მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ

მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 512
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 430020000.10.003.024345
512
25/12/2023
ვებგვერდი, 28/12/2023
430020000.10.003.024345
მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №512

2023 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესი“.

 

მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 8 აგვისტოს №293 დადგენილება.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულება

„მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესი“ (შემდგომში  − წესი) განსაზღვრავს მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების პირობებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენი – საქართველოს ეროვნული/ასაკობრივი ნაკრები გუნდის ან საქართველოს ეროვნულ სპორტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებული სპორტული კლუბის წევრი, რომელიც მონაწილეობას იღებს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე, საჭადრაკო ოლიმპიადაზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ან უმაღლესი რანგის საერთაშორისო საკლუბო სპორტულ ტურნირებზე ან/და მათთან დაკავშირებულ განუყოფელ ღონისძიებებში სპორტის იმ სახეობაში, რომლის შესაბამისი ეროვნული სპორტული ორგანიზაცია აღიარებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;

გ) პირობითი სტუდენტი – მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენი, რომელიც ამ წესის შესაბამისად ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

მუხლი 3. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა

1. მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენს, რომელიც ამ წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებაში მონაწილეობის გამო ვერ ახერხებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღებას, უფლება აქვს, პირობით ჩაირიცხოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის ან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე.

2. მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენთა სია, რომელთაც უფლება აქვთ, პირობით ჩაირიცხონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვის მსურველმა მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენმა შესაბამისი წლის პირველ სექტემბრამდე განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო).

4. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვის მსურველმა მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენმა განცხადებას უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. თუ პირმა უცხო ქვეყანაში მიიღო სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება, უნდა წარადგინოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის დამოწმებული ასლი;

გ) ამ წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის ჩარიცხვას ახორციელებს განცხადებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

6. კერძო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, თანხმობის შემთხვევაში, მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის ჩარიცხვას ახორციელებს განცხადებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

მუხლი 4. განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების განხილვა

1. ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ამავე წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებთან ამოწმებს სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტი და, ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად.

2. პირის მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის სტატუსთან შესაბამისობას ადასტურებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სამინისტროს მიერ წარდგენილი პირობითი სტუდენტის სტატუსის მოპოვების მსურველ პირთა ერთიანი ნუსხისა და განცხადებაზე თანდართული შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე.

3. თუ განმცხადებელი ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განსაზღვრულ ვადაში არ გამოასწორებს ხარვეზს, სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტი იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

მუხლი 5. პირობითი სტუდენტის სტატუსი

1. პირობითი სტუდენტი სარგებლობს სტუდენტის ყველა უფლებით და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა.

2. პირობითი სტუდენტის სტატუსი მოქმედებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვიდან 1 წლის განმავლობაში და წყდება აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

3. პირობითი სტუდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ისეთი გაუარესებისას, რაც გამორიცხავს მის მონაწილეობას პირობითი სტუდენტის სტატუსის მოპოვების მომდევნო წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში, სამინისტრო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება პირობითი სტუდენტის სტატუსის არაუმეტეს 1 წლით გახანგრძლივების შესახებ.

4. პირობითი სტუდენტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს პირობითი სტუდენტის სტატუსის მოპოვების/გახანგრძლივების მომდევნო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე.

5. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აღიარებს პირობითი სტუდენტის მიერ მოპოვებულ კრედიტებს.  

მუხლი 6. პირობითი სტუდენტის სწავლის დაფინანსება

პირობით ჩარიცხული სტუდენტი სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებას მოიპოვებს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შემთხვევაში, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.   

მუხლი 7. გარდამავალი დებულება

ეს წესი ასევე გავრცელდეს იმ მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენებზე, რომლებმაც ამავე წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებაში მონაწილეობის გამო ვერ შეძლეს 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა და, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვის მიზნით, განცხადებით მიმართეს სამინისტროს 2023 წლის 1 სექტემბრამდე.