სამხედრო მდგომარეობის შესახებ

სამხედრო მდგომარეობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 24/12/1992
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 2, 31/12/1992
ძალის დაკარგვის თარიღი 21/11/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
24/12/1992
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 2, 31/12/1992
000000000.00(0).000.000000
სამხედრო მდგომარეობის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

(ძალადაკარგულია - 31.10.1997 კანონი №1032)

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

სამხედრო მდგომარეობის შესახებ

მუხლი 1. სამხედრო მდგომარეობა არის განსაკუთრებული წესები, რომლებიც „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის და ამ კანონის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ცხადდება საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე ან ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში.

სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების მიზანია  ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფო უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა.

მუხლი 2.  „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე ან მის ცალკეულ რეგიონებში აცხადებს სამხედრო მდგომარეობას ან ადასტურებს სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას იმ შემთხვევაში, თუ ამ მდგომარეობას აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური.  საკითხი სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ არა უგვიანეს სამი დღე-ღამისა შეაქვს მას პარლამენტის განსახილველად. საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ორი მესამედით

მუხლი 3. სამხედრო მდგომარეობის შემოღებისას აღინიშნება ასეთი გადაწყვეტილების მიღების მოტივები, მოქმედების ვადა და ტერიტორიული საზღვრები, რაც სამხედრო მდგომარეობის ძალაში შესვლამდე არა უგვიანეს 12 საათისა ცხადდება რადიოთი, ტელევიზიითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით.

საქართველოს პარლამენტს, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, უფლება აქვს გააუქმოს იგი დადგენილი ვადის გასვლამდე ან გაახანგრძლივოს მისი მოქმედების ვადა, თუ კვლავ არსებობს გარემოებანი, რომლებიც სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველი გახდა.

დადგენილება სამხედრო მდგომარეობის გაუქმების ან მისი ვადის გახანგრძლივების შესახებ მიიღება პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ორი მესამედით.

მუხლი 4. სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელობის ფუნქციები სახელმწიფო თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფისა და სახელმწიფო უშიშროების დარგში გადაეცემა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მეთაურს - უმაღლეს მთავარსარდალს.

მუხლი 5. სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ადგილებზე სამხედრო ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებს, რომლებსაც ნიშნავს სახელმწიფო მეთაური - უმაღლესი მთავარსარდალი, უფლება აქვთ:

1) გამოიყენონ საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ყველა ღონისძიება საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფოს უშიშროებისა და სახალხო მეურნეობის სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად;

2) დროებით გაიყვანონ სიცოცხლისათვის საშიში რაიონებიდან მოქალაქეები, ამასთან მისცენ მათ დროებითი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი;

3) შემოიღონ - ქვეყნის იმ რეგიონში, სადაც გამოცხადებულია სამხედრო მდგომარეობა, მოქალაქეთა გასვლისა და მოქალაქეთა შემოსვლის განსაკუთრებული რეჟიმი;

4) მოახდინონ მოქალაქეთა მობილიზაცია თავდაცვითი სამუშაოების შესასრულებლად რკინიგზის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკისა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების დასაცავად;

5) დროებით ჩამოართვან მოქალაქეებს ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი, ტყვია-წამალი, ხოლო უწყებებს - სასწავლო-სამხედრო ტექნიკა; ფეთქებადი, რადიოაქტიური ნივთიერებანი და მასალები, ქიმიური და სხვა ნივთიერებები;

6) შემოიღონ უწყებათა, საზოგადოებრივი და სამეურნეო ორგანიზაციების განსაკუთრებული რეჟიმი. გადაწყვიტონ სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით მათი სამეურნეო საქმიანობის თუ სხვა საკითხები;

7) აკრძალონ კრებები, მიტინგები, ქუჩაში მსვლელობები და დემონსტრაციები, აგრეთვე სხვა მასობრივი ღონისძიებები;

8) აკრძალონ გაფიცვა;

9) შეზღუდონ ან აკრძალონ იარაღით, ტყვია-წამლით, შხამშემცველი ქიმიური ნივთიერებებით ვაჭრობა;

10) შეზღუდონ ან აკრძალონ სპირტიანი სასმელებით ვაჭრობა;

11) შემოიღონ კავშირგაბმულობით სარგებლობის განსაკუთრებული რეჟიმი; შეზღუდონ ან აკრძალონ რადიო და ტელეგადამცემი აპარატურის, აუდიო და ვიდეოჩამწერი  ტექნიკის გამოყენება; დააწესონ კონტროლი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე;

12) შეამოწმონ მოქალაქეთა თავშეყრის ადგილებში საბუთები, მოაწყონ პირადი ნივთების გასინჯვა, ხელბარგისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება;

13) თავდაცვის მიზნებიდან გამომდინარე მუშა-მოსამსახურენი დროებით გადაიყვანონ იმ სამუშაოზე, რომელიც არ არის გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულებით;

14) აუკრძალონ ცალკეულ მოქალაქეებს დატოვონ განსაზღვრული ვადით გარკვეული დასახელებული პუნქტი; ის პირები, რომლებიც არ არიან მოცემული ადგილის მცხოვრებნი, გაიყვანონ საკუთარი ხარჯით თავიანთ მუდმივ საცხოვრებელ ადგილს;

15) შემოიღონ კარანტინი ან განახორციელონ სანიტარიულ-ეპიდემიასაწინააღმდეგო ღონისძიებანი;

16) დანიშნონ ან გაათავისუფლონ თანამდებობიდან უწყებათა ხელმძღვანელები.

მუხლი 6. ამ კანონის მე-5 მუხლში აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს უფლება აქვს:

1) შემოიღოს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან მოქალაქეთა გასვლისა და საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქალაქეთა შემოსვლის განსაკუთრებული რეჟიმი;

2) გამოსცეს დადგენილებები, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე;

3) მისცეს განკარგულებები ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს და უწყებებს და მოითხოვოს მათი განუხრელი შესრულება;

4) გააუქმოს ქვემდგომი ორგანოების ნებისმიერი გადაწყვეტილება, თუ მიიჩნევს, რომ ისინი ხელს შეუშლიან ადგილებზე ვითარების სტაბილიზაციას.

მუხლი 7. სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ მოქალაქენი მოვალენი არიან იმ ტერიტორიაზე გადაადგილებისას, სადაც მოქმედებს სამხედრო მდგომარეობა, იქონიონ პირადობის დამადასტურებელი საბუთი, ხოლო კომენდატის საათის მოქმედების დროს - სპეციალური საშვი, რომელსაც საჭიროებისამებრ გასცემენ სამხედრო ხელისუფლების ორგანოები.

მუხლი 8. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2-15 პუნქტებისა და მე-7 მუხლით დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს შესაბამისად ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.

მუხლი 9. სამხედრო მდგომარეობის დროს ან მისი გაუქმების სამუშაოთა წარმოებასთან დაკავშირებით დაზარალებულ მოქალაქეებს უნაზღაურდებათ მიყენებული მატერიალური ზარალი, საჭიროების შემთხვევაში ეძლევათ საცხოვრებელი სადგომი.

ბინის მიცემის, ზარალის ანაზღაურებისა და სხვა საჭირო დახმარების გაწევის პირობებსა და წესს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.

მუხლი 10. სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებისა და მისი გაუქმების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ ატყობინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე -

სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე.

თბილისი, 1992 წლის 24 დეკემბერი.