დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| დასაქმების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | - |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო |
| მიღების თარიღი | 25/07/1991 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 7, 31/07/1991 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/10/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (31/07/1991 - 12/11/1997)
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
დასაქმების შესახებ
ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის დასაქმების პოლიტიკას, უმუშევართა სოციალური დაცვის ეკონომიკურ, სოციალურ, ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს.
კანონი ვრცელდება რესპუბლიკის ყველა მცხოვრებზე. თანაბარ პირობებში სამუშაოზე მოწყობისას უპირატესობით სარგებლობენ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქენი.
კარი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები დასაქმების სფეროში
დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკა ეფუძნება შემდეგ ძირითად პრინციპებს:
ა) საქართველოს ყველა მოქალაქისათვის შრომის უფლების განხორციელების თანასწორი შესაძლებლობის უზრუნველყოფა რასის, ეროვნების, სქესის, რელიგიური მრწამსის. პოლიტიკური შეხედულებებისა და ქონებრივი მდგომარეობის მიუხედავად;
ბ) მოქალაქის შრომითი ინიციატივის მხარდაჭერა და წახალისება;
გ) მოქალაქის დასაქმებისათვის ხელშეწყობა, უმუშევრობის მაქსიმალურად შემცირება;
დ) უმუშევრის სოციალური დაცვის უზრუნველყოფა;
ე) დასაქმების სფეროში და სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის სხვა მიმართულებით (სოციალური უზრუნველყოფა, შემოსავლების ზრდა და განაწილება, ინფლაციის თავიდან აცილება და სხვა) გასატარებელ ღონისძიებათა კოორდინაცია;
ვ) დასაქმების სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავების, რეალიზაციისა და კონტროლისათვის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებთან პროფკავშირებისა და მეწარმეთა ასოციაციების (კავშირების) აქტიური თანამშრომლობა;
ზ) დასაქმების პრობლემათა გადაჭრაში საერთაშორისო თანამშრომლობა.
მუხლი 2. დასაქმების ფორმები
მოქალაქის განსაკუთრებული უფლებაა იყოს თავისი შრომის უნარის სრული განმგებელი და განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით არ არის აკრძალული.
არსებობს დასაქმების ორი ფორმა:
ა) მოქალაქის საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს პირად და საზოგადოებრივ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას და, როგორც წესი, ანაზღაურდება ხელფასით ან შემოსავლის სხვა ფორმით;
ბ) მოქალაქის საქმიანობა, რომელსაც არ ახლავს შემოსავალი (ბავშვების აღზრდა, შრომა საოჯახო მეურნეობაში, წარმოებისაგან მოწყვეტით სწავლა, საზოგადოებრივი მოღვაწეობა).
მოქალაქის დაუსაქმებლობა არ შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ, სისხლის სამართლისა და სხვა სახის პასუხისგებაში მიცემის საფუძვლად.
სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქის შრომის უფლების თავისუფალი განხორციელების პირობების შექმნას.
ანაზღაურებადი დასაქმების მქონე მოქალაქეს განეკუთვნება:
ა) მოქალაქე, რომელიც მუშაობს ქირით, მათ შორის,, ის, რომელიც გასამრჯელოსათვის სამუშაოს ასრულებს არასრული სამუშაო დღის (კვირის) განმავლობაში, აგრეთვე შრომითი ხელშეკრულებით მომუშავე, რომელიც დროებით არ ასრულებს სამუშაოს ავადმყოფობის, შვებულებაში ყოფნის, გაფიცვის, წარმოების დროებით შეჩერების გამო;
ბ) მოქალაქე, რომელიც ეწევა მეწარმეობას, ინდივიდუალურ შრომით და შემოქმედებით საქმიანობას, სამეურნეო ამხანაგობებისა და საზოგადოებების წევრები, ფერმერულ და გლეხურ მეურნეობებში დასაქმებული პირები და წარმოების მონაწილე მათი ოჯახის წევრები;
გ) მოქალაქე, რომელიც არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებულია ანაზღაურებად თანამდებობაზე;
დ) მოქალაქე, რომელიც მსახურობს შინაგან ჯარებში - ეროვნულ გვარდიაში, სახელმწიფო უშიშროებისა და სამართალდამცავ ორგანოებში;
ე) სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომელიც დროებით იმყოფება საქართველოს რესპუბლიკაში, მუშაობს მის ტერიტორიაზე განლაგებულ საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში საკუთრების ფორმის მიუხედავად, თუ მისის საქმიანობა დაკავშირებული არ არის უცხოეთის სახელმწიფო საელჩოსა და წარმომადგენლობის (მისიის) ფუნქციონირებასთან;
ვ) საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე, რომელიც მუშაობს საზღვარგარეთ.
მუხლი 3. უმუშევარი
უმუშევრად ითვლება შრომისუნარიანი მოქალაქე შრომისუნარიან ასაკში, რომელსაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არა აქვს სამუშაო და შესაბამისად ხელფასი (შრომითი შემოსავალი), რეგისტრირებულია შრომის სახელმწიფო ბირჟაზე და ეს სამსახური ვერ სთავაზობს მას შესაფერის სამუშაოს.
უმუშევარი მოქალაქის რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონით და რესპუბლიკის მთავრობის მიერ დამტკიცებული შესაბამისი დებულებით.
მოქალაქეს, რომელსაც დადგენილი წესის მიხედვით არ შეიძლება მიენიჭოს უმუშევრის სტატუსი, უფლება აქვს დადგეს შრომის სახელმწიფო ბირჟის აღრიცხვაზე, როგორც სამუშაოს მაძიებელი.
მუხლი 4. შესაფერისი სამუშაო
მოქალაქისთვის, რომელიც გამოთავისუფლდა სამუშაოდან და არა აქვს ხელფასი (შრომითი შემოსავალი) და რეგისტრაცია გაიარა შრომის სახელმწიფო ბირჟაზე, შესაფერისად ჩაითვლება სამუშაო, რომელიც შეესაბამება მის პროფესიულ მომზადებას, ასაკს, სქესს, შრომით სტაჟს, ჯანმრთელობის მდგომარეობას და მოხერხებულია საბინაო-საყოფაცხოვრებო და სატრანსპორტო თვალსაზრისით.
თუ უმუშევრობის პირველი ექვსი თვის განმავლობაში დასაქმების სახელმწიფო ორგანოებმა ვერ გამოუნახეს შესაფერისი სამუშაო, შესაფერისად შეიძლება ჩაითვალოს სამუშაო, რომელიც საჭიროებს პროფესიის (სპეციალობის) შეცვლას, ითვალისწინებს მოქალაქის ასაკს, სქესს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, შრომით სტაჟსა და შრომის კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
იმ პირისათვის, რომელიც პირველად ეძებს სამუშაოს და არა აქვს პროფესია (სპეციალობა), შესაფერისად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო (მათ შორის, დროებითი), რომელიც ითვალისწინებს მოქალაქის ასაკს, სქესს, ჯანმრთელობის მდგომარეობას და შრომის კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, ან ისეთი სამუშაო, რომელიც საჭიროებს მის წინასწარ პროფესიულ მომზადებას.
მუხლი 5. შრომის უფლების დაცვის სახელმწიფო გარანტიები
უმუშევარს სახელმწიფოსაგან გარანტირებული აქვს:
ა) უფლება, ისარგებლოს უფასო პროფესიული მომზადებით, გადამზადებით და პროფესიული კონსულტაციით;
ბ) საქმიანობისა და სამუშაოს სახეობის არჩევის თავისუფლება;
გ) შესაფერისი სამუშაოს შერჩევასა და სამუშაოზე მოწყობაში უფასო ხელშეწყობა;
დ) პროფესიის და სამუშაოს მიღების, პროფესიული მომზადების, დასაქმებისა და შრომის პირობების შერჩევის დროს ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან დაცვა;
ე) საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის დაკვეთის შესაბამისად სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა შესაფერისი სამუშაოთი უზრუნველყოფა;
ვ) შრომის სახელმწიფო ბირჟის საგზურის საფუძველზე ახალ საცხოვრებელ და სამუშაო ადგილზე გადასვლასთან დაკავშირებული ხარჯების კომპენსაცია;
ზ) დროებით სამუშაოებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ სტატისტიკური მონაცემებისა და საინფორმაციო მასალების სისტემატურ პუბლიკაციას სამუშაო ძალაზე მოთხოვნა-მიწოდების, შრომითი მოწყობის შესაძლებლობების, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების, სოციალურ-შრომითი რეაბილიტაციისა და დასაქმების სფეროს სხვა საკითხების თაობაზე.
შენიშვნა: ცნებაში „გადამზადება“ იგულისხმება კვალიფიკაციის ამაღლებაც.
მუხლი 6. დასაქმების დამატებითი გარანტიები მოსახლეობის ცალკეული ჯგუფებისათვის
სახელმწიფო დასაქმების დამატებითი გარანტიებით უზრუნველყოფს შრომის ბაზარზე დაბალკონკურენტუნარიან მოქალაქეს (ახალგაზრდა, ინვალიდი, მარტოხელა და მრავალშვილიანი მშობელი, რომელიც ზრდის 14 წლამდე ასაკის ან ინვალიდ ბავშვს, წინასაპენსიო ასაკის მოქალაქე, მოქალაქე, რომელსაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ჰქონდა სამუშაო, სასჯელის აღმასრულებელი ან იძულებითი მკურნალობის დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირი), რომელსაც უჭირს სამუშაოს მოძებნა და საჭიროებს განსაკუთრებულ სოციალურ დაცვას. მოქალაქეთა ამ კატეგორიისათვის სახელმწიფო ქმნის სპეციალურ დამატებით სამუშაო ადგილებს, სპეციალიზებულ საწარმოებს, მათ შორის, საწარმოებს ინვალიდებისათვის, ახორციელებს სწავლების სპეციალურ პროგრამებს და სხვა ღონისძიებებს.
მმართველობის ადგილობრივი ორგანოები საკუთარი სახსრებით, დასაქმების სახელმწიფო ორგანოების რეკომენდაციით, საგადასახადო შეღავათების მიცემითა და სხვა წყაროებით მოქალაქეთა ზემოთ დასახელებული ჯგუფების დასაქმებისათვის საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს უწესებენ სპეციალური სამუშაო ადგილების სავალდებულო მინიმალურ რაოდენობას.
მუხლი 7. კანონმდებლობა დასაქმების შესახებ
ურთიერთობანი დასაქმების სფეროში საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგულირდება ამ კანონით, საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონმდებლობით და საქართველოს რესპუბლიკის სხვა ნორმატიული აქტებით.
ავტონომიურ რესპუბლიკათა კანონმდებლობით დასაქმების შესახებ, რესპუბლიკის თავისებურებებიდან გამომდინარე შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს უმუშევართა სოციალური დაცვის დამატებითი პირობები და გარანტიები, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობას დასაქმების შესახებ.
თუ საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით დადგენილია სხვა წესები, რომლებიც განსხვავდება დასაქმების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობისაგან, მაშინ გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების წესები.
კარი II
მოქალაქის უფლება დასაქმებაზე
მუხლი 8. სამუშაოზე მოწყობის უფლება
საქართველოს მოქალაქეს აქვს სამუშაოს თავისუფლად არჩევის უფლება საწარმოსათვის, დაწესებულების და ორგანიზაციისათვის (მისი საკუთრების ფორმის მიუხედავად) უშუალო მიმართვის გზით ან შრომის სახელმწიფო ბირჟის მეშვეობით.
სამუშაოზე მიღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციასა და მოქალაქეს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, რის შესახებაც აუცილებლად უნდა ეცნობოს შრომის სახელმწიფო ბირჟას.
შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) დადების წესი და პირობები რეგულირდება რესპუბლიკის შრომის კანონმდებლობით.
მუხლი 9. მოქალაქის უფლება საზღვარგარეთ შრომით საქმიანობაზე
საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეს აქვს საზღვარგარეთ შრომითი საქმიანობის უფლება.
ამ მოქალაქის უფლებებისა და ინტერესების დაცვის წესი და საშუამავლო დახმარების პირობები განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის და შესაბამისი სახელმწიფოს კანონმდებლობით, აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკასა და სხვა სახელმწიფოს შორის დადებული შეთანხმებებით.
მუხლი 10. უმუშევრის სოციალური დაცვა
მოქალაქეს აქვს უმუშევრობისაგან სოციალური დაცვის უფლება. დადგენილი წესით უმუშევრად ცნობილ პირს უფლება აქვს მიიღოს შემწეობა უმუშევრობისათვის.
მუხლი 11. დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მუშაკთა ქმედების გასაჩივრების უფლება
მოქალაქეს უფლება აქვს გაასაჩივროს დასაქმების სახელწიფო სამსახურის მუშაკთა ქმედება სასამართლოში საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კარი III
დასაქმების სახელმწიფო რეგულირება და ორგანიზაცია
მუხლი 12. დასაქმების სახელმწიფო რეგულირება
მოსახლეობის დასაქმებას არეგულირებს საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტრო. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დასაქმების ერთიანი პოლიტიკის პრაქტიკული რეალიზაციისათვის და მოქალაქეთა შესაბამისი გარანტიების უზრუნველსაყოფად საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროსთან იქმნება დასაქმების სახელმწიფო სამსახური - დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის, შრომის სახელმწიფო ბირჟის უმუშევართა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების სისტემის სახით. იგი ახორცილებს სათანადო პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას, ამ მიზნით მონაწილეობს საფინანსო-საკრედიტო, საინვესტიციო და საგადასახდო პოლიტიკის გატარებაში, საწარმოო ძალების რაციონალური განლაგების, მოქალაქეთა შრომითი მობილურობის ამაღლებისა და შრომის მოქნილი რეჟიმების დანერგვის ღონისძიებათა განხორციელებაში.
მუხლი 13. შრომის სახელმწიფო ბირჟა
უმუშევართა სამუშაოზე მოწყობაში ხელშეწყობისა და მათი სოციალური გარანტიების უზრუნველსაყოფად საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე იქმნება შრომის სახელმწიფო ბირჟა.
შრომის სახელმწიფო ბირჟის საქმიანობა შიდარესპუბლიკურ რეგიონალურ დონეზე წარიმართება შრომის რეგიონალური ბირჟების მეშვეობით, ხოლო ქალაქებისა და რაიონებისა - რეგიონალური ბირჟების ადგილობრივი წარმომადგენლების მეშვეობით.
შრომის სახელმწიფო ბირჟის დებულებას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა. იგი მოქალაქეებს ემსახურება უფასოდ.
შრომის სახელმწიფო ბირჟის შემადგენლობაში იქმნება დასაქმების სახელმწიფო ინსპექცია, რომელიც ახორციელებს საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში, მათი საკუთრების ფორმის მიუხედავად, მოქალაქეთა დასაქმების უფლების დაცვის კონტროლს. დასაქმების სახელმწიფო ინსპექციის საქმიანობის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროს შრომის სახელმწიფო ინსპექცია.
რესპუბლიკაში კომერციული ბირჟების, სააგენტოებისა და სხვა ორგანიზაციების საქმიანობა, რომელიც მოქალაქეთა სამუშაოზე მოწყობის, მომზადებისა და გადამზადების ფასიან მომსახურებას ეწევიან (მათ შორის, საზღვარგარეთაც), დაიშვება მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიებით.
მუხლი 14. საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მონაწილეობა დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში
საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, საკუთრებისა და მეურნეობრიობის ფორმის მიუხედავად, ხელს უწყობენ დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას, რისთვისაც:
ა) იცავენ ხელშეკრულების (კონტრაქტის) იმ პირობებს, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონმდებლობის შესაბამისად არეგულირებენ შრომით ურთიერთობებს;
ბ) ქმნიან სათანადო პირობებს მომუშავეთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადებისათვის;
გ) რეგულარულად გადარიცხავენ შესაბამის სახსრებს დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდში დადგენილი წესითა და ოდენობით, რაც განისაზღვრება რესპუბლიკის მთავრობის მიერ რესპუბლიკის ბიუჯეტის დამტკიცებასთან ერთად;
დ) დადგენილ ვადებში წარუდგენენ შრომის სახელმწიფო ბირჟის ინფორმაციას თავისუფალი სამუშაო ადგილებისა (ვაკანტური თანამდებობის) და მუშაკთა მოსალოდნელი გამოთავისუფლების შესახებ, მათი რაოდენობის, პროფესიების და სხვა მახასიათებლების ვადების ჩვენებით ამ პროცესის უარყოფითი სოციალური შედეგების შესამცირებელ ღონისძიებათა დროულად გატარებისათვის;
ე) საქართველოს რესპუბლიკის, შრომის სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროს მიერ განსაზღვრული და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ დადგენილი რაოდენობით მოვალენი არიან შექმნან სპეციალიზებული სამუშაო ადგილები ინვალიდებისათვის, პენსიონერების, მრავალშვილიანი და მარტოხელა დედებისათვის, აგრეთვე სოციალურად ნაკლებად დაცული მოქალაქეთა სხვა ჯგუფებისათვის. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდში დამატებით გადარიცხავენ სახსრებს დადგენილი წესით, რომელიც უნდა მოხმარდეს ასეთი კატეგორიის მოქალაქეთა სოციალურ დაცვას.
აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეების სამუშაო ადგილების ლიკვიდაცია ხდება საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროსთან და მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმებით.
დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდში შეღავათიანი გადასახდელები საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს შეიძლება დაუწესდეს იმ შემთხვევაში თუ ისინი დაასაქმებენ შრომის ბაზარზე დაბალკონკურენტუნარიან მოქალაქეებს, რომლებიც განსაკუთრებულ სოციალურ დაცვას საჭიროებენ ან შექმნიან მათთვის და უმუშევრებისათვის ახალ სამუშაო ადგილებს. ასეთ შემთხვევაში გადასახდელის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტრო მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმებით.
მომუშავეთა მასობრივი გამოთავისუფლების შემთხვევაში საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდში შეაქვს დამატებითი შენატანები დადგენილი წესის მიხედვით.
მუხლი 15. დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდი
დასაქმების ხელშეწყობის მიზნით იქმნება დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდი, როგორც დამოუკიდებელი საფინანსო სისტემა. იგი გამოიყენება დასაქმების პოლიტიკის განსახორციელებელ ღონისძიებათა დასაფინანსებლად და დასაქმების სახელმწიფო სამსახურის საქმიანობისათვის;
დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდი იქმნება:
ა) წარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების სავალდებულო ანარიცხებით (საკუთრებისა და მეურნეობრიობის ფორმის მიუხედავად);
ბ) საქართველოს და საზღვარგარეთის საწარმოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოქალაქეების ნებაყოფლობითი შენატანებითა და სხვა შემოსავლებით.
სახსრების უკმარისობის შემთხვევაში დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოიყოფა დამატებითი სახსრები.
დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის სახსრების გამოყენების მიმართულებანი, წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ დამტკიცებული დებულებით.
უმუშევართათვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და დამატებითი სახსრების მოზიდვის მიზნით დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდი ახორციელებს კომერციულ საქმიანობას, რომელიც თავისუფლდება მიღებულ შემოსავლებზე გადასახადებიდან, ასევე სახელმწიფო და საბაჟო გადასახადებისაგან.
მუხლი 16. უმუშევრის პროფესიული მომზადება და გადამზადება
უმუშევრის პროფესიული მომზადება და გადამზადება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) შრომის სახელმწიფო ბირჟამ ვერ შეურჩია შესაფერისი სამუშაო იმის გამო, რომ მოქალაქეს არა აქვს აუცილებელი პროფესიული კვალიფიკაცია;
ბ) შრომის სახელმწიფო ბირჟა ვერ სთავაზობს უმუშევარს მისი პროფესიული გამოცდილების შესაფერის სამუშაოს და საჭირო ხდება სპეციალობის შეცვლა;
გ) უმუშევარმა დაკარგა უნარი შეასრულოს სამუშაო თავისი ადრინდელი პროფესიის მიხედვით.
უმუშევრის პროფესიული მომზადება და გადამზადება ხორციელდება დასაქმების სახელმწიფო სამსახურის სისტემაში არსებული პროფესიული მომზადების და გადამზადების სისტემის სასწავლო-საწარმოო ცენტრების ბაზაზე, აგრეთვე ხელშეკრულებით სხვა სასწავლო დაწესებულებებში დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის ამ მიზნით გათვალისწინებული სახსრების ხარჯზე.
მუხლი 17. დროებითი სამუშაო ორგანიზაცია
მმართველობის ადგილობრივი ორგანოები შრომის სახელმწიფო ბირჟის წინადადებითა და მონაწილეობით ადგილობრივი მუნიციპალური საკუთრების საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში, აგრეთვე ხელშეკრულების საფუძველზე სხვა საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში ახორციელებენ დროებითი სამუშაოების ორგანიზაციას.
დროებით სამუშაოთა დაფინანსება ხდება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე დასაქმების ერთიანი სახელმწიფო სახსრების გამოყენებით.
დროებითი სამუშაოების ორგანიზაციის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროს მიერ შემუშავებული შესაბამისი დებულებით.
კარი IV
უმუშევარის სოციალური დაცვის გარანტიები
მუხლი 18. მატერიალური მხარდაჭერის გარანტიები
უმუშევარს სახელმწიფო აძლევს შემდეგ გარანტიებს:
ა) შემწეობას უმუშევრობისათვის;
ბ) სტიპენდიას პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პერიოდში და ამ ხნის განმავლობაში უნარჩუნებს საერთო და უწყვეტ შრომით სტაჟს;
გ) მატერიალურ დახმარებას მისთვის და მისი ოჯახის წევრებისათვის, კმაყოფაზე მყოფი მოხუცებისა და არასრულწლოვანი ბავშვების გათვალისწინებით.
მუხლი 19. გამოთავისუფლებულ მუშაკთა შემწეობის გარანტიები
მუშაკს, რომელიც გამოთავისუფლებულია სამუშაოდან, შემწეობა ეძლევა ერთი წლის განმავლობაში შემდეგი წესით:
გამოთავისუფლების დღიდან პირველი სამი თვის განმავლობაში უკანასკნელ ძირითად სამუშაო ადგილზე მიღებული საშუალო ხელფასის ოდენობით, რომელიც გაიცემა დადგენილი წესით იმ ორგანიზაციის მიერ, საიდანაც მოხდა მუშაკის გამოთავისუფლება.
შემდგომ გაიცემა შრომის სახელმწიფო ბირჟიდან დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის სახსრებით.
მეოთხე-მეექვსე თვის განმავლობაში - მისი საშუალო ხელფასის 70 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არა აუმეტეს რესპუბლიკაში დადგენილი მინიმალური ხელფასის სამმაგი ოდენობისა;
მეშვიდე-მეცხრე თვის განმავლობაში - მისი საშუალო ხელფასის 50 პროცენტი, მაგრამ არა უმეტეს რესპუბლიკაში დადგენილი მინიმალური ხელფასის ორმაგი ოდენობით;
მეათე-მეთორმეტე თვის განმავლობაში - რესპუბლიკაში დადგენილი მინიმალური ხელფასის ოდენობით.
შემწეობის ოდენობა განისაზღვრება ბირჟაზე რეგისტრაციის თარიღის შესაბამისად.
უმუშევარს, რომელსაც კმაყოფაზე ჰყავს შვილები და ოჯახის სხვა წევრები, თუ ისინი არსებული კანონმდებლობით არ იღებენ დახმარებას, შემწეობის ოდენობა უდიდდება მისთვის დადგენილი შემწეობის 25 პროცენტით კმაყოფაზე მყოფ თითოეულ წევრზე, მაგრამ არა უმეტეს უკანასკნელ სამუშაო ადგილზე ნამუშევარი საშუალო ხელფასის ოდენობისა.
მოქალაქეს, რომელიც გათავისუფლებულია სასჯელის მოხდის ადგილიდან, ან რომელმაც სასამართლოს გადაწყვეტილებით გაიარა იძულებითი მკურნალობა და რეგისტრირებულია როგორც სამუშაოს მაძიებელი, მიეცემა უმუშევრობის შემწეობა დადგენილი მინიმალური ხელფასის არანაკლებ 75 პროცენტის ოდენობით.
მოქალაქეს, რომელმაც დაამთავრა საშუალო, საშუალო სპეციალური ან უმაღლესი სასწავლებელი, ან გაიარა სავალდებულო სამსახური შინაგან ჯარებში - ეროვნულ გვარდიაში და დამთავრებიდან 6 თვის განმავლობაში რეგისტრირებულია შრომის სახელმწიფო ბირჟაზე როგორც უმუშევარი, ეძლევა შემწეობა რესპუბლიკაში დადგენილი მინიმალური ხელფასის ოდენობით დღიდან რეგისტრაციისა ერთი თვის განმავლობაში.
უმუშევარს, რომლიც განაცხადებს თანხმობას იმუშაოს საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროს მიერ განსაზღვრული სამუშაო ძალით ნაკლებად უზრუნველყოფილ საწარმოში, ორგანიზაციაში და დაწესებულებაში ეძლევა დამატებითი ერთჯერადი შემწეობა რესპუბლიკაში დადგენილი ოდენობით, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტრო.
მუხლი 20. პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პერიოდში გასაცემი სტიპენდიის ოდენობა
უმუშევარს, რომელსაც კმაყოფაზე ჰყავს შვილები და ოჯახის სხვა წევრები, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პერიოდში ეძლევა სტიპენდია წინა სამუშაო ადგილზე საშუალო თვიური ხელფასის 80 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს რესპუბლიკაში დადგენილი მინიმალური ხელფასის სამმაგი ოდენობისა, ხოლო ვისაც არავინ არ ჰყავს კმაყოფაზე - მისი საშუალო თვიური ხელფასის 50 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ რესპუბლიკაში დადგენილი მინიმალური ხელფასისა და არა უმეტეს სამმაგი მინიმალური ხელფასისა.
მოქალაქეს, რომელიც პირველად ეძებს სამუშაოს, ასევე მოქალაქეს, რომელსაც არ უმუშავია ხანგრძლივი დროის (1 წელზე მეტი) განმავლობაში, სჭირდება პროფესიული მომზადება და გადამზადება, სწავლების პერიოდში ეძლევა სტიპენდია საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ხელფასის ოდენობით.
მუხლი 21. უმუშევრობისათვის შემწეობის გაცემის ვადები და პირობები
უმუშევარს შემწეობა ეძლევა შრომის სახელმწიფო ბირჟაზე რეგისტრაციის დღიდან ყოველთვიურად. შემწეობის მიღების პერიოდში უმუშევარი ვალდებულია დაიცვას შემწეობის გაცემის წესითა და პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
უმუშევრობისათვის შემწეობის მიღების პერიოდში უმუშევარს უნარჩუნდება საერთო და შრომის უწყვეტი სტაჟი.
უმუშევრობისათვის გასაცემი შემწეობის ოდენობა ექვემდებარება ინდექსაციას დადგენილი წესის მიხედვით.
მუხლი 22. უმუშევრისათვის შეღავათიანი პენსიის გაცემა
უმუშევარს, რომელსაც საერთო შრომითი სტაჟი პენსიის მიღების უფლებას აძლევს (მათ შორის, შეღავათიან პირობებში) შეუძლია პენსია დადგენილ საპენსიო ასაკამდე ორი წლით ადრე მიიღოს.
მუხლი 23. უმუშევრობისათვის შემწეობის გაცემის შეჩერება, შეწყვეტა
უმუშევრობისათვის შემწეობის გაცემის შეჩერება ან შეწყვეტა ხდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) უმუშევარმა არასაპატიო მიზეზით განაცხადა უარი მისთვის შეთავაზებულ ორ შესაფერის სამუშაოზე;
ბ) უმუშევარმა უარი განაცხადა ორ შეთავაზებულ შესაფერის სამუშაოზე პროფესიული მომზადებისა და გადამზადების შემდეგ, სადაც გაგზავნილი იყო ბირჟის მიერ;
გ) უმუშევარმა შემწეობის მიღების პერიოდში იშოვა დროებითი სამუშაო და ამის შესახებ ბირჟას არ შეატყობინა;
დ) უმუშევარმა დაარღვია ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა;
ე) უმუშევარი შეეცადა მოტყუების გზით მიეღო ან მიიღო შემწეობა;
ვ) უმუშევარი დათხოვნილია სამუშაოდან შრომის დისციპლინის დარღვევის გამო ან საკუთარი სურვილით, საპატიო მიზეზის გარეშე.
უმუშევრობისათვის შემწეობის გაცემის შეჩერების ან შეწყვეტის წესი განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ დამტკიცებული დებულებით.
მუხლი 24. მატერიალური დახმარება
იმ შემთხვევაში, თუ უმუშევარმა დაკარგა შემწეობის მიღების უფლება და კვლავ რჩება შრომის სახელმწიფო ბირჟის აღრიცხვაზე როგორც სამუშაოს მაძიებელი, მას და მისი ოჯახის წევრებს შესაძლებელია მიეცეს მატერიალური და სხვა დახმარება, რომლის ოდენობას, გაცემის წესს და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
კარი V
კონტროლი დასაქმების შესახებ კანონმდებლობის განხორციელებაზე და პასუხისმგებლობა მისი დარღვევისათვის
მუხლი 25. მაკონტროლებელი ორგანოები
კონტროლს მოსახლეობის დასაქმების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესრულებაზე ახორციელებენ შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტრო, ხელისუფლების და მმართველობის ადგილობრივი ორგანოები, კანონით უფლებამოსილი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოები.
მუხლი 26. პასუხისმგებლობა დასაქმების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის
დასაქმების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის დისციპლინარულ, მატერიალურ, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ადგენს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.
თბილისი, 1991 წლის 25 ივლისი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები