დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის ელექტრონული აპოსტილით დამოწმების წესის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/03/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/03/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017124 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
17
09/03/2021
ვებგვერდი, 10/03/2021
140130000.22.034.017124
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის ელექტრონული აპოსტილით დამოწმების წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/03/2021 - 12/09/2023)
|
„დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №405 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის 21 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის ელექტრონული აპოსტილით დამოწმების თანდართული წესი. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის ელექტრონული აპოსტილით დამოწმების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ (შემდგომ - სააგენტო) დამზადებული/გაცემული დოკუმენტის ელექტრონული აპოსტილით დამოწმების წესი (შემდგომ - წესი) განსაზღვრავს სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის ელექტრონული აპოსტილით დამოწმების პროცედურებსა და პირობებს.
2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის როგორც დედნის, ისე ელექტრონული დოკუმენტის უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული მატერიალური ამონაბეჭდის ან სათანადო წესით დამოწმებული მატერიალური ასლის აპოსტილით დამოწმების (მათ შორის აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული დოკუმენტის სააგენტოს მიერ განხორციელებული თარგმანი და ასლის დედანთან იგივეობის დამადასტურებელი დამოწმების ფურცელი) წესი აგრეთვე რეგულირდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურებისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №405 დადგენილებით.
3. ამ წესის შესაბამისად, აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტი ექვემდებარება იმ სახელმწიფოში გამოყენებას, რომელიც მიერთებულია „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციას.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ელექტრონული დოკუმენტი − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული ელექტრონული ფორმით შენახული ტექსტობრივი, ხმოვანი, ვიზუალური ან აუდიოვიზუალური ინფორმაციის ან/და მონაცემთა ერთობლიობა, აგრეთვე სათანადო წესით დამოწმებული მატერიალური დოკუმენტის ელექტრონულ ასლი;
ბ) საფასური – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურებისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სავალდებულო გადასახდელი, რომელიც გადაიხდება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის;
გ) დაინტერესებული პირი – ნებისმიერი პირი, რომელიც მიმართავს სააგენტოს ელექტრონული დოკუმენტის ელექტრონული აპოსტილით დამოწმების თაობაზე;
დ) კანონი -„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურებისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონი.
მუხლი 3. სააგენტოს მიერ გაცემული ელექტრონული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება
1. ამ წესის შესაბამისად, სააგენტოს მიერ ელექტრონული აპოსტილით მოწმდება სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული ელექტრონული დოკუმენტები (მათ შორის აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული დოკუმენტის სააგენტოს მიერ განხორციელებული თარგმანი და ასლის დედანთან იგივეობის დამადასტურებელი დამოწმების ფურცელი).
2. ელექტრონული აპოსტილით ელექტრონული დოკუმენტის დამოწმებისას დასტურდება „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ კანონის შესაბამისად კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის სერტიფიკატის საფუძველზე შესრულებული ხელმოწერის/შტამპის ნამდვილობა და კვალიფიციური ელექტრონული ხელმომწერის/შტამპის დამტანის უფლებამოსილება.
3. ელექტრონული დოკუმენტი აპოსტილით დამოწმებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის წარმოდგენილია ISO 32000 სტანდარტის შესაბამისი ფორმით. ელექტრონული დოკუმენტის წარმოდგენისას შესაძლებელია, მოთხოვნილ იქნეს დროის კვალიფიციური აღნიშვნის დატანა და სერტიფიკატების ავტომატური შემოწმების დასტურის არსებობა.
4. აპოსტილის ტექსტი უნდა იყოს მკაფიოდ და გარკვევით შესრულებული ქართულ და ინგლისურ ენებზე.
მუხლი 4. განცხადების წარდგენა
1. სააგენტოში ელექტრონული დოკუმენტის ელექტრონული აპოსტილით დამოწმების შესახებ განცხადება შესაძლებელია წარდგენილ იქნეს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ განცხადებაში მითითებულ უნდა იქნეს:
ა) დაინტერესებული პირის:
ა.ა) სახელი, გვარი;
ა.ბ) პირადი ნომერი ან/და დაბადების თარიღი;
ა.გ) საცხოვრებელი მისამართი;
ა.დ) მობილური ტელეფონის ნომერი;
ა.ე) ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ბ) იმ დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია, რომლის ელექტრონული აპოსტილით დამოწმებაც უნდა განხორციელდეს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული ელექტრონული დოკუმენტი, რომლის ელექტრონული აპოსტილით დამოწმებასაც ითხოვს დაინტერესებული პირი;
გ) მომსახურების გაწევისათვის კანონმდებლობით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. სააგენტოსთვის მომსახურების გაწევის შესახებ განცხადების ელექტრონული კომუნიკაციის (მათ შორის, ელექტრონული მატარებელი) საშუალებით გაგზავნა/მიწოდება დასაშვებია, თუ განცხადებაზე დასმულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა.
5. დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადების მატერიალური სახით წარდგენის შემთხვევაში, განცხადებასთან ერთად ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ დაინტერესებული პირის იდენტიფიცირება შესაძლებელია იმ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აწვდის სააგენტოს.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქვითრის წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ საფასურის გადახდა განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორების გზით და სააგენტოს აქვს შესაძლებლობა, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით შეამოწმოს ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტი.
მუხლი 5. დაინტერესებული პირის განცხადების განხილვა
1. სააგენტო, დაინტერესებული პირის მოთხოვნას ელექტრონული დოკუმენტის ელექტრონული აპოსტილით დამოწმების თაობაზე, განიხილავს განაცხადის შეტანიდან კანონის მე-7 მუხლის „პ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ 5 სამუშაო დღის ვადაში.
2. სააგენტოს უფლებამოსილი მოსამსახურე სააგენტოს მიერ გაცემულ/დამზადებულ ელექტრონული დოკუმენტის ელექტრონული აპოსტილით დამოწმებისათვის საჭირო მონაცემების შედარებისა და შესწავლისათვის იყენებს სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზას, ასევე, ელექტრონული აპოსტილით დამოწმებისათვის საჭირო მონაცემებს ან/და მონაცემთა ბაზაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არსებული ბეჭდების, შტამპებისა და ხელმოწერების ნიმუშებს, ასევე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის სერტიფიკატის თაობაზე დაცულ ინფორმაციას.
3. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების გაწევისათვის არ იქნა წარმოდგენილი ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე დოკუმენტი ან/და წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია არ მოიცავს მომსახურების გაწევისათვის საჭირო სრულყოფილ მონაცემებს, ან/და არ შეესაბამება ამ წესის ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო დაინტერესებულ პირს ხარვეზის აღმოფხვრისთვის განუსაზღვრავს ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 3 სამუშაო დღეზე ნაკლები, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს დამატებითი დოკუმენტ(ებ)ის ან/და ინფორმაციის წარდგენა.
4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დაინტერესებული პირი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტ(ებ)ს ან/და ინფორმაციას, სააგენტო უფლებამოსილია, მომსახურების გაწევის თაობაზე მიღებული განცხადება დატოვოს განუხილველად, რის თაობაზეც აცნობებს დაინტერესებულ პირს, მის მიერ არჩეული ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით.
5. მომსახურების გაწევისათვის კანონით დადგენილი ვადის ათვლისას არ გაითვალისწინება ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სააგენტოს მიერ დაინტერესებული პირისთვის დამატებით განსაზღვრული დრო.
მუხლი 6. ელექტრონული აპოსტილის ფორმა და ელექტრონული რეესტრი
1. ელექტრონულ დოკუმენტზე ელექტრონული აპოსტილი წარმოადგენს ISO 32000 სტანდარტის შესაბამისი ფორმით გენერირებულ დოკუმენტს (წესის დანართი).
2. ელექტრონული დოკუმენტის ელექტრონული აპოსტილის ქვეშ შესაძლებელია, მიეთითოს სააგენტოს ვებგვერდი და დამატებით სწრაფი გამოხმაურების შტრიხკოდი/QR code შესაბამისი ტექსტით.
3. სააგენტოს მიერ ელექტრონული აპოსტილით დამოწმებული ელექტრონული დოკუმენტი აიტვირთება სააგენტოს ვებგვერდზე. სააგენტოს მიერ ელექტრონული აპოსტილით დამოწმებული ელექტრონული დოკუმენტების შესახებ მონაცემთა ბაზა განთავსებულია სააგენტოს ვებგვერდზე.
4. ელექტრონული აპოსტილით დამოწმებული ელექტრონული დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე. აღნიშნულის თაობაზე დაინტერესებულ პირს შეიძლება ეცნობოს მის მიერ არჩეული ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია სააგენტოს ვებგვერდზე შესაბამისი მონაცემების (ელექტრონული აპოსტილის ნომერი და ელექტრონული დოკუმენტის დამოწმების თარიღი/თვე/წელი) მითითების შედეგად გადაამოწმოს სააგენტოს მიერ ელექტრონული აპოსტილით დამოწმებული ელექტრონული დოკუმენტი.
5. ელექტრონული აპოსტილით დამოწმების ფაქტი რეგისტრირდება ელექტრონულ რეესტრში, სადაც აღინიშნება:
ა) განმცხადებლის ვინაობა;
ბ) აპოსტილის უნიკალური ნომერი;
გ) აპოსტილის შემსრულებელი ორგანოს დასახელება;
დ) აპოსტილის დასმის თარიღი;
ე) აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებულ დოკუმენტზე ხელმომწერი პირის ვინაობა და თანამდებობა.
6. სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს ელექტრონულ რეესტრის სათანადო პროგრამული მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს მის გამართულ წარმოებას, მონაცემთა ავთენტურობას, უსაფრთხოებასა და არასანქცირებული წვდომისგან დაცვას.
7. სააგენტოს უფლებამოსილი მოსამსახურე ვალდებულია, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში გადაამოწმოს, შეესაბამება თუ არა ელექტრონულ აპოსტილში აღნიშნული მონაცემები ელექტრონულ რეესტრში არსებულ მონაცემებს.
მუხლი 7. პასუხისმგებლობა დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დარღვევისთვის
1. სააგენტოს უფლებამოსილი მოსამსახურე პასუხისმგებელია ელექტრონული აპოსტილის არასწორად შესრულების/ამ წესის ან საქართველოს კანონმდებლობის რაიმე ფორმით დარღვევისათვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით ელექტრონული აპოსტილით დამოწმებულ ელექტრონულ დოკუმენტს არ გააჩნია იურიდიული ძალა.
მუხლი 8. დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია
1. ამ წესის შესაბამისად მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით, სააგენტოს მხრიდან დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოში წარმოდგენილ განცხადებაში დაფიქსირებული საშუალებით (მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის ან/და წერილობითი შეტყობინების ოფიციალური გაცნობის ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით).
2. თუ სააგენტოში წარდგენილია მომსახურების გაწევის შესახებ ელექტრონული განცხადება, დაინტერესებული პირის ვალდებულია მიუთითოს ელექტრონულ განცხადებაში ელექტრონული ფოსტის მისამართი.
მუხლი 9. აპოსტილით დამოწმებაზე უარის თქმის საფუძვლები
სააგენტო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ელექტრონული დოკუმენტის ელექტრონული აპოსტილით დამოწმებაზე, თუ:
ა) დასამოწმებლად წარმოდგენილი დოკუმენტი არ არის გაცემული/დამზადებული სააგენტოს მიერ;
ბ) დოკუმენტზე ტექსტის ამოკითხვა შეუძლებელია (ძნელად გასარკვევია);
გ) დოკუმენტები ხელმოწერილია ფანქრით;
დ) დოკუმენტის ასლები დაუმოწმებელია;
ე) დოკუმენტებში დაფიქსირებულია დაუმოწმებელი შესწორებები ან შეინიშნება გაყალბების ნიშნები;
ვ) ვერ ხერხდება საჭირო ხელმოწერის, ბეჭდის ან შტამპის ნიმუშის მოძიება ან ვერ დგინდება დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება ან/და ბეჭდის ან შტამპის ავთენტურობა;
ზ) დოკუმენტზე შეინიშნება მასთან კავშირის არმქონე მინაწერი, ბეჭედი ან შტამპი;
თ) აშკარაა, რომ დოკუმენტი ფორმით ან შინაარსით არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ან/და გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ;
ი) ელექტრონულ დოკუმენტზე დასმული ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის სერტიფიკატი არ არის გაცემული კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების მიერ;
კ) ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის დასმის პერიოდში ვერ დგინდება ელექტრონულ დოკუმენტზე დასმული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის სერტიფიკატის სტატუსი, ან ხელმოწერა/შტამპი დასმულია ვადაგასული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის სერტიფიკატით;
ლ) ელექტრონული დოკუმენტი არ არის წარდგენილი ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფორმით;
მ) გასულია დოკუმენტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოქმედების ვადა;
ნ) გადახდილი არ არის მომსახურების საფასური;
ო) სახეზეა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები