„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1490-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/04/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030040.05.001.103064
1490-Vმს-XIმპ
14/04/2026
ვებგვერდი, 16/04/2026
040030040.05.001.103064
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.06.2024, სარეგისტრაციო კოდი: 040030040.05.001.102262) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სუბიექტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, ვალდებულია მის მიერ ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების წლის მომდევნო კალენდარული წლის იანვარში სახელმწიფო აუდიტის სამსახურს (შემდგომ – სამსახური) მატერიალური ფორმით წარუდგინოს წერილობითი განცხადება უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის თაობაზე. ამ შემთხვევაში სამსახური ვალდებულია 2 სამუშაო დღეში უზრუნველყოს აღნიშნული სუბიექტის სათანადო ვებგვერდზე იმგვარი დაშვება, რომ მან შეძლოს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის (შემდგომ – განაცხადი) ელექტრონულად, გენერალური აუდიტორის მიერ დადგენილი ფორმის დაცვით შევსება და სამსახურისთვის წარდგენა.

2. სუბიექტი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სათანადო ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღეში ელექტრონულად, გენერალური აუდიტორის მიერ დადგენილი ფორმის დაცვით შეავსოს და სამსახურს წარუდგინოს განაცხადი.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახური ვალდებულია განაცხადის სამსახურისთვის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში გამოიკვლიოს და შეისწავლოს ეს განაცხადი. ამ მიზნით ამ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც სამსახური მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია. თუ განაცხადის ავტორი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს და განაცხადი სწორად და სრულყოფილად არის შევსებული, სამსახური ვალდებულია მისთვის განაცხადის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში დაარეგისტრიროს განაცხადის ავტორი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად და აღრიცხოს იგი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში. თუ განაცხადი არასწორად ან/და არასრულყოფილად არის შევსებული, სამსახური განაცხადის ავტორს ხარვეზის აღმოსაფხვრელად 10 სამუშაო დღის ვადას განუსაზღვრავს. განაცხადის ავტორი ვალდებულია ამ ვადაში აღმოფხვრას ხარვეზი. თუ განაცხადის ავტორი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, სამსახური ვალდებულია აღნიშნული ვადის გასვლიდან 5 სამუშაო დღეში დაარეგისტრიროს განაცხადის ავტორი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად და აღრიცხოს იგი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების წესებს, აგრეთვე განაცხადის ფორმას ადგენს გენერალური აუდიტორი.“.

2. მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტებისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის საჯაროობის უზრუნველყოფა

1. განაცხადი და ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება საჯაროა. სამსახური ვალდებულია სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთანავე უზრუნველყოს აღნიშნული სუბიექტის მიერ სამსახურისთვის წარდგენილი განაცხადის, ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების, არსებობის შემთხვევაში – აგრეთვე აღნიშნული სუბიექტის მოქმედი წესდების, სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამ სუბიექტის შესახებ ბოლო ამონაწერის სათანადო ვებგვერდზე განთავსება და საჯაროდ ხელმისაწვდომობა.

2. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში შეტანილი ინფორმაცია საჯაროა. სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს მისი სათანადო ვებგვერდზე განთავსება და საჯაროდ ხელმისაწვდომობა.

მუხლი 6. ყოველწლიური საფინანსო დეკლარაცია

1. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტი ვალდებულია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის წლის ყოველი შემდგომი წლის იანვარში ელექტრონულად, გენერალური აუდიტორის მიერ დადგენილი ფორმის დაცვით შეავსოს და სამსახურს წარუდგინოს საფინანსო დეკლარაცია. ამ სუბიექტმა აღნიშნულ საფინანსო დეკლარაციაში სწორად და სრულყოფილად უნდა ასახოს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში) მისი სამსახურისთვის წარდგენის წლის წინა წლის მდგომარეობით. სამსახური ვალდებულია აღნიშნული საფინანსო დეკლარაციის სამსახურისთვის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში გამოიკვლიოს და შეისწავლოს ეს საფინანსო დეკლარაცია. ამ მიზნით ამ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც სამსახური მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია. თუ აღნიშნული საფინანსო დეკლარაცია არასწორად ან/და არასრულყოფილად არის შევსებული, სამსახური მის წარმდგენ სუბიექტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად 10 სამუშაო დღის ვადას განუსაზღვრავს. აღნიშნული სუბიექტი ვალდებულია ამ ვადაში აღმოფხვრას ხარვეზი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაცია და მასში ასახული ინფორმაცია საჯაროა. სამსახური ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს აღნიშნული საფინანსო დეკლარაციის სათანადო ვებგვერდზე განთავსება და საჯაროდ ხელმისაწვდომობა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაციის წარდგენის წესს, აგრეთვე აღნიშნული საფინანსო დეკლარაციის ფორმას ადგენს გენერალური აუდიტორი.“.

3. მე-7 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებულ სუბიექტს, რომელიც, წინა კალენდარული წლის მონაცემების (გარემოებების) მიხედვით, აღარ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, უფლება აქვს, ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაციის სამსახურისთვის წარდგენისას დასაბუთებული წერილობითი განცხადებით, მატერიალური ფორმით მიმართოს სამსახურს და მოსთხოვოს მისი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის გაუქმება. ამ შემთხვევაში სამსახური აღნიშნული საკითხის სათანადო გამოკვლევისა და შესწავლის საფუძველზე 30 სამუშაო დღეში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. ამ მიზნით სამსახურს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც სამსახური მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია.

2. სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სამსახური ვალდებულია ეს სუბიექტი დაუყოვნებლივ ამორიცხოს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრიდან და სათანადო ვებგვერდიდან წაშალოს აღნიშნულ სუბიექტთან დაკავშირებით ამ კანონის შესაბამისად მანამდე გასაჯაროებული ინფორმაცია და დოკუმენტები.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების წესს ადგენს გენერალური აუდიტორი.“.

4. მე-8 მუხლის:

ა) პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან ამ კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად სამსახურს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განახორციელოს მონიტორინგი – საკითხის სათანადო გამოკვლევა და შესწავლა.

2. მონიტორინგის დაწყების საფუძველია:

ა) სამსახურის გადაწყვეტილება;

ბ) სამსახურისთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო ინფორმაციას.

3. მონიტორინგის განსახორციელებლად სამსახურს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც სამსახური მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია.“;

ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, მაგრამ მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას თავი აარიდა, სამსახური აღნიშნულ სუბიექტს არეგისტრირებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია ამ სუბიექტს არ ათავისუფლებს ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან. ამ შემთხვევაში აღნიშნული სუბიექტი ვალდებულია 10 სამუშაო დღის ვადაში ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით შეავსოს და სამსახურს წარუდგინოს განაცხადი.

6. მონიტორინგის წესს ადგენს გენერალური აუდიტორი.“.

5. მე-9 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახურისთვის მის მიერ ამ კანონის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს და სამართალდამრღვევს შესაბამის ადმინისტრაციულ სახდელს ადებს სამსახურის მიერ უფლებამოსილი პირი. აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და სხვა სათანადო საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.“.

6. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში წარმოებული შესაბამისი საქმეების წარმოება განაგრძოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა.

2. შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა უზრუნველყონ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო სამართლებრივი აქტების მიღება (გამოცემა) და სათანადო სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, აგრეთვე ამ კანონის შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური და სხვა ღონისძიებების განხორციელება. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია ამ კანონის შესასრულებლად საჭირო ადამიანური რესურსის უზრუნველსაყოფად ამ კანონის ამოქმედებამდე შექმნას შესაბამისი საშტატო ერთეულები (თანამდებობები) და ჩაატაროს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსები ამ კანონის ამოქმედების შემდეგ სათანადო პირების მიერ აღნიშნული თანამდებობების დასაკავებლად.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

14 აპრილი 2026 წ.

N1490-Vმს-XIმპ