აბაშის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული მუნიციპალური სოციალური პროგრამებისა და დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

აბაშის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული მუნიციპალური სოციალური პროგრამებისა და დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.110.016454
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
26
28/12/2021
ვებგვერდი, 29/12/2021
010250000.35.110.016454
აბაშის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული მუნიციპალური სოციალური პროგრამებისა და დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (29/12/2021 - 27/12/2022)

 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2021 წლის 28 დეკემბერი

აბაშა

 

აბაშის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული მუნიციპალური სოციალური პროგრამებისა და დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „აბაშის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის №12 დადგენილების შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) აბაშის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული მუნიციპალური სოციალური პროგრამები და დახმარების  გაცემის წესი (დანართი №1);

ბ) მზრუნველობა მოკლებული მოსახლეობის უფასო კვების პროგრამა (დანართი №2).

მუხლი 2
2022 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აბაშის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული მუნიციპალური სოციალური პროგრამებისა და დახმარების  გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის  #24 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგელა ხოშტარია



დანართი №1

 

აბაშის  მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული  მუნიციპალური სოციალური    პროგრამები  და დახმარების  გაცემის  წესი

ეს წესი განსაზღვრავს აბაშის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე აბაშის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირებისათვის აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან (შემდგომში – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი)  სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში (შემდგომში – მერია) წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.

თავი I
პროგრამების ზოგადი მიმოხილვა

მუხლი 1. სოციალური  პროგრამები
1. მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს  ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილე გარდაცვლილ ვეტერანთა ოჯახების დახმარების პროგრამა.

2. გარდაცვლილ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების დახმარების პროგრამა.

3. სოციალურად დაუცველი გარდაცვლილი ბენეფიციარების ოჯახების დახმარების პროგრამა.

4. მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილე ვეტერანების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების  დახმარების პროგრამა.

5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა.

6. ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამა.

7. დედ-მამით ობოლი ბავშვების(0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა.

8. მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (0-დან 18 წლის ასაკამდე)ოჯახების დახმარების პროგრამა.

9. მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამა.

10.  ასი წლის და ასზე უხნესი ასაკის უხუცესთა დახმარების პროგრამა.

11. სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარების პროგრამა(ხანძარი, ქარი, წყალდიდობა)

12. მრავალშვილიანი ოჯახების(3 და მეტი შვილი 0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა.

13. ყრუ-მუნჯებისა და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეების  დახმარების პროგრამა.

14. მკვეთრად გამოხატული  შეზღუდული შესაძლებლობის (I ჯგუფი)მქონე პირების დახმარების პროგრამა.

15. დიალიზის პროგრამაში მონაწილე ავადმყოფთა მგზავრობის მხარდაჭერის პროგრამა.

16. თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა.

17. მზრუნველობა მოკლებული მოსახლეობის უფასო კვების პროგრამა.


მუხლი 2. პროგრამების მიზანი
1. აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება.

2. სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა.

3. სოციალური დახმარების პრიორიტეტების  გამოკვეთა.

4. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელმისაწვდომობა, ხელშეწყობა, პრევენცია.

5. აღნიშნული კატეგორიის მქონე პირებისათვის მატერიალური დახმარების გაწევა, ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება, მონაცემთა ბაზის წარმოება.


მუხლი 3. დაფინანსების წყარო
1. პროგრამების დაფინანსების წყაროა აბაშის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი.

მუხლი 4. პროგრამების ხანგრძლივობა
1. 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

მუხლი 5. მოსალოდნელი შედეგი
 1. პროგრამაში მონაწილე მიზნობრივი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება, ჯანმრთელობის გაუმჯობესება,  დემოგრაფიული მდგომარეობის ხელშეწყობა-გაუმჯობესება. მათი წახალისება, მატერიალური და მორალური მხარდაჭერა.

თავი II
სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები  და დახმარების მისაღებად წარმოსადგენი საჭირო დოკუმენტაცია

მუხლი 6. მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის  საბრძოლო  მოქმედების,  სხვა  სახელმწიფოთა  ტერიტორიაზე  საბრძოლო მოქმედების მონაწილე გარდაცვლილ ვეტერანთა ოჯახების დახმარების პროგრამა(ვეტერანის გარდაცვალებისას)
1. ომის მონაწილე ვეტერანის გარდაცვალებისას ვეტერანის ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (ოჯახის სრულწლოვანი,   ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი) მერიაში უნდა წარმოადგინოს

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვლილი ვეტერანის პირადობის, ომის მონაწილის ბარათის და გარდაცვალების მოწმობის ასლები;

დ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.


მუხლი 7. გარდაცვლილ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების დახმარების პროგრამა
1. აბაშის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალებისას, გარდაცვლილის ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში დაბადების ან ქორწინების მოწმობის ასლი);

გ) გარდაცვლილი იძულებით გადაადგილებული პირის პირადობის,  სტატუსის და გარდაცვალების  მოწმობის ასლები;

დ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.


მუხლი 8. სოციალურად დაუცველი გარდაცვლილი ბენეფიციარების ოჯახების დახმარების პროგრამა
1. აბაშის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ბენეფიციარის გარდაცვალებისას ოჯახის წევრმა ან უფლებამოსილმა პირმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში დაბადების მოწმობის, ქორწინების მოწმობის ან მემკვიდრეობის ცნობის ასლი);

გ) გარდაცვლილი სოციალურად დაუცველი ბენეფიციარის პირადობის და გარდაცვალების  მოწმობის ასლები;

დ) სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბენეფიციარის თაობაზე ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

ე) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.


მუხლი 9. მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილე ვეტერანების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების დახმარების პროგრამა
1. დახმარების მისაღებად აბაშის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა ომის მონაწილე ვეტერანმა ან მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების უფლებამოსილმა პირმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ვეტერანის მოწმობის ასლი (აბაშის მუნიციპალიტეტის კოდით);

ე) ომში დაღუპულის ოჯახის უფლებამოსილი წევრის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოწმობის) ასლი;

ვ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.


მუხლი 10. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა
1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობელმა (ან მეურვემ) მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) მშობლის (მეურვე/მზრუნველი) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ბავშვის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს აბაშის განყოფილებიდან);

ე) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.


მუხლი 11. ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამა
  1. ახალშობილის ოჯახმა, რომელიც რეგისტრირებულია მუნიციპალიტეტში  შეეძინებათ  პირველი, მეორე, მესამე  და მეტი შვილი, მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

გ) ბავშვის(ბავშვების)  დაბადების მოწმობის ასლები;

დ) ქორწინების მოწმობის ასლები (არსებობის შემთხვევაში);

ე) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.


მუხლი 12. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარების პროგრამა (0-დან 18 წლის ასაკამდე)
1. დედ-მამით ობოლი ბავშვის მეურვემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) მეურვის/მზრუნველის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ბავშვის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს აბაშის განყოფილებიდან;

ე) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.


მუხლი 13. მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახების დახმარების პროგრამა (0-დან 18 წლის ასაკამდე)
1. მარჩენალდაკარგული ბავშვის ერთ-ერთმა მშობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის (ან ბავშვების)  დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ბავშვის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს აბაშის განყოფილებიდან);

 ე) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.


მუხლი 14. მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამა
1. ბენეფიციარმა,(ან ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა) რომლის სამედიცინო მომსახურება ნაწილობრივ ფინანსდება ან  არ ფინანსდება, მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ–ფორმა№100/ა;

დ) ინვოისი /ანგარიშ-ფაქტურა;

ე) კალკულაცია (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლი (გეგმიური სამედიცინო მომსახურებისას);

ზ) დაბადების მოწმობის ასლი(საჭიროების შემთხვევაში);

თ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან(არსებობის შემთხვევაში);

ი) შესრულებული სამედიცინო მომსახურებისას: ცნობა ან სხვა დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება) სამედიცინო დაწესებულებიდან, გადასახდელი თანხის  დავალიანების (გადავადების) თაობაზე.

2. პროგრამა ითვალისწინებს  ბენეფიციარების სამედიცინო მომსახურების იმ წილის   დაფინანსებას ან თანადაფინანსებას, რაც არ ფინანსდება  საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით, სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით, ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ.

3. ამ პროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარები, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირები.

4. სამედიცინო მომსახურების პროგრამით ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ წელიწადში ერთჯერ, ერთგვარ სამედიცინო მომსახურებაზე (მაგ: მაღალ ტექნოლოგიური  გამოკვლევა, გამოკვლევა, ქირურგიული მკურნალობა, სხივური თერაპია და სხვა). გარდა  0-დან 5 წლის ასაკის ბავშვებისა, ონკოავადმყოფებისა და  ბენეფიციარებისა, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და გააჩნიათ სარეიტინგო ქულა 0-დან 200.000 -ის ჩათვლით.  

5. ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან ბავშვები 0-დან 18 წლამდე და შშმ პირები 18 წლის ასაკის ზემოთ, რომლებიც საჭიროებენ აბილიტაციას/რეაბილიტაციას  სპეციალიზირებულ ან სამედიცინო დაწესებულებებში.

6. ამ პროგრამით არ დაფინანსდება:

ა) საზღვარგარეთ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები;

ბ) სანატორიულ-კურორტული მომსახურება;

გ) ესთეთიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული;

დ ) საკეისრო კვეთა და ფიზიოლოგიური მშობიარობა;

ე) ალკოჰოლიზმით, ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედებით გამოწვეული და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობა;

ვ)ინსტრუმენტული გამოკვლევები (ელექტროკარდიოგრაფია, ექოსკოპია, რენტგენოსკოპია, რენტგენოგრაფია) გარდა covid-19 გადატანილი ბენეფიციარებისა, ,,C” ჰეპატიტის ელმინაციის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებული გამოკვლევებისა და მონიტორინგისა;

ზ) ლაბორატორიული გამოკვლევები(სისხლი, შარდი, ღვიძლის ფუნქციური სინჯი, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი) გარდა covid-19 გადატანილი ბენეფიციარებისა, ,,C” ჰეპატიტის ელმინაციის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებული გამოკვლევებისა და მონიტორინგისა;

თ) თვალის რეფრაქციული ქირურგია, თვალის ლაზერული ქირურგია გარდა რქოვანის გადანერგვისას, კორექცია, სიელმის ქირურგიული მკურნალობა;

ი)  არჩეული, აყვანილი ექიმი, ექიმის ჰონორარი. არჩეული თვალის ბროლი;

კ) იმ შემთხვევაში თუ გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასური  ბენეფიციარის მხრიდან გადახდილია.


მუხლი 15. ასი წლის და ასზე უხნესი ასაკის უხუცესთა დახმარების პროგრამა
 1. უხუცესმა ან მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი  წევრი  ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი) მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) უხუცესის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) უხუცესის ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი საჭიროების შემთხვევაში;

დ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.


მუხლი 16. სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარების პროგრამა (ხანძარი, ქარი, წყალდიდობა)
1. სტიქიის შედეგად (ხანძარი, ქარი, წყალდიდობა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელზე მიყენებული ზარალისათვის  დაზარალებულმა მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ხანძრის შემთხვევაში – ცნობა (აქტი)სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქ. აბაშის სახანძრო-სამაშველო განყოფილებიდან.  სხვა სტიქიისას- შესაბამისი კომისიის (სამუშაო ჯგუფის) აქტი (ოქმი);

დ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი;

ე) განადგურებული საცხოვრებლის ფოტოსურათი;

ვ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი;

ზ)ამონაწერი საჯარო რეესტრიდან განმცხადებლის საცხოვრებელი ფართის საკუთრების რეგისტრაციის თაობაზე (არსებობის შემთხვევაში);

თ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.

2. დახმარება გაიცემა საცხოვრებლის სრულად განადგურებისას ან როდესაც სტიქიისგან საცხოვრებელი უვარგისია საცხოვრებლად.


მუხლი 17. მრავალშვილიანი ოჯახების (3 და მეტი შვილი 0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა
1. ოჯახმა, რომელსაც ჰყავს 3 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი, მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

გ) ბავშვების  დაბადების მოწმობის ასლები;

დ) ქორწინების მოწმობის ასლები (არსებობის შემთხვევაში);

ე) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.


მუხლი 18. ყრუ-მუნჯებისა   და   ჩერნობილის    ატომურ   ელექტროსადგურზე    ავარიული    სიტუაციების  შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეების  დახმარების პროგრამა
1. ამ პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარმა, მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შესაბამისი სტატუსის დოკუმენტის ასლი ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან;

დ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.


მუხლი 19. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის  (I ჯგუფი) მქონე პირების დახმარების პროგრამა
1. ბენეფიციარმა, რომელიც არის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (ან მისი ოჯახის წევრმა) მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შესაბამისი სტატუსის დოკუმენტის ასლი ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან;

დ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.


მუხლი 20. დიალიზის პროგრამაში მონაწილე ავადმყოფთა მგზავრობის მხარდაჭერის პროგრამა
1. ბენეფიციარმა, რომელიც სარგებლობს დიალიზის სახელმწიფო პროგრამით და გადაადგილდება პროცედურის ჩასატარებლად, მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ)სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ–ფორმა№100/ა;

დ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.

2.  აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოსადგენი იქნება   ყოველთვიურად.


მუხლი 21. თავშესაფრის გარეშე  დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა
1. ამ პროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული თავშესაფრის გარეშე დარჩენილი  ოჯახები ან პირი,  რომელთა საცხოვრებელი  სახლი, სტიქიური უბედურების, უბედური შემთხვევების და სხვა გარემოებების გამო დაინგრა, დაიწვა ან  არის ავარიული ნგრევადი,  სიცოცხლისათვის საშიში.  ასევე  პირები რომლებიც გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი.

2. ფორსმაჟორის შემთხვევაში დაზარალებული ოჯახის (მოქალაქის) სასტუმროში განთავსება და დაბინავების ხარჯები ანაზღაურდეს ამ პროგრამის ფარგლებში, გონივრულ ვადაში, ალტერნატიული ფართის მოძიებამდე.

3. პროგრამის მონიტორინგს აწარმოებს მუნიციპალიტეტის მერიის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.

4. ამ  პროგრამის  ფარგლებში  მოქალაქემ  მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა)  განცხადება მერის სახელზე;     

ბ)  პირადობის მოწმობის ასლი ;

გ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან განმცხადებლის საცხოვრებელი ფართის საკუთრების რეგისტრაციის თაობაზე(არსებობის შემთხვევაში);

დ) აქტი (ცნობა) სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის   სამმართველოს ქ.  აბაშის სახანძრო - სამაშველო  განყოფილებიდან. სხვა სტიქიისას- შესაბამისი კომისიის(სამუშაო ჯგუფის) აქტი(ოქმი);

ე)  შესაბამისი კომისიის (სამუშაო ჯგუფის) დასკვნა (აქტი) როდესაც სახლი ავარიულია;

ვ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი;

ზ) ქირავნობის ხელშეკრულება ნოტარიულად დამოწმებული ბენეფიციარსა და გამქირავებელს შორის;

თ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან,  რომელიც ადასტურებს გამქირავებლის სახელზე საცხოვრებელი ფართის საკუთრების რეგისტრაციის  ფაქტს;

ი) ძალადობის მსხვერპლის შემთხვევაში შემაკავებელი ან დამცავი ორდერი;

კ)  გამქირავებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი;


თავი III
სოციალური დახმარების მიმღებთა კატეგორიები და მათზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობები

მუხლი 22. სოციალური დახმარების ოდენობა
1. ომის მონაწილე გარდაცვლილ ვეტერანთა ოჯახების დახმარების პროგრამა:

ა) ომის მონაწილე ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახზე – 250 (ორასორმოცდაათი) ლარი.

2. გარდაცვლილ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების დახმარების პროგრამა:

ა) იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახზე – 250 (ორასორმოცდაათი) ლარი.

3. სოციალურად დაუცველი გარდაცვლილი ბენეფიციარების ოჯახების დახმარების პროგრამა:

ა) სოციალურად დაუცველი ბენეფიციარის, რომელიც რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა არის 0-დან 70.000-ს ჩათვლით, გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახზე – 250 (ორასორმოცდაათი) ლარი.

4. მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილე ვეტერანების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების დახმარების პროგრამა:

ა) II მსოფლიო ომის მონაწილეებზე – 500 (ხუთასი) ლარი (წელიწადში ერთჯერ);

ბ) სხვა ომის მონაწილეებზე – 150 (ასორმოცდაათი) ლარი (წელიწადში ერთჯერ).

გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრზე: – 500 (ხუთასი) ლარი (წელიწადში ერთჯერ)

5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა:

ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე – 200 (ორასი) ლარი (წელიწადში ერთჯერ).

6. ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამა:

ა) პირველი შვილის შეძენისას 100 (ასი)ლარი.

ბ) მეორე შვილის შეძენისას 150 (ასორმოცდაათი) ლარი

გ) მე-3 და მეტი შვილის შეძენის შემთხვევაში ერთ შვილზე – 300 (სამასი) ლარი.

7. დედ-მამით ობოლი ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა:

ა) დედ-მამით ობოლ ბავშვზე – 300 (სამასი) ლარი (წელიწადში ერთჯერ);

8. მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (0-დან 18 წლის ასაკამდე) ოჯახების დახმარების პროგრამა:

ა) მარჩენალდაკარგულ ბავშვზე – 150 (ასორმოცდაათი) ლარი (წელიწადში ერთჯერ).

9. მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამა:

სამედიცინო მომსახურების ღონისძიებების თანადაფინანსება პაციენტის დაუფინანსებელ (გადასახდელ) წილში განისაზღვროს:

ა) ბენეფიციარები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და გააჩნიათ სარეიტინგო ქულა 0-დან 100.000 ჩათვლით,სამედიცინო მომსახურების მოთხოვნისას დაფინანსდეს: 100 (ასი) ლარიდან 500 (ხუთასი) ლარამდე ღირებულების შემთხვევაში – 100%-ით, ხოლო 501 ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში 80%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1.500 (ათასხუთასი) ლარისა.

ა.ბ) ბენეფიციარები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და გააჩნიათ სარეიტინგო ქულა 101.000-დან 200.000 ჩათვლით, სამედიცინო მომსახურების მოთხოვნისას დაფინანსდეს:

ა.გ) 200 (ორასი) ლარიდან ღირებულების – 70%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1500 (ათასხუთასი) ლარისა

ა.დ) ბენეფიციარები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და გააჩნიათ სარეიტინგო ქულა 200.000-ზე ზევით, ან არ არიან რეგისტრირებულები სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და არ გააჩნიათ სარეიტინგო ქულა, სამედიცინო მომსახურების მოთხოვნისას დაფინანსდეს:

ა.ე) 250-ლარიდან 1.000-ლარამდე ღირებულების შემთხვევაში – 50%-ით

ა.ვ) 1001-ლარიდან 2.000-ლარამდე ღირებულების შემთხვევაში – 40%-ით

ა.ზ) 2001-ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში-30%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1.200 (ათასორასი) ლარისა.

 ა.თ) 0-დან 5 წლის ასაკის ბავშვებისათვის გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო მომსახურება დაუფინანსებელ წილში განისაზღვროს: 50 (ორმოცდაათი)ლარიდან 500 (ხუთასი) ლარამდე ღირებულების შემთხვევაში 100%-ით, 501 (ხუთასერთი) ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში – 70%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1.500 (ათასხუთასი) ლარისა.

10. ასი წლის და ასზე უხნესი ასაკის უხუცესთა დახმარების პროგრამა:

 ა) ასი წლის და ასზე უხნესი ასაკის უხუცესზე – 1000 (ათასი) ლარი (წელიწადში ერთჯერ).

11. სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარების პროგრამა (ხანძარი, ქარი, წყალდიდობა):

 ა) სტიქიით დაზარალებულ ოჯახზე – 2500 (ორიათას ხუთასი) ლარი.

12. მრავალშვილიანი ოჯახების (3 და მეტი შვილი 0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა:

 ა) მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 3 და მეტი 18 წლის ასაკამდე შვილი, თითოეულ ბავშვზე – 100 (ასი) ლარი (წელიწადში ერთჯერ).

 13. ყრუ-მუნჯებისა და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეების დახმარების პროგრამა

ა) ყრუ-მუნჯსა და „ჩერნობილის“ მონაწილეზე – 200 (ორასი) ლარი (წელიწადში ერთჯერ).

14. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების პროგრამა:

ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის პირზე – 200 (ორასი) ლარი (წელიწადში ერთჯერ).

15. დიალიზის პროგრამაში მონაწილე ავადმყოფთა მგზავრობის მხარდაჭერის პროგრამა:

ა) დიალიზის პროგრამაში მონაწილე ავადმყოფებზე ტრანსპორტირებისათვის ყოველთვიურად – 200 (ორასი) ლარი.

16. თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა

ა) თავშესაფრის გარეშე დარჩენილი მოქალაქის დახმარება გაიცემა ყოველთვიურად 1 წლამდე ვადით, 300 (სამასი) ლარამდე.


თავი IV
სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება

მუხლი 23. სოციალური დახმარების  თაობაზე შემოსული განცხადებების რეგისტრაციაზე,  სოციალური დახმარების  დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა
1. მერია უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციაში გატარებას  მერიაში დანერგილი ელექტრონული საქმის წარმოების შესაბამისად.

2. მერიაში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციით, მათ შესასწავლად და სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მოსამზადებლად ეგზავნება აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დახმარების გაცემის კომისიას (შემდგომში კომისია).

3. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებას ასევე უზრუნველყოფს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.

4.  მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში - სამსახური) პასუხისმგებელია სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების ელექტრონულ (კომპიუტერულ) დამუშავებასა და მონაცემთა ბაზის შექმნაზე.

5. სამსახური უზრუნველყოფს დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებ(ებ)ის სისტემატურ შემოწმებას  ცვლილებ(ა)(ებ)ში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახ(ებ)ის გამოვლენა ან გაუქმება, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა).

6. მუნიციპალური სოციალური პროგრამების  თაობაზე ინფორმაციის გაცემას უზრუნველყოფს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი.

7. მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური პასუხისმგებელია უზრუნველყოს პროგრამების განახლების ან ცვლილების შემთხვევაში, ბენეფიციართა დროული ინფორმირება შეხვედრების საშუალებით. 


მუხლი 24. კომისიის მიერ განცხადებების განხილვა
1. კომისია იქმნება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე,   თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და წევრები.

2. კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიას და უძღვება მის სხდომებს.

3. კომისიის მდივანი კომისიის სხვა წევრებთან ერთად ხმის უფლებით მონაწილეობს საკითხის განხილვაში. ასევე, იგი პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის შედგენაზე;

4. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, კომისიის  სხდომის მუშაობას უძღვება კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

5. კომისია მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს არანაკლებ თვეში ერთხელ.

6. კომისიის თავმჯდომარე შემოსულ განცხადებებს, დოკუმენტაციის შემოწმების და სრულყოფილი დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენის მიზნით გადაუნაწილებს კომისიის წევრებს (შესაბამისი სამსახურის შესაბამის სპეციალისტებს).

7. საჭიროების შემთხვევაში კომისია აწარმოებს მონიტორინგს.

8. კომისიის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.


მუხლი 25. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება
კომისიის მიერ  საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.

მუხლი 26. კომისიის ოქმები და დასკვნები
1. კომისიის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი.

2. კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში.

3. კომისიის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე  საქაღალდეში, რიგითობის მიხედვით.

4. კომისიის სხდომის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს  კომისიის მდივანი.

5. კომისიის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია კომისიის მდივანი.

6. კომისიის სხდომაზე მიიღება გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს კომისიის სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში, კომისიის წევრის აზრი დაერთვება  ოქმს.


მუხლი 27. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, კომისიის ოქმის (გადაწყვეტილების) და კომისიის თავმჯდომარის მოხსენებითი ბარათის  საფუძველზე.

2. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ბენეფიციარზე გასცემს საგარანტიო  წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად.

3. საგარანტიო  წერილის გამოყენების ვადა განისაზღვროს გაცემიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში.


მუხლი 28. სოციალური დახმარების გაცემა
1. სოციალური დახმარება გაიცემა და ბენეფიციარები დახმარებას მიიღებენ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით პირად საბანკო ანგარიშებზე, საბანკო დაწესებულების მეშვეობით.

2. მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამით განსაზღვრული დაფინანსება  განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით მითითებული სამედიცინო დაწესებულებების შესაბამისი ანგარიშსწორების ანგარიშზე.

3. წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხს აგებს დოკუმენტის გამცემი სამედიცინო დაწესებულება.



 

დანართი №2

 

მზრუნველობა მოკლებული მოსახლეობის უფასო კვების პროგრამა

თავი I
პროგრამის ზოგადი მიმოხილვა

მუხლი 1. პროგრამის მიზანი
1. პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი, მზრუნველობას მოკლებული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადგილობრივი მოსახლეობის უფასო კვება სასადილოს ფუნქციონირებით.

მუხლი 2. დაფინანსების წყარო
1. პროგრამის დაფინანსების წყაროა აბაშის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი.

მუხლი 3. პროგრამის ხანგრძლივობა
1. 2021-2022 წელს „მიმწოდებელთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით მითითებული ვადის ფარგლებში.

მუხლი 4. პროგრამის აღწერა
1. აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უმწეო მდგომარეობაშია და განიცდის საკვები პროდუქტების სიმცირეს. მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ხელმიუწვდომელია სრულფასოვანი საკვები. გაუარესებულია ჯანმრთელობის მდგომარეობა, თანხის უდიდესი ნაწილი ეხარჯებათ მედიკამენტებში. არ გააჩნიათ მეურვე ან მზრუნველი. აქვთ ცუდი საყოფაცხოვრებო და ეკონომიკური პირობები.

2. ქალაქ აბაშაში ფუნქციონირებს ერთი უფასო სასადილო მზრუნველობა მოკლებულთათვის, სადაც დღეში ერთხელ ყოველდღიურად იკვებება 50 ბენეფიციარი.


მუხლი 5. შედეგი
1. უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის საკვებზე ხელმისაწვდომობა, სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.

თავი II
პროგრამაში მონაწილე  ბენეფიციარები და დახმარების მისაღებად წარმოსადგენ

საჭირო დოკუმენტაცია


მუხლი 6. პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარები
1. ამ პროგრამით ისარგებლებენ აბაშის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უმწეო მდგომარეობაში მყოფი სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარები, მათ შორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს  მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 0-დან 70 000-მდე.

მუხლი 7. საჭირო დოკუმენტაცია
1. უმწეო მდგომარეობაში მყოფი შესაბამისი სტატუსის და კატეგორიის მოქალაქე მიმართავს მუნიციპალიტეტის მერს წერილობით. ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სოციალური მომსახურების სააგენტოდან – ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.


თავი III
ორგანიზება და ადმინისტრირება

მუხლი 8. ამ პროგრამით დახმარების  თაობაზე შემოსული განცხადებების რეგისტრაციაზე და   ორგანიზებაზე  პასუხისმგებლობა
1. აბაშის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს ამ პროგრამით დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციაში გატარებას.

2. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციით,  შესასწავლად და  დასკვნის მოსამზადებლად ეგზავნება აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს.

3. უფასო სასადილოს მონიტორინგს აწარმოებს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი მონიტორინგის ჯგუფი.