„ტექნიკური რეგლამენტის − ქიმწმენდის ობიექტების მოწყობის, ფუნქციონირებისა და ექსპლუატაციის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 თებერვლის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 286
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/09/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024681
286
02/09/2024
ვებგვერდი, 02/09/2024
300160070.10.003.024681
„ტექნიკური რეგლამენტის − ქიმწმენდის ობიექტების მოწყობის, ფუნქციონირებისა და ექსპლუატაციის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 თებერვლის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №286

2024 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის − ქიმწმენდის ობიექტების მოწყობის, ფუნქციონირებისა და ექსპლუატაციის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 თებერვლის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − ქიმწმენდის ობიექტების მოწყობის, ფუნქციონირებისა და ექსპლუატაციის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 თებერვლის №54 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/03/2024, 300160070.10.003.024446) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

მუხლი 31

1. ქიმწმენდის ობიექტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) ყველა მოთხოვნას, გარდა ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი − მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი − მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო ფუნქციონირებას წყვეტს 2024 წლის 1 სექტემბრიდან, უფლებამოსილია, განცხადებით მიმართოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − შრომის ინსპექციის სამსახურს (შემდგომში − შრომის ინსპექციის სამსახური) ობიექტის ფუნქციონირების შესახებ თანხმობის მისაღებად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ განცხადებას თან უნდა დაერთოს ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლით გათვალისწინებული რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები.  

3. შრომის ინსპექციის სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში, 10 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს, დაცულია თუ არა ქიმწმენდის ობიექტის მხრიდან ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები.

4. შრომის ინსპექციის სამსახური შესულ განცხადებას, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, უგზავნის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, რომელიც ადგენს ქიმწმენდის ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე მავნე ნივთიერებებით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მდგომარეობას და 5 სამუშაო დღის ვადაში შრომის ინსპექციის სამსახურს უგზავნის დასკვნას ქიმწმენდის ობიექტის ფუნქციონირების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის/შეუსაბამობის შესახებ.   

5. შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, განმცხადებელს მოსთხოვოს ან/და სხვა დაწესებულებისგან გამოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა.

6. ქიმწმენდის ობიექტის ფუნქციონირების შესახებ თანხმობის გაცემის საკითხის განხილვისას შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია, შეამოწმოს ქიმწმენდის ობიექტის განთავსების სივრცე და გარე ტერიტორია, აგრეთვე მოითხოვოს ქიმწმენდის ობიექტის ერთჯერადად ექსპლუატაციაში გაშვება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად.

7. ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების, აგრეთვე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან დადებითი დასკვნის მიღების შემთხვევაში, შრომის ინსპექციის სამსახური გასცემს თანხმობას ქიმწმენდის ობიექტის ფუნქციონირების შესახებ.

8. იმ ქიმწმენდის ობიექტის საქმიანობაზე, რომელზეც ამ მუხლის შესაბამისად გაცემულია თანხმობა ფუნქციონირების შესახებ, ზედამხედველობა ხორციელდება ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ზოგადი წესით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე