„2022 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ

„2022 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 344
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/12/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016448
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
344
31/12/2021
ვებგვერდი, 31/12/2021
010250020.35.157.016448
„2022 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (31/12/2021 - 09/09/2022)

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №344

2021 წლის 31 დეკემბერი

ქ. თეთრიწყარო

 

„2022 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე,   თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „2022 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამა“ დანართი №1!ის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „2021 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“  დამტკიცების შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 20 იანვრის №318 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 02.02.2021 წ., სარეგ. კოდი: 010250020.35.157.016422).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე



დანართი
2022 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამა

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. პროგრამის რეგულირების სფერო
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოსწავლეთა, სტუდენტთა და სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ მოქალაქეთა სტიმულირების, მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტრუმენტების და მექანიზმების, გამჭვირვალე საინფორმაციო და ანგარიშვალდებულების სისტემების ჩამოაყალიბების ხელშეწყობის, ასევე თემების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერების და სტიმულირების მიზნით, წინამდებარე პროგრამა აწესრიგებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის მე-16 მუხლით, „კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი“, 05.03.01 პროგრამული კოდით გათვალისწინებულ მხარდაჭერა/წახალისებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერა/ხელშეწყობის დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს სტიმულირება/მხარდაჭერის სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს. მხარდაჭერის გაცემის აუცილებელი პირობაა, მოქალაქე/ორგანიზაცია რეგისტრირებული იყოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (რეგისტრაციის ფაქტის დადასტურება ხდება სსიპ – სერვისების განვითარების სააგენტოს და საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ინფორმაციის საფუძველზე).

2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გარკვეული ფენისათვის და მუნიციპალიტეტში მოქმედი საინიციატივო ჯგუფების ან ორგანიზაციებისთვის მხარდაჭერის გასაცემად საკითხების წინასწარი მომზადების, განხილვის, გადაწყვეტილებათა მომზადებისა და შესრულებისათვის ხელის შეწყობის მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურსამართლებრივი აქტის საფუძველზე, არანაკლებ 5 (ხუთი) კაცის შემადგენლობით იქმნება პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდამჭერი მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომ ,,კომისია“), რომელიც წარმოადგენს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედ კოლეგიურ ორგანოს. კომისიის უფლებამოსილება, სტრუქტურა და კომისიის წევრთა უფლება მოვალეობები, აგრეთვე კომისიის მუშაობის წესი რეგულირდება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდამჭერი მუდმივმოქმედი კომისიის დებულებით”, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი.

3. წინამდებარე პროგრამა აწესრიგებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განათლების    პოპულარიზაციის, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ და წარმატებულ მოქალაქეთა სტიმულირების,   მოსწავლეთა და სტუდენტთა წახალისების, ასევე მოქალაქეთა მონაწილეობის გამჭვირვალე საინფორმაციო და ანგარიშვალდებულების სისტემების, ინსტრუმენტების და მექანიზმების, ჩამოაყალიბების ხელშეწყობას.


თავი II
პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის სახეები

მუხლი 2. პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის სახეები
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების ხელშეწყობა/მხარდაჭერის სახეებია:

ა) ფულადი მხარდაჭერა;

ბ) სოციალური ინიციატივების თანამონაწილეობითი მხარდაჭერა.


მუხლი 3. ფულადი მხარდაჭერის სახეები
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფულადი მხარდაჭერა:

ა) ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია (მოსწავლეებისთვის/სტუდენტებისათვის);

ბ) ერთჯერადი ფულადი მხარდაჭერა პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით;

გ)ერთჯერადი ფულადი მხარდაჭერა პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატება/აღიარებისთვის.

დ) მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისთვის, სპეციალისტების მომზადების დაფინანსება.


მუხლი 4. სოციალური ინიციატივების თანამონაწილეობითი მხარდაჭერა
1. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერია თანადაფინანსების ან/და მატერიალური ფორმით განახორციელებს ადგილობრივი არაკომერციული სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერას ორი ძირითადი მიზნის მისაღწევად:

ა) მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტრუმენტების და მექანიზმების, ასევე გამჭვირვალე საინფორმაციო და ანგარიშვალდებულების სისტემების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;

ბ) თემების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება და სტიმულირება თემში სერვისებზე ხელმიუწვდომლობის აღმოფხვრის, ასევე მოხალისეობრივი საქმიანობის გაძლერების, სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ გათვალისწინებულია სოციალური ინიციატივების თანამონაწილეობითი მხარდაჭერა როგორც ფულადი, ასევე არაფულადი სახით.


თავი III
ერთჯერადი ფულადი მხარდაჭერა/წახალისების კატეგორიები და საჭირო დოკუმენტაცია

 


მუხლი 5. ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია მოსწავლეთათვის
1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ვაჟა-ფშაველას სახელობის ერთჯერადი პრემიის გაცემას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ან/და ამავე მუნიციპალიტეტში მოქმედ საჯარო და კერძო სკოლებში რეგისტრირებულ  მოსწავლეებზე, რომელთაც სახელმწიფო და საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურულ-საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ინოვაციურობაზე ორიენტირებულ კონკურსებში (ეტალონი, დიდგორელი, მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) და სხვ.), მიმდინარე სასაწავლო წლის განმავლობაში, მიაღწიეს წარმატებას მინიმუმ მუნიციპალიტეტის დონეზე.

2. მოსწავლეებზე ვაჟა-ფშაველას სახელობის ერთჯერადი პრემიის გაცემა მოხდება მიღწეული წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტის და საჯარო სკოლის ოფიციალური წერილის საფუძველზე.

3. ვაჟა-ფშაველას სახელობის ერთჯერადი პრემია მოსწავლეთათვის შეადგენს 100 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

4. განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) წარმატებული მოსწავლის პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი;

გ) საჯარო სკოლის ოფიციალური წერილი;

დ)მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეული წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;

ვ) ნათესაური კავშირის/კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი/დოკუმენტები.

5. პირის ოჯახის წევრად შეიძლება ჩაითვალოს მშობელი, სრულწლოვანი და/ძმა, ბებია/პაპა, კანონიერი წარმომადგენელი.


მუხლი 6. ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია სტუდენტთათვის
1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის გაცემას, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ იმ საუკეთესო შედეგების მქონე 30 სტუდენტზე (სემესტრის ფარგლებში 15 სტუდენტი), რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის მომენტისათვის რეგისტრირებულნი არიან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მიღებული აქვთ დადებითი შეფასება (A)-ფრიადი (91 ქულა და მეტი) იმავე საფეხურის წინა სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად. ამასთან, აქტიურად მონაწილეობენ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებში, გაცვლით პროგრამებსა თუ სხვა კვლევით-საგანმანათლებლო პროექტებში.

2. სტუდენტთა შერჩევა ხორციელდება კონკურსის წესით.

3. კონკურსანტთა თანაბარი ქულების შემთხვევაში შეფასება ხორციელდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

4. ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია სემესტრში შეადგენს 300 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

5. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის ჩარიცხვის თარიღის, ფაკულტეტის, სპეციალობისა და კურსის მითითებით;

გ) ცნობა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტის წინა სემესტრის შედეგების შესახებ;

დ) სერთიფიკატის ასლი სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში, გაცვლით პროგრამებსა და სხვა კვლევით-საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობის შესახებ, მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში.

ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;

 

 


მუხლი 7. აკრედიტებული პროფესიული სასწავლებლების სტუდენტთა ხელშეწყობა
1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ერთჯერადი ფულადი მხარდაჭერის გაცემას აკრედიტებულ პროფესიულ სასწავლებლებში, პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებზე, რომლებიც სასწავლებლებში ჩარიცხვის მომენტისათვის რეგისტრირებულნი არიან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და განეკუთვნებიან შემდეგ კატეგორიებიდან ერთ-ერთს, კერძოდ:

ა) არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და ოჯახს მინიჭებული აქვს 0-დან 100001-მდე სარეიტინგო ქულა;

ბ) არის დედ-მამით ან დედით ან მამით ობოლი;

გ) არის მრავალშვილიანი ოჯახიდან (4 და მეტი შვილი);

დ) არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის შვილი.

2. ფულადი მხარდაჭერა პროფესიული პროგრამის სტუდენტზე, სასწავლო წლის განმავლობაში ერთჯერადად, შეადგენს 300 ლარს.

3. ფულადი მხარდაჭერის მისაღებად სტუდენტმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) ავტორიზებული პროფესიული სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის ჩარიცხვის თარიღის და სპეციალობის მითითებით;

გ) სოციალურად დაუცველის სტატუსის ქონის შემთხვევაში - ცნობა ან ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე;

დ) ობლობის შემთხვევაში - მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ე) მრავალშვილიანი ოჯახის წევრობის შემთხვევაში -  დაბადების მოწმობის ასლები;

ვ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის შვილის შემთხვევაში - ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი;

ზ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;


მუხლი 8. პროფესიული წარმატება/აღიარების მქონე მოქალაქეთა წახალისება
1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ერთჯერადი ფულადი მხარდაჭერის გაცემას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებზე, რომლებმაც თავიანთ საქმიანობაში მიაღწიეს წარმატებას და მოიპოვეს სახელმწიფო ან/და საერთაშორისო აღიარება.

2. ფულადი მხარდაჭერა  წარმატებულ მოქალაქეზე შეადგენს ერთჯერადად 500 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

3. პროფესიული წარმატების მქონე მოქალაქეებზე ფულადი მხარდაჭერის გაცემა მოხდება მიღწეული წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

4. განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;


მუხლი 9. მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისთვის სპეციალისტების მომზადების დაფინანსება
ოჯახების მხარდამჭერი სერვისების განვითარების მიზნით, დადგენილი წესის შესაბამისად დაფინანსდება წინასწარ შერჩეული, არანაკლებ 2 სპეციალისტის გადამზადება ადრეული ჩარევის პროგრამის ინტერვენციონისტად. 

თავი IV
სოციალური ინიციატივების თანამონაწილეობითი მხარდაჭერის კატეგორიები და საჭირო დოკუმენტაცია

 


მუხლი 10. სოციალური ინიციატივების თანამონაწილეობითი მხარდაჭერა ფულადი სახით
1. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერია თანადაფინანსების (მუნიციპალიტეტის ფინანსური თანამონაწილეობით) ფორმით განახორციელებს ადგილობრივი არაკომერციული სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების იმ სოციალური ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც გულისხმობს თემში მოხალისეობრივი საქმიანობის გაძლერებას, სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობას.

2. პროგრამით სარგებლობა (განაცხადების მიღება) შესაძლებელი იქნება მთელი წლის განმავლობაში.

3. სოციალურ ინიციატივებს განიხილავს შესაბამისი კომისია, რომელიც იდეის მოწონების შემთხვევაში შუამდგომლობით მიმართავს მუნიციპალიტეტის მერს საგარანტიო წერილის გაცემის თაობაზე, ხოლო პროექტის მოწონებისა და გამარჯვების შემთხვევაში მისი თანამონაწილეობით დაფინანსების თაობაზე.

4. განმცხადებელმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს:

ა) საგრანტო კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ: საპროექტო განაცხადის და ბიუჯეტის ფორმა;

ბ) სათემო ჯგუფის წარმომადგენელთა პირადობის მოწმობის ასლები (შემდგომში – ამხანაგობა ან ააიპ), ხოლო ორგანიზაციის შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

გ) საბანკო რეკვიზიტები.

 


მუხლი 11. სოციალური ინიციატივების თანამონაწილეობითი მხარდაჭერა არაფულადი სახით
1. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერია მატერიალური (ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 122-ე მუხლით დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის საკუთრებად რიცხული უძრავი ქონების დროებით უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემა საკრებულოს თანხმობით) რესურსის გაცემის ფორმით განახორციელებს ადგილობრივი არაკომერციული სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერას

2. პროგრამით სარგებლობა (განაცხადების მიღება) შესაძლებელი იქნება მთელი წლის განმავლობაში.

3. სოციალურ ინიციატივებს განიხილავს შესაბამისი კომისია, რომელიც დადებითი შეფასების გაკეთების შემთხვევაში შუამდგომლობას წარუდგენს მერს ადგილობრივი არაკომერციული სათემო ჯგუფების/ორგანიზაციებისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე.

4. ამ მუხლის მე-4 პუნქტში ნახსენები შუამდგომლობის საფუძველზე მზადდება წერილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელზე, უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისათვის თანხმობის გაცემის შესახებ, ხოლო საკრებულოს დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე ფორმდება ხელშეკრულება ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე.

5. განმცხადებელმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს:

ა) საგრანტო კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ, საპროექტო განაცხადის და ბიუჯეტის ფორმა;

ბ) სათემო ჯგუფის წარმომადგენელთა პირადობის მოწმობის ასლები (შემდგომში – ამხანაგობა ან ა(ა)იპ), ხოლო ორგანიზაციის შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 


თავი V
დასკვნითი დებულებანი

მუხლი 12. დასკვნითი დებულებები
1. აღნიშნულ პროგრამას მერის წარდგინებით ამტკიცებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. პროგრამაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. თუ ამ პროგრამის ნორმა ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად პროგრამის მართებულობაზე, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი (ნორმა), რომელიც ძალაშია.