„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის“ დებულების დამტკიცების შესახებ

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის“ დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 94
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016827
94
21/12/2023
ვებგვერდი, 22/12/2023
010250020.35.160.016827
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის“ დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №94

2023 წლის 21 დეკემბერი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის“ დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის საფუძველზე, შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარი შეროზია



დანართი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების და ახალგაზრდულ

საქმეთა სამსახურის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – რუსთავის) განათლების და ახალგაზრდობის სფეროების მართვის მიზნით შექმნილი რუსთავის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სამსახურს მიკუთვნებული სფეროში მუნიციპალური პროგრამების მართვას, მათი განხორციელების კონტროლს, ერთიანი პოლიტიკის შემუშავება. ასევე უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული რუსთავის იურიდიული პირების (შემდგომში – იურიდიული პირები) ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პირობების შექმნას, განათლების და ახალგაზრდობის სფეროს მიკუთვნებული საკითხების მართვასა და კოორდინაციას, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის ობიექტების განვითარებასა და აღნიშნულ სფეროში მონიტორინგის განხორციელებას, სამსახურის ფუნქციებიდან გამომდინარე სხვა საკითხების გადაწყვეტას.

2. სამსახურის უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.

3. სამსახური მოქმედებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.

4. სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას.

5. სამსახურს აქვს დებულება, ბლანკი, ასევე შეიძლება ჰქონდეს ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით. აგრეთვე, ამ სტატუსის მქონე სტრუქტურული ერთეულისთვის ნებადართული სხვა ოფიციალური რეკვიზიტები

6. სამსახური ანგარიშვალდებულია რუსთავის მერის წინაშე.

7. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს რუსთავის მერი ან/და რუსთავის მერის ერთ-ერთი მოადგილე.

8. სამსახურის ადგილსამყოფელია: საქართველო, 3700 ქალაქი რუსთავი, კოსტავას გამზირი №20. ქ.

თავი II

სამსახურის ფუნქციები და განყოფილებები

მუხლი 2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) განათლების და ახალგაზრდული სფეროს განვითარების მიზნით ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და განსაზღვრა;

ბ) განათლების და ახალგაზრდული სფეროს განვითარების მიზნით მუნიციპალური პროგრამების შემუშავება, კოორდინაცია;

გ) ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და კოორდინაცია;

დ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია;

ე) სამსახურის საქმიანობის სფეროში მოქმედი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა;

ვ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებების, მემორანდუმებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის პროექტების მომზადება;

ზ) კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პროცედურების განხორციელება;

თ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ბიუჯეტისა და სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და მათი შესრულება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო უწყებებში, ფიზიკურ, იურიდიულ პირებთან და სასამართლოებში;

კ) საქართველოს კანონმდებლობითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა და ფუნქციური გადანაწილება

1. სამსახურის უფლება-მოვალეობების უზრუნველსაყოფად სამსახურში იქმნება შემდეგი მეორადი სტრუქტურული ერთეულები:

ა) განათლების განყოფილება;

ბ) ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება;

2. განათლების განყოფილების ფუნქციებია:

ა) განათლების სფეროს პროგრამების მომზადება, მართვა და ორგანიზება, პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება მუნიციპალურ დონეზე, შესაბამისი მონიტორინგის განხორციელება;

ბ) მონაწილეობის მიღება განათლების სფეროს პერსპექტიული განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრაში, აგრეთვე, ამ სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავებაში;

გ) საერთაშორისო პროგრამებში მუნიციპალიტეტის ჩართულობის ხელშეწყობა და განათლების სფეროს განვითარებისათვის არასაბიუჯეტო სახსრების (გრანტების და სხვა სახსრების) მოზიდვა;

დ) მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლების განვითარების ხელშეწყობა;

ე) მუნიციპალიტეტში სკოლისგარეშე, ზოგადი განათლების, პროფესიული და ზრდასრულთა განათლების, უწყვეტი განათლების განვითარების ხელშეწყობა, შესაბამისი ღონისძიებების, პროექტებისა და პროგრამების განხორციელება, ამ მიზნით თანამშრომლობის გაღრმავება ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ვ) წარმატებული სტუდენტების წახალისება და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სტუდენტებისთვის;

ზ) განათლების სფეროში დამეგობრებული და აგრეთვე სხვა ქალაქების შესაბამის სამსახურებთან ერთად თანამშრომლობის კოორდინაცია, არსებული ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა და ახალი ურთიერთობების დამყარება;

თ) მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო სფეროს ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა და განვითარება;

ი) განათლებაში ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის და შესაბამისი პროფილის კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობისათვის ზრუნვა;

კ) მსოფლიოს ქალაქებსა და დედაქალაქებთან განათლების საკითხების ირგვლივ თანამშრომლობის სფეროში მუნიციპალიტეტის კავშირების განვითარების ხელშეწყობა; განათლების საკითხებთან მიმართებაში ქვეყნის საზღვრებს გარეთ ჩატარებულ ღონისძიებებზე შესაბამისი პირების მონაწილეობის ხელშეწყობა. საზღვარგარეთიდან სპეციალისტების მოწვევა განათლების სფეროში მოღვაწე ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების გასაზიარებლად, კონფერენციების, სემინარებისა და მასტერკლასების მოსაწყობად; გაცვლითი პროგრამების, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების მხარდაჭერა განათლების სფეროს პეციალისტებისათვის და სტუდენტებისათვის;

ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო და კერძო უმაღლესი, პროფესიული და ზრდასრულთა საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარებისა და საქმიანობის ხელშეწყობა;

მ) პროფესიული განვითარების, მათ შორის პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების შემუშავებაში     და        განხორციელებაში მონაწილეობა, დგილობრივი და საზღვარგარეთ სტაჟირების პროგრამების განხორციელება;

ნ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საგანმანათლებლო ღონისძიებების მომზადება-ჩატარების კოორდინაცია;

ო) განათლების და ახალგაზრდობის მიმართულებით ინფრასტრუქტურის განვითარება, ახალი ცენტრების მშენებლობის მიზნით პროექტების მომზადება და განხორციელება.

3. ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ფუნქციებია;

ა) ახალგაზრდობის სფეროში მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მართვა და ორგანიზება;

ბ) სტუდენტურ და ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საქმიანობის მხარდაჭერა და ხელშეწყობა;

გ) ახალგაზრდების პრობლემებთან დაკავშირებით კვლევითი საქმიანობის განხორციელება, პრიორიტეტული საკითხების გამოვლენა და მათი გადაწყვეტის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რეკომენდაციების და წინადადებების შემუშავება, ახალგაზრდობის სფეროში ერთიანი ახალგაზრდობის პოლიტიკის გატარება;

დ) საერთაშორისო და ადგილობრივი ახალგაზრდული პროექტების დაგეგმვა, განხორციელება;

ე) ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით მასობრივი ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება, კოორდიანცია;

ვ) ახალგაზრდების დასაქმებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, სტაჟირების პროგრამების განხორციელება, ამ მიზნით აქტიური თანამშრომლობის ჩამოყალიბება სახელმწიფო უქყებებთან ან/და კერძო სექტორთან;

ზ) ახალგაზრდული ინიციატივებისა და იდეების მხარდაჭერა, ნიჭიერი ახალგაზრდების წახალისების პროგრამების შემუშავება, ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის განვითარების მიზნით პროექტების ხელშეწყობა;

თ) საერთაშორისო და ადგილობრივი ახალგაზრდული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია;

ი) ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმის მიზნით შესაბამისი პროექტების შემუშავება და განხორციელება;

კ) ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებით სამეცნიერო კონფერენციების და დებატების დაგეგმვა და ორგანიზების კოორდინაცია;

ლ) ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარება ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან.

მ) ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და კოორდინაცია.

თავი III

სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზება

მუხლი 4. სამსახურის ხელმძღვანელი

1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეს და რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი

2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის სამსახურის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;

ბ) მოქმედებს სამსახურის სახელით, წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან ურთიერთობაში, ანიჭებს სამსახურის წარმომადგენლობას ცალკეულ პირებს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას;

გ) ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, შეიმუშავებს და ქალაქის მერს წარუდგენს სამსახურის საჯარო მოხელეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმის პროექტებს;

დ) განსაზღვრავს საქმიანობის ორგანიზაციულ წესს, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე; უქმნის სამსახურის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის აუცილებელ პირობებს. რეკომენდაციას უწევს კვალიფიკაციის ასამაღლებლად კონფერენციებსა და სხვა შეკრებებზე მონაწილეობის მისაღებად;

ე) ორგანიზებას უწევს სამსახურის მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას;

ვ) იღებს და დადგენილი წესით აფასებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ზ) იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე;

თ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მიერ რუსთავის მერიის შინაგანაწესისა დაცვას;

ი) მერს წარუდგენს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს;

კ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

ლ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

3. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

მუხლი 5. განყოფილების ხელმძღვანელები:

1. მერიის განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განყოფილებებს ხელმძღვანელობენ და მათ საქმიანობებს წარმართავენ მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. სამსახურის შესაბამისი განყოფილების ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და ახორციელებს შესაბამისი განყოფილების საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, აკონტროლებს მათი სამუშაო აღწერილობებითა და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას.

ბ) პასუხს აგებს შესაბამისი განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე;

გ) ამ დებულებით განსაზღვრული შესაბამისი განყოფილების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, შეიმუშავებს და სამსახურის ხელმძღვანელს წარუდგენს საჯარო მოხელეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმის პროექტებს;

დ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციულ წესს, შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილების მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;

ე) უქმნის განყოფილების მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის აუცილებელ პირობებს. რეკომენდაციას უწევს კვალიფიკაციის ასამაღლებლად კონფერენციებსა და სხვა შეკრებებზე მონაწილეობის მისაღებად;

ვ) ორგანიზებას უწევს განყოფილების მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას;

ზ) იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ვიზირებას ახდენს განყოფილების მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე;

თ) სამსახურის ხელმძღვანელს წარუდგენს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს;

ი) დადგენილი წესით აფასებს მოსამსახურეთა საქმიანობას;

კ) პასუხისმგებელია შესაბამისი განყოფილების კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მოქმედი ნორმატიული აქტების, მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე;

ლ) შესაბამისი განყოფილების საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს მოქმედი კანომდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

მ) სამსახურებრივ კორესპოდენციებს უნაწილებს მის დაქვემდებარებაში საჯარო მოსამსახურეებს და უზრუნველყოფს მათ შესრულებაზე კონტროლს.

თავი IV

სამსახურის უფლებები და მოვალეობები

მუხლი 6. სამსახურის უფლებამოსილებები

1. დასახული მიზნებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზებისას მოქმედი კანონმდებლობით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტებით, სხვა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების, წესებისა და კომპეტენციის ფარგლებში სამსახური უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად ნებისმიერი ინფორმაცია;

ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მოიწვიოს ექსპერტი/სპეციალისტი.

გ) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ;

დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტებით ან დავალებით, სამსახურის დებულებითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.

მუხლი 7. სამსახურის მოვალეობები

1. სამსახური ვალდებულია:

ა) გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით ან/და მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს;

ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები და პასუხი აგოს თავის საქმიანობაზე. იკისროს პასუხისმგებლობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებულ ვალდებულებებსა და სხვა ფინანსურ ღონისძიებაზე;

გ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.

თავი V

სამსახურის ქონება და დაფინანსების წყაროები

მუხლი 8. სამსახურის ქონება და დაფინანსების წყაროები

1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებას.

2. სამსახური საბიუჯეტო დაწესებულებაა, რომლის დაფინანსების წყაროა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები.

თავი VI

დასკვნითი დებულებები

მუხლი 8.

1. ამ დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. იმ საკითხების დარეგულირებისას, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დებულებით, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობითა და სათანადო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ნორმები.

3. სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა სამსახურთან შერწყმა შესაძლებელია განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.