დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №19 ბრძანებაში ცვლილებების შეტანისა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 219 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/04/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 37, 18/04/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/09/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100.020.000.11.106.005.247 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/04/2002 - 24/07/2003)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.000.11.106.005.247
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №219
2002 წლის 18 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №19 ბრძანებაში ცვლილებების შეტანისა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ”, „საჯარო სამსახურის შესახებ” და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №19 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საასრულებო ბიუროების სისტემა (დანართი №1).”
ბ) მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტები.
გ) ბრძანების დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
სააღსრულებო ბიუროების სისტემა
1. თბილისის სააღსრულებო ბიურო;
2. კახეთის სააღსრულებო ბიურო;
3. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო;
4. შიდა ქართლის სააღსრულებო ბიურო;
5. მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურო;
6. სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიურო;
7. იმერეთის სააღსრულებო ბიურო;
8. გურიის სააღსრულებო ბიურო;
9. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო;
10. რაჭა-ლეჩხუმის სააღსრულებო ბიურო.”
დ) ძალადაკარგულად ჩაითვალოს ბრძანების დანართი №2, დანართი №3 და დანართი №4;
2. დამტკიცდეს თბილისის სააღსრულებო ბიუროს თანდართული დებულება.
3. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
თბილისის სააღსრულებო ბიუროს
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1
თბილისის სააღსრულებო ბიურო (შემდგომში – ბიურო) შექმნილია “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 2
ბიურო წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს, რომლის საქმიანობას კოორდინაციას უწევს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტი (შემდგომში – სააღსრულებო დეპარტამენტი).
მუხლი 3
ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ”, “არასაპატიმრო სასაჯელებისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით, წინამდებარე დებულებითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის სხვა ბრძანებებით.
მუხლი 4
ბიუროს საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში - იუსტიციის მინისტრი).
მუხლი 5
ბიუროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და წარწერით „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - თბილისის სააღსრულებო ბიურო”. ბიუროს გახსნილი აქვს სადეპოზიტო ანგარიში და სააღსრულებო წარმოების სარეგისტრაციო ჟურნალი.
მუხლი 6
ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა ქ. თბილისი.
მუხლი 7
ბიურო ანგარიშვალდებულია იუსტიციის მინისტრის წინაშე.
მუხლი 8
ბიუროს ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ვაჩნაძის ქ. №9.
თავი II
ბიუროს მიზნები და უფლებამოსილება
მუხლი 9
ბიუროს მიზანია:
ა) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქტების აღსრულება;
ბ) „არასაპატიმრო სასჯელებისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქით გათვალისწინებული აქტების აღსრულება.
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 10
ბიურო უფლებამოსილია:
ა) თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ორგანიზაცია გაუკეთოს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქტების აღსრულებას;
ბ) თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ორგანიზაცია გაუკეთოს “არასაპატიმრო სასჯელებისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქით გათვალისწინებული აქტების აღსრულებას;
გ) აწარმოოს სააღსრულებო წარმოებათა აღრიცხვა, სტატისტიკა და ანალიზი;
დ) განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.
თავი III
სააღსრულებო ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა
მუხლი 11
სააღსრულებო ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებით.
თავი IV
სააღსრულებო ბიუროს მართვა
მუხლი 12
1. სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელობს უფროსი აღმასრულებელი – ბიუროს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე.
2. ბიუროს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც ბიუროს სასამართლო აღმასრულებელთა შემადგენლობიდან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი, სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე.
მუხლი 13
ბიუროს უფროსი:
ა) იღებს სააღსრულებო ფურცლებს და უნაწილებს სასამართლო აღმასრულებლებს დადგენილი წესის მიხედვით;
ბ) აკონტროლებს აღსრულების მიმდინარეობას, საჭიროების შემთხვევაში დასახმარებლად მიამაგრებს სხვა აღმასრულებელს;
გ) წყვეტს სასამართლო აღმასრულებლის აცილებისა და აცილებული სასამართლო აღმასრულებლის სხვა სასამართლო აღმასრულებელთა შეცვლის საკითხს;
დ) პერიოდულად მოახსენებს სააღსრულებო დეპარტამენტს სამოქმედო ტერიტორიაზე სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისა და აღსრულების მდგომარეობის შესახებ;
ე) ახორციელებს ადმინისტრაციულ და სხვა ორგანიზაციულ-სამეურნეო ფუნქციებს;
ვ) აღსრულების პერიოდში, მოვალის სხვა სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზე გადასვლისას აღნიშნულის თაობაზე აცნობებს იმ სააღსრულებო ბიუროს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც გადავიდა მოვალე;
ზ) პასუხისმგებელია სასამართლო აღმასრულებლის მიერ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ”, “არასაპატიმრო სასჯელებისა და პრობაციის შეასახებ” საქართველოს კანონების, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე.
მუხლი 14
1. ბიუროს უფროსის მოადგილე:
ა) დადგენილი წესის შესაბამისად აკონტროლებს აღსრულების მიმდინარეობას;
ბ) ასრულებს ბიუროს უფროსის ცალკეულ დავალებებს;
გ) დადგენილი წესის შესაბამისად ახორციელებს ადმინისტრაციულ და სხვა ორგანიზაციულ-სამეურნეო ფუნქციებს.
2. ბიუროს უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია ბიუროს უფროსის წინაშე.
3. ბიუროს უფროსის არყოფნისას მის მოვალეობებს, სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე გამოცემული იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.
თავი V
სასამართლო აღმასრულებელი
მუხლი 15
სასამართლო აღმასრულებელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე. თანამდებობაზე დანიშვნისას მას ეძლევა სამსახურებრივი მოწმობა.
მუხლი 16
სასამართლო აღმასრულებელს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. ბეჭედზე აღნიშნულია მისი სახელი, გვარი და სააღსრულებო ბიუროს ადგილმდებარეობა, აგრეთვე საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელსაც ანიჭებს იუსტიციის მინისტრი.
თავი VI
დასკვნითი დებულებები
მუხლი 17
წინამდებარე დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები