წარჩინებული სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

წარჩინებული სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.154.016513
31
08/12/2023
ვებგვერდი, 12/12/2023
010250050.35.154.016513
წარჩინებული სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტი
 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2023 წლის 8 დეკემბერი

დაბა თიანეთი

წარჩინებული სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.        
დამტკიცდეს წარჩინებული სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს გაცემის წესი დანართის შესაბამისად.

მუხლი 2.       
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.


თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო მამულაშვილი



      
        

         დანართი

     
წარჩინებული სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს გაცემის წესი

 

მუხლი1. ზოგადი დებულებები

 1. ეს წესი განსაზღვრავს თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, წარჩინებული სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობას, წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებას და გასაცემი თანხის ოდენობას; საერთაშორისო სასწავლო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისას ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის უფლების მოპოვების შემთხვევაში, მგზავრობის ხარჯის დაფინანსებას, მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტების ნუსხას და გაცემის პირობებს.

2. ფულადი ჯილდოს გაცემა მოხდება თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ,, განათლების ღონისძიებების’’ პროგრამის (პროგრამული კოდი 0403) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.

 

მუხლი 2. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, წარმატებული სტუდენტებისათვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობა და წახალისება.

 

მუხლი 3. ჯილდოს მოპოვების უფლებამოსილების მქონე პირები

ჯილდოს მოპოვების უფლებამოსილების მქონე პირებია:

ა) სტუდენტი, რომელიც სწავლობს საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მიმდინარე წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სახელმწიფო სასწავლო გრანტი;

ბ) სტუდენტი, რომელიც სწავლობს საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მოიპოვა მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სახელმწიფო სასწავლო გრანტი;

გ) სტუდენტი, რომელიც ჩაირიცხა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე;

დ ) უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის სტუდენტი, რომლის სწავლის შედეგის მიღწევის დონე სემესტრის მანძილზე თითოეულ სასწავლო კურსში შეფასდა ,,ფრიადით“ (91 – 100 ქულა);

ე) დოქტორანტი, რომელმაც დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი და მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი .

 

მუხლი 4. ფულადი ჯილდოს გაცემის ოდენობა

1. ბაკალავრიატის სტუდენტი:

ა) 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი ბაკალავრიატის სტუდენტი დაჯილდოვდება 1000 (ათასი) ლარით;

ბ) 70%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი ბაკალავრიატის სტუდენტი დაჯილდოვდება 700 ლარით;

გ) 50%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი ბაკალავრიატის სტუდენტი დაჯილდოვდება 500 ლარით;

დ) ბაკალავრიატის სტუდენტი, რომლის სწავლის შედეგის მიღწევის დონე სემესტრის მანძილზე თითოეულ სასწავლო კურსში შეფასდა ,,ფრიადით“ (91 – 100 ქულა), დაჯილდოვდება 500 ლარით.

2. მაგისტრატურის სტუდენტი:

ა) მაგისტრატურის სტუდენტი, რომელმაც მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი, დაჯილდოვდება 1500 (ათას ხუთასი) ლარით;

ბ) მაგისტრატურის სტუდენტი, რომლის სწავლის შედეგის მიღწევის დონე სემესტრის მანძილზე თითოეულ სასწავლო კურსში შეფასდა ,,ფრიადით“ (91 – 100 ქულა), დაჯილდოვდება 500 ლარით.

3. დოქტორანტურის სტუდენტი:

ა) სტუდენტი, რომელიც ჩაირიცხა დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაჯილდოვდება 2000 (ორი ათასი) ლარით;

ბ) დოქტორანტურის სტუდენტი, რომლის სწავლის შედეგის მიღწევის დონე სემესტრის მანძილზე თითოეულ სასწავლო კურსში შეფასდა „ფრიადით“ (91 – 100 ქულა), დაჯილდოვდება 500 ლარით.

გ) დოქტორანტი, რომელმაც დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი და მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი დაჯილდოვდება 3 000 (სამი ათასი) ლარით.

 

მუხლი 5. ფულადი ჯილდოს მისაღებად სტუდენტის მიერ მერიაში წარსადგენი დოკუმენტაცია

 1. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე, სემესტრის მანძილზე თითოეულ სასწავლო კურსში სწავლის შედეგის მიღწევის დონის ,,ფრიადით“ (91 - 100 ქულა) შეფასებისას - 1 აპრილამდე (შემოდგომის სემესტრი) და 1 სექტემბრამდე (გაზაფხულის სემესტრი), ხოლო დოქტორანტურაში ჩარიცხვიდან, ორი თვის ვადაში, სტუდენტმა მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა (დედანი) უმაღლესი სასწავლებლიდან აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ;

დ) ცნობა( დედანი) სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ;

ე) მიმდინარე სემესტრში სტუდენტის მიერ თითოეულ სასწავლო კურსში სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) საბანკო რეკვიზიტები.

 

მუხლი 6. ფულადი ჯილდოს ანაზღაურება

ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

 

მუხლი 7. საერთაშორისო სასწავლო გაცვლით პროგრამაში მონაწილე ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის უფლების მქონე სტუდენტის მგზავრობის ხარჯის დაფინანსება

1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტუდენტს, რომელიც მონაწილეობს საერთაშორისო სასწავლო გაცვლით პროგრამაში ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოიპოვა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის უფლება, მგზავრობის ხარჯის დაუფინანსებლობის შემთხვევაში დაუფინანსდება გზის ხარჯი (გამგზავრება-დაბრუნება) არაუმეტეს 1500 ლარის ოდენობით.

2. დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა (დედანი) აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ;

 დ) ცნობა (დედანი) საერთაშორისო სასწავლო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის შესახებ / ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის უფლების მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ნათარგმნი ქართულ ენაზე), დამოწმებული ნოტარიულად;

ე) მგზავრობის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ;

ვ) საბანკო რეკვიზიტები;

 

მუხლი 8. მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება

მგზავრობის ხარჯების (გამგზავრება-დაბრუნება) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

 

მუხლი 9. ფულადი ჯილდოს გაცემის წესი

1. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებისა და დოკუმენტაციის სისწორეს ამოწმებს მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.

2. ფულადი ჯილდო გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხრიდან მერის სახელზე მომზადებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.

 

მუხლი 10. ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა

1. წინამდებარე ფულადი ჯილდოს გაცემის წესს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

2. აღნიშნულ წესში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

მუხლი 11. ფულადი ჯილდოს გაცემის წესის ამოქმედების ვადა

ფულადი ჯილდოს გაცემის წესი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვარიდან.