საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების დადების, რატიფიკაციის, შესრულებისა და დენონსაციის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების დადების, რატიფიკაციის, შესრულებისა და დენონსაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 11/02/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 4, 27/02/1993
ძალის დაკარგვის თარიღი 11/11/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
0
11/02/1993
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 4, 27/02/1993
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების დადების, რატიფიკაციის, შესრულებისა და დენონსაციის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

(ძალადაკარგულია - 16.10.1997, №934)

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების დადების, რატიფიკაციის, შესრულებისა და დენონსაციის შესახებ

I.             ზოგადი დებულებანი

მუხლი  1. კანონის ამოცანები

საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების - სახელმწიფოთაშორისო და სამთავრობათაშორისო ხელშეკრულების დადების, რატიფიკაციის, შესრულებისა და დენონსაციის წესი, რომელიც ამ კანონით არის დადგენილი, გამოიყენება საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების მიმართ, მიუხედავად მისი ფორმისა და სახელწოდებისა (ხელშეკრულება, შეთანხმება, კონვენცია, პაქტი, ქარტია, ოქმი, დეკლარაცია, კომუნიკე, წერილების ან ნოტების გაცვლა, სხვა ფორმისა და სახელწოდების საერთაშორისო ხელშეკრულებები).

მუხლი  2. საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულება

საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულება უცხოეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან იდება საქართველოს რესპუბლიკისა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით.

საქართველოს რესპუბლიკა საერთაშორისო ხელშეკრულების დადებისა და შესრულებისას ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით.

II.           საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების დადების პროცედურა

მუხლი  3. წინადადება საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესახებ

წინადადებას საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს - სახელმწიფოს მეთაურს და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს წარუდგენს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მუხლი  4. გადაწყვეტილება საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკების გამართვის შესახებ

გადაწყვეტილებას საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკების გამართვის შესახებ  იღებს:

ა) საქართველოს რესპუბლიკის სახელით დასადებ ხელშეკრულებაზე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური;

ბ) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით დასადებ ხელშეკრულებაზე -საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი.

მუხლი  5. საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილება

საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილებას იძლევა:

ა) საქართველოს რესპუბლიკის დასადებ ხელშეკრულებაზე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე -  სახელმწიფოს მეთაური.

ბ) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით დასადებ ხელშეკრულებაზე - საქართველოს მინისტრთა კაბინეტი.

უცხოეთის სახელმწიფოში საქართველოს რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურს ან საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლობის მეთაურს საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე შესაბამის სახელმწიფოსთან ან კონკრეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში მოლაპარაკება შეუძლია გამართოს სპეციალური უფლებამოსილების გარეშე.

მუხლი  6. საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების თაობაზე

მოლაპარაკების გამართვა და ხელმოწერა სპეციალური უფლებამოსილების გარეშე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს - სახელმწიფოს მეთაურს, საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეუძლიათ გამართონ მოლაპარაკება და ხელი მოაწერონ საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე.

მუხლი  7 . საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერის სპეციალური უფლებამოსილება

საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერის სპეციალურ უფლებამოსილებას იძლევა:

ა) საქართველოს რესპუბლიკის სახელით დასადებ ხელშეკრულებაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური.

ბ) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით დასადებ ხელშეკრულებაზე - საქართველოს მინისტრთა კაბინეტი.

III.         საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიკაცია    

მუხლი  8.   საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიკაცია

„სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის  შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიკაციას ახდენს საქართველოს პარლამენტი.

მუხლი  9. საქართველოს რესპუბლიკის სარატიფიკაციო საერთაშორისო ხელშეკრულება  

რატიფიკაციას ექვემდებარება საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულება სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობათა შესახებ, მათ შორის ხელშეკრულება ძალის გამოყენებაზე ან ძალის გამოყენებით დამუქრებაზე ორმხრივი უარის თქმის შესახებ, ხელშეკრულება ურთიერთცნობისა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ, საზავო ხელშეკრულება, ხელშეკრულება სხვა სახელმწიფოებთან საქართველოს ტერიტორიული გამიჯვნის შესახებ, ხელშეკრულება რომელიც საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესებისაგან განსხვავებულ სხვა წესებს ადგენს.

რატიფიკაციას ექვემდებარება აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელზეც მხარეები დათქვამენ მისი შემდგომი რატიფიკაციის აუცილებლობას.

მუხლი  10. საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების სარატიფიკაციოდ წარდგენა

საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებას საქართველოს პარლამენტს სარატიფიკაციოდ წარუდგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური, ხოლო შესაბამის საერთაშორისო ხელშეკრულებას - საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი.

მუხლი  11. სარატიფიკაციოდ წარდგენილი საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების წინასწარი განხილვა

საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომისია წინასწარ განიხილავს სარატიფიკაციოდ წარდგენილ საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებას და იძლევა შესაბამის დასკვნას.

მუხლი  12. საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება

სარატიფიკაციოდ წარდგენილ საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებას განიხილავს საქართველოს პარლამენტი და გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება.

საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიკაციის შესახებ მიიღება დადგენილების სახით. რატიფიკაციის შესახებ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე გაცემულ რატიფიკაციის სიგელს ხელს აწერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური, ხოლო ადასტურებს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი.

საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც საჭიროებს რატიფიკაციას და არ იქნება რატიფიცირებული პარლამენტის მიერ, ჩაითვლება იურიდიული ძალის არმქონედ.

თუ საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულება არ იქნება რატიფიცირებული, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს - სახელმწიფოს მეთაურს უფლება აქვს ეს ხელშეკრულება ხელახლა წარუდგინოს სარატიფიკაციოდ საქართველოს პარლამენტს.

მუხლი  13. რატიფიკაციის სიგელის გაცვლა და შესანახად ჩაბარება

საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიკაციის სიგელს გაცვლის და დეპოზიტარს შესანახად აბარებს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ან მისი დავალებით საქართველოს რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა, ან საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლობა საერთაშორისო ორგანიზაციაში, ან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის მიერ უფლებამოსილი პირი.

მუხლი  14. საერთაშორისო ხელშეკრულებასთან შეერთება

გადაწყვეტილებას საერთაშორისო ხელშეკრულებასთან საქართველოს რესპუბლიკის შეერთების შესახებ იღებს:

ა) სარატიფიკაციო ხელშეკრულების თაობაზე - საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის წარდგენით დადგენილების სახით.

ბ) არასარატიფიკაციო ხელშეკრულების თაობაზე, რომელთან შეერთებაც ხდება საქართველოს რესპუბლიკის სახელით - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური ბრძანებულების სახით.

გ) იმ არასარატიფიკაციო ხელშეკრულების თაობაზე, რომელთან შეერთებაც ხდება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით - საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი დადგენილების სახით.

IV.         საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულება       

მუხლი  15. საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა

საქართველოს რესპუბლიკა საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებას განუხრელად უნდა იცავდეს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი, საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ ღონისძიებებს საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად.

მუხლი  16. საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულება  

საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროები, კომიტეტები, უწყებები და სხვა სახელმწიფო ორგანოები, რომელთა კომპეტენციაშიც შედის საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული საკითხები, უზრუნველყოფენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებას, თვალს ადევნებენ ასეთი ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქართველოს რესპუბლიკისათვის მინიჭებული უფლებების განხორციელებას და ხელშეკრულების სხვა მონაწილეების მიერ ვალდებულებათა შესრულებას.

საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებისადმი საერთო მეთვალყურეობას ახორციელებს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მუხლი  17. საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების სხვა მონაწილეების მიერ ვალდებულებათა დარღვევა

საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა სხვა მონაწილეების მიერ დარღვევის შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს რესპუბლიკის სხვა სამინისტროები, კომიტეტები და უწყებები საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან შეთანხმებით წარუდგენენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს - სახელმწიფოს მეთაურს წინადადებებს საჭირო ღონისძიებათა განსახორციელებლად. ეს ღონისძიებები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს.

საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა სხვა მონაწილეების მიერ არსებითი დარღვევის შემთხვევაში, აგრეთვე საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში, ასეთი ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს მოცემული კანონის მე-20-23-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

V.           საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების გამოქვეყნება და რეგისტრაცია

მუხლი  18 . საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების გამოქვეყნება 

საქართველოს რესპუბლიკის სახელით დადებული ძალაში შესული საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულება, რატიფიცირებული ხელშეკრულება და ხელშეკრულება, რომელთან შეერთებაც მოხდა საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, ქვეყნდება საქართველოს პარლამენტის უწყებებში.

საქართველოს რესპუბლიკის სახელით დადებული არასარატიფიკაციო ხელშეკრულება, რომელთან შეერთებაც მოხდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებით, ქვეყნდება საქართველოს პარლამენტის უწყებებში.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით დადებული ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულება, არასარატიფიკაციო ხელშეკრულება და ხელშეკრულება, რომელთან შეერთებაც მოხდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, ქვეყნდება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებათა კრებულში.

საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის აუთენტური ტექსტები შედგენილია უცხო ენებზე, ქვეყნდება ამ ენათაგან ერთ-ერთზე ოფიციალური ქართული თარგმანითურთ.

მუხლი  19. საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების რეგისტრაცია

საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

VI.         საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების დენონსაცია      

მუხლი  20. წინადადება საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების დენონსაციის         შესახებ

წინადადებას საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისო სამთავრობათაშორისო ხელშეკრულების დენონსაციის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს - სახელმწიფოს მეთაურს წარუდგენს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან შეთანხმებით.

მუხლი  21. საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების სადენონსაციოდ წარდგენა

საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებას საქართველოს პარლამენტს სადენონსაციოდ წარუდგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური.

საერთაშორისო ხელშეკრულების სადენონსაციოდ წარდგენის უფლება აქვს აგრეთვე პარლამენტის წევრთა ჯგუფს, პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეხუთედის რაოდენობით.

მუხლი  22. საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების დენონსაციასაქართველოს პარლამენტის მიერ

დენონსაციას საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებისა, რომლის ხელმოწერის გადაწყვეტილებაც მიღებულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის მიერ, ასევე რატიფიცირებული ხელშეკრულების და იმ ხელშეკრულებისა, რომელთან შეერთებაც მოხდა საქართველოს პარლამენტის ან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილებით, ახდენს საქართველოს პარლამენტი.

გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების დენონსაციის შესახებ მიიღება დადგენილების სახით. საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომისია წინასწარ განიხილავს სადენონსაციოდ წარდგენილ საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებას და იძლევა შესაბამის დასკვნას.

თუ საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულება არ იქნება დენონსირებული საქართველოს პარლამენტის მიერ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს - სახელმწიფოს მეთაურს ან პარლამენტის წევრებს ამ კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრული რაოდენობით უფლება აქვთ ეს ხელშეკრულება ხელახლა წარუდგინონ სადენონსაციოდ საქართველოს პარლამენტს.

მუხლი  23. საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების გაუქმება

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელით დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომლის ხელმოწერის გადაწყვეტილებაც მიღებულია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელით დადებულ არასარატიფიკაციო ხელშეკრულებას, რომელთან შეერთებაც მოხდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით, აუქმებს საქართველოს პარლამენტი საკუთარი ინიციატივით, პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ან საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წარდგენით.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის დადგენილების სახით.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე -

სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე.

თბილისი, 1993 წლის 11 თებერვალი.