სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 185
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/04/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 010260050.10.003.022740
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
185
26/04/2021
ვებგვერდი, 26/04/2021
010260050.10.003.022740
სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/04/2021 - 27/05/2021)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №185

2021 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

 

სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 159-ე მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აგრეთვე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

ა) დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო პროგრამა –„განახლებული რეგიონები“ (შემდგომში – პროგრამა);

ბ) პროგრამის განმახორციელებლად განისაზღვროს სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი;

გ) ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს, საჭიროებისამებრ, პროექტის შინაარსის გათვალისწინებით, პროგრამის განმახორციელებლის სტატუსით პროგრამის განხორციელება.

 

მუხლი 2
პროგრამის დაფინანსების მიზნით:

ა) სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს პროგრამის ნაწილობრივი დაფინანსება „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის დამტკიცებული ქვეპროგრამ(ებ)ით განსაზღვრული ასიგნებებიდან ან/და საკუთარი სახსრებით, ეს უკანასკნელი არაუმეტეს 130 (ას ოცდაათი) მილიონი ლარის ფარგლებში;

ბ) დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოადგინოს წინადადებები, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების ანგარიშებზე ნაშთის სახით რიცხული რესურსიდან 90 (ოთხმოცდაათი) მილიონი ლარის მობილიზების თაობაზე;

გ) დაევალოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, დამტკიცებული პროგრამის შეუფერხებლად განხორციელებისათვის დამატებითი რესურსის მოძიების მიზნით, მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო თანხების გამოყოფის შესახებ;

დ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროებმა, 2022 წლისა და შემდეგი წლ(ებ)ის სახელმწიფო ბიუჯეტების პროექტების მომზადების დროს, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წინადადების საფუძველზე, გაითვალისწინონ პროგრამის ფარგლებში შესაბამის წელს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებისათვის საჭირო თანხები.

 

მუხლი 3
პროგრამის განხორციელების მიზნით, დაევალოთ პროგრამის ფარგლებში ჩართულ სახელმწიფო უწყებებს ამავე პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

 

მუხლი 4
პროგრამის განხორციელების მიზნით, ეთხოვოთ შესაბამის მუნიციპალიტეტებს პროგრამის განხორციელების ხელშეწყობა.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 6
დადგენილება მოქმედებს 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



სახელმწიფო პროგრამა – „განახლებული რეგიონები“

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ხელსაყრელი და დაბალანსებული მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური გარემოს შექმნის, ტურისტულად მიმზიდველი და ადგილობრივი მოსახლეობისათვის სოციალური გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო პროგრამა – „განახლებული რეგიონები“ (შემდგომში − პროგრამა) ითვალისწინებს საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, გარდა ქალაქ თბილისის, ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტებისა, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომელიც, მათ შორის, შესაძლებელია მოიცავდეს ურბანული განახლების დოკუმენტების შემუშავებასაც.

2. პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტ(ებ)ის (შემდგომში − პროექტი) თანადაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ნებადართული სახსრებით.

3. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება სხვადასხვა ობიექტის რეაბილიტაციის პროექტი როგორც სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის, ისე – კერძო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე.

4. „საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №191 დადგენილებით დამტკიცებული გზამკვლევის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროექტების შინაარსის გათვალისწინებით, მათზე არ ვრცელდება „საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №191 დადგენილებით დამტკიცებული გზამკვლევით გათვალისწინებული პროცედურა.

5. შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ პროგრამის განმახორციელებლის სტატუსით პროექტის განხორციელების შემთხვევაში, პროექტის დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ შორის, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს, მუნიციპალიტეტის მოთხოვნის საფუძველზე, შესრულებული სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე და განსაზღვრული თანხის ფარგლებში, პერიოდულად, შესაბამისი მუნიციპალიტეტისათვის თანხის გადარიცხვა.

მუხლი 2. პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური უზრუნველყოფა

პირველ ეტაპზე პროგრამის საორიენტაციო ღირებულება განისაზღვრება 500 (ხუთასი) მილიონი ლარის ფარგლებში, მათ შორის, შესაბამისი დონორის/საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტ(ებ)ის დაფინანსების ფარგლებში, საორიენტაციოდ, 150 (ას ორმოცდაათი) მილიონი ლარი, ხოლო უშუალოდ საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში – საორიენტაციოდ, 350 (სამას ორმოცდაათი) მილიონი ლარი.

მუხლი 3. პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებები

1. პროექტის დაფინანსების წყაროს გათვალისწინებით, პროექტების განხორციელებისათვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს შესყიდვები განხორციელდება შესყიდვის შესაბამისი წესების გათვალისწინებით.

2. პროექტების განხორციელებისათვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს შესყიდვები განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეთ უფლება სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და შესაბამის მუნიციპალიტეტებს, პროექტებისათვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ ამავე კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვადებში.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურებისა და სამუშაოს შესყიდვები შესაძლებელია, განხორციელდეს აგრეთვე ერთიანი შესყიდვის ფარგლებში (ე. წ. design-build).

5. ამ მუხლით გათვალისწინებული შესყიდვ(ებ)ის განხორციელებისას, ერთიანი შესყიდვის ფარგლებში, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მოთხოვნად უნდა მიეთითოს განახლების გადაწყვეტის პირობად რეგიონის სპეციფიკისა და ხასიათის თავისებურებების გათვალისწინება.

6. პროექტის შინაარსის გათვალისწინებით, ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვები შესაძლებელია განხორციელდეს პრეისკურანტის საფუძველზე.

7. პროექტის შინაარსის გათვალისწინებით, ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვები შესაძლებელია წარმოადგენდეს მრავალწლიანი შესყიდვის კატეგორიის შესყიდვას.

8. დაევალოს სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიმართვის საფუძველზე, გადახედოს იმ სამუშაოსა და მომსახურების CPV კოდებს, რომელთა შესყიდვა შესაძლებელია პრეისკურანტის საფუძველზე.

 მუხლი 4. სამთავრობო კომისია

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, შეიქმნას სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ განმახორციელებელი კომისია (შემდგომში – კომისია), რომელიც შეარჩევს პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს, კოორდინაციას გაუწევს პროგრამის განხორციელებასა და პროგრამის ფარგლებში პროექტების მიმდინარეობას, შეითანხმებს საპროექტო გადაწყვეტებს, მათ შორის, პროექტის განხორციელების ადგილმდებარეობას, დიზაინსა და სხვ. და, საჭიროებისამებრ, დაეხმარება სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს/მუნიციპალიტეტს პროგრამის განხორციელებისას წარმოშობილი საკითხების გადაჭრაში.

2. კომისია იქმნება სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში, რომელიც ახორციელებს მის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას. კომისიას თავმჯდომარეობს სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.

3. კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი უწყებების შემადგენლობით:

ა) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე(ები);

ბ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის წარმომადგენელი/წარმომადგენლები;

გ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის წარმომადგენელი/წარმომადგენლები;

დ) პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი/წარმომადგენლები ან/და შესაბამისი სამინისტროს წარმომადგენელი/წარმომადგენლები;

ე) პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული;

ვ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელი/წარმომადგენლები;

ზ) სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი/წარმომადგენლები;

თ) სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი/წარმომადგენლები.

4. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების გათვალისწინებით, ეთხოვოთ შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერსა და მერიის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის წარმომადგენელს/წარმომადგენლებს კომისიის მუშაობაში კომისიის წევრის სტატუსით მონაწილეობის მიღება.

5. კომისიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პროცედურული და სხვა სახის საკითხების განსაზღვრის უფლებამოსილება მიენიჭოს კომისიას.

მუხლი 5. პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო სხვა ღონისძიებები

1. საჭიროებისამებრ, პროგრამის ფარგლებში პროექტის განხორციელების მიზნით, უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით, სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, ხოლო  შესაბამის მუნიციპალიტეტს ეთხოვოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

2. ეთხოვოს შესაბამის მუნიციპალიტეტს, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების თავისებურებისა და ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, მოსახლეობის ინფორმირებისა და მათთან კომუნიკაციის ნაწილში სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის შესაბამისი მხარდაჭერის განხორციელება.

3. სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს პროგრამის ფარგლებში პროექტების ეფექტიანად განხორციელების მიზნით სახელმწიფო შესყიდვებისათვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.