ტექნიკური რეგლამენტის − ქიმწმენდის ობიექტების მოწყობის, ფუნქციონირებისა და ექსპლუატაციის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ

ტექნიკური რეგლამენტის − ქიმწმენდის ობიექტების მოწყობის, ფუნქციონირებისა და ექსპლუატაციის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 54
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024446
54
29/02/2024
ვებგვერდი, 01/03/2024
300160070.10.003.024446
ტექნიკური რეგლამენტის − ქიმწმენდის ობიექტების მოწყობის, ფუნქციონირებისა და ექსპლუატაციის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №54

2024 წლის 29 თებერვალი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის − ქიმწმენდის ობიექტების მოწყობის, ფუნქციონირებისა და ექსპლუატაციის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის გათვალისწინებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი – ქიმწმენდის ობიექტების მოწყობის, ფუნქციონირებისა და ექსპლუატაციის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები“.
მუხლი 2
ქიმწმენდის ობიექტებმა უზრუნველყონ ღონისძიებების გატარება, ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
მუხლი 3
ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებზე ზედამხედველობა განხორციელდეს 2024 წლის 1 სექტემბრიდან.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



ტექნიკური რეგლამენტი − ქიმწმენდის ობიექტების მოწყობის, ფუნქციონირებისა და ექსპლუატაციის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები

მუხლი 1. გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები

1. „ტექნიკური რეგლამენტი − ქიმწმენდის ობიექტების მოწყობის, ფუნქციონირებისა და ექსპლუატაციის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები“ (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) შემუშავებულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიზნებიდან გამომდინარე და განსაზღვრავს მოთხოვნებს ქიმწმენდის ობიექტების განთავსების, აღჭურვის, ექსპლუატაციისა და ფუნქციონირების, აგრეთვე მიკროკლიმატის ოპტიმალური პარამეტრებისა და გარემოსა და დასაქმებულთა ჯანმრთელობაზე, შრომის უნარიანობაზე საწარმოო გარემო ფაქტორების არახელსაყრელი ზემოქმედების პროფილაქტიკისათვის.

2. ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება  ყველა ტიპის ქიმწმენდის ობიექტებზე (შემდგომში − ქიმწმენდის საწარმო) მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა.

მუხლი 2. ქიმწმენდის საწარმოს რეგისტრაცია

1. ქიმწმენდის საწარმო ვალდებულია, გაიაროს რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და მოახდინოს მისი საქმიანობის რეგისტრაცია „ქიმწმენდის საწარმოდ“, კოდით: 96.01.0.

2. ქიმწმენდის საწარმო ვალდებულია, უზრუნველყოს გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნებისა და გარემოსდაცვითი ნორმების დაცვა.

მუხლი 3. ტერმინები და განმარტებები

ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ქიმწმენდის საწარმო − ობიექტი, სადაც ხორციელდება ტანსაცმლისა და სხვა ნაწარმის ქიმიური წმენდა;

ბ) ქიმწმენდის მიმღები პუნქტი − ქიმიური წმენდისთვის ნაწარმის მიღების ადგილი, სადაც არ ხორციელდება ქიმიური წმენდის, რეცხვის, შრობისა და დაუთოების პროცესი;

გ) ქიმიური წმენდა – ფიზიკურ-ქიმიური პროცესების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს ორგანული გამხსნელების გარემოში ნაწარმიდან ჭუჭყის მოშორებას;

დ) ნაწარმის დახარისხება – ნაწარმის დაყოფა ფერის, ასორტიმენტისა და გაჭუჭყიანების ხარისხის მიხედვით;

ე) ლაქების ამოყვანა – ნაწარმის ლაქების ამოყვანა ქიმიური პრეპარატების მოქმედებით ლაქწარმომქმნელ ნივთიერებებზე;

ვ) ნაწარმის გადაწმენდა – ორგანულ გამხსნელებში ნაწარმის გაჭუჭყიანებული ადგილების დამუშავება სპეციალური ქიმიური რეაგენტებით;

ზ) გაჟღენთვა – ნაწარმის დამუშავება სპეციალური ნივთიერებებით განსაზღვრული თვისებების მისანიჭებლად;

თ) ორთქლით დამუშავება – ნაწარმის დამუშავება უშუალოდ სპეციალური დანადგარებით სითბოს, ტენისა და წნევის გამოყენებით.

მუხლი 4. ჰიგიენური მოთხოვნები საწარმოო სათავსებისა და ტერიტორიისადმი

1. დაუშვებელია ქიმწმენდის საწარმოების განთავსება საცხოვრებელი, სამედიცინო დაწესებულების, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების შენობებში.

2. აკრძალულია ქიმწმენდის მიმღები პუნქტების განთავსება მაღაზიებში (სუპერმარკეტების იმ სივრცეებში), რომლებიც კვების პროდუქტების რეალიზაციას ახდენენ.

3. ქიმწმენდის საწარმოს განთავსებისას უნდა იყოს დაცული საცხოვრებელი, სამედიცინო დაწესებულების, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების შენობებიდან მინიმალური დაშორების მანძილები:

ა) ტანსაცმლის ქიმწმენდის დიდი საწარმოებისთვის, რომელთა წარმადობა აღემატება 24 კგ/სთ-ს – 100 მ;

ბ) მინი ქიმწმენდისათვის, წარმადობით არაუმეტეს 24კგ/სთ-ისა – 50 მ (დასაშვებია მათი განთავსება საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებების ზონებში, ადმინისტრაციულ შენობებსა და სასტუმროებში).

4. სათავსების მოცულობით-გეგმური და კონსტრუქციული გადაწყვეტა უნდა უზრუნველყოფდეს ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობის ორგანიზაციის შესაძლებლობას, სამუშაოს მექანიზაციას, დაკავშირებულს დამხმარე ოპერაციებთან (მიღება, დახარისხება, ნაწარმისა და სახარჯო მასალების ტრანსპორტირება) და უნდა გამორიცხავდეს ჭუჭყიანი და სუფთა  ნაკადების გადაკვეთას.

5. ტანსაცმლის ქიმწმენდის საწარმოში ძირითადი ტექნოლოგიური ოპერაციების ორგანიზაციისათვის (სახარჯო მასალების დაწყობა, მიღება, ნაწარმის დახარისხება და პარტიების დაკომპლექტება, ლაქების ამოყვანა და გასუფთავება, ნაწარმის დამუშავება ორგანულ გამხსნელებში, გაჟღენთვა, სველი და თბური დამუშავება, საკერავი-სარემონტო სამუშაოები, ხარისხის შემოწმება, დაკვეთის გაცემა და სხვ.) გათვალისწინებული უნდა იყოს დამოუკიდებელი სათავსები.

6. ქიმწმენდის საწარმოს სამუშაო სივრცის ფართი და მოცულობა ერთ დასაქმებულზე უნდა შეესაბამებოდეს „სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 ივლისის №341 დადგენილებით დახურული სამუშაო სივრცის პარამეტრებისადმი განსაზღვრულ პირობებს.

7. აღჭურვილობა ისე უნდა განლაგდეს, რომ თავისუფლად შეიძლებოდეს მანქანებისა და აპარატის მექანიზმებთან მიდგომა როგორც მომსახურებისათვის, ისე რემონტისათვის.

8. ქიმიური რეაქტივები და ხსნარები უნდა ინახებოდეს მწარმოებლის ტარაში. ტარა უნდა იყოს ნიშანდებული და მჭიდროდ თავდახურული. სასაწყობო სათავსებში ქიმიური ნივთიერებები და მასალები უნდა ინახებოდეს თაროებზე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათთან მიდგომა, ასევე მოსახერხებელი და უსაფრთხო ტრანსპორტირება.

9. სათავსის კედლები, ჭერი, იატაკი, საწარმოო აღჭურვილობის ზედაპირი უნდა იყოს გლუვი და სწორი, ხვრელების გარეშე, არასრიალა, გაწმენდისა და სველი დასუფთავებისათვის მოსახერხებელი, გააჩნდეს ანტისტატიკური თვისებები და ტექნოლოგიურ პროცესებში გამოყენებულ ქიმიურ ნივთიერებებს არ უნდა აკავებდეს.

მუხლი 5. ვენტილაცია, საწარმოს შიდა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრევენცია

1. ქიმწმენდის საწარმოო, დამხმარე და საყოფაცხოვრებო სათავსები უნდა აღიჭურვოს ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემებით „სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 ივლისის  №341 დადგენილებით დახურული სამუშაო სივრცის ვენტილაციისადმი განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

2. ტექნოლოგიური დანადგარები, რომლებიც წარმოადგენს მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროებს, აღჭურვილი უნდა იყოს ადგილობრივი და ავარიული სავენტილაციო გამწოვი მოწყობილობებით, საიდანაც მათზე მიერთებული მილის საშუალებით გაწოვილი მავნე ნივთიერებები მოხვდება ატმოსფერულ ჰაერში. მილის სიმაღლე უნდა აღემატებოდეს იმ შენობების სიმაღლეს, სადაც განთავსებულია ქიმწმენდის საწარმოები.

3. ქიმწმენდის საწარმოს სამუშაო სივრცეში სავენტილაციო სისტემა უნდა იყოს დახურული.

4. ყველა სავენტილაციო სისტემისა და ვენტილაციური მოწყობილობების დაყენების ადგილები უნდა იყოს მოსახერხებელი დათვალიერებისათვის, გასუფთავებისა და რემონტის ჩასატარებლად.

5. ქიმწმენდის საწარმოში განთავსებულ სავენტილაციო სისტემას უნდა გააჩნდეს ტექნიკური დოკუმენტაცია (პასპორტი), მახასიათებლების გათვალისწინებით (დანადგარების აღწერითა და ექსპლუატაციის წესების აღნიშვნით).

6. სავენტილაციო დანადგარების გასუფთავების, მომსახურებისა და გამოცდის გრაფიკის შედგენა და დამტკიცება უნდა ხდებოდეს შესაბამისი ტექნიკური პასპორტის მიხედვით.

7. საწარმოო სათავსების ფანჯრებში, სავენტილაციო მოწყობილობისაგან დამოუკიდებლად, ბუნებრივი განიავების მიზნით, გათვალისწინებული უნდა იყოს გასაღები ფრამუგები ან სარკმელი.

8. ტანსაცმლის ქიმწმენდის საწარმოებში გათვალისწინებული უნდა იყოს გამწოვი ვენტილაციის ავარიული სისტემა.

9. ლაქის ამომყვან უბანზე უნდა იყოს მოწყობილი საერთო ცვლადი მომდენ-გამწოვი და ადგილობრივი გამწოვი ვენტილაცია მექანიკური ჩამრთველით.

10. მავნე ნივთიერების შემცველობა სამუშაო ზონასა და ატმოსფერულ ჰაერში არ უნდა აღემატებოდეს „ტექნიკური რეგლამენტი − სამუშაო ზონის ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №70 დადგენილებითა და  ამ ტექნიკური რეგლამენტის №1 ცხრილით განსაზღვრულ ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას (ზდკ). 

11. სამუშაო ადგილზე მიკროკლიმატური პირობები უნდა შეესაბამებოდეს „ტექნიკური რეგლამენტი − საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის  №69 დადგენილების მოთხოვნებს.

12. ვენტილაციის შემწოვი სისტემების ჰაერმიმღები მოწყობილობა უნდა განთავსდეს ნაკლებად დაბინძურებულ ზონაში („სუფთა ზონა“).

მუხლი 6. წყალი, სანიტარია და ჰიგიენა სამუშაო სივრცეში

1. ქიმწმენდის საწარმოების სამუშაო სივრცეში დასაქმებულთათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს სასმელი წყალი, დამხმარე სანიტარიული სათავსები და სანიტარიული კვანძები, „სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 ივლისის  №341 დადგენილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

2. დამხმარე სანიტარიული სათავსებისა და სანიტარიული კვანძების ფართი უნდა შეესაბამებოდეს მათი გამოყენების მიზნობრიობას. სანიტარიული სათავსებისა და სანიტარიული კვანძებისთვის განკუთვნილი ოთახების ჭერის სიმაღლე დამოკიდებულია მომხმარებელთა რაოდენობასა და ოთახების დანიშნულებაზე, მაგრამ არანაკლებ 2 მეტრისა.

3. სამუშაო სივრცის საშხაპეებით, ხელსაბანებითა და გამოსაცვლელი სივრცეებით უზრუნველყოფა უნდა შეესაბამებოდეს „სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 ივლისის  №341 დადგენილებით განსაზღვრულ პირობებს.

4. დაუშვებელია წყალარინების ცენტრალურ სისტემაში „წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვებისა და მიღების პირობებისა და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 20 აგვისტოს №431 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შეუსაბამო ჩამდინარე წყლების ჩაშვება.

5. ადმინისტრაციულ-საყოფაცხოვრებო სათავსები ყოველდღე უნდა დალაგდეს სველი წესით.

 6. საწარმოო და სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო სათავსებში უნდა იყოს გათვალისწინებული სათავსები დასასუფთავებელი ინვენტარის შესანახად. სათავსების დასალაგებლად უნდა გამოიყენებოდეს ავტომატიზებული საშუალებები.

მუხლი 7. სამუშაო ადგილების უსაფრთხოება, განათება

1. ქიმწმენდის საწარმოს სამუშაო სივრცესა და სამუშაო ადგილზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვის ნიშნების განთავსება „ტექნიკური რეგლამენტის − სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 სექტემბრის №457 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად.

2. ქიმწმენდის საწარმოში უზრუნველყოფილი უნდა იყოს დასაქმებულთა ან/და მათი წარმომადგენლების ინფორმირება და მათთვის ინსტრუქტაჟის ჩატარება სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვის გამოსაყენებელ ნიშნებთან დაკავშირებით.

3. საწარმოო სათავსებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ბუნებრივი და ხელოვნური განათება. ტანსაცმლის ქიმწმენდის უბანზე განათებულობის მაჩვენებლები უნდა შეესაბამებოდეს „სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 ივლისის  №341 დადგენილებით ბუნებრივი და ხელოვნური განათებისადმი განსაზღვრულ პირობებს.

4. საერთო და ადგილობრივ სანათებში სინათლის წყაროს სახით აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნეს აირგანმუხტვადი სანათები.

5. გათვალისწინებული უნდა იყოს ეფექტიანი საშუალებები, რათა შეიძლებოდეს სანათთან მიღწევა, გასუფთავება, რემონტი და შეცვლა.

6. სანათების გასუფთავება უნდა ხდებოდეს წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ.

7. ქიმიური წმენდის სათავსებში გათვალისწინებული უნდა იყოს ავარიული განათების სისტემა.

მუხლი  8. ხმაური და ვიბრაცია

სამუშაო ადგილებზე ხმაურისა და ვიბრაციის დონის მნიშვნელობა უნდა განისაზღვროს დასაქმებულთა ძირითადი საქმიანობის (თუ რა სახის სამუშაოს ეწევიან) მიხედვით და არ უნდა აჭარბებდეს „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებით დადგენილ მაჩვენებლებს.

მუხლი 9. ნარჩენების მართვა

ქიმწმენდის საწარმოს მიერ ნარჩენების მართვა ხორციელდება ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად.

მუხლი 10. სახანძრო უსაფრთხოება

ქიმწმენდის საწარმოს სამუშაო სივრცეში სახანძრო უსაფრთხოების დაგეგმვა და ორგანიზება უნდა განხორციელდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

მუხლი 11. ინსტრუმენტული კონტროლი

1. ქიმწმენდის საწარმო უზრუნველყოფს მავნე საწამოო ფაქტორების პარამეტრების ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კონტროლს.

2. სამუშაო ზონის ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობაზე კონტროლის პერიოდულობა უნდა დადგინდეს მავნე ნივთიერებების საშიშროების კლასთან დამოკიდებულებით და უნდა შეადგენდეს:

ა) საშიშროების I კლასის მქონე ნივთიერებისათვის − არანაკლებ 10 დღეში ერთხელ;

ბ) საშიშროების II კლასის მქონე ნივთიერებისათვის − არანაკლებ თვეში ერთხელ;

გ) საშიშროების III და IV კლასების მქონე ნივთიერებებისათვის − არანაკლებ კვარტალში ერთხელ.

3. ქიმწმენდის საწარმოში ფიზიკური ფაქტორებისა (ხმაური, ვიბრაცია, სამუშაო ადგილის განათება, გახურებული ზედაპირების ტემპერატურა, ინფრაწითელი გამოსხივება) და მიკროკლიმატის პირობების პარამეტრების პერიოდული კონტროლი უნდა ჩატარდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 12. მოთხოვნები ქიმიურად გაწმენდილი ნაწარმის კონტროლისადმი

1. დაუშვებელია ქიმიურად გაწმენდილი და გაუწმენდავი ნაწარმის ერთად შენახვა.

2.  ქიმიური წმენდის შემდეგ ნაწარმი უნდა ინახებოდეს სპეციალურად მოწყობილ სათავსებში, რომლებიც უზრუნველყოფს ნაწარმის დაცვას.

3. სუფთა ტანსაცმლის შესანახი ზონა უნდა იყოს აღჭურვილი ვენტილაციის მექანიკური აღმძრავით, შეწოვილი ჰაერის მიწოდებით ზემოდან და ჰაერის გასვლით ქვედა ზონიდან, რაც უზრუნველყოფს ტანსაცმლის განიავებას.

4. ქიმიური წმენდის შემდეგ ნაწარმში მავნე ნივთიერებების ნარჩენების კონტროლი უნდა ჩატარდეს ჰაერის სინჯის აღებით ტანსაცმლის ქვეშ არსებული სივრციდან, სუფთა სათავსში (ან ტანსაცმლის მიმღებ-გამცემ სათავსში) დამაბინძურებელი ნივთიერებების განსაზღვრისათვის არსებული მოქმედი მეთოდის შესაბამისად.

5. ტანსაცმლის შიგა სივრცეში ტეტრა-ტრიქლორ-ეთილენის ნარჩენი რაოდენობის შედეგების ნორმირება უნდა განხორციელდეს სამუშაო ზონის ჰაერისათვის დადგენილი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების მიხედვით.

მუხლი 13. დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა

1. ქიმწმენდის საწარმოში დასაქმებული პირები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სპეციალური ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, „ტექნიკური რეგლამენტის – სამუშაო სივრცეში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 23 დეკემბრის №590 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

2. ქიმწმენდის საწარმოში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სპეცტანსაცმლისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სათანადო წესით გამოყენების, მოვლისა (გაწმენდა და რეცხვა) და შენახვის პირობები.

3. ქიმწმენდის საწარმოში პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა ხორციელდება „სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 ივლისის №341 დადგენილების შესაბამისად.

4. დამსაქმებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ქიმწმენდის საწარმოში დასაქმებული პირის პერიოდული სამედიცინო შემოწმება, „დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევათა ჩამონათვალისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 11 ივლისის №215/ნ ბრძანების შესაბამისად.

5. აკრძალულია არასრულწლოვანის დასაქმება ისეთ სამუშაოზე, რომელიც უკავშირდება სამუშაო გარემოში მავნე ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტს.

6. აკრძალულია ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ისეთ სამუშაოზე დასაქმება, რომელიც უკავშირდება „ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 14 თებერვლის №01-20/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველ სამუშაოებს“.

7. დამსაქმებელი ვალდებულია, ქიმწმენდის საწარმოში დასაქმებულ პირებს ჩაუტაროს შესაბამისი სწავლება (ტრენინგები) და ინსტრუქტაჟი, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 14. ტექნიკური რეგლამენტის პირობების კონტროლი

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით, მე-4 მუხლის მე-5 − მე-9 პუნქტებით, მე-5 მუხლის პირველი და მე-3 − მე-12 პუნქტებით, მე-6 მუხლის პირველი − მე-3 და მე-5 − მე-6 პუნქტებით, მე-7 მუხლით, მე-8 მუხლით, მე-10 მუხლით, მე-11 და მე-13 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სსიპ − შრომის ინსპექციის სამსახური.

 2. ქიმწმენდის საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე მავნე ნივთიერებებით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კონტროლი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ.

ცხრილი 1

მავნე ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია (ზდკ) სამუშაო ზონის ჰაერსა და ატმოსფერულ ჰაერში

 

ნივთიერების დასახელება

სამუშაო ზონის ჰაერი

ატმოსფერული ჰაერი

ზდკ

მგ/მ3

უპირატესი აგრეგატული მდგომარეობა

საშიშროების კლასი

ზდკ

მგ/მ3

საშიშროების კლასი

ტეტრაქლორ-ეთილენი

10

3

0,5/0,06

2

propan 2-OH (აცეტონი)

200

4

0,35/-

4

ციკლოჰექსანი

10

3

0,04/-

3

propan 2- OЛ (იზოპროპილენის სპირტი)

10

3

0,6/-

3

ბენზილკარბინოლი

5

3

0,16-

3

ეთან 1,2-დიოლი

5

ო+ა

3

1,0

 

უაიტ-სპირიტი

300

4

1,0

 

1.1.2 – ტრიფტორ-1.22-ტრიქლორეთანი

5000

4

8,0

 

ო – ორთქლი და/ან აირები

ა – აეროზოლი

ა+ო – აეროზოლისა და ორთქლის ნარევი

ზდკ − ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია