„ბუნებრივი გაზის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

„ბუნებრივი გაზის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 60
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 28/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 300380000.16.009.016497
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
60
28/12/2021
ვებგვერდი, 30/12/2021
300380000.16.009.016497
„ბუნებრივი გაზის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (30/12/2021 - 23/06/2022)

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №60

2021 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ბუნებრივი გაზის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის, 103-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 109-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 110-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

1. დამტკიცდეს „ბუნებრივი გაზის საცალო ბაზრის წესები“.
2. ეს დადგენილება, გარდა პირველი პუნქტით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის საცალო ბაზრის წესების“ მე-12 მუხლის მე-7 პუნქტისა, ამოქმედდეს 2022 წლის 1 ივლისიდან.
3. ამ დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული "ბუნებრივი გაზის საცალო ბაზრის წესების" მე-12 მუხლის მე-7 პუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან და მისი მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 18 დეკემბრის შემდეგ ექსპლუატაციაში შესულ დანადგარებზე ან გაზრდილ სიმძლავრეზე.
4. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილება (სარეგისტრაციო კოდი: 300.380.000.16.009.013.285).

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი



ბუნებრივი გაზის საცალო ბაზრის წესები

თავი I

ზოგადი დებულებები


მუხლი 1. მოქმედების სფერო და მიზნები
1. ეს წესები არეგულირებს საცალო ბაზარზე ბუნებრივი გაზის მიწოდებასა და მასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, მათ შორის, ურთიერთობებს თავისუფალ მიმწოდებელს, საჯარო მომსახურების მიმწოდებელს, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის.

2. ამ წესების მიზანია:

ა) ბუნებრივი გაზის მიწოდების წესებისა და პირობების დადგენა;

ბ) ბუნებრივი გაზის საცალო ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და კონკურენციის ხელშეწყობა;

გ) მიმწოდებლებისა და მომხმარებლების უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრა და მათი შესრულების უზრუნველყოფა;

დ) საყოფაცხოვრებო მომხმარებლების, მცირე საწარმოებისა და იმ თბოელექტროსადგურებისთვის, რომლებიც გარანტირებული სიმძლავრის წყაროა, მიწოდების უზრუნველყოფის დამატებითი გარანტიების შექმნა;

ე) მიმწოდებლის შეცვლის პროცედურების განსაზღვრა.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მიწოდება – კანონისა და ამ წესების შესაბამისად ბუნებრივი გაზის მიწოდება;

ბ) მიმწოდებელი – ბუნებრივი გაზის საწარმო, რომელიც ახორციელებს მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას, მათ შორის, საჯარო მომსახურების მიმწოდებელი და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი;

გ) თავისუფალი მიმწოდებელი – ბუნებრივი გაზის საწარმო, რომელიც ახორციელებს მიწოდებას არარეგულირებული, საბაზრო ფასით;

დ) საჯარო მომსახურების მიმწოდებელი – ბუნებრივი გაზის საწარმო, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის საჯარო მომსახურების მიწოდებას;

ე) ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი – ბუნებრივი გაზის საწარმო, რომელიც ახორციელებს ბოლო ალტერნატივის მიწოდებას;

ვ) ახალი მიმწოდებელი – მიმწოდებელი, რომელსაც მომხმარებელი მიმართავს მიმწოდებლის შეცვლის განაცხადით;

ზ) არსებული მიმწოდებელი – მიმწოდებელი, რომლის შეცვლასაც მიზნად ისახავს მომხმარებელი ახალი მიმწოდებლისთვის წარდგენილი განაცხადით;

თ) სისტემის ოპერატორი – ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორი ან/და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი;

ი) მომხმარებელი −  პირი, რომელიც ამ წესების შესაბამისად ბუნებრივ გაზს ყიდულობს მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის;

კ) მიწოდების ფასი – მიწოდების ხელშეკრულებით შეთანხმებული ერთი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის ფასი;

ლ) მიწოდების ცვალებადი ფასი  მიწოდების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ფასი, რომელიც იცვლება მხარეთა მიერ შეთანხმებული გარემოებების შესაბამისად;

მ) მომსახურების საფასური  ქვითარში ასახული საფასური, რომელიც მოიცავს მიწოდებული ბუნებრივი გაზის ფასს, კომისიის მიერ დადგენილ ბუნებრივი გაზის გადაცემისა და განაწილების ტარიფებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ გადასახადებს; აგრეთვე, შესაბამის შემთხვევაში, მიწოდების ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესებით დადგენილ სხვა გადასახდელებს. იმ საჯარო მომსახურების მიმწოდებლის მოხმარებლების შემთხვევაში, რომლისთვისაც კომისიას დადგენილი აქვს მიწოდების ფასი, მომსახურების საფასური არის ქვითარში ასახული საფასური, რომელიც მოიცავს საბოლოო მომხმარებლის ტარიფს (კომისიის მიერ დადგენილი მიწოდების, გადაცემისა და განაწილების ტარიფების ჯამი), საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ გადასახადებს, აგრეთვე, შესაბამის შემთხვევაში, მიწოდების ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესებით დადგენილ სხვა გადასახდელებს;

ნ) დეპოზიტი – თანხა ან საბანკო გარანტია, რომელსაც მომხმარებელი წარუდგენს მიმწოდებელს მომსახურების საფასურის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით;

ო) მომხმარებლის პრეტენზია – მომხმარებლის მიერ მიწოდების ხელშეკრულებიდან ან/და საქართველოს კანონმდებლობიდან, მათ შორის, ამ წესებიდან გამომდინარე უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, მიმწოდებლისთვის წარდგენილი მოთხოვნა;

პ) მიწოდების ხელშეკრულება – მიმწოდებლის მიერ შემუშავებული სტანდარტული ხელშეკრულება, რომელიც იდება მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის და არეგულირებს მიწოდებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს;

ჟ) საჯარო შეთავაზება – მომხმარებელთა მიმართ განხორციელებული, განსაზღვრული ვადით მოქმედი შეთავაზება, რომლითაც მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, საჯარო შეთავაზების მიღების, მომხმარებლის მიერ შესაბამის მიწოდების ხელშეკრულებაზე მიერთებისა და ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლისთანავე მომხმარებელს მიაწოდოს ბუნებრივი გაზი;

რ) დარიცხვის პერიოდი –  დროის მონაკვეთი, მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის განსაზღვრის მიზნით, სისტემის ოპერატორის მიერ მრიცხველის წაკითხვიდან მომდევნო წაკითხვამდე ან, ამ წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირობითი დარიცხვის განხორციელებამდე, ან მომხმარებლის მიერ სისტემის ოპერატორისათვის მრიცხველის ჩვენების მიწოდებამდე;

ს) პირველი დარიცხვის პერიოდი – დროის მონაკვეთი, მიწოდების დაწყების დღეს სისტემის ოპერატორის მიერ მრიცხველის წაკითხვიდან, პირობითი დარიცხვის განხორციელებიდან ან მომხმარებლის მიერ მიწოდებული მრიცხველის ჩვენების მიღებიდან მომდევნო წაკითხვამდე;

ტ) საბოლოო დარიცხვის პერიოდი – დროის მონაკვეთი, სისტემის ოპერატორის მიერ მრიცხველის ბოლო წაკითხვიდან, პირობითი დარიცხვის განხორციელებიდან ან მომხმარებლის მიერ მიწოდებული მრიცხველის ჩვენების მიღებიდან იმ დღემდე, როდესაც მიწოდების ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის ან მისი ვადამდე შეწყვეტის გამო, მათ შორის, ბოლო ალტერნატივის შემთხვევის დადგომის შედეგად, წყდება მისი მოქმედება;

უ) ქვითარი – დოკუმენტი, რომელშიც მიმწოდებელი ასახავს მომსახურების საფასურსა და ამ წესებით გათვალისწინებულ სხვა ინფორმაციას და, რომლის მეშვეობითაც, მომხმარებელი ახორციელებს მიმწოდებელთან ანგარიშსწორებას;

ფ) კომისია – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;

ქ) კანონი – „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი.

2. ამ წესებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში.


მუხლი 3. ვადების ათვლა
ამ წესებში დღეებით განსაზღვრული ვადების ათვლისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეები, აგრეთვე, დასვენების დღეები – შაბათი და კვირა, არ ჩაითვლება, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 


მუხლი 4. მიწოდების ზოგადი პირობები
1. მიმწოდებელი უფლებამოსილია, მომხმარებელს შესთავაზოს მიწოდება და დადოს მასთან მიწოდების ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად.

2. მიმწოდებელი ვალდებულია, მიწოდება განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, კომისიის მიერ დამტკიცებული მომსახურების ხარისხის წესების მოთხოვნათა დაცვით.

3. მომხმარებელი უფლებამოსილია, შეარჩიოს მიმწოდებელი, დადოს მასთან მიწოდების ხელშეკრულება მისთვის მისაღები პირობებით და მიიღოს მიწოდების მომსახურება ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

4. მომხმარებელს უფლება აქვს, ამ წესებით დადგენილი პირობებით, შეცვალოს მიმწოდებელი. დაუშვებელია, მიმწოდებელმა ან სხვა პირმა ხელი შეუშალოს მომხმარებელს მიმწოდებლის შეცვლის უფლების განხორციელებისას.

5. მომხმარებელი უფლებამოსილია, მიწოდების ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, უსასყიდლოდ მიიღოს ბუნებრივი გაზის მოხმარების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია და აღრიცხვის მონაცემები.

6. ამ წესებით დადგენილი პირობები წარმოადგენს მიწოდების ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დაუშვებელია მომხმარებლისათვის ისეთი ვალდებულების დაკისრება, რაც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული ამ წესებით.

7. დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ მომხმარებლის დავალდებულება, გადაიხადოს მომსახურების საფასურის გარდა რაიმე სხვა სახის საფასური ან გადასახდელი, გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

8. დაუშვებელია, მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისთვის ისეთი მოთხოვნის წაყენება, რომელიც არ გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან ან/და მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან, მათ შორის, შესაბამისი წერილობითი თანხმობის გარეშე, ერთი მომხმარებლის დავალიანების გადაკისრება სხვა მომხმარებელზე.

 


მუხლი 5. მიწოდება საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით
1. ბუნებრივი გაზის საწარმო, რომელიც ახორციელებს მიწოდებას საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით, ვალდებულია, მომხმარებელს გაუწიოს მომსახურება რეგულირებული პირობებით და, შესაბამის შემთხვევებში, კომისიის მიერ დადგენილი ფასით, საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ წესების შესაბამისად.

2. საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით მიწოდებას ახორციელებს:

ა) საჯარო მომსახურების მიმწოდებელი;

ბ) ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი.

3. კომისია, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით მიმწოდებლის საქმიანობის გამჭვირვალობასა და არადისკრიმინაციულობას.


მუხლი 6. კონკურენციის ხელშეწყობა
1. კომისია, კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს:

ა) ბუნებრივი გაზის საცალო ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობას;

ბ) კონკურენციის შემზღუდველი ქმედებების თავიდან აცილებას;

გ) სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას კანონის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და კომისიის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად.

2. საცალო ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით, კომისია უფლებამოსილია, კანონისა და ამ წესების მოთხოვნათა შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისთვის ამ წესების შესაბამისად წარდგენილი ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადოს ენერგეტიკული ბაზრის ყველა მონაწილისთვის იმ პირობით, რომ არ გამოქვეყნდება ბაზრის კონკრეტულ მონაწილეებთან ან/და მათ მიერ დადებულ გარიგებებთან დაკავშირებული კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.

3. კომისია აქვეყნებს და საჭიროებისამებრ განაახლებს ამ წესების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიმწოდებლის მიერ კომისიისათვის წარდგენილ ინფორმაციას, გარდა ბაზრის კონკრეტულ მონაწილეებთან ან/და მათ მიერ განხორციელებულ ოპერაციებთან დაკავშირებული კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისა.


თავი II
მიწოდების წესები

მუხლი 7. მიწოდების ხელშეკრულება
1. მიწოდების ხელშეკრულების საფუძველზე მიმწოდებელი უზრუნველყოფს მიწოდებას, ხოლო მომხმარებელი იღებს ვალდებულებას, გადაიხადოს მომსახურების საფასური და დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესებითა და მიწოდების ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.

2. მიმწოდებელი უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის შეთავაზებული მიწოდების ხელშეკრულების პირობების შესაბამისობას ამ წესებთან. მიწოდების ხელშეკრულების პირობები უნდა იყოს სამართლიანი და ნათლად და არაორაზროვნად ადგენდეს მიმწოდებლისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს.

3. ბათილია მიწოდების ხელშეკრულების ის დებულება, რომელიც არ შეესაბამება კანონისა და ამ წესების მოთხოვნებს. მიწოდების ხელშეკრულების რომელიმე დებულების ბათილობა გავლენას არ ახდენს მიწოდების ხელშეკრულების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.

4. მიწოდების ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, არანაკლებ სამი თვის ვადით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ბოლო ალტერნატივის მიწოდების ხელშეკრულებისა.

5. მომხმარებელი უფლებამოსილია, რამდენიმე მიწოდების პუნქტზე მიმწოდებელთან დადოს ერთი მიწოდების ხელშეკრულება.

6. მიწოდების ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს:

ა) მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მათ შორის, მიმწოდებლის რეკვიზიტებს, მისამართსა და საკონტაქტო ინფორმაციას (ელექტრონული ფოსტა და 24-საათიანი ქოლცენტრის ნომერი);

ბ) მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მათ შორის, აბონენტის ნომერს, საკონტაქტო ინფორმაციას (ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი, ფაქტობრივი მისამართი და მიწოდების მისამართი), მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში – ალტერნატიული საკონტაქტო პირის მონაცემებს;

გ) მომსახურების საფასურის გადახდაზე პასუხისმგებელი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს – თუ ის არ არის ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომხმარებელი;

დ) მიწოდების დაწყების თარიღს;

ე) მიწოდების ფასს ან კომისიის მიერ დადგენილ ტარიფს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ვ) მომსახურების საფასურის გადახდის პერიოდულობას, წესსა და საშუალებებს; 

ზ) შეტყობინების გაგზავნისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცვლის საშუალებებს;

თ) პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებულ პირობებს – მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, ამ წესებით დადგენილი პირობების დაცვით;

ი) ხელშეკრულების მოქმედების ვადას;

კ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების წესს;

ლ) მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელს წარმოეშობა დეპოზიტის მოთხოვნის უფლება;

მ) მითითებას მომხმარებლის იმ ვალდებულებებზე, რომელთა შეუსრულებლობას, შესაძლოა, შედეგად მოჰყვეს მიწოდების შეწყვეტა;

ნ) მითითებას პასუხისმგებლობის გამომრიცხავ (ფორსმაჟორულ) გარემოებებზე;

ო) მითითებას ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლებასა და ამ უფლების განხორციელების პირობებზე;

პ) მომხმარებლის მიერ წინსწრებით გადახდილი თანხის დაბრუნების წესს;

ჟ) მითითებას მიმწოდებლის მიერ მომხმარებლის პრეტენზიის განხილვის წესზე;

რ) მითითებას სადავო საკითხების განხილვის წესზე.

7. თავისუფალ მიმწოდებელსა და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს შორის დადებული მიწოდების ხელშეკრულება, შესაძლოა, ითვალისწინებდეს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის ან მისი რომელიმე კომპონენტის, მათ შორის, მიწოდების ფასის წინსწრებით გადახდის ვალდებულებას.

8. თავისუფალ მიმწოდებელსა და მსხვილ მომხმარებელს შორის დადებული მიწოდების ხელშეკრულება, შესაძლებელია, ითვალისწინებდეს მიწოდების ცვალებად ფასს.

9. მიმწოდებელი ვალდებულია, მიწოდების ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე ორი თვით ადრე, აღნიშნულის თაობაზე აცნობოს მომხმარებელს. თუ მომხმარებელი არ დაიწყებს მიმწოდებლის შეცვლის პროცედურას ამ წესების V თავის შესაბამისად ან ხელშეკრულების რომელიმე მხარე უარს არ იტყვის ხელშეკრულების გაგრძელებაზე, მიწოდების ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდება იმავე ვადით. თუ ხელშეკრულება დადებულია სამი თვის ვადით, მიმწოდებელი ვალდებულია, მომხმარებელს მიწოდების ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შესახებ აცნობოს გონივრული ვადით ადრე.

10. იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების ხელშეკრულება იდება შუამავლის მეშვეობით ან მომხმარებელმა მიწოდების ხელშეკრულების დადების შეთავაზება მიიღო თავისუფალი მიმწოდებლის მომსახურების ცენტრის გარეთ, მათ შორის, მომხმარებლის საცხოვრებელ, სამუშაო ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ადგილას, მიმწოდებელი ვალდებულია, მიწოდების ხელშეკრულების დადებამდე მომხმარებელს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია:

ა) ამ წესების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით, მე-7-მე-9 მუხლებითა და მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების თაობაზე;

ბ)  მიწოდების ფასის ან/და  კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გ) მომხმარებლის უფლების თაობაზე, შეწყვიტოს ამ პუნქტის შესაბამისად დადებული მიწოდების ხელშეკრულება ორი კვირის ვადაში, ყოველგვარი შეზღუდვის, მათ შორის, რაიმე სახის პირგასამტეხლოს ან დამატებითი გადასახდელის გარეშე.


მუხლი 8. მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები. მომხმარებლის მიერთება მიწოდების ხელშეკრულებასთან 
1. მიმწოდებელი ვალდებულია, საყოფაცხოვრებო მომხმარებელსა და მცირე საწარმოსთან მიწოდების ხელშეკრულებები დადოს კომისიის მიერ დამტკიცებული მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შესაბამისად.

2. მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები უნდა მოიცავდეს ამ წესების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ვ“-„რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

3. მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს შეიმუშავებს მიმწოდებელი და კომისიის მიერ მისი დამტკიცების შემდგომ აქვეყნებს ვებგვერდზე. მიმწოდებელი უფლებამოსილია, შეიმუშაოს მიწოდების ხელშეკრულების განსხვავებული სტანდარტული პირობები მომხმარებელთა კატეგორიების  (საყოფაცხოვრებო მომხმარებელი, მცირე საწარმო, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი, მსხვილი მომხმარებელი) მიხედვით.

4. თავისუფალი მიმწოდებელი უფლებამოსილია, მიწოდების ხელშეკრულება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთან, გარდა მცირე საწარმოსი, დადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტული პირობებისაგან განსხვავებული პირობებით.

5. მიწოდების ხელშეკრულება დადებულად ითვლება მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მიწოდების ხელშეკრულებასთან ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით მიერთებისთანავე.

6. მიწოდების ხელშეკრულებასთან მომხმარებელი მიერთებულად ითვლება ხელშეკრულების სრულყოფილად შევსებული, ხელმოწერილი ეგზემპლარის მიმწოდებლისთვის წარდგენისთანავე. ხელმოწერილ მიწოდების ხელშეკრულებასთან ერთად, მომხმარებელმა მიმწოდებელს უნდა წარუდგინოს:

ა) იმ უძრავი ქონების საკუთრების/დროებით ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მესაკუთრის თანხმობა, სადაც ითხოვს მიწოდებას, ან, საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში – დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს;

ბ) ამ წესების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდაზე პასუხისმგებელი პირის არსებობის შემთხვევაში –მისი თანხმობა.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია, უარი თქვას მიწოდების ხელშეკრულების დადებაზე.

 


მუხლი 9. მიწოდების ხელშეკრულების პირობების შეცვლის წესი
1. მიმწოდებელი უფლებამოსილია, მიწოდების ხელშეკრულების პირობები ცალმხრივად შეცვალოს:

ა) ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას;

ბ) თუ ამის შესახებ პირდაპირ არის მითითებული მიწოდების ხელშეკრულებაში.

2. თუ მიწოდების ხელშეკრულებით უფრო ხანგრძლივი ვადა არ არის გათვალისწინებული, მიმწოდებელი ვალდებულია, ინფორმაცია მიწოდების ხელშეკრულების პირობების შეცვლის თაობაზე მომხმარებელს აცნობოს ერთი თვით ადრე, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. თუ მომხმარებელი მიწოდების ხელშეკრულების პირობების ცვლილების თაობაზე ერთი თვის ვადაში წერილობით არ განაცხადებს უარს, ხელშეკრულება გაგრძელდება შეცვლილი პირობებით, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. მომხმარებელს უფლება აქვს, უარი განაცხადოს მიწოდების ხელშეკრულების შეცვლილი პირობების მიღებაზე და შეცვალოს მიმწოდებელი ამ წესების V თავით დადგენილი წესით.

4. მომხმარებელი მიწოდების ფასის, აგრეთვე, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში – პირგასამტეხლოს ოდენობის შეცვლის თაობაზე თავისუფალ მიმწოდებელს თანხმობას წარუდგენს წერილობით, რაც მიწოდების ხელშეკრულების შეცვლილი პირობით გაგრძელების წინაპირობაა. მომხმარებლის მიერ წერილობითი თანხმობის წარუდგენლობის შემთხვევაში, თავისუფალი მიმწოდებელი უფლებამოსილია, მიწოდების ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისთანავე, მიმართოს სისტემის ოპერატორს მომხმარებლისათვის მიწოდების შეწყვეტის მოთხოვნით, მიწოდების შეწყვეტის საფუძვლის მითითებით.

5. თუ მიწოდების ხელშეკრულების პირობების ცვლილება გამოწვეულია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებით, მათ შორის, კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის ცვლილებით, მიმწოდებელი ვალდებულია, ამის შესახებ მომხმარებელს აცნობოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღისა.

6. თავისუფალი მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს მიწოდების ფასის ცვლილება, თუ მიწოდების ხელშეკრულების დადების თარიღთან შედარებით, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი ბუნებრივი გაზის შესყიდვის სახელშეკრულებო ფასის ვალუტასთან მიმართებით შეადგენს 10 პროცენტზე მეტს. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ განაცხადებს თანხმობას ამ პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მიწოდების ხელშეკრულების ფასის გაზრდაზე, მიმწოდებელი უფლებამოსილია, ვადაზე ადრე, ცალმხრივად შეწყვიტოს მიწოდების ხელშეკრულება.


მუხლი 10. საჯარო შეთავაზება
1. საჯარო შეთავაზების გამოქვეყნებით თავისუფალი მიმწოდებელი მომხმარებლებს სთავაზობს მიწოდების თანაბარ პირობებს. საჯარო შეთავაზება შეიძლება განსხვავდებოდეს მომხმარებლის კატეგორიის, აგრეთვე, მომსახურების ხანგრძლივობის, ფასის, ან/და სხვა კრიტერიუმის შესაბამისად. მიმწოდებლის მოქმედი საჯარო შეთავაზებების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხუთს.

2. იმ შემთხვევაში, თუ თავისუფალი მიმწოდებელი დებს მიწოდების ხელშეკრულებას მოქმედი საჯარო შეთავაზებებისაგან განსხვავებული პირობებით, იგი ვალდებულია, გამოაქვეყნოს საჯარო შეთავაზება ანალოგიური პირობებით მიწოდების ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს  მეორე დღისა.

3. საჯარო შეთავაზების განხორციელების მიზნით, თავისუფალი მიმწოდებელი ვებგვერდზე აქვეყნებს და კომისიას იმავე დღეს წარუდგენს:

ა) საჯარო შეთავაზებას, რომელიც, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს:

ა.ა) საჯარო შეთავაზების საიდენტიფიკაციო ნომერს;

ა.ბ) გამოქვეყნების თარიღს;

ა.გ) მიწოდების ფასს – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო გადასახადების მითითებით;

ა.დ)  არსებული სისტემის ოპერატორების გადაცემისა და განაწილების ტარიფებს;

ა.ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა გადასახდელებს;

ა.ვ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის განკუთვნილი საჯარო შეთავაზების შემთხვევაში – პირგასამტეხლოს ოდენობას, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ა.ზ) საჯარო შეთავაზების მოქმედების ვადას;

ა.თ) ინფორმაციას მომხმარებლის მიერ ამ საჯარო შეთავაზების მიღებისა და შესაბამის მიწოდების ხელშეკრულებასთან მიერთების უფლების თაობაზე.

ბ) საჯარო შეთავაზების შესაბამის მიწოდების ხელშეკრულებას.

4. საჯარო შეთავაზების მოქმედების ვადა არ უნდა იყოს მისი გამოქვეყნებიდან ორ კვირაზე ნაკლები.

5. მომხმარებელი უფლებამოსილია, საჯარო შეთავაზების მოქმედების ვადის განმავლობაში, ნებისმიერ დროს მიუერთდეს შესაბამის მიწოდების ხელშეკრულებას. ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, მომხმარებელი უფლებამოსილია, თავისუფალ მიმწოდებელს წარუდგინოს შესაბამისი მიწოდების ხელშეკრულების ხელმოწერილი ეგზემპლარი, ამ წესების მე-8 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

 


მუხლი 11. მიმწოდებლის ვალდებულებები
1. მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს მომხმარებლის ინფორმირება მისი უფლებების, მოქმედი რეგულაციებისა და დავის გადაწყვეტის გზების შესახებ;

ბ) ჰქონდეს ტექნიკურად გამართული და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ვებგვერდი, რომელზეც განათავსებს ამ წესებით გათვალისწინებულ ინფორმაციას;

გ) მიიღოს სათანადო ზომები მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით;

დ) საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას კანონითა და ამ წესებით დადგენილი სხვა მოთხოვნები;

ე) მომხმარებელს შესთავაზოს მომსახურების საფასურის გადახდის რამდენიმე საშუალება. გადახდის სხვადასხვა საშუალებასთან დაკავშირებულ პირობებს შორის ნებისმიერი სხვაობა უნდა ასახავდეს მიმწოდებლის ხარჯებს შესაბამის გადახდის საშუალებასთან მიმართებით;

ვ) უზრუნველყოს მომხმარებლის პრეტენზიის ეფექტიანად და უფასოდ განხილვა;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დადოს სათანადო ხელშეკრულება ყველა სისტემის ოპერატორთან, შესაბამის სალიცენზიო არეალში არსებული მომხმარებლისთვის მიწოდების უზრუნველსაყოფად.

2. მიმწოდებელი ვალდებულია, შეიმუშაოს, გამოაქვეყნოს და ყოველწლიურად განაახლოს სამოქმედო პროგრამა, რომლის მიზანია:

ა) დაეხმაროს მომხმარებელს სახელშეკრულებო ვალდებულებების სათანადოდ შესრულებაში, რათა თავიდან იქნეს აცილებული მიწოდების შეწყვეტა, მათ შორის:

ა.ა) უზრუნველყოს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული  ენერგიის დაზოგვის საშუალებების თაობაზე;

ა.ბ) მიაწოდოს ინფორმაცია ამ წესების 25-ე მუხლით გათვალისწინებული მომხმარებელთა დაცვის დამატებითი მექანიზმების თაობაზე;

ბ) ხელი შეუწყოს ტერიტორიულად დაშორებული მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას, მათ შორის:

ბ.ა) ასეთი მომხმარებლისთვის საჯარო შეთავაზებებისა და მიწოდების მომსახურების პირობების შესახებ ინფორმაციის იოლ ხელმისაწვდომობას;

ბ.ბ) იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც არ არის კომერციული ბანკის ფილიალი ან გადახდის სხვა საშუალება, მომხმარებლისთვის მომსახურების საფასურის გადახდის სხვა ხელმისაწვდომი საშუალებების უზრუნველსაყოფად მიიღოს გონივრული ზომები.

3. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მომხმარებელთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი დასაქმებულებისა და წარმომადგენლების სათანადო ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვა, მომხმარებლებთან ეფექტიანი კომუნიკაციის განსახორციელებლად მათთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება, აგრეთვე, მათი კვალიფიკაციის რეგულარული ამაღლება.

4. მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, არანაკლებ 5 წლის ვადით შეინახოს ტრეიდერებთან, სისტემების ოპერატორებთან, ბუნებრივი გაზის საცავისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემების ოპერატორებსა და მომხმარებლებთან დადებული ხელშეკრულებები, აგრეთვე, ბუნებრივი გაზის დერივატივებით განხორციელებულ ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაცია და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს კომისიას;

ბ) კომისიას ყოველთვიურად წარუდგინოს ინფორმაცია ამ წესების მე-14 მუხლის შესაბამისად განხილული პრეტენზიების თაობაზე, რომელიც უნდა შეიცავდეს მომხმარებელთა მიერ წარდგენილი პრეტენზიების რაოდენობას, დაკმაყოფილებული პრეტენზიების რაოდენობას, აგრეთვე, პრეტენზიის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში – შესაბამის საფუძვლებზე მითითებას.

 


მუხლი 12. მომხმარებლის ინფორმირების ვალდებულება
1. მიმწოდებელი ვალდებულია, ვებგვერდზე გამოაქვეყნოს და რეგულარულად განაახლოს, სულ მცირე,:

ა) ზოგადი ინფორმაცია მიმწოდებლის შესახებ (მათ შორის, სახელწოდება და იურიდიული მისამართი, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის/პირების შესახებ ინფორმაცია);

ბ) მიმწოდებლის საკონტაქტო ინფორმაცია – მისამართი, ქოლცენტრის ნომერი, ელექტრონული ფოსტა;

გ) ინფორმაცია მომხმარებლის უფლებების შესახებ, მათ შორის, მიმწოდებლის შერჩევისა და შეცვლის პროცედურასთან დაკავშირებით;

დ) მომხმარებლის პრეტენზიისა და სადავო საკითხების განხილვასთან დაკავშირებული ზოგადი ინფორმაცია;

ე) ინფორმაცია მომსახურების საფასურისა და მისი გადახდის წესის შესახებ;

ვ) მიმწოდებლის წლიური ფინანსური ანგარიშები;

ზ) ინფორმაცია საჯარო შეთავაზებებსა და მათი მოქმედების ვადების თაობაზე;

თ) მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

2. მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული, მათ შორის, ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა იყოს სანდო, უტყუარი და მომხმარებელს აძლევდეს სხვა მიმწოდებლის მიერ გამოქვეყნებულ, მსგავსი სახის ინფორმაციასთან შედარების შესაძლებლობას.

3. მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ქოლცენტრით მომსახურება, რომლის მეშვეობით მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, სულ მცირე, შემდეგი ინფორმაცია:

ა) მიწოდების ფასები, კომისიის მიერ დადგენილი ტარიფები და მიწოდების პირობები;

ბ) მიმწოდებლის მოქმედი საჯარო შეთავაზებები;

გ) მიმწოდებლის უფასოდ შეცვლის პროცედურის შესახებ ინფორმაცია;

დ) პრეტენზიის განხილვის ვადა და წესი;

ე) სადავო საკითხის განხილვის წესი, კომისიასა და მოხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველისათვის მიმართვის უფლების შესახებ ინფორმაცია;

ვ) მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის დადებული მიწოდების ხელშეკრულების მოქმედების ვადა და პირობები;

ზ) მომხმარებელზე დარიცხული მომსახურების საფასურის ოდენობა და გადახდის ვადა, გადაუხდელობის შედეგები;

თ) მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობა;

ი) მომსახურების საფასურის გადახდის საშუალებები;

კ) რეკომენდაციები მოხმარების შემცირებისა და ენერგოეფექტურობის ხელშეწყობის სხვა ღონისძიებების თაობაზე;

ლ) ინფორმაცია მომარაგების დაგეგმილი და დაუგეგმავი წყვეტებისა და მიწოდების აღდგენის დროის თაობაზე.

4. მიმწოდებელი ვალდებულია, კომისიის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და პირობებით, მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა უზრუნველყოს კომისიის მიერ განსაზღვრული მომსახურების კოდის მეშვეობით. ამ პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების კოდი შეიძლება წარმოადგენდეს ასოების, ციფრებისა და სიმბოლოების კომბინაციას, რომელთა გამოყენებით მომხმარებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიმწოდებლისგან მოითხოვოს ინფორმაციის მიწოდება ან მომსახურების გაწევა.

5. მიმწოდებელი ვალდებულია, ვებგვერდზე გამოაქვეყნოს და მიწოდების დაწყებამდე მომხმარებელს გადასცეს საინფორმაციო ბარათი, რომელიც უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“-„ე“ და „ი“-„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მიმწოდებელი უფლებამოსილია, საინფორმაციო ბარათში დამატებით ასახოს სხვა პრაქტიკული ინფორმაცია, მომხმარებელთა მიმართვიანობისა და საკითხისადმი მაღალი ინტერესის გათვალისწინებით. მიმწოდებელი ვალდებულია, მომხმარებელს საინფორმაციო ბარათი გადასცეს იმავე ფორმით, როგორც აწვდის ქვითარს, ამ წესების მე-16 მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად.

6. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი იყენებს სარეკლამო მასალებს, მან უნდა მიუთითოს:

ა) ბუნებრივ გაზზე მომხმარებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, მიმწოდებლის მიერ გამოყენებულ მიწოდების მთლიან პორტფელში ენერგიის თითოეული წყაროს წილის შესახებ ინფორმაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ბ) ინფორმაციის ისეთი წყაროები, სადაც საჯაროდ ხელმისაწვდომია მონაცემები მიმწოდებლის მიერ წინა წლის განმავლობაში გამოყენებული ენერგიის წარმოების წყაროების გარემოზე ზემოქმედების შესახებ;

გ) ინფორმაცია სადავო საკითხების განხილვასთან დაკავშირებით მომხმარებლის უფლებების შესახებ.

7. განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ბუნებრივი გაზის მიწოდებისას, მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ბუნებრივი გაზის წილის ან მოცულობის შესახებ ჯამური ინფორმაციის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობა, მიღებული გარემოსდაცვითი ან სხვა სარგებლის მითითებით.

8. მიმწოდებელი ვალდებულია, „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების შესახებ ისტორიული მონაცემების ხელმისაწვდომობა:

ა) ჯამური მონაცემების სახით, ბოლო 3 წლის ან, თუ მომხმარებლის შესახებ მონაცემების ისტორია 3 წელზე მცირეა, მისთვის მიწოდების დაწყების დღიდან, მიმწოდებლის მიერ მომხმარებლების შესახებ მონაცემთა ბაზაში ამ მონაცემების შეტანის ინტერვალების შესაბამისად;

ბ) დეტალური მონაცემების სახით, აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დანერგვის შემთხვევაში, რეალური დროის მიხედვით ნებისმიერი დღისთვის, კვირისთვის, თვისა და წლისთვის, ბოლო 24 თვისთვის ან, თუ ეს პერიოდი 24 თვეზე მცირეა – აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დანერგვის შემდგომი პერიოდისთვის.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიმწოდებლისთვის გადაცემაზე პასუხისმგებელია შესაბამისი სისტემის ოპერატორი.


მუხლი 13. მომსახურების ცენტრი
1. მიმწოდებელი, რომელიც ემსახურება საყოფაცხოვრებო მომხმარებელს ან/და მცირე საწარმოს, მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევის მიზნით, ქმნის არანაკლებ ერთ მომსახურების ცენტრს. დასაშვებია მომსახურების ცენტრის განთავსება სხვა იურიდიული პირის კუთვნილ ადმინისტრაციულ შენობაში ან/და მომსახურების ცენტრში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონითა და კომისიის სამართლებრივი აქტით დადგენილ სისტემის ოპერატორის განცალკევების მოთხოვნებს.

2. მომსახურების ცენტრი მომხმარებელს, როგორც ტელეფონისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ისე – მომხმარებლის უშუალო ვიზიტისას, აწვდის, სულ მცირე, ამ წესების მე-12 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მომხმარებელი უფლებამოსილია, მომსახურების ცენტრში მოითხოვოს მიწოდების ხელშეკრულების, მიმწოდებლის შეცვლის შესახებ განაცხადის, აგრეთვე, ასეთის არსებობის შემთხვევაში – პრეტენზიის ფორმისა და სხვა სახის განაცხადის ფორმის მატერიალური სახით მიღება.

3. მომსახურების ცენტრში მომხმარებელს უნდა ჰქონდეს მიწოდების ხელშეკრულების დადებისა და  პრეტენზიის წარდგენის შესაძლებლობა.

4. მიმწოდებელმა უნდა მიიღოს გონივრული ზომები იმისათვის, რომ მომსახურების ცენტრი იყოს მომხმარებლებისთვის თვალსაჩინოდ იდენტიფიცირებული.

5. მომსახურების ცენტრის სამუშაო საათების განსაზღვრისას, მიმწოდებელი ვალდებულია, მომხმარებელთა საჭიროების მიხედვით, უზრუნველყოს მომსახურების ცენტრის საღამოს 20:00 საათამდე ფუნქციონირება, სულ მცირე, კვირაში ერთხელ.

6. მომსახურების ცენტრში მომხმარებლის ვიზიტის განხორციელების მიზნით, შესაძლებელი უნდა იყოს წინასწარი ჩაწერა ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მიმწოდებლის მიერ წინასწარ განსაზღვრული განრიგის შესაბამისად და აღნიშნული განრიგი უნდა იყოს დაცული.

7. მიმწოდებელი უზრუნველყოფს შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის ინფორმაციის მიწოდებას ან/და დახმარების გაწევას პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია იმ მომხმარებლების მიერ, რომლებსაც ემსახურება მიმწოდებელი და რომლებიც ეხება გადაცემასთან ან/და განაწილებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მიმწოდებელი ვალდებულია, მომხმარებლის პრეტენზია, რომელიც შეეხება სისტემის ოპერატორის მიერ გასაწევ მომსახურებას, ერთი დღის ვადაში გადაუგზავნოს შესაბამის სისტემის ოპერატორს და აღნიშნულის თაობაზე აცნობოს მომხმარებელს.

8. მიმწოდებელი უფლებამოსილია, გარდა მომსახურების ცენტრისა, იქონიოს მომხმარებელთა მომსახურების მოძრავი პუნქტი, რომლის მარშრუტი მიმწოდებლის ვებგვერდზე გამოქვეყნდება, სულ მცირე, ერთი თვით ადრე.


მუხლი 14. პრეტენზიის განხილვა. საპრეტენზიო კომისია
1. მიმწოდებელი, რომელიც ემსახურება საყოფაცხოვრებო მომხმარებელს ან/და მცირე საწარმოს, ვალდებულია, მომხმარებლების უფლებების დაცვის მიზნით, შექმნას საპრეტენზიო კომისია, რომელიც უზრუნველყოფს თანასწორუფლებიანობის, მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვით მომხმარებლის პრეტენზიის განხილვასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.

2. საპრეტენზიო კომისია უნდა შედგებოდეს, სულ მცირე, სამი წევრისგან. მიმწოდებელი ვალდებულია, საპრეტენზიო კომისიის წევრებად შეარჩიოს პირები, რომლებსაც გააჩნიათ დაკავშირებულ დარგებში საქმიანობის გამოცდილება და გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და ობიექტურობით.

3. საპრეტენზიო კომისიის წევრი უფლებამოსილი არ არის, მონაწილეობა მიიღოს პრეტენზიის განხილვაში, თუ:

ა) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია პრეტენზიის შედეგით ან არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში;

ბ) პრეტენზიის წარმდგენის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;

გ) თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს ან წილს იმ საწარმოში, რომელიც მიმწოდებელს მიმართავს პრეტენზიით;

დ) მისი ოჯახის წევრი შრომით ურთიერთობაშია პრეტენზიის წარმდგენ მომხმარებელთან.

4. საპრეტენზიო კომისიის წევრი ვალდებულია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ საპრეტენზიო კომისიას აცნობოს დაუყოვნებლივ, როგორც კი მისთვის ცნობილი გახდება აღნიშნული გარემოების არსებობის შესახებ.

5. საპრეტენზიო კომისია პრეტენზიას განიხილავს მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით. საპრეტენზიო კომისია პრეტენზიის განხილვისას ხელმძღვანელობს კანონით, ამ წესებითა და კომისიის სხვა სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე, კომისიისა და სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით. საპრეტენზიო კომისია ვალდებულია, მიიღოს ყველა შესაძლო გონივრული ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული კომისიის ან/და სასამართლოს მიერ იმ სადავო საკითხების განხილვა, რომლებზეც უკვე არსებობს ერთგვაროვანი, ჩამოყალიბებული პრაქტიკა.

6. საპრეტენზიო კომისიის მიერ პრეტენზიის განხილვის პროცედურას განსაზღვრავს მიმწოდებელი და წარუდგენს კომისიას.

7. საპრეტენზიო კომისია მომხმარებლის მიერ პრეტენზიის წარდგენიდან 10 დღის ვადაში აცნობებს მომხმარებელს პრეტენზიის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. პრეტენზიის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიმწოდებელი დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 3 დღის ვადაში, უზრუნველყოფს გადაწყვეტილების შესრულებას, ხოლო დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, აცნობებს მომხმარებელს კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველისთვის მიმართვის, აგრეთვე, ამ წესების 26-ე მუხლის შესაბამისად, კომისიისა და სასამართლოსთვის მიმართვის უფლების თაობაზე.

 


მუხლი 15. მომსახურების საფასურის დარიცხვა
1. მომხმარებლისთვის მომსახურების საფასურის დარიცხვა ხორციელდება თითოეულ დარიცხვის პერიოდზე, გაწეული მომსახურების შესაბამისად.

2. მრიცხველის ყოველთვიურად წაკითხვასა და აღრიცხვის მონაცემების, სისტემის ოპერატორების მომსახურების საფასურის შესახებ ინფორმაციის, აგრეთვე, ამ წესების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „დ“, “ე“, „ვ.ბ“-„ვ.გ“, „ლ“, „ნ“ და „ო“ –  „რ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, სისტემის ოპერატორზე დარიცხული კომპენსაციის შესახებ ინფორმაციის მიმწოდებლისათვის გადაცემაზე პასუხისმგებელია სისტემის ოპერატორი.

3. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს მრიცხველის წაკითხვა პირველი დარიცხვის პერიოდის პირველ დღეს (მიწოდების დაწყების დღეს)  და საბოლოო დარიცხვის პერიოდის ბოლო დღეს, თუ ამ წესებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების კონტროლის მიზნით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს თითოეული კატეგორიის მომხმარებლის მიერ შესაბამის დასახლებაში საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მოხმარებული ბუნებრივი გაზის საშუალო მოცულობის შესახებ ინფორმაციის მომზადებასა და დამატებითი საფასურის გარეშე მიმწოდებლისთვის ყოველთვიურად გადაცემას. ამ პუნქტის მიზნებისთვის, დასახლება გულისხმობს სოფელს, დაბას ან ქალაქს, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონს.

 


მუხლი 16. ქვითრის მომზადება და მიწოდება
1. ქვითრის მომზადებასა და მომხმარებლისთვის მის მიწოდებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი, ამ წესების მე-15 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით. მიმწოდებელი უფლებამოსილია, ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულოს მესამე პირთან, მათ შორის, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორთან შესაბამისი ხელშეკრულების დადების საფუძველზე.

2. მომხმარებელი უფლებამოსილია, მიწოდების ხელშეკრულების დადების დროს მოითხოვოს ქვითრის მიღება მატერიალური, ელექტრონული ან მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით; აგრეთვე, მიწოდების ხელშეკრულების დადების ან, კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტის შესაბამისად, საჯარო მომსახურების მიწოდების ხელშეკრულებაზე ავტომატურად მიერთების შემდგომ, ნებისმიერ დროს, მოითხოვოს ქვითრის მიღება ამ მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი, ერთი ან რამდენიმე სახითა და საშუალებით.

3. მიმწოდებელი ვალდებულია, ერთი აბონენტისთვის მოამზადოს ერთი ქვითარი. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, დასაშვებია ერთზე მეტი აბონენტისთვის ერთი ქვითრის მომზადება.

4. მატერიალური ფორმით მომზადებული ქვითრის მიწოდება ხორციელდება  მომხმარებლის მიერ მიწოდების ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე ან მიწოდების მისამართზე, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად. ელექტრონული ქვითრის მიწოდება ხორციელდება მომხმარებლის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, ხოლო მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ქვითრის მიწოდება – მომხმარებლის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე.

5. თუ მომხმარებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არ იქნა მოთხოვნილი ქვითრის მიწოდება და მიმწოდებლისათვის ცნობილია მომხმარებლის ტელეფონის ნომერი, მიმწოდებელი უზრუნველყოფს ქვითრის მიწოდებას მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით. თუ მიმწოდებლისათვის ცნობილი არ არის მომხმარებლის ტელეფონის ნომერი, მომხმარებელს ქვითარი უნდა მიეწოდოს მატერიალური ფორმით, მიწოდების მისამართზე.

6. მიმწოდებელი უფლებამოსილია, კომისიის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ხელშეკრულებაზე ავტომატურად მიერთებულ მომხმარებლებს ქვითარი გაუგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით, მითითებულ ტელეფონის ნომრებზე, ხოლო თუ ტელეფონის ნომერი არ არის ცნობილი – მატერიალური ფორმით, მიწოდების მისამართზე.

7. მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტის ან მისი მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, მომხმარებელთან საბოლოო ანგარიშსწორების მიზნით, საბოლოო დარიცხვის პერიოდისთვის მომზადებული ქვითრის მიწოდება უზრუნველყოს მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტიდან ან მისი მოქმედების ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 6 კვირის განმავლობაში.

 


მუხლი 17. ქვითრის ფორმა და შინაარსი
1. ქვითრის ფორმა მტკიცდება კომისიის გადაწყვეტილებით.

2. ქვითარი უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას:

ა) მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;

ბ) აბონენტის ნომერს;

გ) ქვითრის ნომერს;

დ) დარიცხვის პერიოდის საწყისი დღის თარიღს;

ე) დარიცხვის პერიოდის ბოლო დღის თარიღს;

ვ) მომსახურების საფასურს, რომელშიც განცალკევებულად უნდა აღინიშნოს:

ვ.ა) მიწოდების ფასი/კომისიის მიერ დადგენილი ტარიფი;

ვ.ბ) სისტემის ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯები, მათ შორის, ქსელთან მიერთების საფასური ან/და მიწოდების აღდგენის საფასური, კომისიის მიერ დამტკიცებული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესებით განსაზღვრულ შემთხვევებში;

ვ.გ) აღრიცხვის კვანძის მონტაჟისა და მისი შემოწმების ხარჯები, კომისიის მიერ დამტკიცებული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესებით განსაზღვრულ შემთხვევებში;

ვ.დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები;

ვ.ე) სოციალური შეღავათი ან/და სუბსიდია, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ვ.ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გადასახდელები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ზ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის კომპონენტების მოკლე აღწერას;

თ) მომსახურების საფასურის გადახდის ვადას;

ი)  ქვითარში ასახული თანხის მითითებულ ვადაში გადაუხდელობის შედეგებს;

კ) ქვითრის მომზადების თარიღს;

ლ) მრიცხველის ჩვენებას ბოლო ორი დარიცხვის პერიოდისთვის; 

მ) ამ წესების მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადახდის საშუალებების შესახებ ინფორმაციას;

ნ) ამ წესების მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს;

ო) მიწოდებული ბუნებრივი გაზის მოცულობას (კუბური მეტრი);

პ) წინა წლის იმავე პერიოდში მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობას;

ჟ) ბუნებრივი გაზის მოხმარების ისტორიულ მონაცემებს ბოლო 12 თვის განმავლობაში, დიაგრამის სახით;

რ) ამ წესების მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას, შესაბამისი კატეგორიის მომხმარებელთან დაკავშირებით;

ს) არსებობის შემთხვევაში, მითითებას წყაროზე, სადაც „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, გამოქვეყნებულია ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული ექსპერტების რეესტრი;

ტ) ქოლცენტრის ნომერს, მიმწოდებლის ვებგვერდის მისამართსა და სხვა საკონტაქტო ინფორმაციას;

უ) ინფორმაციას პრეტენზიის ან/და დავის წარმოშობის შემთხვევაში მიმწოდებლისთვის ან/და კომისიისათვის მიმართვის უფლების თაობაზე, შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით;

ფ) ინფორმაციას კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველისა და მისთვის მიმართვის უფლების თაობაზე.

3. შესაბამის შემთხვევებში ქვითარში აგრეთვე უნდა მიეთითოს:

ა) კომისიის მიერ დამტკიცებული მომსახურების ხარისხის წესებისა და კომისიის მიერ დამტკიცებული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესების შესაბამისად მიმწოდებლის ან/და სისტემის ოპერატორის მიერ მომხმარებელზე დარიცხული მომსახურების ხარისხის კომპენსაცია;

ბ) მიმწოდებლის მოთხოვნა დეპოზიტის წარდგენის შესახებ ან/და მომხმარებლის მიერ მიმწოდებლისთვის წარდგენილი დეპოზიტის ოდენობა;

გ) მიწოდების ხელშეკრულების შესაბამისად დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა;

დ) მომხმარებლის მიერ წინსწრებით გადახდილი და ამ წესების მე-18 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებლის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე დადებითი ბალანსის სახით ასახული თანხა;

ე) ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესატყვისი თანხა.

4. მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიწოდებულ ქვითარში უნდა მიეთითოს, სულ მცირე, ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“-„ვ“, „თ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია და ქოლცენტრის ნომერი. მოკლე ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს ბმულს, რომელზეც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ამ მუხლის მე-2 და, შესაბამის შემთხვევებში, მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სრული ინფორმაცია ქვითრის მომზადებიდან არანაკლებ 3 წლის განმავლობაში.

5. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს მიმწოდებლის წინაშე გააჩნია შეუსრულებელი ვალდებულება, რომლის წარმოშობიდან მიმდინარე დარიცხვის პერიოდამდე გასულია სამ წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ ვალდებულების ეტაპობრივი შესრულების თაობაზე, მიმწოდებელი ვალდებულია, ამ ვალდებულების შესატყვისი თანხა ქვითარში მიუთითოს განცალკევებულად. დაუშვებელია, მომხმარებლის მიერ გადახდილი, მათ შორის, წინასწარ გადახდილი მომსახურების საფასური, მომხმარებლის პირდაპირი მითითების გარეშე, მიმართულ იქნეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად.

6. მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტის ან მომხმარებლის მიერ მიწოდების მისამართის ცვლილების შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია, დარჩენილი დავალიანების გადახდა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მოსთხოვოს მომხმარებელს ან წესების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადახდაზე პასუხისმგებელ პირს და ასახოს იგი იმ აბონენტისთვის მომზადებულ ქვითარში, სადაც უწევს მომსახურებას ამავე მომხმარებელს. ამ პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასური სხვა აბონენტისთვის მომზადებულ ქვითარში უნდა აისახოს განცალკევებულად.

 


მუხლი 18. მომსახურების საფასურის გადახდა
1. მიმწოდებელი ვალდებულია, მომხმარებელს შესთავაზოს მომსახურების საფასურის გადახდის სხვადასხვა საშუალება, მათ შორის, კომერციული ბანკის, სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით ან სხვა საშუალებით, რომელთაგან, სულ მცირე, ერთი მაინც უნდა იძლეოდეს მომსახურების საფასურის საკომისიოს გარეშე გადახდის შესაძლებლობას.

2. მომსახურების საფასურის გადახდის ვადა არ უნდა იყოს ქვითრის მომზადებიდან 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები.

3. მომხმარებელი ვალდებულია, ამ წესებით დადგენილ ვადაში გადაიხადოს მომსახურების საფასური, მიუხედავად იმისა, მიიღო თუ არა მან  ქვითარი.

4. მიმწოდებელი უფლებამოსილია, ქვითარში მითითებული გადახდის ბოლო ვადის დადგომამდე მიიღოს დამატებითი გონივრული ზომები მომხმარებლის გასაფრთხილებლად.

5. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ გადაიხდის მომსახურების საფასურს ქვითარში მითითებული ვადის დაცვით,  მიმწოდებელი ვალდებულია, გადახდის ბოლო ვადის მომდევნო დღეს მომხმარებელი გააფრთხილოს მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით და განუსაზღვროს მომსახურების საფასურის გადახდის დამატებითი ვადა, რომელიც არ უნდა იყოს გადახდის ბოლო ვადიდან 2 კალენდარულ დღეზე ნაკლები.

6. საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დაცვით მომსახურების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, თუ მიმწოდებლისთვის ცნობილია, რომ მიწოდების შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესება ან/და საფრთხე შეუქმნას მის სიცოცხლეს, მიმწოდებელი ვალდებულია, მომხმარებელს განუსაზღვროს მომსახურების საფასურის გადახდის დამატებითი, გონივრული ვადა.

7. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი სრულად არ გადაიხდის მომსახურების საფასურს ამ მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში ან მიმწოდებელი და მომხმარებელი არ შეთანხმდებიან ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ვალდებულების ეტაპობრივ შესრულებაზე, მიმწოდებელი უფლებამოსილია, შესაბამის სისტემის ოპერატორს წარუდგინოს წერილობითი მოთხოვნა ამ მომხმარებლისთვის მიწოდების შეწყვეტის თაობაზე. ამ პუნქტის მიზნებისთვის, გადახდა ჩაითვლება სრულად, თუ მომსახურების საფასურის ოდენობას აკლია 2 ლარი ან ნაკლები.

8. მიმწოდებელი უფლებამოსილია, მომხმარებლის მიერ გადაუხდელი მომსახურების საფასური აინაზღაუროს ამ წესების 24-ე მუხლით გათვალისწინებული დეპოზიტის მეშვეობით.

9. მომხმარებელს უფლება აქვს, წინსწრებით გადაიხადოს მომსახურების საფასური. მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა, რომელიც აღემატება ქვითარში მითითებულ მომსახურების საფასურს, აისახება მომხმარებლის ანგარიშზე, დადებითი ბალანსის სახით და მიმწოდებლის მიერ გათვალისწინებული იქნება მომდევნო დარიცხვის პერიოდის/პერიოდებისთვის მომსახურების საფასურის ასანაზღაურებლად. მომხმარებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს ანგარიშზე დადებითი ბალანსის სახით ასახული თანხის დაბრუნება მიმწოდებლის მიერ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.

10. მომხმარებლის მიერ ქვითარში მითითებულ ვადაში მომსახურების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, მომხმარებლის მოთხოვნით ან/და საკუთარი ინიციატივით, მიმწოდებელი უფლებამოსილია, მომხმარებელს შესთავაზოს მომსახურების საფასურის გადახდის ეტაპობრივი გეგმა. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი დაეთანხმება გადახდის ეტაპობრივ გეგმას, იგი ვალდებულია, შეასრულოს მისგან გამომდინარე ვალდებულებები.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ეტაპობრივი გეგმა, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს:

ა) გადასახდელ თანხას;

ბ) გადახდის პერიოდულობას;

გ) შენატანის რაოდენობას თითოეული პერიოდისთვის;

დ) დათქმას მომსახურების საფასურის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაუშვებლობის თაობაზე.

 


მუხლი 19. ქვითრის შესწორება
1. მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ინიციატივით ან/და მომხმარებლის მოთხოვნით, შეიტანოს შესწორება ქვითარში, თუ მასში არასწორად არის მითითებული ამ წესების მე-17 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია.

2. ქვითრის შესწორება უნდა მოხდეს მიმწოდებლის მიერ უზუსტობის აღმოჩენიდან ან/და მომხმარებლის მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში.

3. მომხმარებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს ქვითარში მომსახურების საფასურის არასწორად მითითების გამო ზედმეტად გადახდილი თანხის ასახვა თავის ანგარიშზე, დადებითი ბალანსის სახით, ან მისი დაბრუნება საბანკო ანგარიშზე. მიმწოდებელი ვალდებულია, ზედმეტად გადახდილი თანხა ასახოს შესწორებულ ქვითარში ან უზრუნველყოს თანხის დაბრუნება მომხმარებლის მოთხოვნიდან ათი დღის ვადაში.

4. თუ ქვითრის შესწორების შედეგად მომხმარებლის მიერ გადასახდელი მომსახურების საფასურის ოდენობა გაიზარდა, შესწორებულ საფასურსა და გადახდილ მომსახურების საფასურს შორის სხვაობის გადახდის ვადა აითვლება შესწორებული ქვითრის მომზადების დღიდან, ამ წესების მე-18 მუხლის მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად.

5. შესწორებულ ქვითარზე ვრცელდება ამ წესების მე-17 მუხლის მოთხოვნები.

 


მუხლი 20. მსხვილი მომხმარებელი
1. მსხვილი მომხმარებლის სამართლებრივი სტატუსი და კრიტერიუმები განისაზღვრება კომისიის სამართლებრივი აქტით.

2. მსხვილი მომხმარებელი უფლებამოსილია, მიწოდების ხელშეკრულება დადოს ერთზე მეტ თავისუფალ მიმწოდებელთან, ერთი საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების/ობიექტისათვის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით.

3. თუ მსხვილი მომხმარებლის მიერ თავისუფალ მიმწოდებლებთან დადებულ მიწოდების სხვადასხვა ხელშეკრულებაში მითითებული მიწოდების პერიოდი და მიწოდების წერტილი ემთხვევა, მიწოდების თითოეული ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს ერთსა და იმავე აღრიცხვის წერტილში აღრიცხული ბუნებრივი გაზის განაწილების წესს.

4. მსხვილი მომხმარებელი უფლებამოსილია, თავისუფალ მიმწოდებელთან დადოს მიწოდების წყვეტადი ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განისაზღვრება დღეების რაოდენობა ან/და დროის შუალედი, რომლის განმავლობაშიც თავისუფალი მიმწოდებელი უფლებამოსილია, მსხვილ მომხმარებელს არ მიაწოდოს ბუნებრივი გაზი.


მუხლი 21. მომხმარებლის მიერ მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება
1. საყოფაცხოვრებო მომხმარებელი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად შეწყვიტოს მიწოდების ხელშეკრულება, რის თაობაზეც აცნობებს მიმწოდებელს, ან შეიცვალოს მიმწოდებელი ამ წესების V თავით დადგენილი წესით.

2. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი უფლებამოსილია, მიწოდების ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე, მიმწოდებლის შეცვლის მიზნით, ამ წესების V თავის შესაბამისად.

 


მუხლი 22. მომხმარებლისათვის მიწოდების შეწყვეტა და აღდგენა
1. მიმწოდებელს უფლება აქვს, უარი თქვას მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევაზე ან შესაბამის სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს მომხმარებლისთვის მიწოდების შეწყვეტა:

ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფორსმაჟორულ ან უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებულ შემთხვევებში;

ბ) თუ  მომხმარებელი, მიმწოდებლის გაფრთხილების მიუხედავად, არ ასრულებს მიწოდების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, მათ შორის, მომსახურების საფასურის გადახდასთან დაკავშირებით, გარდა ამ წესების მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისა;

გ) ამ წესების მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მიწოდების წყვეტადი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდულობით და წესით;

დ) მიწოდების ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის ან მისი ვადამდე შეწყვეტის გამო.

2. მომხმარებლისთვის მიწოდების შეწყვეტის თაობაზე მიმწოდებლის მიერ სისტემის ოპერატორისთვის წარდგენილი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს მიწოდების შეწყვეტის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის საფუძველზე მითითებას, აგრეთვე, მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის დაუშვებლობის შესახებ დათქმას:

ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უქმე დღეებში, დასვენების დღეებში – შაბათსა და კვირას  თვითმმართველ ქალაქებში არსებული მომხმარებლის შემთხვევაში;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უქმე დღეებში, დასვენების დღეებში – შაბათსა და კვირას, აგრეთვე, უქმე დღისა და შაბათ-კვირის წინა დღეს  სხვა მუნიციპალიტეტებში არსებული მომხმარებლის შემთხვევაში;

გ) კალენდარული თვის 16 რიცხვამდე  იმ მომხმარებლისთვის, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგენს პენსიონერს;

დ) კალენდარული თვის 22 რიცხვამდე  ამ წესების 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომხმარებლებისთვის;

ე) 18:00 საათიდან 09:00 საათამდე პერიოდში.

3. დაუშვებელია მიწოდების შეწყვეტა შემდეგ შემთხვევებში:

ა)  მომსახურების საფასურის არასრულად გადახდისას, თუ მომსახურების საფასურის სრულ ოდენობას აკლია 2 ლარი ან ნაკლები;

ბ) თუ მომხმარებელს დარიცხული მომსახურების საფასურის თაობაზე მიმწოდებლისთვის წარდგენილი აქვს პრეტენზია და საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული არ არის შესაბამისი გადაწყვეტილება, გარდა მიმდინარე პერიოდზე დარიცხული მომსახურების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევისა;

გ) თუ მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა, აინაზღაუროს მომსახურების საფასური მომხმარებლის მიერ ამ წესების 24-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი დეპოზიტის მეშვეობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დეპოზიტი წარდგენილია არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ან ამ წესების 24-ე მუხლის პირველი პუნქტის„ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით;

დ) ერთ მიწოდების მისამართზე დარიცხული მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო – მეორე მიწოდების მისამართზე, გარდა ამ წესების მე-17 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ე) კომისიის მიერ დამტკიცებული დავების განხილვის წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ვ) მიწოდების ხელშეკრულებით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

4. მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს სისტემის ოპერატორის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდების აღდგენა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების აღმოფხვრიდან - დაუყოვნებლივ, ხოლო “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების აღმოფხვრიდან ან მომხმარებელთან ამ წესების მე-18 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების დადებიდან არაუგვიანეს 5 საათისა, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის აღმოფხვრა ან მომხმარებელთან ამ წესების მე-18 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების დადება განხორციელდა:

ა) 09:00-დან – 16:00 საათამდე პერიოდში, ხოლო შაბათ-კვირას – 09:00-დან – 14:00 საათამდე პერიოდში;

ბ) „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათამდე.

5. მიწოდება უნდა აღდგეს  მომდევნო კალენდარული დღის 12:00 საათამდე, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების აღმოფხვრა ან მომხმარებელთან ამ წესების მე-18 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების დადება განხორციელდა:

ა) 16:00 საათის შემდეგ, ხოლო შაბათ-კვირას – 14:00 საათის შემდეგ;

ბ) „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათის შემდეგ.


მუხლი 23. პირგასამტეხლო
1. მიწოდების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის მიწოდების ხელშეკრულებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პირგასამტეხლო.

2. დაუშვებელია პირგასამტეხლოს დაკისრება:

ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის;

ბ)  საჯარო მომსახურების მიმწოდებლის ან ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის შეცვლის საფუძვლით მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტისთვის.

3. პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს მისაღწევი მიზნის პროპორციულად. მიწოდების ხელშეკრულებით განსაზღვრული დათქმები პირგასამტეხლოს შესახებ მომხმარებელს არ უნდა აკისრებდეს მიმწოდებლის მიერ მომხმარებლის წინაშე ნაკისრ ვალდებულებაზე უფრო მძიმე ვალდებულებას.

4. ამ წესებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, მიმწოდებელი უფლებამოსილია, მიწოდების ხელშეკრულების ვადამდე ცალმხრივად შეწყვეტისათვის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს დააკისროს პირგასამტეხლო, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დადებული მიწოდების ხელშეკრულებით.

5. მიმწოდებლის მიერ მცირე საწარმოსთვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნა დაუშვებელია, თუ მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინება  მცირე საწარმოს მიერ წარდგენილ იქნა მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე.


მუხლი 24. დეპოზიტი
1. მიმწოდებელს უფლება აქვს, მოსთხოვოს მომხმარებელს დეპოზიტის წარდგენა შემდეგ შემთხვევებში:

ა) მომხმარებელი დროებით სარგებლობს უძრავი ქონებით ან მისი ნაწილით;

ბ) მომხმარებელმა 12-თვიანი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა მომსახურების საფასური;

გ) მომსახურების საფასურის გადაუხდელობისათვის მომხმარებელს ბუნებრივი გაზი არ მიეწოდებოდა 5-თვიანი ან მეტი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში;

დ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების საშუალო თვიური ღირებულება აღემატება 50 000 ლარს, ამასთან:

დ.ა) მომხმარებელს არ გააჩნია ქონება, რომელიც, დავის წარმოშობის შემთხვევაში, შესაძლებელია, დაექვემდებაროს იძულებით აღსრულებას მიმწოდებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით; ან

დ.ბ) მომხმარებლის საკუთრებაში არსებული ქონება უფლებრივად დატვირთულია, რაც, დავის წარმოშობის შემთხვევაში, ქმნის მიმწოდებლის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის ვარაუდის საფუძველს;

ე) მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელთან დროებით მიერთების შემთხვევაში.

2. მომხმარებელი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეცვალოს მიმწოდებლისთვის წარდგენილი დეპოზიტის სახით წარდგენილი თანხა საბანკო გარანტიით ან საბანკო გარანტიის სანაცვლოდ მიმწოდებელს წარუდგინოს თანხა.

3. მომხმარებლისაგან დეპოზიტის განმეორებით მოთხოვნა დაუშვებელია, თუ ამ მომხმარებლის მიერ წარდგენილი დეპოზიტი მიმწოდებლის მიერ არ იქნა მიმართული გადაუხდელი მომსახურების საფასურის ასანაზღაურებლად, ამ წესების მე-18 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა მომხმარებლის მიერ გადაუხდელი მომსახურების საფასური აინაზღაურა წარდგენილი დეპოზიტის მეშვეობით, იგი უფლებამოსილია, მომხმარებელს ხელახლა მოსთხოვოს იმავე ოდენობის დეპოზიტი მომდევნო დარიცხვის პერიოდისთვის მომზადებულ ქვითარში ასახვის გზით. მიმწოდებელი უფლებამოსილია, გადაუხდელი მომსახურების საფასურის ასანაზღაურებლად არ გამოიყენოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ წარდგენილი, აგრეთვე, ამ მუხლის პირველი პუნქტის  „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით მოთხოვნილი დეპოზიტი და მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოსთხოვოს სისტემის ოპერატორს მიწოდების შეწყვეტა ამ წესების 22-ე მუხლის შესაბამისად.

4. მიმწოდებელი ვალდებულია, საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე 6 კვირით ადრე, აღნიშნულის შესახებ აცნობოს მომხმარებელს, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია, საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე გააგრძელოს მისი მოქმედება, წარადგინოს ახალი საბანკო გარანტია ან შეიტანოს მოთხოვნილი თანხა მიმწოდებლის ანგარიშზე.

5. დეპოზიტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მომხმარებელზე ბოლო 12 თვის განმავლობაში დარიცხული მომსახურების საფასურის საშუალო თვიურ ოდენობას, რომელიც გამოითვლება 12 თვის განმავლობაში დარიცხული მომსახურების საფასურის გაყოფით თვეების იმ რაოდენობაზე, რომლის განმავლობაშიც ხორციელდებოდა მოხმარება. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ მიწოდების მომსახურების მიღების დაწყებიდან დეპოზიტის მოთხოვნამდე გასული არ არის 12 თვე, დეპოზიტის ოდენობა იმავე წესით გამოითვლება მიწოდების დაწყებიდან მიმწოდებლის მიერ დეპოზიტის მოთხოვნამდე პერიოდისთვის.

6. მომხმარებლის მიერ უძრავი ქონების დროებით ფლობის შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია, მომხმარებელს დეპოზიტი მოსთხოვოს მიწოდების დაწყებამდე, საშუალო თვიური მოხმარების პროგნოზის მიხედვით, არსებული დანადგარების წარმადობისა და სეზონურობის გათვალისწინებით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მიწოდების დაწყებიდან 6 თვის შემდეგ, მიმწოდებელი უფლებამოსილია, გაიანგარიშოს დეპოზიტის ოდენობა ბოლო 6 თვის განმავლობაში დარიცხული მომსახურების საფასურის იმ თვეების რაოდენობაზე გაყოფით, რომლის განმავლობაშიც ხორციელდებოდა მოხმარება.

7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესით დეპოზიტის გაანგარიშებისათვის საჭირო ინფორმაციას მიმწოდებელს, მოთხოვნის შესაბამისად, მიაწვდის სისტემის ოპერატორი.

8. მიმწოდებელი ვალდებულია, დეპოზიტის წარდგენიდან ყოველი 12-თვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, ხელახლა გაიანგარიშოს დეპოზიტის ოდენობა გასული 12 თვის განმავლობაში მომხმარებელზე დარიცხული მომსახურების საფასურის გაყოფით თვეების იმ რაოდენობაზე, რომლის განმავლობაშიც ხორციელდებოდა მოხმარება.

9. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული წესით გაანგარიშების შედეგად, მომხმარებელზე დარიცხული მომსახურების საფასურის საშუალო თვიური ოდენობა შემცირებულია, მიმწოდებელი ვალდებულია, შესაბამისად შეამციროს მოთხოვნილი დეპოზიტის ოდენობა და სხვაობა თავდაპირველად მოთხოვნილსა და შემცირებულ ოდენობას შორის, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, ასახოს მის ანგარიშზე დადებითი ბალანსის სახით ან უზრუნველყოს შესაბამისი თანხის მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა; თუ დარიცხული მომსახურების საფასურის საშუალო ოდენობა გაზრდილია – მიმწოდებელი უფლებამოსილია, ამ წესებით დადგენილი წესით, მომხმარებელს მოსთხოვოს გაზრდილი დეპოზიტის წარდგენა.

10. მიმწოდებელი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დეპოზიტის წარდგენიდან ყოველი 12-თვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, განმეორებით შეაფასოს დეპოზიტის მოთხოვნის მიზანშეწონილობა და, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, მომხმარებელს დაუბრუნოს წარდგენილი დეპოზიტი მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით ან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უარი თქვას მომხმარებლის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებაზე.

11. დეპოზიტი 10 დღის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მომხმარებელს ან მიმწოდებელმა უარი უნდა თქვას საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებაზე, თუ:

ა) მიწოდების ხელშეკრულება ვადამდე შეწყდა ან მისი მოქმედების ვადა ამოიწურა და საბოლოო ანგარიშსწორებისას მომხმარებელმა მომსახურების საფასური სრულად დაფარა;

ბ) მომხმარებელი ბოლო 12 თვის განმავლობაში მომსახურების საფასურს იხდიდა ამ წესებით დადგენილ ვადაში – თუ დეპოზიტი მოთხოვნილი იყო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით;

გ) აღარ არსებობს დეპოზიტის მოთხოვნის ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძველი.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია, მომხმარებლის მიერ წარდგენილი დეპოზიტი ასახოს მომხმარებლის ანგარიშზე დადებითი ბალანსის სახით, ამ წესების მე-18 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესით. თუ მომხმარებელი მოითხოვს დეპოზიტის დაბრუნებას საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, მიმწოდებელი ვალდებულია, აღნიშნული უზრუნველყოს მომხმარებლის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში.

 


მუხლი 25. მომხმარებელთა დაცვის დამატებითი მექანიზმები
1. მიმწოდებელი ვალდებულია, აწარმოოს მონაცემთა ბაზა იმ მომხმარებლების შესახებ, რომლებთანაც მას დადებული აქვს მიწოდების ხელშეკრულება და რომლებიც:

ა) რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იღებენ საარსებო შემწეობას, რეინტეგრაციის შემწეობას ან სოციალურ პაკეტს;

გ) სარგებლობენ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ჰყავთ ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი/ნაშვილები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომხმარებლები, აგრეთვე მომხმარებელი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენს პენსიონერს, პასუხისმგებელი არიან მიმწოდებლისთვის ინფორმაციის წარდგენასა და, შესაბამის შემთხვევებში, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული დოკუმენტის მატერიალური ან ელექტრონული ფორმით მიწოდებაზე.

3. მიმწოდებელი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით, მომხმარებელს ყოველწლიურად მოსთხოვოს  ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა და, შესაბამის შემთხვევაში, დოკუმენტის წარდგენა.

4. მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ  ამ წესებიდან გამომდინარე უფლებების განხორციელების შესაძლებლობა, მათ შორის, მიიღოს გონივრული ზომები:

ა) ამ წესების მე-13 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების ცენტრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებების გათვალისწინებით აღჭურვის უზრუნველსაყოფად;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მომხმარებლებისთვის ადაპტირებული ქვითრისა და სხვა საინფორმაციო მასალების (აუდიომასალა, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ინფორმაცია, სურდოთარგმანი, სუბტიტრი) მომზადების მიზნით.

5. დაუშვებელია იმ მომხმარებლისთვის, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგენს პენსიონერს, აგრეთვე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომხმარებლებისთვის ამ წესების 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით დეპოზიტის წარდგენის ვალდებულების დაკისრება.

 


მუხლი 26. დავების განხილვა
მომხმარებელი უფლებამოსილია, მიმწოდებლის მიერ ამ წესებით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, კანონისა და კომისიის მიერ დამტკიცებული დავების განხილვის წესის შესაბამისად, მიმართოს კომისიას ან სასამართლოს.

 


თავი III
საჯარო მომსახურების მიწოდების წესები

მუხლი 27. საჯარო მომსახურების მიწოდების პირობები
1. საჯარო მომსახურების მიმწოდებელი ახორციელებს მომსახურებას ამ წესების II თავის დებულებების შესაბამისად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. საჯარო მომსახურების ერთ არეალში არსებულ იმ მომხმარებლებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან, მიიღონ საჯარო მომსახურების მიწოდების მომსახურება, ბუნებრივი გაზი შეიძლება მიაწოდოს მხოლოდ ერთმა საჯარო მომსახურების მიმწოდებელმა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაეკისრა შესაბამის არეალში საჯარო მომსახურების მიწოდების ვალდებულება.

3. საჯარო მომსახურების მიწოდებით შეიძლება ისარგებლოს საყოფაცხოვრებო მომხმარებელმა, მცირე საწარმომ და იმ თბოელექტროსადგურმა, რომელიც გარანტირებული სიმძლავრის წყაროა. საჯარო მომსახურების მიწოდებით სარგებლობისათვის საყოფაცხოვრებო მომხმარებელი, მცირე საწარმო და თბოელექტროსადგური, რომელიც გარანტირებული სიმძლავრის წყაროა, შესაბამისი განაცხადით (მათ შორის, მიმწოდებლის შეცვლის განაცხადით) მიმართავს საჯარო მომსახურების მიმწოდებელს.

4. საჯარო მომსახურების მიმწოდებელი:

ა) უზრუნველყოფს საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით მიწოდებას ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მომხმარებლისთვის;

ბ) კომისიის ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით, უზრუნველყოფს, რომ მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიებს, რომლებიც იღებენ საჯარო მომსახურებას, არ ჰქონდეთ მომსახურებისა და დაცვის ერთნაირი პირობები;

გ) ასრულებს ამ წესებით მიმწოდებლისთვის დადგენილ მოთხოვნებს, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

დ) შესაბამის შემთხვევაში იღებს ზომებს საჯარო მომსახურების მიწოდებით მოსარგებლე მომხმარებლებისთვის ყველაზე მისაღები ფასების დადგენის მიზნით.

5. საჯარო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) იქონიოს, სულ მცირე, ერთი მომსახურების ცენტრი იმ თვითმმართველ ქალაქში/მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ახორციელებს საჯარო მომსახურების მიწოდებას;

ბ) თავის ვებგვერდზე განათავსოს ამ წესების მე-12 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-3 პუნქტის „ა“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია; აგრეთვე, ინფორმაცია არსებული თავისუფალი მიმწოდებლების თაობაზე, მათ შორის, კომისიის ვებგვერდის შესაბამის ბმულზე მითითებით.

6. საჯარო მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, მომხმარებელს წერილობით მოსთხოვოს საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემების განახლების მიზნით ინფორმაციის მიწოდება, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არანაკლებ 1 თვეს. საჯარო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, ინფორმაციის მიწოდებისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 5 დღით ადრე აღნიშნულის თაობაზე გააფრთხილოს მომხმარებელი, მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით. მომხმარებელი ვალდებულია, ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის დაცვით, მიაწოდოს საჯარო მომსახურების მიმწოდებელს მოთხოვნილი ინფორმაცია.

7. თუ მომხმარებელი საჯარო მომსახურების მიმწოდებელს მიაწვდის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემებს ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ან საკუთარი ინიციატივით მოითხოვს ამ მონაცემების განახლებას, საჯარო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, მომხმარებელს შესთავაზოს ამ მონაცემების მიწოდება ელექტროენერგიის მიმწოდებლისთვის, წყალმომარაგების ლიცენზიატისა და იმ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სისტემების ოპერატორებისათვის, რომელთა მონაცემთა ბაზებშიც რეგისტრირებულია მომხმარებელი. მომხმარებლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, საჯარო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებლის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები მიაწოდოს ამ პუნქტით გათვალისწინებულ ენერგეტიკულ საწარმოებს.

8. თუ საჯარო მომსახურების მიმწოდებელი ამავდროულად არის თავისუფალი მიმწოდებელი, იგი ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ თავისუფალი მიმწოდებლის მომსახურების განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირებს არ გააჩნდეთ წვდომა საჯარო მომსახურების მიმღები მომხმარებლების მონაცემებზე.

 


მუხლი 28. საჯარო მომსახურების მიწოდების  ხელშეკრულების დადება
1.  საჯარო მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება იდება საჯარო მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაციის ვადით. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, დასაშვებია საჯარო მომსახურების მიწოდების ხელშეკრულების დადება ამ პუნქტით გათვალისწინებულზე უფრო მცირე  ვადით.

2. საჯარო მომსახურების მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტულ ფორმას, ამ წესების მე-8 მუხლით გათვალისწინებული მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შესაბამისად, შეიმუშავებს საჯარო მომსახურების მიმწოდებელი და ამტკიცებს კომისია. საჯარო მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

 


მუხლი 29. საჯარო მომსახურების მიწოდების შეწყვეტა
საჯარო მომსახურების მიწოდება შესაძლოა შეწყდეს:

ა) ამ წესების 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით;

ბ) ამ წესების V თავის შესაბამისად საჯარო მომსახურების მიმწოდებლის შეცვლის შედეგად;

გ) თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიმწოდებლის მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ მომხმარებელი აღარ მიეკუთვნება იმ კატეგორიას, რომელიც უფლებამოსილია, ისარგებლოს საჯარო მომსახურების მიწოდების მომსახურებით;

დ) საჯარო მომსახურების მიწოდების ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის ან ამ წესებით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით ვადამდე შეწყვეტის შედეგად.


თავი IV
ბოლო ალტერნატივის მიწოდების წესები

მუხლი 30. ბოლო ალტერნატივის მიწოდების პირობები
1. თუ მიმწოდებლის მიერ საბაზრო საქმიანობის გეგმურად ან არაგეგმურად შეწყვეტის ან ვალდებულებების უხეშად დარღვევის, მათ შორის, ამ წესებით დადგენილი პირობების დარღვევით მიწოდების შეწყვეტის გამო მომხმარებელმა დაკარგა ბუნებრივი გაზის მიღების საშუალება, ამ მომხმარებლისთვის მიწოდებას, სპეციალური მოთხოვნის წარდგენის გარეშე, უზრუნველყოფს ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი.

2. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი:

ა) ახორციელებს ბოლო ალტერნატივის მიწოდებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომხმარებლებისთვის კანონის საფუძველზე, ამ წესების II თავის მოთხოვნების დაცვითა და ამ თავის დებულებების გათვალისწინებით;

ბ) ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას:

ბ.ა) ბოლო ალტერნატივის მიწოდების წესებისა და პირობების შესახებ;

ბ.ბ) არსებული თავისუფალი მიმწოდებლებისა და მიმწოდებლის შეცვლის პროცედურის თაობაზე.

3. ბოლო ალტერნატივის მიწოდების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

4. თუ ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი იმავდროულად არის თავისუფალი მიმწოდებელი, იგი ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ თავისუფალი მიმწოდებლის მომსახურების განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირებს არ გააჩნდეთ წვდომა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომხმარებლების მონაცემებზე.

 


მუხლი 31. ბოლო ალტერნატივის მიწოდების შემთხვევის დადგომა
1. მიმწოდებელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მიწოდებას ამ წესების 30-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვალდებულია, მომხმარებელს, კომისიას, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელსა და სისტემის ოპერატორებს აცნობოს მიწოდების შეწყვეტის თაობაზე მიწოდების შეწყვეტამდე 30 დღით ადრე მაინც, ან, თუ მას არ შეეძლო, წინასწარ სცოდნოდა აღნიშნულის შესახებ, არაუგვიანეს მომდევნო დღისა მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა მიწოდების შეუძლებლობის თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინება უნდა შეიცავდეს მკაფიო მითითებას ბოლო ალტერნატივის მიწოდების შემთხვევის დადგომასა და შესაბამის საფუძველზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში, კომისია ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას ბოლო ალტერნატივის მიწოდების შემთხვევის დადგომისა და ბოლო ალტერნატივის მიწოდების მომსახურების დაწყების თარიღის შესახებ.

4. სისტემის  ოპერატორმა, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმ მომხმარებელთა შესახებ, რომლებიც უფლებამოსილი არიან, ისარგებლონ ბოლო ალტერნატივის მომსახურებით, მათ შორის, ინფორმაცია მათი მისამართების, აბონენტის ნომრებისა და საკონტაქტო მონაცემების თაობაზე.

5. ბოლო ალტერნატივის მიწოდება იწყება მიმწოდებლის მიერ ამ წესების 30-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მომხმარებლისთვის მიწოდების შეწყვეტის მომენტიდან.

 


მუხლი 32. ბოლო ალტერნატივის მიწოდების ხელშეკრულების დადება
1. ბოლო ალტერნატივის მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტულ ფორმას, ამ წესების მე-8 მუხლით გათვალისწინებული სტანდარტული პირობების შესაბამისად, შეიმუშავებს ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი და ამტკიცებს კომისია. ბოლო ალტერნატივის მიწოდების ხელშეკრულება უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

2. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი ვალდებულია, ბოლო ალტერნატივის მიწოდების დაწყებიდან არაუგვიანეს 8 დღის ვადაში, მომხმარებელს გაუგზავნოს ხელმოწერილი მიწოდების ხელშეკრულება, მატერიალური ფორმით.

3. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის მიწოდების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ბოლო ალტერნატივის მიწოდების დაწყების დღიდან.


მუხლი 33. მრიცხველის წაკითხვა
1. მიმწოდებელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მიწოდებას ამ წესების 30-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვალდებულია, საბოლოო დარიცხვის პერიოდისთვის მომზადებული ქვითრის მომხმარებლისთვის მიწოდება უზრუნველყოს მიწოდების შეწყვეტიდან 6 კვირის ვადაში.

2. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არ ასრულებს ამ წესების 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას, რის გამოც სისტემის ოპერატორი ვერ უზრუნველყოფს მრიცხველის წაკითხვას საბოლოო დარიცხვის პერიოდისთვის მიმწოდებლის მიერ ქვითრის მომზადების მიზნით, სისტემის ოპერატორი აცნობებს მომხმარებელს, რომ იგი უფლებამოსილია, სისტემის ოპერატორს ელექტრონულად გაუგზავნოს მრიცხველის ჩვენება ბოლო ალტერნატივის მიწოდების დაწყების დღის მდგომარეობით, ხოლო თუ მიმწოდებლის მიერ ამ წესების 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ ცნობილი გახდა მოგვიანებით – სისტემის ოპერატორის მიერ შეტყობინების დღის მდგომარეობით. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს კომისიას. კომისია უფლებამოსილია, არ დაეთანხმოს სისტემის ოპერატორის მიერ მრიცხველის ამ პუნქტით გათვალისწინებული წესით ჩვენების აღებას და მოსთხოვოს მას მრიცხველის ადგილზე წაკითხვა.

3. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებისა და ბოლო ალტერნატივის მიწოდების დაწყების თარიღის თაობაზე მომხმარებელს აცნობოს დაუყოვნებლივ, როგორც კი მისთვის ცნობილი გახდება მიმწოდებლის მიერ საბაზრო საქმიანობის შეწყვეტისა და ბოლო ალტერნატივის მიწოდების შემთხვევის დადგომის შესახებ.

4. თუ მომხმარებელი არ სარგებლობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებით, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს მრიცხველის წაკითხვა დაუყოვნებლივ, შესაძლო უმოკლეს ვადაში, ხოლო მიმწოდებლისა და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ბუნებრივი გაზის მოცულობა განსაზღვროს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მომხმარებლის საშუალო დღიური მოხმარების გამრავლებით იმ დღეების რაოდენობაზე, როდესაც ხორციელდებოდა, შესაბამისად, მიწოდება ან ბოლო ალტერნატივის მიწოდება.

 


მუხლი 34. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის სხვა მიმწოდებლით შეცვლა
1. მომხმარებელი უფლებამოსილია, ბოლო ალტერნატივის მიწოდების დაწყებამდე აირჩიოს მიმწოდებელი. თუ მიმწოდებლის შეცვლის პროცესი არ დასრულდება ბოლო ალტერნატივის მიწოდების დაწყების თარიღამდე, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი ვალდებულია, ახალი მიმწოდებლის მიერ მიწოდების დაწყებამდე, ამ წესებით დადგენილი პირობებითა და ამ წესების 30-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვადის დაცვით, უზრუნველყოს მომხმარებლისთვის ბოლო ალტერნატივის მიწოდება.

2. მომხმარებელი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეცვალოს ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი სხვა მიმწოდებლით, ამ წესების V თავის შესაბამისად.


მუხლი 35. ბოლო ალტერნატივის მიწოდების შეწყვეტის საფუძვლები
ბოლო ალტერნატივის მიწოდება შესაძლოა შეწყდეს:

ა) ამ წესების 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით;

ბ) ბოლო ალტერნატივის მიწოდების ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში;

გ) ამ წესების V თავის შესაბამისად ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის შეცვლის შედეგად;

დ) ბოლო ალტერნატივის მიწოდების ხელშეკრულების ამ წესებით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევაში.


თავი V
მიმწოდებლის შეცვლის წესები

მუხლი 36. მიმწოდებლის შეცვლის ზოგადი წესი
1. მომხმარებელი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეცვალოს მიმწოდებელი. მიმწოდებლის შეცვლა უფასოა.

2. მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის შეცვლის პროცედურის განხორციელებას უზრუნველყოფს ახალი მიმწოდებელი.

 


მუხლი 37. მიმწოდებლის შეცვლის განაცხადი
1. მომხმარებელი, რომელსაც სურს მიმწოდებლის შეცვლა, ამ წესების მე-8 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით მიწოდების ხელშეკრულებაზე მიერთებისას, ახალ მიმწოდებელს  წარუდგენს მიმწოდებლის შეცვლის განაცხადს. მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის ფორმას ამტკიცებს კომისია.

2. მომხმარებელი უფლებამოსილია, მიმწოდებლის შეცვლის განაცხადი ახალ მიმწოდებელს წარუდგინოს მატერიალური ფორმით ან ელექტრონულად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. მიმწოდებლის შეცვლის განაცხადი უნდა შეიცავდეს:

ა) მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;

ბ) აბონენტის ნომერს;

გ) მიწოდების მისამართს, საკონტაქტო ინფორმაციას, მათ შორის, მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში – დამატებითი საკონტაქტო პირის მონაცემებს;

დ) მიმწოდებლის შეცვლის/ახალი მიმწოდებლის  მიერ მიწოდების დაწყების სასურველ თარიღს;

ე) თანხმობას, რომ  არსებულ მიმწოდებელსა და სისტემის ოპერატორთან მომხმარებლის სახელით ურთიერთობა აწარმოოს ახალმა მიმწოდებელმა.

4. მომხმარებლის მიერ უძრავი ქონებით დროებით სარგებლობის შემთხვევაში, მომხმარებელი უფლებამოსილია, შეცვალოს მიმწოდებელი. ახალ მიმწოდებელთან დადებული მიწოდების ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს უძრავი ქონებით დროებით სარგებლობის ვადას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომხმარებელი წარადგენს უძრავი ქონების მესაკუთრის თანხმობას ახალ მიმწოდებელთან უძრავი ქონებით სარგებლობის ვადაზე მეტი ვადით მიწოდების ხელშეკრულების დადების თაობაზე.


მუხლი 38. მიმწოდებლის შეცვლის პროცედურა
1. მიმწოდებლის შეცვლის პროცედურის მიმდინარეობისას, არსებულ მიმწოდებელს, ახალ მიმწოდებელს, შესაბამის სისტემის ოპერატორსა და კომისიას შორის ურთიერთობა ხორციელდება სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

2. ახალი მიმწოდებელი ამოწმებს მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის ამ წესების 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებთან  შესაბამისობას და მასში მოცემული ინფორმაციის სისწორეს. ამ მიზნით, ახალი მიმწოდებელი უფლებამოსილია, გამოითხოვოს ინფორმაცია შესაბამისი სისტემის ოპერატორისგან.

3. თუ ახალი მიმწოდებელი   მიიჩნევს,   რომ   განაცხადი არ შეესაბამება ამ წესების 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს ან შეიცავს არასწორ ინფორმაციას, ამის თაობაზე აცნობებს მომხმარებელს განაცხადის მიღებიდან სამი დღის ვადაში და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად, რომელიც არ უნდა იყოს ორ დღეზე ნაკლები. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე, მიმწოდებლის შეცვლის ვადის დინება ჩერდება.

4. ახალი მიმწოდებელი წყვეტს განაცხადის განხილვას, თუ მომხმარებელი არ აღმოფხვრის ხარვეზს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში, რის შესახებაც აცნობებს მომხმარებელს. მომხმარებელი უფლებამოსილია, ახალი განაცხადით ხელახლა მიმართოს ახალ მიმწოდებელს.

5. მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის წარდგენიდან, ხოლო, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – ხარვეზის აღმოფხვრიდან 2 დღის ვადაში, ახალი მიმწოდებელი მიმწოდებლის შეცვლის განაცხადს უგზავნის შესაბამის სისტემის ოპერატორსა და მომხმარებლის არსებულ მიმწოდებელს.

6. თუ ახალი მიმწოდებელი ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ინფორმაციის გაგზავნიდან სამი დღის ვადაში არ მიიღებს უარს მიმწოდებლის შეცვლაზე ამ წესების 39-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით, იგი განაცხადის დაკმაყოფილების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს სისტემის ოპერატორს, არსებულ მიმწოდებელსა და მომხმარებელს.

7. თუ სისტემის ოპერატორი სხვადასხვა ახალი მიმწოდებლისაგან მიიღებს ინფორმაციას ერთი და იმავე მომხმარებლის მიერ (გარდა მსხვილი მომხმარებლისა) ერთსა და იმავე აბონენტის ნომერზე მიმწოდებლის შეცვლის შესახებ განაცხადის წარდგენის თაობაზე, იგი შესაბამის შეტყობინებას უგზავნის იმ ახალ მიმწოდებელს, რომელსაც უფრო ადრე წარედგინა განაცხადი, რაც უფრო ადრე წარდგენილი განაცხადის განხილვის შეწყვეტის საფუძველია. უფრო გვიან წარდგენილი განაცხადი განიხილება ამ მუხლით დადგენილი წესით.

8. მიმწოდებლის შეცვლის თაობაზე ამ წესების 39-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით უარის მიღების შემთხვევაში, ახალი მიმწოდებელი, არაუგვიანეს მომდევნო დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობებს კომისიას, სისტემის ოპერატორს, არსებულ მიმწოდებელსა და მომხმარებელს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიმწოდებლის შეცვლის პროცედურის ვადის დინება ჩერდება.

9. კომისია, მიმწოდებლის შეცვლის თაობაზე უარის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, შეისწავლის უარის მიზეზს და იღებს გადაწყვეტილებას მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და აცნობებს ახალ მიმწოდებელს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ ატყობინებს სისტემის ოპერატორს, არსებულ მიმწოდებელსა და მომხმარებელს. კომისიის მიერ მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მიმწოდებლის შეცვლის პროცედურა წყდება, ხოლო მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში,  ახალი მიმწოდებლის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, მიმწოდებლის შეცვლის პროცედურის ვადის დინება განახლდება.

10. განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიმწოდებლის შეცვლის ან ახალი მიმწოდებლის მიერ მიწოდების დაწყების დღეს, რომელიც მითითებულია მიმწოდებლის შეცვლის განაცხადში, შესაბამისი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს მრიცხველის წაკითხვას.

11. მიმწოდებლის შეცვლის პროცედურა სრულდება ამ მუხლის მე-6 ან მე-9 პუნქტის შესაბამისად ახალი მიმწოდებლის მიერ სისტემის ოპერატორისთვის, არსებული მიმწოდებლისა და მომხმარებლისათვის მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის დაკმაყოფილების თაობაზე შეტყობინების გაგზავნისთანავე. მიმწოდებლის შეცვლის ვადა არ უნდა აღემატებოდეს მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის მიღებიდან სამ კვირას.

12. მომხმარებელი უფლებამოსილია, უარი თქვას მიმწოდებლის შეცვლაზე ამ მუხლით გათვალისწინებული პროცესის დასრულებამდე და მოითხოვოს მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის განხილვის შეწყვეტა. ასეთ შემთხვევაში, დაუშვებელია, მომხმარებელს დაეკისროს პირგასამტეხლო ან რაიმე სხვა სახის გადასახდელი.

 


მუხლი 39. მიმწოდებლის შეცვლაზე უარის თქმის საფუძვლები
1. სისტემის ოპერატორის მიერ მიმწოდებლის შეცვლაზე უარის თქმის საფუძვლებია:

ა) თუ სისტემის ოპერატორის ხელთ არსებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ მომხმარებელმა ერთსა და იმავე დღეს მიმართა ერთზე მეტ მიმწოდებელს, ერთსა და იმავე აბონენტის ნომერზე მიმწოდებლის შეცვლის განაცხადებით;

ბ) მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის შეუსაბამობა ქსელთან მიერთების ტექნიკურ მახასიათებლებთან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უარის თქმის საფუძველი არ გამოიყენება მსხვილი მომხმარებლის შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის დაკმაყოფილება არ იწვევს ქსელთან მიერთების ტექნიკურ მახასიათებლებთან შეუსაბამობას.

3. არსებული მიმწოდებლის მიერ მიმწოდებლის შეცვლაზე უარის თქმის საფუძველია მომხმარებლის მიერ დარიცხვის ერთზე მეტ პერიოდზე დარიცხული მომსახურების საფასურის გადაუხდელობა


მუხლი 40. მხარეთა ვალდებულებები მიმწოდებლის შეცვლისას 
1. არსებული მიმწოდებელი ვალდებულია, ამ წესებით დადგენილი პირობებით, უზრუნველყოს მომხმარებლისთვის მიწოდება ახალ მიმწოდებელთან დადებული მიწოდების ხელშეკრულების ძალაში შესვლასა და ახალი მიმწოდებლის მიერ მიწოდების დაწყებამდე, იმგვარად, რომ აღნიშნულმა არ გამოიწვიოს მომხმარებლისთვის მიწოდების წყვეტა. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც მომხმარებელს მიწოდება შეწყვეტილი ჰქონდა არსებული მიმწოდებლის მოთხოვნით ან თუ მომხმარებელი არ იხდის მომსახურების საფასურს ამ წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად.

2. თუ მომხმარებელი ამ წესებით დადგენილ ვადაში არ გადაიხდის არსებული მიმწოდებლის მიერ საბოლოო დარიცხვის პერიოდზე დარიცხულ მომსახურების საფასურს, არსებული მიმწოდებელი აღნიშნულის თაობაზე აცნობებს ახალ მიმწოდებელს, რომელიც ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიმართოს შესაბამის სისტემის ოპერატორს მომხმარებლისთვის მიწოდების შეწყვეტის მოთხოვნით.

 


თავი VI
გარდამავალი დებულებები

მუხლი 41. ამ წესების ამოქმედებამდე წარმოშობილი ურთიერთობების რეგულირების წესი
1. მიმწოდებელი, რომელიც ამ წესების ამოქმედების შემდგომ აღარ გაუწევს მიწოდების მომსახურებას მომხმარებელს,  ვალდებულია:

ა) ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატთან რეგისტრირებულ მომხმარებელთან საბოლოო ანგარიშსწორების მიზნით, უზრუნველყოს კომისიის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით საბოლოო დარიცხვის პერიოდზე მომზადებული ქვითრის მომხმარებლისთვის მიწოდება, მიწოდების, მათ შორის, საჯარო მომსახურების მიწოდების დაწყებიდან 6 კვირის ვადაში;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საბოლოო დარიცხვის პერიოდზე მომზადებული ქვითრის საფუძველზე ანგარიშსწორებიდან 10 დღის ვადაში:

ბ.ა) უზრუნველყოს მომხმარებლის მიერ წარდგენილი დეპოზიტის გადაცემა შესაბამისი მიმწოდებლისათვის ან უარი განაცხადოს მომხმარებლის მიერ განაწილების ლიცენზიატისათვის წარდგენილი საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებაზე და ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების თაობაზე აცნობოს მომხმარებელს;

ბ.ბ) უზრუნველყოს მომხმარებლის ანგარიშზე დადებითი ბალანსის სახით არსებული თანხის გადაცემა შესაბამისი მიმწოდებლისთვის, მომდევნო დარიცხვის პერიოდზე/პერიოდებზე დარიცხული მომსახურების საფასურის გადახდის მიზნით გასათვალისწინებლად.

2. 2022 წლის 1 ივლისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ მრიცხველის წაკითხვა და შესაბამისი დარიცხვის განხორციელება დასაშვებია ამ წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის (პერიოდულობის) დაუცველად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემდგომ, თუ არ არსებობს დეპოზიტის წარდგენის ამ წესების 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, მომხმარებელი უფლებამოსილია, მიმართოს შესაბამის მიმწოდებელს და მოითხოვოს დეპოზიტის დაბრუნება. მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს დეპოზიტის შენახვა მომხმარებლის მიერ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების წარდგენამდე. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ მოითხოვს დეპოზიტის დაბრუნებას მომდევნო ანგარიშსწორებამდე, მიმწოდებელი უზრუნველყოფს დეპოზიტის ასახვას მომხმარებლის ანგარიშზე დადებითი ბალანსის სახით და გაითვალისწინებს მომდევნო ანგარიშსწორებისას. მომხმარებელი უფლებამოსილია, შესაბამის მიმწოდებელს მოსთხოვოს ანგარიშზე დადებითი ბალანსის სახით ასახული თანხის დაბრუნება ამ წესებით გათვალისწინებული პირობებით.

4. თუ ამ წესების ამოქმედებამდე მიმწოდებელს ან ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატს მის მომხმარებლად (აბონენტად) რეგისტრირებულ პირებთან დადებული აქვს დავალიანების განაწილვადების ხელშეკრულება, იგი უფლებამოსილია, მიმწოდებელს, მათ შორის, საჯარო მომსახურების მიმწოდებელს, მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია და მოსთხოვოს ამ  ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელი ყოველთვიური თანხის ქვითარში ასახვა, გარდა ამ წესების მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დავალიანებისა.

5. თუ ამ წესების ამოქმედებამდე ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატი ახორციელებდა მომხმარებლის მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდზე დაკვირვებას კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შესაბამისად, იგი (გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი) უფლებამოსილია, დაასრულოს დაკვირვება ამ წესების ამოქმედების შემდეგ, წარუდგინოს მიმწოდებელს სათანადო ინფორმაცია და მოსთხოვოს შესაბამისი თანხის ქვითარში ასახვა.

6. მიმწოდებელი, მათ შორის, საჯარო მომსახურების მიმწოდებელი, ვალდებულია, უზრუნველყოს ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული თანხის სათანადოდ იდენტიფიცირება და შესაბამისი მიმწოდებლისათვის ან/და სისტემის ოპერატორისთვის ანაზღაურება.

7. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, მათ შორის, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიმწოდებლის მითითებით უფლებამოსილია, მომხმარებელს შეუწყვიტოს მიწოდება:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ქვითარში ასახული თანხის მომხმარებლის მიერ გადაუხდელობის შემთხვევაში – თუ მომხმარებლის მიერ წინსწრებით გადახდილი თანხა ან/და ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატისთვის წარდგენილი დეპოზიტი არ არის საკმარისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის (ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად;

ბ) ამ მუხლის მე-4 ან/და მე-5 პუნქტის შესაბამისად ქვითარში ასახული თანხის მომხმარებლის მიერ გადაუხდელობის შემთხვევაში.