თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 728
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 29/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 010220020.22.027.017219
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
728
29/06/2021
ვებგვერდი, 30/06/2021
010220020.22.027.017219
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (30/06/2021 - 27/07/2021)

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №728

2021 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

 

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 48-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2021 წლის ოქტომბრის არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით, უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციისა და შესაბამისი წინადადებების შემუშავების უზრუნველსაყოფად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან (შემდგომ – იუსტიციის სამინისტრო) შეიქმნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

დ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

ვ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე;

ზ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;

თ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;

ი) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;

კ) საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე;

ლ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე;

მ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი;

ნ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი;

ო) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსი, კომისიის მდივანი.

2. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას წყვეტს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან.
3. დამტკიცდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის თანდართული დებულება.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე




თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება განსაზღვრავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის (შემდგომ − კომისია) უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს.

2. კომისიის მიზანია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2021 წლის ოქტომბრის არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების პრევენციისა და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების გზით ხელი შეუწყოს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნას.

3. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

მუხლი 2. კომისიის უფლებამოსილება

1. საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად და ამ დებულების მიზნიდან გამომდინარე, კომისია:

ა) უზრუნველყოფს უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციას და ხელს უწყობს დიალოგს საქართველოს მთავრობასა და არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის. ამ მიზნით, კომისია თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღებ პოლიტიკურ პარტიებთან, აგრეთვე, საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებთან/საარჩევნო ბლოკებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან;

ბ) უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესში ჩართული სუბიექტებისგან საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შესახებ მიღებული ინფორმაციის, ასევე, მედიით გავრცელებული ცნობების გადამოწმებას;

გ) განიხილავს საკითხებს, რომლებიც უკავშირდება საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებთან მიმართებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, აგრეთვე, იმ დარღვევების შესახებ ინფორმაციას, რომელთაც კომისიას აწვდიან პოლიტიკური გაერთიანებები (საარჩევნო სუბიექტები) ან დამკვირვებელი ორგანიზაციები.

2. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით, კომისია შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საჯარო მოსამსახურეების, ადმინისტრაციული ორგანოების, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისადმი და მიმართავს მათ შესაბამისი ღონისძიებების გონივრულ ვადაში გატარების მოთხოვნით.

მუხლი 3. კომისიის საქმიანობის წესი

1. კომისიას წარმოადგენს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს კომისიის მუშაობას, იწვევს კომისიის სხდომებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე კომისიის რიგგარეშე სხდომებს. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ფუნქციებს ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

3. კომისია იკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 2 კვირაში ერთხელ, ხოლო საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ − არანაკლებ კვირაში ერთხელ.

4. კომისია უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

5. კომისია თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღებ პოლიტიკურ პარტიებთან, აგრეთვე, საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებთან და საარჩევნო ბლოკებთან. კომისიის საქმიანობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები პოლიტიკური პარტიები, აგრეთვე, ერთჯერადად – სხვა პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლები, რომლებიც კომისიას აწვდიან საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შესახებ ინფორმაციას იმ სხდომაზე, რომელზედაც შესაბამისი საკითხი განიხილება.

6. კომისიის საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები პოლიტიკური გაერთიანებების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების, აგრეთვე, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სხვა დაინტერესებული პირებისა და საარჩევნო პროცესში ჩართული სუბიექტების თითო წარმომადგენელი.

7. კომისიის სხდომის დღის წესრიგში შეიტანება მხოლოდ ის საკითხები, რომლებიც საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ან სხვაგვარად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებს ეხება. ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელიც დაისმება კომისიის წინაშე, დღის წესრიგში განსახილველად არ იქნება შეტანილი და ის შესაბამის უწყებას შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად, რის შესახებაც წერილობით ეცნობება განმცხადებელს.

8. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას ახორციელებენ იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) და პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.

9. კომისიის სხდომის მიმდინარეობა აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. კომისიის სხდომის ოქმი იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე ქვეყნდება.