საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 22/12/1992
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 2, 31/12/1992
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
22/12/1992
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 2, 31/12/1992
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (18/02/1993 - 15/03/1994)

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1.  საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანო

საქართველოს რესპუბლიკაში აღმასრულებელ-განმკარგულებელ საქმიანობას ახორციელებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი უფლებამოსილია გადაწყვიტოს სახელმწიფო მმართველობის ყველა საკითხი, რომელიც არ შედის საქართველოს პარლამენტის, პარლამენტის თავმჯდომარის სახელმწიფოს მეთაურის კომპეტენციაში.

მინისტრთა კაბინეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში ჩარევა დაუშვებელია გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მუხლი 2. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საქმიანობის ძირითადი პრინციპები

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი საქმიანობას წარმართავს „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის, ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს კანონიერების, საჯაროობის, კოლეგიურობის პრინციპებით, უზრუნველყოფს მინისტრთა კაბინეტის წევრთა პასუხისმგებლობას.

მუხლი 3. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში:

ზრუნავს ქვეყნის საკუთრების დაცვისა და გამრავლებისათვის, ხელს უწყობს საკუთრების ყველა ფორმის განვითარებას და უზრუნველყოფს მათს თანასწორუფლებიანობას;

ახორციელებს ეროვნული უშიშროების პოლიტიკას, უზრუნველყოფს რესპუბლიკის თავდაცვას;

წარმართავს ეკონომიკურ რეფორმას საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით;

ახორციელებს მეცნიერულ-ტექნიკურ პოლიტიკას, უზრუნველყოფს მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის დაჩქარებას;

შეიმუშავებს რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგნოზებს, სოციალურ-კულტურული განვითარების კონცეფციებსა და პროგრამებს, ატარებს მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკას;

ახორციელებს ეროვნული კულტურის შემდგომი განვითარების ღონისძიებებს, ხელს უწყობს მედიცინის სამეცნიერო და პრაქტიკული დარგების განვითარებას;

ხელს უწყობს სასაქონლო-ფულად ურთიერთობათა განვითარებას, საფინანსო და საბანკო სისტემის განმტკიცებას, ეკონომიკურ თანამშრომლობას სხვა ქვეყნებთან;

უზრუნველყოფს გარემოს დაცვას, ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას;

უზრუნველყოფს კანონების განმტკიცებას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, მოქალაქეთა უფლებებისა და  თავისუფლებების დაცვას;

ახორციელებს საგარეო პოლიტიკას თავისი კომპეტენციის შესაბამისად;

წარმართავს ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების მუშაობას, ხელს უწყობს მმართველობის ადგილობრივი ორგანოების დამოუკიდებლობის გაფართოებას;

ხელს უწყობს ერთიანი აღრიცხვის, სტატისტიკისა და სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ორგანიზაციის ღონისძიებათა განხორციელებას.

მუხლი 4. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებანი

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი საქართველოს რესპუბლიკის კანონებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების, სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებების და განკარგულებების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს დადგენილებებს. პრემიერ-მინისტრი გამოსცემს განკარგულებებს.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის აქტების შესრულება სავალდებულოა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

მუხლი 5. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი შედგება საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მისი მოადგილეებისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრების, კომიტეტების თავმჯდომარეებისა და საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის უფროსისაგან.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის წარდგინებით ნიშნავს საქართველოს პარლამენტი.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილეებსა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

ასეთივე წესით ხდება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის შეცვლა.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრებად თანამდებობის მიხედვით ითვლიან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების თავმჯდომარები.

მუხლი 6. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურა

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

მუხლი 7. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილების ვადა

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი თავის უფლებამოსილებას იხსნის საქართველოს რესპუბლიკის ახლადარჩეული პარლამენტის წინაშე.

მუხლი 8. მინისტრთა კაბინეტისადმი ნდობის საკითხის დასმისა და გადაწყვეტის წესი

პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს დასვას პარლამენტის წინაშე მინისტრთა კაბინეტისადმი ნდობის საკითხი.

პრემიერ-მინისტრის გადადგომა გამოიწვევს მინისტრთა კაბინეტის გადადგომას.

პარლამენტის წინაშე პრემიერ-მინისტრთა და მინისტრთა კაბინეტის წევრისადმი ნდობის საკითხის დასმის უფლება აქვს დეპუტატთა საერთო რაოდენობის სულ ცოტა ერთ მეხუთედს ან პარლამენტის თავმჯდომარეს  - სახელმწიფოს მეთაურს.

მუხლი 9. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გადადგომის უფლება

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს უფლება აქვს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტს განუცხადოს თავისი გადადგომის შესახებ.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ყოველ წელს უფლება აქვს გადადგეს.

საქართველოს რესპუბლიკის გადამდგარი მინისტრთა კაბინეტი თავის მოვალეობებს ასრულებს საქართველოს რესპუბლიკის ახალი მინისტრთა კაბინეტის შექმნამდე.

მუხლი 10. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრის მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის მუშაობაში

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრი უფლებამოსილია მონაწილეობდეს პარლამენტისა და მისი კომისიების მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით.

მუხლი 11. მინისტრთა კაბინეტის წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობა და მისი ხელშეუხებლობის სამართლებრივი გარანტიები

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრს არ შეიძლება ეკავოს არჩევითი თანამდებობა. მას ეკრძალება კომერციული საქმიანობა და არ შეუძლია შეითავსოს სხვა თანამდებობა, გარდა სამეცნიერო-პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა.

მინისტრთა კაბინეტის წევრი არ შეიძლება მისცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან დააპატიმრონ პარლამენტის, ხოლო სესიებს შორის პერიოდში - სახელმწიფოს მეთაურის თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მას დანაშაულის ჩადენაზე წაასწრეს. ეს შემთხვევა დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სახელმწიფოს მეთაურს.

თავი II

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კომპეტენცია

მუხლი 12. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კომპეტენციის ზოგადი საკითხები

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი თავისი უფლებამოსილების შესაბამისად:

ახორციელებს საქართველოს რესპუბლიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკას;

იღებს ზომებს სახელმწიფო უშიშროებისა და ქვეყნის თავდაცვის უზრუნველსაყოფად, მოქალაქეების უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად;

ახორცილებს რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგრამას, ქმნის პირობებს ადგილობრივი მმართველობისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფუნქციონირებისათვის;

შეიმუშავებს და წარუდგენს პარლამენტს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს და ასრულებს დამტკიცებულ სახელმწიფო ბიუჯეტს;

განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროების, დეპარტამენტებისა და სხვა დაქვემდებარებულ ორგანოთა ფუნქციებს, ამტკიცებს მათი საქმიანობის დებულებას, შენახვის ხარჯებს მმართველობის ორგანოების შესახებ ასიგნებათა ფარგლებში, კონტროლსა და კოორდინაციას უწვეს მათ საქმიანობას;

უზრუნველყოფს საქართველოს რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებისა და საკუთარი ნორმატიული გადაწყვეტილებების შესრულებას.

მუხლი 13. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ძირითადი უფლებამოსილებანი სოციალური განვითარების სფეროში

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი:

ახორციელებს ღონისძიებებს ეკონომიკური განვითარების შესაბამისად რესპუბლიკის მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებისათვის;

ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას მოსახლეობის მიგრაციის რეგულირების, ოჯახის, დედათა და ბავშვთა დაცვის სფეროში;

იღებს ზომებს რესპუბლიკის შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმების უზრუნველსაყოფად, შრომისა და დასკვნების შესაფერისი პირობების შესაქმნელად;

ახორციელებს ერთიან პოლიტიკას მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფისათვის, იღებს ზომებს მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესებისათვის, სპორტისა და ტურიზმის განვითარებისათვის;

უზრუნველყოფს ეკონომიკურ შესაძლებლობებს იმისათვის, რომ რესპუბლიკის ყოველმა მცხოვრებმა მიიღოს მისთვის სასურველი განათლება, პროფესია და კვალიფიკაცია რესპუბლიკის საჭიროების გათვალისწინებით;

ხელს უწყობს რესპუბლიკაში მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებას, ზრუნავს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის;

იღებს ზომებს რესპუბლიკის მოსახლეობის სასურსათო პროდუქტებით, სამრეწველო საქონლითა და სხვა მომსახურებით უზრუნველყოფისათვის;

ახორცილებს ღონისძიებებს საბინაო ფონდის განვითარებისათვის; ხელს უწყობს საბინაო მშენებლობას.

მუხლი 14. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ძირითადი უფლებამოსილებანი ეკონომიკის სფეროში

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი:

განაგებს სახელმწიფო ქონებას, ქმნის საკუთრების ყველა ფორმის განვითარებისათვის შესაფერის პირობებს;

ეკონომიკური და სამართლებრივი საშუალებებით რესპუბლიკის ტერიტორიაზე აწესრიგებს მეურნეობის ყველა დარგისა და საკუთრების სუბიექტების საქმიანობას;

აწესებს ეროვნული შემოსავლის გამოყენებისა და მეურნეობის განვითარების რაციონალურ პროცესებს, შეიმუშავებს რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგნოზებს;

ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას ფულის მიმოქცევისა და კრედიტის სფეროში;

შეიმუშავებს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტს, ადგენს ფასწარმოქმნის წესს;

ახორციელებს შრომის ანაზღაურების საერთო პოლიტიკას;

ორგანიზაციას უწევს და არეგულირებს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობებს; აწესებს კვოტებს და საბაჟო გადასახადს, წარმართავს საბაჟო სამსახურს;

განაგებს რესპუბლიკის ბუნებრივ რესურსებს, აწესებს ბუნებათსარგებლობის ლიმიტებსა და ნორმატივებს.

მუხლი 15. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ძირითადი უფლებამოსილებანი კანონიერების უზრუნველყოფის სფეროში

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი:

იღებს ზომებს მოქალაქეების უფლებათა და თავისუფლებათა უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოს ინტერესების დაცვისა და საზოგადოებრივი წესრიგის განმტკიცებისათვის;

ახორციელებს კონტროლს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროთა და სხვა საქვეუწყებო ორგანოთა მიერ კანონმდებლობის შესრულებისადმი, განსაზღვრავს მეურნეობაში სამართლებრივი მუშაობის ძირითად მიმართულებებს;

ზრუნავს ეკონომიკურ და სოციალურ სფეროში სამართლებრივი რეგულირების სრულყოფისათვის;

იღებს ზომებს მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფისათვის;

უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეაჩეროს სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების აქტების მოქმედება, გააუქმოს სამინისტროებისა და თავისი სხვა საქვეუწყებო ორგანოების კანონსაწინააღმდეგო აქტები.

მუხლი 16. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილებანი სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის უზრუნველყოფის სფეროში

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი:

ახორციელებს ღონისძიებებს სახელმწიფო უშიშროებისა და რესპუბლიკის თავდაცვის უზრუნველსაყოფად, აყალიბებს შესაბამის სტრუქტურებს და კონტროლს უწევს მათ საქმიანობას;

იღებს ზომებს ერთიანი შეირაღებული ძალების აღჭურვისა და მათთვის სამხედრო კადრების მოსამზადებლად, სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა გასაწვევად.

ხელმძღვანელობს რესპუბლიკის სამოქალაქო თავდაცვას.

მუხლი 17. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილებანი საგარეო პოლიტიკის სფეროში

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი:

დებს ხელშეკრულებებს უცხოეთის სახელმწიფოთა მთავრობებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უზრუნველყოფს მათს შესრულებას;

ხელმძღვანელობს საქართველოს რესპუბლიკის ურთიერთობებს უცხოეთის მთავრობებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ახორციელებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას უცხოეთის ქვეყნებში, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებში.

თავი III

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ურთიერთობა

სხვა სახელმწიფო ორგანოებთან

მუხლი 18. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ურთიერთობათა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოებთან

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების მუშაობას.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ იმ საკითების გადაწყვეტაში, რომლებიც ავტონომიურ რესპუბლიკათა ინტერესებს ეხება, მონაწილეობენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოები.

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში განსახილველად შეაქვთ წინადადებანი იმ საკითხებზე, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებას მოითხოვენ.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი უზრუნველყოფს საჭირო ურთიერთმოქმედებას აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებსა და საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებსა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხვა საქვეუწყებო ორგანოებს შორის მათ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად და ეკონომიკური და სოციალური განვითარების საკითხთა გადასაწყვეტად.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს შეაჩეროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების დადგენილებათა და განკარგულებათა შესრულება.

მუხლი 19. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ურთიერთობა სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი თავისი უფლებამოსილების შესაბამისად:

წარმართავს და აკონტროლებს მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მუშაობას;

აუქმებს მმართველობის ადგილობრივი ორგანოების აქტებს, თუ ისინი არ შეესაბამებიან საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობას;

მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან ერთად ორგანიზაციას უწევს სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტების მართვასა და დაცვას;

განსაზღვრავს ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, გარემოს დაცვის განვითარების საერთო მიმართულებებს.

მუხლი 20. საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროთა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხვა საქვეუწყებო ორგანოთა ხელმძღვანელობა

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი:

ხელმძღვანელობს და აკონტროლებს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროთა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხვა საქვეუწყებო ორგანოთა საქმიანობას;

წინადადება შეაქვს პარლამენტში საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროს და კომიტეტის შექმნის, გარდაქმნისა და გაუქმების შესახებ;

ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროების, კომიტეტების და სხვა საქვეუწყებო ორგანოთა დებულებებს (წესდებებს), მათი ცენტრალური აპარატის სტრუქტურასა და რიცხოვნობას, აგრეთვე მათი შესანახი ასიგნებების ოდენობას ამ მიზნებისათვის გამოყოფილ თანხების ფარგლებში.

მუხლი 21. საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროები და კომიტეტები

საქართველოს რესპუბლიკის სამინისტრო და კომიტეტი არიან აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოები, რომლებიც ხელმძღვანელობენ მათთვის მინდობილ მმართველობის დარგს და ექვემდებარებიან საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს.

საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროს, კომიტეტს ხელმძღვანელობს შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრი, კომიტეტის თავმჯდომარე, რომელთაც ეკისრებათ პერსონალური პასუხისმგებლობა სამინისტროსა და კომიტეტისათვის მინდობილი მმართველობის სფეროს მდგომარეობისა და განვითარების, ეკონომიკური რეფორმების ჩატარებისათვის.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრისა და კომიტეტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის წარდგინებით და ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრისა და  კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი მინისტრი და კომიტეტის თავმჯდომარე, რასაც შემდგომ ამტკიცებს მინისტრთა კაბინეტის პრეზიდიუმი.

საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროები და კომიტეტები თავიანთ უფლებამოსილებათა ფარგლებში ახორციელებენ მინისტრთა კაბინეტის პოლიტიკას, გამოსცემენ ბრძანებებსა და სხვა აქტებს საქართველოს რესპუბლიკის კანონების, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებებისა და პრემიერ-მინისტრის განკარგულებების საფუძველზე და მათს შესასრულებლად, ორგანიზაციას უწევენ და ამოწმებენ მათ შესრულებას.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს უფლება აქვს გააუქმოს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროთა და კომიტეტების კანონსაწინააღმდეგო აქტები.

საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროები და კომიტეტები ახდენენ მათი საქმიანობის დარგის განვითარების პროგნოზირებას, სწავლობენ მსოფლიო კონიუნქტურას მეცნიერულ-ტექნიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის პროგრამებს, ზრუნავენ თავიანთი მუშაკების სოციალური დაცვისა და კადრების მომზადებისათვის.

მუხლი 22. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საქვეუწყებო ორგანოები

სახელმწიფო მმართველობის, ეკონომიკის სხვადასხვა დარგის ორგანიზაციის და სხვა იმ საკითხების ხელმძღვანელობისათვის, რომლებიც უშუალოდ არ შედიან საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროთა და კომიტეტების ფუნქციებში, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ქმნის საქვეუწყებო ორგანოებს (დეპარტამენტი, სახელმწიფო ინსპექცია, კომისია, მთავარი სამმართველო და სხვა), გარდაქმნის და გააუქმებს მათ.

საქართველოს რესპუბლიკის დეპარტამენტებისა და მათთან გათანაბრებულ სახელმწიფო კორპორაციათა ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის პრეზიდიუმი სახელმწიფოს მეთაურთან შეთანხმებით.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხვა საქვეუწყებო ორგანოთა ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს, აგრეთვე ამ მუხლის მეორე ნაწილში დასახელებულ ხელმძღვანელთა მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის პრეზიდიუმი.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს უფლება აქვს გააუქმოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საქვეუწყებო ორგანოთა კანონსაწინააღმდეგო აქტები.

მუხლი 23. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კომისია

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი საჭირო შემთხვევაში მინისტრთა, მეცნიერთა და სპეციალისტთაგან ქმნის კომისიებს, განსაზღვრავს მათ ამოცანებს, ფუნქციებს, საქმიანობის წესსა და შემადგენლობას.

კომისიებს მეთაურობს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, მისი მოადგილე, მინისტრი ან ცალკეულ შემთხვევებში - სხვა პირი.

მუხლი 24. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კონტროლი თავისი ორგანოების საქმიანობისადმი

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ახორციელებს კონტროლს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროთა და მის საქვეუწყებო სხვა ორგანოთა მუშაობისადმი.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის პრეზიდიუმს შეუძლია მოსთხოვოს ანგარიში ყველა მინისტრს, კომიტეტის თავმჯდომარეს და საქვეუწყებო ორგანოს ხელმძღვანელს.

თავი IV

საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებისა და კომიტეტების ნუსხა

მუხლი 25. საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროები

საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებია:

არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტრო;

განათლების სამინისტრო;

გარემოს დაცვის სამინისტრო;

ეკონომიკის სამინისტრო;

ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტრო;

თავდაცვის სამინისტრო;

იუსტიციის სამინისტრო;

კავშირგაბმულობის სამინისტრო;

კულტურის სამინისტრო;

მრეწველობის სამინისტრო;

საგარეო საქმეთა სამინისტრო;

სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტრო;

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო;

სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტრო;

სოციალური უზრუნველყოფის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო;

ტრანსპორტის სამინისტრო;

ფინანსთა სამინისტრო;

შინაგან საქმეთა სამინისტრო;

ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო.

საქართველოს რესპუბლიკის კომიტეტებია:

ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორისო ურთიერთობის კომიტეტი:

ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტი;

მეცნიერებისა და ტექნიკის კომიტეტი;

მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტი;

საბაჟო კომიტეტი;

საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტი;

სატყეო მეურნეობის კომიტეტი;

სპორტის კომიტეტი;

ტურიზმის კომიტეტი.

საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 18 თებერვლის კანონი  -  პარლამენტის უწყებანი, №4, 31/03/1994

მუხლი 26. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხდომები და სხდომებზე გადაწყვეტილებათა მიღების წესი

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხდომები მოიწვევა საჭიროების მიხედვით, მაგრამ სამ თვეში ერთხელ მაინც .

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება მინისტრთა კაბინეტის წევრთა ნახევარი მაინც.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება მინისტრთა კაბინეტის წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ხმა.

მუხლი 27. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის პრეზიდიუმი

სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა საკითხის ოპერატიულად გადაწყვეტისათვის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მუდმივი ორგანოს სახით მოქმედებს მინისტრთა კაბინეტის პრეზიდიუმი, რომლის შემადგენლობაში შედიან პრემიერ-მინისტრი და მისი მოადგილეები. მინისტრთა კაბინეტს შეუძლია პრეზიდიუმის შემადგენლობაში შეიყვანოს მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის პრეზიდიუმის სხდომები ეწყობა რეგულარულად და გადაწყვეტილებებს იღებს პრეზიდიუმის წევრთა ხმების უმრავლესობით.

მუხლი 28. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი წარმართავს მინისტრთა კაბინეტის საქმიანობას და უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოთა ურთიერთქმედებას.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი:

ორგანიზაციას უწევს მინისტრთა კაბინეტის და მისი პრეზიდიუმის მუშაობას; ხელმძღვანელობს მის სხდომებს;

ანაწილებს მოვალეობებს მოადგილეთა შორის და კოორდინაციას უწევს მათს საქმიანობას; წარმომადგენლობს საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობათაშორისო ურთიერთობებში საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად;

თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო მმართველობის ცალკეულ საკითხებზე და ამის შესახებ წარუდგენს ინფორმაციას მინისტრთა კაბინეტის მორიგ სხდომას;

წაახალისებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრებს, მინისტრთა კაბინეტის სხვა საქვეუწყებო ორგანოთა თანამდებობის პირებს, დაადებს მათ დისციპლინურ სასჯელებს.

მუხლი 29. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილეები

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილეები მოვალეობათა განაწილების შესაბამისად კოორდინაციას უწევენ და აკონტროლებენ სამინისტროთა, კომიტეტების, მინისტრთა კაბინეტის სხვა საქვეუწყებო ორგანოთა მუშაობას, აძლევენ ოპერატიულ მითითებებს მინისტრთა კაბინეტის დადგენილებათა და პრემიერ-მინისტრის განკარგულებათა შესრულების უზრუნველსაყოფად და მათი საქმიანობის სხვა საკითხებზე; წინასწარ განიხილავენ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში შეტანილ წინადადებებს, დადგენილებათა და განკარგულებათა პროექტებს.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის არყოფნის შემთხვევაში  პრემიერ-მინისტრის მოვალეობას სახელმწიფოს მეთაურის დავალებით ასრულებს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.

მუხლი 30. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი და პრემიერ-მინისტრის განკარგულებანი

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მნიშვნელოვანი ნორმატიული გადაწყვეტილებანი გამოიცემა დადგენილების სახით. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებები გამოქვეყნდება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებათა კრებულში, ხოლო თუ აუცილებელია მათი ფართო და დაუყოვნებლივ გამოქვეყნება, ისინი გამოქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებას ხელს აწერს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი.

გადაწყვეტილებანი ოპერატიულ ან სხვა მიმდინარე საკითხებზე გამოიცემა საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის განკარგულების სახით, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი და პრემიერ-მინისტრის განკარგულებანი ძალაში შედის მათი მიღების მომენტიდან, თუ ამ აქტებში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მუხლი 31. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის აპარატი

მინისტრთა კაბინეტის ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მოსამზადებლად, სათანადო წინადადებების შესამუშავებლად დადგენილებებისა და განკარგულებების, მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებების სისტემატურად შემოწმებისათვის მოქმედებს მინისტრთა კაბინეტის აპარატი.

მინისტრთა კაბინეტის აპარატს სათავეში უდგას მინისტრთა კაბინეტის საქმეთა მმართველი. საქმეთა მმართველს, აპარატის ძირითად ქვედანაყოფთა ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრთა კაბინეტის პრეზიდიუმი.

აპარატის მუშაკთა უფლებამოსილებასა და პასუხიმგებლობას განსაზღვრავს აპარატის დებულება, რომელსაც ამტკიცებს მინისტრთა კაბინეტის პრეზიდიუმი.

მინისტრთა კაბინეტის აპარატის სტრუქტურას, შტატებს, მუშაკთა შრომის ანაზღაურებისა და მატერიალურ-საყოფაცხოვრებო პირობებს და მისი შენახვის ხარჯებს განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე -

სახელმწიფო მეთაური   ედუარდ შევარდნაძე.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი   ვახტანგ გოგუაძე.

თბილისი, 1992 წლის 22 დეკემბერი.