სეკიურიტიზაციის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე

სეკიურიტიზაციის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 74/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 29/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016841
74/04
29/03/2024
ვებგვერდი, 01/04/2024
220010000.18.011.016841
სეკიურიტიზაციის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №74/04

2024 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

სეკიურიტიზაციის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 527 მუხლისა და „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის, მე-8 მუხლის მე-9 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-13 მუხლის მე-12 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების, 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 26-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს სეკიურიტიზაციის მარეგულირებელი წესი თანდართულ დანართებთან ერთად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა



სეკიურიტიზაციის მარეგულირებელი წესი

 


თავი I. ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1. მიზანი და მოქმედების სფერო

1. სეკიურიტიზაციის მარეგულირებელი წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკისთვის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის  (შემდგომში – სეკიურიტიზაციის) შესახებ შეტყობინებისა და ინფორმაციის წარდგენის წესს, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის პროცედურასა და დამატებით მოთხოვნებს, ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისა და მისი განყოფილების ლიკვიდაციის მარეგულირებელ დამატებით წესებს, სეკიურიტიზაციის მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის გაანგარიშების მეთოდოლოგიას, ინსტიტუციური ინვესტორის მიმართ მოქმედ დამატებით მოთხოვნებს,  უმოქმედო საბაზისო აქტივის მაკვალიფიცირებელ კრიტერიუმებს და გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ დამატებით მოთხოვნებს.

2. ეროვნული ბანკისთვის ამ წესის შესაბამისად წარსადგენი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დოკუმენტები უნდა იყოს ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. უცხოენოვანი დოკუმენტების წარდგენა ხორციელდება ნოტარიულად დამოწმებული ოფიციალური ქართული თარგმანის სახით, გარდა ამ წესით დადგენილი გამონაკლისებისა.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კანონი – „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ) განვითარებული ქვეყანა – „განვითარებული ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 19 თებერვლის №16/01 ბრძანებით განსაზღვრული განვითარებული ქვეყანა;

გ) ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტი – სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული ან მისი განყოფილება, რომელიც ექვემდებარება ლიკვიდაციას;

დ) მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის გარანტიის საფუძველზე შენარჩუნება – სეკიურიტიზაციის მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის შენარჩუნება გარანტიის, აკრედიტივის ან საკრედიტო დაცვის სხვა ფორმის გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს რისკის შენარჩუნების დაუყოვნებლივ აღსრულებას;

ე) მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის სინთეტიკურად შენარჩუნება – სეკიურიტიზაციის მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის შენარჩუნება დერივატივის საფუძველზე;

ვ) საკრედიტო ინსტრუმენტი – სესხი, რომლის პირობები მსესხებელს საშუალებას აძლევს, ისესხოს თანხა წინასწარ დადგენილი ოდენობისა (ლიმიტის) და ვადის ფარგლებში;

ზ) სეკიურიტიზაციის მონაწილე – ინიციატორი, თავდაპირველი კრედიტორი, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული და აქტივების მმართველი კომპანია;

თ) სპეციალური მიზნობრივი ერთეული – კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“  ქვეპუნქტით განსაზღვრული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული;

ი) რევოლვირებადი სეკიურიტიზაცია – სეკიურიტიზაცია, რომლის სტრუქტურა ითვალისწინებს საბაზისო აქტივების გაერთიანებაში საბაზისო აქტივების დამატებას ან ამოღებას, მიუხედავად იმისა, თავად საბაზისო აქტივები რევოლვირებადია თუ არა;

კ) რევოლვირებადი საბაზისო აქტივი – საბაზისო აქტივი, რომლის პირობებიც ითვალისწინებს მსესხებლის მიმდინარე ბალანსის ცვლილებას, რაც დაფუძნებულია მსესხებლის გადაწყვეტილებაზე, გადაიხადოს და ისესხოს თანხა წინასწარ შეთანხმებული ლიმიტის ფარგლებში;

ლ) პირველადი ზარალის ტრანში – სეკიურიტიზაციის ყველაზე სუბორდინირებული ტრანში, რომელიც პირველი იღებს საბაზისო აქტივებზე ზარალს და  შედეგად, უზრუნველყოფს უფრო მაღალი რიგის ტრანშის/ტრანშების დაცვას ზარალისგან;

მ) უმოქმედო მოთხოვნა (უმოქმედო საბაზისო აქტივი) – მოთხოვნა (საბაზისო აქტივი), რომელიც არის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №192/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად განსაზღვრული მე-3 დონის საკრედიტო რისკის ფინანსური ინსტრუმენტი ან შეძენილი ან გამოშვებული გაუფასურებული ფინანსური ინსტრუმენტი (POCI);

ნ) უზრუნველყოფის აქტივების სიჭარბე – საკრედიტო ხარისხის გაუმჯობესების ნებისმიერი ფორმა, რომლის საშუალებითაც საბაზისო აქტივების დამატება ხორციელდება იმ მოცულობით, რომ მათი ღირებულება აღემატებოდეს ტრანშების/სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების ღირებულებას;

ო) რისკის შენარჩუნება – სეკიურიტიზაციის მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის შენარჩუნება;

პ) საბაზისო აქტივი – კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბაზისო აქტივი (სეკიურიტიზებული საკრედიტო მოთხოვნა).

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.

 

თავი II. სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაცია

 

მუხლი 3.  ავტორიზაციის პირობები

1. სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის მიზნით, განმცხადებელმა, კანონის მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების/ინფორმაციის გარდა, ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს შესაბამისი განაცხადის ფორმა (დანართი №1) და შემდეგი დოკუმენტები/ინფორმაცია:

ა) სეკიურიტიზაციის მონაწილეთა საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათი სადამფუძნებლო დოკუმენტები/შეთანხმებები და უახლესი ამონაწერები სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

ბ) ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ავტორიზაციის მაძიებელი სპეციალური მიზნობრივი ერთეულის რეგისტრაციისა და მართვის ადგილი მდებარეობს საქართველოში;

გ) სეკიურიტიზაციის ფონდის შემთხვევაში – აქტივების მმართველი კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სეკიურიტიზაციის ფონდის დაფუძნების შესახებ;

დ) სეკიურიტიზაციის კომპანიის შემთხვევაში – ორგანიზაციული სტრუქტურის აღწერა;

ე) სეკიურიტიზაციის კომპანიის შემთხვევაში – მმართველი ორგანოს ყველა წევრის (გარდა კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) და მნიშვნელოვანი წილის მფლობელის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას. აღნიშნული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:

ე.ა) ამ წესის დანართი №2-ის შესაბამისად შევსებულ დეკლარაციასა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლს/ასლებს;

ე.ბ) ინფორმაციას მმართველი ორგანოს წევრის განათლებისა და გამოცდილების შესახებ (მათ შორის, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლს/ასლებსა და პირად რეზიუმეს);

ე.გ) ცნობას ნასამართლობის შესახებ;

ე.დ) სეკიურიტიზაციის კომპანიის მმართველი ორგანოს წევრის განცხადებას, რომ ის სრულად აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს და რომ მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია უტყუარი და ზუსტია;

ე.ე) სეკიურიტიზაციის კომპანიის წერილობით დასტურს, რომ მის მიერ შემოწმებულია მმართველი ორგანოს წევრის შესახებ ინფორმაცია, რომ ის აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს და რომ ეს ინფორმაცია უტყუარი და ზუსტია;

ე.ვ) აღმასრულებელი ფუნქციების მქონე მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში – სამუშაოს აღწერილობასა და ინფორმაციას მისთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესახებ;

ე.ზ) ყველა იმ გარემოების აღწერას, რომლებიც შესაძლოა გახდეს ინტერესთა კონფლიქტის საფუძველი და საფრთხე შეუქმნას მმართველი ორგანოს წევრის დამოუკიდებლობას, ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას;

ვ) საზოგადოებრივი დაინტერესების პირის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილების მქონე აუდიტორის მიერ მომზადებული ინიციატორისა და თავდაპირველი კრედიტორის ბოლო წლის  ფინანსურ ანგარიშგებას;

ზ) სპეციალურ მიზნობრივ ერთეულსა და მის მომსახურე კომერციულ ბანკს შორის დადებულ, ლიკვიდური აქტივების ან/და ფასიანი ქაღალდების შენახვის შესახებ ხელშეკრულებას ან ხელშეკრულების პროექტს;

თ) საბაზისო აქტივების აღწერასა და მათი შეფასების მეთოდებს;

ი) ინფორმაციას სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიერ გამოსაშვები სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის/ინსტრუმენტების შესახებ, მათ შორის, ინფორმაციას მათი რისკიანობის შესახებ;

კ) ინფორმაციას სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიერ გამოსაშვები სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტიდან/ინსტრუმენტებიდან და მათი საბაზისო აქტივებიდან გამომდინარე ფულადი ნაკადების თანხვედრის მაჩვენებლის შესახებ;

ლ) ინფორმაციას სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მომსახურე, საზოგადოებრივი დაინტერესების პირის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილების მქონე  აუდიტორის შესახებ;

მ) სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიერ მომსახურე პირებთან დადებული ხელშეკრულებების ასლებს ან ამ ხელშეკრულებების პროექტებს;

ნ) ინფორმაციას სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სეკიურიტიზაციის განსახორციელებლად ან მასში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დამატებითი საქმიანობის შესახებ;

ო) სეკიურიტიზაციის ფარგლებში მომსახურების გამწევი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემებს და მათთან დადებულ ხელშეკრულებებს ან ხელშეკრულებების პროექტებს, მათ შორის, სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ინვესტორთა წარმომადგენლობის ხელშეკრულებას/ხელშეკრულებებს ან მათ პროექტებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

პ) სეკიურიტიზაციის ტრანზაქციის პირობების აღწერას, მათ შორის, ინფორმაციას  პოტენციური ინვესტორების შესახებ;

ჟ) სპეციალური მიზნობრივი ერთეულის  მიმდინარე ბალანსსა და შესაბამის შენიშვნებს უახლესი შესაძლო თარიღისთვის;

რ) საკომისიოებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაციას;

ს) ინფორმაციას, აპირებს თუ არა სპეციალური მიზნობრივი ერთეული სესხის აღებას, მისი მიზნობრიობისა და ტიპის მითითებით;

ტ) ინფორმაციას შენარჩუნებული რისკის შესახებ, მათ შორის, მითითებას არჩეული მატერიალური წმინდა ეკონომიკური ინტერესის შენარჩუნების მეთოდზე;

უ) კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ინფორმაციას სპეციალური მიზნობრივი ერთეულისთვის ან/და შესაბამისი სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტისთვის რომელიმე საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს (Standard & Poors, Moody’s, Fitch, Scope Ratings) მიერ მინიჭებული საკრედიტო რეიტინგის შესახებ;

ფ) სპეციალურ მიზნობრივ ერთეულსა და ინიციატორს შორის ამ წესის V თავით გათვალისწინებული ვალდებულებების განაწილების შესახებ ინფორმაციას;

ქ) ვებგვერდის მითითებას, რომლის მეშვეობითაც გამოქვეყნდება ინფორმაცია ამ წესის მე-19 მუხლის შესაბამისად.

2. სეკიურიტიზაციის კომპანიის მმართველი ორგანოს თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს საფინანსო სექტორში რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 4-წლიანი გამოცდილება. ამასთან, პირს ეკრძალება იყოს სეკიურიტიზაციის კომპანიის მმართველი ორგანოს წევრი და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, თუ:

ა)  მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში მას ჩამორთმეული აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება;

ბ) მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სეკიურიტიზაციის მონაწილეს ან/და სხვა ფინანსურ ინსტიტუტს ან/და შელახა სეკიურიტიზაციის მონაწილის კლიენტების უფლებები ან/და გამოიწვია სეკიურიტიზაციის მონაწილის ან სხვა ფინანსური ინსტიტუტის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება;

გ) სეკიურიტიზაციის მონაწილეში ან სხვა ფინანსურ ინსტიტუტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებები;

დ) წარსულში იყო სეკიურიტიზაციის მონაწილის ან სხვა ფინანსური ინსტიტუტის მმართველი ორგანოს წევრი ან მნიშვნელოვანი წილის მფლობელი და მისი საქმიანობის შედეგად სეკიურიტიზაციის მონაწილე/ფინანსური ინსტიტუტი  გადახდისუუნარო გახდა;

ე) სეკიურიტიზაციის მონაწილის ან სხვა ფინანსური ინსტიტუტის მიმართ არ შეასრულა  ფინანსური ვალდებულება;

ვ) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისთვის;

ზ) ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში დაკისრებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი საფინანსო სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობის უხეში დარღვევისთვის;

თ) მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში, სასამართლომ იგი ცნო მხარდაჭერის მიმღებად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები მმართველი ორგანოს წევრების მიმართ აგრეთვე ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვთ სპეციალური მიზნობრივი ერთეულის საქმიანობის დაგეგმვის, მართვისა და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა.

4. თუ ავტორიზაციის შესახებ პირველადი განაცხადის წარდგენის შემდეგ, ეროვნული ბანკის მიერ ავტორიზაციის გაცემამდე, ეროვნული ბანკისთვის წარდგენილ დოკუმენტებში/ინფორმაციაში განხორციელდება არსებითი ცვლილება, ამის შესახებ განმცხადებელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ეროვნულ ბანკს. ასეთ შემთხვევაში, განაცხადის განხილვის ვადა თავიდან აითვლება.

5. თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, იგი უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოითხოვოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის, კონფიდენციალური და განუსაზღვროს განმცხადებელს აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ფორმა და ვადა.

6. თუ განმცხადებლის მიერ არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ან/და ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი სრულყოფილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, განმცხადებელს დაუდგინოს ხარვეზი და განუსაზღვროს მას ვადა, ფორმა და პროცედურა, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა წარადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარდგენისათვის დაწესებული ვადა არ უნდა იყოს 5 (ხუთ) სამუშაო დღეზე ნაკლები.

7. ეროვნული ბანკის მიერ სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის თაობაზე ან ავტორიზაციის შესახებ განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 4. ავტორიზაციის პირობების ცვლილება

1. ავტორიზებულმა სპეციალურმა მიზნობრივმა ერთეულმა ან მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის პირობების ცვლილებამდე კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად უნდა მიმართოს ეროვნულ ბანკს და წარუდგინოს ცვლილების ამსახველი ყველა საჭირო დოკუმენტი/ინფორმაცია.

2. ეროვნული ბანკი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის პირობების ცვლილების განხორციელებაზე თანხმობის ან უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შეტყობინების წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში. აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 (ერთი) თვისა, თუ ეროვნული ბანკი წინასწარ აცნობებს განმცხადებელს ამის თაობაზე.

3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მოსთხოვოს განმცხადებელს დამატებითი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია, ასევე განუსაზღვროს განმცხადებელს მათი წარდგენისათვის საჭირო ვადა, ფორმა და პროცედურა, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა წარადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტაცის/ინფორმაციის წარდგენისათვის დაწესებული ვადა არ უნდა იყოს 5 (ხუთ) სამუშაო დღეზე ნაკლები.

4. კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის ან სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის პირობების ცვლილებაზე ეროვნული ბანკის თანხმობის მიღების შემთხვევაში, სპეციალური მიზნობრივი ერთეული ან მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისად სადამფუძნებლო დოკუმენტში ან/და ემისიის პროსპექტში  (ემისიის პროსპექტის შემთხვევაში – თუ გასული არ არის მისი მოქმედების ვადა) განსახორციელებელი ცვლილების გამოქვეყნება წინასწარ საჯაროდ, თუ განსახორციელებელი ცვლილება ეხება სადამფუძნებლო დოკუმენტში/ემისიის პროსპექტში მითითებულ მონაცემს, რა შემთხვევაშიც იგი ძალაში შეიძლება შევიდეს გამოქვეყნებიდან არაუადრეს ორი თვისა. გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გამოქვეყნება სავალდებულო არ არის, თუ ამ ცვლილების შესახებ ინფორმაცია ყველა ინვესტორს ხანგრძლივი მატარებლის საშუალებით მიეწოდება. ასეთ შემთხვევაში, ეს ცვლილება შეიძლება ძალაში შევიდეს ყველა ინვესტორისათვის შეტყობინებიდან არაუადრეს 30 დღისა.

 

თავი III. სეკიურიტიზაციის განხორციელების შესახებ შეტყობინება

 

მუხლი 5. სეკიურიტიზაციის შესახებ შეტყობინების და ინფორმაციის წარდგენა ეროვნული ბანკისთვის

1. სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიერ საქმიანობის დაწყებამდე, კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულმა სუბიექტებმა ეროვნულ ბანკს უნდა  წარუდგინონ განაცხადი ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული ფორმით და შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:

ა) სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის ძირითადი მახასიათებლები და ინფორმაცია შეთავაზების შესახებ;

ბ)  ინფორმაცია სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის საბაზისო აქტივის/აქტივების სახეობის,  საკრედიტო რისკის და ხარისხის შესახებ;

გ) სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი რისკების აღწერა;

დ) ინფორმაცია სპეციალური მიზნობრივი ერთეულის და მისი აქტივების მმართველი კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ;

ე) ინფორმაცია სეკიურიტიზაციის მონაწილეთა მმართველი ორგანოს წევრების და  ბენეფიციარი მესაკუთრეების ვინაობის შესახებ, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობენ  სეკიურიტიზაციის მონაწილის მნიშვნელოვან წილს (10%-ს ან მეტს);

ვ) ინფორმაცია სეკიურიტიზაციის ტრანზაქციის კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19, 21-ე, 24-ე და 26-ე მუხლებთან შესაბამისობის შესახებ, მათ შორის, მითითება არჩეული მატერიალური წმინდა ეკონომიკური ინტერესის შენარჩუნების მეთოდზე;

ზ) სეკიურიტიზაციის მონაწილეთა უახლესი ამონაწერი სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

თ) სეკიურიტიზაციის მონაწილეთა სადამფუძნებლო დოკუმენტები;

ი) სეკიურიტიზაციის ფარგლებში მომსახურების გამწევი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები და მათთან დადებული ხელშეკრულებები ან ხელშეკრულებების პროექტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

კ) არსებობის შემთხვევაში, განთავსების აგენტის შესახებ ინფორმაცია;

ლ) კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაცია სპეციალური მიზნობრივი ერთეულისთვის (სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გარეშე სეკიურიტიზაციის განხორციელებისას − ინიციატორისთვის) ან/და შესაბამისი სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტისთვის რომელიმე საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს (Standard & Poors, Moody’s, Fitch, Scope Ratings) მიერ მინიჭებული საკრედიტო რეიტინგის შესახებ;

მ) სპეციალურ მიზნობრივ ერთეულსა და ინიციატორს შორის ამ წესის V თავით გათვალისწინებული ვალდებულებების განაწილების შესახებ ინფორმაცია;

ნ) დოკუმენტის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირების განცხადება წარდგენილი მონაცემების სისწორისა და სისრულის შესახებ, ასევე მათი  ხელმოწერები.

2. ეროვნული ბანკი წარდგენილ შეტყობინებას და განსახორციელებელი სეკიურიტიზაციის საქმიანობის შინაარსს იკვლევს მხოლოდ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19, 21-ე, 24-ე და 26-ე მუხლებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით.

3. ეროვნული ბანკი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ  შეტყობინების წარდგენიდან 30 (ოცდაათ) სამუშაო დღეში განიხილავს მას და წერილობით აცნობებს განმცხადებელს, შეესაბამება თუ არა შეტყობინება კანონმდებლობის მოთხოვნებს. აუცილებლობის შემთხვევაში, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღით, თუ ეროვნული ბანკი წინასწარ აცნობებს ამის შესახებ განმცხადებელს.

4. თუ ეროვნული ბანკის მიერ შეტყობინების განხილვის პერიოდში განხორციელდება არსებითი ცვლილება ეროვნული ბანკისათვის წარდგენილ დოკუმენტებში/ინფორმაციაში, აღნიშნულის შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ეროვნულ ბანკს. ასეთ შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადა თავიდან აითვლება.

5. თუ განმცხადებლის მიერ არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ან/და ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი სრულყოფილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, განმცხადებელს დაუდგინოს ხარვეზი და განუსაზღვროს მას ვადა, ფორმა და პროცედურა, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა წარადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარდგენისათვის დაწესებული ვადა არ უნდა იყოს 5 (ხუთ) სამუშაო დღეზე ნაკლები.

6. თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, იგი უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოითხოვოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის, კონფიდენციალური და განუსაზღვროს განმცხადებელს აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ფორმა და ვადა.

 

თავი IV. მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის შენარჩუნების მოთხოვნები

 

მუხლი 6. რისკის შენარჩუნების ზოგადი პრინციპები

1. ინიციატორი ან თავდაპირველი კრედიტორი მუდმივად უნდა ფლობდეს სეკიურიტიზაციის მატერიალურ, წმინდა ეკონომიკურ ინტერესს არანაკლებ 5%-ის ოდენობით. მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესი იზომება საბაზისო აქტივების სეკიურიტიზაციის მომენტში და გარესაბალანსო ელემენტების შემთხვევაში გამოითვლება პირობითი ღირებულებით (notional value).

2. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის განაწილება სხვადასხვა პირებს შორის. მატერიალური წმინდა ეკონომიკური ინტერესის განაწილება დასაშვებია მხოლოდ:

ა) რამდენიმე ინიციატორს შორის;

ბ) რამდენიმე თავდაპირველ კრედიტორს შორის.

3. ამ თავის მიზნებისთვის ინიციატორად არ მიიჩნევა სუბიექტი, რომლის დაფუძნების ან საქმიანობის ერთადერთი მიზანია მოთხოვნების სეკიურიტიზაცია. მიიჩნევა, რომ სუბიექტის დაფუძნების ან საქმიანობის ერთადერთი მიზანი არ არის მოთხოვნების სეკიურიტიზაცია, როდესაც დაკმაყოფილებულია შემდეგი მოთხოვნები:

ა) სუბიექტს გააჩნია სტრატეგია და შესაძლებლობა, შეასრულოს ფინანსური ვალდებულებები თავისი ზოგადი ბიზნესმოდელის შესაბამისად, რაც მოიაზრებს კაპიტალის, აქტივების, საკომისიოებისა და შემოსავლის სხვა წყაროების მობილიზებას, ისე რომ სუბიექტის შემოსავლის მთავარი წყარო არ არის დამოკიდებული აქტივებზე, რომელთა სეკიურიტიზაციაც განხორციელდება, მათთან დაკავშირებით კანონისა და ამ წესის შესაბამისად შენარჩუნებულ მატერიალურ, წმინდა ეკონომიკურ ინტერესზე ან ამ აქტივებიდან და მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესიდან მიღებულ შემოსავალზე;

ბ) სუბიექტის მმართველი ორგანოს წევრებს გააჩნიათ შესაბამისი გამოცდილება, რათა სუბიექტმა შეასრულოს წინასწარ ჩამოყალიბებული ბიზნესსტრატეგია და დააკმაყოფილოს ადეკვატური კორპორაციული მართვის სტანდარტები.

4. მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის გაზომვის დროს მხედველობაში მიიღება ის საკომისიოები, რომელთა მიზანია მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის შემცირება.

5. მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის შენარჩუნება რამდენიმე ინიციატორს/თავდაპირველ კრედიტორს შორის ხორციელდება მათთან დაკავშირებული შესაბამისი საბაზისო აქტივების პროპორციულად.

6. აკრძალულია ინიციატორის მიერ სპეციალური მიზნობრივი ერთეულისთვის საბაზისო აქტივების გადაცემა ზარალის თავიდან აცილების მიზნით, რაც განისაზღვრება ტრანზაქციის სრული ვადის ან, თუ ტრანზაქციის მოქმედების ვადა აღემატება 4 წელს, 4 წლის განმავლობაში ინიციატორის ბალანსზე შენარჩუნებულ შესადარის აქტივებზე მიღებულ ზარალთან შედარების მეთოდით.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის შენარჩუნება, ამ წესის მე-7 მუხლით განსაზღვრული ერთ-ერთი მეთოდის გამოყენებით, შესაძლებელია, მათ შორის, განხორციელდეს მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის შენარჩუნებით გარანტიის საფუძველზე ან სინთეტიკურად. ასეთ შემთხვევაში, ინიციატორმა/თავდაპირველმა კრედიტორმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

ა) შენარჩუნებული მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის მოცულობა უნდა შეესაბამებოდეს იმ მოცულობას, რომელსაც ითვალისწინებს ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად შერჩეული მეთოდი;

ბ) ინიციატორი/თავდაპირველი კრედიტორი ვალდებულია შეთავაზების დოკუმენტში, ემისიის პროსპექტში ან/და ტრანზაქციის სხვა დოკუმენტებში მკაფიოდ გაამჟღავნოს ამ წესის მე-7 მუხლით განსაზღვრული მეთოდი, რომლის გამოყენებითაც სეკიურიტიზაციის განმავლობაში მუდმივად შეინარჩუნებს მატერიალურ, წმინდა ეკონომიკურ ინტერესს გარანტიის საფუძველზე ან სინთეტიკურად.

8. თუ მატერიალურ, წმინდა ეკონომიკურ ინტერესს ინარჩუნებს პირი, რომელიც არ არის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი, შენარჩუნებული მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესი უნდა იყოს სრულად უზრუნველყოფილი ფულადი სახსრებით, რომლებიც განთავსდება განცალკევებულ  ანგარიშზე.

9. მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის შენარჩუნება არ მოითხოვება იმ შემთხვევაში, თუ საბაზისო აქტივები არის ქვემოთ ჩამოთვლილი სუბიექტების მიმართ არსებული ან მათ მიერ სრულად, უპირობოდ და შეუქცევადად უზრუნველყოფილი მოთხოვნები:

ა) საქართველოს მთავრობა ან ეროვნული ბანკი;

ბ) განვითარებული ქვეყანა ან მისი ცენტრალური ბანკი;

გ) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი.

 

მუხლი 7. რისკის შენარჩუნების მეთოდები

მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის შენარჩუნება შესაძლებელია ერთ-ერთი შემდეგი მეთოდით:

ა) ინვესტორთათვის მიყიდული ან გადაცემული თითოეული ტრანშის ნომინალური ღირებულების არანაკლებ 5%-ის შენარჩუნებით;

ბ) თუ ხორციელდება რევოლვირებადი სეკიურიტიზაცია ან საბაზისო აქტივები რევოლვირებადია, თითოეული სეკიურიტიზებული საბაზისო აქტივის ნომინალური ღირებულების არანაკლებ 5%-ის შენარჩუნებით;

გ) პირველადი ზარალის ტრანშის 5%-ის შენარჩუნებით და, თუკი იგი არ აღწევს საბაზისო აქტივების ნომინალური ღირებულების 5%-ს,  დამატებით, სხვა ტრანშების შენარჩუნებით, რომლებსაც ინვესტორებისათვის მიყიდულ ან გადაცემულ ტრანშებთან შედარებით აქვთ იგივე ან უფრო მაღალი რისკის პროფილი და ვადამოსული არ ხდება მათზე უფრო ადრე, ისე რომ მთლიანობაში შენარჩუნებული მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესი საბაზისო აქტივების ნომინალური ღირებულების სულ მცირე 5%-ს შეადგენს;

დ) პირველადი ზარალის მატარებელი საკრედიტო მოთხოვნების იმ ნაწილის შენარჩუნებით, რომელიც შეადგენს თითოეული საბაზისო აქტივის არანაკლებ 5%-ს.

 

მუხლი 8. გაყიდული ან ინვესტორებისთვის გადაცემული თითოეული ტრანშის ნომინალური ღირებულების არანაკლებ 5%-ის შენარჩუნება

ამ წესის მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად სეკიურიტიზაციის მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესი შეიძლება შენარჩუნდეს ერთ-ერთი შემდეგი გზით:

ა) ინვესტორებისთვის მიყიდული ან მათთვის გადაცემული თითოეული ტრანშის ნომინალური ღირებულების არანაკლებ 5%-ის პირდაპირ შენარჩუნებით;

ბ) საბაზისო აქტივის შენარჩუნებით, რომელიც მისი მფლობელისთვის წარმოშობს სეკიურიტიზაციის ტრანზაქციაში გამოშვებული თითოეული ტრანშის მიმართ საკრედიტო რისკს პროპორციულად თითოეული გამოშვებული ტრანშის ნომინალური ღირებულების არანაკლებ 5%-ის ოდენობით;

გ) თითოეული საბაზისო აქტივის ნომინალური ღირებულების არანაკლებ 5%-ის შენარჩუნებით, იმ პირობით, რომ შენარჩუნებული საკრედიტო რისკი არის იმავე ხარისხის ან სუბორდინირებულია იმავე საბაზისო აქტივის საკრედიტო რისკთან  მიმართებით.

 

მუხლი 9.  რისკის შენარჩუნება რევოლვირებადი სეკიურტიზაციის ან რევოლვირებადი საბაზისო აქტივების სეკიურიტიზაციის შემთხვევაში

მატერიალური წმინდა ეკონომიკური ინტერესის შენარჩუნების მოთხოვნები ამ წესის მე-7 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით შესრულებულად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენარჩუნებული საკრედიტო რისკი არის იმავე ხარისხის ან სუბორდინირებულია იმავე საბაზისო აქტივის საკრედიტო რისკთან  მიმართებით.

 

მუხლი 10. პირველადი ზარალის ტრანშის  შენარჩუნება

1. ამ წესის მე-7 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველადი ზარალის ტრანშის შენარჩუნება ხორციელდება ერთ-ერთი შემდეგი გზით:

ა) საბალანსო ან გარესაბალანსო პოზიციების ფლობით;

ბ) უზრუნველყოფის აქტივების სიჭარბის მეშვეობით, თუ უზრუნველყოფის აქტივების სიჭარბე გამოიყენება პირველადი ზარალის პოზიციად და შეადგენს საბაზისო აქტივების ნომინალური ღირებულების არანაკლებ 5%-ს.

2. თუ პირველადი ზარალის ტრანში აღემატება საბაზისო აქტივების ნომინალური ღირებულების 5%-ს, ინიციატორს/თავდაპირველ კრედიტორს  შეუძლია,  შეინარჩუნოს  ასეთი პირველადი ზარალის ტრანშის პროპორციული ნაწილი იმ პირობით, რომ ეს ნაწილი ეკვივალენტური იქნება საბაზისო აქტივების ნომინალური ღირებულების არანაკლებ 5%-ისა.

 

მუხლი 11. პირველადი ზარალის მატარებელი საკრედიტო მოთხოვნის შენარჩუნება საბაზისო აქტივის არანაკლებ 5%-ის ოდენობით

1. ამ წესის მე-7 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველადი ზარალის მატარებელი საკრედიტო მოთხოვნა შენარჩუნებულად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც შენარჩუნებული საკრედიტო რისკი სუბორდინირებულია იმავე საკრედიტო მოთხოვნების სეკიურიტიზებულ საკრედიტო რისკთან მიმართებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევის გარდა, პირველადი ზარალის მატარებელი საკრედიტო მოთხოვნა შენარჩუნებულად ჩაითვლება აგრეთვე ინიციატორის/თავდაპირველი კრედიტორის მიერ საკრედიტო მოთხოვნის დისკონტირებული ღირებულებით გაყიდვის მეშვეობით, თუ სრულდება ყველა შემდეგი პირობა:

ა) დისკონტის ოდენობა არ არის თითოეული საკრედიტო მოთხოვნის ნომინალური ღირებულების 5%-ზე ნაკლები;

ბ) ნასყიდობის დისკონტირებული ფასი შესაძლოა დაუბრუნდეს ინიციატორს/თავდაპირველ კრედიტორს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ არის დაფარული საბაზისო აქტივებთან დაკავშირებული საკრედიტო რისკების ზარალით.

 

მუხლი 12. რისკის შენარჩუნების გაანგარიშების კრიტერიუმები

1.  მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის შენარჩუნების დონის გასაზომად გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) საბაზისო აქტივების სეკიურიტიზაციის თარიღად მიიჩნევა ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი თარიღი:

ა.ა) ფასიანი ქაღალდების გამოშვების თარიღი;

ა.ბ) ინიციატორსა და ინვესტორს შორის გაფორმებული საკრედიტო დაცვის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღი;

ბ) თუ რისკის შენარჩუნების დონის გაანგარიშება დაფუძნებულია ნომინალურ ღირებულებაზე, აქტივების შეძენის ფასი არ გაითვალისწინება ამ გაანგარიშებაში;

გ) ტრადიციული სეკიურიტიზაციის ფარგლებში, წმინდა ეკონომიკური ინტერესის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება საკომისიო შემოსავლები და შესაბამისი ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია საბაზისო აქტივებთან;

დ) მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის შესანარჩუნებლად გამოყენებული მეთოდი და გამოსათვლელი მეთოდოლოგია არ უნდა შეიცვალოს სეკიურიტიზაციის მოქმედების განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცვლილება განპირობებულია განსაკუთრებული გარემოებებით და მისი მიზანი არ არის შენარჩუნებული ინტერესის შემცირება. მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის შესანარჩუნებლად გამოყენებული მეთოდის ცვლილებისთვის საჭიროა ეროვნული ბანკის თანხმობა.

2. თუ შენარჩუნებულ მოთხოვნებზე/პოზიციებზე წარმოიშობა ზარალი, ინიციატორი/თავდაპირველი კრედიტორი ვალდებული არ არის კვლავ 5%-მდე შეავსოს შენარჩუნებული მატერიალური წმინდა ეკონომიკური ინტერესი.

 

მუხლი 13.  რისკის შენარჩუნების გაანგარიშება საკრედიტო ინსტრუმენტისთვის

საკრედიტო ინსტრუმენტისთვის შესანარჩუნებელი მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის გაანგარიშება უნდა ითვალისწინებდეს მხოლოდ გატანილ, რეალიზებულ ან მიღებულ თანხებს და უნდა განახლდეს აღნიშნული თანხების ცვლილებების შესაბამისად.

 

მუხლი 14.  შენარჩუნებული ინტერესის ჰეჯირების და გაყიდვის აკრძალვა

1. დაუშვებელია შენარჩუნებული მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესი იყოს საკრედიტო მიტიგაციის საშუალების ან საკრედიტო რისკის ჰეჯირების საგანი. 

2. დაუშვებელია შენარჩუნებული მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესიდან გამომდინარე უფლების, სარგებლის ან ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ გაყიდვა, გადაცემა ან სხვაგვარად დათმობა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ მოქმედებს, თუ:

ა) ინიციატორი/თავდაპირველი კრედიტორი გადახდისუუნაროა;

ბ) ინიციატორის/თავდაპირველი კრედიტორის მმართველობითი ორგანოების უფლებამოსილებები შეზღუდულია კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეჟიმის საფუძველზე.

 

მუხლი 15.  ფულადი ნაკადებისა და ზარალის განაწილება შენარჩუნებული ინტერესის ფარგლებში. საკომისიო ხარჯების გაანგარიშება

1. ინიციატორმა/თავდაპირველმა კრედიტორმა სეკიურიტიზაციის ფარგლებში არ უნდა გამოიყენოს ისეთი საშუალებები/მექანიზმები, რომლებიც გამოიწვევს სეკიურიტიზაციის მომენტში შენარჩუნებული წმინდა, ეკონომიკური ინტერესის უფრო სწრაფად შემცირებას გადაცემულ ინტერესთან შედარებით. გადახდილი თანხის ან ამორტიზების შედეგად, ფულადი ნაკადების განაწილებისას, შენარჩუნებულ ინტერესს არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი გადაცემულ ინტერესებთან შედარებით.

2. დასაშვებია შენარჩუნებული ინტერესის ამორტიზაცია ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ფულადი ნაკადების განაწილებით ან ზარალის განაწილებით, ისე რომ დროთა განმავლობაში, ფაქტობრივად შემცირდეს შენარჩუნებული რისკის დონე.

3. საკომისიოებთან დაკავშირებული ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც განკუთვნილია სეკიურიტიზაციის პროცესში ინიციატორის/თავდაპირველი კრედიტორის მომსახურების  კომპენსაციისათვის, ჩაითვლება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, თუ ის აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას:

ა) შეთანხმება საკომისიოს შესახებ დადებულია გაშლილი მკლავის პრინციპის დაცვით, ბაზარზე არსებული შესადარისი ტრანზაქციების გათვალისწინებით; ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, თუ შესადარი ტრანზაქციები შესაბამის ბაზარზე არ არსებობს, გაშლილი მკლავის პრინციპის საფუძველზე საკომისიოს ოდენობის განსაზღვრისას გამოიყენება სხვა ბაზრებზე შესადარისი ტრანზაქციებისთვის მოქმედი საკომისიოების ოდენობა ან შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც მხედველობაში იღებს სეკიურიტიზაციის სახეობას და გაწეული მომსახურების ხასიათს;

ბ)  საკომისიოები განკუთვნილია მომსახურების ანაზღაურებისთვის, არ წარმოქმნის უპირატეს მოთხოვნას სეკიურიტიზაციის ფულად ნაკადებთან მიმართებით და არ იწვევს გადაცემულ ინტერესთან შედარებით შენარჩუნებული ინტერესის უფრო სწრაფად შემცირებას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები დაკმაყოფილებულად არ ჩაითვლება, როდესაც საკომისიო გარანტირებულია სრულად ან ნაწილობრივ წინასწარ გადასახდელია  მომსახურების გაწევამდე და საკომისიოს გამოკლებით ეფექტური მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესი კანონმდებლობის მოთხოვნილზე უფრო დაბალია.

 

მუხლი 16. რისკების შენარჩუნება რესეკიურიტიზაციისას

1. კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში რესეკიურიტიზაციის განხორციელებისას, ინიციატორი/თავდაპირველი კრედიტორი უნდა ფლობდეს სეკიურიტიზაციის მატერიალურ წმინდა ეკონომიკურ ინტერესს თითოეული შესაბამისი ტრანზაქციისთვის.

2. რესეკიურიტიზაციის ინიციატორი არ არის ვალდებული, შეინარჩუნოს მატერიალური წმინდა ეკონომიკური ინტერესი რესეკიურიტიზაციის ტრანზაქციისთვის, როდესაც დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი  პირობა:

ა) რესეკიურიტიზაციის ინიციატორი ასევე არის სეკიურიტიზაციის თავდაპირველი ტრანზაქციის ინიციატორი და ამ ტრანზაქციისთვის უკვე შენარჩუნებული აქვს მატერიალური წმინდა ეკონომიკური ინტერესი;

ბ) რესეკიურიტიზაცია უზრუნველყოფილია აქტივების გაერთიანებით, რომელიც მოიცავს რესეკიურიტიზაციის ინიცირების თარიღამდე ინიციატორის მიერ თავდაპირველი სეკიურიტიზაციისას ზედმეტობით შენარჩუნებულ მინიმალურ წმინდა ეკონომიკურ ინტერესს;

გ) რესეკიურიტიზაციისა და თავდაპირველი სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების/პოზიციების ვადიანობა ერთმანეთთან თანხვედრაშია.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიზნებისთვის, სეკიურიტიზაციის ინიციატორის მიერ გამოშვებული ტრანშების ხელახალი ტრანშირება არ წარმოადგენს რესეკიურიტიზაციას.

 

მუხლი 17. საბაზისო აქტივების სპეციალური მიზნობრივი ერთეულისთვის გადაცემა

1. ამ წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის მიზნებისთვის, ინიციატორის ბალანსზე არსებული აქტივები, რომლებიც სეკიურიტიზაციის პირობების/დოკუმენტაციის მიხედვით აკმაყოფილებენ შესაბამისობის კრიტერიუმებს, ჩაითვლება სპეციალური მიზნობრივი ერთეულისთვის გადასაცემი აქტივების შესადარისად, როდესაც აქტივების შერჩევის დროს დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი პირობა:

ა) გადასაცემი და ბალანსზე დატოვებული აქტივებიდან მოსალოდნელი შედეგები/შემოსავლიანობა განისაზღვრება მსგავსი ფაქტორებით;

ბ) ინდიკატორების გათვალისწინებით, მათ შორის, წარსული შედეგების/შემოსავლიანობის და შესაბამისი მოდელების საფუძველზე, შესაძლებელია გონივრული დასკვნის გაკეთება, რომ ამ წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში ბალანსზე დატოვებული აქტივების სამომავლო შედეგი/შემოსავლიანობა არ იქნება მნიშვნელოვნად უკეთესი გადაცემულ აქტივებთან შედარებით.

2. ინიციატორის მიერ ამ წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისას გაითვალისწინება, დანერგა თუ არა ინიციატორმა შიდა პოლიტიკა, პროცედურები და შესაბამისი კონტროლის მექანიზმები, რათა თავიდან  აეცილებინა სეკიურიტიზაციის მიზნებისთვის, სისტემურად ან განზრახ, ისეთი აქტივების შერჩევა და შენარჩუნება, რომლებიც გადაცემულ, შესადარის აქტივებთან მიმართებით საშუალოზე დაბალი საკრედიტო ხარისხისაა.

3. ამ წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები ინიციატორის მიერ შესრულებულად ჩაითვლება, თუ სეკიურიტიზაციის შემდგომ ინიციატორის ბალანსზე სეკიურიტიზებული აქტივების შესადარისი აქტივები შენარჩუნებული არ არის, გარდა იმ აქტივებისა, რომლებზეც ინიციატორს სეკიურიტიზაციის განხორციელების სახელშეკრულებო ვალდებულება აქვს აღებული, იმ პირობით, რომ აღნიშნული ფაქტი სრულყოფილად გამჟღავნებულია ინვესტორთათვის.

 

თავი V. ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის მოთხოვნები

 

მუხლი 18. კვარტალური ანგარიშგება და გასამჟღავნებელი ინფორმაცია

1. ინიციატორმა ან/და სპეციალურმა მიზნობრივმა ერთეულმა უნდა უზრუნველყონ სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის მფლობელისთვის, ეროვნული ბანკისთვის და მოთხოვნის შემთხვევაში პოტენციური ინვესტორისთვის, შემდეგი ინფორმაციის გამჟღავნება:

ა)  ყოველი კვარტლის დასრულებიდან  30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში,   ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად შედგენილი კვარტალური ანგარიში საბაზისო აქტივების შესახებ, რომელიც, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას/მონაცემებს:

ა.ა) ნებისმიერ არსებით ინფორმაციას საკრედიტო ხარისხსა და საბაზისო აქტივების შედეგებსა და მაჩვენებლებზე;

ა.ბ) ინფორმაციას მოვლენებზე, რომლებიც იწვევს გადახდების პრიორიტეტულობის ცვლილებას ან ნებისმიერი კონტრაჰენტის ჩანაცვლებას;

ა.გ) ინფორმაციას საბაზისო აქტივებიდან და სეკიურიტიზაციის ვალდებულებებიდან წარმოშობილი ფულადი ნაკადების შესახებ;

ა.დ) ინფორმაციას შენარჩუნებული რისკის შესახებ, მათ შორის, მითითებას არჩეული მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის შენარჩუნების მეთოდზე;

ბ) მოთხოვნისთანავე, სეკიურიტიზაციის ამსახველი ყველა ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლებიც შესაბამისი ტრანზაქციის შინაარსის ანალიზისთვისა არის საჭირო, მათ შორის:

ბ.ა) შეთავაზების დოკუმენტები ან/და ემისიის პროსპექტი;

ბ.ბ) ტრადიციული სეკიურიტიზაციის შემთხვევაში, საბაზისო აქტივების გაყიდვის/გადაცემის ხელშეკრულება და ასეთ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებები;

ბ.გ) დერივატივის და გარანტიის ხელშეკრულებები, ასევე, ნებისმიერი რელევანტური დოკუმენტაცია უზრუნველყოფის შესახებ;

ბ.დ) სეკიურიტიზაციიდან გამომდინარე გადახდების პრიორიტეტულობის/სუბორდინაციის და ინვესტორთა (კრედიტორთა) შორის დადებული ხელშეკრულებების დეტალური აღწერა;

ბ.ე) ხელშეკრულებები მომსახურების, მათ შორის, საბანკო მომსახურების, ფულადი სახსრების მართვის და წარმომადგენლობის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ბ.ვ) თუ პროსპექტი არ არის შედგენილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სეკიურიტიზაციის ტრანზაქციის პირობების შეჯამება ან ძირითადი მახასიათებლების მიმოხილვა, მათ შორის:

ბ.ვ.ა) სეკიურიტიზაციის ტრანზაქციის სტრუქტურის აღწერა, მათ შორის, დიაგრამები, რომელიც შეიცავს ტრანზაქციის მიმოხილვას, ფულად ნაკადებს და მფლობელობით სტრუქტურას;

ბ.ვ.ბ) საბაზისო აქტივების საკრედიტო მოთხოვნების მახასიათებლების, ფულადი ნაკადების, საკრედიტო ხარისხის გაუმჯობესების ლიკვიდობის მექანიზმების, ასევე, ზარალის განაწილების იერარქიის/სქემის აღწერა; 

ბ.ვ.გ) ინვესტორთა ხმის უფლებების აღწერა და მათი დაკმაყოფილების რიგითობა;

ბ.ზ) ამ პუნქტის შესაბამისად მიწოდებულ დოკუმენტაციაში არსებული ყველა მოვლენა, რომელსაც შესაძლოა არსებითი გავლენა ჰქონდეს სეკიურიტიზაციის პროცესზე;

ბ.თ) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ინსაიდერული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია სეკიურიტიზაციასთან და რომლის გამჟღავნების ვალდებულებაც კანონმდებლობის შესაბამისად აქვს ინიციატორს ან სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს, ან თუ აღნიშნულ მოთხოვნებს არ ექვემდებარება ინიციატორი/სპეციალური მიზნობრივი ერთეული - ნებისმიერი მნიშვნელოვანი მოვლენა, როგორიცაა:

ბ.თ.ა) ამ ქვეპუნქტის შესაბამისად ხელმისაწვდომ დოკუმენტებში გათვალისწინებული ვალდებულებების არსებითი დარღვევა;

ბ.თ.ბ) ტრანზაქციის დოკუმენტაციის ან სტრუქტურული მახასიათებლების ნებისმიერი, არსებითი ცვლილება;

ბ.თ.გ) საბაზისო აქტივების ან სეკიურიტიზაციის რისკის მახასიათებლის ცვლილება, რამაც შესაძლოა არსებითი გავლენა მოახდინოს სეკიურიტიზაციის შედეგზე.

2. ინიციატორი და სპეციალური მიზნობრივი ერთეული ვალდებული არიან, დაიცვან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის  შესახებ. თუ ინფორმაციის ან დოკუმენტის გამჟღავნება გამოიწვევს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას, მისი წარდგენა/გამჟღავნება შესაძლებელია აგრეგირებული  ფორმით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის წარმოებასა და წარდგენაზე პასუხისმგებელი პირი არის ინიციატორი ან/და სპეციალური მიზნობრივი ერთეული, მათი შეთანხმების შესაბამისად. ინფორმაციის გამჟღავნებაზე პასუხისმგებელი პირი/პირები და მათი ვალდებულებების ფარგლები განისაზღვრება სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის დროს ან ამ წესის მე-5 მუხლის თანახმად წარდგენილი შეტყობინების მეშვეობით. ინფორმაციის გამჟღავნებაზე პასუხისმგებელი პირის/პირების ან/და მათი ვალდებულებების ცვლილების შესახებ წინასწარ ეცნობება ეროვნულ ბანკს.

 

მუხლი 19. ინფორმაციის გამოქვეყნება და შენახვა

1. ამ წესის მე-18  მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია, რომელიც ეხება ავტორიზებულ სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დამატებით უნდა გამოქვეყნდეს ვებგვერდის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას, მთლიანობასა და დროულად შენახვას.

2. ამ წესის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულმა პირმა უნდა შეინახოს იმავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები/ინფორმაცია სეკიურიტიზაციის ტრანზაქციის დასრულებიდან, სულ მცირე, 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

 

თავი  VI. მოთხოვნები ინსტიტუციური ინვესტორების მიმართ

 

მუხლი 20.  დამატებითი მოთხოვნები ინსტიტუციური ინვესტორების მიმართ

1. კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, ინსტიტუციური ინვესტორი ვალდებულია აწარმოოს წერილობითი პროცედურები, რომლებიც მოიცავს შემდეგი მონაცემების მონიტორინგს:  საბაზისო აქტივების სახეობა, ვადაგადაცილებული სესხების პროცენტული ოდენობა, დეფოლტის ალბათობის მაჩვენებლები, წინასწარი გადახდების  მაჩვენებლები, აღსრულებას დაქვემდებარებული სესხები, ამოღებული თანხების პროცენტული მაჩვენებლები, ვადაზე ადრე გამოთხოვის შესახებ ინფორმაცია, სესხის პირობების ცვლილებები, შეღავათების შესახებ ინფორმაცია, უზრუნველყოფის სახეობა, საბაზისო აქტივებზე საკრედიტო ქულების ან კრედიტუნარიანობის შეფასების სხვა მაჩვენებლების სიხშირული განაწილება, სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტის მაჩვენებლების სიხშირული განაწილება. თუ საბაზისო აქტივი არის სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტი, ინსტიტუციური ინვესტორი ვალდებულია განახორციელოს ასევე ამ ინსტრუმენტების საბაზისო აქტივების მონიტორინგი.

2. ინსტიტუციური ინვესტორი ვალდებულია რეგულარულად განახორციელოს სტრესტესტები საბაზისო აქტივებიდან გამომდინარე ფულად ნაკადებსა და მისი უზრუნველყოფის ღირებულებაზე, ან ფულად ნაკადებსა და უზრუნველყოფის ღირებულებაზე საკმარისი მონაცემების არარსებობისას - სტრესტესტები მოსალოდნელი ზარალის შესახებ სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის ხასიათის და კომპლექსურობის გათვალისწინებით.

3. ინსტიტუციური ინვესტორი ვალდებულია აწარმოოს შიდა ანგარიშგება მმართველი ორგანოს წინაშე, რათა მმართველი ორგანოს წევრები ფლობდნენ ამომწურავ ინფორმაციას  სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტიდან გამომდინარე მატერიალური რისკების შესახებ და შეძლონ ამ რისკების სათანადოდ მართვა.

 

თავი VII. ავტორიზებული სპეციალური მიზნობრივი ერთეულის და მისი განყოფილების ლიკვიდაცია

 

მუხლი 21. ლიკვიდაციის ზოგადი პრინციპები

1. ლიკვიდაციის მიზანია ავტორიზებული სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან/და მისი განყოფილების აქტივების რეალიზაცია და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება კანონის IV თავის  შესაბამისად.

2. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს ლიკვიდატორი. ლიკვიდატორი სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სახელით გარიგებებს დებს და საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან შესაბამისი განყოფილების ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ერთ-ერთ კომერციულ ბანკში გაიხსნება ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის სალიკვიდაციო ანგარიში და მოხდება ფინანსურ ინსტიტუტებში ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის ყველა არსებული ანგარიშის დაბლოკვა, რის შემდეგაც თანხები აკუმულირდება სალიკვიდაციო ანგარიშზე. ამ ანგარიშის მეშვეობით მოხდება ანგარიშსწორება. ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ანაზღაურდება  სალიკვიდაციო ანგარიშიდან.

4. ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემდეგ შეძენილი აქტივები/ქონება შედის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან/და მისი განყოფილების აქტივებში და ექვემდებარება რეალიზაციას კანონის IV თავის და ამ წესის შესაბამისად.

 

მუხლი 22. ლიკვიდატორის დანიშვნა და გათავისუფლება

1. გარდა კანონის მე-13 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებისა, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან მისი განყოფილების ლიკვიდატორია შესაბამისი სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივების მმართველი კომპანია ან, იმ სეკიურიტიზაციის კომპანიის შემთხვევაში, რომელსაც არ ჰყავს დანიშნული აქტივების მმართველი კომპანია  − სეკიურიტიზაციის კომპანიის მიერ დანიშნული პირი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს წარედგინება ლიკვიდაციის დაწყების შესახებ განაცხადი/მიმართვა, რომელიც უნდა შეიცავდეს მოთხოვნას ლიკვიდატორის დანიშვნაზე თანხმობის შესახებ, მისი საიდენტიფიკაციო  მონაცემების და შესაფერისობის მითითებით. თუ სეკიურიტიზაციის კომპანიის მიერ ლიკვიდატორად ინიშნება მესამე პირი, მაშინ ეროვნული ბანკისთვის წარსადგენ განაცხადს/მიმართვას ერთვის ლიკვიდატორად დასანიშნი პირის თანხმობა.

3.  კანონის მე-13 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიკვიდატორს ნიშნავს ეროვნული ბანკი, რომელიც შეიძლება იყოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი. თუ ლიკვიდატორის კანდიდატი არ არის ეროვნული ბანკის თანამშრომელი, ეროვნულ ბანკსა და ლიკვიდატორის კანდიდატს შორის ფორმდება შრომითი ხელშეკრულება, სადაც ყველა სხვა არსებით პირობასთან ერთად უნდა განისაზღვროს ლიკვიდატორის ანაზღაურება.

4. ერთი და იგივე პირი შეიძლება დაინიშნოს ლიკვიდატორად რამდენიმე სპეციალურ მიზნობრივ ერთეულში ან/და მის რამდენიმე განყოფილებაში.

5. ლიკვიდატორის ცვლილება და გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ ან მისი თანხმობით, ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში:

ა) იგი უხეშად არღვევს კანონმდებლობას ან/და მასთან დადებული ხელშეკრულების პირობებს;

ბ) იგი აღარ აკმაყოფილებს ამ წესის 23-ე მუხლით დადგენილ შესაფერისობის მოთხოვნებს;

გ) არსებობს სხვა დასაბუთებული მიზეზი, რომელიც ხელს უშლის ლიკვიდატორს მისი ფუნქციების განხორციელებაში;

დ) კანონის მე-13 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, არსებობს ისეთი ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც ხელს უშლის ლიკვიდატორს დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად განახორციელოს მისი ფუნქციები.

6. ლიკვიდატორის დანიშვნის, ცვლილების და გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც იმავე დღეს სარეგისტრაციოდ წარედგინება მარეგისტრირებელ ორგანოს, გამოქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე და სსიპ - „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

 

მუხლი 23.  ლიკვიდატორის შესაფერისობის მოთხოვნები

1. ლიკვიდატორს უნდა ჰქონდეს საფინანსო საქმიანობის წარმართვისათვის აუცილებელი სათანადო კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება.

2. პირს ეკრძალება იყოს სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან მისი განყოფილების ლიკვიდატორი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან/და სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.

3. ლიკვიდატორად დასანიშნ პირს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი სპეციალობით, როგორიცაა ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესადმინისტრირება, აუდიტი, ბუღალტერია.

4. ლიკვიდატორს უნდა ჰქონდეს საფინანსო სექტორში მუშაობის არანაკლებ 4 წლის სტაჟი.

5. თუ ლიკვიდატორი ეროვნული ბანკის თანამშრომელია, დაუშვებელია ის იყოს სეკიურიტიზაციის მონაწილესთან მჭიდრო კავშირში მყოფი პირი.

 

მუხლი 24.  ლიკვიდატორის უფლებები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობა

1.  ლიკვიდატორი სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან/და განყოფილების სახელით გარიგებებს დებს და საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ლიკვიდაციის დასრულების მიზნით.

2. ლიკვიდატორს სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან/და მისი განყოფილების ლიკვიდაციის პროცესის დროულად და სწორად წარმართვის მიზნით უფლება აქვს:

ა) წარმართოს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საქმეები, დაამთავროს სასამართლო და საარბიტრაჟო საქმეები ან მორიგებით დაასრულოს დავები;

ბ) გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები სხვადასხვა პირთან ან/და შესაბამის სამსახურებთან ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის დოკუმენტაციის დადგენილი წესით აღრიცხვის/შენახვის და დაარქივების უზრუნველსაყოფად;

გ) დანიშვნის დღიდან ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე, შეწყვიტოს  ნებისმიერი გარიგება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

დ) გაატაროს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ის ღონისძიება, რომელსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის კრედიტორთა და სხვა ფინანსური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

3. მხოლოდ ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, ლიკვიდატორს უფლება აქვს:

ა) გახსნას სალიკვიდაციო ანგარიშები კომერციულ ბანკში სხვადასხვა ვალუტით;

ბ) დროებით არ დახუროს ფინანსურ ინსტიტუტებში  არსებული  ანგარიშები;

გ) აიღოს სესხი ან სხვა ეკვივალენტური ფორმით მესამე პირის წინაშე იკისროს ფინანსური ვალდებულება;

დ) საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური მიზნობრივი ერთეულის/განყოფილების ლიკვიდაციის დროს, გამოითხოვოს სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მმართველი ორგანოს  წევრებისგან ნებისმიერი ბეჭედი და შტამპი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მის მიერ განსაზღვრულ ვადაში.

4. ლიკვიდატორი მის მიერ განხორციელებული საქმიანობისათვის ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის წინაშე. ლიკვიდატორმა პროცესის წარმოებისას უნდა იმოქმედოს კეთილსინდისიერად, მართლზომიერად, ინვესტორთა საუკეთესო ინტერესების შესაბამისად. მოვალეობათა შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში ლიკვიდატორი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

5. თუ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში იცვლება ლიკვიდატორი, ყოფილი ლიკვიდატორი ვალდებულია, გადააბაროს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის საქმეები ახალ ლიკვიდატორს ეროვნული ბანკის მიერ მითითებულ ვადებში, ხოლო ლიკვიდატორმა, თავის მხრივ, მისი დანიშვნის დღიდან უნდა აღწეროს და გადაიბაროს საქმეები ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში.

6. თუ ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის ყოფილი ლიკვიდატორები თავს აარიდებენ საქმეების გადაბარებას, ლიკვიდატორმა უნდა აღწეროს და შეადგინოს საქმეთა ინვენტარიზაციის აქტი და ამავდროულად მიიღოს შესაბამისი ზომები აღნიშნული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დასაყენებლად.

7. ლიკვიდატორი ვალდებულია ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან 10 (ათ) სამუშაო დღეში:

ა) გაუგზავნოს შეტყობინებები შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებთანაც, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, განთავსებულია ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის აქტივები, რათა მათ ლიკვიდატორის ნებართვის გარეშე არ განკარგონ ეს აქტივები. ასეთი შეტყობინება ფინანსურ ინსტიტუტს უნდა გაეგზავნოს ამ პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგაც, თუ ლიკვიდატორისათვის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის  კუთვნილი სხვა აქტივების შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდა მოგვიანებით;

ბ) აცნობოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, რათა ლიკვიდატორის გარეშე არ მოხდეს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის კუთვნილი ქონების (უძრავი ქონება, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და სხვ.) განკარგვა;

გ) სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სრულად ლიკვიდაციის შემთხვევაში, გაუგზავნოს შეტყობინებები ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის მმართველი ორგანოს ყოფილ წევრს/წევრებს ყველა ბეჭდისა და შტამპის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში ჩაბარების მოთხოვნით;

დ) გამოაქვეყნოს განცხადება ლიკვიდაციის დაწყების შესახებ ეროვნული ბანკის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან ერთად სსიპ  „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე; ეს განცხადება პირველად გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში მეორედ უნდა გამოქვეყნდეს. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს, რომ კრედიტორებს უფლება აქვთ, არაუგვიანეს აღნიშნული განცხადების  იმავე საშუალებით განმეორებით გამოქვეყნებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში წარუდგინონ ლიკვიდატორს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა თავიანთი კრედიტორული მოთხოვნის ოდენობისა და საფუძვლების მითითებით.

8. ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის ლიკვიდაციის დროულად და სწორად წარმართვის მიზნით ლიკვიდატორი ვალდებულია:

ა) აწარმოოს ზუსტი აღრიცხვა-ანგარიშგება სწორი საბუღალტრო ჩანაწერების განხორციელებით;

ბ) ლიკვიდაციის პროცესის დაწყებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში შეადგინოს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის საწყისი ბალანსი არსებული ყოველდღიური საბუღალტრო ანგარიშგების ფორმების ან სხვა შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე და წარუდგინოს ეროვნულ ბანკს;

გ) დანიშვნიდან სამი თვის განმავლობაში განახორციელოს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის ყველა აქტივისა და ვალდებულების ინვენტარიზაცია და აღრიცხვა, საჭიროების შემთხვევაში – მათი აუდიტორული შეფასება;

დ) დანიშვნიდან სამი თვის ვადაში შეადგინოს აქტივ-პასივების დაზუსტებული ნუსხა (ბალანსი);

ე) უზრუნველყოს კრედიტორთა მიერ წაყენებული ყველა მოთხოვნის კანონიერების შემოწმება;

ვ) ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის ქონების მითვისების ან გაფლანგვის ფაქტების ან/და სხვა დანაშაულის ნიშნების გამოვლენისთანავე შეატყობინოს ეროვნულ ბანკს, რის შემდეგაც საქმეები გადაეცემა სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი ზომების მიღების მოთხოვნით;

ზ) გაასაჩივროს ნებისმიერი ისეთი გადაწყვეტილება, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილება ლიკვიდაციაში მყოფი სუბიექტის ქონების დაყადაღების ან რეალიზაციის შესახებ, რომელიც შეიძლება არახელსაყრელი იყოს კრედიტორთა ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის;

თ) წარუდგინოს ეროვნულ ბანკს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის ანგარიშგება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმით არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა;

ი) დადგენილი პერიოდულობით ან მოთხოვნისთანავე ეროვნულ ბანკს წარუდგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში, ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი;

კ) განახორციელოს ამ წესით განსაზღვრული ყველა ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს კრედიტორთა კუთვნილი ფულადი სახსრების დაბრუნებასთან დაკავშირებული მოთხოვნების მაქსიმალურად და დროულად დაკმაყოფილებას, მათ შორის, მოვალეების მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება, სასამართლოში სარჩელის შეტანის ჩათვლით;

ლ) უფლებამოსილების განხორციელებისას იხელმძღვანელოს კეთილსინდისიერების პრინციპისა და ეთიკის ნორმების დაცვით;

მ) საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს ეროვნულ ბანკს მოუკითხავი თანხების ანგარიშის გახსნის მოთხოვნით;

ნ) ეროვნულ ბანკს გადასცეს მოუკითხავი ფულადი სახსრები (არსებობის შემთხვევაში), რომელიც ირიცხება ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე, ასევე, გადასცეს დაკავშირებული დოკუმენტაცია.

9. ლიკვიდატორი პასუხისმგებელია:

ა) ლიკვიდაციის პროცესთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით ლიკვიდაციის პროცესის წარმართვისათვის, ასევე სალიკვიდაციო სამუშაოებისა და ღონისძიებების განზრახ გაჭიანურებისათვის;

ბ) თავისი საქმიანობის პერიოდში ნებისმიერი პირის მიერ ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის აქტივების მითვისების ან/და გაფლანგვის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, საქმეების შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაუცემლობისათვის;

გ) მესამე პირისგან მიღებული სახსრების არამიზნობრივად გამოყენებისათვის;

დ) ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის აღრიცხვა - ანგარიშგებებში საბუღალტრო ჩანაწერებისა და გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის უტყუარობისა და სიზუსტისათვის;

ე) ფინანსური დარღვევებისათვის;

ვ) სპეციალური მიზნობრივი ერთეულის/შესაბამისი განყოფილების აქტივებისა და ვალდებულებების შესახებ არასწორი ინფორმაციის მომზადებისა და წარდგენისათვის;

ზ) მსესხებლებისა და სხვა დებიტორების მიერ დავალიანების დაუფარაობის შემთხვევაში, თანხის ამოღების მიზნით,  სასამართლოში სარჩელის შეუტანლობისათვის;

თ) სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ინვესტორებთან არაეთიკური მოქცევისათვის.

10. ლიკვიდატორს არ დაეკისრება პირადი პასუხისმგებლობა პირის მიმართ რაიმე მოქმედებისთვის ან უმოქმედობისთვის, თუ მან ეს ქმედება ჩაიდინა ან ამ ქმედების ჩადენისგან თავი შეიკავა თავისი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თუ ლიკვიდატორი ეროვნული ბანკის თანამშრომელია, ეროვნული ბანკი ვალდებულია სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავებში დაიცვას ლიკვიდატორის ინტერესები, რაც შეიძლება გამოიხატოს ლიკვიდატორის იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფით, დავასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებითა და სხვა ღონისძიებებით, რომლებსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს ლიკვიდატორის ინტერესების დასაცავად, თუ აღნიშნული ლიკვიდატორის მოქმედება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება განპირობებული იყო სამსახურებრივი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებით. ეს პუნქტი ლიკვიდატორზე ვრცელდება მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში.

 

მუხლი 25. კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება

1. სპეციალური მიზნობრივი ერთეულის/მისი განყოფილების კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება სალიკვიდაციო მასიდან, რომელიც შედგება ლიკვიდაციის დაწყების შესახებ ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტისთვის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის/მისი განყოფილების კუთვნილი აქტივებისა და ლიკვიდაციის პროცესში შეძენილი აქტივებისგან.

2. კრედიტორი, რომლის მოთხოვნის საფუძველი ლიკვიდაციის დაწყების შესახებ ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლამდე წარმოიშვა, ვალდებულია არაუგვიანეს ამ წესის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადაში წარუდგინოს ლიკვიდატორს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა თავისი კრედიტორული მოთხოვნის ოდენობისა და საფუძვლების მითითებით. აღნიშნული ვადის დარღვევით წარდგენილი მოთხოვნა ჩაითვლება დაგვიანებულ მოთხოვნად.

3.  კრედიტორული მოთხოვნა არის ვალი ან ვალდებულების შესრულების მოთხოვნა, რომელიც შეიძლება ფულადი სახით გამოიხატოს და რომელიც, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს ვადამოსულ მოთხოვნებს, დაუზუსტებელ მოთხოვნებს, პირობით მოთხოვნებსა და ვადამოუსვლელ (სამომავლო) მოთხოვნებს.

4. ვალდებულებები, რომლებიც არსებობდა ლიკვიდაციის დაწყებამდე და რომელთა შესრულების ვალდებულება წარმოიშვა ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემდეგ, წარმოშობილად ითვლება ლიკვიდაციის პროცესის დაწყებამდე. სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული მოთხოვნა წარმოშობილად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც წარმოიშვა კრედიტორის მოთხოვნა დავის საგანზე, რომელიც ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის მიერ დაკმაყოფილებული უნდა ყოფილიყო სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.

5. მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს კრედიტორი.

6. მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე ლიკვიდატორი ვალდებულია გადაამოწმოს, პირი შეყვანილი ხომ არ არის ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან მისთვის ფულადი სახსრების გადაცემა ხომ არ გამოიწვევს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონმდებლობის დარღვევას.

7. ლიკვიდატორი ვალდებულია მოთხოვნების დაკმაყოფილება უზრუნველყოს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობას.

8. ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ. თუ სალიკვიდაციო მასაში არსებული აქტივები საკმარისი არ არის შესაბამისი რიგის მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად, ყველა შესაბამისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად

9. ლიკვიდაციის პროცესში კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება კანონის მე-16 მუხლით დადგენილით წესითა და რიგითობით.

 

მუხლი 26. მოუკითხავი თანხების დაბრუნება

1. ლიკვიდაციის დასრულებამდე კრედიტორის მიერ ფულად სახსრებზე მოთხოვნის წარუდგენლობისას, ან/და იმ შემთხვევაში, თუ  კრედიტორი ვერ წარადგენს ლიკვიდატორის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას და ის არ არის დაკავშირებული „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 დეკემბრის №240/04 ბრძანებით განსაზღვრულ ან/და ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაეროს მიერ სანქცირებულ ქვეყნებთან, სალიკვიდაციო მასაში არსებული მოუკითხავი ფულადი სახსრები ლიკვიდატორის მიერ გადაირიცხება ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე ეროვნულ ვალუტაში ან ეროვნული ბანკის სარეზერვო ვალუტებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან მისი განყოფილების კრედიტორი თანხის დაბრუნების მიზნით ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს განმცხადებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მოთხოვნის შინაარსი და ლიკვიდირებული სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან/და მისი განყოფილების საიდენტიფიკაციო მონაცემები,  რომლის მიმართაც კრედიტორს ჰქონდა მოთხოვნები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას კომერციული ბანკის ან მიკრობანკის  მიერ გაცემულ და დამოწმებულ საბანკო რეკვიზიტებთან ერთად უნდა დაერთოს, ასევე:

ა)  ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი, ხოლო განცხადების უფლებამონაცვლე პირის მიერ წარდგენის შემთხვევაში, ასევე,  უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაცემული  ამონაწერი და იურიდიული პირის წარმომადგენლის  პირადობის  დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო განცხადების იმ პირის მიერ წარდგენის შემთხვევაში, რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ დასტურდება ამონაწერის საფუძველზე, ასევე, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

გ) იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში – ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ეკვივალენტური დოკუმენტები.

4.  განცხადებისათვის დართული საბანკო  რეკვიზიტები უნდა ეკუთვნოდეს კრედიტორს და კრედიტორი/საბანკო რეკვიზიტები არ უნდა ექცეოდეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაეროს მიერ სანქცირებული ქვეყნების/პირების ნუსხაში, ამასთან, წარმოდგენილი საბანკო რეკვიზიტები არ უნდა ეკუთვნოდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 დეკემბრის №240/04 ბრძანებით განსაზღვრულ ქვეყნებში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკს/მიკრობანკს.

5. ეროვნული ბანკი კრედიტორის განცხადებას განიხილავს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.

6. თუ კრედიტორის  განცხადება  აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და შეესაბამება ლიკვიდატორის მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილი დოკუმენტების მონაცემებს, ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას მოუკითხავი თანხების დაბრუნების თაობაზე იმ მოცულობით, რაც მითითებულია ლიკვიდატორის მიერ გადაცემულ მონაცემებში.

7. თუ კრედიტორის განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან განცხადებაში მითითებული მონაცემები არ შეესაბამება  ლიკვიდატორის მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილ  მონაცემებს, ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ და აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობებს განმცხადებელს მიზეზების მითითებით.

 

მუხლი 27.  ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან/და განყოფილების ქონების/აქტივების საჯარო (ელექტრონული) აუქციონის ფორმით ჩატარების პროცედურა

1. ლიკვიდატორი უფლებამოსილია,  ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის კუთვნილი აქტივები საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე გაყიდოს აუქციონის სისტემის – www.eauction.ge-ის საშუალებით. ასეთ შემთხვევაში ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის აუქციონი წარიმართება  აუქციონის სისტემის – www.eauction.ge-ის პროცედურისა და  შემდეგი პირობების დაცვით:

ა) საჯარო (ელექტრონული) აუქციონის ჩატარების დროს ადგენს ლიკვიდატორი, რომელიც ასევე განსაზღვრავს გასაყიდი ქონების/აქტივის ფასს, ბეს ოდენობასა და საჯარო (ელექტრონული) აუქციონის ბიჯებს. ლიკვიდატორი www.eauction.ge ვებგვერდზე განათავსებს სარეალიზაციო ქონების/აქტივების მოკლე აღწერას. აუქციონი მიმდინარეობს 10 კალენდარული დღის განმავლობაში;

ბ) ლიკვიდატორი განცხადების პროექტს საჯარო (ელექტრონული) აუქციონის ჩატარების შესახებ, შესათანხმებლად, აუქციონის ჩატარებამდე, სულ მცირე, 14 კალენდარული დღით ადრე წარუდგენს ეროვნულ ბანკს;

გ) საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე შეძენილი ქონების/აქტივის საფასურის გადახდის შემდეგ უფლებამოსილ პირთან ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება;

დ) საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე გამარჯვებულს ქონების/აქტივის მიმართ შეუძლია გამოიყენოს თავისი კანონიერი უფლებები მხოლოდ ფასის სრულად გადახდის შემდეგ. მყიდველს ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;

ე) თუ პირველი საჯარო (ელექტრონული) აუქციონის დროს არ მოხდება საწყის ფასში  ქონების/აქტივის რეალიზაცია, მაშინ ლიკვიდატორი ნიშნავს განმეორებით საჯარო (ელექტრონულ) აუქციონს, პირველი აუქციონის დანიშვნისათვის გათვალისწინებული პროცედურის დაცვით. განმეორებით საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე ქონების/აქტივის სარეალიზაციო საწყისი ფასი შესაძლებელია განისაზღვროს პირველ საჯარო აუქციონზე საწყისი ფასის არანაკლებ 75%-ის ფარგლებში;

ვ) თუ განმეორებითი საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე ვერ მოხერხდა ქონების/აქტივის რეალიზაცია საწყისი ფასის არანაკლებ 75%-ის ფარგლებში, შემდეგ საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე სარეალიზაციო ქონების/აქტივის საწყისი ფასი შესაძლებელია განისაზღვროს პირველი აუქციონის საწყისის ფასის არანაკლებ 50%-ის ფარგლებში.

2. საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე გასაყიდი ქონება/აქტივი შეფასებული უნდა იყოს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების გარდა, კრედიტორთა ინტერესების გათვალისწინებით, ლიკვიდატორმა ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით შეუძლია მოთხოვნის უფლებების რეალიზაციის მიზნით საჯარო (ელექტრონული) აუქციონი ჩაატაროს დამატებით.

4. ლიკვიდატორი უფლებამოსილია ის აქტივები, რომელთა რეალიზაციაც არ განხორციელდა არცერთი საჯარო (ელექტრონული) აუქციონის დროს და დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შეფასებულია ნულოვანი ღირებულების მქონედ, ბუღალტრული სტანდარტების შესაბამისი გატარებების მეშვეობით ჩამოწეროს საბალანსო უწყისიდან.

 

მუხლი 28. ლიკვიდაციის პროცესის დასრულება

1. ლიკვიდაციის პროცესის დასრულების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა:

ა) სრულად არის დაფარული ყველა კრედიტორის მოთხოვნა;

ბ)  ლიკვიდაციის პროცესში მყოფ სუბიექტს აქვს დაუფარავი მოთხოვნები, მაგრამ აღარ აქვს აქტივები ასეთი მოთხოვნების დასაფარად.

2. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ სუბიექტს აქტივები აღარ აქვს, თუ:

ა) რეალიზებულია (ამოღებულია) ყველა აქტივი;

ბ) არარეალიზებული აქტივების საბაზრო (სარეალიზაციო) ღირებულება ნულის ტოლია.

3. ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ლიკვიდატორი ადგენს სალიკვიდაციო აქტს, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ა) ინფორმაციას ლიკვიდატორის მიერ ლიკვიდაციის დაწყების შემდეგ რეალიზებული ყველა აქტივის შესახებ, მათი რეალიზაციის საბოლოო ფასის ჩვენებით;

ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ  ყველა არარეალიზებული აქტივის შეფასებას, რომლის საფუძველზეც დასტურდება, რომ ამ აქტივის საბაზრო (სარეალიზაციო) ღირებულება ნულის ტოლია;

გ) ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის მიმართ დავალიანების მქონე იურიდიული თუ ფიზიკური პირის გაკოტრების დამადასტურებელ სასამართლო გადაწყვეტილებას;

დ) ინფორმაციას კრედიტორთა მოთხოვნის დაფარვის შესახებ;

ე) ინფორმაციას ლიკვიდატორის მიერ განხორციელებული ყველა სხვა ღონისძიების შესახებ.

4. ლიკვიდატორი მისი ხელმოწერითა და ბეჭდით დადასტურებულ სალიკვიდაციო აქტს, ლიკვიდაციის პროცესის დასრულების გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარუდგენს ეროვნულ ბანკს.

5. სალიკვიდაციო სამუშაოების დამთავრებისთანავე ლიკვიდატორი ვალდებულია ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან ერთად გაანადგუროს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის ბეჭედი და შტამპი, რაზეც ფორმდება განადგურების აქტი. აღნიშნული აქტი ლიკვიდატორის და ეროვნული ბანკის წარმომადგენლების მიერ უნდა იქნეს ხელმოწერილი.

6. განადგურების აქტის ერთი ეგზემპლარი, განადგურებული (ნაწილებად დაჭრილი) ბეჭდებისა და შტამპების ეტიკეტებთან, თაბახის ფურცელზე დატანილი ბეჭდისა და შტამპების ნიმუშებთან ერთად, ინახება ეროვნულ ბანკში, მეორე კი გადაეცემა ლიკვიდატორს.

 

მუხლი 29. ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის აუცილებელი ხარჯი

1. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს/მის განყოფილებას არ გააჩნია თანხა ლიკვიდაციის ხარჯების დასაფარად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გასცეს თანხა სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან მისი განყოფილების ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის აუცილებელი ხარჯის დასაფარად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიკვიდატორმა წერილობით უნდა მიმართოს ეროვნულ ბანკს.  ლიკვიდატორმა დეტალურად უნდა აღწეროს სპეციალური მიზნობრივი ერთეულის/მისი განყოფილების ფინანსური მდგომარეობა, დაასაბუთოს, რომ სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს/მის განყოფილებას არ გააჩნია თანხა ლიკვიდაციის ხარჯების დასაფარად და შეუძლებელია ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვა, ასევე, მიუთითოს ამ წესის დანართი №3-ით დამტკიცებული იმ ხარჯების სრული ჩამონათვალი, რომელთა დასაფარადაც მიიმართება ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხა.

3. ლიკვიდატორი პირველ ეტაპზე უფლებამოსილია მოითხოვოს მხოლოდ ამ წესის დანართი №3-ით გათვალისწინებული პირველი ეტაპის ხარჯები. თუ ლიკვიდაციის პროცესში წარმოიშვა მეორე ეტაპის ხარჯები, რომელთა გაწევაც აუცილებელია სპეციალური მიზნობრივი ერთეულის/მისი განყოფილების ლიკვიდაციის შეუფერხებელი წარმართვისთვის, ლიკვიდატორი ეროვნულ ბანკს მიმართავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.

4. ეროვნული ბანკი აფასებს ლიკვიდატორის მიერ წარდგენილ განცხადებას და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან მისი განყოფილების ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის აუცილებელი ხარჯის დასაფარად თანხის გაცემაზე, თუ მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს ან თანხის გაცემაზე უარის შესახებ.

5. ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის შესაბამისად გაცემული თანხა გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ ხარჯების დასაფარად, რომლებიც მითითებულია ეროვნული ბანკის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. ლიკვიდატორი ვალდებულია, ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე ყოველთვიურად წარუდგინოს ეროვნულ ბანკს დეტალური ინფორმაცია ამ მუხლის შესაბამისად გაცემული თანხის გამოყენების თაობაზე.

 

მუხლი 30. ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები ლიკვიდაციის პროცესში

1. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს:

ა) ნებისმიერ დროს შეამოწმოს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტი;

ბ) გაათავისუფლოს ლიკვიდატორი და მის ნაცვლად დანიშნოს სხვა პირი;

გ)  შეამოწმოს ლიკვიდატორის საქმიანობა;

დ) მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია ლიკვიდაციის პროცესის მსვლელობის შესახებ.

ე) მოითხოვოს ლიკვიდატორის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ღონისძიების შეჩერება ან გაუქმება, თუ იგი ეწინააღმდეგება კრედიტორთა ფულადი სახსრების მოთხოვნებთან დაკავშირებულ ინტერესებს.

2. ეროვნული ბანკი ლიკვიდატორის მიერ თავისი საქმიანობის ფარგლებში ჩადენილი დარღვევების შემთხვევაში მიმართავს კანონმდებლობით დადგენილ ზომებს, მათ შორის, ჩადენილი დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, საქმეს გადასცემს სამართალდამცავ ორგანოებს.