საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 49/2021
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 23/08/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016577
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
49/2021
23/08/2021
ვებგვერდი, 24/08/2021
010240060.15.008.016577
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/08/2021 - 10/07/2024)

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №49/2021

2021 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსი“.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №14/2012 დადგენილება (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“,  ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 12/03/2012, 010240060.15.008.016032).
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი



დანართი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსი


თავი I
 

ზოგადი დებულებები


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის (შემდგომში „საარჩევნო ადმინისტრაცია“) მოხელეთა ეთიკის კოდექსი (შემდგომში კოდექსი“) ადგენს ქცევის წესს, რომელიც სავალდებულოა საარჩევნო ადმინისტრაციის ნებისმიერი მოხელისათვის.


მუხლი 2. კოდექსის სამართლებრივი საფუძვლები
ამ კოდექსის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (შემდგომში „საარჩევნო კოდექსი“), საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.


მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ კოდექსის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომ − ცესკო) და მისი აპარატი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია (შემდგომ − უსკო) და მისი აპარატი, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები, სსიპ –   საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე – საარჩევნო კომისიის წევრი, ცესკოს აპარატის თანამშრომელი, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე/ტექნიკური პერსონალი და სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომელი;

გ) ოჯახის წევრი – მოხელის მეუღლე, შვილი და გერი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, და და ძმა, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი;

დ) ჩართული მხარე-პარტია, საარჩევნო სუბიექტი და მისი წარმომადგენელი, დამკვირვებელი ორგანიზაციები, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლები;

ე) სამუშაო ადგილი – დამსაქმებლის პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონტროლის ქვეშ მყოფი ადგილი, სადაც სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად უნდა იმყოფებოდეს ან მიდიოდეს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე. საჯარო დაწესებულების შენობა/ოფისი, მივლინების ადგილები, საქმიანი ლანჩის/სადილის დარბაზი და სხვა ისეთი ადგილები, სადაც სამსახურებრივი ან/და მისგან გამომდინარე ვალდებულებები სრულდება.


მუხლი 4. კოდექსის მიზნები  და მოქმედების სფერო
1. ამ კოდექსის მიზანია საზოგადოების წინაშე საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, მისთვის განსაზღვროს ქცევის მაღალი ეთიკური სტანდარტები, აგრეთვე ხელი შეუწყოს საზოგადოებაში საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციის ამაღლებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ საზოგადოების  ნდობის განმტკიცებას. 

2. კოდექსის მოქმედება ვრცელდება საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმებულ მოხელეებზე.


თავი II
 

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა საქმიანობის ძირითადი პრინციპები


მუხლი 5. კანონიერება
 

1.   მოხელე მოქმედებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის,   საარჩევნო კოდექსისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.

2. მოხელე უნდა უზრუნველყოს საარჩევნო კანონმდებლობის ზუსტი და თანმიმდევრული დაცვა. იგი ფუნქციების შესრულებისას უნდა იყოს დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელი.

3. მოხელემ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს.


მუხლი 6. პოლიტიკური ნეიტრალიტეტი
1. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეს (გარდა პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრებისა) ეზღუდება პარტიული საქმიანობა.

2. მოხელე ვალდებულია თავი აარიდოს ისეთ მოქმედებას, რომელიც შეიძლება აღქმულ იქნეს რომელიმე პარტიისა თუ საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერად /წინააღმდეგ ქმედებად.

3. მოხელე თავისუფალი და ნეიტრალურია გადაწყვეტილების მიღებისას და მიჯნავს საჯარო ინტერესებს პოლიტიკური პარტიის ინტერესებისგან.

4. მოხელე ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს პოლიტიკური პარტიის კუთვნილებისა და პირადი პოლიტიკური შეხედულებებისაგან დამოუკიდებლად.

5. მოხელეს უფლება არა აქვს, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა პარტიული (პოლიტიკური) მიზნებისათვის ან/და ინტერესებისათვის გამოიყენოს.


მუხლი 7. კეთილსინდისიერება, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და ობიექტურობა
1. მოხელემ სამსახურში და მის გარეთ თავი უნდა აარიდოს ისეთ ქმედებას, რომელიც უგულებელყოფს ან არღვევს ეთიკის ნორმებს და ქცევის ზოგად წესებს და რომელიც, თავის მხრივ, მიმართულია მოხელისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისკენ.

2. მოხელემ უზრუნველყოს საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირთათვის თანაბარი და სამართლიანი გარემოს შექმნა;

3. მოხელე მოქმედებს მისი უფლებამოსილების ფარგლებში, თანამდებობრივ მდგომარეობასა და უფლებამოსილებას იყენებს კანონის საფუძველზე საჯარო ინტერესის დაცვის მიზნით.

4. მოხელე საჯარო ინტერესს აყენებს პირად ინტერესზე მაღლა და თავიდან ირიდებს ისეთ გარემოებებს, რომლებმაც შესაძლოა წარმოშვას ინტერესთა კონფლიქტი ან/და აღქმულ იქნეს, როგორც ინტერესთა კონფლიქტი.

5. მოხელე საარჩევნო პერიოდში არ უნდა დაესწროს წვეულებებს, ბანკეტებსა და სადღესასწაულო ღონისძიებებს, რომელიც ორგანიზებულია პოლიტიკური პარტიის, ორგანიზაციის ან იმ პირის მხრიდან, რომელიც ჩართულია საარჩევნო პროცესში.

6. მოხელემ საარჩევნო პერიოდში თავი უნდა აარიდოს ადგილობრივი თუ სახელმწიფო ხელისუფლების თანამდებობის პირებთან პირადი ხასიათის შეხვედრებსა და ვიზიტებს.

7. მოხელე გადაწყვეტილების მიღებისას შეისწავლის საქმის მასალებს და აფასებს შესაბამის ფაქტებსა და გარემოებებს, არსებობის შემთხვევაში, ისმენს მხარეთა პოზიციებს და იღებს გადაწყვეტილებას ობიექტური გარემოებების შესაბამისად და არა პირადი ინტერესების საფუძველზე.

8. საარჩევნო კომისიის წევრი არ არის მისი დამნიშვნელი/ამრჩევი სუბიექტის წარმომადგენელი. იგი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, კანონსა და შესაბამის კანონქვემდებარე აქტებს.

9. მოხელემ არ მიიღოს საჩუქარი ან რაიმე სარგებელი პოლიტიკური პარტიის, ორგანიზაციისა ან იმ პირისაგან, რომელიც ჩართულია საარჩევნო პროცესში.


მუხლი 8. მოხელის გამოხატვის თავისუფლება
1. მოხელე საჯაროდ გამოხატავს საარჩევნო ადმინისტრაციის პოზიციას იმ შემთხვევაში, თუ მას მინიჭებული აქვს შესაბამისი უფლებამოსილება საარჩევნო ადმინისტრაციისგან.

2. მოხელე თავს იკავებს საჯაროდ სიძულვილის ენის გამოყენების ან/და დისკრიმინაციული ხასიათის კომენტარის გაკეთებისგან, რომელმაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების მიუკერძოებლად და ობიექტურად განხორციელება.

3. მოხელე თავს იკავებს საჯარო კომენტარის გაკეთებისგან სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას წარმოშობილი პირადი ინტერესის მქონე საკითხებზე, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს საჯარო დაწესებულების რეპუტაციას.


მუხლი 9. პროფესიონალიზმი
1. მოხელე საჭიროებისამებრ იუმჯობესებს პროფესიულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ ან მოხელის მიერ მისი საჭიროებების გათვალისწინებით შერჩეულ პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობის გზით.

2. მოხელე უზრუნველყოფს პროფესიული საქმიანობის განხორცილებას სამსახურში წარმოქმნილი პირადი ურთიერთობების გავლენისაგან თავისუფლად.

3. მოხელე არის ღია და თავისუფალი ახალი იდეებისა და მეთოდების პრაქტიკაში დასამკვიდრებლად.

4. მოხელე ინარჩუნებს სიმშვიდეს რთულ და სტრესულ სიტუაციებში.

5. მოხელე ისწრაფვის, საკუთარი ცოდნა და უნარები შესაბამისობაში მოიყვანოს თანამედროვე ტექნოლოგიის მოთხოვნებთან და საკანონმდებლო ცვლილებებთან, ასევე სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას გამოიყენოს თანამედროვე ტექნოლოგიის სიკეთეები და უპირატესობები.

6. მოხელე პატივს სცემს და სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ითვალისწინებს საარჩევნო ადმინისტრაციაში არსებულ სუბორდინაციულ მიდგომებს.

7. მოხელე უნდა იყოს პუნქტუალური და იმოქმედოს კანონით დადგენილი ვადების შესაბამისად.

8. მოხელე უზრუნველყოფს თავისი სამსახურებრივი როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული  დოკუმენტაციის შენახვასა და მოწესრიგებას.

9.  მოხელე ზრუნავს პირად ჰიგიენასა და იერსახეზე და იცავს დაწესებულების შინაგანაწესით დადგენილ ჩაცმულობისათვის განსაზღვრულ წესრიგს.


მუხლი 10. ინტერესთა შეუთავსებლობა
1.  მოხელე არ იღებს ისეთი სახის შეთავაზებას, რომელიც წარმოშობს ან შესაძლოა წარმოშვას ინტერესთა შეუთავსებლობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან ან/და გავლენა მოახდინოს მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაზე.

2. მოხელე, ინტერესთა კონფლიქტის არსებობის ან/და შესაძლო წარმოშობის შემთხვევაში, არ მონაწილეობს მოხელის დანიშვნის, საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის, საჯარო ინტერესის მქონე გადაწყვეტილების მიღების, სხვა დაწესებულებისათვის ან/და საჯარო მოსამსახურისათვის კონსულტაციის გაწევის პროცესში.

3. მოხელე ვალდებულია მოხელის ოჯახის წევრის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის შემთხვევაში, ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან/და ცესკოში 5 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს წერილობითი განცხადება.

4. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კონკურსანტთა სიის გაცნობისას, ვალდებულია საოლქო საარჩევნო კომისიაში წერილობით განაცხადოს კონკურსანტთა შორის, სახელისა და გვარის მითითებით, ოჯახის წევრის (მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა, მშობელი) არსებობის თაობაზე და არ მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა არჩევის პროცედურაში.

5. მოხელე არ ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შეუთავსებელია მის მიერ საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებულ პოზიციასთან.

6. მოხელის მიერ განხორციელებული საქმიანობა არ მიიჩნევა მის მიერ დაკავებულ პოზიციასთან შეუთავსებელ საქმიანობად, თუ იგი ახორციელებს:

ა) სამეცნიერო საქმიანობას, როგორიცაა სამეცნიერო სტატიის ან ნაშრომის გამოქვეყნება, სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა, სამეცნიერო-კვლევით პროგრამაში მონაწილეობა;

ბ) პედაგოგიურ საქმიანობას, როგორიცაა ლექციის წაკითხვა, ტრენინგებისა და სხვა სასწავლო პროგრამების წარმართვა და სხვა სახით პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება;

გ) შემოქმედებით საქმიანობას, როგორიცაა კულტურული ფასეულობების, როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური სახით შექმნა, აღდგენა ან/და ინტერპრეტაცია;

დ) სასპორტო საქმიანობას.


მუხლი 11. თავაზიანობა, კოლეგიალობა და კომუნიკაცია
1. მოხელე უნდა იყოს კომუნიკაბელური და თავი აარიდოს პირადი თუ სხვა სახის კონფლიქტების წარმოშობას ან მათ გაღვივებას.

2. მოხელემ საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისას ტაქტიანად უნდა გამოხატოს დასაბუთებული კრიტიკა.

3. მოხელე უნდა იყოს კორექტული და თავაზიანი თანამშრომლებთან ურთიერთობისას.

4. მოხელე პატივს სცემს თანამშრომლების კომპეტენციას, გამოცდილებასა და შეხედულებებს.

5. მოხელე, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებას უწევს თანამშრომელს სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას.


მუხლი 12. გამჭვირვალობა და ღიაობა
1. მოხელე თავის უფლებამოსილებას ახორციელებს გამჭვირვალედ და ღიად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში.

2. მოხელე უზრუნველყოფს ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის სრულყოფილ და დროულ მიწოდებას, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და მისი უფლებამოსილების ფარგლებში. მათ შორის, მოხელემ ხელი უნდა შეუწყოს დაინტერესებულ მხარეებს საარჩევნო პროცესთან ან საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტების მიღებაში გარდა პერსონალური მონაცემებისა.

3. მოხელე საჯარო ინფორმაციის გაცემისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და ინფორმაციის საჯაროობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შეზღუდვებს.


თავი III
 

პასუხისმგებლობა ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევაზე


მუხლი 13. პასუხისმგებლობა ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევაზე
1. ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას და მასზე საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, რომლებიც არ არიან საჯარო მოხელეები და მათზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხს აგებენ საარჩევნო კოდექსით დადგენილი ზომების შესაბამისად და წესით.