საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4166-XIVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/05/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 050040000.05.001.102260
4166-XIVმს-Xმპ
15/05/2024
ვებგვერდი, 29/05/2024
050040000.05.001.102260
საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1. კანონის რეგულირების საგანი და მოქმედების სფერო

ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს პატენტრწმუნებულის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, პირის რეგისტრაციასა და მისთვის საქართველოს პატენტრწმუნებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, აგრეთვე განსაზღვრავს საქართველოს პატენტრწმუნებულის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს, საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის დაფუძნებისა და საქმიანობის პრინციპებსა და ძირითად მიზნებს.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საქართველოს პატენტრწმუნებული (შემდგომ − პატენტრწმუნებული) − საერთო სპეციალიზაციის ან/და სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციის მქონე პირი;

ბ) საერთო სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებული – საქართველოს მოქალაქე, რომელიც რეგისტრირებულია პატენტრწმუნებულთა რეესტრში და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საქმიანობას;

გ) სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებული – საქართველოს მოქალაქე, რომელიც რეგისტრირებულია პატენტრწმუნებულთა რეესტრში და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საქმიანობას სასაქონლო ნიშნების, ადგილწარმოშობის დასახელებების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის მიმართულებით;

დ) პატენტრწმუნებულთა რეესტრი (შემდგომ − რეესტრი) − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ (შემდგომ – საქპატენტი) მიერ ამ კანონისა და საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად წარმოებული რეესტრი, რომელში რეგისტრაციაც გულისხმობს პირისთვის ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით ან/და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებულის კვალიფიკაციის მინიჭებას და, ამავდროულად, მისი უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების წარმოშობის საფუძველია;

ე) საგამოცდო კომისია – საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომლის საქმიანობის წესიც განსაზღვრულია იმავე ბრძანებით და რომელიც ორგანიზებას უწევს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებას, პასუხისმგებელია აღნიშნული გამოცდის შედეგების შეფასებისთვის და ახორციელებს ამ კანონითა და საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

ვ) პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდა (შემდგომ – საკვალიფიკაციო გამოცდა) – საქპატენტის მიერ ამ კანონითა და საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით ორგანიზებული გამოცდა;

ზ) მარწმუნებელი − პირი, რომელიც პატენტრწმუნებულს ანიჭებს უფლებამოსილებას, მისი სახელითა და ინტერესების შესაბამისად, ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში განახორციელოს სამართლებრივი მოქმედებები.

 

მუხლი 3. პროფესიული საიდუმლოება (კონფიდენციალური ინფორმაცია)

1. პატენტრწმუნებული ვალდებულია:

ა) უვადოდ, თავისი საქმიანობის შეცვლის მიუხედავად დაიცვას იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას გახდა მისთვის ხელმისაწვდომი;

ბ) მარწმუნებლის თანხმობის გარეშე არ გაავრცელოს ის ინფორმაცია, რომელიც პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას გახდა მისთვის ხელმისაწვდომი ან გაანდეს მას, ან/და საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია (კონფიდენციალური ინფორმაცია).

2. პატენტრწმუნებული უფლებამოსილია მისთვის ცნობილი კონფიდენციალური ინფორმაცია მარწმუნებლის თანხმობის გარეშე გაამჟღავნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია მისთვის წაყენებული მოთხოვნის შესრულების თავიდან ასაცილებლად ან ბრალდებისგან თავის დასაცავად, ან მის მიერ მიუღებელი ანაზღაურების/ჰონორარის თაობაზე სასამართლო დავის მიმდინარეობისას, ან იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კონფიდენციალური ინფორმაცია დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

 

მუხლი 4. ინტერესთა შეუთავსებლობა

1. დაუშვებელია, პატენტრწმუნებული იყოს პირი, რომელიც პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების განხორციელების დაწყებამდე ბოლო 24 თვის განმავლობაში საქპატენტში მუშაობდა. ეს აკრძალვა არ ვრცელდება იმ პირზე, რომელიც პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების განხორციელების დაწყებამდე ბოლო 24 თვის განმავლობაში საქპატენტში სტაჟირებას გადიოდა.

2. პატენტრწმუნებული ვალდებულია არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელიც მარწმუნებლის ინტერესებს საფრთხეს შეუქმნის.

3. პატენტრწმუნებული ვალდებულია პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას უარი თქვას მარწმუნებლის დავალების შესრულებაზე, თუ კონკრეტულ საქმეზე მან მეორე მხარეს გაუწია მომსახურება.

4. პატენტრწმუნებული არ შეიძლება იმავდროულად იყოს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი.

 

მუხლი 5. პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა

1. პატენტრწმუნებული ვალდებულია მარწმუნებლის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებისას/ შეუსრულებლობისას მატერიალური ზიანის მიყენების შემთხვევაში მის ასანაზღაურებლად პროფესიული საქმიანობის განხორციელების მთელ პერიოდში ჰქონდეს პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა.

2. პატენტრწმუნებული ვალდებულია რეესტრში რეგისტრაციიდან 2 თვის ვადაში პატენტრწმუნებულთა ასოციაციას (შემდგომ – ასოციაცია) წარუდგინოს პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტები (დაზღვევის ხელშეკრულება და პოლისი).

3. პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტების (დაზღვევის ხელშეკრულებისა და პოლისის) ვადის გასვლის, შეწყვეტის ან გაუქმების შემთხვევაში პატენტრწმუნებული ვალდებულია არაუგვიანეს 5 დღისა წარუდგინოს ასოციაციას პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტები.

4. თუ პატენტრწმუნებული არ შეასრულებს ამ მუხლის პირველი პუნქტით, მე-2 პუნქტით ან/და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას, ასოციაცია ვალდებულია შეუწყვიტოს მას ასოციაციის წევრობა და მისი შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებიდან 5 დღის ვადაში აცნობოს საქპატენტს.

5. პატენტრწმუნებულის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესი, პირობები და სადაზღვევო თანხის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით.

6. პატენტრწმუნებული ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებამდე მარწმუნებლის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებისას/შეუსრულებლობისას მატერიალური ზიანის მიყენების შემთხვევაში პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით.

თავი II

პატენტრწმუნებული

 

 მუხლი 6. პატენტრწმუნებული

1. პატენტრწმუნებული არის საერთო სპეციალიზაციის ან/და სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციის მქონე პირი.

 2. პირს უფლება აქვს, გახდეს საერთო სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებული, თუ:

ა) იგი საქართველოს მოქალაქეა;

ბ) მას აქვს უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ან ინჟინერიის მიმართულებით − მათემატიკის ან მშენებლობის დარგში/სპეციალობით, ან სტატისტიკის ან წარმოების სფეროში;

გ) მას ამ კანონით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა;

დ) მას აქვს საპატენტო სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ან გავლილი აქვს სპეციალური მოსამზადებელი კურსი.

3. პირს უფლება აქვს, გახდეს სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებული, თუ:

ა) იგი საქართველოს მოქალაქეა;

ბ) მას აქვს უმაღლესი განათლება;

გ) მას ამ კანონით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა;

დ) მას აქვს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში (მათ შორის, ინტელექტუალური სამართლის სფეროში) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ან გავლილი აქვს სპეციალური მოსამზადებელი კურსი.

4. პატენტრწმუნებული არ შეიძლება იყოს განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი, თუ მას ნასამართლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპატენტო სფეროში მუშაობის გამოცდილებისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მუშაობის გამოცდილების კრიტერიუმები განისაზღვრება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სპეციალურ მოსამზადებელ კურსად ჩაითვლება კურსი, რომლის პროგრამის მინიმალური სტანდარტები განისაზღვრება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით.

 

მუხლი 7. პატენტრწმუნებულის უფლებამოსილებები

1. საერთო სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებული უფლებამოსილია წარმოადგინოს ფიზიკური პირი ან/და იურიდიული პირი საქპატენტში, საქპატენტთან არსებულ სააპელაციო პალატაში, სხვა სახელმწიფო ორგანოსა და მესამე პირთან ურთიერთობებში და გაუწიოს მას სხვა მომსახურება ინტელექტუალური საკუთრების სფეროში.

2. სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებული უფლებამოსილია წარმოადგინოს ფიზიკური პირი ან/და იურიდიული პირი საქპატენტში, საქპატენტთან არსებულ სააპელაციო პალატაში, სხვა სახელმწიფო ორგანოსა და მესამე პირთან ურთიერთობებში და გაუწიოს მას სხვა მომსახურება სასაქონლო ნიშნების, ადგილწარმოშობის დასახელებების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის მიმართულებით.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებები მოიცავს: ინტელექტუალური საკუთრების ობიექტთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევასა და ძიების წარმოებას, მარწმუნებლის წარმომადგენლობას საქპატენტში, საქპატენტთან არსებულ სააპელაციო პალატაში, სხვა სახელმწიფო ორგანოსა და მესამე პირთან ურთიერთობებში, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის თაობაზე განაცხადის, საერთაშორისო განაცხადისა (PCT) და საერთაშორისო რეგისტრაციის მოსაპოვებლად საჭირო განაცხადის შედგენას, რეგისტრირებული ინტელექტუალური საკუთრების ობიექტისთვის დუბლიკატის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის შედგენას, დამცავი დოკუმენტების მისაღებად და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის ძალის შესანარჩუნებლად აუცილებელი ქმედებების განხორციელებას, შესაბამისი უფლებების გადასაცემად საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და წარდგენას, სალიცენზიო ხელშეკრულების რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადებას, რეგისტრირებული ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე განაცხადის შედგენას და უფლებების დაცვისა და განხორციელებისთვის საჭირო სხვა საქმიანობების განხორციელებას, აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

4. პატენტრწმუნებული პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს მარწმუნებელთან დადებული ხელშეკრულების ან/და შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

5. პატენტრწმუნებული საქპატენტში წარმომადგენლობის განხორციელებისას ვალდებულია წარადგინოს განმცხადებლის ან ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლების მფლობელის მიერ გაცემული, წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

მუხლი 8. პატენტრწმუნებულის ვალდებულებები

პატენტრწმუნებული ვალდებულია:

ა) კეთილსინდისიერად განახორციელოს პროფესიული საქმიანობა;

ბ) დაუყოვნებლივ აცნობოს დაინტერესებულ პირს ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ;

გ) დაიცვას პროფესიული საიდუმლოება (ინფორმაციის კონფიდენციალურობა);

დ) 2 წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს მე-3 კალენდარული წლის 31 იანვრისა ასოციაციას წარუდგინოს განგრძობადი პროფესიული განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტები).

 

თავი III

საკვალიფიკაციო გამოცდა

 

მუხლი 9. საკვალიფიკაციო გამოცდის ძირითადი პრინციპები

1. საკვალიფიკაციო გამოცდის მიზანია იმის დადასტურება, რომ პირს აქვს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში წარმომადგენლობის განსახორციელებლად საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

2. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება სულ მცირე 2 წელიწადში ერთხელ, საქართველოს სახელმწიფო ენაზე.

3. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება საერთო სპეციალიზაციით ან/და სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციით.

4. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქპატენტის თავმჯდომარე.

5. საქპატენტი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღს, პროგრამასა და გამოცდაში მონაწილეობისთვის რეგისტრაციის ვადას აცხადებს საჯაროდ, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებით, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებამდე არაუგვიანეს 2 თვისა.

6. პირი, რომელსაც სურს მოიპოვოს საერთო სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებულის კვალიფიკაცია, საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასური გადახდილი აქვს.

7. პირი, რომელსაც სურს მოიპოვოს სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებულის კვალიფიკაცია, საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასური გადახდილი აქვს.

8. საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასურია 250 ლარი, რომელიც გადაიხდება გამოცდაში მონაწილეობისთვის რეგისტრაციისას, საქპატენტის მიერ განსაზღვრულ ანგარიშზე. საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სარეგისტრაციო განაცხადს უნდა დაერთოს.

9. საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პირი იღებს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს − სერტიფიკატს, რომლის ფორმა და გაცემის წესი განისაზღვრება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით.

10. თუ პირი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის განმავლობაში არ დარეგისტრირდება რეესტრში, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი − სერტიფიკატი ძალას კარგავს. ამ ვადის გასვლის შემდეგ პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების განსახორციელებლად პირი ვალდებულია ხელახლა ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდა.

11. საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების შესახებ საჩივრებს განიხილავს საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი კომისია იმავე ბრძანებით დადგენილი წესით.

 

მუხლი 10. საკვალიფიკაციო გამოცდა

1. საკვალიფიკაციო გამოცდა წერილობით ტარდება.

2. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმა, წესი და საგამოცდო საკითხები განისაზღვრება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით.

3. საკვალიფიკაციო გამოცდის მონაწილეებს მისი შედეგები ინდივიდუალურად ეცნობებათ, ხოლო გამოცდის შესახებ სტატისტიკური მონაცემები საქპატენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება.

 

მუხლი 11. საგამოცდო კომისია

1. საქპატენტის თავმჯდომარე ბრძანებით ქმნის საგამოცდო კომისიას და ამტკიცებს მის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს. იმავე ბრძანებით განისაზღვრება საგამოცდო კომისიის სამდივნოს შემადგენლობა და უფლებამოსილებები.

2. საგამოცდო კომისიის თავმჯდომარეა საქპატენტის თავმჯდომარე.

3. საგამოცდო კომისიის შემადგენლობაში შედიან:

ა) საქპატენტის თანამშრომლები;

ბ) საქპატენტის მიერ მოწვეული ექსპერტი (ექსპერტები) − საჭიროების შემთხვევაში;

გ) ასოციაციის წარმომადგენელი (პატენტრწმუნებული).

4. საგამოცდო კომისიის უფლებამოსილებებია:

ა) საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ორგანიზება;

ბ) საკვალიფიკაციო გამოცდის შეფასების სისტემის შემუშავება, გამოცდის შედეგების შეფასება და საჭიროების შემთხვევაში მათი გადასინჯვა;

გ) საგამოცდო კომისიის თავმჯდომარისთვის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების შესახებ საჩივრების განმხილველი კომისიის წევრობის კანდიდატების დასამტკიცებლად წარდგენა;

დ) საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

5. საგამოცდო კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის ხმა.

 

თავი IV

რეესტრი და განგრძობადი პროფესიული განათლება

 

მუხლი 12. რეესტრი

1. რეესტრს ამ კანონისა და საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით აწარმოებს საქპატენტი.

2. პირს პატენტრწმუნებულის სტატუსი ენიჭება საქპატენტის მიერ რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

3. პირს რეესტრში რეგისტრაციიდან 15 სამუშაო დღის ვადაში გადაეცემა პატენტრწმუნებულის მოწმობა (შემდგომ − მოწმობა), რომლის ფორმა მტკიცდება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით. მოწმობის საფასურია 100 ლარი, რომელიც გადაიხდება საქპატენტის მიერ განსაზღვრულ ანგარიშზე.

4. საქპატენტი პირის რეესტრში რეგისტრაციის საკითხს შესაბამისი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში განიხილავს.

5. პირმა რეესტრში რეგისტრაციისთვის საქპატენტს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად უნდა წარუდგინოს განცხადება და მას უნდა დაურთოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ფოტოსურათი (ზომა − 3X4);

ბ) მონაცემები სამუშაო ადგილის მისამართის, საკონტაქტო ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ; თუ პირი დასაქმებულია პატენტრწმუნებულთა ბიუროში/სხვა კერძო სამართლის იურიდიულ პირში, − მონაცემები დასაქმების ადგილის სახელწოდების, საიდენტიფიკაციო ნომრის, იურიდიული მისამართის, საკონტაქტო ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ;

გ) ნასამართლობის შესახებ ცნობა;

დ) მოწმობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

6. საქპატენტი განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს აღნიშნული განცხადების ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნასთან შესაბამისობას. შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში საქპატენტი განმცხადებელს ხარვეზს უდგენს და მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს ვადას 10 სამუშაო დღის ოდენობით.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე მოთხოვნილი დოკუმენტაციის საქპატენტისთვის წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება. ეს ვადა განახლდება აღნიშნული დოკუმენტაციის საქპატენტისთვის წარდგენისთანავე.

8. განმცხადებლის მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საქპატენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

9. საქპატენტი პირის რეესტრში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მას რეესტრში არეგისტრირებს და მოწმობას გადასცემს.

10. რეესტრში შეიტანება პატენტრწმუნებულის შესახებ შემდეგი მონაცემები:

ა) სახელი და გვარი, ფოტოსურათი (ზომა − 3X4);

ბ) მონაცემები სამუშაო ადგილის მისამართის, საკონტაქტო ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ; თუ პირი დასაქმებულია პატენტრწმუნებულთა ბიუროში/სხვა კერძო სამართლის იურიდიულ პირში, − მონაცემები დასაქმების ადგილის სახელწოდების, საიდენტიფიკაციო ნომრის, იურიდიული მისამართის, საკონტაქტო ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ;

გ) რეესტრში რეგისტრაციის თარიღი, მოწმობის ნომერი (მოწმობის ნომერი რეესტრში შეიტანება საქპატენტის მიერ მოწმობის გაცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში);

დ) სპეციალიზაცია.

11. რეესტრში შეტანილი მონაცემები საქპატენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება. რეესტრი განახლდება აღნიშნული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში.

12. პატენტრწმუნებული ვალდებულია ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში მისი განხორციელებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს საქპატენტს ამის შესახებ, რის საფუძველზედაც საქპატენტს სათანადო ცვლილება შეაქვს რეესტრში.

13. საქპატენტი უფლებამოსილია შეამოწმოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ნამდვილობა.

14. საქპატენტი მიიღებს გადაწყვეტილებას პირის რეესტრში რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ:

ა) პირის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 5 წელია გასული და ის აღნიშნულ პერიოდში ამ კანონით დადგენილი წესით რეესტრში არ დარეგისტრირებულა;

ბ) საქპატენტის მიერ განცხადების განხილვისას გამოვლინდა განმცხადებელთან დაკავშირებული ისეთი გარემოება, რომელიც ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.

15. პირის რეესტრიდან ამორიცხვა მისთვის პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტას ნიშნავს.

16. საქპატენტმა პირს შეიძლება შეუწყვიტოს პატენტრწმუნებულის უფლებამოსილება, თუ ის არ შეასრულებს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი დაადასტურებს, რომ მან ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადა საპატიო მიზეზით გაუშვა.

17. პირის რეესტრში რეგისტრაციაზე უარის თქმის ან პირის რეესტრიდან ამორიცხვის შესახებ საქპატენტის გადაწყვეტილება შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში.

18. ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ აჩერებს.

 

მუხლი 13. განგრძობადი პროფესიული განათლება

1. პატენტრწმუნებულმა უნდა იზრუნოს უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე, რაც გულისხმობს პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი ცოდნის გაღრმავებას და უნარ-ჩვევების მუდმივ გაუმჯობესებას.

2. პატენტრწმუნებული ვალდებულია ყოველ 2 წელიწადში სულ მცირე 10 აკადემიური საათი დაუთმოს განგრძობად პროფესიულ განათლებას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განგრძობადი პროფესიული განათლების სტანდარტები განისაზღვრება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით.

4. პატენტრწმუნებული ვალდებულია ყოველი მე-3 კალენდარული წლის 31 იანვრამდე ასოციაციას წარუდგინოს ინფორმაცია მის მიერ გასული 2 წლის განმავლობაში განგრძობადი პროფესიული განათლების მისაღებად განხორციელებული ქმედებების შესახებ.

5. პატენტრწმუნებული ვალდებულია, ამ კანონიდან გამომდინარე, განგრძობადი პროფესიული განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შეინახოს მომდევნო 3 წლის განმავლობაში.

6. პატენტრწმუნებული ვალდებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში საქპატენტის ან ასოციაციის მიერ ამ მუხლით განსაზღვრული, განგრძობადი პროფესიული განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას ეს დოკუმენტაცია არსებობის შემთხვევაში.

7. საქპატენტი ვალდებულია უზრუნველყოს პატენტრწმუნებულთა განგრძობადი პროფესიული განათლების პროგრამისთვის საჭირო კურსების დანერგვა. 

 

თავი V

ასოციაცია

 

მუხლი 14. ასოციაციის სტატუსი

1. ასოციაცია არის პირთა წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. ასოციაციას საქპატენტი აფუძნებს.

2. ასოციაცია საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს ობიექტურობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობისა და სამართლიანობის პრინციპებით და იცავს მათ.

3. ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიზნებია: ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა, პატენტრწმუნებულის უფლებების, პროფესიული თავისუფლების, ინტერესებისა და დამოუკიდებლობის დაცვა, საზოგადოებაში პატენტრწმუნებულის პროფესიის ცნობადობის გაზრდა და მის მიმართ ნდობის ამაღლება, პატენტრწმუნებულის მიერ განგრძობადი პროფესიული განათლების მიღების ხელშეწყობა და წახალისება.

4. ასოციაციის საქმიანობის პრინციპები და ძირითადი მიზნები განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და ასოციაციის წესდებით.

5. ასოციაციის წევრები არიან პატენტრწმუნებულები. ასოციაციის წესდებით შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე ასოციაციის საპატიო წევრისა და ასოცირებული წევრის სტატუსები.

 

მუხლი 15. ასოციაციაში გაწევრება

1. პირმა ასოციაციაში გაწევრებისთვის მას უნდა წარუდგინოს შესაბამისი განცხადება რეესტრში რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 1 თვისა.

2. ასოციაციის გამგეობა განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას პირის ასოციაციაში გაწევრების შესახებ.

3. პირმა ასოციაციაში გაწევრებისთვის მას შესაბამის განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) მონაცემები სამუშაო ადგილის მისამართის, საკონტაქტო ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ; თუ პატენტრწმუნებული დასაქმებულია პატენტრწმუნებულთა ბიუროში/სხვა კერძო სამართლის იურიდიულ პირში, − მონაცემები დასაქმების ადგილის სახელწოდების, საიდენტიფიკაციო ნომრის, იურიდიული მისამართის, საკონტაქტო ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ.

4. ასოციაცია მიიღებს გადაწყვეტილებას პირის ასოციაციაში გაწევრებაზე უარის თქმის შესახებ, თუ:

ა) საქპატენტის მიერ პირის რეესტრში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვეა გასული და ამ პირს ასოციაციაში გასაწევრებლად მისთვის ამ კანონით დადგენილი წესით არ მიუმართავს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი დაადასტურებს, რომ მან ამ კანონით დადგენილი ვადა საპატიო მიზეზით გაუშვა;

ბ) პირი რეესტრში რეგისტრირებული არ არის.

5. პირის ასოციაციაში გაწევრებაზე ასოციაციის გამგეობის უარი შეიძლება მისი მიღებიდან 1 თვის განმავლობაში გასაჩივრდეს სასამართლოში.

6. ასოციაცია ვალდებულია პირის ასოციაციაში გაწევრების ან პირის ასოციაციაში გაწევრებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აცნობოს საქპატენტს. საქპატენტი ამ ინფორმაციას ცნობად იღებს და საჭიროების შემთხვევაში სათანადო ცვლილება შეაქვს რეესტრში.

7. თუ საქპატენტისთვის ცნობილი გახდა, რომ პირმა დადგენილ ვადაში არ შეასრულა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, იგი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის რეესტრიდან ამორიცხვის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი დაადასტურებს, რომ მან ამ კანონით დადგენილი ვადა საპატიო მიზეზით გაუშვა.

 

მუხლი 16. ასოციაციის წევრობის შეჩერება

1. პატენტრწმუნებულს ასოციაციის წევრობა შეუჩერდება ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილებით ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში;

გ) თუ მან არ შეასრულა ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით ან/და მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება;

დ) თუ ასოციაციის ეთიკის კომისიამ მას ამ კანონის 27-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი დაადო.

2. ამ მუხლის შესაბამისად პატენტრწმუნებულისთვის ასოციაციის წევრობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იგი თავისუფლდება ასოციაციის საწევრო გადასახადის გადახდისგან და ეკრძალება ასოციაციის საქმიანობაში მონაწილეობა.

3. პირს ასოციაციის წევრობა აღუდგება ასოციაციისთვის შესაბამისი განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ასოციაცია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად პატენტრწმუნებულისთვის ასოციაციის წევრობის შეჩერების შემთხვევაში პირს ასოციაციის წევრობას აღუდგენს მის მიერ ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის აღმოფხვრის ან ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით ან/და მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემთხვევაში ანდა იმ შემთხვევაში, თუ გასულია ამ კანონის 27-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით ან/და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შესახებ ასოციაცია დაუყოვნებლივ აცნობებს საქპატენტს. საქპატენტს 5 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი ცვლილება შეაქვს რეესტრში და პატენტრწმუნებულს შეუჩერებს/პირს აღუდგენს პატენტრწმუნებულის უფლებამოსილებას.

5. პატენტრწმუნებულისთვის ასოციაციის წევრობის შეჩერების შესახებ ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილება შეიძლება მიღებიდან 1 თვის განმავლობაში გასაჩივრდეს სასამართლოში.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრება მის მოქმედებას არ აჩერებს.

 

მუხლი 17. ასოციაციის წევრობის შეწყვეტა

1. პატენტრწმუნებულს ასოციაციის წევრობა შეუწყდება ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილებით ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) თუ მას შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;

გ) ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე;

 დ) თუ იგი სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად თავის მიერ განსაზღვრულ იმ სფეროში, რომელსაც პატენტრწმუნებულის საქმიანობა მიეკუთვნება;

ე) თუ იგი სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;

ვ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის;

ზ) თუ ცნობილი გახდა ისეთი გარემოება, რომლის დროულად აღმოჩენაც პირის რეესტრში რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი იქნებოდა;

თ) თუ იგი არ იხდის ასოციაციის საწევრო გადასახადს;

ი) თუ იგი არ ასრულებს ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით, მე-2 პუნქტით ან/და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას;

კ) თუ იგი გარდაიცვალა.

2. ასოციაციის გამგეობა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, „ზ“ ქვეპუნქტით, „თ“ ქვეპუნქტით ან/და „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, ღია ან ფარული კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას პატენტრწმუნებულისთვის ასოციაციის წევრობის შეწყვეტის შესახებ, ხოლო „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“ ან „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას იგი ცნობად იღებს და საკითხის განხილვის გარეშე იღებს გადაწყვეტილებას პატენტრწმუნებულისთვის ასოციაციის წევრობის შეწყვეტის შესახებ.

3. პატენტრწმუნებულისთვის ასოციაციის წევრობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს და მიღებიდან 5 დღის ვადაში უნდა გაეგზავნოს აღნიშნულ პირს, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. ასოციაცია ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიღებიდან 5 დღის ვადაში აცნობოს საქპატენტს. საქპატენტი 5 სამუშაო დღის ვადაში პირს რეესტრიდან ამორიცხავს.

5. თუ საქპატენტისთვის ცნობილი გახდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შესახებ, რომლის გამოც ასოციაციას პატენტრწმუნებულისთვის ასოციაციის წევრობის შეწყვეტის პროცედურა არ დაუწყია, საქპატენტი უფლებამოსილია ასოციაციას მოსთხოვოს, 1 თვის ვადაში ჩაატაროს გამგეობის სხდომა, რომელიც პატენტრწმუნებულისთვის ასოციაციის წევრობის შეწყვეტის საკითხს განიხილავს.

6. პატენტრწმუნებულისთვის ასოციაციის წევრობის შეწყვეტის შესახებ ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილება შეიძლება მიღებიდან 1 თვის განმავლობაში გასაჩივრდეს სასამართლოში.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრება მის მოქმედებას არ აჩერებს.

 

მუხლი 18. ასოციაციის სტრუქტურული ერთეულები

1. ასოციაციის მიერ ამ კანონით განსაზღვრულ ფუნქციათა შესასრულებლად ასოციაციაში იქმნება:

ა) გამგეობა;

ბ) ეთიკის კომისია;

გ) სამეთვალყურეო საბჭო.

2. ასოციაცია უფლებამოსილია თავისი ფუნქციების შესასრულებლად შექმნას აგრეთვე სხვა სტრუქტურული ერთეულები. მათი საქმიანობა განისაზღვრება ასოციაციის მიერ დამტკიცებული შესაბამისი დებულებებით.

 

მუხლი 19. ასოციაციის საერთო კრება

1. ასოციაციის უმაღლესი ორგანოა ასოციაციის საერთო კრება, რომელიც სულ მცირე წელიწადში ერთხელ იკრიბება. მისი საქმიანობის წესი და უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კანონითა და ასოციაციის წესდებით.

2. ასოციაციის საერთო კრება უფლებამოსილია დააწესოს ასოციაციის საწევრო გადასახადის ფიქსირებული ოდენობა.

 

მუხლი 20. ასოციაციის საერთო კრების მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რიგგარეშე კრების მოწვევის წესი

1. ასოციაციის საერთო კრების მიერ განსახილველი საკითხის ინიციირება, ასოციაციის წესდებით განსაზღვრულ პირთა გარდა, შეიძლება განახორციელოს ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ ან/და საქპატენტმა.

2. რიგგარეშე საერთო კრება, ასოციაციის წესდებით განსაზღვრულ პირთა გარდა, შეიძლება მოიწვიოს ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ ან/და საქპატენტმა.

3. ასოციაციის საერთო კრების მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რიგგარეშე კრების მოწვევის წესი განისაზღვრება ასოციაციის წესდებით.

 

მუხლი 21. ასოციაციის გამგეობა

1. ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოა ასოციაციის გამგეობა, რომლის სხდომა სულ მცირე 2 თვეში ერთხელ იმართება. საქპატენტი უფლებამოსილია მოსთხოვოს ასოციაციას, ჩაატაროს გამგეობის სხდომა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

2. ასოციაციის გამგეობის წევრებსა და გამგეობის თავმჯდომარეს 3 წლის ვადით, ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით ირჩევს ასოციაციის საერთო კრება.

3. ასოციაციის გამგეობის წევრთა რაოდენობა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კანონითა და ასოციაციის წესდებით.

 

მუხლი 22. ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე

1. ასოციაციას ხელმძღვანელობს გამგეობის თავმჯდომარე, რომელიც წარმოადგენს მას და თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია ასოციაციის მართვის ორგანოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებისთვის.

2. პირი ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

3. ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე შრომის ანაზღაურებას ასოციაციის ფინანსური სახსრებიდან იღებს.

4. ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის საქმიანობის ფარგლები განისაზღვრება ამ კანონითა და ასოციაციის წესდებით.

 

მუხლი 23. ასოციაციის ეთიკის კომისია

1. ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება ასოციაციის წესდებით. მათ 3 წლის ვადით, ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით ირჩევს ასოციაციის საერთო კრება.

2. ასოციაციის ეთიკის კომისია ამოწმებს პატენტრწმუნებულის შესახებ მიღებულ ინფორმაციას და სწავლობს მის საფუძვლიანობას, განიხილავს და წყვეტს პატენტრწმუნებულის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს.

3. პატენტრწმუნებულის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის ანონიმური წერილის ან/და შეტყობინების საფუძველზე განხილვა დაუშვებელია.

4. პატენტრწმუნებულისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და დისციპლინური წარმოების წესი განისაზღვრება ამ კანონით, ასოციაციის წესდებითა და ასოციაციის საერთო კრების მიერ დამტკიცებული შესაბამისი დებულებით.

5. ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებას ასოციაცია მიღებიდან 10 დღის ვადაში აცნობებს საქპატენტს.

6. ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება პატენტრწმუნებულისთვის გაცნობიდან 1 თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ აჩერებს.

 

მუხლი 24. ასოციაციის საქმიანობაზე ზედამხედველობა, ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭო

1. ასოციაციის გამგეობის, მისი თავმჯდომარის, მათ მიერ დანიშნულ და არჩეულ პირთა მიერ ამ კანონისა და ასოციაციის წესდების შესრულების, ფინანსური სახსრებისა და სხვა ქონების აღნიშნული წესდებით განსაზღვრული მიზნებისთვის გამოყენებისა და მათი საქმიანობის კონტროლის განსახორციელებლად იქმნება ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭო.

2. ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს 3 წლის ვადით, ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით ირჩევს ასოციაციის საერთო კრება.

3. ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფინანსო საქმიანობის შესამოწმებლად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეარჩიოს და მოიწვიოს დამოუკიდებელი აუდიტორი.

4. საქპატენტი უფლებამოსილია ასოციაციის საქმიანობის ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეარჩიოს და მოიწვიოს დამოუკიდებელი აუდიტორი.

 

თავი VI

დისციპლინური წარმოება

 

მუხლი 25. პატენტრწმუნებულისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები

1. პატენტრწმუნებულს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კანონის მე-3–მე-5 და მე-8 მუხლებისა და მე-12 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის.

2. ასოციაცია იღებს გადაწყვეტილებას პატენტრწმუნებულის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებაზე უარის თქმის შესახებ, თუ პატენტრწმუნებულის მიერ სადავო ქმედების ჩადენიდან ასოციაციის ეთიკის კომისიისთვის მიმართვამდე 3 წელია გასული.

 

მუხლი 26. დისციპლინური დევნის აღძვრა

პატენტრწმუნებულის მიმართ დისციპლინურ დევნას აღძრავს ასოციაციის ეთიკის კომისია. იგი შესაბამისი ინფორმაციის მიღებიდან 2 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პატენტრწმუნებულის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრის ან დისციპლინური დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.

 

მუხლი 27. დისციპლინური სახდელის სახეები

დისციპლინური სახდელის სახეებია:

ა) გაფრთხილება;

ბ) ასოციაციის წევრობის 6 თვიდან 3 წლამდე ვადით შეჩერება;

გ) ასოციაციის წევრობის შეწყვეტა.

 

მუხლი 28. პატენტრწმუნებულისთვის დისციპლინური სახდელის დადების წესი

1. პატენტრწმუნებულისთვის დისციპლინური სახდელის დადების საკითხს ასოციაციის ეთიკის კომისია კოლეგიურად თავის სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას უნდა დაერთოს.

2. ასოციაციის ეთიკის კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე პატენტრწმუნებულს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ზეპირად ან წერილობით გამოთქვას აზრი, გამოითხოვოს და წარადგინოს მტკიცებულებები და სრულად ისარგებლოს დაცვის უფლებით.

3. ასოციაციის ეთიკის კომისიის სხდომა დახურულია. ამასთანავე, ეთიკის კომისია უფლებამოსილია ორივე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ჩაატაროს საჯარო სხდომა. მხარეებს უფლება აქვთ, მიიღონ ეთიკის კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი საჯაროა.

4. პატენტრწმუნებულისთვის ამ კანონის 27-ე მუხლის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ასოციაცია ვალდებულია ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აცნობოს საქპატენტს.

 

თავი VII

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

 

მუხლი 29. საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის დაფუძნება

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი − „საქპატენტი“ საქართველოს პატენტრწმუნებულთა 2 საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებიდან 3 თვის ვადაში აფუძნებს საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციას. საქართველოს პატენტრწმუნებულთა პირველი საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება 2025 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო მეორე − 2026 წლის 31 დეკემბრამდე.

2. საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის დაფუძნებისას საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი − „საქპატენტი“ ამტკიცებს საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის წესდებას და 1 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი − „საქპატენტი“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის დაფუძნების შესახებ.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს პატენტრწმუნებულმა საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციას უნდა წარუდგინოს განცხადება ასოციაციაში გაწევრების მოთხოვნის შესახებ.

5. საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ასოციაციის დაფუძნებიდან არაუგვიანეს 6 თვისა იწვევს ასოციაციის საერთო კრებას, რომელიც ირჩევს ასოციაციის გამგეობის, ეთიკის კომისიისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს.

6. საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის დაფუძნებამდე:

ა) ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს საქართველოს პატენტრწმუნებულები ასრულებენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ წინაშე;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი − „საქპატენტი“ უფლებამოსილია ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „ი“ ან „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

 

მუხლი 30. საქართველოს პატენტრწმუნებულთა პროფესიული სტანდარტის დოკუმენტის დამტკიცება

საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაცია პირველი საერთო კრების მოწვევიდან 3 თვის ვადაში ამტკიცებს საქართველოს პატენტრწმუნებულთა პროფესიული სტანდარტის დოკუმენტს.

 

მუხლი 31. იმ პირის სამართლებრივი მდგომარეობა, რომელსაც საქართველოს პატენტრწმუნებულის სტატუსი ამ კანონის ამოქმედებამდე მიენიჭა

1. პირი, რომელსაც საქართველოს პატენტრწმუნებულის სტატუსი ამ კანონის ამოქმედებამდე მიენიჭა, უთანაბრდება ამ კანონით გათვალისწინებულ საერთო სპეციალიზაციის მქონე საქართველოს პატენტრწმუნებულს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს პატენტრწმუნებულთა რეესტრში რეგისტრაციისთვის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს − „საქპატენტს“ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად უნდა წარუდგინოს განცხადება და მას უნდა დაურთოს ამ კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რის საფუძველზედაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი − „საქპატენტი“ აღნიშნულ პირს საქართველოს პატენტრწმუნებულთა რეესტრში დაარეგისტრირებს. ზემოაღნიშნული განცხადების დადგენილ ვადაში წარუდგენლობა საქართველოს პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია საქართველოს პატენტრწმუნებულთა რეესტრში რეგისტრაციიდან 2 თვის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს − „საქპატენტს“ წარუდგინოს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტები. ამ დოკუმენტების დადგენილ ვადაში წარუდგენლობა საქართველოს პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია.

 

მუხლი 32. საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვება გარდამავალ პერიოდში

1. გარდამავალ პერიოდად ჩაითვალოს 2025 წლის 1 იანვრიდან 2027 წლის 1 იანვრამდე პერიოდი.

2. გარდამავალ პერიოდში პირი საერთო სპეციალიზაციის მქონე საქართველოს პატენტრწმუნებულის საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასური გადახდილი აქვს, ხოლო სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციის მქონე საქართველოს პატენტრწმუნებულის საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასური გადახდილი აქვს.

 

მუხლი 33. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ თავმჯდომარის ბრძანებებით:

ა) 2025 წლის 1 თებერვლამდე განისაზღვროს:

ა.ა) საქართველოს პატენტრწმუნებულთა რეესტრის წარმოების წესი, საქართველოს პატენტრწმუნებულის მოწმობის ფორმა და გაცემის წესი;

ა.ბ) საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმა, წესი და საგამოცდო საკითხები, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმა და გაცემის წესი;

ა.გ) საქართველოს პატენტრწმუნებულის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესი, პირობები და სადაზღვევო თანხის მინიმალური ოდენობა;

ბ) 2026 წლის 1 იანვრამდე განისაზღვროს პირისთვის საქართველოს პატენტრწმუნებულის კვალიფიკაციის მისანიჭებლად აუცილებელი სამუშაო გამოცდილების კრიტერიუმები, სპეციალური მოსამზადებელი კურსის პროგრამის მინიმალური სტანდარტები და განგრძობადი პროფესიული განათლების სტანდარტები.

2. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №181 დადგენილების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

3. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2011 წლის 12 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „დებულება საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“.

 

მუხლი 34. დასკვნითი დებულებანი

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა, მე-8 მუხლის „დ“ ქვეპუნქტისა, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-13 მუხლისა, ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, მე-8 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და მე-13 მუხლი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 მაისი 2024 წ.

N4166-XIVმს-Xმპ