დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4208-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/05/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/06/2024 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 360050000.05.001.102280 |
|
გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ
|
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი არეგულირებს გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის სფეროში არსებულ ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს. 2. გურიის ეროვნული პარკისთვის მიკუთვნებული ტერიტორიისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენებასთან, აგრეთვე ისტორიული და კულტურული ობიექტების განკარგვასა და დაცვასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები 1. ამ კანონის ძირითადი მიზნებია: ა) უზრუნველყოს გურიის ეროვნული პარკის შექმნა; ბ) მოაწესრიგოს გურიის ეროვნული პარკის მართვისა და დაცვის, აგრეთვე ბუნებრივი რესურსების გამოყენების სამართლებრივი მექანიზმები. 2. ამ კანონის ძირითადი ამოცანაა, გურიის ეროვნული პარკის საზღვრებში: ა) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ხელი შეუწყოს გურიის ეროვნული პარკის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი ან სახეცვლილი ტერიტორიების დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას; ბ) უზრუნველყოს გურიის ეროვნული პარკის ბუნებრივი ეკოსისტემის, ლანდშაფტის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით − საქართველოს „წითელ ნუსხასა“ და გლობალურ „წითელ ნუსხაში“ შეტანილ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გენოფონდის დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; გ) უზრუნველყოს გურიის ეროვნული პარკის ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციისთვის, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკოტურიზმისა და მესაქონლეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად სათანადო მექანიზმების ჩამოყალიბება; დ) უზრუნველყოს გურიის ეროვნული პარკისთვის მიკუთვნებული მიწის, წყლის, ცხოველთა სამყაროს და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და გონივრული გამოყენება; ე) უზრუნველყოს გურიის ეროვნულ პარკში განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ბუნებრივი და ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა, აღდგენა და მონიტორინგის განხორციელება; ვ) უზრუნველყოს უნიკალური და იშვიათი ორგანული თუ არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნების, ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გადაგვარებისა და განადგურებისგან დაცვა. მუხლი 3. გურიის ეროვნული პარკის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები 1. გურიის ეროვნული პარკი საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის ნაწილია. ის იქმნება ამ კანონით დადგენილ საზღვრებში. 2. გურიის ეროვნული პარკი იქმნება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობია 15 310 ჰექტარი. 3. გურიის ეროვნული პარკი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
მუხლი 4. გურიის ეროვნული პარკის სახელმწიფო მართვა, მისი დაცვისა და გამოყენების რეჟიმი 1. გურიის ეროვნული პარკის სახელმწიფო მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად. 2. ამ კანონით გათვალისწინებული დაცული ტერიტორიის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი, მათ შორის, დაცული ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციური ორგანიზება (ზონირება) და ზონებში დაშვებული საქმიანობები, განისაზღვრება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით, აღნიშნული დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. მუხლი 5. ქონებრივი ურთიერთობები, მიწით, სასარგებლო წიაღისეულითა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები 1. ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიაზე დასაშვებია ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ქონებრივი უფლებების ან/და ვალდებულებების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაცია. 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ: ა) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე; ბ) სასარგებლო წიაღისეულითა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, მათ შორის, ლიცენზიის გაცემის მიზნით დაწყებულ საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე; გ) საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრულ ტყითსარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, ტყითსარგებლობის ვადით. მუხლი 6. დასკვნითი დებულებები 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს 2019 წლის 30 მაისის კანონი „პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05.06.2019, სარეგისტრაციო კოდი: 360050000.05.001.019497). 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან. |
თბილისი, 29 მაისი 2024 წ. N4208-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები