დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 იანვრის №1/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 236/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 07/09/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010040.18.011.016768 |
|
„კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 იანვრის №1/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 იანვრის №1/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 08/01/2018; ს/კ: 220010040.18.011.016268) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“. 2. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. დამტკიცდეს „კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესი“ თანდართულ დანართებთან ერთად.“. 3. ბრძანებით დამტკიცებული წესის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესი“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკების, მიკრობანკებისა და მათი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულებისათვის (შემდგომში – ბანკი) ნაღდ ფულსა (როგორც ეროვნული, ისე უცხოური ვალუტა) და სხვა ფასეულობასთან (ძვირფასი ლითონები, ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ნაწარმი, მკაცრი აღრიცხვის ბლანკები) დაკავშირებული ოპერაციების წარმოების ზოგად წესებს. 2. ბანკი ვალდებულია, ამ წესის შესაბამისად შეიმუშაოს დებულებები, რომლებიც განსაზღვრავენ ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციებით დაკავებულ პირთა ფუნქციებს, პასუხისმგებლობას, ასევე უზრუნველყოფენ ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ცალკეული ოპერაციების კონკრეტიზაციას და საანგარიშსწორებო/სააღრიცხვო რისკების მართვას. 3. ბანკი, რომელიც თავის საბანკო ოპერაციებში იყენებს ელექტრონულ ხელმოწერას, ვალდებულია შეიმუშაოს დებულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ წესის შესაბამისად მოთხოვნილ ზოგადი წესების დაცვას, ისე რომ შენარჩუნებულ იქნეს ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობებთან დაკავშირებული ცალკეული ოპერაციების კონკრეტიზაცია და საანგარიშსწორებო/სააღრიცხვო რისკების მართვის ის ხარისხი, რაც უზრუნველყოფილი იქნებოდა ამ ოპერაციის განხორციელებისას მატერიალურ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერის გამოყენების შემთხვევაში. 4. ბანკში ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის მიღება-გაცემის სამუშაო რეჟიმს კონკრეტული ერთეულისათვის განსაზღვრავს ბანკის ხელმძღვანელობა. 5. ბანკის ობიექტები, რომლებიც ახორციელებენ ნაღდ ფულთან და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებულ ოპერაციებს, უნდა აკმაყოფილებდნენ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დაცვისა და უსაფრთხოების პირობებს, რომლებიც განისაზღვრება ბანკის ხელმძღვანელობის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილ სამსახურთან შეთანხმებით. ბანკის მიერ ფასეულობის დაზღვევის შემთხვევაში კი აღნიშნული პირობები განისაზღვრება როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილ სამსახურთან, ისე სადაზღვევო ორგანიზაციასთან შეთანხმებით. ბანკების დაცვა უნდა განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი სამსახურის მიერ, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. 6. ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების შესასრულებლად სალაროს კვანძის მოწყობა რეკომენდებულია განხორციელდეს ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. 7. ბანკს შეუძლია განახორციელოს საკუთარი და ხელშეკრულების საფუძველზე კლიენტურის ფულადი სახსრებისა და სხვა ფასეულობის გადაზიდვების ოპერაციები საკუთარი ან სხვა საინკასაციო სამსახურების საშუალებით, ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. 8. ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან მომუშავე პირების მატერიალური პასუხისმგებლობა განისაზღვრება ბანკის ხელმძღვანელობასა და მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. 9. ნაღდი ფულადი ოპერაციების განხორციელებისას ბანკი ვალდებულია, იხელმძღვანელოს ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ დადგენილი წესებითა და დირექტივებით. 10. ბანკებში ლარის ბანკნოტების და მონეტების დამუშავება-დახარისხებაზე კონტროლს, ასევე ნაღდ ფულთან და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების შემოწმებას ახორციელებს ეროვნული ბანკი. 11. ბანკი ვალდებულია: ა) ყოველგვარი შეფერხებისა და საზღაურის გარეშე უზრუნველყოს ლარის ბანკნოტების და მონეტების გამოცვლა ან გადაცვლა სხვა ნომინალის ლარის ბანკნოტებზე ან მონეტებზე (გარდა ყალბი ან/და გადასახდელად უვარგისი ლარის ბანკნოტებისა და მონეტებისა); ბ) ნაღდ ფულთან და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციები აღრიცხოს კონტროლის მექანიზმის შემცველი პროგრამული უზრუნველყოფით, სადაც დაცული უნდა იყოს ზუსტი აღრიცხვიანობის, ოპერატიულობის, თანმიმდევრულობისა და ყოველდღიურობის პრინციპი ისე, რომ შესაძლებელი იყოს ოპერაციის იდენტიფიცირება მის ყოველ ეტაპზე. 12. ეროვნული ბანკი ბანკებთან, ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს შემდეგი სახის ოპერაციებს: ა) ნაღდი ფულის გაცემას მათ საკასო მომსახურების ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში; ბ) ნაღდი ფულის მიღებას საკორესპოდენტო ანგარიშზე ასახვის მიზნით; გ) მკაცრი აღრიცხის ფორმების გაცემას, ასევე გაუქმებული ან გამოუყენებელი ფორმების მიღებას; დ) მათ მიერ გამოვლენილი საეჭვო ფულის ნიშნების მიღებას ექსპერტიზის მიზნით. 13. ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს ბანკიდან საექსპერტოდ მიღებული ეროვნული ვალუტის ბანკნოტების და მონეტების ვარგისობისა და ნამდვილობის დადგენას, ხოლო უცხოურ ვალუტაზე – მხოლოდ ნამდვილობის დადგენას. 14. ეროვნულ ბანკი ბანკის მომსახურების მიზნით, უზრუნველყოფს ბანკის მომხმარებლის სახელისა და პაროლის რეგისტრაციას „ნაღდი ფულის და ფასეულობის შესახებ განაცხადების რეგისტრაციის სისტემაში“ (შემდგომში – „განაცხადების რეგისტრაციის სისტემა“). 15. ბანკი ვალდებულია, უზრუნველყოს ეროვნული ბანკის „განაცხადების რეგისტრაციის სისტემაში“ რეგისტრირებული მომხმარებლის სახელისა და პაროლის დაცვა. „განაცხადების რეგისტრაციის სისტემაში“ ბანკის მომხმარებლის სახელით განხორცილებულ ნებისმიერ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბანკს. 16. ბანკი ეროვნულ ბანკს წინასწარ, წერილობითი ფორმით, უგზავნის ინფორმაციას იმ უფლებამოსილი პირებისა და ავტომანქანების შესახებ, რომელთა მეშვეობით ეროვნულ ბანკში ან ეროვნული ბანკიდან განხორციელდება ნაღდი ფულისა და ფასეულობის ინკასირება. ასევე ექსპერტიზის შედეგად დადგენილი ნამდვილი უცხოური, გადასახდელად უვარგისი ეროვნული და შემოტანილი უცხოური ვალუტის გადათვლის შედეგად გამოვლენილი მოძველებული ფულის ნიშნების გატანის შესახებ მინდობილობის ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირის სახელს, გვარს და ხელმოწერის ნიმუშს. ბანკი ვალდებულია მოწოდებულ ინფორმაციაში ნებისმიერი ცვლილება აცნობოს ეროვნულ ბანკს. 17. რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ ბანკისათვის მართვის მოწმობის ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული პირადი ნომრის შემცველი ოფიციალური დოკუმენტის წარდგენისას, ბანკი ვალდებულია, ფიზიკური პირის მოთხოვნის შემთხვევაში, კანონმდებლობის შესაბამისად მოპოვებული თანხმობის საფუძველზე, ამ წესით გათვალისწინებული იდენტიფიკაცია განახორციელოს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული პერსონალური მონაცემების საფუძველზე.“; გ) მე-2 მუხლის: გ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბანკის სალაროს კვანძის მოწყობა და ტექნიკური გამაგრება“; გ.ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბანკის სალაროს კვანძი მოიცავს ფასეულობათა საცავს, სალაროებს, გადათვლისა და ინკასატორთაგან ფულის მიღება-გაცემის ოთახებს. ცალკეული ერთეულისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და სამუშაოს შინაარსიდან გამომდინარე, სალაროს კვანძში ფასეულობათა საცავის, გადათვლისა და ინკასატორთაგან ფულის მიღება-გაცემის სათავსის მოწყობის აუცილებლობას განსაზღვრავს ბანკის ხელმძღვანელობა. 2. სალაროს კვანძი უნდა განთავსდეს ბანკის სხვა სათავსებისაგან იზოლირებულად ისე, რომ გამოირიცხოს მასში იმ პირების შესვლის შესაძლებლობა, რომლებიც სალაროს ქვედანაყოფის თანამშრომლებად არ ითვლებიან. ფასეულობათა საცავის გარსი არ უნდა ესაზღვრებოდეს გარე სივრცეს ან სხვა შენობას. იმ შემთხვევაში, თუ იგი ესაზღვრება გარე სივრცეს ან სხვა შენობას, საცავის გარსი უნდა აღიჭურვოს დაცვის დამატებითი სიგნალიზაციის საშუალებებით.“; გ.გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ცალკეული ერთეულის სპეციფიკიდან და დაცულობიდან გამომდინარე, სალაროსა და კლიენტს შორის არასრული იზოლაციისა და მათი ერთ დარბაზში განთავსების მიზანშეწონილობას, ასეთ პირობებში ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების უსაფრთხოდ განხორციელების შესაძლებლობის თაობაზე შესაბამისი დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე, განსაზღვრავს ბანკის ხელმძღვანელობა.“. დ) მე-4 მუხლის: დ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით განსაზღვრული ოპერაციების შესრულებისას, ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული უსაფრთხოების პოლიტიკის შესაბამისად შესრულებული ელექტრონული ხელმოწერით დოკუმენტის ხელმოწერის შემთხვევაში, თანხის ოდენობის აღმნიშვნელი ჩანაწერისას საკმარისია მიეთითოს მხოლოდ ციფრები.“; დ.ბ) მე-13–მე-16 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. კლიენტის მიერ შემოტანილ ფულში ან ინკასირებულ (მათ შორის, დაქვემდებარებული ობიექტებიდან) ნაღდ ფულიან ჩანთებში საეჭვო ფულის (რომელთა ნამდვილობისა და გადასახდელად ვარგისობის დადგენა ვერ ხერხდება ადგილზე) გამოვლენის შემთხვევაში, დგება ცნობა (შესაბამისად – დანართი №1 ან დანართი №2) სამ პირად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა კლიენტს (ან დაქვემდებარებულ ობიექტს), მეორე – რჩება სალაროს, მესამე – ფულის ნიშანთან ერთად, ეგზავნება ეროვნულ ბანკს შემდგომი რეაგირებისათვის. ეროვნული ბანკი ექსპერტიზის შედეგებს 15 დღის განმავლობაში ატყობინებს ბანკს. ექსპერტიზის შედეგად: ა) ნამდვილი და გადასახდელად ვარგისი ფულის ნიშნის გამოვლენისას შესაბამისი თანხა უნაზღაურდება კლიენტს, ხოლო ყალბი და/ან გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება; ბ) ყალბი ფულის ნიშანი რჩება ეროვნულ ბანკში, ხოლო გადასახდელად უვარგისი, კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში უბრუნდება კლიენტს; გ) იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება კლიენტისათვის გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშნის დაბრუნება, ბანკი ფულის ნიშანს ეროვნული ბანკიდან მიღებული ცნობის (შესაბამისად – დანართი №1 ან დანართი №2) ქსეროასლთან ერთად უბრუნებს ეროვნულ ბანკს. ცნობაში კომენტარის სახით მითითებული უნდა იქნეს დაუბრუნებლობის მიზეზი, რაც უნდა დადასტურდეს ბანკის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით; დ) თუ კლიენტი უარს აცხადებს გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშნის მიღებაზე, ბანკის პასუხისმგებელი პირი ფულის ნიშანს ეროვნული ბანკიდან მიღებული ცნობის (შესაბამისად – დანართი №1 ან დანართი №2) ქსეროასლთან ერთად უბრუნებს ეროვნულ ბანკს. ცნობაში კომენტარის სახით მითითებული უნდა იქნეს დაუბრუნებლობის მიზეზი, რაც დასტურდება ბანკის პასუხისმგებელი პირის და კლიენტის ხელმოწერებით. 14. იმ შემთხვევაში, თუ ბანკის მიერ ადგილზე ხდება ფულის ნიშნის გადასახდელად უვარგისად ცნობა, ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება: ა) კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი უბრუნდება კლიენტს. ბანკის მიერ დგება ცნობა (დანართი №3) ორ ეგზემპლარად, რომელიც ხელმოწერით დასტურდება ორივე მხარის მიერ. ცნობის ერთი ეგზემპლარი ფულის ნიშანთან ერთად გადაეცემა კლიენტს, ხოლო მეორე – რჩება ბანკს; ბ) იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება მფლობელისათვის ფულის ნიშნის დაბრუნება, ბანკის მიერ დგება ცნობა (დანართი №3) ორ პირად, რომლის ერთი ეგზემპლარი რჩება სალაროს, მეორე – ფულის ნიშანთან ერთად, ეგზავნება ეროვნულ ბანკს. ცნობაში კომენტარის სახით მითითებული უნდა იქნეს დაუბრუნებლობის მიზეზი, რაც უნდა დადასტურდეს ბანკის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით; გ) თუ კლიენტი უარს აცხადებს გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშნის მიღებაზე, ბანკის მიერ დგება ცნობა (დანართი №3) სამ პირად, რომლის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა კლიენტს, მეორე რჩება სალაროს, მესამე – ფულის ნიშანთან ერთად, ეგზავნება ეროვნულ ბანკს. ცნობაში კომენტარის სახით მითითებული უნდა იქნეს დაუბრუნებლობის მიზეზი, რაც უნდა დადასტურდეს ბანკის პასუხისმგებელი პირისა და კლიენტის ხელმოწერებით; დ) იმ შემთხვევაში, თუ ბანკის მიერ ეროვნულ ბანკში გაგზავნილი გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი ექსპერტიზის შედეგად აღმოჩდა ვარგისი, შესაბამისი თანხა ექვემდებარება კლიენტისათვის ანაზღაურებას. 15. კლიენტს უფლება აქვს ბანკის სალაროდან მიღებული ნაღდი ფული გადაითვალოს ფურცლობით და ცალობით პასუხისმგებელი მუშაკის თანდასწრებით. მიღებული ფულის გადათვლისას დანაკლისი ანაზღურდება, ზედმეტობა ჩაირიცხება ბანკის შესაბამის ანგარიშზე, ხოლო ნაღდი ფული უბრუნდება სალაროს. 16. კლიენტის მიერ ფულის გადაუთვლელობის შეთხვევაში ბანკი არ არის ვალდებული დააკმაყოფილოს მისი პრეტენზია დანაკლისის ანაზღაურების თაობაზე.“. ე) მე-6 მუხლის: ე.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბანკებს უნდა ჰქონდეთ ნაღდი ფულადი ოპერაციებისათვის საჭირო ბეჭდები, შტამპები და დასალუქი საშუალებები. 2. ნაღდი ფულის ფორმირებისათვის საჭირო შტამპებზე უნდა აღინიშნებოდეს ბანკის დასახელება, კოდი, ასევე შესაძლებელია მოლარის გვარის და სახელის ან რიგითი ნომრის (ბრიგადის ნომრის) მითითება.“; ე.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ბანკებს შეუძლიათ დაამზადონ შტამპები წარწერით: „მოძველებული“, „ნაკრები“, „არასრული“, „საკონტროლო გადათვლა“, თარიღი და სხვა.“; ვ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეროვნულ ბანკში ბანკებიდან ნაღდი ფულის მიღება და ეროვნული ბანკიდან ბანკზე ნაღდი ფულის გაცემა ხორციელდება კონტეინერების მეშვეობით.“; ზ) მე-9-მე-14 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ბანკის მიერ ეროვნულ ბანკში ნაღდი ფულის შეტანა 1. ეროვნული ბანკის მიერ ბანკისაგან ნაღდი ფულის მიღება ხორციელდება დალუქული კონტეინერების მეშვეობით, სადაც განთავსებული უნდა იყოს ამ წესით ფორმირებული ბანკნოტები და მონეტები. 2. ბანკისაგან მისაღები ნაღდ ფულიანი კონტეინერების გამჭვირვალე ჯიბეში განთავსებული უნდა იყოს ეტიკეტი, შემდეგი მონაცემებით: ა) ბანკის დასახლება; ბ) კონტეინერის ლუქის ნომერი (ბანკის ორნიშნა IBAN კოდი და არაუმეტეს რვა ციფრი); გ) ვალუტა; დ) ნომინალი (მოდიფიკაციის მიხედვით); ე) თანხა; ვ) სახეობა (ბანკნოტი/მონეტა); ზ) კატეგორია; თ) თარიღი; ი) შტრიხკოდი. 3. ბანკი ნაღდი ფულის შეტანის მიზნით, თანხის შეტანის დღის არაუგვიანეს 10:30 საათისა „განაცხადების რეგისტრაციის სისტემაში“ ახდენს ვალუტების მიხედვით „ნაღდი ფულის შეტანის შესახებ განაცხადის“ რეგისტრაციას. განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) განაცხადის ნომერს; ბ) თარიღს; გ) თანხის შეტანის სავარაუდო დროს; დ) ბანკის დასახელებას; ე) ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის დასახელებას; ვ) შეტანაზე პასუხისმგებელი პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს; ზ) საინკასაციო მანქანის ტიპს, ფერს და ნომერს; თ) ინკასატორის სახელს, გვარს და პირად ნომერს; ი) კონტეინერის ლუქის ნომერს; კ) ვალუტას; ლ) ნომინალს (მოდიფიკაციის მიხედვით); მ) თანხას; ნ) სახეობას (ბანკნოტი/მონეტა). 4. განაცხადის რეგისტრაციის შემდგომ, ნაღდი ფულის მართვის სისტემაში (შემდგომში – საკასო მოდული) ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ხორციელდება განაცხადის დამუშავება, რაც მოიცავს: ა) კონტეინერებში ნომინალების მიხედვით განთავსებული კონების/პაკეტების რაოდენობის შემოწმებას, შეუსაბამობის შემთხვევაში კი კომენტარის ველში შესაბამისი მითითების გაკეთებას; ბ) საჭიროების შემთხვევაში საკასო ცენტრში შემოსვლის დროის ცვლილებას; გ) საჭიროების შემთხვევაში მიმღები საკასო ცენტრის ცვლილებას. 5. განაცხადის სისწორის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს განაცხადის იმავდროულ ავტორიზაციას, ხოლო ცვლილების შემთხვევაში – ავტორიზაცია ხორციელდება ბანკის მიერ შესაბამისი ცვლილების პროგრამული დასტურის შემდგომ. ბანკის მიერ ცვლილების დაუდასტურებლობის შემთხვევაში განაცხადი უქმდება. 6. ბანკს უფლება აქვს, განაცხადში მითითებული საინკასაციო მანქანისა და ინკასატორის მონაცემების ცვლილება მოახდინოს განაცხადის ავტორიზაციის შემდგომაც, ეროვნული ბანკის ტერიტორიაზე შემოსვლამდე. 7. ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ განაცხადის ავტორიზაციის შემდგომ „განაცხადების რეგისტრაციის სისტემა“ ავტომატურად ახდენს დაშვების და განგაშის პაროლების გენერირებას. პაროლების უფლებამოსილ პირზე გადაცემა ხორციელდება ისე, რომ გამოირიცხოს მისი სხვა პირისათვის წვდომა. 8. ბანკის უფლებამოსილი პირების და საინკასაციო მანქანების ეროვნული ბანკის ტერიტორიაზე დაშვება ხორციელდება მხოლოდ ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ დაშვების პაროლის გაცხადების შემდგომ, ხოლო განგაშის პაროლი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რაიმე სახის საფრთხე ნაღდი ფულისა და ფასეულობის დაცულობასთან დაკავშირებით. 9. დაშვების სწორი პაროლის გაცხადების შემდგომ, ეროვნულ ბანკში დაცვის სამსახური ახდენს ბანკის ინკასატორებისა და საინკასაციო მანქანების იდენტიფიცირებას და მომსახურების სალაროსთან მისვლის მიზნით მათზე სპეციალური ბარათის გადაცემას, რის შემდგომაც ბანკის თანხის შემოტანაზე უფლებამოსილი პირები კონტეინერებს ათავსებენ სპეციალურად გამოყოფილ ურიკებში. 10. ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ბანკის დასახელების შემდგომ, ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს საკასო მოდულში განაცხადის მოძიებას, პირის იდენტიფიცირებას და ურიკებში განთავსებული კონტეინერების მიღებას ბანკის უფლებამოსილი პირის მეთვალყურეობის ქვეშ. კონტეინერების მიღება მოიცავს: ა) კონტეინერისა და ლუქის მთლიანობის შემოწმებას; ბ) შტრიხკოდის წამკითხველის მეშვეობით კონტეინერის საკასო მოდულში აღრიცხვას, მასზე არსებული ეტიკეტის მიხედვით; გ) კონტეინერის ლუქის ნომრის შედარებას ეტიკეტზე არსებულ და წამკითხველის ეკრანზე გამოტანილ მონაცემებთან; დ) პროგრამაში კონტეინერების სრულად აღრიცხვის დადასტურებას. 11. საკასო მოდულში კონტეინერების სრულად აღრიცხვის შემდგომ, პროგრამა ახდენს აღრიცხული და ბანკის მიერ რეგისტრირებული განაცხადის მონაცემების შედარებას, რის შემდეგაც ბანკის უფლებამოსილი პირი ელექტრონულ ხელმოწერის დაფაზე გამოტანილი მონაცემების სისწორეს ადასტურებს ელექტრონული ხელმოწერით. 12. ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონული ხელმოწერის დადასტურების შემდგომ, პროგრამა ავტომატურად ქმნის „PDF“ ფორმატის „ბანკის მიერ ნაღდი ფულის შემოტანის“ განაცხადს, რომელზეც ავტომატურად დაიტანება მონაცემთა ბაზაში არსებული ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირისა და შემოტანაზე უფლებამოსილი პირის მიერ შესრულებული ხელმოწერები. 13. განაცხადის მონაცემებისა და ფაქტობრივად მიღებული კონტეინერების შესაბამისობის შემთხვევაში, ბანკის უფლებამოსილი პირის ხელმოწერის დადასტურების შემდგომ, მიღებული თანხის საკორესპონდენტო ანგარიშზე ასახვა საკასო მოდულში ხორციელდება ავტომატურად. 14. ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ბეჭდავს „ბანკის მიერ ნაღდი ფულის შემოტანის“ განაცხადს ერთ ეგზემპლარად, რომელიც გადაეცემა შემოტანაზე უფლებამოსილ პირს. 15. იმ შემთხვევაში, თუ კონტეინერების მიღებისას დარღვეულია ლუქისა და კონტეინერის სიმრთელე ან საკასო მოდულში კონტეინერების სრულად აღრიცხვის შემდგომ, დაფიქსირდა შეუსაბამობა (ლუქის ნომერი, ეტიკეტზე არსებული მონაცემები): ა) კონტეინერის ეტიკეტის და განაცხადის მონაცემების შეუსაბამობა ან ლუქის ნომრის შეუსაბამობა ეტიკეტზე არსებულ და წამკითხველის ეკრანზე გამოტანილ მონაცემებთან ან განაცხადთან კონტეინერების რაოდენობების შეუსაბამობა (ზედმეტობა ან დანაკლისი) ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ხდება მონაცემების საბოლოო პროგრამული დადასტურება და შეუსაბამო კონტეინერის ბანკის უფლებამოსილ პირზე დაბრუნება; ბ) კონტეინერის მთლიანობის ან ლუქის ნომრის დაზიანება, ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ხდება ელექტრონულ განაცხადში შეუსაბამობის მონიშვნა, მონაცემების საბოლოო პროგრამული დადასტურება და დაწუნებული კონტეინერის ბანკის უფლებამოსილ პირზე დაბრუნება; გ) ბანკის უფლებამოსილი პირი ვალდებულია მოახდინოს ელექტრონულ ხელმოწერის დაფაზე გამოტანილი ინფორმაციის, დაბრუნებული კონტეინერის და სხვა მონაცემების ურთიერთშედარება და შეუსაბამობის ელექტრონული ხელმოწერით დადასტურება; დ) ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონული ხელმოწერის დადასტურების შემდგომ, პროგრამა ავტომატურად ქმნის „PDF“ ფორმატის „ბანკის მიერ ნაღდი ფულის შემოტანის“ განაცხადს, რომელზეც ავტომატურად დაიტანება როგორც ბანკის მიერ ელექტრონულ განაცხადში მითითებული, ისე ფაქტობრივად მიღებული და დაწუნებული კონტეინერების მონაცემები, ასევე მონაცემთა ბაზაში არსებული ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირისა და შემოტანაზე უფლებამოსილი პირის მიერ შესრულებული ხელმოწერები; ე) ბანკის უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერის პროგრამული დადასტურების შემდგომ, საკასო მოდული ავტომატურად ახდენს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის ხელმოწერის განაცხადზე დატანას და განაცხადის ბანკში გაგზავნას; ვ) ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ბეჭდავს „ბანკის მიერ ნაღდი ფულის შემოტანის“ განაცხადს ერთ ეგზემპლარად, რომელიც გადაეცემა ბანკის უფლებამოსილ პირს. 16. იმ შემთხვევაში, თუ ბანკის მიერ არ მოხდა განაცხადით დადგენილ დროს ნაღდი ფულის შემოტანა, ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი, არაუგვიანეს საოპერაციო დღის დასრულებისა, ახდენს აღნიშნული განაცხადის გაუქმებას. 17. ბანკის მიერ შემოტანილი ეროვნული და უცხოური ვალუტა საკონტროლოდ გადაითვლება თანხის მიღებიდან არა უგვიანეს ოთხი სამუშაო დღისა. 18. გადათვლის შედეგად გამოვლენილი ზედმეტობის და/ან დანაკლისის შესახებ დგება ცნობა, რომელიც ეგზავნება ბანკს. ზედმეტობის ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე ჩარიცხვა ან/და დანაკლისის საკორესპონდენტო ანგარიშიდან ჩამოჭრა ხორციელდება გადათვლიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. 19. გადათვლის შედეგად გამოვლენილი მოძველებული უცხოური ვალუტის შესაბამისი თანხის ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშიდან ჩამოჭრა ხორციელდება გადათვლიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ხოლო შემოტანილი მოძველებული ფულის ნიშანი უბრუნდება ბანკს. 20. გადათვლის შედეგად გამოვლენილი საეჭვო ფულის ნიშნების შესახებ დგება ცნობა, რომელიც ეგზავნება ბანკს. ექსპერტიზის შედეგები ბანკს ეცნობება არაუგვიანეს თხუთმეტი სამუშაო დღისა. 21. ექსპერტიზის შედეგად დადგენილი ყალბი ან/და გადასახდელად უვარგისი ეროვნული ვალუტა, ასევე ყალბი უცხოური ვალუტა არ ანაზღაურდება და შესაბამისი თანხის ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშიდან ჩამოჭრა ხორციელდება არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. ყალბი ფულის ნიშანი რჩება ეროვნულ ბანკში, ხოლო გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშნის დაბრუნების საკითხი რეგულირდება საკასო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად.
მუხლი 10. ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში გაუქმებული ან გამოუყენებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეტანა 1. ბანკი მკაცრის აღრიცხვის ფორმების ეროვნულ ბანკში შეტანის მიზნით, შეტანის დღის არა უგვიანეს 10:30 საათისა, „განაცხადების რეგისტრაციის სისტემაში“ ახდენს დასახელებების მიხედვით „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეტანის შესახებ განაცხადის“ რეგისტრაციას. განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) განაცხადის ნომერს; ბ) თარიღს; გ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების შემოტანის სავარაუდო დროს; დ) ბანკის დასახელებას; ე) ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის დასახელებას; ვ) შეტანაზე პასუხისმგებელი პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს; ზ) საინკასაციო მანქანის ტიპს, ფერს და ნომერს; თ) ინკასატორის სახელს, გვარს და პირად ნომერს; ი) დოკუმენტის დასახელებას; კ) სერიას; ლ) საწყის და საბოლოო ნომერს; მ) რაოდენობას. 2. ბანკის მიერ განაცხადის რეგისტრაციის შემდგომ, საკასო მოდულში ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ხორციელდება განაცხადის იმავდროული ავტორიზაცია, ხოლო განაცხადში საკასო ცენტრში შემოსვლის დროის და/ან საკასო ცენტრის ცვლილების შემთხვევაში – ბანკის მიერ შესაბამისი ცვლილების პროგრამული დასტურის შემდგომ. ბანკის მიერ ცვლილების დაუდასტურებლობის შემთხვევაში განაცხადი უქმდება. 3. ბანკს უფლება აქვს განაცხადში მითითებული საინკასაციო მანქანისა და ინკასატორის მონაცემების ცვლილება მოახდინოს განაცხადის ავტორიზაციის შემდგომაც, ეროვნული ბანკის ტერიტორიაზე შემოსვლამდე. 4. ბანკის უფლებამოსილი პირებისა და საინკასაციო მანქანების ეროვნული ბანკის ტერიტორიაზე დაშვება მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეტანის მიზნით, ხორციელდება ამ წესის მე-9 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად. 5. ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ბანკის დასახელების შემდგომ, ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს საკასო მოდულში განაცხადის მოძიებას, პირის იდენტიფიცირებას, მკაცრი აღრიცხვის ფორმების გადათვლას და ფაქტობრივად წარმოდგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმების მონაცემების საფუძველზე საკასო მოდულში შემდეგი ინფორმაციის შეყვანას: ა) დოკუმენტის დასახელება; ბ) სერია; გ) ნომერი. 6. საკასო მოდულში მკაცრი აღრიცხვის ფორმების მონაცემების სრულად აღრიცხვის შემდგომ, ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს შეტანილი ინფორმაციის დადასტურებას, რის შემდგომაც პროგრამა ახდენს აღრიცხული და ბანკის მიერ რეგისტრირებული განაცხადის მონაცემების შედარებას და თუ პროგრამის მიერ დაფიქსირდა შესაბამისობა: ა) ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს მონაცემების საბოლოო პროგრამულ დადასტურებას; ბ) ბანკის უფლებამოსილი პირი ელექტრონულ ხელმოწერის დაფაზე გამოტანილი მონაცემების სისწორეს ადასტურებს ელექტრონული ხელმოწერით; გ) ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონული ხელმოწერის დადასტურების შემდგომ, პროგრამა ავტომატურად ქმნის „PDF” ფორმატის „ბანკის მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების შემოტანის“ განაცხადს, რომელზეც ავტომატურად დაიტანება მონაცემთა ბაზაში არსებული ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის და შემოტანაზე უფლებამოსილი პირის მიერ შესრულებული ხელმოწერები; დ) ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ბეჭდავს „ბანკის მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების შემოტანის“ განაცხადს ერთ ეგზემპლად, რომელიც გადაეცემა შემოტანაზე უფლებამოსილ პირს. 7. იმ შემთხვევაში, თუ საკასო მოდულში მკაცრი აღრიცხვის ფორმების მონაცემების სრულად აღრიცხვის შემდგომ დაფიქსირდა შეუსაბამობა (მკაცრი აღრიცხვის ფორმების დასახელება, სერია, ნომერი და რაოდენობა): ა) ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ხდება ელექტრონული განაცხადის დაწუნება, კომენტარის ველში შეუსაბამობის აღნიშვნა, მონაცემების საბოლოო დადასტურება და მკაცრი აღრიცხვის ფორმების ბანკის უფლებამოსილ პირზე დაბრუნება; ბ) ბანკის უფლებამოსილი პირი ვალდებულია მოახდინოს ელექტრონულ ხელმოწერის დაფაზე გამოტანილი ინფორმაციისა და დაბრუნებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების მონაცემების ურთიერთშედარება და აღნიშნულის ელექტრონული ხელმოწერით დადასტურება. 8. ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ბანკის უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერის პროგრამული დადასტურების შემდგომ საკასო მოდული ავტომატურად ახდენს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის ხელმოწერის განაცხადზე დატანას და მის ამობეჭდვას ერთ ეგზემპლარად. 9. განაცხადის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ბანკის უფლებამოსილ პირს. 10. იმ შემთხვევაში, თუ ბანკის მიერ არ მოხდა მკაცრი აღრიცხვის ფორმების განაცხადით დადგენილ დროს შეტანა, ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი, არაუგვიანეს საოპერაციო დღის დასრულებისა, ახდენს აღნიშნული განაცხადის გაუქმებას.
მუხლი 11. ბანკის მიერ ეროვნული ბანკიდან ნაღდი ფულის გატანა 1. ეროვნული ბანკის მიერ ბანკზე ნაღდი ფულის გაცემა, მისი საკასო მომსახურების ანგარიშზე არსებული თანხის ფარგლებში, ხორციელდება დალუქული კონტეინერების მეშვეობით. 2. ბანკი, ნაღდი ფულის გატანის მიზნით, წინა სამუშაო დღის 16:00 საათამდე „განაცხადების რეგისტრაციის სისტემაში“ ახდენს ვალუტების მიხედვით „ნაღდი ფულის გატანის შესახებ განაცხადის“ რეგისტრაციას. განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) განაცხადის ნომერს; ბ) თარიღს; გ) თანხის გატანის სავარაუდო დროს; დ) ბანკის დასახელებას; ე) ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის დასახელებას; ვ) გატანაზე პასუხისმგებელი პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს; ზ) საინკასაციო მანქანის ტიპს, ფერს და ნომერს; თ) ინკასატორის სახელს, გვარს და პირად ნომერს; ი) ვალუტას; კ) ნომინალს (მოდიფიკაციის მიხედვით); ლ) თანხას (სრული კონების/პაკეტების გათვალისწინებით); მ) სახეობას (ბანკნოტი/მონეტა). 3. განაცხადის რეგისტრაციის შემდგომ, ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ საკასო მოდულში ხორციელდება განაცხადის დამუშავება, რაც მოიცავს: ა) შემოწმებას, შედგება თუ არა მოთხოვნილი თანხა ნომინალების მიხედვით სრული კონებისაგან/პაკეტებისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში კომენტარის ველში შესაბამისი მითითების შეტანას; ბ) საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნილი თანხის ნომინალების (მოდიფიკაციის მიხედვით) ჭრილში ცვლილებას; გ) საჭიროების შემთხვევაში საკასო ცენტრში შესვლის დროის ცვლილებას; დ) საჭიროების შემთხვევაში გამცემი საკასო ცენტრის ცვლილებას. 4. განაცხადის სისწორის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს განაცხადის იმავდროულ ავტორიზაციას, ხოლო ცვლილების შემთხვევაში – ავტორიზაცია ხორციელდება ბანკის მიერ შესაბამისი ცვლილების პროგრამული დასტურის შემდგომ, რის შემდგომაც საკასო მოდული, საკორესპონდენტო ანგარიშიდან საკასო მომსახურების ანგარიშზე თანხის გადატანის მიზნით, აგენერირებს საგადახდო დავალებას. ბანკის მიერ ცვლილების დაუდასტურებლობის შემთხვევაში განაცხადი უქმდება. 5. ბანკს უფლება აქვს განაცხადში მითითებული საინკასაციო მანქანისა და ინკასატორის მონაცემების ცვლილება მოახდინოს განაცხადის ავტორიზაციის შემდგომაც, ეროვნული ბანკის ტერიტორიაზე შემოსვლამდე. 6. ეროვნულ ბანკს შეუძლია განაცხადის გაუქმება იმ შემთხვევაში, თუ საკორესპონდენტო ანგარიშზე საკმარისი თანხის არარსებობის გამო განაცხადის რეგისტრაციის დღის 16:20 საათამდე საკასო მომსახურების ანგარიშზე არ მოხდა შესაბამისი თანხის ჩარიცხვა. 7. ბანკის უფლებამოსილი პირებისა და საინკასაციო მანქანების ეროვნული ბანკის ტერიტორიაზე დაშვება ნაღდი ფულის გატანის მიზნით ხორციელდება ამ წესის მე-9 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად. 8. ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ბანკის დასახელების შემდგომ ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს საკასო მოდულში განაცხადის მოძიებას, პირის იდენტიფიცირებას და კონტეინერების გაცემას, რაც მოიცავს: ა) შტრიხკოდის წამკითხველის მეშვეობით კონტეინერის საკასო მოდულში აღრიცხვას მასზე არსებული ეტიკეტის მიხედვით; ბ) კონტეინერის ლუქის ნომრის შედარებას, ეტიკეტზე არსებულ და წამკითხველის ეკრანზე გამოტანილ მონაცემებთან; გ) პროგრამაში კონტეინერების სრულად აღრიცხვის დადასტურებას. 9. საკასო მოდულში კონტეინერების სრულად აღრიცხვის შემდგომ პროგრამა ახდენს აღრიცხული და ბანკის მიერ რეგისტრირებული განაცხადის მონაცემების შედარებას და შესაბამისობის შემთხვევაში ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ხდება მონაცემების საბოლოო პროგრამული დადასტურება და ბანკის უფლებამოსილ პირზე კონტეინერების გადაცემა. 10. ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს ელექტრონული ხელმოწერის დაფაზე გამოტანილი მონაცემების, მიღებული კონტეინერების ეტიკეტზე არსებული მონაცემების და ლუქის მონაცემების ურთიერთშედარებას და ელექტრონული ხელმოწერით კონტეინერების მიღების დადასტურებას. 11. ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონული ხელმოწერის დადასტურების შემდგომ, პროგრამა ავტომატურად ქმნის „PDF” ფორმატის „ბანკის მიერ ნაღდი ფულის გატანის“ განაცხადს, რომელზეც ავტომატურად დაიტანება მონაცემთა ბაზაში არსებული ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირისა და თანხის გატანაზე უფლებამოსილი პირის მიერ შესრულებული ხელმოწერები. 12. ბანკის მიერ გატანილი ნაღდი ფულის შესაბამისი თანხის საკასო მომსახურების ანგარიშიდან ჩამოჭრა ხორციელდება ავტომატურად. 13. ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ბეჭდავს „ბანკის მიერ ნაღდი ფულის გატანის“ განაცხადს ერთ ეგზემპლარად, რომელიც გადაეცემა გატანაზე უფლებამოსილ პირს. 14. იმ შემთხვევაში, თუ ბანკის მიერ არ მოხდა ნაღდი ფულის განაცხადით დადგენილ დროს გატანა, ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი, არაუგვიანეს საოპერაციო დღის დასრულებისა, ახდენს აღნიშნული განაცხადის გაუქმებას, რის საფუძველზეც შესაბამისი თანხა საკასო მოდულის მიერ ჩაირიცხება ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე.
მუხლი 12. ეროვნული ბანკიდან მკაცრი აღრიცხვის ფორმების გატანა 1. ეროვნული ბანკიდან მკაცრი აღრიცხვის ფორმები გაიცემა ბანკის მიერ ამ მიზნით ეროვნული ბანკის შესაბამის ანგარიშზე თანხის (ფორმების ღირებულების) ჩარიცხვის საფუძველზე. 2. ბანკი, მკაცრი აღრიცხვის ფორმების გატანის მიზნით, წინა სამუშაო დღის 16:00 საათამდე „განაცხადების რეგისტრაციის სისტემაში“ ახდენს დასახელებების მიხედვით „მკაცრი აღრიცხვის ფორმების გატანის შესახებ განაცხადის“ რეგისტრაციას. განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) განაცხადის ნომერს; ბ) თარიღს; გ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების გატანის სავარაუდო დროს; დ) ბანკის დასახელებას; ე) ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის დასახელებას; ვ) გატანაზე პასუხისმგებელი პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს; ზ) საინკასაციო მანქანის ტიპს, ფერს და ნომერს; თ) ინკასატორის სახელს, გვარს და პირად ნომერს; ი) დოკუმენტის დასახელებას; კ) რაოდენობას. 3. განაცხადის რეგისტრაციის შემდგომ, საკასო მოდულში ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ხორციელდება განაცხადის იმავდროული ავტორიზაცია, ხოლო განაცხადში მკაცრი აღრიცხვის ფორმების რაოდენობის და/ან საკასო ცენტრში შემოსვლის დროის და/ან საკასო ცენტრის ცვლილების შემთხვევაში – ბანკის მიერ პროგრამული დასტურის შემდგომ. ბანკის მიერ ცვლილების დაუდასტურებლობის შემთხვევაში განაცხადი უქმდება. 4. ბანკს უფლება აქვს განაცხადში მითითებული საინკასაციო მანქანისა და ინკასატორის მონაცემების ცვლილება მოახდინოს განაცხადის ავტორიზაციის შემდგომაც, ეროვნული ბანკის ტერიტორიაზე შემოსვლამდე. 5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააუქმოს განაცხადი, თუ ბანკის მიერ არ განხორციელდა განაცხადის რეგისტრაციის დღის 16:20 საათამდე მკაცრი აღრიცხვის ფორმების ღირებულების შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხვა. 6. ბანკის უფლებამოსილი პირებისა და საინკასაციო მანქანების ეროვნული ბანკის ტერიტორიაზე დაშვება მკაცრი აღრიცხვის ფორმების გატანის მიზნით ხორციელდება ამ წესის მე-9 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად. 7. ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ბანკის დასახელების შემდგომ ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს საკასო მოდულში განაცხადის მოძიებას, პირის იდენტიფიცირებას და მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, რაც მოიცავს საკასო მოდულში შემდეგი მონაცემების შეყვანას: ა) დოკუმენტის დასახელება; ბ) სერია (არსებობის შემთხვევაში); გ) ნომერი. 8. ინფორმაციის შეყვანის შემდგომ, ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს შეყვანილი ინფორმაციის პროგრამულ დადასტურებას, რის შემდგომაც პროგრამის მიერ ავტომატურად ხორციელდება შეყვანილი და ბანკის განაცხადით მოთხოვნილი მონაცემების ურთიერთშედარება და თუ პროგრამის მიერ დაფიქსირდა შესაბამისობა: ა) ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გადაცემას ბანკის უფლებამოსილ პირზე; ბ) ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს ელექტრონული ხელმოწერის დაფაზე გამოტანილი მონაცემებისა და მიღებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ურთიერთშედარებას და ელექტრონული ხელმოწერით დადასტურებას. 9. ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ განაცხადის ელექტრონული ხელმოწერით დადასტურების შემდგომ, ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს ხელმოწერის შესრულების დადასტურებას. 10. ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონული ხელმოწერის დადასტურების შემდგომ, პროგრამა ავტომატურად ქმნის „PDF“ ფორმატის „ბანკის მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გატანის“ განაცხადს, რომელზეც ავტომატურად დაიტანება მონაცემთა ბაზაში არსებული ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირისა და გატანაზე უფლებამოსილი პირის მიერ შესრულებული ხელმოწერები. 11. ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ბეჭდავს „ბანკის მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გატანის“ განაცხადს ერთ ეგზემპლარად, რომელიც გადაეცემა გატანაზე უფლებამოსილ პირს. 12. იმ შემთხვევაში, თუ ბანკის მიერ არ მოხდა მკაცრი აღრიცხვის ფორმების გატანა, ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი, არაუგვიანეს საოპერაციო დღის დასრულებისა, ახდენს აღნიშნული განაცხადის გაუქმებას და შესაბამისი თანხის ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე ჩარიცხვას. 13. გადმორიცხული თანხის მის საკორესპონდენტო ანგარიშზე დაბრუნება ხდება არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. მუხლი 13. ბანკის მიერ გამოვლენილი საეჭვო ფულის ნიშნების ექსპერტიზის მიზნით ეროვნულ ბანკში შეტანა და ფულის ნიშნების ეროვნული ბანკიდან გაცემა 1. ბანკის მიერ კლიენტის შეტანილ ფულში ან ინკასირებულ ნაღდ ფულიან ჩანთებში გამოვლენილი საეჭვო ფულის (რომელთა ნამდვილობისა და გადასახდელად ვარგისიანობის დადგენა ვერ ხერხდება ბანკის მიერ) ექსპერტიზის მიზნით მიღება ხორციელდება თანხმლებ ცნობასთან ერთად. 2. საეჭვო ფულის მიღების მიზნით, ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს ბანკის უფლებამოსილი პირის იდენტიფიცირებას, მიღებული საეჭვო ფულისა და წარმოდგენილი ცნობის მონაცემების ურთიერთშედარებას და მათ საფუძველზე საკასო მოდულში „საეჭვო ფულის ნიშნების მიღების შესახებ“ ცნობის შევსებას, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) თარიღს; ბ) ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის დასახელებას; გ) ბანკის დასახელებას; დ) შეტანაზე პასუხისმგებელი პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს; ე) ვალუტას; ვ) სახეობას (ბანკნოტი/მონეტა); ზ) ნომინალს; თ) რაოდენობას; ი) თანხას (მონეტების შემთხვევაში); კ) სერიასა და ნომერს; ლ) ემისიის წელს; მ) ბანკის კლიენტის სახელს, გვარს და პირად ნომერს (მისი არსებობის შემთხვევაში); ნ) ბანკის მიერ გამოვლენის თარიღს. 3. საკასო მოდულში ინფორმაციის შეყვანის შემდგომ ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს ელექტრონულ ხელმოწერის დაფაზე გამოტანილი მონაცემების სისწორის ელექტრონული ხელმოწერით დადასტურებას. 4. ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ბანკის უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერის პროგრამული დადასტურების შემდგომ საკასო მოდული ავტომატურად ახდენს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის ხელმოწერის განაცხადზე დატანას და მის 2 ეგზემპლარად ამობეჭდვას. 5. განაცხადის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ბანკის უფლებამოსილ პირს, ხოლო მეორე რჩება ეროვნულ ბანკში. 6. წარმოდგენილი საეჭვო ფულის ნიშნების და თანდართული დოკუმენტების მონაცემებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, საკასო მოდულში მონაცემების ასახვა ხორციელდება ფაქტობრივად წარმოდგენილი საეჭვო ფულის ნიშნების მიხედვით. 7. ბანკს ექსპერტიზის შედეგები ეგზავნება შესაბამისი ცნობის სახით. ექსპერტიზის შედეგად დადგენილი: ა) ნამდვილი ეროვნული ვალუტის შესაბამისი თანხის ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე ჩარიცხვა ხორციელდება ექსპერტიზიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა; ბ) ნამდვილი უცხოური ვალუტა (იგივე ფულის ნიშანი) უბრუნდება ბანკს; გ) ყალბი ან/და გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება. ყალბი ფულის ნიშანი რჩება ეროვნულ ბანკში, ხოლო გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი, კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში, უბრუნდება ბანკს. 8. ექსპერტიზის შედეგად დადგენილი ნამდვილი უცხოური ან გადასახდელად უვარგისი ეროვნული, ასევე შემოტანილი უცხოური ვალუტის გადათვლის შედეგად გამოვლენილი მოძველებული ფულის ნიშნების გაცემა ხორციელდება ბანკის ერთჯერადი წერილობითი მინდობილობის (დანართი №4) საფუძველზე, რომელიც ივსება ეროვნული ბანკის მიერ გაგზავნილი ექსპერტიზის ცნობისა ან/და უცხოური ვალუტის გადათვლის შესახებ დოკუმენტის მიხედვით. 9. ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ წარმოდგენილი მინდობილობის საფუძველზე ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს მის იდენტიფიცირებას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საკასო მოდულში „ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გაცემული ფულის ნიშნების შესახებ“ ცნობაში შემდეგი მონაცემების შეყვანას: ა) ბანკის უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი; ბ) გასაცემი ფულის ნიშნები. 10. ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი, საკასო მოდულში გასაცემი ფულის ნიშნების სრულად აღრიცხვის შემდგომ, ბანკის უფლებამოსილ პირს გადასცემს ფულის ნიშნებს „საეჭვო ფულის ნიშნების ექსპერტიზის შესახებ“ ცნობასთან ერთად, რომელიც ახდენს მიღებული ფულის ნიშნებისა და ელექტრონულ ხელმოწერის დაფაზე გამოტანილი ცნობის მონაცემების ურთიერთშედარებას და სისწორის ელექტრონული ხელმოწერით დადასტურებას. 11. ბანკის უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერის პროგრამული დადასტურების შემდგომ, საკასო მოდულში ავტომატურად ახდენს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ცნობაზე დატანას და მის ამობეჭდვას ერთ ეგზემპლარად, რომელიც გადაეცემა ბანკის უფლებამოსილ პირს. 12. ბანკის მიერ გამოვლენილი გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშნების ეროვნულ ბანკში შეტანა და ექსპერტიზის შედეგად მისი გადასახდელად ვარგისად დადგენის შემთხვევაში თანხის ანაზღაურება ხორციელდება ამავე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 14. ოქროს სერტიფიკატების განაღდებისას ეროვნული ბანკიდან ოქროს ზოდების გატანა 1. ეროვნული ბანკის მიერ CSD სისტემაში ოქროს სერტიფიკატის განაღდების დადასტურების შემდგომ ბანკი SWIFT სისტემის მეშვეობით ავტორიზებული შეტყობინებით აცნობებს ეროვნულ ბანკს შესაბამისი ზოდის მიღებაზე მის მიერ უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს პირადობის დამადასტურებელი საბუთის მიხედვით (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საბუთის გამცემი ორგანო, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა) CSD სისტემაში „ნაწილობრივი დაფარვის” შეტყობინების შესაბამისი უნიკალური ნომრის მითითებით. ოქროს ზოდის სერტიფიკატის განაღდების მოთხოვნის შემთხვევაში SWIFT შეტყობინება ეროვნულ ბანკს გაეგზავნება არაუგვიანეს იმავე დღეს, საოპერაციო საათების დასრულებამდე, ხოლო ოქროს საინვესტიციო სერტიფიკატის შემთხვევაში – 34 კალენდარული დღის განმავლობაში. 2. ბანკი SWIFT შეტყობინებაში მითითებული პირის მეშვეობით ეროვნული ბანკის სალაროდან მიიღებს ოქროს ზოდის სერტიფიკატის შესაბამის ზოდს (ზოდებს) შეტყობინების გაგზავნის მომდევნო სამუშაო საბანკო დღიდან სამი სამუშაო საბანკო დღის ვადაში, ხოლო ოქროს საინვესტიციო სერტიფიკატის შესაბამის ზოდს (ზოდებს) – ეროვნული ბანკის დასტურის მიღების დღიდან 35-ე კალენდარულ დღეს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის ან აღმასრულებელი დირექტორის გადაწყვეტილების შემთხვევაში ეროვნული ბანკის სალაროდან ოქროს სერტიფიკატის შესაბამისი ზოდები ბანკზე შესაძლებელია გაიცეს განსხვავებულ ვადებში. 3. ზოდების გატანისას ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი შესაბამისი ზოდის მიღებაზე ბანკის უფლებამოსილი პირის ზეპირი განაცხადის შემდგომ ახდენს მის იდენტიფიცირებას პირადობის დამადასტურებელი საბუთისა და SWIFT შეტყობინებით მიწოდებული მონაცემების მიხედვით, ავსებს სათანადო გასავლის ორდერს, ბეჭდავს მას ორ ეგზემპლარად, ხელს აწერს და შესაბამის ზოდებთან ერთად ხელმოსაწერად გადასცემს ბანკის წარმომადგენელს. 4. ბანკის წარმომადგენელი ზოდის შემოწმებას ახდენს ვიზუალურად, შეფუთვასა და ზოდზე არსებული რეკვიზიტების მიხედვით (შეფუთვის დაუზიანებლად), მიღებას ადასტურებს გასავლის ორდერის ორივე ეგზემპლარზე ხელმოწერით და გასავლის ორდერის ერთ ეგზემპლარს უბრუნებს მოლარე-ოპერატორს. 5. ბანკის წარმომადგენელს უფლება აქვს მოითხოვოს ზოდის თანმხლებ სერტიფიკატზე მითითებულ რეკვიზიტებთან მათი სინჯისა და წონის შესაბამისობის ლაბორატორიული შემოწმება, თუ ასეთი უფლებამოსილება ბანკის მიერ მინიჭებული აქვს SWIFT შეტყობინებით. ამ შემთხვევაში შემოწმება ხორციელდება ბანკის წარმომადგენლის თანდასწრებით, სპეციალურად გამოყოფილ ოთახში ეროვნული ბანკის სათანადოდ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შესაბამისი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით (შემოწმებისას ხდება შეფუთვის გახსნა/დაზიანება). 6. ეროვნულ ბანკში ბანკის წარმომადგენლისათვის ზოდის გადაცემისას რაიმე შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, შეუსაბამო ზოდი დაუყოვნებლივ შეიცვლება შესაბამისი მახასიათებლების მქონე ზოდით. 7. იმ შემთხვევაში, თუ ბანკის წარმომადგენლის მიერ ეროვნულ ბანკში არ მოხდა ზოდის შემოწმება ადგილზე, პრეტენზიები რაიმე შეუსაბამობის ანაზღაურების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ არ მიიღება. 8. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა რაიმე სახის შეუსაბამობა SWIFT შეტყობინებაში ან/და ზოდის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებში, ეროვნული ბანკი უარს აცხადებს მოთხოვნილი ზოდის გაცემაზე.“. თ) მე-15 მუხლის: თ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ყოველდღიური ნაშთების აღრიცხვა ბანკების მიერ წარმოებს კუპიურული წყობის უწყისში.“; თ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სალაროში არსებულ ფულის (ფასეულობის) ნაშთსა და ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებს შორის სხვაობის შემთხვევაში, შესაბამისი პასუხისმგებელი პირი აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს ბანკის ხელმძღვანელობას. სხვაობის გამომწვევი მიზეზების გამოკვლევამდე, სალაროში გამოვლენილი ზედმეტობის ან დანაკლისის დადასტურების შემდგომ, დგება შესაბამისი აქტი, რის საფუძველზეც ზედმეტობა ჩაირიცხება ბანკის კრედიტორებში, ხოლო დანაკლისი თანხა – ბანკის დებიტორებში, ან დაეწერება იმ პირს, ვისი მიზეზითაც მოხდა აღნიშნული ფაქტი.“. ი) მე-16 მუხლის: ი.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბანკის ფული და სხვა ფასეულობა ინახება ფასეულობის საცავში, რომლის გასაღებები ინახება შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან.“; ი.ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. გასაღებთა დუბლიკატების პაკეტი, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ ხელმოწერილ წერილთან ერთად, ფასეულობათა საცავში შესანახად ბარდება ბანკის ერთ-ერთ უახლოეს ფილიალს ან ხელშეკრულების საფუძველზე სხვა ბანკს, რის შესახებაც პაკეტის ჩამბარებელს ეძლევა ხელმოწერილი და ბეჭედდასმული შემოსავლის ბალანსგარეშე ორდერის ერთი ეგზემპლარი. გასაღებთა დუბლიკატების შესანახად ჩაბარების დამადასტურებელი საბუთები ინახება ბანკის ერთ-ერთ პასუხისმგებელ პირთან სეიფში. 4. გასაღებთა დუბლიკატებიანი პაკეტის ჩამბარებლისათვის გაცემა დასაშვებია მხოლოდ ბანკის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების წერილობითი და ბანკის ბეჭდით დამოწმებული მოთხოვნით. შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ სათადარიგო გასაღებების პაკეტის გამოტანის შემთხვევაში გამოიწერება ბალანსგარეშე გასავლის ორდერი და გამოტანის მიზეზების აღნიშვნით დგება მიღება-ჩაბარების აქტი.“. კ) მე-17 მუხლის: კ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბანკი ვალდებულია სისტემატურად განახორციელოს ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის ნატურის, მათი შენახვის მდგომარეობისა და სალაროს ოპერაციების წარმოების მოულოდნელი შემოწმება.“; კ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. შემოწმებამ არ უნდა დაარღვიოს ბანკის მუშაობის და კლიენტთა მომსახურების პროცესი.“; კ.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ბანკის მიერ სალაროს შემოწმება ასევე ხორციელდება ნაღდი ფულისა და ფასეულობის გადაბარების დროს. ამ შემთხვევაში სხვა მონაცემების გარდა, აქტში აღინიშნება საცავის გასაღებების, დასალუქი საშუალებებისა და ბეჭდების გადაცემა.“; კ.დ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. შემოწმების შედეგებს, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, განიხილავს ბანკის ხელმძღვანელობა. 9. ბანკის შემოწმებების მასალები ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 6 წლის განმავლობაში.“. ლ) დანართი №1, დანართი №2, დანართი №3, დანართი №4 და დანართი №5 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართების შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები