ახალი გაცივებული და გაყინული ღორის, ცხვრის, თხის ხორცისა და შინაური ფრინველის ხორცისათვის წარმოშობის ადგილისა და წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე

ახალი გაცივებული და გაყინული ღორის, ცხვრის, თხის ხორცისა და შინაური ფრინველის ხორცისათვის წარმოშობის ადგილისა და წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 326
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/06/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023537
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
326
20/06/2022
ვებგვერდი, 21/06/2022
300160070.10.003.023537
ახალი გაცივებული და გაყინული ღორის, ცხვრის, თხის ხორცისა და შინაური ფრინველის ხორცისათვის წარმოშობის ადგილისა და წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/06/2022 - 05/06/2023)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №326

2022 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

 

ახალი გაცივებული და გაყინული ღორის, ცხვრის, თხის ხორცისა და შინაური ფრინველის ხორცისათვის წარმოშობის ადგილისა და წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ახალი გაცივებული და გაყინული ღორის, ცხვრის, თხის ხორცისა და შინაური ფრინველის ხორცისათვის წარმოშობის ადგილისა და წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ახალი გაცივებული და გაყინული ღორის, ცხვრის, თხის ხორცისა და შინაური ფრინველის ხორცისათვის წარმოშობის ადგილისა და წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

„ახალი გაცივებული და გაყინული ღორის, ცხვრის, თხის ხორცისა და შინაური ფრინველის ხორცისათვის წარმოშობის ადგილისა და წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესი“ (შემდგომში − წესი) ადგენს „ტექნიკური რეგლამენტის − მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №301 დადგენილების დანართი №10-ით − „ხორცის სახეობები, რომელთათვისაც სავალდებულოა წარმოშობის ადგილის ან წარმოშობის ქვეყნის აღნიშვნა“ განსაზღვრული ხორცის სახეობებისათვის, ეტიკეტზე წარმოშობის ქვეყნის ან წარმოშობის ადგილის მითითების წესებსა და ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს.  

მუხლი 2. მიზანი და რეგულირების  სფერო 

1. ამ წესის მიზანია ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვა.

2. ეს წესი ვრცელდება სახელმწიფო კონტოლისადმი დაქვემდებარებულ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით (სეს ესნ) განსაზღვრულ ხორცის შემდეგ ჯგუფებზე:

ა) ღორის ხორცი, ახალი, გაცივებული ან გაყინული − (სეს ესნ) კოდი  0203;

ბ) ცხვრის ან თხის ხორცი, ახალი, გაცივებული ან გაყინული − (სეს ესნ) კოდი 0204;

გ) (სეს ესნ) კოდი  0105-ით განსაზღვრული შინაური ფრინველების ახალი, გაცივებული ან გაყინული ხორცი − (სეს ესნ) კოდი 0207.

3. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების სახელმწიფო კონტროლს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად,  საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო, ხოლო საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას  სსიპ − შემოსავლების სამსახური.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა)  საწარმო − ადგილი, სადაც ხორციელდება სურსათის წარმოება, გადამუშავება ან/და დისტრიბუცია;

ბ) დამჭრელი საამქრო/საწარმო − საამქრო/საწარმო, სადაც ხორციელდება ხორცის დაჭრა და/ან ძვლების გამოცლა;

გ) გატარებული ხორცი − ღორის, ცხვრის, თხის ხორცისა და შინაური ფრინველის ძვლებგამოცლილი ხორცი, რომელიც გატარებულ იქნა ან ფრაგმენტებად დაქუცმაცდა და შეიცავს 1%-ზე ნაკლებ მარილს;

დ) ხორცის ანაჭერი/ტრიმინგი − ღორის, ცხვრის, თხის ხორცისა და  შინაური ფრინველის ტანხორციდან უშუალოდ შემოჭრით ან ჩამოჭრით, ტანხორციდან ძვლის მოცილებითა და ხორცის დაჭრით მიღებული  ხორცის მცირე ზომის ნაწილები, რომლებიც ვარგისია ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის;

ე) პარტია − ღორის, ცხვრის, თხის ხორცისა და შინაური ფრინველის ერთი სახეობიდან მიღებული ძვალგამოცლილი ან ძვლიანი ხორცი,  დაჭრილი/გატარებული ან დაუჭრელი/გაუტარებელი, რომელიც დაიჭრა, გატარდა ან შეიფუთა  ერთსა და იმავე დროს პრაქტიკულად ერთნაირ, მსგავს პირობებში.

2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ტერმინები.

მუხლი 4. მიკვლევადობა

1. ბიზნესოპერატორებს ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ხორცის წარმოებისა და დისტრიბუციის თითოეულ ეტაპზე დანერგილი უნდა ჰქონდეთ და იყენებდნენ იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის სისტემას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სისტემის გამოყენება უნდა უზრუნველყოფდეს:

ა) კავშირს ხორცსა და იმ ცხოველს ან ცხოველების ჯგუფს შორის, საიდანაც მიღებულია ხორცი; დაკვლის ეტაპზე ამ კავშირზე პასუხისმგებელია სასაკლაოს ბიზნესოპერატორი;

ბ) ამ წესის მე-6 − მე-8 მუხლებით განსაზღვრული ინფორმაციის გადაცემას, საჭიროების მიხედვით, ხორცთან ერთად, ბიზნესოპერატორებისთვის წარმოებისა და დისტრიბუციის შემდგომ ეტაპებზე.

3. თითოეული ბიზნესოპერატორი, წარმოებისა და დისტრიბუციის იმ ეტაპზე, რომელზეც ის საქმიანობს, პასუხისმგებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის სისტემის გამოყენებაზე.

4. თითოეულმა ბიზნესოპერატორმა, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ამ წესის მე-6 − მე-8 მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების მიხედვით ხორცის შეფუთვასთან ან ეტიკეტირებასთან, უნდა უზრუნველყოს კავშირი საბოლოო მომხმარებლის ან საზოგადოებრივი კვების ობიექტისთვის მიწოდებული  ხორცის საიდენტიფიკაციო პარტიის კოდსა  და იმ  ხორცის შესაბამის პარტიას ან პარტიებს შორის, რომლისგანაც შედგება შეფუთვა ან ეტიკეტირებული პარტია. ყველა შეფუთვა პარტიის ერთნაირი კოდით უნდა შეიცავდეს ამ წესის მე-6 − მე-8 მუხლებით განსაზღვრულ ერთნაირ, მსგავს  ინფორმაციას.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სისტემაში,  ბიზნესოპერატორის მიერ უნდა კეთდებოდეს შესაბამისი ჩანაწერები საწარმოში ცხოველის ტანხორცის ან ხორცის ნაჭრების მიღებისა და გაცემის შესახებ და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მათ შორის კავშირი.

მუხლი 5. ცხოველთა ჯგუფი

1. ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ცხოველთა ჯგუფის ზომა წარმოადგენს:

ა) დამჭრელ საწარმოში/საამქროში ერთდროულად დაჭრილი ტანხორცის რაოდენობას, რომელიც ამ დამჭრელი საწარმოსთვის/საამქროსთვის   წარმოადგენს ერთ პარტიას;

ბ) ტანხორცის რაოდენობას, რომლისგან მიღებული ხორცი წარმოადგენს ერთ პარტიას საწარმოსთვის, სადაც ხდება ხორცის შემდგომი დაჭრა ან გატარება.

2. პარტიის ზომა არ უნდა აღემატებოდეს  საწარმოს დღიურ წარმადობას.

3. პარტიის შედგენისას, გარდა ამ წესის მე-8 მუხლით განსაზღვრული შემთხვევისა, საწარმოებმა, სადაც ხდება ხორცის დაჭრა ან გატარება, უნდა  უზრუნველყონ, რომ პარტიაში ყველა ტანხორცი შეესაბამებოდეს იმ ცხოველებს, რომელთა ხორცის მიმართ ეტიკეტზე გამოყენებულია ამ წესის   მე-6 მუხლის პირველი ან მე-3 პუნქტით განსაზღვრული მსგავსი (იდენტური) აღნიშვნები.

მუხლი 6. ხორცის ეტიკეტირება

1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ხორცის ეტიკეტი, რომელიც განკუთვნილია საბოლოო მომხმარებლის ან საზოგადოებრივი კვების ობიექტისათვის მისაწოდებლად, უნდა შეიცავდეს შემდეგ აღნიშვნებს:

ა) ქვეყნის დასახელება, სადაც გაიზარდა ცხოველი, აღნიშნული უნდა იქნეს შემდეგი სიტყვებით: „გაიზარდა (ქვეყნის დასახელება)“, შემდეგი კრიტერიუმების  შესაბამისად:

ა.ა) ღორისთვის:  

ა.ა.ა) თუ დაკვლის ეტაპზე ცხოველის ასაკი 6 (ექვსი) თვეზე მეტია, იმ  ქვეყნის დასახელება, სადაც დაკვლამდე, სულ მცირე, ბოლო 4 (ოთხი) თვის განმავლობაში იზრდებოდა (სუქება) ცხოველი;

ა.ა.ბ) თუ დაკვლის ეტაპზე ცხოველის ასაკი 6 (ექვსი)  თვეზე ნაკლებია და მისი ცოცხალი წონა  არანაკლებ 80 კგ-ია, იმ ქვეყნის დასახელება, სადაც 30 კგ-ის მიღწევის შემდეგ იზრდებოდა (სუქება) ცხოველი;

ა.ა.გ) თუ დაკვლის ეტაპზე ცხოველის ასაკი 6 (ექვსი)  თვეზე ნაკლებია და მისი ცოცხალი წონა  ნაკლებია 80 კგ-ზე, იმ ქვეყნის დასახელება, სადაც  მოხდა ცხოველის გამოზრდა (სუქება);

ა.ბ) ცხვრისა და თხისთვის:

ა.ბ.ა) ქვეყნის დასახელება, სადაც არანაკლებ ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში გაიზარდა ცხოველი;

ა.ბ.ბ) ქვეყნის დასახელება, სადაც სრულად გაიზარდა ცხოველი, თუ დაკვლის ეტაპზე ცხოველის ასაკი 6 (ექვსი) თვეზე ნაკლებია;

ა.გ) ფრინველისათვის:

ა.გ.ა) ქვეყნის დასახელება, სადაც არანაკლებ ბოლო ერთი თვის განმავლობაში გაიზარდა ფრინველი;

ა.გ.ბ) თუ დაკვლის ეტაპზე  ფრინველის ასაკი ერთ თვეზე ნაკლებია, იმ ქვეყნის დასახელება, სადაც მოსასუქებლად მოთავსების შემდეგ სრულად გაიზარდა ფრინველი;

ბ) ქვეყნის დასახელება, სადაც დაიკლა ცხოველი, აღნიშნული უნდა იქნეს შემდეგი სიტყვებით: „დაიკლა (ქვეყნის დასახელება)“;

გ) პარტიის კოდი/ნომერი ხორცის იდენტიფიცირებისათვის, რომელიც  მიეწოდება მომხმარებელს ან საზოგადოებრივი კვების ობიექტებს.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცხოველის გაზრდის (სუქების) პერიოდი არ იქნა მიღწეული ერთ კონკრეტულ ქვეყანაში, მითითებული უნდა იქნეს ყველა იმ ქვეყნის დასახელება, სადაც მოხდა ცხოველის გაზრდა (სუქება). აღნიშვნა − „გაიზარდა (იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც მოხდა ცხოველის გაზრდა (სუქება)“, თუ  ბიზნესოპერატორი სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუსაბუთებს, რომ ცხოველი გაიზარდა ამ ქვეყნებში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“  ქვეპუნქტებით განსაზღვრული აღნიშვნები შეიძლება, შეცვლილ იქნეს აღნიშვნით −  „წარმოშობა“, თუ ბიზნესოპერატორი სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუსაბუთებს, რომ ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ხორცი მიღებულია ცხოველისგან, რომელიც დაიბადა, გაიზარდა და დაიკლა ერთსა და იმავე ქვეყანაში.

4. თუ ერთისა და იმავე ან სხვადასხვა სახეობის ხორცის რამდენიმე ნაჭერი ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად საჭიროებს სხვადასხვა აღნიშვნებს ეტიკეტზე და მომხმარებელს ან საზოგადოებრივი კვების ობიექტს მიეწოდება ერთი შეფუთვით, ეტიკეტზე აღნიშნული უნდა იქნეს:

ა) თითოეული სახეობისათვის ქვეყნების ჩამონათვალი, ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) პარტიის კოდი/ნომერი ხორცის იდენტიფიცირებისათვის, რომელიც  მიეწოდება მომხმარებელს ან საზოგადოებრივი კვების ობიექტებს.

მუხლი 7. გამონაკლისი შემთხვევები 

თუ ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ხორცის ეტიკეტზე, რომელიც იმპორტირებულია ბაზარზე განთავსებისათვის, არ არის აღნიშნული ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით  განსაზღვრული აღნიშვნები, აღნიშნული უნდა იქნეს „გაიზარდა (ქვეყნის დასახელება) და დაიკლა (ქვეყნის დასახელება)“.   

მუხლი 8. გამონაკლისი გატარებული ხორცისა და ხორცის ანაჭერისათვის (ტრიმინგი)

გატარებული ხორცისა და ხორცის ანაჭერის (ტრიმინგი) ეტიკეტზე მითითებული უნდა იქნეს შემდეგი აღნიშვნები:

ა) „წარმოშობა (ქვეყნის დასახელება)“, თუ გატარებული ხორცი ან ხორცის ანაჭერი (ტრიმინგი) წარმოებულია მხოლოდ იმ ცხოველის ხორცისგან, რომელიც დაიბადა, გაიზარდა და დაიკლა აღნიშნულ  ქვეყანაში;

ბ) „გაიზარდა და დაიკლა (ქვეყნის დასახელება)“, თუ გატარებული ხორცი ან ხორცის ანაჭერი (ტრიმინგი) წარმოებულია მხოლოდ იმ ცხოველის ხორცისგან, რომელიც გაიზარდა და დაიკლა აღნიშნულ ქვეყანაში;

გ) „გაიზარდა  (ქვეყნის დასახელება) და დაიკლა (ქვეყნის დასახელება)“, თუ გატარებული ხორცი ან ხორცის ანაჭერი (ტრიმინგი) წარმოებულია მხოლოდ იმ ცხოველის ხორცისგან, რომელიც გაიზარდა ერთ ქვეყანაში, იმპორტირებულია და დაიკლა  სხვა ქვეყანაში.

მუხლი 9. დამატებითი ნებაყოფლობითი ინფორმაცია ეტიკეტზე

1. ბიზნესოპერატორებს, გარდა ამ წესის მე-6, მე-7 ან მე-8 მუხლებით განსაზღვრული ინფორმაციისა, შეუძლიათ, ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ხორცის ეტიკეტზე განათავსონ დამატებითი ინფორმაცია ხორცის წარმოშობასთან დაკავშირებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის მე-6, მე-7 ან მე-8 მუხლებითა და „ტექნიკური რეგლამენტის − მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №301 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის თავი V-ით − „სურსათის შესახებ დამატებითი ინფორმაცია“ განსაზღვრულ მოთხოვნებს.