საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო საბჭო
მიღების თარიღი 31/08/1992
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, II, 31/08/1992
ძალის დაკარგვის თარიღი 18/02/1998
სარეგისტრაციო კოდი 350020000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
-
31/08/1992
საქ. რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, II, 31/08/1992
350020000.00(0).000.000000
საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სახელმწიფო საბჭო
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/08/1992 - 18/02/1998)

საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო წყობილების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის სამართლებრივი საფუძვლის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის დროებითი დებულება.

2. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის სათანადოდ ფუნქციონირებისათვის 1992 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოს ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსები.

3. საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლებზე გავრცელდეს საგამოძიებო ორგანოებისათვის საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებების, აგრეთვე „პოლიციის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის საბჭოს 1992 წლის 17 ივნისის დეკრეტის მე-19 და მე-20 მუხლებით პოლიციის თანამშრომლებისათვის გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა.

4. საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურმა, საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრომ ერთი თვის ვადაში წარმოადგინონ წინადადებები საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.

5. დადგენილება ძალაში შედის მიღებისთანავე.

 

საქართველოს რესპუბლიკის

სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე                                              ე. შევარდნაძე

 

საქართველოს რესპუბლიკის

სახელმწიფო საბჭოს მდივანი                                                        ვ. გოგუაძე

 

თბილისი,

1992 წლის 31 აგვისტო

 

საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის დროებითი დებულება

ზოგადი დებულებები

1. საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახური არის სპეციალური დანიშნულების მქონე სახელწმიფო ორგანო, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს, მის პრეზიდიუმს და ანგარიშვალდებულია მათ წინაშე.

2. საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახური სახელმწიფო უშიშროებისათვის თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონებსა და სხვა ნორმატიულ აქტებს, აკონტროლებს მათ შესრულებას, განზოგადებას მათი გამოყენების პრაქტიკას, შეიმუშავებს წინადადებებს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების სრულყოფისათვის და წარუდგენს მათ საქართველოს რესპუბლიკის სახელწმიფო საბჭოსა და მთავრობას.

3. საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახური ხელმძღვანელობს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის ნორმატიული აქტებით.

4. საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახური იურიდიული პირია, რომელსაც აქვს ბეჭედი თავისი დასახელებითა და საქართველოს რესპუბლიკის გერბით.

საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურს შეუძლია გახდეს საერთაშორისო უწყებრივი ხელშეკრულების სუბიექტი სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე.

5. აკრძალულია საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის ჩაბმა იმ ამოცანების შესრულებაში, რომლებიც მას საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით არ ეკისრება.

6. საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის საქმიანობა ეფუძვნება კანონიერების, მოქალაქის – მისი უფლებებისა და თავისუფლებების, საზოგადოების  მისი მატერიალური და სულიერი ფასეულობების, სახელმწიფოს – მისი კონსტიტუციური წყობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, სახელწმიფო საიდუმლოების დაცვის პრინციპებს.

7. საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურს უფლება არა აქვს გაამჟღავნოს სახელმწიფო, სამსახურებრივი და კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, გამოძიების მასალები, ინფორმაცია, რაც ეხება მოქალაქის პირად ცხოვრებას, თუ ამ ინფორმაციის გამჟღავნება ლახავს პიროვნების პატივსა და ღირსებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

8. საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის დაფინანსება ხდება საქართველოს რესპუბლიკის ბიუჯეტიდან.

საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის ამოცანები და ფუნქციები

9. საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

დაიცვას საქართველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და სახელწმიფო წყობა;

განახორციელოს სადაზვერვო საქმიანობა – ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით მოიპოვოს, დაამუშაოს და მიაწოდოს პოლიტიკური, სამხედრო სტრატეგიული, ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და ოპერატიული ინფორმაცია საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოსა და მთავრობას;

განახორციელოს კონტრსადაზვერვო საქმიანობა – საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით გამოავლინოს და აღკვეთოს საზღვარგარეთის ქვეყნების სპეცსამსახურებისა და ორგანიზაციების სადაზვერვო და მართლსაწინააღმდეგო საქმიანობა;

უზრუნველყოს სახელწმიფო საიდუმლოების დაცვის კონტროლი;

გამოავლინოს, გამოიძიოს და თავიდან აიცილოს ის დანაშაულობები, რაც მოქმედი კანონმდებლობით საინფორმაციო- სადაზვერვო სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება.

10. საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის მასზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად:

ახორციელებს პოლიტიკური, ეკონომიკური და კრიმინოგენული ვითარების, იმ კრიზისული სიტუაციების ანალიზსა და პროგნოზირებას, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ საქართველოს რესპუბლიკის უშიშროებაზე;

ავლენს საქართველოს რესპუბლიკის სახელწმიფო წყობილების, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მართლსაწინააღმდეგო საქმიანობას;

იყენებს სახელმწიფო დაწესებულებათა თანამდებობრივ განაკვეთებს, რომელთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის სახელწმიფო საბჭოს პრეზიდიუმი;

იყენებს მოქალაქეთა ნებაყოფლობით დახმარებას, როსთვისაც მათთან ამყარებს ღია ან ფარულ ურთიერთობას;

ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს კანონმდებლობის შესაბამისად;

ითხოვს და იღებს სახელმწიფო უშიშროებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას სამინისტროების, დეპარტამენტებისა და სხვა უწყებებისაგან;

იყენებს საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ამ უწყებათა საშუალებებს საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებების განსახორციელებლად;

უზრუნველყოფს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

აწარმოებს მოკვლევასა და წინასწარ გამოძიებას იმ საქმეებზე, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობით მის კომპეტენციას განეკუთვნება; ახორციელებს ამ დანაშულის ჩამდენ პირთა ძებნას და დაკავებას;

აკონტროლებს და კოორდინაციას უწევს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამინისტროების, დეპარტამენტებისა და სხვა უწყებების, აგრეთვე რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ საქართველოს რესპუბლიკისადმი დაქვემდებარებული დაწესებულებების საქმიანობისას საიდუმლო ინფორმაციის დაცვას;

ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული ქვედანაყოფების საქმიანობას;

ახორციელებს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრების, კონტინენტალური შელფისა და ეკონომიკური ზონის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

ახორციელებს კავშირის (სამთავრობო, შიფრული, საიდუმლო) სპეციალური სახეების უზრუნველყოფის ღონისძიებებს;

ხელმძღვანელობს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის სისტემაში კადრების შერჩევას, მომზადებას, განაწილებას და კვალიფიკაციის ამაღლებას, ორგანიზაციას უწევს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას;

ახორციელებს საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელ პირთა და რესპუბლიკაში აკრედიტებულ ან მყოფ საზღვარგარეთის სახელმწიფო და საზოგადოებრივ მოღვაწეთა, საპარლამენტო და სამთავრობო შენობა-ნაგებობების დაცვის ღონისძიებებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

კოორდინაციას უწევს საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სპეცსამსახურების საქმიანობას;

თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების სპეცსამსახურებთან საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით;

ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის ორგანიზაცია

11. საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის შემადგენლობაში ცენტრალური აპარატის გარდა შედის: აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურები, საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თბილისის სამმართველო, ქალაქებისა და რაიონების რეგიონალური განყოფილებები, საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის სასწავლებელი და სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.

12. საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმი.

საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის სახელწმიფო საბჭოს პრეზიდიუმი საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარის წარდგინებით.

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარე შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსთან შეთანხმებით.

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარე შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარის წარდგინებით, ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსთან შეთანხმებით.

ქალაქებისა და რაიონების საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის, თბილისის სამმართველოს, რეგიონალური განყოფილებების უფროსებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარე.

13. საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარე:

ორგანიზაციას უწევს და ხელმძღვანელობს საქართველოს რესპუბლიკაში საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურს;

პერსონალურად აგებს პასუხს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურზე დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის;

განსაზღვრავს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების უფლებამოსილებას;

თავისი უფლებამოსილების ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს და სხვა თანამშრომლებს;

ანიჭებს სპეციალურ წოდებებს პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით დადგენილი წესის შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თანამდებობის პირებს;

მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფისათვის განსახილველად შეაქვს საქართველოს რესპუბლიკის სახელწმიფო საბჭოში საკანონმდებლო აქტების პროექტები და წინადადებები ეროვნული უშიშროების საკითხებზე;

გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებს და სხვა აქტებს საქართველოს რესპუბლიკის კანონებისა და სახელწმიფო საბჭოს დეკრეტების საფუძველზე და ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე;

ამტკიცებს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

აუცილებლობის შემთხვევაში გამოსცემს ერთობლივ ბრძანებებსა და სხვა აქტებს სამინისტროებთან, სახელწმიფო დეპარტამენტებთან და სახელმწიფო ორგანოებთან ერთად თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

დადგენილი წესით განკარგავს კრედიტს;

ცალკეულ შემთხვევაში ადგენს პერსონალურ თანამდებობრივ განაკვეთებს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვისათვის;

წარმოადგენს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში;

განახორციელებს კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარის მიერ გამოცემული ბრძანებები, ინსტრუქციები და მითითებული სავალდებულოა საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის მთელი სისტემისა და თანამდებობის პირებისათვის.

საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას თავმჯდომარის ბრძანებით ასრულებს თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

14. საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურში იქმნება კოლეგია საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურების თავმჯდომარეების, საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თბილისის საქალაქო სამმართველოს უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა შემადგენლობით.

საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის კოლეგიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმი საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარის წარდგინებით.

15. საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის კოლეგია:

იხილავს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის საქმიანობას, კადრების შერჩევის, აღზრდისა და სწავლების საკითხებს, ამოწმებს გადაწყვეტილებათა შესრულებას;

თანამდებობაზე ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარის წარდგინებით.

კოლეგიის გადაწყვეტილებები გამოიცემა საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარის ბრძანებით.

ზედამხედველობა და კონტროლი საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის საქმიანობაზე

16. საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის საქმიანობას აკონტროლებენ საქართველოს რესპუბლიკის სახელწმიფო საბჭო და მისი პრეზიდიუმი თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში.

საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის მაკონტროლებელი ორგანოები არ ერევიან მის ოპერატიულ-სამძებრო და პროცესუალურ საქმიანობაში.

17. საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის საქმიანობაში კანონიერების დაცვას ზედამხედველობას უწევს საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები.