლობაში.

8. ამ კანონის საფუძველზე ან/და ამ კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გასაჩივრება მის მოქმედებას არ აჩერებს.

საქართველოს 2026 წლის 14 აპრილის კანონი №1490 – ვებგვერდი, 16.04.2026წ.

მუხლი 10. (ამოღებულია)

საქართველოს 2026 წლის 14 აპრილის კანონი №1490 – ვებგვერდი, 16.04.2026წ.

მუხლი 11. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი–მე-9 მუხლებისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი–მე-9 მუხლები და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

 

თბილისი,

28 მაისი 2024 წ.

N4194-XIVმს-Xმპ