დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესის განსაზღვრის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 80/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 23/08/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/08/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 430060000.22.022.018335 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/08/2023 - 29/12/2023)
|
პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესის განსაზღვრის შესახებ
|
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
განისაზღვროს ,,პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესი“ თანდართული სახით. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის, მასში შემავალი მოდულ(ებ)ისა და პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტისგან დამოუკიდებელი მოდულის (შემდგომ – დამოუკიდებელი მოდული) შემუშავების, დამტკიცების, გადახედვისა და მისი გაუქმების წესებსა და პროცედურას. 2. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მნიშვნელობა. 3. ამ წესით გათვალისწინებული დარგობრივი უნარების ორგანიზაცია არის „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი. მუხლი 2. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი 1. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი წარმოადგენს დოკუმენტს, რომლითაც განისაზღვრება მისანიჭებელი კვალიფიკაცია, შესაბამისი კვალიფიკაციის მისანიჭებლად საჭირო კრედიტების რაოდენობა, მისაღწევი სწავლის შედეგები, იმ მოდულების ერთობლიობა, რომლებით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევა აუცილებელია კვალიფიკაციის მისანიჭებლად, შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების და ამ პროგრამის განხორციელების წინაპირობები, დასაქმების სფეროები და საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები (მათი არსებობის შემთხვევაში). 2. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შექმნის საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი პროფესიის სტანდარტი. 3. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი შედგება ძირითადი ნაწილისა და მოდულებისგან. 4. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის ძირითადი ნაწილი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის სახელწოდებას ქართულ და ინგლისურ ენებზე; ბ) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის სარეგისტრაციო ნომერს; გ) მისანიჭებელ კვალიფიკაციას ქართულ და ინგლისურ ენებზე; დ) მისანიჭებელი კვალიფიკაციის დონეს ევროპული კვალიფიკაციის ჩარჩოსა და ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მიხედვით; ე) კვალიფიკაციის მისანიჭებლად საჭირო კრედიტების (ECVET) რაოდენობას; ვ) კლასიფიკაციის აღწერას, განათლების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორის (ISCED-F 2013), დასაქმების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორის ISCO-08 და ეკონომიკური საქმიანობის სახეების ეროვნული კლასიფიკატორის მიხედვით; ზ) დასაქმების შესაძლებლობებს; თ) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის საფუძველზე შემუშავებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობებს; ი) სწავლის შედეგებსა და სწავლის შედეგების დეტალურ აღწერას; კ) კვალიფიკაციის მისანიჭებლად სავალდებულო ზოგადი და პროფესიული მოდულების დასახელებას და მათ კრედიტთა რაოდენობას, ასევე, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შემუშავების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ განსაზღვრის შემთხვევაში – არჩევითი მოდულების ბლოკსა და მის კრედიტთა რაოდენობას; ლ) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შემუშავების საფუძველს. 5. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი შესაძლოა სხვადასხვა კომბინაციით აერთიანებდეს ზოგად მოდულებსა და პროფესიულ მოდულებს. 6. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შემუშავების უფლებამოსილების მქონე პირი, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არჩევითი მოდულების ბლოკის განსაზღვრის შემთხვევაში, უფლებამოსილია კვალიფიკაციის მისანიჭებლად საჭირო კრედიტების რაოდენობიდან განსაზღვროს: ა) არჩევითი მოდულების ბლოკის კრედიტთა მოცულობა; ბ) არჩევითი მოდულების ბლოკის კრედიტთა მოცულობა და არჩევითი მოდულების ბლოკში შემავალი მოდული/მოდულები. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არჩევითი მოდულების ბლოკის კრედიტთა მოცულობის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია შეარჩიოს მოდულები პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტისა და დამოუკიდებელი მოდულის რეესტრში რეგისტრირებული პროფესიული და დამოუკიდებელი პროფესიული მოდულებიდან ან შეიმუშაოს თავად დამოუკიდებელი პროფესიული მოდულის სახით. 8. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია გააკეთოს არჩევანი ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არჩევითი მოდულების ბლოკით განსაზღვრული მოდულებიდან. 9. არჩევითი მოდულების ბლოკის კრედიტთა ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით კვალიფიკაციის მისანიჭებლად საჭირო კრედიტების ჯამური მოცულობის 10%-ს. 10. პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს დანართის სახით ერთვის ამავე სტანდარტში განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევისათვის რეკომენდებული მინიმალური მატერიალური რესურსის ჩამონათვალი და სასწავლო გარემოს მოწყობასთან დაკავშირებული მოთხოვნები მოდულების დასახელების მითითებით. 11. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა მოიცავდეს ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის გარდა სხვა ინფორმაციასაც. მუხლი 3. მოდული 1. მოდული პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის ფარგლებში არსებული ან დამოუკიდებლად შემუშავებული კომპონენტია, რომელიც აერთიანებს ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირებულ სწავლის შედეგებს, აღწერს მათი მიღწევის გზებს, საშუალებებსა და დადასტურების პირობებს. 2. მოდულები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, შეიძლება იყოს: ა) ზოგადი მოდულები, რომელთა მიზანია პირისთვის მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისათვის საჭირო საკვანძო კომპეტენციების ან/და ტრანსფერული უნარების შეძენა-განვითარება, გამომუშავება; ბ) პროფესიული მოდულები, რომელთა მიზანია პირისთვის კონკრეტულ პროფესიულ სფეროსთან დაკავშირებული ცოდნისა და გაცნობიერების, უნარის, პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის (კომპეტენციების) გამომუშავება. 3. მოდულის სტრუქტურა შედგება ზოგადი, სტანდარტული და დამხმარე ჩანაწერებისგან. ზოგადი და სტანდარტული ჩანაწერები სავალდებულოა, ხოლო დამხმარე ჩანაწერები – სარეკომენდაციო შინაარსისაა. 4. ზოგადი ჩანაწერები მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ა) მოდულის სახელწოდებას; ბ) მოდულის სარეგისტრაციო ნომერს; გ) მოდულის მოცულობას კრედიტებში. 5. სტანდარტული ჩანაწერები მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ა) სწავლის შედეგებს; ბ) სწავლის შედეგების შესრულების კრიტერიუმებს, რაც გულისხმობს ინფორმაციას იმ მინიმალური სტანდარტების შესახებ, რომელთა დაკმაყოფილებაც პროფესიულ სტუდენტს სწავლის შედეგების მისაღწევად მოეთხოვება; გ) კომპეტენციის პარამეტრების ფარგლებს, რაც გულისხმობს სწავლის შედეგების მისაღწევად გათვალისწინებული უნარებისა და ცოდნის მასშტაბების და სიღრმის დაზუსტებას; დ) შეფასების მიმართულებას (გამოკითხვა, პრაქტიკული დავალება, პრაქტიკული დავალება დაკვირვებით); ე) სწავლის შედეგის მოცულობას კრედიტებში. 6. ამ წესის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული პირები უფლებამოსილი არიან მოდულის სტანდარტულ ჩანაწერებში განსაზღვრონ შესაბამისი მოდულის სწავლებისათვის აუცილებელი პროფესიული განათლების მასწავლებლისადმი წასაყენებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. 7. მოდულის სტრუქტურის დამხმარე ჩანაწერები მოიცავს მოდულის განხორციელებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მათ შორის, თემატიკას, სწავლების რეკომენდებულ ფორმას, შეფასების რეკომენდებულ მეთოდებს, რეკომენდებულ მტკიცებულებებს პროფესიული სტუდენტის პორტფოლიოსთვის, ინფორმაციას რეკომენდებული სასწავლო რესურსების შესახებ და სხვა. 8. დამოუკიდებელ მოდულს დანართის სახით ერთვის დამოუკიდებელი მოდულით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევისათვის რეკომენდებული მინიმალური მატერიალური რესურსის ჩამონათვალი და სასწავლო გარემოს მოწყობასთან დაკავშირებული მოთხოვნები. მუხლი 4. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შემუშავების უფლებამოსილება 1. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შემუშავებას, ასევე, მასში ცვლილების შეტანას და გაუქმებას უზრუნველყოფს დარგობრივი უნარების ორგანიზაცია, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის პროფესიული უნარების სააგენტოს (შემდგომ – პროფესიული უნარების სააგენტო) მეთოდოლოგიური მხარდაჭერით, ამ წესისა და პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის გამოყენებითა და მის შესაბამისად. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავების პროცესის წარმართვის მიზნით, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, უზრუნველყოფს დარგობრივი უნარების ორგანიზაციის დაფინანსების ოდენობის განსაზღვრასა და მის მიერ დადგენილი წესით დაფინანსებას. 2. დარგობრივი უნარების ორგანიზაციის არარსებობის ან დარგობრივი უნარების ორგანიზაციის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შემუშავების უფლებამოსილების არქონისას, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შემუშავებას, ასევე მასში ცვლილების შეტანას და გაუქმებას უზრუნველყოფს პროფესიული უნარების სააგენტო, შესაბამისი დარგის წარმომადგენლებთან (როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის) თანამშრომლობით, ამ წესისა და პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის გამოყენებითა და მის შესაბამისად. 3. დარგობრივი უნარების ორგანიზაციის არარსებობის შემთხვევაში, პროფესიული უნარების სააგენტო მიმართავს შესაბამის დარგობრივ საჯარო დაწესებულებას და წარუდგენს ინფორმაციას პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის/სტანდარტების შემუშავების პროცესის დაწყების შესახებ. 4. შესაბამისი დარგობრივი საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია პროფესიული უნარების სააგენტოს მიმართვიდან 14 კალენდარული დღის ვადაში წერილობითი ფორმით გამოხატოს მზაობა შესაბამის დარგში დარგობრივი სამუშაო ჯგუფის/ჯგუფების შექმნის შესახებ. დარგობრივი საჯარო დაწესებულების მიერ აღნიშნულზე უარის თქმის შემთხვევაში, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შემუშავების პროცესს სრულად წარმართავს პროფესიული უნარების სააგენტო. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი დარგობრივი საჯარო დაწესებულება 30 კალენდარული დღის ვადაში პროფესიული უნარების სააგენტოს წარუდგენს დარგობრივი სამუშაო ჯგუფის/ჯგუფების შექმნისა და მისი მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 6. დარგობრივ სამუშაო ჯგუფში უნდა შედიოდნენ შესაბამის დარგში არსებული საჯარო დაწესებულებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, დარგობრივი ექსპერტები. 7. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შემუშავების პროცესში პროფესიული უნარების სააგენტოს მეთოდოლოგიური მხარდაჭერა მოიცავს: ა) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის ჩანაწერების სტანდარტიზაციას, რაც გულისხმობს პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის პროექტის ჩანაწერების თანაბარი სიღრმისა და დეტალიზაციის უზრუნველყოფას; ბ) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის ჩანაწერების ვალიდაციას, რაც გულისხმობს პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის პროექტზე დაინტერესებული მხარეების (მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, ცალკეული დამსაქმებლების, საჯარო დაწესებულებების და სხვა) უკუკავშირის მიღებასა და ანალიზს. 8. პროფესიული უნარების სააგენტოს მეთოდოლოგიური მხარდაჭერა არ გულისხმობს დარგობრივ ექსპერტიზას. მუხლი 5. დამოუკიდებელი მოდულის შემუშავების უფლებამოსილება 1. დამოუკიდებელი ზოგადი მოდულების შემუშავებას, ასევე მათში ცვლილების შეტანასა და გაუქმებას უზრუნველყოფს პროფესიული უნარების სააგენტო. 2. დამოუკიდებელი პროფესიული მოდულების შემუშავებას, ასევე მათში ცვლილების შეტანასა და მათ გაუქმებას უზრუნველყოფს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება. 3. დარგობრივი უნარების ორგანიზაცია, ხოლო მისი არარსებობის ან დარგობრივი უნარების ორგანიზაციის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შემუშავების უფლებამოსილების არქონისას, პროფესიული უნარების სააგენტო უფლებამოსილია შეიმუშაოს დამოუკიდებელი პროფესიული მოდულები, ასევე, შეიტანოს მათში ცვლილება და გააუქმოს დამოუკიდებელი პროფესიული მოდულები. მუხლი 6. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის პროექტის შემუშავების პროცესი 1. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის პროექტის შემუშავების პროცესი იწყება ამ წესის მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტისა და მოდულების ველებში შესაბამისი ინფორმაციის ასახვით. 2. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის პროექტის ჩანაწერები ექვემდებარება სტანდარტიზაციასა და ვალიდაციას. 3. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის პროექტის ჩანაწერების ვალიდაციის საფუძველზე, პროფესიული უნარების სააგენტო ადგენს ვალიდაციის ანგარიშს, რომელიც შემდგომი განხილვის მიზნით წარედგინება დარგობრივი უნარების ორგანიზაციას/ამ წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ დარგობრივ სამუშაო ჯგუფს, რომელიც იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ვალიდაციის ანგარიშში მითითებული რეკომენდაციების პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის პროექტში ასახვაზე/ასახვაზე უარის თქმაზე და უზრუნველყოფს აღნიშნულის შესაბამისად პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის პროექტის გადამუშავებას. 4. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის პროექტი, ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილი წესით და შემთხვევაში, დარგობრივ საჯარო დაწესებულებასთან შეთანხმების შემდგომ, რეგისტრაციის მიზნით წარედგინება პროფესიული უნარების სააგენტოს. მუხლი 7. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შეთანხმება დარგობრივ საჯარო დაწესებულებასთან 1. დარგობრივი უნარების ორგანიზაციის/პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ შესაბამის დარგობრივ საჯარო დაწესებულებასთან უნდა შეთანხმდეს პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის პროექტი, რომელიც: ა) შემუშავებულია რეგულირებად პროფესიასთან დაკავშირებით; ბ) შემუშავებულია კულტურული მემკვიდრეობის, სამუზეუმო საქმიანობის, თეატრის, მუსიკისა და სახვითი ხელოვნების მიმართულებით. 2. დარგობრივ საჯარო დაწესებულებასთან შეთანხმება არ არის სავალდებულო, თუ პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის პროექტი შემუშავდა შესაბამის დარგობრივ საჯარო დაწესებულებასთან არსებული დარგობრივი სამუშაო ჯგუფის საშუალებით. 3. შესაბამისი დარგობრივი საჯარო დაწესებულება მიმართვიდან 14 სამუშაო დღეში განიხილავს და წერილობითი ფორმით აძლევს დასაბუთებულ უკუკავშირს დარგობრივი უნარების ორგანიზაციას/პროფესიული უნარების სააგენტოს. აღნიშნულ ვადაში დარგობრივი უნარების ორგანიზაციის/პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ დასაბუთებული უკუკავშირის მიუღებლობის შემთხვევაში, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის პროექტი ითვლება შესაბამის დარგობრივ საჯარო დაწესებულებასთან შეთანხმებულად. 4. შესაბამისი დარგობრივი საჯარო დაწესებულების უკუკავშირს განიხილავს და მის შესაბამისად პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის გადამუშავებას უზრუნველყოფს დარგობრივი უნარების ორგანიზაცია/პროფესიული უნარების სააგენტო. შესაბამისი დარგობრივი საჯარო დაწესებულების მოსაზრებ(ებ)ის პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის პროექტში გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, დარგობრივი უნარების ორგანიზაცია/პროფესიული უნარების სააგენტო ვალდებულია დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილება. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მიმართულებებთან დაკავშირებით შემუშავებულ პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის პროექტში შესაბამისი დარგობრივი საჯარო დაწესებულების მოსაზრებ(ებ)ის გათვალისწინება სავალდებულოა. მუხლი 8. დამოუკიდებელი მოდულის შემუშავების პროცესი 1. დამოუკიდებელ მოდულს დარგობრივი უნარების ორგანიზაცია/პროფესიული უნარების სააგენტო შეიმუშავებენ ამ წესისა და პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის გამოყენებით და მის შესაბამისად. 2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება დამოუკიდებელ პროფესიულ მოდულს შეიმუშავებს ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული სტრუქტურით და პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის გამოყენებით და მის შესაბამისად. 3. დარგობრივი უნარების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული დამოუკიდებელი მოდულის პროექტი წარედგინება პროფესიული უნარების სააგენტოს რეგისტრაციის მიზნით. 4. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შემუშავებული დამოუკიდებელი პროფესიული მოდულის რეგისტრაციის მიზნით პროფესიული უნარების სააგენტოსთვის წარდგენა ნებაყოფლობითია. მუხლი 9. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტისა და დამოუკიდებელი მოდულის დამტკიცების წესი 1. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი და დამოუკიდებელი მოდული დამტკიცებულად ითვლება რეესტრში რეგისტრაციის დღიდან. 2. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტისა და დამოუკიდებელი მოდულის რეესტრში რეგისტრაციაზე გადაწყვეტილებას იღებს პროფესიული უნარების სააგენტო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიზნით, პროფესიული უნარების სააგენტოს წარედგინება: ა) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტისა და დამოუკიდებელი მოდულის პროექტი; ბ) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტისა და დამოუკიდებელი მოდულის პროექტთან დაკავშირებით ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების ამსახველი დოკუმენტაცია; გ) ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შესაბამის დარგობრივ საჯარო დაწესებულებასთან შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი ან იმავე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება. 4. ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი დარგობრივი საჯარო დაწესებულება ვალდებულია პროფესიული უნარების სააგენტოს წარუდგინოს დარგობრივი სამუშაო ჯგუფის სხდომების ოქმები. 5. პროფესიული უნარების სააგენტო განიხილავს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და იღებს გადაწყვეტილებას პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტისა და დამოუკიდებელი მოდულის რეგისტრაციაზე, იმ შემთხვევაში, თუ ისინი შემუშავებულია ამ წესისა და პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად. 6. თუ პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი და დამოუკიდებელი მოდული არ არის შემუშავებული ამ წესისა და პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, პროფესიული უნარების სააგენტო უფლებამოსილია დასაბუთებული შენიშვნებით დაუბრუნოს პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტისა და დამოუკიდებელი მოდულის პროექტი ამ წესის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებულ მის შემმუშავებელს. 7. პროფესიული უნარების სააგენტო უფლებამოსილია პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი დაუბრუნოს ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ მის შემმუშავებელს, თუ არ არის წარმოდგენილი დარგობრივი საჯარო დაწესებულების მოსაზრებ(ებ)ის გაუთვალისწინებლობის შესახებ ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, ხოლო იმავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – დარგობრივ საჯარო დაწესებულებასთან პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობისას პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის პროექტი უბრუნდება დარგობრივი უნარების ორგანიზაციას. 8. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი და დამოუკიდებელი მოდული ძალაში შედის მათში მითითებული ამოქმედების თარიღიდან, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, რეესტრში რეგისტრაციის დღიდან. 9. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შემუშავებული დამოუკიდებელი პროფესიული მოდულის რეგისტრაცია ნებაყოფლობითია. 10. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტისა და დამოუკიდებელი მოდულისთვის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების პრინციპი განისაზღვრება პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ, რეესტრის შექმნისას. 11. თუ პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის ძალაში შესვლა იწვევს „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების საჭიროებას, პროფესიული უნარების სააგენტო ვალდებულია, რეესტრში პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, წერილობითი ფორმით აცნობოს აღნიშნულის შესახებ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. ამ შემთხვევაში, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი ძალაში შედის „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში განხორციელებული ცვლილების ძალაში შესვლისთანავე, თუ პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით მისი ძალაში შესვლისათვის უფრო ხანგრძლივი ვადა არ არის განსაზღვრული. მუხლი 10. დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტისა და დამოუკიდებელი მოდულის გადახედვა 1. პროფესიის სტანდარტში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცვლილების შეტანა იწვევს პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტში შესაბამისი ცვლილების შეტანას. პროფესიის სტანდარტში ცვლილების შეტანიდან არაუმეტეს 3 თვის ვადაში პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი უნდა იქნეს შესაბამისობაში მოყვანილი პროფესიის სტანდარტთან. 2. პროფესიის სტანდარტის გაუქმების შემთხვევაში, პროფესიის სტანდარტის გაუქმების დღიდან სამართლებრივ ძალას კარგავს მის საფუძველზე შემუშავებული პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი. 3. პროფესიული უნარების სააგენტო/დარგობრივი უნარების ორგანიზაცია პროფესიული უნარების სააგენტოსთან შეთანხმებით უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტში ცვლილების შეტანაზე ან მის გაუქმებაზე, ასევე დამოუკიდებელ მოდულში ცვლილების შეტანაზე ან მის გაუქმებაზე, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული შემუშავებულია დარგობრივი უნარების ორგანიზაციის/პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ. 4. შესაბამისი დარგობრივი საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ დასაბუთებული ინიციატივით მიმართოს დარგობრივი უნარების ორგანიზაციას/პროფესიული უნარების სააგენტოს, რომელიც განიხილება ამ წესის მე-4-მე-9 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურებისა და პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად. 5. პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტში და დამოუკიდებელ მოდულში ცვლილების შეტანა/გაუქმება ხორციელდება ამ წესის მე-4-მე-9 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურებისა და პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად. 6. დარგობრივი უნარების ორგანიზაცია/პროფესიული უნარების სააგენტო პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტისა და დამოუკიდებელი მოდულის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში განსაზღვრავს მისი გაუქმების თარიღს. დარგობრივი უნარების ორგანიზაციის/პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ მიღებული პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტისა და დამოუკიდებელი მოდულის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ რეგისტრირდება რეესტრში. 7. თუ პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტში ცვლილება იწვევს „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების საჭიროებას, პროფესიული უნარების სააგენტო ვალდებულია, რეესტრში პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის ცვლილების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, წერილობითი ფორმით აცნობოს აღნიშნულის შესახებ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. ამ შემთხვევაში, პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტში ცვლილება ძალაში შედის „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში განხორციელებული ცვლილების ძალაში შესვლისთანავე, თუ თავად პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტში ცვლილებით მისი ძალაში შესვლისთვის უფრო ხანგრძლივი ვადა არ არის განსაზღვრული. მუხლი 11. პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტში და დამოუკიდებელ მოდულში ტექნიკური უზუსტობის გასწორება 1. დარგობრივი უნარების ორგანიზაცია/პროფესიული უნარების სააგენტო უფლებამოსილია პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტში და დამოუკიდებელ მოდულში ცვლილების შეტანის გზით გაასწოროს პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტში და დამოუკიდებელ მოდულში არსებული ტექნიკური უზუსტობა (პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და დამოუკიდებელი მოდულის დასახელების ცვლილება, რომელიც არ იწვევს მათ შინაარსობრივ ცვლილებას, ენობრივი სისწორე, ტექსტური წყობა, გამოთვლასთან დაკავშირებული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა). 2. პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტში და დამოუკიდებელ მოდულში ტექნიკური უზუსტობის გასწორება ხორციელდება ამ წესის მე-4-მე-9 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების დაცვის გარეშე. 3. პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტში და დამოუკიდებელ მოდულში ტექნიკური უზუსტობის გასწორება პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ რეგისტრირდება რეესტრში. მუხლი 12. ელექტრონული სისტემა 1. ამ წესით განსაზღვრული პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების და დამოუკიდებელი მოდულის შემუშავების/გადახედვის/გაუქმების შესახებ საქმისწარმოება ხორციელდება ელექტრონული სისტემის გამოყენებით. 2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება დამოუკიდებელი პროფესიული მოდულის შემუშავების/გადახედვის/გაუქმების შესახებ საქმისწარმოებას ახორციელებს ელექტრონული სისტემის საშუალებით. 3. ელექტრონული სისტემის მართვისა და ადმინისტრირების წესი მტკიცდება პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ. 4. ელექტრონული საქმისწარმოებისას ტექნიკური ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, საქმისწარმოება განხორციელდება მატერიალური ფორმით. მუხლი 13. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის საფუძველზე მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების სპეციფიკა 1. მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება განხორციელდეს: ა) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-7 დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამისი იმ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც აგრეთვე გადის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებზე (შემდგომ – უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა); ბ) „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ცალკე საგანმანათლებლო პროგრამის სახით იმ შემთხვევაში, თუ იგი უკავშირდება უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაში ინტეგრირებული უნდა იყოს პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით გათვალისწინებული ყველა სწავლის შედეგი, ამასთან, არ არის სავალდებულო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ან/და მის ფარგლებში არსებული მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურა ითვალისწინებდეს მოდულებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურის სხვა მახასიათებლებს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის კავშირი უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასთან გულისხმობს მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების არანაკლებ 70%-ის თავსებადობას უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასთან. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით განსაზღვრული სწავლის შედეგების ინტეგრირების/ თავსებადობის დადგენაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტითა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სწავლის შედეგებს შორის ენობრივი/გრამატიკული/სტრუქტურული ან/და ფორმულირებასთან დაკავშირებული სხვა იმგვარი სხვაობა, რომელიც არ იწვევს პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით გათვალისწინებული სწავლის შედეგების შინაარსის ცვლილებას. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული უნდა იყოს, თუ რომელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რომელ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამას უკავშირდება მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება განხორციელდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ. ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იღებს ვალდებულებას, მის მიერ განხორციელებული/განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში აღიაროს მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგები, დამატებითი პირობების განსაზღვრის გარეშე. ხელშეკრულებით მხარეები ასევე თანხმდებიან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასთან კავშირისა და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებზე. მუხლი 14. გარდამავალი დებულებები 1. პროფესიული უნარების სააგენტომ ამ წესით გათვალისწინებული ელექტრონული სისტემის შექმნა და ელექტრონული სისტემის მართვისა და ადმინისტრირების წესის დამტკიცება უზრუნველყოს ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 1 წლის ვადაში. ელექტრონული სისტემის შექმნამდე ამ წესით გათვალისწინებული საქმისწარმოება ხორციელდება მატერიალური ფორმით. 2. პროფესიული უნარების სააგენტომ ამ წესის ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ წესით გათვალისწინებული მეთოდოლოგიისა და დაფინანსების წესის დამტკიცება. 3. ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე არსებული პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტები სამართლებრივ ძალას ინარჩუნებს პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის ძალაში შესვლამდე. 4. სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებულ პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტებში ცვლილების შეტანაზე და მათ ძალადაკარგულად გამოცხადებაზე უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვროს პროფესიული უნარების სააგენტო. 5. პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ ამ წესის ძალაში შესვლამდე პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები და შემუშავებული პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტები ჩაითვალოს ამ წესის შესაბამისად. 6. ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ევროპული კვალიფიკაციის ჩარჩოს მიხედვით მისანიჭებელი კვალიფიკაციის დონე განისაზღვროს პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით, მას შემდეგ, რაც რეფერენსირების პროცესის ფარგლებში დადგინდება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თავსებადობა ევროპული კვალიფიკაციის ჩარჩოსთან. 7. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულება უფლებამოსილია ამ წესის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, არჩევითი მოდულების ბლოკში შემავალი დამოუკიდებელი პროფესიული მოდული შეიმუშაოს თავად, მას შემდეგ, რაც „პროფესიული განათლების, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამისა და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულების მიერ შემუშავებული დამოუკიდებელი პროფესიული მოდულის დაფინანსების წესი. |
დოკუმენტის კომენტარები