დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარე |
მიღების თარიღი | 12/01/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 050040000.48.065.016033 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/01/2024 - 04/09/2024)
|
„საქართველოს საპატენტო კანონის“ 81 მუხლის, „საქართველოს საპატენტო კანონში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 2023 წლის 1 ივნისის №2883-XIმს-Xმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1. დამტკიცდეს „გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ თანდართული ინსტრუქცია.
2. დამტკიცდეს პატენტის/სასარგებლო მოდელის მოწმობის მიღების თაობაზე განცხადებების ფორმები. 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბრის №04 ბრძანება. 4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის იმ განაცხადებზე, რომლებზეც სსიპ − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში − „საქპატენტში“ საქმისწარმოება დაიწყო „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დღიდან, 2023 წლის 2 ივნისიდან. გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადებზე, რომლებზეც „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მიმდინარეობს საქმისწარმოება, გავრცელდეს „გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბრის №04 ბრძანება. |
|
ინსტრუქცია
გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ |
კარი I
გამოგონება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1. ინსტრუქციის რეგულირების სფერო წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია „საქართველოს საპატენტო კანონის“ შესაბამისად და განსაზღვრავს გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის/სასარგებლო მოდელის მოწმობის გაცემასთან დაკავშირებულ პროცედურებს. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) კანონი – „საქართველოს საპატენტო კანონი“; ბ) ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“ (შემდგომში – საქპატენტი) „საქართველოს საპატენტო კანონით“ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი; გ) საერთაშორისო კოდი – ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) სტანდარტით ST.9 დადგენილი, საერთაშორისო შეთანხმებით მიღებული ორნიშნა რიცხვითი კოდი პატენტთან დაკავშირებული ბიბლიოგრაფიული მონაცემების იდენტიფიკაციისათვის; დ) ქვეყნის კოდი – ისმო-ს სტანდარტით ST.3 დადგენილი ქვეყნის, მთავრობათაშორისი და სხვა ორგანიზაციების დასახელების შესატყვისი ორნიშნა კოდი; ე) საერთაშორისო კლასიფიკატორი – სტრასბურგის 1971 წლის შეთანხმება საერთაშორისო საპატენტო კლასიფიკაციის შესახებ; ვ) დადგენილი საფასური – „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილებით დამტკიცებული საფასური; ზ) ეროვნულ ფაზაში შესვლის ვადა – იმ საერთაშორისო განაცხადის შემთხვევაში, რომლისთვისაც საქპატენტი მოქმედებს, როგორც აღნიშნული ან არჩეული უწყება, გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ეროვნული პატენტის მისაღებად განაცხადის საქპატენტში წარდგენის ვადა, რომელიც შეადგენს 31 თვეს პრიორიტეტის თარიღიდან; თ) ისმო-ს ციფრული წვდომის სისტემა „DAS“ (შემდგომ – „DAS“) – ისმო-ს ელექტრონული სისტემა, რომელიც მის მონაწილე ინტელექტუალური საკუთრების უწყებებს საშუალებას აძლევს ელექტრონული სისტემის მეშვეობით უსაფრთხოდ გაცვალონ პარიზის კონვენციით გათვალისწინებული განაცხადის პრიორიტეტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია; ი) დარგის სპეციალისტი – ჰიპოთეზური პირი, რომელსაც გააჩნია დარგის სტანდარტული და ზოგადი ცოდნა დროის მოცემული მომენტისთვის. მიიჩნევა, რომ მას გააჩნია წვდომა ტექნიკის დონესთან, განსაკუთრებით ძიების ანგარიშში მოყვანილ დოკუმენტებთან და გააჩნია რუტინული ექსპერიმენტირების საშუალება და შესაძლებლობა; კ) ePCT სისტემა – ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) ელექტრონული სისტემა, რომლის საშუალებით შესაძლებელია საერთაშორისო განაცხადის შეტანა, დამუშავება, უწყებებს შორის გადაგზავნა და განმცხადებელთან კომუნიკაცია ელექტრონულ ფორმატში. ლ) საგანაცხადო მასალები – კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
თავი II განაცხადის ფორმა და მისი წარდგენის წესი მუხლი 3. განაცხადი განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა) განცხადებას პატენტის მიღების თაობაზე; ბ) გამოგონების აღწერილობას; გ) გამოგონების ფორმულას; დ) ნახაზებსა და სხვა დოკუმენტებს, თუ ისინი გამოგონების არსის ასახსნელად არის აუცილებელი; ე) გამოგონების რეფერატს, რომელიც მხოლოდ საინფორმაციო ხასიათისაა. მუხლი 4. განაცხადზე თანდართული საბუთები, მათი წარდგენის წესი და ვადები 1. განაცხადის წარდგენა ხდება საქპატენტში მატერიალური ფორმით ან საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის (შემდგომ – ელექტრონული სისტემა) – https://online.sakpatenti.gov.ge/ მეშვეობით. საგანაცხადო მასალების მატერიალური ფორმით წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საგანაცხადო მასალები ელექტრონული სახით მონაცემთა ელექტრონული მატარებლის გამოყენებით (მაგ.: CD-ROM დისკი). ელექტრონული სახით წარმოდგენილი საგანაცხადო მასალები შედგენილი უნდა იყოს „.doc“ ფორმატში, Sylfaen-ის შრიფტით. 2. საქპატენტში საგანაცხადო მასალების მატერიალური ფორმით წარდგენის შემთხვევაში, საქმისწარმოების ფარგლებში, ყველა სახის დოკუმენტი განმცხადებელს ეგზავნება მატერიალური ფორმით. 3. საქპატენტში საგანაცხადო მასალების ელექტრონული სისტემით წარდგენის შემთხვევაში, საქმისწარმოების ფარგლებში, განმცხადებელს ყველა სახის დოკუმენტი ეგზავნება საქპატენტის ელექტრონული სისტემის მეშვეობით და მისთვის ჩაბარებულად ითვლება სისტემაში ასახვისთანავე. ამ მომენტიდან იწყება კანონმდებლობით დადგენილი ვადების ათვლა ყველა შესაბამისი მომდევნო ქმედებისთვის. 4. საქპატენტში განაცხადის ელექტრონულად წარდგენის შემდგომ, განმცხადებლის მიერ საქმისწარმოების მატერიალური ფორმით გაგრძელების მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის დღიდან განაცხადზე აღარ გავრცელდება ელექტრონულ საქმისწარმოებასთან დაკავშირებით საფასურებზე კანონმდებლობით დადგენილი შეღავათი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 5. საქპატენტში განაცხადის მატერიალური ფორმით წარდგენის შემდგომ, განმცხადებელი უფლებამოსილია მოითხოვოს საქმისწარმოების ელექტრონული ფორმით გაგრძელება. ამ შემთხვევაში განაცხადზე არ გავრცელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ელექტრონულ საქმისწარმოებასთან დაკავშირებით დადგენილი შეღავათი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 6. დამატებითი ინფორმირების მიზნით, განმცხადებელს შესაძლებელია გაეგზავნოს მოკლეტექსტური შეტყობინება განაცხადთან დაკავშირებული ქმედებების შესახებ. 7. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საქმისწარმოების წესი ვრცელდება ასევე პატენტის გაცემის შემდგომ საქმისწარმოებაზეც. 8. განცხადება წარდგენილი უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე საქპატენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული განცხადების ფორმით, ხოლო სხვა საგანაცხადო მასალები ნებისმიერ ენაზე. 9. უცხოურ ენაზე წარდგენილ საგანაცხადო მასალებს, წარდგენის დღიდან ორი თვის ვადაში, უნდა დაერთოს თარგმანი ქართულ ენაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადზე საქმის წარმოება შეწყდება. 10. განმცხადებელი ვალდებულია უზრუნველყოს თარგმანის ავთენტურობა. 11. თუ განაცხადი წარდგენილია გამომგონებლის უფლებამონაცვლის ან განმცხადებლის წარმომადგენლის მეშვეობით და განაცხადს თან არ ერთვის უფლებამონაცვლეობის ან წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთის დედანი, განმცხადებელი ვალდებულია განაცხადის წარდგენიდან ორი თვის ვადაში წარადგინოს უფლებამონაცვლეობის ან წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთის დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი. 12. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სარგებლობს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული შეღავათიანი საფასურით, აღნიშნულის დამადასტურებელი საბუთი საქპატენტს წარედგინება განაცხადის შეტანის თარიღიდან 2 კვირის ვადაში. 13. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი ეხება მიკროორგანიზმთა შტამს, შტამების კონსორციუმს, უჯრედს, უჯრედულ კულტურას, მონოკლონურ ანტისხეულს და სხვა მსგავს ობიექტებს, განაცხადს თან უნდა ერთოდეს დეპონირების დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული დეპოზიტარიუმის მიერ, რომელიც შეიცავს დეპოზიტარიუმის სახელწოდებას, დეპონირებისათვის წარდგენილი მასალის დასახელებას, დეპონირებული მასალის რეგისტრაციის ნომერს, თარიღს და მასალის სრულ აღწერას. დეპონირებისთვის მასალის წარდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს საქპატენტში განაცხადის შეტანის თარიღისა. დეპონირების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დასაშვებია განაცხადის წარდგენის დღიდან ორი თვის ვადაში. 14. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი შეიცავს ნუკლეოტიდურ ან ამინომჟავურ თანმიმდევრობას, განმცხადებელმა განაცხადის წარდგენის დღიდან ორი თვის ვადაში განცხადებას თან უნდა დაურთოს შესაბამისი თანმიმდევრობის ნუსხა ისმო-ს სტანდარტის ST-25-ის შესაბამისად. 15. თუ გამომგონებელს სურს მისი სახელი დარჩეს ანონიმური, განაცხადს თან უნდა ერთოდეს გამომგონებლის შესაბამისი განცხადება. მუხლი 5. განცხადების ფორმა 1. პატენტის მიღების თაობაზე განცხადება წარდგენილი უნდა იყოს საქპატენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული განცხადების ბლანკით. 2. განცხადება ივსება ქართულ ენაზე ბეჭდური სახით. 3. განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) განმცხადებლ(ებ)ის სახელს და გვარს (საერთაშორისო კოდი 71); იურიდიული პირის შემთხვევაში, იურიდიული პირის სახელწოდებას; ბ) განმცხადებლ(ებ)ის მისამართს ან მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, მოქალაქეობის ქვეყნის კოდის მითითებით. იურიდიული პირის შემთხვევაში, იურიდიული პირის მისამართს ქვეყნის კოდის მითითებით; გ) მიმოწერის მისამართს საქართველოს ტერიტორიაზე, ადრესატის სრულ სახელს ან დასახელებას, ტელეფონს, ელექტრონული ფოსტის მისამართს; დ) შესაბამის მითითებას, თუ განმცხადებელი იმავდროულად დამსაქმებელია; ე) საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში, პირველი განაცხადის ნომერს (საერთაშორისო კოდი 31), პირველი განაცხადის შეტანის თარიღს (საერთაშორისო კოდი 32), პირველი განაცხადის მიმღები ქვეყნის/უწყების კოდს (საერთაშორისო კოდი 33); ვ) საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში, გამოგონების გამოფენაზე ექსპონირების თარიღს (საერთაშორისო კოდი 23); ზ) გამოგონების დასახელებას (საერთაშორისო კოდი 54); თ) თუ განაცხადი წარდგენილია განმცხადებლის წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის სახელს, გვარს, მისამართს, ტელეფონს, ელექტრონული ფოსტის მისამართს (საერთაშორისო კოდი 74); ი) მითითებას იმის შესახებ, უკავშირდება თუ არა გამოგონების შექმნა სამსახურებრივი მოვალეობის ან შეკვეთის შესრულებას; კ) გამომგონებლის სახელს, გვარს და მისამართს მოქალაქეობის ქვეყნის კოდის მითითებით (საერთაშორისო კოდი 72); ლ) საერთაშორისო განაცხადის ეროვნულ ფაზაში შესვლის შემთხვევაში, საერთაშორისო განაცხადის ნომერს და საერთაშორისო შეტანის თარიღს (საერთაშორისო კოდი 86); მ) გამოყოფილი განაცხადის შემთხვევაში, პირველი განაცხადის ნომერს და შეტანის თარიღს (საერთაშორისო კოდი 62); ნ) განაცხადის თანდართული საბუთების ნუსხას, სადაც მიეთითება ეგზემპლარებისა და გვერდების რაოდენობა. 4. დამატებითი მასალების არსებობის შემთხვევაში ისინი თან უნდა დაერთოს განცხადებას და მოხდეს მითითება მათ დანიშნულებაზე. 5. თუ განცხადების შევსებისას ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მითითებულია, რომ განმცხადებელი იმავდროულად გამომგონებლის დამსაქმებელია, მაშინ განმცხადებელს არ ეკისრება დამატებით განმცხადებელსა და გამომგონებელს შორის დადებული ხელშეკრულების წარმოდგენის ვალდებულება. 6. ბლანკი უნდა იყოს ხელმოწერილი და ხელმოწერის დღით დათარიღებული განმცხადებლის, უფლებამოსილი პირის ან წარმომადგენლის მიერ და მიეთითოს ხელმომწერი პირის სრული სახელი და გვარი. 7. საგანაცხადო მასალებში ცვლილება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განმცხადებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. მუხლი 6. გამოგონების აღწერილობა 1. გამოგონების აღწერილობა განკუთვნილია გამოგონების ფორმულით განსაზღვრული დაცვის ფარგლების გასამყარებლად. გამოგონების აღწერილობაში იმდენად ნათლად უნდა იყოს გადმოცემული გამოგონების არსი და მისი განხორციელების შესაძლებლობა, რომ შესაძლებელი იყოს გამოგონების რეალიზება დარგის სპეციალისტის მიერ. 2. გამოგონების აღწერილობაში მოცემული უნდა იყოს: ა) გამოგონების დასახელება, რომელიც უნდა ემთხვეოდეს განცხადებაში მითითებულ დასახელებას; ბ) ტექნიკის დარგი, რომელსაც მიეკუთვნება გამოგონება; გ) ტექნიკის დონე იმ მოცულობით, რაც ცნობილია განმცხადებლისათვის; დ) გამოგონების არსი; ე) გამოგონებით მიღწეული შედეგი; ვ) ფიგურების მოკლე აღწერა, თუ ნახაზები თან ერთვის განაცხადს; ზ) გამოგონების განხორციელების დაწვრილებითი აღწერა. 3. გამოგონების არსიდან და ობიექტის აღწერის პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე, დასაშვებია გამოგონების აღწერილობის წარდგენა განსხვავებული სახით, თუ იგი უფრო ხელსაყრელია გამოგონების არსის გადმოსაცემად. მუხლი 7. გამოგონების დასახელება გამოგონების დასახელება უნდა შეესაბამებოდეს გამოგონების არსს, იყოს ცხადი, ლაკონიური და არ უნდა შედგებოდეს ათზე მეტი სიტყვისგან. გამოგონების დასახელება არ უნდა შეიცავდეს კერძო ან ფანტაზიურ სახელებს. მუხლი 8. ტექნიკის დარგი გამოგონების აღწერილობაში უნდა მიეთითოს გამოგონების გამოყენების სფერო და ტექნიკის შესაბამისი დარგი. თუ ასეთი დარგი რამდენიმეა, სასურველია პირველად მიეთითოს დარგი, რომელსაც ენიჭება უპირატესობა საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით. მუხლი 9. ტექნიკის დონე 1. ტექნიკის დონე უნდა იყოს ნათლად გადმოცემული. სასურველია გამოგონების აღწერილობის ამ ნაწილში მითითებული იყოს განმცხადებლისათვის პრიორიტეტის თარიღამდე ტექნიკის დონით ცნობილი მონაცემები შესაბამის საინფორმაციო წყაროზე დაყრდნობით. 2. ტექნიკის დონის აღწერისათვის გამოიყენება ნებისმიერი სახის საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია. 3. ტექნიკის დონის აღწერის დროს სასურველია მითითებულ იქნეს მიზეზები, რომელთა გამოც შეუძლებელი იყო გამოგონებით დასახული ამოცანის გადაჭრა. მუხლი 10. გამოგონების არსი გამოგონების არსი უნდა იყოს წარმოდგენილი გამოგონების ფორმულის შესაბამისი ცნებებითა და ნიშნების ერთობლიობით, რომელიც გასაგებს ხდის გამოგონებით დასახულ ტექნიკურ ამოცანას და მისი გადაჭრის შესაძლებლობას (მაშინაც კი, თუ ამოცანა პირდაპირ არ არის გამოკვეთილი). მუხლი 11. ფიგურების მოკლე აღწერა გამოგონების აღწერილობაში წარდგენილი უნდა იყოს თანდართული ნახაზების ფიგურების მოკლე აღწერა შესაბამისი ნუმერაციისა და დასახელების მითითებით. მუხლი 12. გამოგონების განხორციელების დაწვრილებითი აღწერა 1. გამოგონების დაწვრილებით აღწერილობაში უნდა იყოს წარმოჩენილი გამოგონებით დასახული ტექნიკური ამოცანის გადაჭრის გზა. 2. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი ეხება მოწყობილობას, დაწვრილებითი აღწერა უნდა შეიცავდეს მოწყობილობის აღწერას სტატიკაში ან/და დინამიკაში, ფიგურების და პოზიციების მითითებით. ამასთან, ციფრული აღნიშვნები სტატიკაში მითითებული უნდა იყოს მზარდი რიგითობის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა რიგითობის დარღვევა გამოწვეულია აუცილებლობით. 3. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი ეხება ხერხს, დაწვრილებითი აღწერა უნდა შეიცავდეს მონაცემებს მისი განხორციელებისათვის საჭირო მოქმედებების, მათი თანმიმდევრობის და ჩატარების პირობების, პარამეტრებისა და რეჟიმების შესახებ. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, მითითებული უნდა იყოს მონაცემები ხერხში გამოყენებული მოწყობილობებისა და მასალების შესახებ. 4. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი ეხება ფიზიკურ-ქიმიური ან კომპონენტების მექანიკური შერევის გზით მიღებულ ნივთიერებას, დაწვრილებითი აღწერა უნდა შეიცავდეს კომპონენტების ჩამონათვალს, ხოლო თუ მათი რაოდენობა გამოგონების არსებითი ნიშანია – ზღვრულ მნიშვნელობებს. ამასთან, თუ არსებით ნიშანს წარმოადგენს ცალკეული კომპონენტების მახასიათებელი, ამ შემთხვევაში დაწვრილებითი აღწერა ასევე უნდა შეიცავდეს ფიზიკურ მდგომარეობას, ზომებს და სხვა შესაბამის მონაცემებს. 5. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი ეხება ქიმიური გზით მიღებულ ნივთიერებას, დაწვრილებით აღწერაში, საჭიროების შემთხვევაში, მოყვანილი უნდა იქნეს სტრუქტურული ფორმულა, ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები და მისი მიღების ხერხი. ასევე, ქიმიური ნაერთის გამოყენების სფეროების და გამოყენების განხორციელების მონაცემები. 6. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი ეხება ნივთიერებას და შეუძლებელია ნივთიერებისათვის დამახასიათებელი ნიშნებით მისი აღწერა, დაწვრილებით აღწერაში შესაძლებელია მისი დახასიათება ხერხის საშუალებით. 7. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი ეხება პროდუქტის გამოყენებას, დაწვრილებით აღწერაში ნაჩვენები უნდა იყოს გამოგონებით დასახული მიზნის მისაღწევად პროდუქტის გამოყენების შესაძლებლობა. მუხლი 13. ბიოტექნოლოგიური გამოგონების დაწვრილებითი აღწერა 1. ბიოტექნოლოგიური პროდუქტი მოიცავს: ა) ბიოლოგიურ მასალას, რომელიც გამოყოფილია ბუნებრივი გარემოდან ან მიღებულია სხვა ტექნიკური ხერხებით; ბ) მცენარეს ან ცხოველს, თუ გამოგონების არსი (ან მათი ტექნიკური განხორციელება) არ შემოიფარგლება მცენარის ან ცხოველის ცალკეული ჯიშით; გ) მიკრობიოლოგიურ ან სხვა ტექნიკურ პროცესებს ან ამ პროცესით მიღებულ პროდუქტებს. 2. თუ გამოგონება ეხება ადამიანის სხეულიდან გამოყოფილი ან სხვა ტექნიკური ხერხით მიღებული გენის ან მისი ფრაგმენტის თანამიმდევრობას, გამოგონების დაწვრილებით აღწერილობაში ნაჩვენები უნდა იყოს ამ ობიექტის სამრეწველო გამოყენებადობა. 3. თუ ბიოლოგიური მასალა არ არის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი და მისი აღწერა განაცხადში არ არის შესაძლებელი ისეთი სისრულით, რომ დარგის სპეციალისტისათვის ცხადი იყოს მისი განხორციელების შესაძლებლობა, განაცხადს თან უნდა ერთოდეს აღნიშნული მასალის დეპონირების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაცემულია დეპოზიტარიუმის მიერ. მუხლი 14. სამედიცინო პროდუქტის დაწვრილებითი აღწერა 1. იმ შემთხვევაში, როდესაც განაცხადი ეხება სამედიცინო პროდუქტს ან/და მისი მიღების ხერხს, დაწვრილებითი აღწერა ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლში მითითებულ მონაცემებთან ერთად უნდა შეიცავდეს: ა) მონაცემებს პროდუქტის სამედიცინო ჩვენებების შესახებ; ბ) მონაცემებს, რომელიც ადასტურებს, რომ შესაძლებელია პროდუქტის სამედიცინო მიზნით გამოყენება, მათ შორის, მონაცემებს პროდუქტის ფარმაცევტული ფორმების, მათი დოზირებისა და ორგანიზმში შეყვანის გზების შესახებ; გ) მონაცემებს, რომლებიც ადასტურებს პროდუქტის შესაბამისი დანიშნულებით რეალიზაციის შესაძლებლობას, მათ შორის, მონაცემებს ამ პროდუქტის ფიზიოლოგიური ან პათოლოგიური პროცესების განსაზღვრულ რგოლებზე მოქმედების ან მათთან კავშირის შესახებ. 2. თუ სამედიცინო პროდუქტი და/ან მის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ინგრედიენტი ტექნიკის დონიდან ცნობილია, დაწვრილებითი აღწერა უნდა შეიცავდეს იმ მონაცემებს, რომლებიც ნათლად დაადასტურებს გამოგონებით დასახული ტექნიკური ამოცანის გადაჭრის შესაძლებლობას. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია დაწვრილებითი აღწერა არ შეიცავდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ყველა მონაცემებს. მუხლი 15. გამოგონების ფორმულა 1. გამოგონების ფორმულა განსაზღვრავს გამოგონების სამართლებრივი დაცვის ფარგლებს. გამოგონების ფორმულა გადმოცემული უნდა იყოს გამოგონების ობიექტისათვის (პროდუქტი, მოწყობილობა, ხერხი, გამოყენება) დამახასიათებელი შესაბამისი ტექნიკური ხასიათის ნიშნებით. 2. გამოგონების ფორმულა უნდა ეფუძნებოდეს გამოგონების აღწერილობას. 3. გამოგონების ფორმულა შეიძლება იყოს ერთ ან მრავალმუხლიანი. 4. გამოგონების მრავალმუხლიანი ფორმულა უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, ერთ დამოუკიდებელ მუხლს. თითოეული მუხლი გადმოცემული უნდა იყოს ცხადად და უნდა შედგებოდეს ერთი წინადადებისგან. თითოეულ დამოუკიდებელ მუხლს შესაძლებელია ჰქონდეს მასზე დამოკიდებული მუხლ(ებ)ი. 5. გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლი უნდა შეიცავდეს გამოგონების არსებით ნიშნებს, რომლებიც აუცილებელია გამოგონების განსახორციელებლად. 6. გამოგონების ფორმულის ყოველი დამოუკიდებელი მუხლი უნდა ასახავდეს ერთ გამოგონებას. 7. გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლი უნდა შედგებოდეს ცნობილი და განმასხვავებელი ნაწილებისგან. ცნობილ და განმასხვავებელ ნაწილებს შორის გამოყენებული უნდა იქნეს ფრაზა – „რომელიც... განსხვავდება იმით, რომ“. 8. გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლის ცნობილ ნაწილში მოყვანილი უნდა იყოს გამოგონებასთან დაკავშირებით ტექნიკის დონით ცნობილი ნიშნები. ცნობილ ნაწილში მოყვანილი ნიშნები უნდა შეესაბამებოდეს გამოგონების აღწერილობაში მოყვანილ ტექნიკის დონეს. 9. გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლის განმასხვავებელ ნაწილში მოყვანილი უნდა იყოს გამოგონების ის ნიშნები, რომლებიც განასხვავებენ მას ტექნიკის დონისაგან და ამ მუხლის მე-8 პუნქტში მითითებულ ნიშანთა ერთობლიობასთან ერთად განსაზღვრავენ გამოგონებას. 10. გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლი შეიძლება არ იყოს დაყოფილი ცნობილ და განმასხვავებელ ნაწილებად, თუ გამოგონების არსის თავისებურებებიდან გამომდინარე, სხვა გზით შესაძლებელია გამოგონების უკეთ დახასიათება. 11. გამოგონების ერთიანობის მოთხოვნის გათვალისწინებით, გამოგონების ფორმულა შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა ან ერთი და იმავე სახის გამოგონების ობიექტის (ხერხი, მოწყობილობა, ნივთიერება, გამოყენება და სხვა) ორ ან მეტ დამოუკიდებელ მუხლს. 12. დამოკიდებული მუხლი უნდა შეიცავდეს მითითებას იმ დამოუკიდებელ მუხლზე, რომელზეც არის დამოკიდებული და მასში გადმოცემული ნიშნები უნდა აზუსტებდეს დამოუკიდებელ მუხლში გადმოცემულ ნიშანს ან/და ავითარებდეს გამოგონების ნიშნების ერთობლიობას მისი განხორციელების კერძო შემთხვევის სახით. 13. თუ გამოგონების ფორმულა მრავალმუხლიანია, იგი ინომრება თანმიმდევრობით, არაბული ციფრებით. 14. გამოგონების ფორმულა არ უნდა შეიცავდეს გამოგონების აღწერილობასა და ფიგურებზე მითითებას. დასაშვებია განაცხადი შეიცავდეს ფორმულაში ფიგურების პოზიციებზე მითითებას, თუ არსებითად ადვილდება გამოგონების ფორმულის გადმოცემა. ამ შემთხვევაში პოზიციები მიეთითება ციფრების ფრჩხილებში ჩასმით. 15. გამოგონების ფორმულაში დაუშვებელია ისეთი ტერმინებისა და შემოკლებების გამოყენება, რომელიც განუსაზღვრელს ხდის გამოგონებას. ფორმულაში გამოყენებულ უნდა იქნეს მოცემულ დარგში მიღებული ტერმინები და შემოკლებები. 16. გამოგონების ფორმულასა და გამოგონების აღწერილობაში დაცული უნდა იყოს ტერმინოლოგიური ერთიანობა. იმ შემთხვევაში, თუ შემოტანილია უცნობი ტერმინი, ის განმარტებული უნდა იქნეს გამოგონების აღწერილობაში პირველივე გამოყენებისთანავე. 17. გამოგონების ფორმულის ყველა დამოკიდებული მუხლი, რომელიც შეიცავს მითითებას წინამდებარე ერთ ან რამდენიმე მუხლზე, დაჯგუფებული უნდა იყოს ერთად. 18. გამოგონების ფორმულის მუხლი შესაძლოა მოიცავდეს ალტერნატიულ ნიშნებს. ალტერნატივების რაოდენობა უნდა იყო გონივრული და არ უნდა ართულებდეს მუხლის ობიექტის განსაზღვრას. ალტერნატიულ ნიშნებს უნდა გააჩნდეთ მსგავსი ბუნება და იყვნენ ურთიერთჩანაცვლებადი. 19. გამოგონების ფორმულაში ალტერნატიული ნიშნების მოყვანა დაშვებულია იმ შემთხვევაში, თუ თითოეული ალტერნატიული ნიშანი გამოგონების ფორმულის სხვა ნიშნებთან ერთობლიობაში უზრუნველყოფს ერთსა და იგივე ამოცანის გადაწყვეტას და ერთსა და იმავე (საერთო) ტექნიკური შედეგის მიღწევას. 20. გამოგონების ფორმულაში, რომელიც ეხება გამოყენებას, დაუშვებელია გამოყენებულ იქნეს ალტერნატიული ცნებები, რომლებიც განსაზღვრავენ გამოყენების სხვადასხვა სფეროს. 21. გამოგონების ფორმულის მუხლი არ უნდა იყოს დახასიათებული მხოლოდ მისაღწევი ტექნიკური შედეგით. 22. ნივთიერების შემთხვევაში გამოგონების ფორმულის მუხლი არ უნდა იყოს დახასიათებული მხოლოდ ნივთიერების სისუფთავით. 23. ფარმაცევტული კომპოზიციის შემთხვევაში გამოგონების ფორმულის მუხლი არ უნდა იყოს დახასიათებული მხოლოდ ფარმაცევტული კომპოზიციის ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლებით. 24. ქიმიური ნივთიერების შემთხვევაში გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლი უნდა იყოს დახასიათებული ნივთიერების ქიმიური დასახელებით ან/და ქიმიური სტრუქტურული ფორმულით. 25. ქიმიური ნივთიერების ან კომპოზიციის შემთხვევაში გამოგონების ფორმულაში მისი დახასიათება მიღების ხერხით მხოლოდ იმ შემთხვევაში არის დაშვებული, თუ შეუძლებელია მისი აღწერა ნივთიერებისათვის ან კომპოზიციისათვის დამახასიათებელი ნიშნებით. 26. ქიმიური ნივთიერების კრისტალური ფორმის შემთხვევაში გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლი დახასიათებული უნდა იყოს კრისტალური ფორმის მახასიათებელი არსებითი ნიშნებით, მაგალითად, კრისტალის რენტგენული დიფრაქციის მონაცემებით, კრისტალის თერმოგრამის მონაცემებით და ა.შ. 27. კომპოზიციის შემთხვევაში გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლი დახასიათებული უნდა იყოს კომპოზიციის შემადგენელი კომპონენტების თვისობრივი ან/და რაოდენობრივი მახასიათებლებით. 28. ცილის შემთხვევაში გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლი დახასიათებული უნდა იყოს ამინომჟავური თანამიმდევრობით. 29. დნმ-ს ან რნმ-ს შემთხვევაში გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლი დახასიათებული უნდა იყოს ნუკლეოტიდური თანამიმდევრობით. 30. მიკროორგანიზმის შტამის შემთხვევაში გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლი დახასიათებული უნდა იყოს მისი ლათინური დასახელებით, დანიშნულებით და საერთაშორისო დეპონირების ნომრით. 31. ახალი პროდუქტის (ნივთიერება ან კომპოზიცია) სამედიცინო გამოყენების შემთხვევაში გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლი ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი ვარიანტებიდან ერთ-ერთის სახით: ა) პროდუქტის (ნივთიერება ან კომპოზიცია) X გამოყენება დაავადების Y სამკურნალო მედიკამენტის დასამზადებლად; ბ) პროდუქტის (ნივთიერება ან კომპოზიცია) X გამოყენება დაავადების Y სადიაგნოსტიკო საშუალების დასამზადებლად; გ) პროდუქტი (ნივთიერება ან კომპოზიცია) X მედიცინაში გამოსაყენებლად; დ) პროდუქტი (ნივთიერება ან კომპოზიცია) X მედიკამენტის სახით გამოსაყენებლად; ე) პროდუქტი (ნივთიერება ან კომპოზიცია) X დაავადების Y სამკურნალოდ გამოსაყენებლად; ვ) პროდუქტი (ნივთიერება ან კომპოზიცია) X დაავადების Y სადიაგნოსტიკოდ გამოსაყენებლად; ზ) პროდუქტი (ნივთიერება ან კომპოზიცია) X დაავადების Y მკურნალობის ხერხში გამოსაყენებლად; თ) პროდუქტი (ნივთიერება ან კომპოზიცია) X დაავადების Y დიაგნოსტიკის ხერხში გამოსაყენებლად. 32. ცნობილი პროდუქტის (ნივთიერება ან კომპოზიცია) პირველი სამედიცინო გამოყენების შემთხვევაში (კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტი) გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლი ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი ვარიანტებიდან ერთ-ერთის სახით: ა) პროდუქტი (ნივთიერება ან კომპოზიცია) X მედიცინაში გამოსაყენებლად; ბ) პროდუქტი (ნივთიერება ან კომპოზიცია) X მედიკამენტის სახით გამოსაყენებლად; გ) პროდუქტი (ნივთიერება ან კომპოზიცია) X დაავადების Y სამკურნალოდ გამოსაყენებლად; დ) პროდუქტი (ნივთიერება ან კომპოზიცია) X დაავადების Y სადიაგნოსტიკოდ გამოსაყენებლად; ე) პროდუქტი (ნივთიერება ან კომპოზიცია) X დაავადების Y მკურნალობის ხერხში გამოსაყენებლად; ვ) პროდუქტი (ნივთიერება ან კომპოზიცია) X დაავადების Y დიაგნოსტიკის ხერხში გამოსაყენებლად. შენიშვნა: გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლის ყველა ზემოაღნიშნული ვარიანტის შემთხვევაში, გამოგონების ფორმულის დაცვის ობიექტია პროდუქტი (ნივთიერება ან კომპოზიცია), რომელიც შემოფარგლულია დანიშნულებით. 33. ცნობილი პროდუქტის (ნივთიერება ან კომპოზიცია) მეორე ან შემდგომი სამედიცინო გამოყენების შემთხვევაში (კანონის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტი), გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლი ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი ვარიანტებიდან ერთ-ერთის სახით: ა) პროდუქტი (ნივთიერება ან კომპოზიცია) X დაავადების Y სამკურნალოდ გამოსაყენებლად; ბ) პროდუქტი (ნივთიერება ან კომპოზიცია) X დაავადების Y სადიაგნოსტიკოდ გამოსაყენებლად; გ) პროდუქტი (ნივთიერება ან კომპოზიცია) X დაავადების Y მკურნალობის ხერხში გამოსაყენებლად; დ) პროდუქტი (ნივთიერება ან კომპოზიცია) X დაავადების Y დიაგნოსტიკის ხერხში გამოსაყენებლად. შენიშვნა: გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლის ყველა ზემოაღნიშნული ვარიანტის შემთხვევაში, გამოგონების ფორმულის ობიექტია პროდუქტი (ნივთიერება ან კომპოზიცია), რომელიც შემოფარგლულია დანიშნულებით. 34. პროდუქტის (ნივთიერება ან კომპოზიცია) პირველი ან შემდგომი სამედიცინო გამოყენების შემთხვევაში, დაუშვებელია გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლი დახასიათებული იყოს მხოლოდ პროდუქტის (ნივთიერება ან კომპოზიცია) მოქმედების მექანიზმით, მაგალითად, რეცეპტორებზე მოქმედებით, ცილის აქტივობის დათრგუნვით, გენების ექსპრესიაზე მოქმედებით და ა.შ. 35. პროდუქტის (ნივთიერება ან კომპოზიცია) პირველი ან შემდგომი სამედიცინო გამოყენების შემთხვევაში, დაუშვებელია დამოუკიდებელი მუხლი ჩამოყალიბებული იყოს შემდეგი სახით: პროდუქტის (ნივთიერება ან კომპოზიცია) X გამოყენება დაავადების Y სამკურნალოდ. შენიშვნა: გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლის, ამ მუხლის 35-ე პუნქტებით გათვალისწინებული სახით ფორმულირების შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ იგი განეკუთვნება მკურნალობის ხერხს, რომელზეც, საქართველოს საპატენტო კანონის მე-17 მუხლის თანახმად, პატენტი არ გაიცემა. 36. ცნობილი პროდუქტის (ნივთიერება ან კომპოზიცია) ახალი, არასამედიცინო დანიშნულებით გამოყენების შემთხვევაში, გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლში ნათლად და ცალსახად უნდა იყოს მითითებული ახალი დანიშნულება. შესაბამისად, გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლი ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი ვარიანტებიდან ერთ-ერთის სახით: ა) პროდუქტის (ნივთიერება ან კომპოზიცია) X გამოყენება Y დანიშნულებით. მაგალითად, ნივთიერების X გამოყენება ლითონის კოროზიისგან დასაცავად; ბ) პროდუქტის (ნივთიერება ან კომპოზიცია) X გამოყენება Y აგენტის სახით. მაგალითად, ნივთიერების X გამოყენება ანტიკოროზიული აგენტის სახით. 37. მოწყობილობის შემთხვევაში (განსაზღვრული დანიშნულების მქონე ნაკეთობა ან კონსტრუქცია ან ნებისმიერი მატერიალური ობიექტი) გამოგონების ფორმულაში მოყვანილი ნიშნების ერთობლიობა მას მთლიანობაში უნდა ახასიათებდეს სტატიკურ მდგომარეობაში, ამასთან მოწყობილობისათვის დამახასიათებელი ნიშნებია: ელემენტები ანუ დეტალები, კვანძები, აგრეგატები და მსგავსი, ელემენტთა ურთიერთგანლაგება, ელემენტებს შორის ურთიერთკავშირი, ელემენტების ან მათ შორის ურთიერთკავშირის ფორმა, მასალა, რომლისგანაც დამზადებულია იგი, ელემენტების ზომათა თანაფარდობა, გარემო, რომელიც ასრულებს ელემენტის ფუნქციას და სხვ. 38. ხერხის შემთხვევაში გამოგონების ფორმულაში მოყვანილი ნიშნების ერთობლიობა უნდა ახასიათებდეს მატერიალური ობიექტის მეშვეობით მატერიალურ ობიექტზე ზემოქმედების პროცესს, ამასთან ხერხისათვის დამახასიათებელი ნიშნებია: ქმედებები ან ოპერაციები, მათი ერთობლიობა, ქმედებების ან ოპერაციების თანმიმდევრობა, ქმედებების ან ოპერაციების ჩატარების ფორმა და რეჟიმები (ტემპერატურა, წნევა, კონცენტრაცია, დრო და ა.შ.), ქმედებათა ან ოპერაციების ჩატარებისას გამოყენებული მასალების თანაფარდობა, მოწყობილობის და/ან მასალების გამოყენება ქმედებათა ან ოპერაციების ჩატარებისას. 39. ერთი კატეგორიის (პროდუქტი, მოწყობილობა, ხერხი, გამოყენება) მუხლის შემთხვევაში, დასაშვებია, ასევე, სხვა კატეგორიის ნიშნების გამოყენება. მაგალითად, მოწყობილობა შესაძლოა დახასიათებულ იქნეს იმ ფუნქციით, რომელსაც ის ასრულებს, ან პროცესი შესაძლოა დახასიათებულ იქნეს იმ მოწყობილობის სტრუქტურული ნიშნებით, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება აღნიშნული პროცესი, ან მოწყობილობის ელემენტი შესაძლოა დახასიათებულ იქნეს მისი დამზადების გზის მეშვეობით. თუმცა, ამგვარ მუხლებში ცხადად უნდა იყოს გამიჯნული პროდუქტის, მოწყობილობის, ან სისტემის მუხლები და ხერხის, აქტივობის ან გამოყენების მუხლები. 40. გამოგონების ფორმულაში ნიშნების პარამეტრებით (მათ შორის, რაოდენობრივი ნიშნები) განსაზღვრა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ სხვაგვარად მისი დახასიათება შეუძლებელია და იმ პირობით, რომ ეს პარამეტრები ზუსტად და დადასტურებულად შესაძლოა იყოს დადგენილი აღწერილობაში გახსნილი მითითებებით ან მოცემულ დარგში აღიარებული ობიექტური მეთოდებით. მუხლი 16. მათემატიკური ფორმულები 1. გამოგონების აღწერილობასა და გამოგონების ფორმულაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს მათემატიკური გამოსახულებები (ფორმულები) და სიმბოლოები. 2. მათემატიკური გამოსახულების (ფორმულების) ჩაწერის ფორმა არ არის შეზღუდული. 3. მათემატიკურ ფორმულაში შემავალი ყველა ასოითი აღნიშვნა უნდა განიმარტოს. განმარტება უნდა ჩამოყალიბდეს სვეტის სახით და ყოველი ასოითი აღნიშვნის განმარტების ბოლოს დაისვას წერტილ-მძიმე. ამასთან, ასოითი აღნიშვნები ფორმულაში უნდა განიმარტოს გამოყენების რიგითობის მიხედვით. მუხლი 17. ქიმიური ფორმულები 1. გამოგონების აღწერილობასა და გამოგონების ფორმულაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქიმიური ფორმულები. 2. ქიმიური ნაერთების ფორმულები უნდა დაინომროს. ამასთან, ერთი სახის ქიმიური სტრუქტურული ფორმულა ყოველთვის უნდა იყოს დანომრილი ერთი და იმავე ნომრით. 3. ქიმიური ფორმულის ჩაწერისას გამოყენებული უნდა იქნეს ელემენტების საყოველთაოდ მიღებული სიმბოლოები და ზუსტად მიეთითოს ელემენტებსა და რადიკალებს შორის კავშირები. მუხლი 18. ნახაზები და სხვა დოკუმენტები 1. კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნახაზებისა და სხვა დოკუმენტების წარდგენა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი აუცილებელია გამოგონების აღწერილობაში გადმოცემული არსის ასახსნელად. 2. წარმოდგენილი გამოგონების აღწერილობა და ნახაზები/სხვა დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს. 3. გამოგონების არსის უკეთ ასახსნელად სხვა დოკუმენტები შეიძლება იყოს წარმოდგენილი სქემების, გრაფიკების, ეპიურეების, ნახაზების, ოსცილოგრამების, ცხრილების, დიაგრამების და სხვ. სახით. მუხლი 19. რეფერატი 1. რეფერატი არის გამოგონების მოკლე აღწერა. 2. რეფერატში შესაძლებელია შეტანილ იქნეს ფიგურები, ქიმიური ან სხვა სახის ფორმულა. 3. რეფერატის ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 200 სიტყვას. მუხლი 20. საგანაცხადო მასალების გაფორმება, ტერმინოლოგია და პირობითი აღნიშვნები 1. გამოგონების აღწერილობაში, ფორმულასა და სხვა მასალებში გამოიყენება მოცემული დარგისათვის მიღებული ტერმინები და შემოკლებები. 2. ახალი ტერმინის შემოტანის შემთხვევაში, მისი განმარტება უნდა მოხდეს პირველივე გამოყენებისას. 3. ყველა პირობითი აღნიშვნა უნდა განიმარტოს. 4. გამოგონების აღწერილობის ტექსტსა და ფორმულაში ერთი და იგივე ნიშნები ერთნაირად უნდა იწოდებოდეს. ტერმინოლოგიური ერთიანობის მოთხოვნები ეხება ფიზიკურ ერთეულებს და პირობით აღნიშვნებსაც. 5. ფიზიკური სიდიდეების ერთეულები უნდა შეესაბამებოდეს ერთეულთა მოქმედ საერთაშორისო სისტემას. 6. საგანაცხადო მასალები არ უნდა შეიცავდეს შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, ასევე, ისეთ გამოთქმებს, რომლებიც ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. 7. გამოგონების აღწერილობისა და ფორმულის თითოეული ფურცელი გამოიყენება მხოლოდ ერთი მხრიდან. ტექსტური მასალის გადმოცემისას პწკარები ფურცლის მცირე გვერდის პარალელურად უნდა განლაგდეს. 8. ყოველი საგანაცხადო მასალის გაფორმება უნდა იწყებოდეს ცალკე ფურცლიდან. 9. ყოველი საგანაცხადო მასალა უნდა შესრულდეს თეთრ ფორმატზე ზომით 210X297 მმ. 10. ფურცელზე მინდვრის დატოვების მინიმალური ზომებია: მარცხენა მხარეს – 25 მმ, ხოლო მარჯვენა, ზედა და ქვედა მხარეს – 20 მმ. 11. გამოგონების აღწერილობის და ფორმულის ყველა ფურცელი ინომრება არაბული ციფრებით, გამჭოლი ნუმერაციით, დაწყებული პირველი გვერდიდან. 12. საგანაცხადო მასალები იბეჭდება შავი ფერის შრიფტით. 13. გამოგონების აღწერილობის, ფორმულისა და რეფერატის ტექსტები იბეჭდება არანაკლებ 1,5 ინტერვალით. ამასთან, ასოების სიმაღლე უნდა იყოს 0,42 სმ (შრიფტის ზომა 12). მუხლი 21. გრაფიკული მასალების შესრულება 1. გრაფიკული მასალების გამოსახულებები უნდა შესრულდეს თეთრ და სწორ ქაღალდზე, შავი მკაფიო ხაზებით და შტრიხებით, რომლებიც არ უნდა იშლებოდეს. დაუშვებელია მასალების რეტუშირება და გაფერადება. 2. გამოსახულებათა მასშტაბი და მკაფიოობა ისე უნდა შეირჩეს, რომ მათი რეპროდუცირების დროს, ხაზოვანი ზომების 2/3-მდე შემცირებისას, შესაძლებელი იყოს ასოების, ციფრებისა და სხვა გრაფიკული ნიშნების დეტალების ერთმანეთისგან გარჩევა. 3. ციფრების სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 3,2 მმ. 4. ნახაზები სრულდება წარწერების გარეშე. გამონაკლისს წარმოადგენს ნახაზები, რომელთა წარწერის გარეშე აღნიშვნა შეუძლებელია, ანდა ნახაზში შეიტანს გაუგებრობას. 5. დაუშვებელია ნახაზზე ზომების ჩვენება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ზომები მიეთითება გამოგონების აღწერილობაში. 6. თითოეული ელემენტი ნახაზზე სრულდება ყველა დანარჩენი ელემენტის პროპორციულად იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ელემენტის გამოსახულების მკაფიოობისათვის მიზანშეწონილია განსხვავებული პროპორციის გამოყენება. 7. ერთ ფურცელზე შესაძლებელია ნახაზის რამდენიმე ფიგურის განლაგება, თუ ეს განლაგება იქნება მკაფიო და ერთმანეთისგან განცალკევებული. 8. თუ გრაფიკული მასალის ნაწილები განლაგებულია ორ ან მეტ ფურცელზე, მათი განლაგება უნდა მოხდეს ისე, რომ შესაძლებელი გახდეს ამ გამოსახულების აწყობა სხვადასხვა ფურცლებზე გამოსახული ნაწილების შეერთებით. ცალკეული გამოსახულებები ისე უნდა განლაგდეს, რომ ფურცლები მაქსიმალურად იყოს შევსებული. 9. გამოგონების აღწერილობის შესაბამისად, გრაფიკული გამოსახულებების ნაწილები აღინიშნება არაბული ციფრებით. 10. გამოსახულების ერთი და იგივე ნაწილი, რომელიც რამდენიმე ფიგურაზეა წარმოდგენილი, ერთი და იმავე ციფრით აღინიშნება. მუხლი 22. პრიორიტეტის მოთხოვნა 1. განმცხადებელი უფლებამოსილია მოითხოვოს საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტი კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად. 2. თუ განმცხადებელმა კანონის 30-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებულ ვადაში საპატიო მიზეზით ვერ შეძლო განაცხადის საქპატენტში შეტანა, მას შეუძლია განაცხადის შემდგომი ორი თვის ვადაში წარდგენის შემთხვევაშიც ისარგებლოს საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტით. განაცხადს თან უნდა ერთოდეს მოთხოვნა პრიორიტეტის უფლების აღდგენის შესახებ. განაცხადს, ასევე, უნდა ერთოდეს, შესაბამისი დოკუმენტები და მასალები, რომლებიც ადასტურებენ, რომ განმცხადებელმა საქპატენტის მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით. საქპატენტი შეისწავლის განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ ვადის გაშვების მიზეზ(ებ)ს და აღადგენს ვადას, თუ განმცხადებლის მიერ დასახელებულ ვადის გაშვების მიზეზ(ებ)ს მიიჩნევს საპატიოდ. 3. მოთხოვნილი საკონვენციო პრიორიტეტის თარიღიდან 16 თვის ვადაში განმცხადებელი ვალდებულია საქპატენტში წარადგინოს პირველი განაცხადის ასლი. განაცხადის ასლი დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნის საპატენტო უწყების მიერ. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია, ასევე, „DAS“ სისტემის მეშვეობით. 5. მოთხოვნილი საგამოფენო პრიორიტეტის თარიღიდან 16 თვის ვადაში განმცხადებელი ვალდებულია საქპატენტში წარადგინოს გამოფენაზე გამოგონების ექსპონირების დამადასტურებელი საბუთი, რომელსაც თან უნდა ერთოდეს სათანადოდ დამოწმებული ქართული თარგმანი. 6. საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში, თუ განმცხადებელი არ წარადგენს ამ მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის საბუთებს, განაცხადს პრიორიტეტი დაუდგინდება განაცხადის საქპატენტში შეტანის თარიღით.
თავი III გამოგონების განაცხადის ექსპერტიზა მუხლი 23. განმცხადებლის მიერ საგანაცხადო მასალებში ცვლილებების შეტანის პირობები 1. თუ განმცხადებელმა წარადგინა ისეთი ცვლილება/შესწორება ან/და განმარტებები, რომელზეც საქპატენტი ჩათვლის, რომ შესაბამისობაშია მოსაყვანი კანონთან ან ამ ინსტრუქციასთან, საქპატენტს უფლება აქვს ექსპერტიზის დასკვნის ან/და შეტყობინების საშუალებით მოსთხოვოს განმცხადებელს განაცხადის კანონთან ან/და ინსტრუქციასთან შესაბამისობაში მოყვანა შესაბამისი ცვლილების ან შესწორების შეტანის გზით ან მოსთხოვოს განმარტებების წარმოდგენა, ასეთი ცვლილების/შესწორების ან/და განმარტებების წარმოდგენიდან 2 თვის ვადაში. 2. საქპატენტის მოთხოვნის საპასუხოდ განმცხადებლის მიერ განაცხადში შესაბამისი ცვლილებების შეტანა უნდა მოხდეს გამოგონების აღწერილობის ან/და ფორმულის შეცვლილი გვერდების წარდგენით. 3. განმცხადებელმა საქპატენტის მოთხოვნა უნდა შეასრულოს ექსპერტიზის დასკვნის ან/და შეტყობინების მიღების დღიდან 2 თვის ვადაში, ხოლო ამ ვადაში პასუხის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, საქპატენტი დასაბუთებული გადაწყვეტილებით შეწყვეტს განაცხადზე საქმის წარმოებას ან გამოიტანს უარყოფით გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის თაობაზე. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, განმცხადებლის ნაწილობრივი ან/და დაუსაბუთებელი პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, საქპატენტი 2 თვის ვადაში შეტყობინების საშუალებით განმეორებით უზუსტებს განმცხადებელს პირველადი მოთხოვნის შინაარსს და განმეორებით სთხოვს 2 თვის ვადაში მოთხოვნის შესრულებას. თუკი განმცხადებელი საქპატენტის მიერ ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულებს მოთხოვნას, განაცხადზე საქმის წარმოება წყდება ან მიიღება უარყოფითი გადაწყვეტილება პატენტის გაცემის თაობაზე. 5. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებთან დაკავშირებით, განმცხადებელს ან/და საქპატენტის თანამშრომელს, რომელიც ატარებს არსობრივ ექსპერტიზას, უფლება აქვს მოითხოვოს ზეპირი განხილვის ჩატარება, რომელსაც ესწრებიან შესაბამისი დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირები. 6. ზეპირი განხილვის ჩატარების მსვლელობის დროს დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ზეპირ განხილვაზე დამსწრე პირები. 7. საქპატენტს უფლება აქვს მიუთითოს განმცხადებელს, თუ კონკრეტულად რომელი ცვლილება ან/და შესწორებაა შესატანი განაცხადში, რათა იგი მოვიდეს შესაბამისობაში კანონთან და ინსტრუქციასთან. მუხლი 24. საკანცელარიო ცნობის გაცემა და განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურება 1. საგანაცხადო მასალებს საქპატენტში მიღებისთანავე ენიჭება საქმის ნომერი, აღინიშნება საგანაცხადო მასალების ჩაბარების თარიღი და წარდგენილი მასალების გვერდების რაოდენობა. ამ მონაცემების საფუძველზე შევსებული საკანცელარიო ცნობა საგანაცხადო მასალების მიღებისთანავე გადაეცემა/გადაეგზავნება განმცხადებელს. განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის და განაცხადის გამოქვეყნების (30 გვერდამდე საგანაცხადო მასალები) საფასურის გადახდის შესახებ და საფასურის გადასახდელად განესაზღვრება 1-თვიანი ვადა შეტყობინების მიღებიდან. საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში განაცხადზე საქმის წარმოება შეწყდება. 2. თუ საგანაცხადო მასალა წარმოდგენილია ქართულ ენაზე და შესაბამისობაშია კანონის 27-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან, საქპატენტი განაცხადის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში ადასტურებს შეტანის თარიღს, ანიჭებს განაცხადის ნომერს, რის შესახებაც აცნობებს განმცხადებელს. 3. თუ გამოვლინდა, რომ წარდგენილ განაცხადს აკლია კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საგანაცხადო მასალა, საქპატენტი განაცხადს უდგენს ხარვეზს და განმცხადებელს უგზავნის შეტყობინებას ხარვეზის დადგენის შესახებ. კანონის 33-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში საქპატენტში წარადგინოს მოთხოვნილი მასალა. 4. განმცხადებელს უფლება აქვს კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოითხოვოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ხარვეზის შევსებისათვის 1-თვიანი ვადის გაგრძელება არაუმეტეს 6 თვით შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში. 5. თუ განმცხადებელი ამ მუხლით დადგენილ ვადებში არ წარადგენს საგანაცხადო მასალებს, განაცხადი შეტანილად არ მიიჩნევა. მუხლი 25. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა 1. განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურებიდან 2 კვირის ვადაში საქპატენტი იწყებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას. 2. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის ეტაპზე საქპატენტი ამოწმებს: ა) განმცხადებლის და გამომგონებლის იდენტიფიცირების შესაძლებლობას; ბ) განმცხადებლის ან წარმომადგენლის ხელმოწერას; გ) წარმომადგენლობის ან/და უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელ საბუთს (საჭიროების შემთხვევაში); დ) მონაცემებს განმცხადებლის მოქალაქეობასა და ადგილსამყოფელთან დაკავშირებით (სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების პირობების გათვალისწინებით); ე) საპრიორიტეტო მონაცემების შევსების სისწორეს; ვ) განმცხადებლის მიერ მითითებული დამატებითი საგანაცხადო მასალების სისწორეს; ზ) ეგზემპლარების რაოდენობას; თ) სრულად არის თუ არა გადახდილი ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისთვის დადგენილი საფასური; ი) საფასურის შემცირების ან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლების წარდგენის შემთხვევაში მათ სისწორეს (საპენსიო წიგნაკის ასლი ან სხვა); კ) წარმოდგენილია თუ არა გამოგონების ფორმულა; ლ) წარმოდგენილია თუ არა ნახაზები სათანადო ფორმით, თუ ისინი მითითებულია აღწერილობაში; მ) წარმოდგენილია თუ არა რეფერატი; ნ) საგანაცხადო მასალების უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში წარმოდგენილია თუ არა მათი ქართული თარგმანი; ო) იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი ეხება მიკროორგანიზმთა შტამს, შტამების კონსორციუმს, უჯრედს, უჯრედულ კულტურას, მონოკლონურ ანტისხეულს და სხვა მსგავს ობიექტებს, წარმოდგენილია თუ არა დეპონირების საბუთი; პ) იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი შეიცავს ნუკლეოტიდურ ან ამინომჟავურ თანმიმდევრობას, წარმოდგენილია თუ არა შესაბამისი თანმიმდევრობის ნუსხა; ჟ) განაცხადის გაფორმების სისრულესა და გაფორმების სისწორესთან დაკავშირებულ სხვა მონაცემებს. 3. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი საქპატენტში შეტანილია საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების შესაბამისად, როგორც აღნიშნულ ან არჩეულ უწყებაში, საქპატენტი ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის ეტაპზე არ ამოწმებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საბუთს. 4. თუ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დროს დადგინდა, რომ არ არის წარმოდგენილი ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საბუთი, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ხარვეზის დადგენის შესახებ. განმცხადებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან ორი კვირის ვადაში შეავსოს ხარვეზი, წინააღმდეგ შემთხვევაში განმცხადებელი ვალდებულია გადაიხადოს საფასური შეღავათის გარეშე. აღნიშნული ვალდებულება ძალაშია იმ შემთხვევაშიც, თუ განმცხადებელს უკვე გადახდილი აქვს საფასური შეღავათით. ასეთ შემთხვევაში განმცხადებელს გადახდილი საფასური უკან უბრუნდება. 5. თუ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დროს დადგინდა, რომ განაცხადის მასალების გვერდების რაოდენობა აღემატება 30 გვერდს, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის და განაცხადის გამოქვეყნების დამატებითი საფასურის გადახდის შესახებ და საფასურის გადასახდელად განესაზღვრება 1-თვიანი ვადა შეტყობინების მიღებიდან. საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში განაცხადზე საქმის წარმოება შეწყდება. 6. თუ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დროს დადგინდა, რომ განაცხადი აკმაყოფილებს კანონისა და ამ ინსტრუქციის მოთხოვნებს, განმცხადებელს ეგზავნება გადაწყვეტილება ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება განმცხადებელს შეიძლება გაეგზავნოს თარიღის დადასტურების შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად. 7. თუ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დროს დადგინდა, რომ განაცხადი არ აკმაყოფილებს კანონისა და ამ ინსტრუქციის მოთხოვნებს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით და მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ხარვეზის დადგენის შესახებ. განმცხადებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან ორი თვის ვადაში შეავსოს ხარვეზი, წინააღმდეგ შემთხვევაში საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას განაცხადზე საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ. მუხლი 26. განაცხადის გამოქვეყნება 1. საქპატენტი განაცხადს აქვეყნებს პრიორიტეტის თარიღიდან 18 თვის გასვლისთანავე, ან 18 თვის გასვლამდე განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, თუ გადახდილია ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისა და განაცხადის გამოქვეყნების საფასური, და საერთაშორისო განაცხადის შემთხვევაში, რომლისთვისაც საქპატენტი მოქმედებს, როგორც აღნიშნული ან არჩეული უწყება, ან საგანაცხადო მასალების უცხო ენაზე შეტანის შემთხვევაში, წარმოდგენილია განაცხადის ქართული თარგმანი. 2. განაცხადის გამოქვეყნება ხდება იმ სახით, რა სახითაც წარმოდგენილ იქნა განაცხადის შეტანის დღეს ან ქართული თარგმანის წარმოდგენის დღეს. 3. საქპატენტს განაცხადის შესახებ მონაცემები შეაქვს რეესტრში, განაცხადის შესახებ ბიბლიოგრაფიულ მონაცემებს აქვეყნებს ბიულეტენში, და საგანაცხადო მასალებს (გამოგონების აღწერილობა, გამოგონების ფორმულა, ნახაზები, რეფერატი) აქვეყნებს რეესტრში. მუხლი 27. არსობრივი ექსპერტიზის დაწყება 1. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების გაგზავნის შემდეგ განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება არსობრივი ექსპერტიზის საფასურის გადახდის თაობაზე და საფასურის გადასახდელად განესაზღვრება ორთვიანი ვადა შეტყობინების მიღებიდან. 2. არსობრივი ექსპერტიზის საფასურის შესაბამის ვადაში გადახდის შემთხვევაში საქპატენტი ატარებს არსობრივ ექსპერტიზას. 3. არსობრივი ექსპერტიზის საფასურის შესაბამის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში განაცხადზე საქმის წარმოება შეწყდება და განმცხადებელს ეგზავნება შესაბამისი გადაწყვეტილება. მუხლი 28. ობიექტები, რომლებიც არ მიიჩნევა გამოგონებად და ობიექტები, რომელზედაც არ გაიცემა პატენტი კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, ტარდება განაცხადის არსობრივი ექსპერტიზა იმის შესამოწმებლად, ხომ არ განეკუთვნება განცხადებული გამოგონება ისეთ ობიექტს, რომელიც არ მიიჩნევა გამოგონებად კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ან რომელზეც არ გაიცემა პატენტი კანონის მე-17 მუხლის თანახმად. მუხლი 29. ფორმულის არსობრივი შემოწმება 1. კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, ტარდება გამოგონების ფორმულის არსობრივი შემოწმება გამოგონების აღწერილობისა და ნახაზების დახმარებით, კერძოდ: ა) ტარდება გამოგონების ფორმულის, ანდა თითოეული მუხლის ანალიზი, რომლის დროსაც მოწმდება გამოგონების აღწერილობაში მათი გადმოცემის სისრულე; ბ) მოწმდება ფორმულაში, გამოგონების აღწერილობასა და ნახაზებში წარმოდგენილი ნიშნები; გ) დგინდება წინამდებარე ინსტრუქციის მე-15 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობა. 2. თუ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დროს განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად მოხდა გამოგონების ფორმულის (ერთი ან რამდენიმე მუხლის) ისეთი ცვლილება, რომელიც სცილდება განაცხადის წარდგენისას მისი შინაარსის ფარგლებს, საქპატენტი ატყობინებს განმცხადებელს, რომ ცვლილება არ მიიღება მხედველობაში. 3. კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული გამოყოფილი განაცხადის შემთხვევაში მოწმდება, გახსნილია თუ არა გამოგონების ფორმულის ნიშნები იმ განაცხადში, რომლიდანაც ის გამოყოფილ იქნა. ასევე, მოწმდება არის თუ არა გამოყოფილი განაცხადის ფორმულა არსებითად იდენტური იმ განაცხადის ფორმულისა, რომლიდანაც ის გამოყოფილ იქნა. მუხლი 30. გამოგონების ერთიანობის შემოწმება 1. კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, გამოგონების ფორმულიდან გამომდინარე, ხდება გამოგონების ერთიანობის შემოწმება, რომლის დროსაც შეისწავლება, ხომ არ არის განაცხადში წარმოდგენილი ერთზე მეტი გამოგონება, რომლებიც ერთმანეთთან ერთი საგამომგონებლო იდეით არ არიან დაკავშირებული. 2. თუ გამოგონების ფორმულა შეიცავს რამდენიმე დამოუკიდებელ მუხლს, მოწმდება არის თუ არა ამ მუხლებით განსაზღვრულ ობიექტებს შორის ტექნიკური კავშირი, რისთვისაც განისაზღვრება ერთი ან რამდენიმე ნიშანი, რომელსაც წვლილი შეაქვთ საგამომგონებლო დონეში და შემდგომ დგინდება მოიცავს თუ არა თითოეული დამოუკიდებელი მუხლი, სულ მცირე, ერთ ასეთ ან შესაბამის ნიშანს. 3. თუ დადგინდა, რომ გამოგონების ფორმულაში გადმოცემული რამდენიმე დამოუკიდებელი მუხლიდან, სულ მცირე, ერთი არ მოიცავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ნიშანს, ითვლება, რომ გამოგონების ფორმულით განცხადებულია ერთზე მეტი გამოგონება, რომლებიც ერთი საგამომგონებლო იდეით არ არიან გაერთიანებული. 4. თუ გამოგონების ფორმულა შეიცავს ერთ დამოუკიდებელ მუხლს და მასში მოყვანილი ალტერნატიული ნიშნები ფორმულის სხვა ნიშნებთან ერთობლიობაში უზრუნველყოფენ განსხვავებული ამოცანის გადაწყვეტას და/ან განსხვავებული ტექნიკური შედეგის მიღწევას, ითვლება, რომ გამოგონების ფორმულით განცხადებულია ერთზე მეტი გამოგონება, რომლებიც ერთი საგამომგონებლო იდეით არ არიან გაერთიანებული. 5. თუ გამოგონების ფორმულაში, რომელიც ეხება გამოგონების ობიექტის გამოყენებას, გამოყენებულია ალტერნატიული ცნებები, რომლებიც განსაზღვრავენ გამოყენების სხვადასხვა სფეროს, ითვლება, რომ გამოგონების ფორმულით განცხადებულია ერთზე მეტი გამოგონება, რომლებიც ერთი საგამომგონებლო იდეით არ არის გაერთიანებული. 6. თუ დადგინდა, რომ წარმოდგენილი ფორმულით განცხადებულია ერთზე მეტი გამოგონება, რომლებიც ერთი საგამომგონებლო იდეით არ არის გაერთიანებული, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ფორმულის დაზუსტების ან განაცხადის დაყოფის მოთხოვნით არსობრივი ექსპერტიზის საფასურის გადახდიდან 2 თვის ვადაში. 7. თუ განმცხადებელმა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები არ დააკმაყოფილა შეტყობინების მიღებიდან 2 თვის ვადაში, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას განაცხადზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. მუხლი 31. გამოგონების აღწერილობის სისრულის შემოწმება 1. გამოგონების აღწერილობის სისრულის შემოწმებისას დგინდება: ა) გამოგონების აღწერილობის შესაბამისობა ამ ინსტრუქციის მე-6–მე-14 მუხლების მოთხოვნებთან; ბ) გამოგონების აღწერილობაში გადმოცემულია თუ არა შინაარსი გამოგონების ფორმულის მიხედვით ისე, რომ შესაბამისი დარგის სპეციალისტისათვის ცხადი იყოს გამოგონების განხორციელების შესაძლებლობა; გ) გამოგონების აღწერილობასა და ნახაზებში წარმოდგენილი ნიშნების ერთობლიობის შესაბამისობა გამოგონების ფორმულაში წარმოდგენილ ნიშნების ერთობლიობასთან; დ) გადმოცემულია თუ არა გამოგონების ფორმულაში ნიშნები იგივე ცნებებით და ტერმინებით, რომლებიც მოყვანილია გამოგონების აღწერილობაში; ე) ნიშნების მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. კერძოდ, მიიღწევა თუ არა მათი ერთობლიობით გამოგონების აღწერილობაში აღნიშნული ან/და გამოგონების განხორციელებით დამდგარი შესაძლო შედეგი. 2. დაუშვებელია გამოგონების აღწერილობაში ისეთი ფართო ცნებების გამოყენება, რომელიც განუსაზღვრელს ხდის გამოგონების ობიექტს. მუხლი 32. სამრეწველო გამოყენებადობის შეფასება გამოგონების აღწერილობის შესწავლისას, გამოგონების სამრეწველო გამოყენებადობის შეფასების მიზნით მოწმდება: ა) შეიცავს თუ არა განცხადებული გამოგონების მასალები მითითებას გამოგონების ობიექტის დანიშნულებაზე; ბ) შესაძლებელია თუ არა გამოგონების იმ სახით განხორციელება, რა სახითაც არის დახასიათებული ფორმულის დამოუკიდებელ მუხლში, გამოგონების აღწერილობის დახმარებით ან პრიორიტეტის თარიღამდე ცნობილი მეთოდებით და/ან საშუალებებით; გ) განაცხადის მასალებიდან (გამოგონების აღწერილობა, ფორმულა, ნახაზები) ნათლად დასტურდება თუ არა დასახული ამოცანის მიღწევის შესაძლებლობა; დ) განაცხადში წარდგენილი ობიექტი ხომ არ ეწინააღმდეგება საყოველთაოდ აღიარებულ კანონზომიერებებს. მუხლი 33. პრიორიტეტის დადგენა 1. თუ არ არის მოთხოვნილი საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტი, განაცხადი სარგებლობს პრიორიტეტით საქპატენტში შემოტანის თარიღიდან. 2. განმცხადებელს, რომელსაც სურს საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტით სარგებლობა, ვალდებულია შეასრულოს კანონის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. 3. პრიორიტეტის დადგენის საკითხი წყდება არსობრივი ექსპერტიზის პარალელურად. 4. საკონვენციო პრიორიტეტის თარიღის დასადგენად უნდა მოხდეს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ ქვეყანაში ამ გამოგონებაზე ადრე შეტანილი პირველი განაცხადის დამოწმებული ასლის (ასლების) და საკონვენციო განაცხადის ერთმანეთთან შედარება. საქპატენტი უფლებამოსილია მოითხოვოს განაცხადის დამოწმებული ასლის ფორმულის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გამოგონების აღწერილობის ქართული თარგმანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრიორიტეტის დადგენის საკითხი გადამწყვეტია გამოგონების პატენტუნარიანობის განსაზღვრისთვის. 5. მოთხოვნილი პრიორიტეტი დასტურდება, თუ საქპატენტში წარდგენილ საკონვენციო განაცხადში აღწერილი ობიექტის ნიშნების ერთობლიობა მოცემულია დამოწმებული ასლის ფორმულაში ან/და აღწერილობაში ან/და ფიგურებში. 6. საკონვენციო განაცხადს პრიორიტეტის დამატებით თარიღად შეიძლება დაუდგინდეს საქპატენტში განაცხადის წარდგენის თარიღი, თუ აღნიშნული განაცხადის არსი პირველი განაცხადის არსთან ერთად დამატებით მოიცავს ნიშანს ან ნიშანთა ერთობლიობას. 7. საქპატენტში წარმოდგენილი განაცხადის საკონვენციო პრიორიტეტი არ დგინდება, თუ საკონვენციო განაცხადის ან დამოწმებული ასლის (ასლების) წარდგენისას დაირღვა კანონით დადგენილი ვადები. ამ შემთხვევაში განაცხადის პრიორიტეტი აითვლება საქპატენტში შეტანის თარიღიდან და განაცხადი არ განიხილება საკონვენციოდ. 8. საგამოფენო პრიორიტეტის დასადგენად უნდა მოხდეს საერთაშორისო, ან საერთაშორისოდ მიჩნეულ გამოფენაზე ექსპონირებული ობიექტის დამადასტურებელი საბუთების შედარება საქპატენტში წარდგენილი გამოგონების ფორმულასთან. 9. საგამოფენო პრიორიტეტი დასტურდება, თუ გამოგონების ფორმულის ნიშნები წარმოდგენილია ექსპონირების შესახებ დოკუმენტაციაში. წინააღმდეგ შემთხვევაში პრიორიტეტი დგინდება განაცხადის საქპატენტში შეტანის თარიღით. მუხლი 34. ძიება 1. კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, გამოგონების სიახლისა და საგამომგონებლო დონის შესაფასებლად საქპატენტი ატარებს ძიებას. 2. ძიება ტარდება გამოგონების ფორმულის ყველა მუხლის მიმართ. 3. ძიება ტარდება სრული მოცულობით და შეიძლება შეწყდეს, როდესაც გამოვლენილი იქნება რამდენიმე დოკუმენტი, რომელშიც გახსნილია გამოგონების ნიშნების ერთობლიობა. 4. ძიების შედეგად ზუსტდება გამოგონების საერთაშორისო საკლასიფიკაციო ინდექსი. 5. ძიების შედეგების საფუძველზე ხდება ძიების ანგარიშის შედგენა, რომელიც მოიცავს ძიების შედეგად გამოვლენილი დოკუმენტების ჩამონათვალს. ძიების ანგარიშს თან ერთვის ძიების ისტორია, რომელშიც გადმოცემულია ძიების დროს გამოყენებული საძიებო ბრძანებები. მუხლი 35. სიახლის ექსპერტიზა 1. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის შემდეგ საქპატენტი ატარებს სიახლის ექსპერტიზას. 2. სიახლის ექსპერტიზის ჩატარებისას ხდება ექსპერტიზის დასკვნის შედგენა, რომელიც მოიცავს ძიების შედეგად გამოვლენილი დოკუმენტების ანალიზს, ასევე, იმის შეფასებას, არის თუ არა ტექნიკის დონით ცნობილი გამოგონების ფორმულაში მოყვანილი ნიშნების ერთობლიობა. 3. სიახლის შეფასებისას ძიების შედეგად გამოვლენილი თითოეული დოკუმენტის განხილვა ხდება სხვა დოკუმენტებისაგან განცალკევებულად. თუ გამოვლენილი ტექნიკის დონის დოკუმენტში მითითებაა სხვა დოკუმენტზე, რომელიც, მაგალითად, გარკვეულ ნიშნებზე დაწვრილებით ინფორმაციას მოიცავს, მაშინ ითვლება, რომ აღნიშნულ სხვა დოკუმენტში გახსნილ ინფორმაციას მოიცავს გამოვლენილი ტექნიკის დონის დოკუმენტიც. 4. თუ ექსპერტიზის საფუძველზე გამოვლინდა დოკუმენტი, რომელშიც გახსნილია გამოგონების ფორმულაში მოყვანილი ნიშნების ერთობლიობა, იმ იმპლიციტური ნიშნების ჩათვლით, რომელიც დოკუმენტში არ არის მითითებული, მაგრამ დარგის სპეციალისტისთვის ცხადია მათი არსებობა, ექსპერტიზა გამოიტანს დასაბუთებულ დასკვნას იმის თაობაზე, რომ გამოგონება არ აკმაყოფილებს სიახლის კრიტერიუმს, ხოლო თუ ასეთი დოკუმენტი არ გამოვლინდა, გამოიტანს დასაბუთებულ დასკვნას, რომ გამოგონება აკმაყოფილებს სიახლის კრიტერიუმს. 5. თუ გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლი მოიცავს ალტერნატიულ ნიშნებს, რომლებითაც გამოხატულია გამოგონების ობიექტის განხორციელების რამდენიმე ალტერნატიული ფორმა, ჩაითვლება, რომ ფორმულის მუხლის ობიექტი მთლიანობაში არ აკმაყოფილებს სიახლის კრიტერიუმს, თუ ექსპერტიზის საფუძველზე გამოვლინდა ობიექტი, რომელიც უკარგავს სიახლეს გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელ მუხლში ერთი ალტერნატიული ნიშნით გამოხატული ობიექტის განხორციელების ფორმას. 6. თუ ექსპერტიზის საფუძველზე გამოვლინდა საქპატენტში შეტანილი განაცხადი, რომელსაც აქვს უფრო ადრინდელი პრიორიტეტი და იგი ჯერ არ გამოქვეყნებულა (არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი), კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის გათვალისწინებით, ექსპერტიზა შეჩერებული იქნება მის გამოქვეყნებამდე, რის შესახებ განმცხადებელს ეგზავნება შესაბამისი შეტყობინება. 7. თუ გამოგონება დახასიათებულია მისაღწევი შედეგით, სიახლის შეფასებისას აღნიშნულ ნიშნებს მნიშვნელობა არ ენიჭება. 8. პროდუქტის (ნივთიერება ან კომპოზიცია) სიახლის შეფასებისას პროდუქტის დანიშნულებას მნიშვნელობა არ ენიჭება. 9. პროდუქტის (ნივთიერება ან კომპოზიცია) შემთხვევაში, რომელიც დახასიათებულია მიღების ხერხით და ამასთანავე მისი აღწერა შესაძლებელია ნივთიერებისათვის ან კომპოზიციისათვის დამახასიათებელი ნიშნებით, სიახლის შეფასებისას მიღების ხერხს მნიშვნელობა არ ენიჭება. 10. თუ ნივთიერება დახასიათებულია ნივთიერების სისუფთავით, სიახლის შეფასებისას ნივთიერების სისუფთავეს მნიშვნელობა არ ენიჭება. 11. თუ ფარმაცევტული კომპოზიცია დახასიათებულია ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლებით, სიახლის შეფასებისას ამ მახასიათებლებს მნიშვნელობა არ ენიჭება. 12. ცნობილი პროდუქტის (ნივთიერება ან კომპოზიცია) ახალი, არასამედიცინო დანიშნულებით გამოყენება აკმაყოფილებს სიახლის კრიტერიუმს, თუ აღნიშნული გამოყენება არ არის ცნობილი ტექნიკის დონიდან. 13. ცნობილი პროდუქტის (ნივთიერება ან კომპოზიცია) პირველი სამედიცინო გამოყენება აკმაყოფილებს სიახლის კრიტერიუმს, თუ აღნიშნული სამედიცინო გამოყენება არ არის ცნობილი ტექნიკის დონიდან. 14. ცნობილი პროდუქტის (ნივთიერება ან კომპოზიცია) მეორე ან შემდგომი სპეციფიკური სამედიცინო გამოყენება აკმაყოფილებს სიახლის კრიტერიუმს, თუ აღნიშნული სპეციფიკური სამედიცინო გამოყენება არ არის ცნობილი ტექნიკის დონიდან. სპეციფიკური სამედიცინო გამოყენება გულისხმობს პროდუქტის კონკრეტული დაავადების სამკურნალოდ გამოყენებას ან ახალი სახით გამოყენებას, მაგალითად, ახალი დოზირების რეჟიმით, ახალი შეყვანის გზით, ახალ სამიზნე ჯგუფში გამოყენებას. 15. ამ მუხლის მე-13–მე-14-ე პუნქტებში განხილული შემთხვევების დროს, თუ გამოგონების ფორმულის მუხლი ფორმულირებული იქნება ე.წ. „შვეიცარიული ფორმულის“ სახით (მაგალითად, პროდუქტის X გამოყენება დაავადების Y სამკურნალო მედიკამენტის დასამზადებლად), ჩაითვლება, რომ გამოგონების ფორმულის შესაბამისი მუხლი არ აკმაყოფილებს სიახლის კრიტერიუმს. მუხლი 36. საგამომგონებლო დონის შეფასება 1. კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც ატარებს ექსპერტიზას, ახდენს საგამომგონებლო დონის შეფასებას და შესაბამის შედეგს ასახავს ექსპერტიზის დასკვნაში. საგამომგონებლო დონის შეფასება მოიცავს ძიების შედეგად გამოვლენილი დოკუმენტების ანალიზს და იმის შეფასებას, გამოგონება დარგის სპეციალისტისათვის ცხადად გამომდინარეობს თუ არა ტექნიკის დონიდან. 2. თუ შეფასების საფუძველზე დადგინდა, რომ გამოგონება დარგის სპეციალისტისათვის ცხადად გამომდინარეობს ტექნიკის დონიდან, ექსპერტიზა გამოიტანს დასაბუთებულ დასკვნას იმის თაობაზე, რომ გამოგონება არ აკმაყოფილებს საგამომგონებლო დონის კრიტერიუმს, ხოლო თუ დადგინდა, რომ გამოგონება დარგის სპეციალისტისათვის ცხადად არ გამომდინარეობს ტექნიკის დონიდან, გამოიტანს დასაბუთებულ დასკვნას იმის თაობაზე, რომ გამოგონება აკმაყოფილებს საგამომგონებლო დონის კრიტერიუმს. 3. საგამომგონებლო დონის შეფასებისას შესაძლებელია ძიების შედეგად გამოვლენილი ტექნიკის დონის რამდენიმე დოკუმენტის კომბინირებულად განხილვა. 4. გამოგონებას აქვს საგამომგონებლო დონე, თუ ის შესაბამისი დარგის სპეციალისტისათვის ცხადად არ გამომდინარეობს ტექნიკის დონიდან. 5. საკითხი ცხადად გამომდინარეობს თუ არა ტექნიკის დონიდან, გულისხმობს იმის გარკვევას ფორმულის მუხლის ობიექტის პრიორიტეტის თარიღისთვის დარგის სპეციალისტისთვის ცხადი თუ იქნებოდა მისულიყო იმ გადაწყვეტამდე, რაც მოექცეოდა ამ მუხლის დაცვის ფარგლებში, გამომდინარე ტექნიკის დონიდან, შესაბამისად, „ცხადად გამომდინარეობს“ ნიშნავს, რომ გამოგონება კი არ სცდება ტექნოლოგიის ნორმალურ პროგრესს, არამედ ტექნიკის დონიდან პირდაპირ და ლოგიკურად გამომდინარეობს. 6. ტექნიკის დონეს განსაზღვრავს ყველა ის მონაცემი, რომელიც განსახილველი განაცხადის პრიორიტეტის თარიღამდე საჯაროდ გახდა ხელმისაწვდომი წერილობით, ზეპირი აღწერით, გამოყენებით ან სხვა გზით. 7. საგამომგონებლო დონის შეფასებისთვის ტექნიკის დონეს არ მიეკუთვნება საქპატენტში გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადები და ევროპული საპატენტო განაცხადები, რომლებზეც გადახდილია ვალიდაციის საფასური, თუ მათ აქვთ უფრო ადრინდელი პრიორიტეტი იმ განაცხადთან შედარებით, რომლის საგამომგონებლო დონის შეფასება ხდება, და მათი გამოქვეყნება მოხდა განაცხადის პრიორიტეტის თარიღის შემდეგ. 8. დარგის ზოგადი ცოდნა შესაძლოა მომდინარეობდეს სხვადასხვა წყაროდან და არ არის დამოკიდებული სპეციფიკური დოკუმენტის გამოქვეყნებაზე კონკრეტულ დღეს. 9. საგამომგონებლო დონის შეფასებისთვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს პრობლემისა და მისი გადაწყვეტის მიდგომა, რომელიც მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) ტექნიკის დონის უახლოესი წყაროს განსაზღვრა; ბ) ობიექტური ტექნიკური პრობლემის დადგენა; გ) იმის განსაზღვრა, გამოგონება დარგის სპეციალისტისთვის ცხადად გამომდინარეობს თუ არა ტექნიკის დონის უახლოესი წყაროდან ობიექტური ტექნიკური პრობლემის გათვალისწინებით. 10. ტექნიკის დონის უახლოესი წყაროა ის დოკუმენტი, რომლიდანაც გამომდინარეობს ნიშნების კომბინაცია, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო საწყის პუნქტს სიცხადის საკითხის განსახილველად ან/და რომელში გახსნილი ობიექტიც საჭიროებს მინიმალურ სტრუქტურულ თუ ფუნქციონალურ მოდიფიკაციას იმისათვის, რომ მიღებული იყოს გამოგონების ობიექტი. 11. ობიექტური ტექნიკური პრობლემა შესაძლოა განსხვავდებოდეს იმ პრობლემისგან, რომელიც მითითებულია განაცხადში. 12. ობიექტური ტექნიკური პრობლემა უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურად დადგენილ ფაქტებს, რომელსაც, მათ შორის, მოიცავს გამოვლენილი ტექნიკის დონის დოკუმენტი. ნებისმიერი შედეგი, რომელსაც აღწევს გამოგონების ობიექტი, შესაძლოა გამოყენებული იყოს ობიექტური ტექნიკური პრობლემის განსაზღვრისთვის. 13. შესაძლებელია ობიექტური ტექნიკური პრობლემის განსაზღვრა ახალ შედეგებზე დაყრდნობითაც, იმ პირობით, რომ დარგის სპეციალისტი ამ შედეგებს მიიჩნევდა თავდაპირველად შემოთავაზებულ ამოცანასთან დაკავშირებულად. 14. საგამომგონებლო დონის შეფასებამ უნდა უპასუხოს კითხვას, მოიძიება თუ არა ტექნიკის დონეში ისეთი სწავლება, რომელიც დარგის სპეციალისტს იმისკენ უბიძგებდა, ობიექტური ტექნიკური პრობლემის გადაწყვეტისათვის, ტექნიკის დონის უახლოესი წყაროს მოდიფიცირება მოეხდინა იმგვარად, რომ საბოლოო ჯამში მიეღო ობიექტი, რომელიც ექცევა გამოგონების ფორმულის დაცვის ფარგლებში და აღწევს იმავე შედეგს, რასაც აღწევს გამოგონება. 15. გამოგონების განხილვა უნდა მოხდეს მთლიანობაში. როდესაც გამოგონების ფორმულის მუხლი შეიცავს ნიშნების კომბინაციას, ცალკე აღებული ნიშნების შეფასება სიცხადის თვალსაზრისით არ უნდა მოხდეს. თუმცა, როცა მუხლი წარმოადგენს ნიშნების ხელოვნურ აგრეგაციას და არ წარმოადგენს ნიშნების კომბინაციას, საკმარისია იმის ჩვენება, რომ ცალკეული ნიშანი არის ცხადი იმის დასადასტურებლად, რომ ნიშნების აგრეგაციას არ გააჩნია საგამომგონებლო დონე. ტექნიკური ნიშნების ერთობლიობა ჩაითვლება ნიშნების კომბინაციად, თუ ნიშნებს შორის ფუნქციური ურთიერთქმედებით მიიღწევა კომბინირებული ტექნიკური შედეგი, რომელიც განსხვავდება ცალკეული ნიშნების ტექნიკური შედეგების ჯამისგან. ანუ ცალკეული ნიშნების ურთიერთქმედებამ უნდა წარმოქმნას სინერგიული ეფექტი. თუ სინერგიული ეფექტი არ არის, მაშინ სახეზეა მხოლოდ ნიშნების აგრეგაცია. 16. მოულოდნელი ტექნიკური შედეგი შეიძლება ჩაითვალოს საგამომგონებლო დონის ინდიკატორად. 17. თუ გამოგონება წყვეტს ტექნიკურ პრობლემას, რომლის გადაჭრასაც დარგის სპეციალისტები დიდი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს არის საგამომგონებლო დონის ინდიკატორი. 18. ცალკე აღებული კომერციული წარმატება არ შეიძლება ჩაითვალოს საგამომგონებლო დონის ინდიკატორად, თუმცა, როდესაც მყისიერი კომერციული წარმატების მტკიცებულებას თან ერთვის დიდი ხნის საჭიროების მტკიცებულება, მაშინ სახეზეა საგამომგონებლო დონის ინდიკატორი, თუ კომერციული წარმატება გამომდინარეობს გამოგონების ტექნიკური ნიშნებიდან და არ არის გამოწვეული სხვა მიზეზებით, მაგალითად, მარკეტინგით. 19. ნიშნები, რომლებიც დამოუკიდებლად ან სხვა ნიშნებთან კომბინაციაში ვერ უზრუნველყოფენ გამოგონების ტექნიკურ ხასიათში წვლილის შეტანას, საგამომგონებლო დონის შეფასებისას მხედველობაში არ მიიღება. 20. საგამომგონებლო დონის შეფასებისას დასაშვებია გამოვლენილ დოკუმენტთან შესაბამის დარგში არსებული ზოგადი ცოდნის გაერთიანება. 21. გამოგონებას არ გააჩნია საგამომგონებლო დონე, თუ: ა) გამოგონება განსხვავდება ტექნიკის დონისაგან მხოლოდ ცნობილი ეკვივალენტების გამოყენებით; ბ) გამოგონება ეხება მხოლოდ ცნობილი მასალის ახალ გამოყენებას, რომელშიც გამოყენებულია ამ მასალის ცნობილი თვისებები; გ) გამოგონება ეხება ცნობილ მოწყობილობაში ახლად შექმნილი მასალის გამოყენებას, რომლის თვისებები თვალსაჩინოდ ხდის მასალას ამგვარი გამოყენებისათვის; დ) გამოგონება ეხება მხოლოდ ცნობილი ტექნიკური პროცესის გამოყენებას ანალოგიურ სიტუაციაში. 22. ცნობილი ნივთიერების ახალი კრისტალური ფორმისთვის, საგამომგონებლო დონის კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად აუცილებელია წარმოდგენილი იყოს მონაცემი, რომელიც დაადასტურებს ნივთიერების ახალი კრისტალური ფორმით განპირობებულ მოულოდნელ ეფექტს, ნივთიერების ტექნიკის დონიდან ცნობილ ამორფულ ან/და კრისტალურ ფორმებთან შედარებით. 23. ცნობილი პროდუქტის (ნივთიერება ან კომპოზიცია) ახალი, არასამედიცინო დანიშნულებით გამოყენება აკმაყოფილებს საგამომგონებლო დონის კრიტერიუმს, თუ აღნიშნული გამოყენება არ არის ცხადი ტექნიკის დონიდან. 24. ცნობილი პროდუქტის (ნივთიერება ან კომპოზიცია) პირველი სამედიცინო გამოყენება აკმაყოფილებს საგამომგონებლო დონის კრიტერიუმს, თუ აღნიშნული სამედიცინო გამოყენება არ არის ცხადი ტექნიკის დონიდან. 25. ცნობილი პროდუქტის (ნივთიერება ან კომპოზიცია) მეორე ან შემდგომი სპეციფიკური სამედიცინო გამოყენება აკმაყოფილებს საგამომგონებლო დონის კრიტერიუმს, თუ აღნიშნული სპეციფიკური სამედიცინო გამოყენება არ არის ცხადი ტექნიკის დონიდან. მუხლი 37. ძიების ანგარიში და ექსპერტიზის დასკვნა 1. ძიების შედეგად შედგენილი ძიების ანგარიში, თანდართული ძიების ისტორიით, ასევე, სიახლისა და საგამომგონებლო დონის ექსპერტიზის, აგრეთვე, ინსტრუქციის 27-ე-33-ე მუხლების მიხედვით ჩატარებული შეფასების საფუძველზე შედგენილი ექსპერტიზის დასკვნა ეგზავნება განმცხადებელს არსობრივი ექსპერტიზის საფასურის გადახდიდან 2 თვის ვადაში. 2. ძიების ანგარიშთან და ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით განმცხადებელს მისი მიღებიდან 2 თვის ვადაში უფლება აქვს: ა) დაეთანხმოს დასკვნას; ბ) წარმოადგინოს დასაბუთებული შეპასუხება; გ) შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე მოითხოვოს ცვლილების შეტანა გამოგონების ფორმულაში. 3. განმცხადებლის დასაბუთებულ შეპასუხებასთან დაკავშირებით საქპატენტი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. თუ საქპატენტი მიიჩნევს, რომ ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, განაცხადი ვერ მოვიდა შესაბამისობაში კანონთან ან ამ ინსტრუქციასთან ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, საქპატენტი იღებს უარყოფით გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის შესახებ. 4. თუ განმცხადებელმა წარმოადგინა ფორმულის შეცვლილი რედაქცია, რომელიც არ სცილდება განაცხადში წარმოდგენილი გამოგონების არსს, ექსპერტიზა გრძელდება გამოგონების ფორმულაში მომხდარი ცვლილებების გათვალისწინებით. 5. თუ გამოგონების ფორმულაში შეტანილი ცვლილებების შედეგად გამოვლინდა ახალი მუხლ(ებ)ი, განმცხადებელმა უნდა გადაიხადოს არსობრივი ექსპერტიზის სათანადო საფასური. ყოველი დამატებითი მუხლისთვის უნდა გაიცეს ახალი ძიების ანგარიში და ექსპერტიზის დასკვნა, თუ მათ მიმართ არ ჩატარებულა ძიება. 6. თუ განმცხადებელმა წარმოადგინა ფორმულის შეცვლილი რედაქცია, რომელიც სცილდება განაცხადში წარმოდგენილი გამოგონების არსს, წარმოდგენილი ცვლილება არ მიიღება მხედველობაში, რის შესახებაც ეცნობება განმცხადებელს. 7. საქპატენტს გამოაქვს გადაწყვეტილება პატენტის გაცემის შესახებ (უარყოფითი ან დადებითი) იმ შემთხვევაშიც, როცა ინსტრუქციის ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს პასუხს. მუხლი 38. დადებითი გადაწყვეტილება პატენტის გაცემის შესახებ 1. თუ განაცხადი აკმაყოფილებს კანონითა და ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, საქპატენტი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის თაობაზე. 2. პატენტის გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღებამდე, საქპატენტი გამოგონების აღწერილობას, გამოგონების ფორმულას და ნახაზებს, თუ ისინი მითითებულია გამოგონების აღწერილობაში, უგზავნის განმცხადებელს შესათანხმებლად. 3. განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება პატენტის რეგისტრაციის საფასურის გადახდის თაობაზე და საფასურის გადასახდელად განესაზღვრება ორთვიანი ვადა შეტყობინების მიღებიდან. 4. აღნიშნული საფასურის გადახდის შემთხვევაში, თუ განმცხადებელი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ორი თვის ვადაში წერილობით გამოხატავს თანხმობას ან არ წარმოადგენს თავის პოზიციას, საქპატენტი პატენტს გასცემს განმცხადებლისთვის გადაგზავნილი გამოგონების აღწერილობის, გამოგონების ფორმულისა და ნახაზების (თუ ისინი მითითებულია გამოგონების აღწერილობაში) საფუძველზე. 5. თუ განმცხადებელი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ორი თვის ვადაში მოითხოვს გამოგონების აღწერილობაში, გამოგონების ფორმულასა და ნახაზებში (თუ ისინი მითითებულია გამოგონების აღწერილობაში) დამატებების ან/და ცვლილებების შეტანას, საქპატენტი განიხილავს აღნიშნულ მოთხოვნას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას მისი გათვალისწინების შესახებ. 6. პატენტის რეესტრში რეგისტრაციის საფასურის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, განაცხადზე საქმის წარმოება შეწყდება და განმცხადებელს ეგზავნება შესაბამისი გადაწყვეტილება. მუხლი 39. პატენტის რეგისტრაცია, პატენტის გამოქვეყნება და საპატენტო სიგელის გაცემა 1. საქპატენტს პატენტის გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში პატენტის შესახებ მონაცემები შეაქვს რეესტრში. პატენტის შესახებ ბიბლიოგრაფიულ მონაცემებს აქვეყნებს უახლოეს ბიულეტენში. ბიულეტენში გამოქვეყნების დღეს პატენტის აღწერილობას (გამოგონების აღწერილობა, გამოგონების ფორმულა, ნახაზები (არსებობის შემთხვევაში), რეფერატი) აქვეყნებს რეესტრში და გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში გასცემს საპატენტო სიგელს პატენტის აღწერილობასთან ერთად. 2. საპატენტო სიგელი აღწერილობასთან ერთად აისახება ელექტრონულ სისტემაში. განაცხადზე მატერიალური ფორმით საქმისწარმოების შემთხვევაში, მფლობელს გადაეცემა მატერიალური ფორმით, ხოლო ელექტრონული ფორმით საქმისწარმოების შემთხვევაში, მოწმობა მატერიალური ფორმით გაიცემა მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში. მუხლი 40. გაცემულ პატენტში ცვლილებების შეტანა 1. პატენტის მფლობელს უფლება აქვს კანონის 401 მუხლის საფუძველზე მოითხოვოს გაცემული პატენტის აღწერილობაში ცვლილებების შეტანა, მექანიკური შეცდომების გასწორების მიზნით. 2. განცხადებაში ზუსტად უნდა იყოს მითითებული ის მექანიკური შეცდომები, რომლებიც უნდა იქნეს გასწორებული და დასაბუთება, რომ ასეთი ცვლილებები ნათლად გამომდინარეობს აღნიშნული დოკუმენტაციის შინაარსიდან და აშკარაა, რომ სხვა რამ არ შეიძლებოდა ყოფილიყო ნაგულისხმევი. ცვლილებამ არ უნდა გააფართოოს დაცვის ფარგლები. 3. საქპატენტი 1 თვის ვადაში განიხილავს განცხადებას და გამოაქვს გადაწყვეტილება: ა) განცხადებაზე უარის თქმის შესახებ; ბ) განცხადებაში მითითებული მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. 4. იმ შემთხვევაში, თუ გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება განცხადებაში აღნიშნული მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე, საქპატენტს ერთი თვის ვადაში რეესტრის მონაცემებში შეაქვს შესაბამისი ცვლილება და იმავდროულად აქვეყნებს შეცვლილ საპატენტო მონაცემებს ბიულეტენში, რის შესახებაც ეცნობება პატენტის მფლობელს. 5. თუ მექანიკური შეცდომების გასწორება მოითხოვს მრავალი გვერდის შეცვლას, საქპატენტი ამზადებს და გასცემს ახალ შესწორებულ საპატენტო სიგელს პატენტის აღწერილობასთან ერთად. 6. თუ მექანიკური შეცდომების რაოდენობა უმნიშვნელოა, მაშინ პატენტში იცვლება მხოლოდ ის გვერდები, რომლებიც საჭიროებს შესწორებას. ყველა შეცვლილი გვერდი დასტურდება ბეჭდით და უკეთდება შესაბამისი მინაწერი. მუხლი 41. გამოქვეყნებულ განაცხადში ან პატენტში ცვლილებებისა და უფლებების გადაცემის რეგისტრაცია 1. გამოქვეყნებულ განაცხადში ან პატენტში განმცხადებლის ან პატენტის მფლობელის სახელის (დასახელების) ან/და მისამართის ცვლილება ან უფლებების გადაცემა რეგისტრირდება რეესტრში, შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ 1 თვის განმავლობაში. 2. განცხადება ცვლილების ან უფლებების გადაცემის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით. 3. ცვლილების შემთხვევაში განცხადებას უნდა ახლდეს განმცხადებლის ან პატენტის მფლობელის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტები, ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – ამონაწერი „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან“, ან მისი ტოლფასი სხვა დოკუმენტი. 4. უფლებების გადაცემის შემთხვევაში განცხადებას უნდა ახლდეს: ა) უფლებების გადაცემის აქტი; ბ) ყველა განმცხადებლის ან მფლობელის თანხმობა, თუ განმცხადებელი ან პატენტის მფლობელი რამდენიმე პირია. 5. იმ შემთხვევაში, როდესაც ცვლილება ან უფლებების გადაცემა საქპატენტს წარედგინება წარმომადგენლის მიერ, განცხადებას უნდა ახლდეს განმცხადებლის ან პატენტის მფლობელის მიერ გაცემული წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში ცვლილება მხედველობაში არ მიიღება. 6. გამოქვეყნებულ განაცხადში განხორციელებული ცვლილება და უფლებების გადაცემა ქვეყნდება ბიულეტენში და საპატენტო სიგელი პატენტის აღწერილობასთან ერთად გაიცემა პატენტის ახალი მფლობელის სახელზე (დასახელებაზე). 7. პატენტში განხორციელებული ცვლილება ან უფლებების გადაცემა ქვეყნდება ბიულეტენში და გაიცემა პატენტის დანართი. 8. დანართი იბეჭდება საქპატენტის ბლანკზე, ხელს აწერს საქპატენტის თავმჯდომარე და დასტურდება ბეჭდით. 9. დანართში შეიტანება შემდეგი ინფორმაცია: პატენტის ნომერი, დასახელება, პატენტის ყოფილი და ახალი მფლობელის ვინაობა და მისამართი. მუხლი 42. განაცხადის და პატენტის ძალაში შენარჩუნება 1. განაცხადის ან პატენტის ძალაში შესანარჩუნებლად განმცხადებელი/პატენტის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს განაცხადის ან პატენტის ძალაში შენარჩუნების წლიური საფასური დაწყებული მესამე წლიდან განაცხადის შეტანის თარიღიდან. 2. განაცხადის ძალაში შენარჩუნების საფასურის გადახდა უნდა მოხდეს იმ წლის დაწყებამდე, რომლისთვისაც გადაიხდება ძალაში შენარჩუნების საფასური, შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 2 თვის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადზე საქმის წარმოება შეწყდება. 3. პატენტის ძალაში შენარჩუნების წლიური საფასური გადახდილი უნდა იქნეს შესანარჩუნებელი წლის დაწყებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში პატენტის მოქმედება უქმდება. 4. გაუქმებული პატენტის აღსადგენად პატენტის მფლობელს ეძლევა 6-თვიანი საშეღავათო ვადა – შესანარჩუნებელი წლის პირველი 6 თვე, როდესაც პატენტის მფლობელი გადაიხდის შესანარჩუნებელი წლის საფასურს. ამ ვადის გასვლის შემდეგ მას ეძლევა კიდევ 6-თვიანი ვადა, როდესაც პატენტის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს პატენტის აღდგენისა და ძალაში შენარჩუნების საფასური. 5. თუ წლიური საფასური არ იქნება გადახდილი ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ ვადებში, პატენტი გაუქმებულად მიიჩნევა პატენტის მოქმედების ვადის გასვლის დღიდან. 6. ინფორმაცია პატენტის მოქმედების შეწყვეტის, აღდგენის და გაუქმების შესახებ შეიტანება რეესტრში. 7. ინფორმაცია პატენტის მოქმედების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ შეიძლება გაეგზავნოს პატენტის მფლობელს. 8. ინფორმაცია პატენტის მოქმედების გაუქმების შესახებ ქვეყნდება ბიულეტენში. 9. პატენტის მოქმედება აღდგენილად მიიჩნევა აღდგენის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების დღიდან.
თავი IV პროცედურული საკითხები მუხლი 43. პროცედურული ვადების გაგრძელება და აღდგენა 1. შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში, განაცხადზე საქმისწარმოებისას კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელს უფლება აქვს მოითხოვოს: ა) განაცხადის განხილვის შეჩერება, ყოველ ჯერზე არაუმეტეს 6 თვის ვადით. შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში განაცხადის განხილვის შეჩერების ვადის ამოწურვის შემდეგ განმცხადებელს კვლავ აქვს უფლება მოითხოვოს განაცხადის განხილვის შეჩერება. განაცხადის განხილვის შეჩერება არ იწვევს საფასურის გადახდის ვადის გახანგრძლივებას; ბ) საქპატენტის შეტყობინებაზე ან ექსპერტიზის დასკვნაზე პასუხის გაცემისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება არაუმეტეს 6 თვისა. შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში აღნიშნული 6-თვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ განმცხადებელს კვლავ აქვს უფლება მოითხოვოს პასუხის გაცემისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება; გ) ვადის დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირებული დაკარგული უფლებების აღდგენა, რაც შესაძლებელია უფლების დაკარგვის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში; დ) საქპატენტის მიერ პატენტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების (დადებითი ან უარყოფითი) გამოტანამდე, წარდგენილ საგანაცხადო მასალებში ცვლილებების შეტანა, თუ ეს ცვლილებები არ სცილდება განაცხადის შეტანისას მისი შინაარსის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ მოთხოვნაზე საქპატენტს შეუძლია გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 3. საქპატენტს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ მოთხოვნებზე გადაწყვეტილება გამოაქვს მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა. 4. განმცხადებლის მიერ პროცედურული ვადის გაგრძელების თაობაზე მოთხოვნის შემთხვევაში, პროცედურული ვადის ათვლა ჩერდება მოთხოვნილი ვადის გასვლამდე. 5. საერთაშორისო განაცხადის ეროვნულ ფაზაში შესვლის ვადის საპატიო მიზეზით დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირებული უფლებების აღდგენის შესახებ მოთხოვნა წარდგენილ უნდა იქნეს აღნიშნული პროცედურული ვადის დარღვევის მიზეზთა აღმოფხვრიდან 2 თვის განმავლობაში. პროცედურული ვადის ამოწურვიდან 12-თვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ მოთხოვნის წარმოდგენა აღარ არის შესაძლებელი. მოთხოვნას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი დოკუმენტები და მასალები, რომლებიც ადასტურებენ ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობას. მუხლი 44. გამოყოფილი განაცხადი 1. თუ გამოგონების აღწერილობაში ან ფორმულაში წარმოდგენილია რამდენიმე ობიექტი, განმცხადებელს უფლება აქვს ექსპერტიზის მსვლელობისას საკუთარი ინიციატივით დაყოს წარდგენილი განაცხადი მასში შემავალ ნაწილებად და წარადგინოს გამოყოფილი განაცხადი კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად. 2. გამოყოფილ განაცხადს უნარჩუნდება პირველი განაცხადის შეტანის თარიღი და პრიორიტეტი. 3. გამოყოფილი განაცხადის წარდგენა დასაშვებია საქპატენტის მიერ პატენტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების (დადებითი ან უარყოფითი) მიღებამდე. მუხლი 45. განაცხადის გარდაქმნა 1. განმცხადებელს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით გარდაქმნას განაცხადი გამოგონებაზე განაცხადად სასარგებლო მოდელზე და პირიქით. განმცხადებელს, რომელსაც სურს განაცხადი გამოგონებაზე გარდაქმნას განაცხადად სასარგებლო მოდელზე, უნდა წარადგინოს განცხადება ამის შესახებ პატენტის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე. 2. იმ შემთხვევაში, როდესაც გამოგონების განაცხადი ეხება გამოგონებათა ჯგუფს, მაშინ ასეთი განაცხადის სასარგებლო მოდელის განაცხადად გარდაქმნის შემთხვევაში, განმცხადებელმა განცხადებაში უნდა მიუთითოს, თუ ჯგუფის რომელი ობიექტისათვის სურს ასეთი გარდაქმნის განხორციელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ გარდაქმნა მოითხოვება პირველ დამოუკიდებელ მუხლში მოყვანილი ობიექტის მიმართ. მუხლი 46. განაცხადის გამოთხოვა განმცხადებელს უფლება აქვს განაცხადის გამოსაქვეყნებლად გადაცემამდე გამოითხოვოს განაცხადი. ამ შემთხვევაში საქპატენტს გამოაქვს გადაწყვეტილება განმცხადებლის მოთხოვნით განაცხადზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. მუხლი 47. სამრეწველო საკუთრების რეესტრის მონაცემების საჯაროობა სამრეწველო საკუთრების რეესტრში რეგისტრირებული საჯარო მონაცემები ხელმისაწვდომია გასაცნობად ნებისმიერი პირისათვის. მუხლი 48. განაცხადის დამოწმებული ასლის მოთხოვნა 1. განმცხადებელს განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურების შემდეგ უფლება აქვს მოითხოვოს საგანაცხადო მასალების დამოწმებული ასლი. 2. მოთხოვნა საგანაცხადო მასალების დამოწმებული ასლის მიღების შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით. 3. საგანაცხადო მასალების დამოწმებულ ასლს საქპატენტი გასცემს წერილობითი ფორმით მიმართვიდან 1 თვის ვადაში. განმცხადებლის მოთხოვნით, საქპატენტი დოკუმენტს გასცემს, ასევე, „DAS“ სისტემის მეშვეობით. მუხლი 49. დუბლიკატის გაცემა 1. პატენტის მფლობელის მოთხოვნით დასაშვებია პატენტზე გაიცეს დუბლიკატი. 2. პატენტის დუბლიკატის გაცემის თაობაზე განცხადება შეუძლია წარმოადგინოს პატენტის მფლობელმა ან წარმომადგენელმა შესაბამისი წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. 3. დუბლიკატი გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ პატენტი ძალაშია. 4. დუბლიკატი გაიცემა საფასურის გადახდის დღიდან 1 თვის ვადაში. 5. პატენტის დუბლიკატი გაიცემა დამცავი დოკუმენტის სახით (საპატენტო სიგელი და პატენტის აღწერილობა) ამ დუბლიკატის გაცემის პერიოდისათვის მოქმედი ფორმით და ზემოთ მარჯვენა კუთხეში დასტურდება შტამპით „დუბლიკატი“. მუხლი 50. პატენტის გამოყენებაზე კერძო ლიცენზიის ხელშეკრულების რეგისტრაცია 1. კანონის 59-ე მუხლის შესაბამისად, პატენტის მფლობელს უფლება აქვს გასცეს კერძო ლიცენზია პატენტის გამოყენებაზე. 2. პატენტის გამოყენებაზე კერძო ლიცენზიის ხელშეკრულების რეგისტრაციისათვის საჭიროა წარმოდგენილ იქნეს: ა) განცხადება კერძო ლიცენზიის ხელშეკრულების რეგისტრაციაზე; ბ) კერძო ლიცენზიის ხელშეკრულება; გ) ლიცენზიარის და ლიცენზიატის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტები, ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – ამონაწერი „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან“ ან მათი ტოლფასი სხვა დოკუმენტი. 3. კერძო ლიცენზიის ხელშეკრულების რეგისტრაცია ითვალისწინებს ლიცენზიის ნომრის მინიჭებას არაბული ციფრებით, გამჭოლი ნუმერაციით და მიეწერება ლიცენზიის სახეობის შემოკლებული ლათინური აღნიშვნა. 4. კერძო ლიცენზია შეიძლება იყოს ექსკლუზიური (Exclusive – E) და არაექსკლუზიური (Non-Exclusive). 5. კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, პატენტის მფლობელს შეუძლია გამოაცხადოს ღია ლიცენზირების რეჟიმი (Open – O), თუ პატენტზე არ არის გაცემული ექსკლუზიური კერძო ლიცენზია. 6. რეგისტრირებულ სალიცენზიო ხელშეკრულებაზე გაიცემა ამონაწერი რეესტრიდან. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ამონაწერის გაცემაზე საფასური არ გადაიხდება. 8. რეესტრში რეგისტრირებული კერძო ლიცენზიის ხელშეკრულების შესახებ მონაცემები ქვეყნდება ბიულეტენში. 9. რეგისტრირებულ სალიცენზიო ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები რეგისტრირდება რეესტრში და ქვეყნდება ბიულეტენში. მუხლი 51. პატენტის გირავნობის ხელშეკრულება 1. კანონის 621 მუხლის თანახმად, პატენტის მფლობელს უფლება აქვს დადოს პატენტის გირავნობის ხელშეკრულება. 2. პატენტის გირავნობის ხელშეკრულების ნამდვილობა ხელშეკრულების მხარეებმა შესაძლოა დაამოწმონ სანოტარო წესით. 3. პატენტის გირავნობის ხელშეკრულება რეგისტრირდება საქპატენტში და მონაცემები ქვეყნდება ბიულეტენში. 4. პატენტის გირავნობის ხელშეკრულება წარდგენილი უნდა იქნეს საქპატენტში, პატენტის გირავნობის ხელშეკრულების დადებიდან 1 თვის განმავლობაში. 5. პატენტის გირავნობის ხელშეკრულების რეგისტრაცია რეესტრში უნდა მოხდეს გირავნობის ხელშეკრულების წარდგენიდან 1 თვის განმავლობაში. 6. პატენტის გირავნობის ხელშეკრულების რეგისტრაციისათვის საჭიროა წარმოდგენილ იქნეს: ა) განცხადება პატენტის გირავნობის ხელშეკრულების რეგისტრაციაზე; ბ) პატენტის გირავნობის ხელშეკრულება; გ) პატენტის მფლობელ(ებ)ის და მოგირავნის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტები, ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – ამონაწერი „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან“. მუხლი 52. ამონაწერი რეესტრიდან 1. პატენტის მფლობელს ან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მოითხოვოს ამონაწერი რეესტრიდან. 2. რეესტრიდან ამონაწერის მისაღებად გადაიხდება დადგენილი საფასური. საფასური გადახდილი უნდა იქნეს საქპატენტში მოთხოვნის წარდგენისთანავე. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება ამ ინსტრუქციის 50-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევაზე. 3. ამონაწერი გაიცემა მოთხოვნის შესაბამისი საფასურის გადახდიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 4. ამონაწერი რეესტრიდან უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) საქმის ნომერი; ბ) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი; გ) განაცხადის სტატუსი; დ) განაცხადის ნომერი; ე) განაცხადის შეტანის თარიღი; ვ) რეგისტრაციის თარიღი; ზ) საპრიორიტეტო მონაცემები; თ) საერთაშორისო განაცხადის ეროვნული ფაზის დაწყების თარიღი; ი) საერთაშორისო განაცხადის ნომერი და შეტანის თარიღი; კ) საერთაშორისო განაცხადის გამოქვეყნების ნომერი და თარიღი; ლ) განმცხადებელი; მ) გამომგონებელი; ნ) მფლობელი; ო) წარმომადგენელი; პ) განაცხადის გამოქვეყნების ნომერი და თარიღი; ჟ) პატენტის ნომერი და გამოქვეყნების თარიღი; რ) საერთაშორისო კლასიფიკაციის ინდექსი; ს) დასახელება; ტ) შემოტანილი პატენტის ნომერი და თარიღი; უ) ძირითადი განაცხადის ნომერი (შემოტანილი პატენტის შემთხვევაში); ფ) პატენტზე განხორციელებული ცვლილებების, უფლებების გადაცემის, ლიცენზიის გაცემის და გირავნობის შესახებ; ქ) პატენტის სტატუსი. 5. რეესტრიდან ამონაწერი გაიცემა უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. მუხლი 53. ძიება რეესტრში 1. ნებისმიერ პირს უფლება აქვს გაეცნოს რეესტრის საჯარო მონაცემებს. 2. მონაცემები ხელმისაწვდომია როგორც ბიულეტენის, ასევე, საქპატენტის ვებგვერდის მეშვეობით. 3. თუ დაინტერესებულ პირს სურს ინფორმაცია მიიღოს საქპატენტისაგან, განცხადება ძიების ჩატარების შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს საქპატენტში წერილობითი ფორმით. 4. რეესტრი ძიებას ატარებს ბიბლიოგრაფიული მონაცემების მიხედვით: განაცხადის ნომერი, პატენტის ნომერი, საერთაშორისო ნომერი, მფლობელი, გამომგონებელი, დასახელება. მუხლი 54. მომსახურების საფასური 1. თუ კანონით ან ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის საფასურის გადახდა ხდება მოთხოვნისთანავე, ან მოთხოვნიდან არაუგვიანეს 1 თვისა. 2. დადგენილ ვადებში საფასურის გადაუხდელობა იწვევს განაცხადზე საქმის წარმოების შეწყვეტას. 3. საფასურის გადახდის ვადის გაგრძელება დაუშვებელია. 4. თუ განაცხადი შეტანილია რამდენიმე განმცხადებლის მიერ, რომელთაგან ერთ-ერთზე მაინც ვრცელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული საფასურებთან დაკავშირებული შეღავათი, შესაბამისი ქმედებისთვის საფასური გადაიხდება აღნიშნული შეღავათით. 5. თუ განაცხადი შეტანილია რამდენიმე განმცხადებლის მიერ და მათზე ვრცელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა სახის შეღავათი, შესაბამისი ქმედებისათვის გადაიხდება საფასური უფრო მეტი შეღავათით. 6. განმცხადებლის მიერ საფასურის გადახდა უნდა მოხდეს საქპატენტის საბანკო ანგარიშზე. 7. თუ განმცხადებელი არის პირი, რომელიც „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №182 დადგენილების მე-6 მუხლის საფუძველზე სარგებლობს შეღავათით, ის ვალდებულია ყოველი საფასურის გადახდისას საქპატენტში წარმოადგინოს იმ სტატუსის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ამ შეღავათის მიღების საფუძველია. სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემული უნდა იყოს საქპატენტში წარმოდგენამდე არაუგვიანეს ერთი თვისა. მუხლი 55. გადახდილი თანხების დაბრუნება საფასურით გათვალისწინებული გადახდილი თანხები დაბრუნებას ან კორექტირებას არ ექვემდებარება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საფასური არასწორად იყო გადახდილი.
თავი V საერთაშორისო განაცხადის მიღება აღნიშნული ან არჩეული უწყების როლში მუხლი 56. საერთაშორისო განაცხადის ეროვნულ ფაზაში შესვლა 1. იმ საერთაშორისო განაცხადის შემთხვევაში, რომლისთვისაც საქპატენტი მოქმედებს როგორც აღნიშნული ან არჩეული უწყება, გამოგონების პატენტის ან სასარგებლო მოდელის რეგისტრაციის მოწმობის მისაღებად ეროვნულ ფაზაში შესვლის ვადა შეადგენს 31 თვეს პრიორიტეტის თარიღიდან. 2. ეროვნული ფაზის დაწყებისთვის ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ვადაში განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს განცხადება პატენტის გაცემის თაობაზე ან სასარგებლო მოდელის რეგისტრაციის თაობაზე. რეკომენდებულია საქპატენტის მიერ დადგენილი განცხადების ფორმების გამოყენება. 3. ეროვნული ფაზის დაწყებიდან 2 თვის ვადაში განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს საერთაშორისო განაცხადის თავდაპირველი რედაქციის ქართული თარგმანი, რომელიც მოიცავს აღწერილობას, გამოგონების ფორმულას, ნახაზებს (თუ ისინი მითითებულია გამოგონების აღწერილობაში) და რეფერატს, ან თუ საერთაშორისო ფაზაში საგანაცხადო მასალებში შევიდა ცვლილება და განმცხადებელს სურს საქპატენტში ექსპერტიზა ჩატარდეს განაცხადის შეცვლილ მასალებზე, მაშინ განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს საერთაშორისო განაცხადის შეცვლილი რედაქციის ქართული თარგმანი, რომელიც მოიცავს აღწერილობას, გამოგონების ფორმულას, ნახაზებს და რეფერატს. 4. ეროვნული ფაზის დაწყებიდან 1 თვის ვადაში განმცხადებელმა უნდა გადაიხადოს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საფასური. გადაუხდელობის შემთხვევაში განაცხადზე საქმის წარმოება შეწყდება. 5. ეროვნულ ფაზაში შესულ საერთაშორისო განაცხადზე ექსპერტიზა ხორციელდება საქართველოს საპატენტო კანონისა და ამ ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად. 6. ეროვნულ ფაზაში შესული საერთაშორისო განაცხადის შეტანის თარიღად მიიჩნევა საერთაშორისო განაცხადის შეტანის თარიღი. 7. ეროვნულ ფაზაში შესული საერთაშორისო განაცხადის გამოქვეყნება ხდება ქართულ ენაზე თარგმანის წარდგენის შემდგომ უახლოეს ბიულეტენში, თუ პრიორიტეტის თარიღიდან გასულია 18 თვე და თუ გადახდილია ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საფასური.
თავი VI ხელახალი ექსპერტიზა, პატენტის ბათილად ცნობა მუხლი 57. პატენტის ხელახალი ექსპერტიზა 1. ნებისმიერ პირს უფლება აქვს პატენტის მოქმედების ვადის განმავლობაში მოითხოვოს საქპატენტის მიერ გაცემულ პატენტზე ან ვალიდირებულ ევროპულ პატენტზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება პატენტის ბათილად ცნობის მიზნით. 2. ხელახალი ექსპერტიზა არ ტარდება, თუ მიმდინარეობს სასამართლო დავა. 3. განცხადებას პატენტის ხელახალი ექსპერტიზის შესახებ უნდა ერთოდეს კანონის 421 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბუთები. 4. თუ განცხადება პატენტის ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ წარმოდგენილია წარმომადგენლის მიერ, მას უნდა ერთოდეს განმცხადებლის მიერ გაცემული, წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 5. საქპატენტის თავმჯდომარე, კანონის 421 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების საქპატენტის მიერ წარმოებაში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ბრძანებით ქმნის საექსპერტო კოლეგიას (შემდეგში – კოლეგია) ხელახალი ექსპერტიზის ჩასატარებლად. 6. კოლეგია შედგება სამი წევრისგან, რომელთაგან ორი გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის თანამშრომელია. კოლეგიაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ამ საქმეში თვითონ წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს, ან მას დაინტერესებულ მხარესთან აკავშირებს საერთო უფლებები ან ვალდებულებები, ან მონაწილეობდა განაცხადზე ექსპერტიზის ჩატარებაში ან/და გადაწყვეტილების მიღებაში, ან დაინტერესებული მხარის ან/და მისი წარმომადგენლის ნათესავია. 7. კოლეგიას ჰყავს მდივანი, რომელიც ინიშნება საქპატენტის იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელთაგან. კოლეგიის მდივანი უზრუნველყოფს საქმისწარმოებასთან დაკავშირებული კორესპონდენციის, ასევე, კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებ(ებ)ის მხარეებთან გაგზავნას. 8. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას საქპატენტი მიღებისთანავე უგზავნის პატენტის მფლობელს და პასუხის წარმოსადგენად განუსაზღვრავს 2-თვიან ვადას, რომელიც აითვლება განცხადების საქპატენტში წარდგენის მომენტიდან. 9. კოლეგია ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში ატარებს ხელახალ ექსპერტიზას. 10. გამოგონებაზე ხელახალი ექსპერტიზის შედეგების საფუძველზე, კოლეგია საქპატენტის სახელით იღებს გადაწყვეტილებას პატენტის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ან პატენტის სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ. 11. მონაცემები პატენტის სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში ქვეყნდება ბიულეტენში და რეგისტრირდება რეესტრში. თუ საქპატენტის გადაწყვეტილება პატენტის სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის ან პატენტის სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქპატენტი ბიულეტენში აქვეყნებს ცნობას იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია, ხოლო რეესტრში აკეთებს მითითებას ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ. სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე, ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, საქპატენტი მონაცემებს გამოაქვეყნებს ბიულეტენში. მუხლი 58. ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება საქპატენტი აქვეყნებს მონაცემებს, საქპატენტის მიერ გაცემული პატენტის ან ვალიდირებული ევროპული პატენტის სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ ან საქპატენტის მიერ გაცემული პატენტის ან ვალიდირებული ევროპული პატენტის სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან უახლოეს ბიულეტენში და არეგისტრირებს რეესტრში. მუხლი 59. პატენტის სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობა მფლობელის მოთხოვნით 1. პატენტს, პატენტის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე, სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობს საქპატენტი. 2. ინფორმაცია პატენტის სრული ან ნაწილობრივი ბათილად ცნობის შესახებ შეიტანება რეესტრში და ქვეყნდება ბიულეტენში. 3. ნაწილობრივ ბათილად ცნობა ხდება გამოგონების ფორმულის ცვლილების მეშვეობით. 4. სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ განცხადების წარდგენა პატენტის მფლობელის მიერ ხდება საქპატენტში. განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში გადახდილ უნდა იქნეს შესაბამისი საფასური. 5. სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის განცხადების წარდგენა არ არის შესაძლებელი, როდესაც პატენტზე მიმდინარეობს ხელახალი ექსპერტიზა. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად წარდგენილი განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) პატენტის მფლობელის სახელს ან დასახელებას; ბ) წარმომადგენლის სახელსა და გვარს, ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) პატენტის ნომერს; დ) ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნის შემთხვევაში, შეცვლილ ფორმულას, შეცვლილ ნახაზებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შეცვლილ აღწერილობას. 7. თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნებს, საქპატენტი ატყობინებს განმცხადებელს ხარვეზის შესახებ და განუსაზღვრავს 2 თვეს ხარვეზის გამოსასწორებლად. თუ დადგენილ ვადაში არ მოხდება ხარვეზის გამოსწორება, საქპატენტი მიიღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. 8. თუ პატენტის სრულად ბათილად ცნობის შესახებ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განცხადება სრულყოფილია, საქპატენტი ბათილად ცნობს პატენტს და ამის შესახებ შეატყობინებს განმცხადებელს. 9. თუ პატენტის ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განცხადება სრულყოფილია, საქპატენტი ამოწმებს, წარმოდგენილი შეცვლილი ფორმულა წარმოადგენს თუ არა დაცვის ფარგლების დავიწროებას და შეცვლილი ფორმულა შეესაბამება თუ არა კანონის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტსა და 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს. თუ წარმოდგენილი ფორმულა არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, საქპატენტი განმცხადებელს აძლევს 2-თვიან ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად. თუ დადგენილ ვადაში არ მოხდება ხარვეზის გამოსწორება, საქპატენტი მიიღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 10. თუ წარმოდგენილი ფორმულა აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, საქპატენტი შეატყობინებს განმცხადებელს ამის შესახებ და მოსთხოვს ნაწილობრივ ბათილად ცნობილი პატენტის აღწერილობის გამოქვეყნების საფასურის გადახდას 2 თვის ვადაში. 11. საფასურის დადგენილ ვადაში გადახდის შემთხვევაში, საქპატენტი ბიულეტენში აქვეყნებს ნაწილობრივ ბათილად ცნობილი პატენტის მონაცემებსა და აღწერილობას.
კარი II სასარგებლო მოდელი თავი VII სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და სასარგებლო მოდელის მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული ზოგადი დებულებები მუხლი 60. II კარის მოქმედების სფერო ამ კარით რეგულირდება სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და სასარგებლო მოდელის მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურები. თუ ამ კარითა და კანონის XI1 თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასარგებლო მოდელთან დაკავშირებით გამოიყენება ამ ინსტრუქციის პირველი კარის დებულებანი. მუხლი 61. სასარგებლო მოდელის ფორმულა სასარგებლო მოდელის ფორმულა უნდა შეიცავდეს ერთ დამოუკიდებელ მუხლს და შეიძლება შეიცავდეს ერთ ან რამდენიმე დამოკიდებულ მუხლს.
თავი VIII სასარგებლო მოდელის დაცვისუნარიანობის შეფასების მოთხოვნა მუხლი 62. სასარგებლო მოდელის დაცვისუნარიანობის შეფასება 1. სასარგებლო მოდელზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევისას, კანონის 685 მუხლით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელის წარდგენასთან ერთად, სასარგებლო მოდელის მფლობელს ევალება დაცვისუნარიანობის კრიტერიუმების, მათ შორის, საგამომგონებლო დონის შეფასების შესახებ საქპატენტის მიერ ინსტრუქციით დადგენილი წესით გაცემული დადებითი დასკვნის წარდგენა. 2. რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის მფლობელი სასარგებლო მოდელის დაცვისუნარიანობის შეფასების მოთხოვნით მიმართავს საქპატენტს. რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის მფლობელმა მიმართვიდან 1 თვის ვადაში უნდა გადაიხადოს სასარგებლო მოდელის დაცვისუნარიანობის, მათ შორის, საგამომგონებლო დონის შეფასების დადგენილი საფასური. საქპატენტი აფასებს სასარგებლო მოდელის პატენტუნარიანობის კრიტერიუმებს, მათ შორის, საგამომგონებლო დონეს საფასურის გადახდიდან 2 თვის ვადაში. საქპატენტი ამ მიზნით ატარებს ძიებას და გასცემს ექსპერტიზის დასკვნას სასარგებლო მოდელის დაცვისუნარიანობასთან დაკავშირებით, რომელიც ძიების ანგარიშთან ერთად ეგზავნება რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის მფლობელს. 3. თუ შეფასების შედეგად გამოვლინდა, რომ სასარგებლო მოდელი არ აკმაყოფილებს დაცვისუნარიანობის რომელიმე კრიტერიუმს, საქპატენტი ბათილად ცნობს რეგისტრირებულ სასარგებლო მოდელს.
კარი III საერთაშორისო განაცხადის განხილვა მიმღები უწყების როლში თავი IX საერთაშორისო განაცხადის განხილვა მიმღები უწყების როლში მუხლი 63. საერთაშორისო განაცხადის ფორმა და მისი წარდგენის წესი 1. საერთაშორისო განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ნაწილებს მოცემული თანმიმდევრობით: ა) PCT განცხადების ფორმა (PCT/RO/101); ბ) აღწერილობა; გ) გამოგონების ფორმულა; დ) რეფერატი; ე) ნახაზები, თუ აუცილებელია გამოგონების არსის ასახსნელად. 2. საერთაშორისო განაცხადის შემადგენელი გვერდები უნდა იყოს დანომრილი სამ, ან თუ საერთაშორისო განაცხადი შეიცავს თანამიმდევრობების სიას (ამინომჟავურ ან ნუკლეოტიდურ თანამიმდევრობას), ოთხ დამოუკიდებელ ჯგუფად. პირველი ჯგუფი ეკუთვნის განცხადების ფორმას, მეორე – აღწერილობას, გამოგონების ფორმულას და რეფერატს, მესამე – ნახაზებს, და მეოთხე – თანამიმდევრობების სიას. 3. საერთაშორისო განაცხადის წარდგენა ხდება საქპატენტში მატერიალური ფორმით ერთ ეგზემპლარად ან ელექტრონულად WIPO-ს ePCT სისტემის საშუალებით. 4. საქპატენტში, როგორც საერთაშორისო განაცხადების „მიმღებ უწყებაში“, საერთაშორისო განაცხადის წარდგენის შემთხვევაში განმცხადებელს შესაძლებლობა აქვს საერთაშორისო საძიებო უწყებად (ISA) აირჩიოს ერთ-ერთი შემდეგი ხუთი უწყებიდან (მიეთითება საერთაშორისო განაცხადის ბლანკში): ა) ავსტრიის საპატენტო უწყება (AT); ბ) ევროპის საპატენტო უწყება (EP); გ) რუსეთის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალური სამსახური (RU); დ) ისრაელის საპატენტო უწყება (IL); ე) აშშ პატენტების და სასაქონლო ნიშნების უწყება (US). 5. საერთაშორისო განაცხადის ქართულ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, განმცხადებელი ვალდებულია განაცხადის წარდგენიდან 1 თვის ვადაში წარმოადგინოს მისი თარგმანი ინგლისურ ენაზე, თუ საერთაშორისო საძიებო უწყებად მითითებულია ავსტრიის საპატენტო უწყება (AT), ევროპის საპატენტო უწყება (EP), ისრაელის საპატენტო უწყება (IL), ან აშშ პატენტების და სასაქონლო ნიშნების უწყება (US) ან რუსულ ენაზე, თუ საერთაშორისო საძიებო უწყებად მითითებულია რუსეთის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალური სამსახური (RU). 6. საერთაშორისო განაცხადის წარდგენიდან 1 თვის ვადაში განმცხადებელმა უნდა გადაიხადოს შემდეგი საფასურები: ა) საერთაშორისო განაცხადის შემოწმება საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების მოთხოვნათა გათვალისწინებით და განაცხადის მასალების გადაგზავნის საფასური (Transmittal Fee), რომელიც განკუთვნილია მიმღები უწყებისთვის (საქპატენტისთვის); ბ) საერთაშორისო წარდგენის საფასური (International Filing Fee), რომელიც განკუთვნილია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) საერთაშორისო ბიუროსთვის (IB); გ) ძიების საფასური (Search Fee), რომელიც განკუთვნილია განმცხადებლის მიერ მითითებულ საერთაშორისო საძიებო უწყებისთვის (ISA). 7. თუ აღნიშნული საფასურების გადახდა არ მოხდება დადგენილ ვადაში, საქპატენტი ამის თაობაზე განმცხადებელს შეახსენებს წერილობით და მოსთხოვს საფასურების დაფარვას 1 თვის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდება საფასურების სრულად გადახდა, განაცხადი ჩაითვლება გამოხმობილად. განაცხადის გამოხმობილად ჩათვლის შესახებ შეტყობინება გამოიცემა და იგზავნება საპატენტო კოოპერაციის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად. 8. საქპატენტი, როგორც მიმღები უწყება, მიღებულ საერთაშორისო განაცხადზე ატარებს PCT პროცედურით განსაზღვრულ ფორმალურ ექსპერტიზას, რომლის დასრულების შემდეგ განაცხადის ერთ ეგზემპლარს აგზავნის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) საერთაშორისო ბიუროში (IB), ხოლო მეორე ეგზემპლარი იგზავნება განმცხადებლის მიერ არჩეულ საერთაშორისო საძიებო უწყებაში (ISA).
კარი IV ევროპული პატენტის ვალიდაცია თავი X ევროპული საპატენტო განაცხადის გამოგონების ფორმულის თარგმანი მუხლი 64. ევროპული საპატენტო განაცხადის გამოგონების ფორმულის თარგმანი 1. ევროპული საპატენტო განაცხადის გამოქვეყნების შემდეგ, განმცხადებელს, რომელსაც სურს პირობითი უფლებების წარმოშობა საქართველოში, საქპატენტში უნდა წარადგინოს ევროპული საპატენტო განაცხადის გამოგონების დასახელებისა და გამოგონების ფორმულის თარგმანი ქართულ ენაზე, რომლის სისწორეზე პასუხს აგებს პატენტრწმუნებული და გადაიხადოს გამოქვეყნებისთვის დადგენილი საფასური. მასალებს თან უნდა დაერთოს საქპატენტის მიერ დადგენილი განცხადების ფორმა. გამოქვეყნება მოხდება უახლოეს ბიულეტენში. 2. ევროპული პატენტის მიღების მსურველ განმცხადებელს ნებისმიერ დროს შეუძლია წარმოადგინოს ევროპული საპატენტო განაცხადის გამოგონების დასახელებისა და გამოგონების ფორმულის შესწორებული თარგმანი პატენტრწმუნებულის მეშვეობით და მისი გამოქვეყნებისთვის გადაიხადოს დადგენილი საფასური. მასალებს თან უნდა დაერთოს საქპატენტის მიერ დადგენილი განცხადების ფორმა. 3. საქართველოს პატენტრწმუნებულის წარმომადგენლობის უფლებამოსილება დასტურდება განმცხადებლის მიერ გაცემული, წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქართული თარგმანის საქპატენტში წარმოდგენასთან ერთად.
თავი XI ევროპული პატენტის აღწერილობის თარგმანი მუხლი 65. ევროპული პატენტის აღწერილობის თარგმანი 1. ევროპული პატენტის გაცემის შესახებ ევროპის საპატენტო ოფისის (EPO) მიერ ინფორმაციის გამოქვეყნების თარიღიდან სამი თვის განმავლობაში პატენტის მფლობელმა უნდა წარადგინოს საქპატენტში პატენტის აღწერილობის (გამოგონების დასახელება, გამოგონების აღწერილობა, გამოგონების ფორმულა, ნახაზები, რეფერატი) ქართული თარგმანი, რომლის სისწორეზე პასუხს აგებს პატენტრწმუნებული და გადაიხადოს საქართველოში გამოქვეყნებისათვის დადგენილი საფასური. მასალებს თან უნდა დაერთოს საქპატენტის მიერ დადგენილი განცხადების ფორმა. 2. თუ ევროპის საპატენტო ოფისში (EPO) წარდგენილი მესამე პირის საჩივრის ან შეზღუდვის მოთხოვნის შედეგად, ევროპული პატენტი ძალაში დარჩება შეცვლილი სახით, იმ თარიღიდან, როდესაც გამოქვეყნდა ინფორმაცია ევროპული პატენტის შეცვლილი სახით ძალაში დატოვების ან მისი შეზღუდვის გადაწყვეტილების შესახებ, პატენტის მფლობელმა სამი თვის განმავლობაში უნდა წარადგინოს საქპატენტში ევროპული პატენტის შეცვლილი ან შეზღუდული სახით პატენტის აღწერილობის (გამოგონების დასახელება, გამოგონების აღწერილობა, გამოგონების ფორმულა, ნახაზები, რეფერატი) ქართული თარგმანი, რომლის სისწორეზე პასუხს აგებს პატენტრწმუნებული და გადაიხადოს გამოქვეყნებისთვის დადგენილი საფასური. მასალებს თან უნდა დაერთოს საქპატენტის მიერ დადგენილი განცხადების ფორმა. 3. თარგმანი შეიძლება წარდგენილ იქნეს დამატებითი სამთვიანი პერიოდის განმავლობაში მითითებული შესაბამისი პერიოდის ამოწურვის შემდეგ იმ პირობით, რომ დამატებითი პერიოდის განმავლობაში გამოქვეყნების საფასურზე გადაიხდება 100% დანამატი. 4. ვალიდირებული ევროპული პატენტის მფლობელს ნებისმიერ დროს შეუძლია წარმოადგინოს ვალიდირებული ევროპული პატენტის აღწერილობის შესწორებული თარგმანი პატენტრწმუნებულის მეშვეობით და მისი გამოქვეყნებისთვის გადაიხადოს დადგენილი საფასური. მასალებს თან უნდა დაერთოს საქპატენტის მიერ დადგენილი განცხადების ფორმა. 5. საქპატენტი 1 თვის ვადაში ამოწმებს წარმოდგენილი ვალიდირებული პატენტის ფორმულის თარგმანის შესაბამისობას ავთენტურ ტექსტთან და არსებითი სახის ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, მოსთხოვს პატენტის მფლობელს პატენტრწმუნებულის მეშვეობით შესწორებული თარგმანის წარდგენას 1 თვის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნება წარმოდგენილი შესწორებული თარგმანი, ევროპული პატენტი ჩაითვლება ბათილად (ab initio). 6. შესწორებული თარგმანის წარმოდგენის შემთხვევაში, საქპატენტი 1 თვის ვადაში კვლავ ამოწმებს შესწორებული თარგმანის შესაბამისობას ავთენტურ ტექსტთან და არსებითი ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში კვლავ მოსთხოვს პატენტის მფლობელს პატენტრწმუნებულის მეშვეობით შესწორებული თარგმანის წარდგენას 1 თვის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნება წარმოდგენილი შესწორებული თარგმანი ან წარმოდგენილი თარგმანი ისევ არ იქნება შესაბამისობაში ავთენტურ ტექსტთან, ევროპული პატენტი ჩაითვლება ბათილად ( ab initio). 7. საქართველოს პატენტრწმუნებულის წარმომადგენლობის უფლებამოსილება დასტურდება პატენტის მფლობელის მიერ გაცემული, წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების საქპატენტში წარმოდგენასთან ერთად.
კარი V დაცვის დამატებითი მოწმობა თავი XII დაცვის დამატებითი მოწმობა მუხლი 66. დაცვის დამატებითი მოწმობა 1. ფარმაცევტულ პროდუქტზე ან მცენარეთა დაცვის საშუალებაზე, რომელიც საქართველოში დაცულია პატენტით და რომლის საქართველოს ბაზარზე დასაშვებად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჭიროა უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა/რეგისტრაცია, შესაძლებელია პატენტის მფლობელის ან მისი უფლებამონაცვლის სახელზე გაცემულ იქნეს დაცვის დამატებითი მოწმობა შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე. 2. დაცვის დამატებითი მოწმობის მოქმედება იწყება პატენტის ვადის დასრულებისთანავე. დაცვის დამატებითი მოწმობის ვადა განისაზღვრება პატენტის განაცხადის შეტანის თარიღიდან უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის მიღების თარიღამდე გასული პერიოდით, რომელსაც აკლდება 5 წელი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს. დაცვის დამატებითი მოწმობის ძალის შენარჩუნებისთვის გადაიხდება საფასური. 4. იმ ფარმაცევტული პროდუქტისთვის, რომლის საქართველოს ბაზარზე დასაშვებად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გაცემულია უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა/რეგისტრაცია, და რომლისთვისაც ჩატარდა პედიატრიული კვლევები, რომელთა შედეგები მითითებულია პროდუქტის შესახებ ინფორმაციაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს 6 თვით. 5. პატენტიდან გამომდინარე დაცვის საზღვრებში, დაცვის დამატებითი მოწმობის დაცვის ფარგლები მოიცავს მხოლოდ ფარმაცევტულ პროდუქტს ან მცენარეთა დაცვის საშუალებას, რომლის საქართველოს ბაზარზე დასაშვებად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გაცემულია უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა/რეგისტრაცია, და ფარმაცევტული პროდუქტის ან მცენარეთა დაცვის საშუალების გამოყენებას, რაზეც გაიცა თანხმობა/რეგისტრაცია დაცვის დამატებითი მოწმობის ვადის ამოწურვამდე. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით, დაცვის დამატებითი მოწმობა მის მფლობელს ანიჭებს იმავე განსაკუთრებულ უფლებას, რასაც პატენტი. მუხლი 67. დაცვის დამატებითი მოწმობის გაცემის პირობები 1. ფარმაცევტულ პროდუქტზე ან მცენარეთა დაცვის საშუალებაზე დაცვის დამატებითი მოწმობა გაიცემა, თუ წარმოდგენილია დაცვის დამატებითი მოწმობის მიღების შესახებ განცხადება და განცხადების წარდგენის თარიღისთვის შესრულებულია შემდეგი მოთხოვნები: ა) პროდუქტი/საშუალება დაცულია პატენტით საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, პროდუქტი/საშუალება უშუალოდ არის გახსნილი პატენტში; ბ) გაცემულია უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა (სარეგისტრაციო მოწმობა ან სხვა დოკუმენტი) პროდუქტის/საშუალების საქართველოს ბაზარზე დასაშვებად; გ) პროდუქტზე/საშუალებაზე არ გაცემულა დაცვის დამატებითი მოწმობა; დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული პროდუქტის/საშუალების ბაზარზე დასაშვებობის უფლებამოსილების მინიჭების მიზნით, გაცემულია პირველი თანხმობა. 2. ისეთ პროდუქტზე/საშუალებაზე, რომელიც დაცულია ერთი და იმავე მფლობელის ერთზე მეტი პატენტით, გაიცემა მხოლოდ ერთი დაცვის დამატებითი მოწმობა. 3. თუ ერთსა და იმავე პროდუქტზე/საშუალებაზე დაცვის დამატებითი მოწმობის მოთხოვნა წარმოდგენილია ორი ან მეტი პირის მიერ, რომლებიც არიან ორი ან მეტი პატენტის მფლობელები, რომლებითაც დაცულია აღნიშნული პროდუქტი/საშუალება, თითოეულ მფლობელს შეუძლია მიიღოს მხოლოდ ერთი დაცვის დამატებითი მოწმობა. მუხლი 68. დაცვის დამატებითი მოწმობის განაცხადის წარდგენა 1. პატენტის მფლობელმა დაცვის დამატებითი მოწმობის მიღების შესახებ განცხადება საქპატენტს უნდა წარუდგინოს უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის მიღების დღიდან 6 თვის ვადაში. თუ უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა გაიცა/რეგისტრაცია განხორციელდა პატენტის გაცემამდე, პატენტის მფლობელმა განცხადება უნდა წარადგინოს პატენტის გაცემიდან 6 თვის ვადაში. დაცვის დამატებითი მოწმობის გასაცემად საქმის წარმოებისათვის გადაიხდება საფასური. 2. საქპატენტი დაცვის დამატებითი მოწმობის მიღების შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით ატარებს განაცხადის ექსპერტიზას და 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას დაცვის დამატებითი მოწმობის გაცემის შესახებ ან დაცვის დამატებითი მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. 3. დაცვის დამატებითი მოწმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქპატენტი დაცვის დამატებით მოწმობას სამრეწველო საკუთრების რეესტრში არეგისტრირებს და ამის თაობაზე ინფორმაციას აქვეყნებს ბიულეტენში. დაცვის დამატებითი რეგისტრაციისთვის და გამოქვეყნებისთვის გადაიხდება საფასური. მუხლი 69. დაცვის დამატებითი მოწმობის გაუქმება დაცვის დამატებით მოწმობას აუქმებს საქპატენტი, თუ: ა) ის გაიცა ამ ინსტრუქციის 67-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით; ბ) გაუქმდა ან ბათილად იქნა ცნობილი შესაბამისი პატენტი.
|
დოკუმენტის კომენტარები