სამხედრო აღრიცხვის ორგანიზების, გამწვევი, ცენტრალური გამწვევი და სამობილიზაციო კომისიების საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

სამხედრო აღრიცხვის ორგანიზების, გამწვევი, ცენტრალური გამწვევი და სამობილიზაციო კომისიების საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 543
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 120160010.10.003.024378
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
543
29/12/2023
ვებგვერდი, 29/12/2023
120160010.10.003.024378
სამხედრო აღრიცხვის ორგანიზების, გამწვევი, ცენტრალური გამწვევი და სამობილიზაციო კომისიების საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/12/2023 - 06/03/2024)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №543 

2023 წლის 29 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

სამხედრო აღრიცხვის ორგანიზების, გამწვევი, ცენტრალური გამწვევი და სამობილიზაციო კომისიების საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
თავდაცვის კოდექსის 55-ე მუხლის მე-7 ნაწილის, 57-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 67-ე მუხლის მე-7 ნაწილის, 68-ე მუხლის, 69-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 70-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 71-ე მუხლის მე-7 ნაწილის, 97-ე მუხლის მე-6 ნაწილის, 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 101-ე მუხლისა და 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „სამხედრო აღრიცხვის ორგანიზების, გამწვევი, ცენტრალური გამწვევი და სამობილიზაციო კომისიების საქმიანობის წესი“.
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

1. „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილება.

2. „ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №406 დადგენილება.

3. „სამობილიზაციო რეზერვისტების აღრიცხვის, სამობილიზაციო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის №276 დადგენილება.

მუხლი 3
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერმა/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელმა, მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულმა ერთეულმა/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურულმა ერთეულმა უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და შესაბამისი დოკუმენტაციის (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გადაცემის მიზნით.
მუხლი 4
1. დადგენილება, გარდა მე-3 მუხლისა, ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

2. დადგენილების მე-3 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



 

 

სამხედრო აღრიცხვის ორგანიზების, გამწვევი, ცენტრალური გამწვევი და სამობილიზაციო კომისიების საქმიანობის წესი

თავი I

ზოგადი დებულებები


მუხლი 1. რეგულირების სფერო

„სამხედრო აღრიცხვის ორგანიზების, გამწვევი, ცენტრალური გამწვევი და სამობილიზაციო კომისიების საქმიანობის წესი“ (შემდგომში − წესი) არეგულირებს სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს.  

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებანი      

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გამწვევი კომისია − სააგენტოში, სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფში შექმნილი გამწვევი კომისია (გამწვევი კომისიები) ამ წესითა და კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობის განსახორციელებლად;

ბ) მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია − მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია, რომელიც ფუნქციონირებს ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებულ წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრში;

გ) რეგისტრაციის ადგილი – კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში დაცული პირის რეგისტრაციის ადგილი;

დ) რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვა − სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის აღრიცხვა;  

ე) სააგენტო − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო;

ვ) სამხედრო აღრიცხვა – კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს მიერ პირის სამხედრო აღრიცხვა, რომლის დროსაც პირს წარმოეშობა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები;

ზ) სამხედრო-სააღრიცხვო ბარათი − დოკუმენტი, რომელიც მოიცავს წვევამდელისა და სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის სააღრიცხვო მონაცემებს;

თ) სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა − წვევამდელის ან რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ი) სპეციალური სამხედრო აღრიცხვა − სამხედრო მოსამსახურის ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის აღრიცხვა;

კ) სტრუქტურული ქვედანაყოფი − სააგენტოს წესდებით განსაზღვრული შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი;

ლ) ცენტრალური გამწვევი კომისია – თავდაცვის კოდექსის შესაბამისად შექმნილი ცენტრალური გამწვევი კომისია;

მ) წვევამდელი – წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილი პირი 27 წლის ასაკამდე;

ნ) წვევამდელის სამხედრო აღრიცხვა – იმ პირთა სამხედრო აღრიცხვა, რომელთაც სამხედრო აღრიცხვის პერიოდისთვის შეუსრულდათ 17 წელი. ასევე 17 წლიდან 27 წლამდე ასაკის პირების სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, რომლებიც არ იდგნენ სამხედრო აღრიცხვაზე.

   თავი II

სამხედრო აღრიცხვა

მუხლი 3. სამხედრო აღრიცხვის სახეები

სამხედრო აღრიცხვის სახეებია:

ა) წვევამდელის სამხედრო აღრიცხვა;

ბ) რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვა;

გ) სპეციალური სამხედრო აღრიცხვა.

მუხლი 4. სამხედრო აღრიცხვის განხორციელების ვალდებულება

1. პირის სამხედრო აღრიცხვის განხორციელება სავალდებულოა.

2. სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება:

ა) ქალი, რომელსაც სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა არ აქვს, გარდა ამ მუხლის მე-3  პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) პირი, რომელიც არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში იმყოფება;

გ) პირი, რომელმაც თავდაცვის ძალების რეზერვისთვის დადგენილ ზღვრულ ასაკს მიაღწია;

დ) პირი, რომელიც იხდის სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით;

ე) რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვის მიზნებისათვის, ამ წესის მე-10 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული პირები.

3. იმ ქალის სამხედრო აღრიცხვას, რომელსაც აქვს სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა ან რომელმაც გამოთქვა სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან/და სამხედრო სამსახურის (გარდა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა) გავლის სურვილი, ახორციელებს სააგენტო.

4. სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე ქალს, რომელიც სამხედრო აღრიცხვაზე საკუთარი სურვილით იქნა აყვანილი, უფლება აქვს, თანამდებობაზე დანიშვნამდე უარი თქვას სამხედრო სამსახურის გავლაზე. ამ შემთხვევაში, იგი მოიხსნება სამხედრო აღრიცხვიდან.

5. პირის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა ხდება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო, თუ პირს რეგისტრაციის ადგილი არ აქვს – ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

6. თუ პირი შეიცვლის რეგისტრაციის ადგილს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან ან მისი ტერიტორიული სამსახურებიდან მიღებული, თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული მონაცემები, წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის შემთხვევაში, აისახება სააღრიცხვო ანბანურ წიგნსა (დანართი №1) და სამხედრო-სააღრიცხვო ბარათში (დანართი №2), ხოლო სამობილიზაციო რეზერვში მყოფი პირის შემთხვევაში − ასევე შესაბამის ელექტრონულ სისტემაში.

7. სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად პირი თავისუფლდება სამსახურიდან/საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სამუშაო/სწავლების ადგილისა და შრომის ანაზღაურების/სტიპენდიის შენარჩუნებით.

8. პირმა, რომელმაც გაიარა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ირიცხება არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში, რის შესახებაც შესაბამისი ჩანაწერი კეთდება სააღრიცხვო ანბანურ წიგნში (დანართი №1).

9. სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, პირის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა ექვემდებარება აღდგენას მისი განცხადებისა და, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.

მუხლი 5. სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნა, სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნილი პირის ხელახალი სამხედრო აღრიცხვა

1. პირი სამხედრო აღრიცხვიდან იხსნება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) მან მიაღწია სამობილიზაციო რეზერვში ყოფნის ზღვრულ ასაკს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევისა;

ბ) იხდის სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით;

გ) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;

დ) აღიარებულ იქნა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადდა;

ე) გაწვეულ იქნა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში;

ვ) გარდაიცვალა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლის გაქარწყლების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება ხელახალ სამხედრო აღრიცხვას.

 

თავი III

წვევამდელის სამხედრო აღრიცხვა

მუხლი 6. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებული ღონისძიებები

1. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად პირის გამოძახებასა და მის წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას ახორციელებს სააგენტო.

2. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე პირის აყვანა ხორციელდება იმ წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე პერიოდში, როდესაც მას 17 წელი შეუსრულდება. 

3. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე შეიძლება, აყვანილ იქნეს 17 წლიდან  27 წლამდე პირი, რომელიც სამხედრო აღრიცხვაზე არ იმყოფება. ამ პირის წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა ხორციელდება აღნიშნული ფაქტის გამოვლენისთანავე.

4. პირის წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის უზრუნველსაყოფად, სააგენტო, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის შეჯერების საფუძველზე, ადგენს აღრიცხვაზე ასაყვან პირთა საერთო სიას (დანართი №3). საერთო სიაში არ შეიყვანება პირი, რომელიც არ ექვემდებარება წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვას.  

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესრულების უზრუნველსაყოფად, სააგენტო შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოითხოვს სტატისტიკურ ინფორმაციას, საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესით, მიღებული სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით, ყოველწლიურად, შესაბამისი წლის 1 სექტემბრიდან, სააგენტო საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან გამოითხოვს კანონმდებლობით განსაზღვრულ ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას იმ პირთა შესახებ, რომლებიც ექვემდებარებიან სამხედრო აღრიცხვას (დანართი №4).

7. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვან პირთა საერთო სიის შედგენა ფორმდება მატერიალური ან/და ელექტრონული სახით. საერთო სია ინახება არანაკლებ 12 წლის განმავლობაში.

8. მატერიალური ფორმით შედგენილ საერთო სიას ხელს აწერს სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და ადასტურებს ბეჭდით.  

9. პირის მიერ რეგისტრაციის ადგილის შეცვლის შემთხვევაში, სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ვალდებულია, 3 დღეში გადასცეს სამხედრო-სააღრიცხვო ბარათი (დანართი №2) და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან ან მისი ტერიტორიული სამსახურებიდან მიღებული შეტყობინების ასლი პირის რეგისტრაციის ადგილის შეცვლის შესახებ სააგენტოს იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც გაიარა პირმა რეგისტრაცია.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი აკეთებს სათანადო ჩანაწერს სააღრიცხვო ანბანურ წიგნში (დანართი №1).

მუხლი 7. პირთა გამოძახება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად

1. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის მიზნით, სააგენტო საერთო სიაში მითითებული პირების გამოძახებას ახორციელებს შესაბამისი უწყების (დანართი №5) მეშვეობით.

2. საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან პირთა სააგენტოში გამოძახების შესახებ შეტყობინება ხორციელდება იმ დაწესებულებების მეშვეობით, რომლებშიც სწავლობენ სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანი პირები. აღნიშნულ დაწესებულებებს სააგენტოს მიერ ეგზავნებათ შესაბამისი წერილი, უწყებებთან ერთად, განესაზღვრებათ ვალდებულება, უზრუნველყონ პირთათვის უწყებების ჩაბარება და სააგენტოსთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების მიწოდება.

3. საგანმანათლებლო დაწესებულებები, შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღეში, სააგენტოს აწვდიან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესასრულებლად ინფორმაციას:

ა) პირთა შესახებ, რომელთაც ჩაბარდათ უწყება (რაც დასტურდება პირის/უფლებამოსილი პირის მიერ უწყებაზე ხელის მოწერით);

ბ) პირთა შესახებ, რომელთაც არ ჩაბარდათ უწყება - შესაბამისი მიზეზების მითითებით.

4. სააგენტოსა (სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფს) და საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულება სააგენტოს მიაწვდის დამატებით დოკუმენტაციასა და ინფორმაციას.

5. თუ პირი უარს აცხადებს უწყების ჩაბარებაზე, გზავნილზე კეთდება სათანადო აღნიშვნა და უბრუნდება სააგენტოს. ასეთ შემთხვევაში უწყება ჩაბარებულად ითვლება.

6. უწყება ჩაბარებულად ითვლება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვან პირთან მცხოვრები ოჯახის სრულწლოვანი წევრი ჩაიბარებს უწყებას ან უარს განაცხადებს მის მიღებაზე. უწყების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, გზავნილზე კეთდება სათანადო აღნიშვნა და უბრუნდება სააგენტოს.

მუხლი  8წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა

1. სტრუქტურულ ქვედანაყოფში გამოცხადებისას, პირმა თან უნდა იქონიოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) დაბადების მოწმობა და მისი ასლი;

ბ) ოთხი ფოტოსურათი − 3X4;

გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და მისი ასლი ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის დამადასტურებელი დოკუმენტი.  

2. მიღებული ინფორმაცია აისახება პირის სამხედრო-სააღრიცხვო ბარათში, ხოლო შესაბამისი დოკუმენტები ინახება საქმეთა ნომენკლატურით გათვალისწინებულ საქმეებში. სამხედრო-სააღრიცხვო ბარათის სრულად შევსების მიზნით, სააგენტოს თანამშრომელი უფლებამოსილია, პირს დაუსვას დამატებითი კითხვები. 

3. წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანი პირი ავსებს საკომუნიკაციო ურთიერთობის შესახებ განაცხადის ფორმას (დანართი №6) ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი გადაეცემა პირს, ხოლო მეორე რჩება სააგენტოში. საკომუნიკაციო ფორმის შევსებისას, პირს განემარტება ის უფლებები და მოვალეობები, რომლებიც დაკავშირებულია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლასთან.  

4. თუ წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანი პირი, მისი ასაკის გათვალისწინებით, ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას, პირის წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული წესით წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად გამოძახების შესახებ.

5. სააგენტო, წვევამდელთა სამხედრო-სააღრიცხვო ბარათების მიხედვით, ავსებს სააღრიცხვო ანბანურ წიგნს (დანართი №1). 

6. ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ამოწმებს საერთო სიაში არსებული პირების გამოცხადებას, რომელთაც დადგენილი წესით ჩაბარდათ უწყება, აგრეთვე აზუსტებს გამოუცხადებელ პირთა რაოდენობასა და მათი გამოუცხადებლობის მიზეზებს.

7. სამხედრო აღრიცხვაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ითვლება:

ა) ავადმყოფობა, რაც დადასტურებულია შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტით;

ბ) პირის (წვევამდელის) ახლო ნათესავის (დედა, მამა, მეუღლე, შვილი, და, ძმა) ან ყოფილი მეურვის/მზრუნველის გარდაცვალება, რაც დადასტურებულია შესაბამისი დოკუმენტით;

გ) სტიქიური მოვლენით გამოწვეული ან სხვა დაუძლეველი გარემოებები.

8. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ გადაწყვეტილებასა და სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს (მათ შორის, დოკუმენტურად) წვევამდელს აცნობს შესაბამისი უფლებამოსილი პირი.

9. 27 წელს მიღწეული პირი იხსნება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან.

10. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა და აღრიცხვიდან მოხსნა ფორმდება სააგენტოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 9. პირის უფლება-მოვალეობები წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით

1. პირი ვალდებულია, წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად გამოცხადდეს შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირის გამოძახებით.

2. საცხოვრებელი (რეგისტრაციის) ადგილის შეცვლისას პირი წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად 2 კვირის ვადაში უნდა გამოცხადდეს ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.  

3. საზღვარგარეთ 1 თვეზე მეტი ვადით ყოფნის შემთხვევაში, ამ ვადის დასრულებიდან 2 კვირის ვადაში პირი ვალდებულია, გამოცხადდეს წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში, ხოლო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება აღნიშნულის შესახებ სააგენტოს აცნობებს 2 კვირის ვადაში.

4. სააგენტოში ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში გამოცხადებულ პირს განემარტება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის წესი, კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება პირის შესახებ ინფორმაციას უგზავნის სააგენტოს, რის შემდეგაც, ხდება მისი სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა და სამხედრო-სააღრიცხვო ბარათის (დანართი №2) შედგენა.

5. სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილ პირებს ეძლევათ სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (სამხედრო ბილეთი) (დანართი №7), შესაბამისი უწყისის (დანართი №8) ხელმოწერის საფუძველზე.

6. სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, პირი ვალდებულია, სააგენტოს მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია თავისი ოჯახური მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის (ფაქტობრივი და რეგისტრაციის), სამუშაო ადგილისა და თანამდებობის შეცვლის, განათლების შესახებ, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში.

თავი IV

რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვა

მუხლი  10. რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვა 

1. რეზერვისტის აღრიცხვა გულისხმობს სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირების აღრიცხვას.

2. რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვა ხორციელდება თავდაცვის კოდექსითა და ამ წესის შესაბამისად.

3. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირების აღრიცხვას ახორციელებს სააგენტო.

4. სამობილიზაციო რეზერვში ყოფნის ზღვრული ასაკი განისაზღვრება 60 წლამდე. 60 წელს გადაცილებული პირი სურვილის შემთხვევაში შეიძლება, დარჩეს ან ჩაირიცხოს სამობილიზაციო რეზერვში 5 წლამდე ვადით, რაც ფორმდება სააგენტოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. სამობილიზაციო რეზერვში პირის ჩარიცხვა ფორმდება სააგენტოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

6. სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვა ხორციელდება სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით და მასში აისახება თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული მონაცემები. სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონულ სისტემას შეიძლება, ჰქონდეს საიდუმლო ნაწილი.

7. პირი, რომელსაც არ გააჩნია სამხედრო წოდება, სამობილიზაციო რეზერვში ირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით.

8. პირი, რომელსაც არ გააჩნია სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა (კვალიფიკაცია), სამობილიზაციო რეზერვში ირიცხება „მსროლელის“ სპეციალობით (კვალიფიკაციით).

9. მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო პირს გადასცემს სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობას (სამხედრო ბილეთი) (დანართი №7), შესაბამისი უწყისის (დანართი №8) ხელმოწერის საფუძველზე.

10. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირზე, სამხედრო-სააღრიცხვო ბარათთან ერთად (დანართი №2), შეიძლება, შეიქმნას პირადი საქმე, რომელიც შესაძლებელია, საფუძვლად დაედოს ელექტრონულ სისტემაში შეყვანილ პირად მონაცემებს.

11. სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვას არ ექვემდებარება: 

ა) სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე ქალი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას თავდაცვის ძალების რეზერვში ჩარიცხვა სურს;

ბ) პირი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისთვის შეუსაბამოდ არის ცნობილი;

გ) 60 წელს მიღწეული პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი საკუთარი სურვილით დარჩება ან ჩაირიცხება სამობილიზაციო რეზერვში;

დ) პირი, რომელსაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი;

ე) პირი, რომლის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადა ამოიწურა − ამ ვადის ამოწურვიდან აღნიშნული სტატუსის გადამოწმებამდე პერიოდში, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა.

12. პირის სამობილიზაციო რეზერვიდან ამორიცხვის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონულ სისტემაში უნდა დაარქივდეს სამობილიზაციო რეზერვისტთან დაკავშირებული ინფორმაცია. ეს ინფორმაცია 75 წლის განმავლობაში ინახება და შემდეგ იშლება სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული სისტემიდან.

მუხლი 11. სამობილიზაციო კომისიის შემადგენლობა და გადაწყვეტილებები

1. სამობილიზაციო კომისიის შემადგენლობაა:

ა) კომისიის თავმჯდომარე − სააგენტოს ხელმძღვანელი;

ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე − სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი;

გ) კომისიის წევრი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და სააგენტოს არა უმეტეს 5 მოსამსახურისა;

დ) კომისიის მდივანი – სააგენტოს მოსამსახურე.

2. სამობილიზაციო კომისიაზე განსახილველი საკითხებიდან გამომდინარე, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომპეტენციისა და საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით, კომისიის სხდომაზე სათათბირო ხმის უფლების გარეშე შეიძლება, მიწვეულ იქნენ სახელმწიფო დაწესებულებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, შესაბამისი დარგის ექსპერტები  ან სხვა პირები.

3. სამობილიზაციო კომისია სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გასავლელად გამოძახებულ პირთან დაკავშირებით იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურისგან გათავისუფლებისა და რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ;

ბ) სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლის გადავადების შესახებ;

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ან/და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებზე უარის თქმის შესახებ.

მუხლი 12. სამობილიზაციო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი

1. სამობილიზაციო კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

2. სამობილიზაციო კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

3. სამობილიზაციო კომისიის ის წევრი, რომელიც არ ეთანხმება კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, უფლებამოსილია, წერილობით დააფიქსიროს განსხვავებული აზრი, რაც დაერთვება კომისიის სხდომის ოქმს.

4. სამობილიზაციო კომისიის გადაწყვეტილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს იმ სამედიცინო კომისიის დასკვნას, რომელმაც შეამოწმა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამხედრო სამსახურისთვის მისი შესაბამისობის დასადგენად.

5. სამობილიზაციო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კომისიის მდივნის მიერ ფორმდება ოქმის სახით (დანართი №9). ოქმში უნდა მიეთითოს:

ა) ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება;

ბ) სხდომის გამართვის თარიღი და ადგილი;

გ) კომისიის თავმჯდომარისა და დამსწრე წევრთა ვინაობა;

დ) განსახილველი საკითხები;

ე) მიღებული გადაწყვეტილება.

6. სამობილიზაციო კომისიას აქვს ბეჭედი, საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.

7. სამობილიზაციო კომისიის შეკრების ყოველ სამუშაო დღეს დგება თითო ოქმი. სხდომის ოქმის ყოველი გვერდი მოწმდება სამობილიზაციო  კომისიის ბეჭდით, ხოლო ოქმის ბოლო გვერდზე ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და ყოველი დამსწრე წევრი.

8. ოქმი აღირიცხება სამობილიზაციო კომისიის ოქმების რეგისტრაციის ჟურნალში (დანართი №10) და ინახება კომისიის საქმეთა ნომენკლატურით განსაზღვრულ საქმეში.

9. პირს სამობილიზაციო კომისიის გადაწყვეტილებას უცხადებს თავმჯდომარე. პირს უფლება აქვს, მოითხოვოს შესაბამისი ოქმის ამონაწერი.

10. სამობილიზაციო კომისია უფლებამოსილია, პირის გამოძახების გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული, დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამისი საფუძველი.

თავი V

სპეციალური სამხედრო აღრიცხვა

მუხლი 13სპეციალური სამხედრო აღრიცხვ

1. სპეციალურ სამხედრო აღრიცხვაზე აიყვანება სამხედრო მოსამსახურე ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი.

2. პირის სპეციალურ სამხედრო აღრიცხვას ახორციელებს ის უწყება, რომელშიც იგი სამსახურს გადის.

მუხლი 14სპეციალური სამხედრო აღრიცხვის წესი

1. პირის სპეციალურ აღრიცხვაზე აყვანა ხორციელდება შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. სპეციალურ სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილი პირი იხსნება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან ან/და რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვიდან.

3. შესაბამისი უწყება ვალდებულია, სააგენტოს 10 კალენდარული დღის ვადაში შეატყობინოს პირის სპეციალურ აღრიცხვაზე აყვანის შესახებ.

4. სააგენტო შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღეში ხსნის პირს წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან ან/და რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვიდან და სათანადო ჩანაწერს აკეთებს სააღრიცხვო ანბანურ წიგნში (დანართი №1).

5. სამხედრო მოსამსახურის ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, შესაბამისი უწყება 2 კვირის ვადაში სააგენტოს უგზავნის დოკუმენტს პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს მიერ აღირიცხება ცალკე.

თავი VI

ცენტრალური გამწვევი კომისია

მუხლი 15. ცენტრალური გამწვევი კომისია

1. ცენტრალური გამწვევი კომისია იქმნება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესის საერთო ხელმძღვანელობის, კოორდინაციისა და კონტროლის მიზნით.

2. ცენტრალურ გამწვევ კომისიას აქვს ბლანკი და ბეჭედი. ცენტრალურ გამწვევ კომისიას შესაძლებელია, ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა რეკვიზიტები.

3. ცენტრალური გამწვევი კომისია უფლებამოსილია:

ა) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებთან დაკავშირებით გამოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სააგენტოდან ან/და მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიიდან;

ბ) ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობიდან შექმნას სამუშაო ჯგუფი და განსაზღვროს ამ ჯგუფის ხელმძღვანელი (შემკრებ-გამანაწილებელი ცენტრის უფროსი);

გ) მიიღოს გადაწყვეტილებები მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.

4. ცენტრალური გამწვევი კომისიის საქმისწარმოებას, კომისიის სხდომების მოწვევასა და ჩატარებას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სააგენტო.

მუხლი 16. ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობა

1. ცენტრალური გამწვევი კომისიის თავმჯდომარე − საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

2. ცენტრალური გამწვევი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე (თანათავმჯდომარე) − საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე − გენერალური შტაბის უფროსი.

3. ცენტრალური გამწვევი კომისიის წევრები:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

ბ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;

დ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;

ე) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე;

ვ) ამ პუნქტის „ა“ – „ე“ ქვეპუნქტებში მოცემული დაწესებულებების, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სააგენტოს წარმომადგენელი/წარმომადგენლები.  

4. ცენტრალური გამწვევი კომისიის მდივანი − სააგენტოს წარმომადგენელი.

5. ცენტრალური გამწვევი კომისია, განსახილველი საკითხებიდან გამომდინარე, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომპეტენციისა და საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით, კომისიის სხდომაზე სათათბირო ხმის უფლების გარეშე უფლებამოსილია, მიიწვიოს სახელმწიფო დაწესებულებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, შესაბამისი დარგის ექსპერტები ან სხვა პირები.

მუხლი 17. ცენტრალური გამწვევი კომისიის საქმიანობის წესი

1. ცენტრალური გამწვევი კომისიის სხდომას კონკრეტული დღის წესრიგით იწვევს ცენტრალური გამწვევი კომისიის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან ამავე კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით.

2. ცენტრალური გამწვევი კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

3. ცენტრალური გამწვევი კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის 1/3-ისა.

4. ცენტრალური გამწვევი კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. კომისიის სხდომის ოქმიდან ამონაწერს ხელს აწერს კომისიის მდივანი. სხდომის ოქმში აისახება კომისიის წევრის კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავშეკავების, უარის თქმის მიზეზის ან/და სხდომაზე  გამოთქმული განსხვავებული აზრის შესახებ.

5. ცენტრალური გამწვევი კომისიის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს ცენტრალური გამწვევი კომისიის საქმიანობას და  უძღვება კომისიის სხდომებს;

ბ) უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით მოიწვიოს კომისიის სხდომა კონკრეტული დღის წესრიგით;

გ) ხელს აწერს ცენტრალური გამწვევი კომისიის სხდომის ოქმსა და კომისიის სხვა დოკუმენტაციას.

6. ცენტრალური გამწვევი კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე (თანათავმჯდომარე) ან კომისიის თავმჯდომარის დავალებით − კომისიის სხვა წევრი.

7. ცენტრალური გამწვევი კომისიის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის სხდომების მომზადებას, კომისიის საქმისწარმოებასა და კომისიის სხდომის ოქმის შედგენას.

თავი VII

გამწვევი კომისია

მუხლი 18. გამწვევი კომისიის შექმნა

1. გამწვევი კომისია იქმნება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში პირის გაწვევის მიზნით.  

2. გამწვევი კომისია იქმნება სტრუქტურულ ქვედანაყოფებში.

3. გამწვევი კომისიის შემადგენლობას სააგენტოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.    

4. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომპეტენციისა და საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით, კომისიის სხდომაზე სათათბირო ხმის უფლების გარეშე შეიძლება, მიწვეულ იქნენ სახელმწიფო დაწესებულებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, შესაბამისი დარგის ექსპერტები ან სხვა პირები.

5. სააგენტო გამწვევ კომისიას უზრუნველყოფს სათანადო სამუშაო პირობებით და იღებს შესაბამის ზომებს გამწვევ კომისიაში პირთა ორგანიზებულად გამოცხადებისათვის.  

6. გამწვევ კომისიას აქვს ბეჭედი საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.

მუხლი 19. გამწვევ კომისიაზე გამოძახება

1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების ძალაში შესვლის შემდეგ, სააგენტო, გაწვევის ვადების, გაწვევის სპეციფიკისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს გაწვევის ჩატარების გეგმას. აღნიშნული გეგმიდან ამონაწერი ეგზავნებათ სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს.

2. გამწვევ კომისიაზე წვევამდელთა გამოძახება ხდება როგორც პერსონალურად უწყების ჩაბარებით, ასევე სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით შეტყობინების განხორციელებით. წვევამდელს უწყება შეიძლება, ჩაბარდეს რეგისტრაციის ადგილის, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის, სამუშაო ადგილის მისამართებზე ან სააგენტოსთვის ცნობილ სხვა ნებისმიერ მისამართზე. წვევამდელთა გამოძახების ფორმის შერჩევისას, სააგენტო ხელმძღვანელობს პირის მიერ შევსებული საკომუნიკაციო ურთიერთობის შესახებ განაცხადის ფორმაში (დანართი №6) მითითებული მონაცემებით.

3. გამოძახების შემთხვევაში, წვევამდელი ვალდებულია, გამწვევი კომისიის სხდომაზე გამოცხადდეს განსაზღვრულ ვადაში.

4. თუ წვევამდელი უარს აცხადებს უწყების ჩაბარებაზე, გზავნილზე კეთდება სათანადო აღნიშვნა და უბრუნდება სააგენტოს. ასეთ შემთხვევაში, უწყება ჩაბარებულად ითვლება.

5. უწყება ჩაბარებულად ითვლება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ წვევამდელთან მცხოვრები ოჯახის სრულწლოვანი წევრი ჩაიბარებს უწყებას ან უარს განაცხადებს მის მიღებაზე. ასეთ შემთხვევაში გზავნილზე კეთდება სათანადო აღნიშვნა და უბრუნდება სააგენტოს.

6. გამწვევ კომისიაზე წვევამდელთა ორგანიზებულად გამოძახებას უზრუნველყოფს სააგენტო. სააგენტო ვალდებულია, აკონტროლოს წვევამდელთა გამწვევ კომისიაზე გამოცხადების პროცესი და, არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. 

7. გამწვევ კომისიაზე წვევამდელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, 3 სამუშაო დღის ვადაში დგება შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი და დაუყოვნებლივ იგზავნება სასამართლოში.

8. სააგენტო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, 5 დღის ვადაში წერილობით მიმართავს იმ პირის მოძებნის შესახებ, რომელიც თავს არიდებს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას.

9. წვევამდელთა შესახებ ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, სააგენტო ამოწმებს სათანადო მონაცემებს. მონაცემების შემოწმების შემდეგ, სამხედრო-სააღრიცხვო ბარათში (დანართი №2) კეთდება შესაბამისი ჩანაწერი, ხოლო წვევამდელი წარედგინება გამწვევ კომისიას.

10. სამხედრო-სააღრიცხვო ბარათში გაკეთებული ნებისმიერი შესწორება დასტურდება სააგენტოს შესაბამისი თანამდებობის პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.

11. თუ სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირი ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას და შესაბამის გაწვევის ვადებში შეიცვლის რეგისტრაციის ადგილს, შესაძლებელია, მისი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განახორციელოს სააგენტოს იმ სტრუქტურულმა ქვედანაყოფმა, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც პირს ჰქონდა რეგისტრაცია.

12. გამწვევ კომისიაზე გამოძახებული პირი, რომელიც „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სინდისის, აღმსარებლობის ან რწმენის თავისუფლების მოტივით, უარს აცხადებს სამხედრო სამსახურზე, გამწვევ კომისიას მიმართავს შესაბამისი განცხადებით.

13. გამწვევი კომისია ვალდებულია, 20 დღის ვადაში განიხილოს პირის განცხადება და იგი, მის სამხედრო-სააღრიცხვო ბარათთან ერთად, საბოლოო დასკვნის გამოსატანად არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიას გაუგზავნოს.

14. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე უარის თქმის შესახებ პირთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პირის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა ხორციელდება საერთო წესით.

მუხლი 20. გამწვევი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი

1. გამწვევი კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

2. გამწვევი კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

3. გამწვევი კომისიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, უფლებამოსილია, წერილობით დააფიქსიროს განსხვავებული აზრი, რაც დაერთვება კომისიის სხდომის ოქმს.

4. გამწვევი კომისია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია, წვევამდელის მიმართ მიიღოს გადაწყვეტილება:

ა) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ;

ბ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ;

გ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების შესახებ.

5. გამწვევი კომისია გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ კანონის საფუძველზე. მისი გადაწყვეტილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს იმ სამედიცინო კომისიის დასკვნას, რომელმაც შეამოწმა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამხედრო სამსახურისთვის მისი შესაბამისობის დასადგენად.

6. გამწვევი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კომისიის მდივნის მიერ ფორმდება ოქმის სახით (დანართი №9). ოქმში მიეთითება:

ა) ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება;

ბ) სხდომის გამართვის თარიღი და ადგილი;

გ) კომისიის თავმჯდომარისა და დამსწრე წევრთა ვინაობა;

დ) მიღებული გადაწყვეტილება.

7. გამწვევი კომისიის შეკრების ყოველ სამუშაო დღეს დგება თითო ოქმი. სხდომის ოქმის ყოველი გვერდი მოწმდება გამწვევი კომისიის ბეჭდით, ხოლო ოქმის ბოლო გვერდზე ხელს აწერენ გამწვევი კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და ყოველი დამსწრე წევრი.

8. ოქმი აღირიცხება გამწვევი კომისიის ოქმების რეგისტრაციის ჟურნალში (დანართი №11) და ინახება გამწვევი კომისიის საქმეთა ნომენკლატურით განსაზღვრულ საქმეში.

9. პირის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის მისთვის ამ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობისთანავე.

10.  პირის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების გაცნობა ხდება თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული წესით.

11. სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილების მიღებამდე, პირს შესაძლებელია, ჩამოერთვას სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა.

12. გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ითვლება:

ა) ავადმყოფობა, რაც დადასტურებულია შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ;

ბ) პირის (წვევამდელის) ახლო ნათესავის (დედა, მამა, მეუღლე, შვილი, და, ძმა) ან ყოფილი მეურვის/მზრუნველის გარდაცვალება, რაც დადასტურებულია შესაბამისი დოკუმენტით;

გ) სტიქიური მოვლენით გამოწვეული ან სხვა დაუძლეველი გარემოება.

13. გამწვევი კომისიის სხდომაზე გამოცხადებისაგან შეიძლება, გათავისუფლდეს ის პირი, რომლის გამოცხადების გარეშეც შესაძლებელია გადაწყვეტილების მიღება მისი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან მისთვის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ.

14. თუ გამწვევი კომისიის მიერ წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იგი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებულ წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრში არ ცხადდება ან წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრს თვითნებურად ტოვებს, სააგენტო შესაბამის მასალებს სამართალდამცავ ორგანოებს გადასცემს.

15. გამწვევი კომისიის მიერ წვევამდელთა გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სააგენტო წვევამდელს აბარებს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის უწყებას (დანართი №5).

თავი VIII

შემკრებ-გამანაწილებელი ცენტრი და სამუშაო ჯგუფი

მუხლი 21. წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი ცენტრი

1. წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი ცენტრი იქმნება ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ცენტრების მისამართებზე.  

2. პირის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სააგენტო წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრში მოქმედ სამუშაო ჯგუფს უგზავნის შემდეგ დოკუმენტაციას:

ა) წვევამდელთა სახელობით სიას (4 ეგზემპლარი) (დანართი №12);

ბ) წვევამდელის პირადობის მოწმობის ასლს;

გ) სამხედრო-სააღრიცხვო ბარათს (დანართი №2);

დ) სამხედრო ნამსახურების ბარათს (დანართი №13);

ე) წვევამდელის სამედიცინო შემოწმების ბარათს (3 ეგზემპლარი).

3. წვევამდელების ორგანიზებულად განაწილება ხორციელდება წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი ცენტრიდან.

მუხლი 22. ცენტრალური გამწვევი კომისიის სამუშაო ჯგუფი

1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირთა განაწილების მიზნით, ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებულ შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრში ფუნქციონირებს ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობიდან შექმნილი სამუშაო ჯგუფი (შემდგომში − სამუშაო ჯგუფი). სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას, შესაბამის უწყებებთან შეთანხმებით, განსაზღვრავს სააგენტოს ხელმძღვანელი.

2. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, მოახდინოს წვევამდელთა განაწილება შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებათა მიხედვით.

3. სამუშაო ჯგუფის უფროსი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირთა დოკუმენტაციას უგზავნის შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებს.

4. სამუშაო ჯგუფის უფროსი სააგენტოს პერიოდულად აწვდის ინფორმაციას წვევამდელთა გაწვევის მიმდინარეობის შესახებ.

5. სამუშაო ჯგუფის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფის უფროსის დავალებით, მის მოვალეობას ასრულებს სამუშაო ჯგუფის წევრი.

6. სამუშაო ჯგუფი განსაზღვრავს იმ უწყებას, რომელშიც წვევამდელმა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური უნდა გაიაროს.  

თავი IX

სამედიცინო შემოწმება

მუხლი 23. მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია

1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირის სამედიცინო შემოწმებას ახორციელებს მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია.

2. მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია სამედიცინო შემოწმების ჩატარებისას ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრული სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის ორგანიზებისა და განხორციელების წესითა და შესაბამისი დაავადებების/ ტრავმების ნუსხით.   

3. მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია სამედიცინო შემოწმების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი სამედიცინო გამოკვლევის) ჩატარების შემდეგ, ადგენს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის შესაბამისობის ხარისხსა და კატეგორიას. 

4. მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია, შემოწმების შემდეგ, წვევამდელის შესახებ იძლევა დასკვნას სამხედრო სამსახურისთვის მისი შესაბამისობის თაობაზე, შემდეგი კატეგორიების მიხედვით:  

ა) შესაბამისია სამხედრო სამსახურისთვის;

ბ) შესაბამისია სამხედრო სამსახურისთვის უმნიშვნელო შეზღუდვით;

გ) შეზღუდულად შესაბამისია სამხედრო სამსახურისთვის;

დ) დროებით შეუსაბამოა სამხედრო სამსახურისთვის;

ე) შეუსაბამოა სამხედრო სამსახურისთვის.

5. მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ წვევამდელის სამედიცინო შემოწმების შემდეგ სამხედრო ნამსახურების ბარათსა (დანართი №13) და წვევამდელთა სახელობით სიაში (დანართი №12) კეთდება აღნიშვნა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიის მითითებით.

6. სამედიცინო შემოწმების ჩატარების დროს პირი თავისუფლდება სამსახურიდან/საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სამუშაო/სწავლების ადგილისა და შრომის ანაზღაურების/სტიპენდიის შენარჩუნებით.

7. თუ წვევამდელის მიმართ მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია მიიღებს/გამოიტანს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“, „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას/დასკვნას, გამწვევი კომისია ვალდებულია, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან/დასკვნის გამოტანიდან 10 დღის ვადაში ძალადაკარგულად გამოაცხადოს წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება და მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“, „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების/დასკვნის მიღებიდან/გამოტანიდან გამწვევი კომისიის გადაწყვეტილების გაუქმებამდე წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა დაუშვებელია.

8. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის პირის მოსამზადებლად განსახორციელებელი სამკურნალო-პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი ღონისძიებები, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირისთვის (წვევამდელისთვის) ჩატარებული დამატებითი სამედიცინო გამოკვლევა და მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ შესრულებული სამუშაოები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.

მუხლი 24. მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის შემადგენლობა

1. მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის შემადგენლობა:

ა) შინაგანი მედიცინის სპეციალისტი − კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ზოგადი ქირურგი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

გ) კარდიოლოგი;

დ) ოტორინოლარინგოლოგი;

ე) ორთოპედ-ტრავმატოლოგი;

ვ) ფთიზიატრი;

ზ) დერმატო-ვენეროლოგი;

თ) ფსიქიატრი;

ი) ნევროპათოლოგი;

კ) რადიოლოგი;

ლ) სტომატოლოგი;

მ) ექიმი ლაბორანტი;

ნ) ლაბორანტი.

2. კომისიის მდივანი − სააგენტოს წარმომადგენელი.

3. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესის საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, შეიქმნას ერთი ან ერთზე მეტი მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია.

მუხლი 25. რეზერვისტის სამედიცინო შემოწმება

1. სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება (გადამოწმება) ხდება იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც აქვს სააგენტოს.

2. სამედიცინო შემოწმება პირს შესაძლებელია, ჩაუტარდეს სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გამოძახების შემდეგ, რომელიც ტარდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრული სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის ორგანიზებისა და განხორციელების წესითა და შესაბამისი დაავადებების/ტრავმების ნუსხით.

თავი X

დოკუმენტბრუნვა და ელექტრონული სისტემა/ბაზა

მუხლი 26. საქმისწარმოება და ელექტრონული დოკუმენტბრუნვა

1. სააგენტოს ხელმძღვანელი, დოკუმენტბრუნვის მოწესრიგების მიზნით, ამტკიცებს საქმეთა ნომენკლატურას, აგრეთვე შესული და გასული დოკუმენტების აღრიცხვის ჟურნალებს.

2. სააგენტო უფლებამოსილია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აწარმოოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვა, ელექტრონული ასლის სახით შეინახოს და გასცეს მის მიერ შექმნილი ან მასთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ელექტრონულ ასლებსა და მათ ამონაბეჭდებს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც დედან დოკუმენტებს. სისტემა უზრუნველყოფს ელექტრონული დოკუმენტების დადასტურებას ავტომატურ რეჟიმში.

4. სააგენტოს მიერ გამოცემულ (გაცემულ) დოკუმენტში მონაცემები შეიძლება, შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული სახით.

5. სააგენტოში არსებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის საქმისწარმოებისა და მისი დაცვის რეჟიმის უზრუნველყოფისას, სააგენტო მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 27. სამხედრო აღრიცხვასთან, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზებასთან დაკავშირებული ელექტრონული სისტემა

1. სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზების მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება შესაძლებელია ელექტრონული სისტემის/ბაზების მეშვეობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესასრულებლად, უზრუნველყოფილია სააგენტოს წვდომა თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ  ელექტრონულ სისტემებთან/ბაზებთან.

3. შესაბამისი სუბიექტები, კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულნი არიან, ხელი შეუწყონ ამ მუხლით გათვალისწინებული ელექტრონული სისტემების/ბაზების შეუფერხებელ და გამართულ ფუნქციონირებას.

4. თავდაცვის კოდექსითა და ამ წესით გათვალისწინებულ ელექტრონულ სისტემებს/ბაზებს, ადმინისტრირებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ახორციელებს სააგენტო.

5. თავდაცვის კოდექსითა და ამ წესით განსაზღვრული მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად, სათანადო ელექტრონული სისტემების/ ბაზების ფუნქციონირების, წარმოებისა და მათზე ხელმისაწვდომობის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, სააგენტოსა და შესაბამის სუბიექტს შორის შესაძლებელია, გაფორმდეს ურთიერთშეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების ფორმებს, ვადებსა და სხვა პირობებს. 

6. ელექტრონულ სისტემას/ბაზას შეიძლება, გააჩნდეს საიდუმლო ნაწილი.

7. თავდაცვის კოდექსის თანახმად, ამ წესის მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, სამხედრო აღრიცხვასა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველსაყოფად და სტატისტიკის საწარმოებლად, კანონიერი მიზნის მიღწევისთვის აუცილებელი მოცულობით.

8. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს/სააგენტოს მიერ ელექტრონული სისტემის/ბაზების გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.