2025 − 2028 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

2025 − 2028 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 62
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 190020010.10.003.024454
62
01/03/2024
ვებგვერდი, 05/03/2024
190020010.10.003.024454
2025 − 2028 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №62

2024 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

 

2025 − 2028 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

 საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე და „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანების შესაბამისად, დაევალოთ საქართველოს სამინისტროებსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ეთხოვოთ სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა მხარჯავ დაწესებულებებს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების შესაბამის აღმასრულებელ ორგანოებს:

მუხლი 1
1. 2024 წლის 12 მარტამდე საქართველოს სამინისტროებმა, შესაბამისი მინისტრის ბრძანებით, უზრუნველყონ სამუშაო ჯგუფის შექმნა/განახლება, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულების დოკუმენტის, საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმისა და წლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესს.

2. სამუშაო ჯგუფის მუშაობას ხელმძღვანელობს მინისტრი ან სამინისტროს ეკონომიკური/საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის კურატორი მინისტრის მოადგილე, ხოლო მუშაობის პროცესს კოორდინაციას უწევს ეკონომიკური/საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.

3. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში ასევე ჩაერთონ მინისტრის მოადგილეები, შესაბამისი მიმართულების პოლიტიკის განმსაზღვრელი დეპარტამენტების უფროსები/წარმომადგენლები, საქვეუწყებო და სხვა კონტროლს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები/წარმომადგენლები.

4. სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა შესაძლებელია ეთხოვოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის თანამშრომელს. 

5. სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა შესაძლებელია ეთხოვოთ სხვა დაინტერესებულ პირებს.

6. სამუშაო ჯგუფმა საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების მომზადების პროცესში უზრუნველყოს ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ელექტრონული სისტემის (E-BTPS – Budget Transparency and Participation System – ebtps.mof.ge) გავრცელება შესაბამისი სფეროს სხვადასხვა ფოკუსჯგუფში.

7. სამუშაო ჯგუფის პირველი საორგანიზაციო შეხვედრა ჩატარდეს არაუგვიანეს 2024 წლის 31 მარტისა, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტისა და სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი) წარმომადგენლები.   

მუხლი 2
1. საქართველოს სამინისტროებმა და სხვა მხარჯავმა დაწესებულებებმა არაუგვიანეს 2024 წლის 29 აპრილისა მოამზადონ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია:

ა) 2025 − 2028 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ, №1 დანართის შესაბამისად, 2024 − 2027 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით მათთვის განსაზღვრული ასიგნებებისა და რიცხოვნობების ზღვრული მოცულობების ფარგლებში;

ბ) დასაქმებულთა საორიენტაციო რიცხოვნობებისა და ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მიმდინარე და ახალი პოლიტიკის ბიუჯეტზე გავლენის შესახებ ინფორმაციის მომზადებას, №2 დანართის №1 ცხრილის შესაბამისად;

გ) 2025 − 2028 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ, №1ა დანართისა და №2 დანართის №2 ცხრილის შესაბამისად, თუ ასიგნებებისა და რიცხოვნობების ზღვრული მოცულობები განსხვავდება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პარამეტრებისგან.

2. სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავმა დაწესებულებებმა ახალი საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების ინიციირება, რომელიც უნდა დაიწყოს 2025 − 2028 წლების საშუალოვადიან პერიოდში, განახორციელონ „საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 თებერვლის №65 დადგენილების შესაბამისად და ინფორმაცია ასახონ თავიანთ საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებში (მათ შორის, 20 მლნ ლარისა და მეტი ღირებულების საინვესტიციო/კაპიტალური პროექტები უნდა გამოიყოს პროგრამის/ქვეპროგრამის სახით, ცალკე პროგრამულ კოდად).

3. საინვესტიციო პროექტების მართვის რეფორმის ფარგლებში 2024 წლის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების (ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები) ეფექტიანად წარმართვის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავმა დაწესებულებებმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ ინფორმაცია წარუდგინონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არაუგვიანეს 2024 წლის 29 აპრილისა, „საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 თებერვლის №65 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 3
2025 წლის საბიუჯეტო განაცხადებში სახელმწიფო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემის (E-Budget) „პოლიტიკის კლასიფიკატორის“ მეშვეობით კავშირების ასახვის მიზნით, საქართველოს სამინისტროებმა 2025 − 2028 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების მომზადების პროცესში უზრუნველყონ მათ მიერ განსახორციელებელი პროგრამების/ქვეპროგრამების შემდეგი პოლიტიკის კლასიფიკატორებთან კავშირების იდენტიფიცირება:

ა) კლიმატის ცვლილების პოლიტიკის კლასიფიკატორთან კავშირი განახორციელონ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით;

ბ) გენდერული თანასწორობის პოლიტიკის კლასიფიკატორთან კავშირი განახორციელონ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა სამდივნოსთან კოორდინაციით;

გ) საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის №517 დადგენილებით დამტკიცებული „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის“ პოლიტიკის კლასიფიკატორთან კავშირი განახორციელონ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან კოორდინაციით.

მუხლი 4
ეთხოვოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის მომზადებისას, საირიგაციო სისტემის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშებისას პილოტურ რეჟიმში იხელმძღვანელოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 14 სექტემბრის №40 დადგენილებით დამტკიცებული „პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ პრინციპებით.
მუხლი 5
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან თანამშრომლობით, კოორდინაცია გაუწიოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის შემუშავებული მეთოდოლოგიით საქართველოსთვის 2025 − 2027 წლების „საშუალოვადიანი ეკონომიკური რეფორმების“ (Economic Reform Program) პროგრამის დოკუმენტის მომზადებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, საქართველოს სამინისტროებმა მოამზადონ ინფორმაცია 2025 − 2027 წლებში განსახორციელებელი ორი პრიორიტეტული სტრუქტურული რეფორმის შესახებ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ არაუგვიანეს 2024 წლის 29 აპრილისა, დანართი №3-ის (I, II, III, V, VII ნაწილები) შესაბამისად.

3. 2025 − 2028 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის პირველად ვერსიაში განისაზღვროს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე შერჩეული სტრუქტურული რეფორმები, 2025 − 2027 წლების „საშუალოვადიანი ეკონომიკური რეფორმების“ (Economic Reform Program) პროგრამის დოკუმენტში ასახვის მიზნით.

4. საქართველოს სამინისტროებმა 2025 − 2028 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის პირველად ვერსიაში განსაზღვრული სტრუქტურული რეფორმები განიხილონ შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან არაუგვიანეს 2024 წლის 10 აგვისტოსი.

5. საქართველოს სამინისტროებმა 2025 − 2028 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის პირველად ვერსიაში განსაზღვრული სტრუქტურული რეფორმების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ დანართი №3-ის შესაბამისად, არაუგვიანეს 2024 წლის 1 სექტემბრისა.

6. 2025 − 2028 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვერსია მომზადდეს ევროკომისიის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებისათვის „საშუალოვადიანი ეკონომიკური რეფორმების“ (Economic Reform Program) პროგრამის დოკუმენტის მოსამზადებლად შემუშავებული მეთოდოლოგიის გათვალისწინებით.

მუხლი 6
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს 2025 − 2028 წლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებისა და მომუშავეთა რიცხოვნობების პირველადი საორიენტაციო ზღვრული მოცულობების შესახებ ინფორმაციის სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებებისათვის მიწოდება არაუგვიანეს 2024 წლის 24 მაისისა.

2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის კომიტეტებთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით, საქართველოს მთავრობამ ყოველი წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა.

მუხლი 7
1. საქართველოს სამინისტროებმა უზრუნველყონ 2025 − 2028 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების გადამუშავება და, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, 30 ივნისამდე დამტკიცება, ამ დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ასიგნებებისა და მომუშავეთა რიცხოვნობების საორიენტაციო ზღვრული მოცულობების ფარგლებში, №1 დანართის შესაბამისად.

2. საქართველოს სამინისტროებმა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმები საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარადგინონ არაუგვიანეს 2024 წლის 5 ივლისისა. 

მუხლი 8
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნების შესრულების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციის გადამუშავება და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის პირველადი ვარიანტის საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა. 
მუხლი 9
ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელმა ორგანოებმა (გარდა ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტისა) და ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისმა აღმასრულებელმა ორგანოებმა უზრუნველყონ დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისი პრიორიტეტების დოკუმენტის წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 20 დღისა.

 

მუხლი 10
ამ დადგენილების შესრულების კონტროლი და კოორდინაცია  განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
მუხლი 11
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე