„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4042-XIVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 470000000.05.001.102226
4042-XIVმს-Xმპ
21/02/2024
ვებგვერდი, 07/03/2024
470000000.05.001.102226
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ1) დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობა – შესაბამისი სამედიცინო განათლების ან/და დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;

ბ) „დ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ3“ და „დ4“ ქვეპუნქტები:

„დ3) დამოუკიდებელი მეან-ექთნის (Midwife) საქმიანობა (შემდგომ − დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობა) − შესაბამისი სამედიცინო განათლების ან/და დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;  

4) საექთნო სპეციალობა − საექთნო დარგის მიმართულება, რომლის ფარგლებშიც დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის სუბიექტს განესაზღვრება საქმიანობის სფერო და მოეთხოვება შესაბამისი კონკრეტული კომპეტენციები;“;

გ) „ც1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც1) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი – ექიმი, ექთანი, მეან-ექთანი, პარამედიკოსი, ფარმაცევტი, სხვა პირები, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, პაციენტის რეაბილიტაციასთან, პალიატიურ მზრუნველობასა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზასთან, აგრეთვე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტი, სამედიცინო და ჯანმრთელობის სერვისების მენეჯერები;“;

დ) „ხ1“ და „ხ2“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხ1) დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადება – უმაღლესი სამედიცინო, უმაღლესი საექთნო ან უმაღლესი მეან-ექთნის განათლების შემდგომი პროფესიული მზადება, რომელიც ეფუძნება პრაქტიკულ საექიმო, საექთნო ან მეან-ექთნის საქმიანობას და რომლის მიზანია საექიმო, საექთნო ან მეან-ექთნის სპეციალობის დაუფლება;

2) უწყვეტი პროფესიული განვითარება – უმაღლესი სამედიცინო ან პროფესიული და უმაღლესი საექთნო ან უმაღლესი მეან-ექთნის განათლებისა და დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების მომდევნო პერიოდი, რომელიც გრძელდება დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის, დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის მთელი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში და საექიმო, საექთნო ან მეან-ექთნის საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. უწყვეტი პროფესიული განვითარების მიზანია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის, დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების თანამედროვე მედიცინის მიღწევებსა და ტექნოლოგიებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;“;

ე) „ხ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ხ3“ და „ხ4“ ქვეპუნქტები:

„ხ3) უწყვეტი საექთნო განათლება – უწყვეტი პროფესიული განვითარების კომპონენტი, რომლის მიზანია ექთნის პროფესიული ცოდნის, კომპეტენციისა და უნარ-ჩვევების განმტკიცება/გაუმჯობესება და რომელიც მოიცავს როგორც თვითგანათლებას, ისე ფორმალიზებული სწავლების/მზადების პროგრამებში მონაწილეობას;

4) მეან-ექთნის უწყვეტი განათლება – უწყვეტი პროფესიული განვითარების კომპონენტი, რომლის მიზანია მეან-ექთნის პროფესიული ცოდნის, კომპეტენციისა და უნარ-ჩვევების განმტკიცება/გაუმჯობესება და რომელიც მოიცავს როგორც თვითგანათლებას, ისე ფორმალიზებული სწავლების/მზადების პროგრამებში მონაწილეობას;“.

 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის V1 თავი:

„თავი V1

ექთნისა და მეან-ექთნის განათლება და საქმიანობა

მუხლი 52 1

1. ექთნისა და მეან-ექთნის ძირითადი მოვალეობებია: პირის ჯანმრთელობის დაცვა, დაავადებებისა და დაზიანებების პრევენცია, მისი დაავადებისგან განკურნების ხელშეწყობა, პირის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესებში ჩართვით მისთვის მდგომარეობის შემსუბუქება, პირის (ინდივიდის), ოჯახის, ადამიანთა ჯგუფის, თემის, პოპულაციის მკურნალობის პროცესის ადვოკატირება. ექთნისა და მეან-ექთნის სხვა მოვალეობები შეიძლება შესაბამისი პროფესიის სტანდარტებით განისაზღვროს.

2. ექთნისა და მეან-ექთნის პროფესიების ეთიკური ღირებულებები განისაზღვრება შესაბამისი პროფესიული ეთიკის კოდექსით, რომელსაც შეიმუშავებს/შეიმუშავებენ სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აღიარებული სათანადო პროფესიული გაერთიანება/გაერთიანებები და ამტკიცებს მინისტრი.

მუხლი 52 2

1. ექთნისა და მეან-ექთნის საქმიანობების განვითარებასა და რეგულირებას სამინისტრო უზრუნველყოფს ექთნებისა და მეან-ექთნების პროფესიული განვითარებისა და რეგულირების ეროვნული საბჭოს (შემდგომ − საბჭო) მეშვეობით.

2. საბჭოს საქმიანობა რეგულირდება ამ კანონითა და საბჭოს დებულებით, რომელიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 52 3

1. საექთნო განათლება და მეან-ექთნის განათლება შეიძლება განხორციელდეს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოთი განსაზღვრული კვალიფიკაციის მე-5 და მე-6 დონეების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს უფლება აქვს, მოიპოვოს დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი ან რეგისტრაციის მოწმობა.

3. დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობისა და დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის განსახორციელებლად სავალდებულოა საქართველოს სახელმწიფო ენის ცოდნა.

მუხლი 52 4

1. უმაღლესი საექთნო ან უმაღლესი მეან-ექთნის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლება ენიჭება სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის მოპოვების საფუძველზე. ამ შემთხვევაში მას ენიჭება რეგისტრირებული ექთნის ან რეგისტრირებული მეან-ექთნის წოდება.

2. პროფესიული საექთნო ან პროფესიული მეან-ექთნის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლება ენიჭება პრაქტიკოსი ექთნის ან პრაქტიკოსი მეან-ექთნის სახელმწიფო სერტიფიკატის მოპოვების საფუძველზე. ამ შემთხვევაში მას ენიჭება სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან სერტიფიცირებული პრაქტიკოსი მეან-ექთნის წოდება.

3. საექთნო ან მეან-ექთნის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი ექთნის ან უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი მეან-ექთნის წოდება.

4. საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება ექთან-სპეციალისტის წოდება.

5. პირებს რეგისტრირებული ექთნის ან რეგისტრირებული მეან-ექთნის და სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან სერტიფიცირებული პრაქტიკოსი მეან-ექთნის წოდებებს ანიჭებს საბჭო. პირებისთვის აღნიშნული წოდებების მინიჭება რეგისტრირებული ექთნის ან მეან-ექთნის და სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან მეან-ექთნის ელექტრონულ რეესტრში (შემდგომ − ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრი) აისახება.

6. პირს რეგისტრირებული ექთნის ან რეგისტრირებული მეან-ექთნის წოდება ენიჭება უნიფიცირებული სახელმწიფო სარეგისტრაციო გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.

7. პირს სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან სერტიფიცირებული პრაქტიკოსი მეან-ექთნის წოდება ენიჭება უნიფიცირებული სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.

8. პირებს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ წოდებებს ანიჭებს საბჭო. პირებისთვის აღნიშნული წოდებების მინიჭება შესაბამისი მოწმობების გაცემით დასტურდება. უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი ექთნის, უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი მეან-ექთნისა და ექთან-სპეციალისტის შესახებ ინფორმაცია ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრში აისახება.

9. უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი ექთნის, უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი მეან-ექთნისა და ექთან-სპეციალისტის მოწმობების ფორმები მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

10. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც საექთნო ან მეან-ექთნის განათლება უცხოეთში მიიღო, დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლება ეძლევა აღნიშნული განათლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარების შემდეგ, ამ კანონით განსაზღვრული წესისა და პირობების შესაბამისად.

11. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლება უცხოეთში მოიპოვა, დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლება ეძლევა ამ კანონითა და მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, სამინისტროს კომპეტენტური ორგანოს მიერ უცხოეთში მოპოვებული საქმიანობის უფლების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით აღიარების შემდეგ.

12. ექთნისა და მეან-ექთნის სერტიფიცირებისა და რეგისტრაციის წესი განისაზღვრება და სახელმწიფო სერტიფიკატისა და რეგისტრაციის მოწმობის ფორმები მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 52 5

1. ექთანსა და მეან-ექთანს დამოუკიდებელი საქმიანობის უფლება 5 წლის ვადით ენიჭებათ.

2. ექთანმა და მეან-ექთანმა დამოუკიდებელი საქმიანობის გასაგრძელებლად მონაწილეობა უნდა მიიღონ უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში ან ხელმეორედ უნდა მოიპოვონ დამოუკიდებელი საქმიანობის უფლება ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით დადგენილი წესით.

მუხლი 52 6

1. სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნისა და სერტიფიცირებული პრაქტიკოსი მეან-ექთნის, აგრეთვე რეგისტრირებული ექთნისა და რეგისტრირებული მეან-ექთნის საქმიანობების შინაარსი და მოცულობა საექთნო და მეან-ექთნის პრაქტიკის სტანდარტებით განისაზღვრება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტანდარტებს შეიმუშავებს/შეიმუშავებენ სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აღიარებული სათანადო პროფესიული გაერთიანება/გაერთიანებები და ამტკიცებს მინისტრი.

მუხლი 52 7

1. საექთნო სპეციალობაში მზადების უფლება მხოლოდ რეგისტრირებულ ექთანს აქვს.

2. საექთნო სპეციალობაში მზადება შესაბამისი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის ფარგლებში ხორციელდება.

3. საექთნო სპეციალობათა ნუსხა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

4. საექთნო და მეან-ექთნის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ხორციელდება.

მუხლი 52 8

1. საექთნო სპეციალობაში დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) აკრედიტებული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

2. საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამას შესაბამისი საექთნო სპეციალობის აღწერილობის საფუძველზე  შეიმუშავებს პროგრამის განმახორციელებელი.

3. საექთნო სპეციალობის აღწერილობას შეიმუშავებს/შეიმუშავებენ სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აღიარებული სათანადო პროფესიული გაერთიანება/გაერთიანებები და საბჭოს რეკომენდაციით ამტკიცებს მინისტრი.

4. საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის აკრედიტაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხორციელდება.

5. საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის მომზადების, განხორციელებისა და აკრედიტაციის წესი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 52 9

საექთნო ან მეან-ექთნის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს უფლება აქვს, სწავლა განაგრძოს შესაბამისი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში და აღნიშნული პროგრამის კურსის დასრულების შემდეგ ჩაერთოს სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში ან/და განახორციელოს შესაბამისი პედაგოგიური საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 52 10

1. დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების მქონე პირი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში და მუდმივად განიახლოს ცოდნა და უნარ-ჩვევები.

2. პირის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობის პირობებს, აგრეთვე შესაბამისი კომპონენტების ჩამონათვალს და მათი აღიარების/აკრედიტაციის წესს შეიმუშავებს საბჭო სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აღიარებულ სათანადო პროფესიულ გაერთიანებასთან/გაერთიანებებთან თანამშრომლობით და ამტკიცებს მინისტრი.

3. დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის ახალი ვადით გაგრძელებისთვის საჭირო უწყვეტი საექთნო განათლების ან მეან-ექთნის უწყვეტი განათლების კრედიტების რაოდენობას განსაზღვრავს საბჭო და ამტკიცებს მინისტრი ბრძანებით.

მუხლი 52 11

დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების მქონე პირი ვალდებულია აწარმოოს შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

მუხლი 52 12

1. დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დაიცვას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა როგორც საქმიანობის განხორციელებისას, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ, პაციენტის სიცოცხლეში და მისი სიკვდილის შემდეგ.

2. დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტმა პაციენტის პერსონალური მონაცემები უნდა დაამუშაოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 52 13

დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, ჩაერიოს პაციენტის ოჯახურ და პირად ცხოვრებაში, თუ პაციენტის ოჯახის წევრთა ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ექმნება.

მუხლი 52 14

1. საექთნო ან მეან-ექთნის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო საბჭოს მეშვეობით.

2. საექთნო ან მეან-ექთნის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების სახეებია:

ა) სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლი;

ბ) სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი.

3. თუ დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტი უარს აცხადებს თავის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების კონტროლზე, აგრეთვე პროფესიული ვარგისობის განსაზღვრისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებაზე, საბჭოს უფლება აქვს, გამოიყენოს ამ კანონის 5215 მუხლით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის ზომები.

მუხლი 52 15

1. დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობა არის საექთნო და მეან-ექთნის პრაქტიკის სტანდარტების, პროფესიული ეთიკის კოდექსისა და საქართველოს კანონმდებლობის ნორმების დარღვევისთვის გათვალისწინებული, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული პასუხისმგებლობა. 

2. დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის არასწორად წარმართვისთვის გათვალისწინებულია პროფესიული პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:

ა) წერილობითი გაფრთხილება;

ბ) მენეჯერული მოვალეობების/ფუნქციების შესრულების შეჩერება არაუმეტეს 6 თვისა;

გ) სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოქმედების შეჩერება არაუმეტეს 6 თვისა;

დ) სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის გაუქმება;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სხვა ზომები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილებას ექთნის ან მეან-ექთნის საქმიანობის ფარგლებში გამოვლენილი დარღვევების სიმძიმისა და შედეგების, აგრეთვე ექთნის ან მეან-ექთნის მიმართ უკვე გამოყენებული პროფესიული პასუხისმგებლობის ზომების გათვალისწინებით იღებს საბჭო.

4. დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროფესიული პასუხისმგებლობის ნებისმიერი ზომა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროფესიული პასუხისმგებლობის საფუძვლებია:

ა) პაციენტის ან მისი ახლო ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადება ან საჩივარი;

ბ) დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის დამქირავებლის განცხადება ან საჩივარი;

გ) იმ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის განცხადება ან საჩივარი, სადაც მუშაობს დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტი, რომელსაც ადასტურებს იმავე დაწესებულებაში მომუშავე, აღნიშნული სუბიექტის ორზე მეტი კოლეგა;

დ) იმ სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე, დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის ორზე მეტი კოლეგის განცხადება ან საჩივარი, სადაც მუშაობს აღნიშნული სუბიექტი, რომელსაც ადასტურებს იმავე დაწესებულების ხელმძღვანელი;

ე) დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის დამქირავებლის ან იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, სადაც მუშაობს დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტი;

ვ) კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლის შედეგები.

6. თუ დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა მის მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას ჩადენილი ქმედებისთვის, იმავე ქმედების შესახებ განცხადება ან საჩივარი არ განიხილება.

7. სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოქმედების შეჩერების მიზეზის აღმოსაფხვრელად შესაბამისი მოთხოვნების შესრულების შემდეგ სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოქმედება განახლდება საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის მფლობელის მიერ შესაბამისი განცხადების შეტანის შემდეგ გამართულ საბჭოს პირველსავე სხდომაზე.

8. სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის გაუქმების შემთხვევაში დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს, განმეორებით მოიპოვოს სახელმწიფო სერტიფიკატი/რეგისტრაციის მოწმობა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

9. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ საბჭოს ნებისმიერი გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში.

მუხლი 52 16

1. ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის გაცემის, მისი მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმების, ასლის გაცემის შესახებ მონაცემთა ერთიანი, სრული ბაზის შექმნის საფუძველია.

2. ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრს ქმნის და აწარმოებს საბჭოს სამდივნო მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.“.

3. 54-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.“.

4. 97-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 97

1. უმაღლესი სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ ექიმის პროფესიული მზადება-დახელოვნება მოიცავს დიპლომისშემდგომ პროფესიულ მზადებასა და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.

2. დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების მიზანია რომელიმე საექიმო სპეციალობის დაუფლება, ხოლო უწყვეტი პროფესიული განვითარების მიზანი – ექიმის მიერ თავის საექიმო სპეციალობაში პროფესიული კომპეტენციის შენარჩუნება ისე, რომ მისი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები თანამედროვე მედიცინის მიღწევებსა და ტექნოლოგიებს შეესაბამებოდეს.“.

5. 98-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გაიაროს დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების კურსი და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება;“.

6. 99-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 99

ექიმის დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების საკითხები განისაზღვრება „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.“.

7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1544 და 1545 მუხლები:

„მუხლი 1544

1. 2025 წლის 1 იანვრიდან საექთნო ან მეან-ექთნის განათლების მქონე პირს დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის გარეშე საქმიანობა ეკრძალება.

2. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონის შესაბამისად გაცემული მედდის/ექთნის თანაშემწის პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირს მის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღებით სწავლის შედეგების მიღწევის დადასტურებისა და 3 წლის შესაბამისი სამუშაო სტაჟის ქონის შემთხვევაში მიეცეს ექთნის წოდების საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით მოპოვების უფლება.

მუხლი 154 5

1. სამინისტრომ:

ა) 2024 წლის 1 აპრილამდე დაამტკიცოს:

ა.ა) საბაზო განათლების მქონე, ჯანმრთელობის დაცვის სექტორში დასაქმებული ექთნისა და მეან-ექთნის მიერ დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობისა და დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების მოპოვების წესი;

ა.ბ) მეან-ექთნის სპეციალობათა და იმ საექთნო სპეციალობათა ნუსხა, რომლებით მუშაობაც ეკრძალება კონკრეტული დაავადების მქონე დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის სუბიექტს;

ა.გ) ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის შექმნისა და წარმოების წესი;

ა.დ) იმ პირთათვის დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობისა და დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების მინიჭების წესი, რომლებმაც საექთნო ან მეან-ექთნის განათლება უცხოეთში მიიღეს/აღნიშნული უფლება უცხოეთში მოიპოვეს;

ა.ე) სახელმწიფო სერტიფიკატისა და რეგისტრაციის მოწმობის ფორმები;

ა.ვ) უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი ექთნის, უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი მეან-ექთნისა და ექთან-სპეციალისტის მოწმობების ფორმები;

ა.ზ) საექთნო სპეციალობათა ნუსხა და შესაბამისი კომპეტენციები;

ბ) 2025 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს:

ბ.ა) ექთნისა და მეან-ექთნის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციისა და ჩანაწერების წარმოების წესი;

ბ.ბ) საექთნო და მეან-ექთნის პრაქტიკის სტანდარტები;

ბ.გ) საექთნო  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის მომზადების, განხორციელებისა და აკრედიტაციის წესი;

ბ.დ) ექთნისა და მეან-ექთნის უწყვეტი პროფესიული განვითარების ცალკეული ფორმები, პროფესიული რეაბილიტაციის წესი და შესაბამისი პროგრამების/კურსების აკრედიტაციის კრიტერიუმები;

ბ.ე) დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის ახალი ვადით გაგრძელებისთვის საჭირო უწყვეტი საექთნო განათლების ან მეან-ექთნის უწყვეტი განათლების კრედიტების რაოდენობის განსაზღვრის წესი;

ბ.ვ) სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების, აგრეთვე მისი გაუქმების შემთხვევაში დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის მიერ მისი განმეორებით მოპოვების წესი;

ბ.ზ) ჯანმრთელობის დაცვის სექტორში დასაქმებული ექთან-სპეციალისტის მიერ საექთნო სპეციალობით საქმიანობის განსახორციელებლად უწყვეტი პროფესიული განვითარების ფარგლებში მიღებული განათლების აღიარების წესი;

ბ.თ) დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების შერჩევითი კონტროლის წესი.

2. საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის 1544 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი აქტის მიღება.“.

მუხლი 2

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2024 წლის 1 ოქტომბრამდე მოამზადოს რეგისტრირებული ექთნის ან მეან-ექთნის და სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან მეან-ექთნის ელექტრონული რეესტრის (შემდგომ − ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრი) მოდული.

2. 2025 წლის 1 იანვრიდან დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად სავალდებულოა ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრში ავტორიზაცია.

3. 2024 წლის 1 ოქტომბრიდან 2025 წლის 1 სექტემბრამდე ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრში ავტორიზაცია განხორციელდეს და სახელმწიფო სერტიფიკატი/რეგისტრაციის მოწმობა გაიცეს უგამოცდოდ.

4. 2025 წლის 1 სექტემბრიდან პროფესიული საექთნო ან პროფესიული მეან-ექთნის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული, აგრეთვე ის პირი, რომელსაც ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გარდამავალი დებულებით (მარეგულირებელი ნორმით) არ უსარგებლია, დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას ექვემდებარებიან.

5. 2030 წლის 1 იანვრიდან საექთნო ან მეან-ექთნის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული რეგისტრირებული ექთნის ან რეგისტრირებული მეან-ექთნის წოდების მოსაპოვებლად სარეგისტრაციო გამოცდის ჩაბარებას ექვემდებარება.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 52მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებისა და 527 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კანონის:

ა) 52მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს 2024 წლის 1 ოქტომბრიდან;

ბ) 52მუხლის:

ბ.ა) მე-7 პუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან;

ბ.ბ) მე-6 პუნქტი ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

21 თებერვალი 2024 წ.

N4042-XIVმს-Xმპ