„სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირებისა და საფრენი მოედნების, რეგისტრაციის და აღრიცხვის წესის“ დამტკიცების შესახებ

„სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირებისა და საფრენი მოედნების, რეგისტრაციის და აღრიცხვის წესის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 04/03/2021
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016214
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
32
04/03/2021
ვებგვერდი, 05/03/2021
310150000.54.066.016214
„სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირებისა და საფრენი მოედნების, რეგისტრაციის და აღრიცხვის წესის“ დამტკიცების შესახებ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/03/2021 - 16/02/2024)

 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №32

2021 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

 

„სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირებისა და საფრენი მოედნების, რეგისტრაციის და აღრიცხვის წესის“ დამტკიცების შესახებ

საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირებისა და საფრენი მოედნების რეგისტრაციის და აღრიცხვის წესი“.

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აეროდრომის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ დირექტორის 2013 წლის 30 დეკემბრის №267 ბრძანება.
მუხლი 3
1. ამ ბრძანების ამოქმედებამდე სერტიფიცირებული სამოქალაქო აეროდრომების ექსპლუატანტებმა უზრუნველყონ ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა 2022 წლის 1 იანვრამდე.

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სერტიფიცირებული სამოქალაქო აეროდრომების ექსპლუატანტების მიერ ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის შემდეგ, გამოიცვალოს ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატები და გაიცეს ახალი აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიკატები.

მუხლი 4
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე



სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირებისა და საფრენი მოედნების რეგისტრაციის და აღრიცხვის წესი

 


თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

 

1. სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირებისა და საფრენი მოედნების რეგისტრაციის და აღრიცხვის წესის (შემდგომში – წესი) მიზანია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სახმელეთო აეროდრომების და ვერტოდრომების სერტიფიცირება, საფრენი მოედნების რეგისტრაცია და აღრიცხვა, მათი უსაფრთხო ფუნქციონირების სამართლებრივი უზრუნველყოფა.

2.  წესით განსაზღვრულია:

ა) აეროდრომის/ვერტოდრომის სასერტიფიკაციო მოთხოვნები, სერტიფიცირების წესი და პირობები, აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიკატის გაცემის, გაცემაზე უარის თქმის, სერტიფიკატის უკან დაბრუნების, შეჩერების, განახლების, შეზღუდვის, გაუქმების, გადაცემის და სერტიფიკატის გამოცვლის პირობები;

ბ) საფრენი მოედნების აღრიცხვისა და რეგისტრაციის მოთხოვნები, რეგისტრაციის და რეგისტრაციიდან მოხსნის წესი და პირობები;

გ) აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის, საფრენი მოედნის ექსპლუატანტისა და სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის გამცემი ორგანოს უფლებამოსილება.

3. სახელმწიფო ავიაციის აეროდრომი და ვერტოდრომი, რომელიც გამოიყენება სამოქალაქო მიზნებისთვის, ასევე ექვემდებარება სერტიფიცირებას სამოქალაქო ავიაციის აეროდრომის და ვერტოდრომის სერტიფიცირებისთვის დადგენილი წესის შესაბამისად.

4. სამოქალაქო აეროდრომი ექვემდებარება სერტიფიცირებას, თუ:

ა) აეროდრომი გამოიყენება სატრანსპორტო ავიაციის მიზნებისათვის და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა სრულდება იმ თვითმფრინავით, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა აღემატება 2370 კილოგრამს;

ბ) აეროდრომზე ხორციელდება საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა;

გ) სერტიფიცირებას მოითხოვს აეროდრომის ექსპლუატანტი.

5. სამოქალაქო ვერტოდრომი ექვემდებარება სერტიფიცირებას, თუ:

ა) ვერტოდრომზე ხორციელდება საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა;

ბ) სერტიფიცირებას მოითხოვს ვერტოდრომის ექსპლუატანტი.

6. დაუშვებელია, ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაცია სამოქალაქო ავიაციის მიზნებისათვის, თუ მისი ექსპლუატანტი არ ფლობს ამ წესის შესაბამისად გაცემულ აეროდრომის/ვერტოდრომის  მოქმედ  სერტიფიკატს.

7. დაუშვებელია საფრენი მოედნის  გამოყენება სამოქალაქო ავიაციის მიზნებისათვის, თუ მისი ექსპლუატანტი არ ფლობს ამ წესის შესაბამისად გაცემულ საფრენი მოედნის მოქმედ რეგისტრაციის მოწმობას.

8. აეროდრომის/ვერტოდრომის  სერტიფიკატის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებას, განახლებას, სერტიფიკატის შეზღუდვას, სერტიფიკატის გაუქმებას, სერტიფიკატის გადაცემას, სერტიფიკატის შეცვლას, ექსპლუატანტის საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობასა და კონტროლს, ასევე საფრენი მოედნების რეგისტრაციას, ამ წესის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) და აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგი (სერტიფიკატის სტატუსი, გარდა სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმისა) აისახება საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში დადგენილი წესის შესაბამისად.

9. იმ  პირობების შეცვლისას, რომელიც მითითებულია სერტიფიკატში, აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია, ახალი პირობებით აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაციამდე, სააგენტოში წარადგინოს ამ წესით გათვალისწინებული განცხადება, სერტიფიკატში საჭირო ცვლილებების შეტანის თაობაზე.

10. აეროდრომის/ვერტოდრომის საქმიანობაზე მუდმივი ზედამხედველობის განხორციელებისას, სააგენტო ადგენს ფრენების უსაფრთხოდ შესრულების, მოქმედი საავიაციო წესებისა და ნორმების დაცვის მდგომარეობასთან შესაბამისობას.

11. სააგენტოს მიერ აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიკატის, ასევე საფრენი მოედნის რეგისტრაციის მოწმობის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 120 (ას ოცი) კალენდარული დღის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის გაგრძელება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესითა და პირობებით.

12. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის მიერ საერთაშორისო ავიარეისების მომსახურების დაგეგმვის შემთხვევაში, იგი ვალდებულია ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა, უზრუნველყოს საბაჟო, სასაზღვრო, სანიტარიული და საკარანტინო მომსახურება/ფუნქციების განხორციელება შესაბამისი უწყებების მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.  

13. სერტიფიცირებულ აეროდრომზე/ვერტოდრომზე ლიტერული და სპეციალური რეისების მომსახურება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

14. სერტიფიცირებული აეროდრომისათვის/ვერტოდრომისათვის, საერთაშორისო ინდექსის (ოთხი ლათინური ასოსაგან შემდგარი პირობითი ამოსაცნობი ნიშანი) მინიჭება და გაუქმება ხორციელდება იკაო-ს ოფიციალური გამოცემით DOC 7910 („ადგილმდებარეობის მაჩვენებლები/ინდექსები“) დადგენილი წესით, ამ აეროდრომის ექსპლუატანტის მოთხოვნისა და სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (შემდგომში – IATA) კოდის მინიჭება კი ხორციელდება IATA-ს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

15. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი, აეროდრომის/ვერტოდრომის ტერიტორიაზე, მისგან დამოუკიდებლად მოქმედ პირებთან – ავიასაწარმოებთან (სააერნაოსნო მომსახურების საწარმო, საჰაერო ხომალდის ხმელეთზე მომსახურე სამსახურები,  საწვავგასამართი საწარმო, საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმო  და სხვა), რომლებიც დაკავშირებულნი არიან აეროდრომის/ვერტოდრომის უსაფრთხო და შეუფერხებლად ფუნქციონირებასთან, აფორმებს სათანადო ხელშეკრულებას/შეთანხმებას, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს მხარეთა პასუხისმგებლობები, ურთიერთკოორდინაციის საკითხები, ასევე, აეროდრომის/ვერტოდრომის უსაფრთხო და მოწესრიგებული ფუნქციონირებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის საკითხები.

16. სააგენტო, ამ წესით გაცემული აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიკატით განსაზღვრული მოთხოვნების სრულად შესრულებაზე ზედამხედველობას, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში, ახორციელებს არანაკლებ 24-თვიანი ციკლის მანძილზე. 


მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აეროდრომი – მიწის ან წყლის ზედაპირის განსაზღვრული ფართობი (მასზე განლაგებული შენობებით, ნაგებობებითა და მოწყობილობებით), რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ განკუთვნილია საჰაერო ხომალდების მიღების, მოძრაობისა და გაშვებისათვის;

ბ) აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი – იურიდიული პირი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაციას და პასუხისმგებელია აეროდრომის ექსპლუატაციისთვის დადგენილი მოთხოვნების შენარჩუნებაზე;

გ) აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელო – ამ წესის შესაბამისად, აეროდრომის/ვეროდრომის სერტიფიკატის მისაღებად განცხადების თანდართული საბუთი, რომელიც შეიცავს აეროდრომის/ვერტოდრომის განლაგების და გამოყენების პირობებს, ფიზიკურ მახასიათებლებს და საექსპლუატაციო პროცედურებს, ფრენების უსაფრთხოების დაცვის ზომებს, ექსპლუატანტის ადმინისტრაციულ სტრუქტურას;

დ) აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიკატი (შემდგომში – სერტიფიკატი) – დოკუმენტი, რომელიც აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტს ანიჭებს შესაბამისი აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაციის  უფლებამოსილებას  და ადასტურებს მისი მფლობელის შესაძლებლობას, უსაფრთხოდ განახორციელოს აეროდრომზე/ვერტოდრომზე საჰაერო ხომალდების მიღება, მოძრაობა, გაშვება და მომსახურება სერტიფიკატით  განსაზღვრული პირობების და შეზღუდვების შესაბამისად;

ე) ვერტოდრომი – ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენად გათვალისწინებული აეროდრომი ან ამ მიზნისთვის ნაგებობის ზედაპირზე მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყოფილი მონაკვეთი;

ვ) საავიაციო უშიშროების მარეგულირებელ ნორმატიული აქტები – ამ წესის  მიზნებისთვის საავიაციო უშიშროების მარეგულირებელი დოკუმენტებს წარმოადგენს: საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №241 დადგენილებით დამტკიცებული „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა“,  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №242 დადგენილებით დამტკიცებული „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამა“,  სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის  20 სექტემბრის №125 ბრძანებით დამტკიცებული „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამა“; სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის №109 ბრძანებით დამტკიცებული „საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, მათ შორის გაფრენისწინა შემოწმების წესი“ და სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის  6 მარტის №26 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესი“;

ზ) საფრენი მოედანი – ხმელეთის ან წყლის გარკვეული ფართობი, რომელიც რეგისტრირებულია სააგენტოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად, განკუთვნილია საჰაერო ხომალდების მიღებისა და გაშვებისათვის და რომელსაც შესაძლებელია არ გააჩნდეს ხელოვნურ საფარიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი;

თ) საფრენი მოედნის ექსპლუატანტი – პირი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საფრენი მოედნის ექსპლუატაციას და პასუხისმგებელია მის უსაფრთხო საექსპლუატაციო პირობების შენარჩუნებაზე.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს  აქვს საქართველოს საჰაერო კოდექსით და სხვა საავიაციო ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.


თავი II
სერტიფიცირება

მუხლი 3. სერტიფიცირების ეტაპები
სააგენტოს მიერ აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირება ხორციელდება ხუთ ეტაპად:

ა) I ეტაპი – წინასასერტიფიკაციო პროცესი (სერტიფიკატის მიღებაზე ინტერესის გამოხატვა);

ბ) II ეტაპი  დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვა და შეფასება;

გ) III ეტაპი – განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შეფასება;

დ) IV ეტაპი – სააგენტოს მიერ, სერტიფიკატის გაცემაზე ან გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღება;

ე) V  ეტაპი – სერტიფიკატის გაცემისას ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში (შემდგომში – AIP) აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირების სტატუსისა და სხვა შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნება.

 


მუხლი 4. წინასასერტიფიკაციო პროცესი
1. ახალი აეროდრომის/ვერტოდრომის პროექტირებამდე, გაუმართლებელი ხარჯების თავიდან ასაცილებლად, დაინტერესებული პირი წერილობით მიმართავს სააგენტოს, სერტიფიკატის მიღებაზე ინტერესის გამოხატვის შესახებ, სადაც აღწერს აეროდრომის/ვერტოდრომის სამომავლო ოპერირების კონცეფციას და გეგმას.

2. წინასასერტიფიკაციო პროცესის ფარგლებში, დაინტერესებული პირის მომართვის საფუძველზე,  სააგენტოს სპეციალისტები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ფრენების უსაფრთხოდ და დაუბრკოლებლად შესრულების შესაძლებლობის შესწავლის მიზნით, აფასებენ აეროდრომის/ვერტოდრომის მშენებლობისათვის განსაზღვრულ ტერიტორიას და მისი შემოგარენის ბუნებრივ პირობებს (ადგილის თავისებურება, სხვა მოქმედ აეროდრომთან/ვერტოდრომთან დაშორება,  დაბრკოლებები, რელიეფი, გამოსაყენებელი საჰაერო სივრცე, შესაძლო გარემოსდაცვითი და სხვა შეზღუდვები).

3. ახალი აეროდრომის/ვერტოდრომის პროექტირების და შემდგომში სერტიფიცირების შესაძლებლობის დადებითად ან უარყოფითად შეფასების შესახებ, სააგენტო გასცემს წერილობით რეკომენდაციას, სადაც:

ა) დადებითი შეფასების შემთხვევაში, დაინტერესებულ მხარეს მიუთითებს აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირებისათვის გასატარებელ ღონიძიებებს;

ბ) უარყოფითი შეფასების შემთხვევაში, აღწერს გარემოებას, თუ რატომ არ არის შესაძლებელი აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირება.

 


მუხლი 5. განცხადება და თანდართული საბუთები
1. სააგენტოს განსახილველად წარედგინება სერტიფიკატის მისაღები განცხადება (შემდგომში – განცხადება), რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის №2 დანართის   მოთხოვნებს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) განმცხადებლის წესდება და ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ბ) აეროდრომის/ვერტოდრომის „საკონტროლო წერტილის“ და გეოგრაფიული კოორდინატების ამსახველი საბუთი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

გ) „აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელო“ (შემდგომში  სახელმძღვანელო), რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის დანართის №1-ს და მასში მოცემული ინფორმაცია უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №87 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტს „სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის ძირითადი პირობების“ მოთხოვნებს;

დ) აეროდრომის/ვერტოდრომის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №241 დადგენილებით დამტკიცებული „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით დადგენილ მოთხოვნებს;

ე) ამ წესის 33-ე მუხლით განსაზღვრული, ადგილობრივი საფრთხეების გათვალისწინებით, ავიასაწარმოს მიერ განხორციელებული ადგილობრივი რისკის შეფასების შედეგები;

ვ)  საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობების ნუსხა;

ზ) უსაფრთხოების მართვის სისტემის სახელმძღვანელო, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 29 დეკემბრის №206 ბრძანებით დამტკიცებულ „უსაფრთხოების მართვის სისტემის ზოგადი წესის“ მოთხოვნებს;

თ) აეროდრომის/ვერტოდრომის იმ პერსონალის და პასუხისმგებელი პირების (ხელმძღვანელი პირების) კვალიფიკაციის და გამოცდილების დამადასტურებელი საბუთები, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული პერსონალის კვალიფიკაცია უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის №4 დანართის მოთხოვნებს, ასევე, საქართველოს საჰაერო კოდექსისა და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების მოთხოვნებს;

ი) ხელშეკრულება/შეთანხმება საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე (ასეთის არსებობისას), სადაც მკაფიოდ იქნება გამიჯნული მხარეთა ვალდებულება და პასუხისმგებლობა;

კ) ხელშეკრულება/შეთანხმება, აეროდრომის/ვერტოდრომის უსაფრთხო და მოწესრიგებულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სააერნაოსნო მომსახურების საწარმოსთან, რომელიც სერტიფიცირებულია სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 12 ივნისის №119 ბრძანებით დამტკიცებულ „სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ შესაბამისად და ახორციელებს საჰაერო მოძრაობის ორგანიზებას ან/და საავიაციო მეტეოროლოგიურ მომსახურებას;

ლ) ხელშეკრულებები/შეთანხმებები, აეროდრომის/ვერტოდრომის უსაფრთხო და მოწესრიგებულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ იმ საწარმოებთან/ორგანიზაციებთან, რომლებიც საქმიანობენ ამ აეროდრომის/ვერტოდრომის ტერიტორიაზე, აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტისაგან დამოუკიდებლად (საჰაერო ხომალდების მიწისზედა მომსახურების საწარმო, ავიასაწვავგამმართველი საწარმო, საავიაციო ტექნიკური მომსახურების ბაზა, ელექტრომომარაგების და ა.შ.), სადაც მკაფიოდ იქნება გამიჯნული მხარეთა ვალდებულება და პასუხისმგებლობა;

მ) ხელშეკრულება/შეთანხმება იმ საწარმოსთან/ორგანიზაციასთან, რომელიც აეროდრომზე/ვერტოდრომზე განახორციელებს აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის პასუხისმგებლობით განსაზღვრულ რომელიმე ფუნქციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სადაც მკაფიოდ იქნება გამიჯნული მხარეთა ვალდებულება და პასუხისმგებლობა;

ნ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილი ორგანოების მიერ საბაჟო, სასაზღვრო, სანიტარიული, საკარანტინო მომსახურების უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც ითვალისწინებს მომსახურების აღნიშნული სახეების განხორციელებას სერტიფიკატის მიღების შემთხვევაში. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბაჟო და სასაზღვრო მომსახურების უზრუნველყოფა სავალდებულოა საერთაშორისო ფრენის მომსახურე აეროდრომისათვის/ვერტოდრომისათვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საწარმოს/ორგანიზაციის აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის შემადგენელ სტრუქტურულ ერთეულ(ებ)ად არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხელშეკრულებები არ მოითხოვება და ეს საწარმო ექვემდებარება სერტიფიცირებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საწარმოს/ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ ფუნქციაზე ვრცელდება ამ წესით დადგენილი მოთხოვნები და ამ ფუნქციის გამართულ და მოწესრიგებულ შესრულებაზე, პასუხისმგებელია აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი.


მუხლი 6. განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვა და შეფასება
1. სააგენტო 3 დღის ვადაში ამოწმებს წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების სისრულეს ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან. სასერტიფიკაციო საბუთების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოება ჩერდება, სანამ სრულად არ იქნება წარმოდგენილი ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი საბუთები.

2. განცხადებისა და თანდართული საბუთების დეტალურ შეფასებას ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან ახორციელებენ სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები. შეუსაბამობის შემთხვევაში, სააგენტო განმცხადებელს მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს მათი გამოსწორების წერილობითი სათანადო დოკუმენტი ან ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით.

3. სააგენტოს მიერ განცხადების და თანდართული საბუთების დეტალური შეფასება ითვალისწინებს:

ა) „აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს“ შეფასებას, იმისათვის, რათა სააგენტო დარწმუნდეს, რომ:

ა.ა) სახელმძღვანელო შეესაბამება ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სახელმძღვანელოში მოცემული მონაცემები და პროცედურები შეესაბამება ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ა.ბ) აეროდრომის/ვერტოდრომის მართვის სისტემა, ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სისტემების ჩათვლით, მიუთითებს იმაზე, რომ განმცხადებელი სათანადოდ შეძლებს განახორციელოს აეროდრომის უსაფრთხო ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურება;

ბ) აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტსა და საწარმოებთან/ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებები/შეთანხმებები მოიცავს ყველა იმ საკითხს, რაც უზრუნველყოფს აეროდრომის/ვერტოდრომის გამართულ და უსაფრთხო ფუნქციონირებას.

4. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი საბუთები ან ინფორმაცია არასრულად ან არაზუსტად ასახავს წარმოდგენილი საბუთების და მათი შინაარსის შესაბამისობას ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, სააგენტო უფლებამოსილია განმცხადებლისაგან მოითხოვოს დამატებითი საბუთი ან წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტება.

5. განცხადების თანდართული საბუთებისა და აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს შეფასებაზე ფორმდება დასკვნა, რაც ეცნობება განმცხადებელს. დადებითი დასკვნის შემთხვევაში სააგენტო გადადის სერტიფიცირების III ეტაპზე.


მუხლი 7. განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შეფასება
1. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის მიერ ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვის და დადებითი შეფასების შემდეგ, სააგენტოს მუდმივმოქმედი სასერტიფიკაციო კომისია (შემდგომში – კომისია) ახორციელებს აეროდრომის/ვერტოდრომის სტრუქტურული ერთეულების (შემდგომში – სამსახურები), ინფრასტრუქტურის, ტექნიკური საშუალებებისა და აღჭურვილობის, საექსპლუატაციო პროცედურების ადგილზე შემოწმებასა და შეფასებას,  იმ მიზნით, რომ დარწმუნდეს მათ შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან. აღნიშნული შემოწმება ხორციელდება წინასწარ  შედგენილი კითხვარებით (დანართი №5)  და შედეგი ფორმდება შესაბამისი დასკვნების სახით (დანართი №6), რომელიც ეცნობება განმცხადებელს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ადგილზე შემოწმებისა და შეფასების პროცედურა ითვალისწინებს:

ა) აეროდრომის/ვერტოდრომის საერთო მონაცემების ადგილზე შეფასებას;

ბ) აეროდრომის/ვერტოდრომის ტექნიკური აღჭურვილობისა და საშუალებების შემოწმებას, რა დროსაც ფასდება:

ბ.ა) აეროდრომის/ვერტოდრომის ფიზიკური მახასიათებლები და მდგომარეობა, კერძოდ:

ბ.ა.ა) ასაფრენ-დასაფრენი ზოლ(ებ)ი (შემდგომში – ადზ) და მოედნები (FATO/TLOF);

ბ.ა.ბ) უსაფრთხოების გვერდითა ზოლები;

ბ.ა.გ) საფრენი ზოლები;

ბ.ა.დ) ადზ-ის უსაფრთხოების ბოლო არეები (RESA);

ბ.ა.ე) დამუხრუჭების ზოლები და დაბრკოლებისაგან თავისუფალი ზოლები;

ბ.ა.ვ) სამიმოსვლო ბილიკები (შემდგომში – სბ);

ბ.ა.ზ) სბ-ის ზოლები;

ბ.ა.თ) ბაქნები (მათზე განლაგებული საჰაერო ხომალდების სადგომები, სპეც. ავტოტრასპორტის სამიმოსვლო გზები, EPA, ESA)

გ) აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არეები და ამ არეებში დაბრკოლებების არსებობის შეფასება;

დ) მიწისზედა შუქ-ტექნიკური საშუალებების შემოწმებას, მათი საფრენოსნო შემოწმების ჩათვლით, კერძოდ:

დ.ა) ადზ-ისა და სბ-ის შუქების სისტემას;

დ.ბ) მიახლოების შუქებს;

დ.გ) გლისადის ვიზუალური ინდიკაციის სისტემებს (PAPI/APAPI ან HAPI);

დ.დ) ბაქნის საპროჟექტორო განათებას;

დ.ე) დაბრკოლებათა ნიშანდებას;

დ.ვ) შუქებს, რომლებსაც საჰაერო ხომალდის პილოტი მართავს (თუ ასეთი გამოიყენება);

ე) ტელესკოპურ ტრაპთან ვიზუალური შეპირაპირების სისტემას;

ვ) კვების სათადარიგო წყაროს შეფასებას;

ზ) ქარის მიმართულების მაჩვენებელის და მისი განათების შეფასებას;

თ) მარკირებისა და მონიშვნის შეფასებას;

ი) სამიმოსვლო არეზე ნიშნების შეფასებას;

კ) დამიწების წერტილების შეფასებას;

ლ) საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო დანადგარებისა და მოწყობილობების შეფასებას;

მ) აეროდრომის/ვერტოდრომის ტექნიკური მომსახურებისათვის გამოყენებული დანადგარების შეფასებას, კერძოდ, აეროდრომის საშუალებების ტექნიკურ მომსახურებას, ადზ-ის ზედაპირის შეჭიდების კოეფიციენტის განსაზღვრის ჩათვლით;

ნ) ხელოვნური საფარის დამსუფთავებელ, მათ შორის, თოვლის მოცილების დანადგარების შეფასებას;

ო) მოძრაობისუნარდაკარგული საჰაერო ხომალდების გასატანი საშუალებების შეფასებას;

პ) ველური ბუნების წარმომადგენლების მიერ შექმნილი საფრთხეების შემცირების საშუალებებისა და პროცედურების შეფასებას;

ჟ) სატრანსპორტო საშუალებებზე დაყენებული ორმხრივი რადიოკავშირის საშუალებების შეფასებას;

რ) ნებისმიერი არასააერნაოსნო სანათის არსებობის შეფასებას, რომელიც საფრთხეს უქმნის (შეიძლება შეუქმნას) საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ფრენას;

ს) საწვავ-გასამართი საშუალებების შეფასებას;

ტ) მგზავრთა მომსახურების საკითხების შეფასებას;

უ) ურთიერთკოორდინაციის შეფასებას, აეროდრომზე/ვერტოდრომზე დამოუკიდებლად მოქმედ საწარმოებთან/უწყებებთან;

ფ) აეროდრომის/ვერტოდრომის პერიმეტრის დაცვის საშუალებების და პერიმეტრზე არსებული  საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი საშუალებებისა და ზომების შემოწმებას;

ქ) აეროდრომის ტერიტორიაზე განსაზღვრული კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების და ამ ზონების დაცვის მეთოდების შეფასებას, კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონებში დაშვებისთვის საჭირო ზომების შეფასებას. მათ შორის, საკონტროლო გამშვები პუნქტების, ბარგის შემოწმებისა და დახარისხების, მგზავრთა შემოწმების, ბარგის დამუშავების და განთავსების მიზნით გამოყოფილი ზონების და სხვა ზონების შეფასებას, ამ ზონებში საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად დანერგილი ზომების ჩათვლით;

ღ) საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობების, მათი რაოდენობის,  ტიპების, განლაგების  შეფასებას;

ყ) საავიაციო უშიშროების სფეროში პერსონალის მომზადების,  ანკეტური მონაცემების შემოწმების შესრულებას;

შ) აეროდრომის/ვერტოდრომის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამის შესაბამისად დანერგილი საავიაციო უშიშროების ზომების შეფასებას;

ჩ) კრიტიკული ინფორმაციის სისტემებისა და კიბერსაფრთხეებისაგან საკომუნიკაციო სისტემების დაცვის უზრუნველყოფის შეფასებას;

ც) აეროდორმის/ ვერტოდრომის საავარიო ოპერტიული ცენტრის შეფასებას;

ძ) სპეციალური იზოლირებული სადგომის შეფასებას;

წ) ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოვლენის და გაუვნებელყოფის მიზნით, საეჭვო საგნების შემოწმებისათვის ასაფეთქებელი მოწყობილობების ლოკალიზატორებით გამოყოფილი  სპეციალური ზონის შეფასებას;

ჭ) საავიაციო უშიშროების სამსახურის ცვლის მოსასვენებელი ოთახებისა და საგუშაგოების, ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემის  განლაგებისა და აღჭურვის შემოწმებას;

ხ) აეროდრომის/ვერტოდრომის არაკონტროლირებადი ზონ(ებ)ის (მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალების სადგომები) შეფასებას;

ჯ) საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად მოწყობილი სხვა  სივრცეების,  მოწყობილობებისა და საშუალებების შემოწმებას.

3. საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ფრენების უზრუნველყოფისათვის აეროდრომის/ვერტოდრომის ტექნიკური აღჭურვილობისა და საშუალებების გამართულობის, აეროდრომის/ვერტოდრომის გამართული ფუნქციონირების საექსპლუატაციო პროცედურებით უზრუნველყოფისა და სათანადო კვალიფიკაციის პერსონალითა და მათი საჭირო რაოდენობით დაკომპლექტების დასადასტურებლად, კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს აეროდრომის/ვერტოდრომის რაიონში საჰაერო ხომალდის შესვლისა და გამოსვლის, დაშვებისა და დაჯდომის საკონტროლო ფრენები.

4.  ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკონტროლო ფრენები  ხორციელდება:

ა) სერტიფიკატის პირველად გაცემისას;

ბ) კომისიის გადაწყვეტილებით, სერტიფიკატის მოქმედების ვადის განახლებისას, თუ მოქმედების ვადის შეჩერება უშუალოდ იყო დაკავშირებული ფრენების უსაფრთხოებასთან;

გ) სააგენტოს გადაწყვეტილებით.

5. საკონტროლო ფრენ(ებ)ის განხორციელებას უზრუნველყოფს აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი.

6. სააგენტო, სერტიფიკატის გაცემის გადაწყვეტილების მიღებამდე, უნდა დარწმუნდეს, რომ:

ა) აეროდრომის/ვერტოდრომის პერსონალს გააჩნია სათანადო კვალიფიკაცია და გამოცდილება, რათა უზრუნველყოს აეროდრომის/ვერტოდრომის უსაფრთხო ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების განხორციელება, ხოლო საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფ პერსონალს გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, რათა უზრუნველყოს საავიაციო უშიშროების ზომების განხორციელება;

ბ) აეროდრომის/ვერტოდრომის სამსახურები, ტექნიკური აღჭურვილობა და საშუალებები, შეესაბამება საქართველოს მთავრობის  2018 წლის 16 თებერვლის №87 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი „სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის ძირითადი პირობების“  მოთხოვნებს;

გ) აეროდრომის/ვერტოდრომის საექსპლუატაციო პროცედურები უზრუნველყოფს საჰაერო ხომალდის უსაფრთხო ფრენასა და ტერიტორიაზე უსაფრთხო გადაადგილებას;

დ) აეროდრომზე/ვერტოდრომზე მოქმედებს მართვის სისტემები;

ე) აეროდრომზე/ ვერტოდრომზე საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფა ხორციელდება ამ წესისა  და  საავიაციო უშიშროების მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესაბამისად.

7.  ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმებისა და შეფასების მასალები აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. ოქმი შეიცავს აგრეთვე კომისიის დასკვნას, რომელიც შეიძლება იყოს:

ა) დადებითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს. დადებითი შეფასებისას დასაშვებია უმნიშვნელო ხარვეზების არსებობა, რომელთა გამოსასწორებლად განმცხადებელს ეძლევა ვადა იმის გათვალისწინებით, რომ ეს ხარვეზები უშუალოდ არ მოქმედებს ფრენის უსაფრთხოებაზე და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე და განმცხადებელზე შეიძლება გაიცეს სერტიფიკატი;

ბ) უარყოფითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა არ შეესაბამება ამ წესის მოთხოვნებს. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, კომისია ატყობინებს განმცხადებელს უარყოფითი დასკვნის კონკრეტულ მიზეზებს და სთავაზობს მას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადებში, იმ დამატებითი ღონისძიებების გატარებას, რომელიც აუცილებელია ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად და კომისიის დადებითი დასკვნის მისაღებად.

8. თუ განმცხადებელი, ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეტყობინების შემდეგ, ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში, ვერ უზრუნველყოფს დამატებითი ღონისძიებების გატარებასა და ნაკლოვანებების აღმოფხვრას, კომისიას გამოაქვს სერტიფიკატის გაცემაზე უარყოფითი დასკვნა.

 


მუხლი 8. სერტიფიკატის გაცემა ან გაცემაზე უარის თქმა
1. სააგენტო, კომისიის დასკვნის საფუძველზე, იღებს სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას, რასაც წერილობით ატყობინებს განმცხადებელს.

2. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში, განმცხადებელს გადაეცემა სერტიფიკატი.

3. უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში, სააგენტო აცნობებს განმცხადებელს უარის თქმის კონკრეტულ მიზეზებს.

4. სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმა, ისევე როგორც კომისიის უარყოფითი დასკვნა, დაფუძნებული უნდა იყოს ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ ან რამდენიმე გარემოებაზე:

ა) აეროდრომის/ვერტოდრომის ტექნიკური აღჭურვილობისა და საშუალებების, აგრეთვე საექსპლუატაციო პროცედურების შემოწმებისა და შეფასების შედეგად დადგინდა, რომ ისინი ვერ უზრუნველყოფენ ფრენის უსაფრთხოების ან/და საავიაციო უშიშროების დამაკმაყოფილებელ დონეს;

ბ) სახელმძღვანელოს ადგილზე შეფასებამ აჩვენა, რომ მასში არ არის დაცული ამ წესების დანართი №1-ით გათვალისწინებული მოთხოვნები;

გ) ფაქტორები (დეტალურად), რომლითაც დადგინდა, რომ განმცხადებელი ვერ შეძლებს სათანადო დონეზე უზრუნველყოს აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურება.

 


მუხლი 9. სერტიფიკატი, მისი მოქმედების ვადა
1. სერტიფიკატის ფორმა და შინაარსი განსაზღვრულია ამ წესის №3 დანართით.

2. სერტიფიკატს აქვს ნომერი, რომელიც შედგება 6 (ექვსი) არაბული ციფრისაგან, რომელთაგან პირველი ორი აღნიშნავს სერტიფიკატის გაცემის დღეს, შემდეგი ორი, გაცემის თვეს, დანარჩენი ორი – გაცემის წლის ბოლო ორ ციფრს. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიკატის გაცემის დღის, თვის ან წლის ბოლო ორი ციფრი 10-ზე ნაკლებია, მაშინ ციფრის წინ იწერება 0 (ნული).

3. სერტიფიკატი უვადოა, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. აეროდრომის ექსპლუატანტის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, სერტიფიკატი შეიძლება გაიცეს კონკრეტული მოქმედების ვადით.

4. აუცილებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, სააგენტო უფლებამოსილია გასცეს ვადიანი სერტიფიკატი, თუ ამ ვადის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების დადგენილი მოთხოვნები.

 


მუხლი 10. სერტიფიცირებული აეროდრომის/ვეროდრომის მონაცემების გამოქვეყნება და აღრიცხვა

 

1. სერტიფიკატის გაცემის შემდეგ, აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი, საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში (AIP) ინფორმაციის გამოქვეყნების მიზნით, სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურს (AIS) წარუდგენს სერტიფიცირებული აეროდრომის/ვერტოდრომის შესახებ ინფორმაციას დადგენილი წესის შესაბამისად.

2. სააგენტო, სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურში (AIS) წარადგენს ინფორმაციას აეროდრომის/ვერტოდრომის  სერტიფიცირების სტატუსის შესახებ, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში გამოსაქვეყნებლად,  შესაბამისი პროცედურების დაცვით.

3. სერტიფიცირებული აეროდრომის/ვერტოდრომის აღრიცხვის მიზნით, სააგენტო აწარმოებს შესაბამის რეესტრს.

 


მუხლი 11. სერტიფიკატის გადაცემა 
1. აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიკატის გადაცემა ხორციელდება სერტიფიკატის მფლობელის შეცვლისას ამ წესის მე-5 – მე-10 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

2. განცხადების განხილვისას სააგენტო უნდა დარწმუნდეს, რომ განმცხადებელი, სერტიფიკატით გათვალისწინებული პირობების დაცვით, უზრუნველყოფს აეროდრომის/ვერტოდრომის უსაფრთხო ექსპლუატაციას და მის ტექნიკურ მომსახურებას. ამასთან:

ა) აეროდრომის/ვერტოდრომის საშუალებები, მოწყობილობები და სამსახურები არსებით ცვლილებებს არ განიცდის;

ბ) აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების ძირითადი სპეციალისტები რჩებიან თავის სამუშაო ადგილზე ან იცვლებიან ეკვივალენტური ცოდნის და გამოცდილების მქონე სხვა სპეციალისტებით;

გ) მართვის სისტემები უნდა ფუნქციონირებდეს იმავე ეფექტურობით;

დ) „აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოში“ აღნიშნული პროცედურები რჩება უცვლელი ან იცვლება ფრენების უსაფრთხოების  უზრუნველმყოფი სხვა ეკვივალენტური პროცედურებით.

3. სააგენტო სერტიფიკატის გადაცემაზე ან გადაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს 60 დღის ვადაში.

4. სააგენტო ახალ სერტიფიკატს გასცემს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში. ძველი სერტიფიკატი უბრუნდება სააგენტოს.

 


მუხლი 12. სერტიფიკატის დაბრუნება

 

1. სერტიფიკატი უბრუნდება სააგენტოს და უქმდება ექსპლუატანტის განცხადების საფუძველზე.

2. სერტიფიკატის დაბრუნების თაობაზე განცხადების მიღების შემდეგ სააგენტო ვალდებულია:

ა) შეამოწმოს განმცხადებლის, როგორც სერტიფიკატის მფლობელის, უფლებამოსილება სერტიფიკატის დაბრუნების მოთხოვნაზე;

ბ) შეამოწმოს, რომ ექსპლუატანტისაგან მიღებული განცხადება შეესაბამება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს;

გ) დარწმუნდეს, რომ ექსპლუატანტის მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები შეიცავს:

გ.ა) NOTAM-ით შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებას აეროდრომის/ვერტოდრომის მონაცემების ცვლილებების შესახებ. აღნიშნული ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ აეროდრომი/ვერტოდრომი რჩება სამოქალაქო ავიაციისათვის ვარგისად;

გ.ბ) დაკეტვას დაქვემდებარებულ აეროდრომის/ვერტოდრომის შემთხვევაში – ინფორმაციას იმ ღონისძიებებზე, რომლებიც გატარებული იყო ექსპლუატანტის მიერ აეროდრომის დაკეტვასთან დაკავშირებით. კერძოდ, ქარის მაჩვენებლების მოხსნა და მარკირების მოშლა, აეროდრომის/ვერტოდრომის დაკეტვის შესაბამისი მარკირების დატანა, აგრეთვე, მარკირებისა და სხვა აუცილებელი ვიზუალური საშუალებების გადაყვანა არასამუშაო მდგომარეობაში;

გ.გ) რომ სერტიფიკატის გაუქმების შესახებ განცხადება წარმოდგენილია გაუქმებამდე არანაკლებ 60 დღით ადრე. განმცხადებლის მიერ, ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაზე ადრე აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაციის შეჩერებისა და ამის თაობაზე სააგენტოს ინფორმირების შემთხვევაში.

დ) სააგენტო აჩერებს სერტიფიკატის მოქმედების ვადას, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ წარადგენს განაცხადს სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურში NOTAM-ის გამოქვეყნებაზე და შესაბამის ცვლილების განხორციელებაზე ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სააგენტო დაბრუნებული სერტიფიკატის გაუქმებაზე გადაწყვეტილებას იღებს სერტიფიკატის დაბრუნების თაობაზე განცხადების სააგენტოში რეგისტრაციის დღიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში და აღნიშნულზე წერილობით აცნობებს განმცხადებელს, გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში.

4. სააგენტო სერტიფიკატს აუქმებს განცხადებაში აღნიშნული თარიღით.

 


მუხლი 13. სერტიფიკატის გამოცვლა
1. სერტიფიკატის მფლობელი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მიმართავს სააგენტოს წერილობითი განცხადებით, რომელშიც აღინიშნება სერტიფიკატის გამოცვლის მიზეზები. განცხადებას უნდა ერთვდეს სერტიფიკატის გამოცვლის მიზეზის დამამტკიცებელი საბუთ(ებ)ი.

2. სააგენტო ცვლის სერტიფიკატს, თუ:

ა) შეიცვალა აეროდრომის/ვერტოდრომის მფლობელის ან ექსპლუატანტის დასახელება;

ბ) შეიცვალა აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაციის ან გამოყენების ის პირობები, რომელთა შესაბამისადაც იყო გაცემული სერტიფიკატი;

გ) შეიცვალა აეროდრომის/ვერტოდრომის დასახელება;

დ) სერტიფიკატის მფლობელი, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საფუძველზე, ითხოვს სერტიფიკატში ცვლილებების შეტანას.

3. სააგენტო, განცხადებას და თანდართულ დოკუმენტაციას იხილავს 30 დღის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გამოცვლის ან გამოცვლაზე უარის თქმის შესახებ.

4.  სააგენტო ახალ სერტიფიკატს გასცემს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში. ძველი სერტიფიკატი უბრუნდება სააგენტოს.


მუხლი 14. სერტიფიკატის გაუქმება, მოქმედების ვადის შეჩერება, განახლება, სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა

 

1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიკატის მოქმედების  შეჩერების თაობაზე იმ შემთხვევაში, როცა:

ა) სერტიფიკატის მფლობელი არღვევს კანონმდებლობით განსაზღვრულ  ფრენის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მოთხოვნებს, რაც  საფრთხეს უქმნის/შეუძლია საფრთხე შეუმნას ფრენის უსაფრთხოებას ან/და  საავიაციო უშიშროებას;

ბ) სერტიფიკატის მფლობელი სისტემატურად არღვევს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს;

გ) კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევაში.

2. სერტიფიკატის შეჩერების თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება ეგზავნება ექსპლუატანტს. გადაწყვეტილებაში კონკრეტულად და დეტალურად უნდა იყოს მითითებული დარღვევ(ებ)ის სახე და ამ დარღვევ(ებ)ის გავლენა ფრენის უსაფრთხოებაზე და/ან საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე.

3. სერტიფიკატი შეჩერდება იმ დრომდე, ვიდრე არ გამოსწორდება დარღვევა, მაგრამ არაუმეტეს სამი თვისა.

4. სერტიფიკატის მოქმედება განახლდება, თუ აღმოფხვრილ იქნა ის ნაკლოვანებები, რომელიც გახდა მისი შეჩერების საფუძველი და აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტმა წერილობით აცნობა სააგენტოს ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრის თაობაზე და ამასთან ერთად, სააგენტო დარწმუნდა ამ ნაკლოვანებების გამოსწორებაში.

5. სერტიფიკატის გაუქმება ნიშნავს სერტიფიკატის გაცემის თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას, რაც ხორციელდება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.

6. სერტიფიკატის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:

ა) სერტიფიკატის შეჩერების სამთვიანი ვადის გასვლა, თუ ამ ვადის განმავლობაში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი;

ბ) აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის ლიკვიდაცია;

გ) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნა;

დ) კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

7. სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა ხორციელდება ამ წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებული მუდმივი ზედამხედველობით და კონტროლით გამოვლენილი ნაკლოვანებების საფუძველზე.


მუხლი 15. მუდმივი ზედამხედველობა და კონტროლი
1. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში, სერტიფიკატის მოქმედების მთელს პერიოდში, ახორციელებს სააგენტო.

2. სააგენტოს მიერ მუდმივი ზედამხედველობისა და კონტროლის საკითხები რეგულირდება  საქართველოს კანონის – საჰაერო კოდექსის, საქართველოს მთავრობის  2018 წლის 16 თებერვლის №87 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი – „სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის ძირითადი პირობების“, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №242 დადგენილებით დამტკიცებული „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამით“ და სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანებით დამტკიცებული „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის“ მოთხოვნების შესაბამისად.

3.  ექსპლუატანტის საქმიანობაზე მუდმივი ზედამხედველობა ითვალისწინებს:

ა) სერტიფიკატით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის შემოწმებას;

ბ) აეროდრომის/ვერტოდრომის საექსპლუატაციო პროცედურების ცვლილებების შემთხვევაში სათანადო ორგანოების ინფორმირებისა და დაგეგმილი ან განხორციელებული ღონისძიებების მდგომარეობის შემოწმებას;

გ) აეროდრომის/ვერტოდრომის ფრენის უსაფრთხოების სისტემის მდგომარეობის შემოწმებას, კერძოდ:

გ.ა) აეროდრომზე/ვერტოდრომზე ფრენის უსაფრთხოების მართვის სისტემის პერიოდულად ან სპეციალური შემოწმების ჩატარებას, აეროდრომისა და მისი იმ მონაცემების შემოწმების ჩათვლით, აგრეთვე, აეროდრომის/ვერტოდრომის შენობა-ნაგებობების, ტექნიკური აღჭურვილობისა და საშუალებების, დანადგარებისა და საექსპლუატაციო პროცედურების შემოწმებას;

გ.ბ) აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის მიერ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი მდგომარეობის დაცვის გამუდმებულ ანალიზს, აგრეთვე, ანგარიშების განხილვას, რომლებიც შეიცავს ფრენების უსაფრთხოების მდგომარეობის შემოწმების შედეგებს.

დ) აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის მიერ „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“  დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლს,  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №242 დადგენილებით დამტკიცებული „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამის“ მოთხოვნების შესაბამისად.


თავი III
აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელო

მუხლი 16. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელო
1. „აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს“ (შემდგომ  სახელმძღვანელო) შეიმუშავებს აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი.

2.  სახელმძღვანელო:

ა) მტკიცდება აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის მიერ;

ბ) დგება იმ ფორმატით, რომ შესაძლებელი გახდეს მასში ცვლილებების შეტანა;

გ) ითვალისწინებს გვერდების რეგისტრაციის სისტემას, აგრეთვე ცვლილებების შესატან სარეგისტრაციო გვერდს;

დ) დგება იმ სახით, რომ გამარტივდეს მისი განხილვის, შეთანხმებისა და დამტკიცების პროცესი.

3. სახელმძღვანელო თანხმდება სააგენტოსთან. სახელმძღვანელო უნდა წარედგინოს სააგენტოს (სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში ელექტრონული ფორმითაც) ორ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე.

4. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი სახელმძღვანელოს მოქმედ ეგზემპლარს (დედანს) ინახავს აეროდრომზე/ვერტოდრომზე, ხოლო სახელმძღვანელოს ასლი (კონტროლის მიზნით) ინახება სააგენტოში.     

5. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტმა სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე წარმომადგენელს (ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს) შესამოწმებლად უნდა წარუდგინოს სახელმძღვანელოს მოქმედი ეგზემპლარი.

6. სახელმძღვანელო ან მისი ნაწილი ხელმისაწვდომი უნდა იქნეს აეროდრომის/ვერტოდრომის შესაბამისი თანამშრომლებისათვის.


მუხლი 17. სახელმძღვანელოს შინაარსი
1.  სახელმძღვანელო უნდა შეიცავდეს ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

2. იმ შემთხვევაში, როცა სააგენტო, ამ წესის 32-ე მუხლის შესაბამისად, აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტს ათავისუფლებს ამავე წესით დადგენილ რომელიმე მოთხოვნისაგან, სააგენტო აცნობებს ექსპლუატანტს თავის გადაწყვეტილებას წერილობითი ფორმით, გათავისუფლების ძალაში შესვლის თარიღის და მოქმედების ვადის ჩვენებით, აგრეთვე – იმ პირობებს და/ან პროცედურებს, რომლებიც უნდა იყოს დაცული. ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ასევე აისახება სახელმძღვანელოში.

3.  თუ სახელმძღვანელოში ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული რაიმე მონაცემი არ არის ასახული იმის გამო, რომ ის აღნიშნული აეროდრომისათვის არ გამოიყენება, ექსპლუატანტმა სახელმძღვანელოში უნდა მიუთითოს ამის მიზეზი.

4. აეროდრომზე/ვერტოდრომზე არსებული სახელმძღვანელო მასალის და პროცედურების ცალკე რედაქციად გამოცემა, ასევე წარმოადგენს აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს განუყოფელ ნაწილს და მასზე ვრცელდება სახელმძღვანელოს მიმართ წაყენებული მოთხოვნები.

 


მუხლი 18. სახელმძღვანელოში ცვლილებების შეტანა
1. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი უზრუნველყოფს სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაციის სიზუსტეს, მისი პერიოდული განხილვით.

2. ექსპლუატანტმა, სახელმძღვანელოში უნდა შეიტანოს ცვლილებები და დამატებები, როდესაც ეს გამოწვეულია აეროდრომის/ვერტოდრომის, მისი ტექნიკური აღჭურვილობისა და საშუალებების, საექსპლუატაციო პროცედურების ფაქტობრივი მდგომარეობით, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ცვლილებები და დამატებები წინასწარ უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან.

3. ექსპლუატანტმა, სახელმძღვანელოში და იმ დოკუმენტაციაში, რომელიც წარმოადგენს სახელმძღვანელოს განუყოფელ ნაწილს, შესატანი ცვლილებები სააგენტოს უნდა წარუდგინოს ბეჭდური ფორმით, განსახორციელებელი ცვლილების ტექსტის მონიშვნით, გამომწვევი მიზეზის დასაბუთებით და შესაბამისი დოკუმენტაციით (საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების უსაფრთხოების შეფასების ანგარიშით).

4. სახელმძღვანელოში ზუსტი მონაცემების შესანარჩუნებლად, სააგენტო, მიღებული ინფორმაციის ან საინსპექციო შემოწმების შედეგად გამოვლენილი ფაქტების საფუძველზე, მოითხოვს ექსპლუატანტისაგან ცვლილებების ან დამატებების შეტანას ვადების ჩვენებით.

5. სახელმძღვანელოს ნებისმიერი ცვლილება და/ან დამატება ასევე ხორციელდება სააგენტოსთან შეთანხმების შემდეგ.

 


თავი IV
აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის პასუხისმგებლობა და ვალდებულება 

მუხლი 19. აეროდრომის/ვერტოდრომის ტექნიკური მომსახურებისა და ექსპლუატაციის უზრუნველმყოფი პერსონალის კვალიფიკაცია

 

1. აეროდრომის/ვერტოდრომის ტექნიკურ მომსახურებასთან და ექსპლუატაციასთან  დაკავშირებული სამუშაოების განსახორციელებლად ექსპლუატანტი უზრუნველყოფს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულ(ებ)ის დაკომპლექტებას საჭირო რაოდენობის, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტებით.

2. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი უზრუნველყოფს ამ წესის №4 დანართის შესაბამისად თანამშრომელთა კვალიფიკაციის დონის შენარჩუნების/ამაღლების პროგრამის შემუშავებას და ახორციელებს მას. ამ პუნქტით განსაზღვრული პროგრამა თანხმდება სააგენტოსთან.

3.  აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი უზრუნველყოფს, რომ სააგენტოსთან შეთანხმებული თანამშრომელთა კვალიფიკაციის დონის ამაღლების პროგრამით გათვალისწინებული სწავლებები და შეფასება განახორციელოს შესაბამისი გამოცდილების და უნარების მქონე ინსტრუქტორ-მასწავლებლებმა და შემფასებელმა.

4. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი აეროდრომის/ვერტოდრომის ტექნიკურ მომსახურებასთან და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხების მართვის უზრუნველყოფის მიზნით ნიშნავს პასუხისმგებელ პირს, რომლის კვალიფიკაცია და გამოცდილება უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის №4 დანართს.

 


მუხლი 20. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურება
1.  აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი ახორციელებს აეროდრომის/ვერტოდრომის, მისი მოწყობილობების, საშუალებების, აღჭურვილობის ექსპლუატაციასა და ტექნიკურ მომსახურებას, ტექნიკური მომსახურების პროგრამის შესაბამისად.

2. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი კოორდინაციას უწევს ქმედებებს, რათა აეროდრომის/ვერტოდრომის უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველმყოფი მომსახურების მომწოდებლების მიერ, ამ აეროდრომის/ვერტოდრომისა  და მის მიმდებარე საჰაერო სივრცეში უზრუნველყოფილ იქნეს ფრენებისა და საჰაერო ხომალდის უსაფრთხო მომსახურება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კოორდინაცია ვრცელდება იმ ორგანიზაციებზე და სამსახურებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ აეროდრომის/ვერტოდრომის სტრუქტურულ ერთეულს, საქმიანობენ დამოუკიდებლად, მაგრამ დაკავშირებულნი არიან ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან (საჰაერო მოძრაობის მომსახურების, სააერნაოსნო მომსახურების საწარმო, ავია საწვავ-გამმართველი, საავიაციო ტექნიკური ბაზის, მეტეოროლოგიური მომსახურების და სხვა ორგანიზაციები).


მუხლი 21. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის უსაფრთხოების მართვის სისტემა და საავიაციო მოვლენათა შეტყობინება
1. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი ადგენს  უსაფრთხოების მართვის სისტემას, რომელშიც განსაზღვრული უნდა იყოს ორგანიზაციის სტრუქტურა, მოვალეობები, უფლებამოსილებები და პასუხისმგებლობები, ასევე მართვის ის პროცესები/პროცედურები, რომლებიც აუცილებელია აეროდრომის უსაფრთხო ექსპლუატაციისა და აეროდრომზე უსაფრთხოების დონის სისტემატური გაუმჯობესებისათვის.

2. აეროდრომის/ვერტოდრომის უსაფრთხოების მართვის სისტემა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილ მოთხოვნებს.

3. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია, აეროდრომის/ვერტოდრომის ტერიტორიაზე დაადგინოს ფრენების უსაფრთხოების მოთხოვნები და უზრუნველყოს მათი დაცვა იმ საწარმოების მიერ, რომლებიც ახორციელებენ აეროდრომზე/ვერტოდრომზე ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმიანობას.

4. აეროდრომის ექსპლუატანტი, უზრუნველყოფს საავიაციო მოვლენათა შეტყობინების  სისტემის დანერგვას და საავიაციო მოვლენათა შეტყობინებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების  შესაბამისად.

 


მუხლი 22. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის შიდა შემოწმება

 

1. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი ახორციელებს როგორც უსაფრთხოების მართვის სისტემის, ასევე აეროდრომის ინფრასტრუქტურის საშუალებების, დანადგარებისა და აღჭურვილობის სისტემატურ შიდა შემოწმებას, რომელიც ხორციელდება არანაკლებ წელიწადში ერთხელ.

2. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი უზრუნველყოფს, რომ შიდა შემოწმებები ჩატარდეს და შესაბამისი ანგარიშები მომზადდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის მიერ.

3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შიდა შემოწმებებისა, აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი ახორციელებს დამატებით შემოწმებებს:

ა) დაუყოვნებლივ (როდესაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია), ნებისმიერი საავიაციო შემთხვევის ან სერიოზული ინციდენტის შემდეგ, საავიაციო მოვლენების მომკვლევ უწყებასთან შეთანხმებულად;

ბ) აეროდრომის/ვერტოდრომის შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობის, მშენებლობის ან რემონტის მსვლელობისას, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს ფრენების უსაფრთხოებაზე;

გ) სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, როცა აეროდრომზე/ვერტოდრომზე ისეთი პირობები იქმნება, რაც უარყოფითად მოქმედებს/იმოქმედებს ფრენის უსაფრთხოებაზე.

4.  აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი შემოწმების ანგარიშებს წარუდგენს სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებს, მოთხოვნის საფუძველზე.

5. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი შემოწმების ანგარიშებს ინახავს 7 წლის განმავლობაში.

 


მუხლი 23. შემმოწმებლის აეროდრომზე/ვერტოდრომზე დაშვება

 

1. სააგენტოს ფრენების უსაფრთხოების ინსპექტორს, კომპეტენციის ფარგლებში, ნებისმიერ დროს შეუძლია აწარმოოს აეროდრომის/ვერტოდრომის შენობა-ნაგებობების, საშუალებების, დანადგარებისა და სამსახურების, საექსპლუატაციო პროცედურების საინსპექციო შემოწმება და გამოცდა, შეამოწმოს ექსპლუატანტის საბუთები და ჩანაწერები, ასევე – ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სისტემების შემოწმება.

2. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი, სააგენტოს ფრენების უსაფრთხოების ინსპექტორებს, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, აძლევს აეროდრომის კონტროლირებად და/ან დაცულ ზონებში შესვლის უფლებას, მათ შორის, აღჭურვილობის, ჩანაწერებისა და საბუთების, ასევე, ექსპლუატანტის პერსონალის კვალიფიკაციისა და მუშაობის ეფექტურობის შესამოწმებლად.

3. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია ხელი შეუწყოს აღნიშნული ღონისძიების ჩატარებას.

4. ამ მუხლით განსაზღვრული შემოწმების წესი და ფარგლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 


მუხლი 24. შეტყობინების წარდგენა

 

აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია:

ა) სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს წარუდგინოს ინფორმაცია  ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში, მის დამატებებსა და ცვლილებებში ან NOTAM-ში აღმოჩენილი უზუსტობების შესახებ;

ბ) სააგენტოს და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს წარუდგინოს ინფორმაცია წინასწარ დაგეგმილი ცვლილებების შესახებ აეროდრომის/ვერტოდრომის შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობისა და მომსახურების დონის ცვლილების შესახებ, AIRAC სისტემით დადგენილი თარიღების გათვალისწინებით;

გ) სააგენტოს და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს წარუდგინოს ინფორმაცია სხვა ნებისმიერი პირობების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენს/შეუძლია მოახდინოს აეროდრომზე/ვერტოდრომზე ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე და რომელთა მიმართ მიიღება სიფრთხილის დამატებითი ღონისძიებები.

 


მუხლი 25. აეროდრომის/ვერტოდრომის ტეროტორიიდან დაბრკოლებათა მოცილება

 

აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი უზრუნველყოფს აეროდრომის/ვერტოდრომის ტერიტორიიდან, უსაფრთხოების ზომების დადგენილი წესების დაცვით, ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებისა და სხვა ისეთი დაბრკოლების დაუყოვნებლივ მოცილებას, რომლებიც უარყოფით ზეგავლენას ახდენს/შეუძლია მოახდინოს ფრენის უსაფრთხოებაზე და/ან საავიაციო უშიშროებაზე.

 


მუხლი 26. გამაფრთხილებელი შეტყობინებები
თუ აეროდრომზე/ვერტოდრომზე  ან მის სიახლოვეს დაბალ სიმაღლეზე მფრინავი საჰაერო ხომალდები, წარმოადგენს საფრთხეს მოქალაქეებისათვის და/ან ხმელეთზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისათვის, აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია:

ა) განათავსოს გამაფრთხილებელი შეტყობინება მოსალოდნელ საფრთხის შესახებ, გზის იმ ნაწილზე, რომელიც ესაზღვრება სამანევრო არეს; ან

ბ) თუ ასეთ გზას ექსპლუატანტი ვერ აკონტროლებს, ის ინფორმაციას აწვდის შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გამაფრთხილებელი შეტყობინების განთავსების მიზნით.

 


თავი V
საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფა

მუხლი 27. აეროდრომის/ვერტოდრომის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ორგანიზება

 

1. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფა ხორციელდება ღონისძიებათა კომპლექსით, რომლებიც ითვალისწინებს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სამსახურის შექმნას, საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ინფრასტრუქტურის მოწყობას, აეროდრომების/ვერტოდრომების, საჰაერო ხომალდებისა და სამოქალაქო ავიაციის ობიექტების დაცვის, მგზავრის სტატუსის არმქონე პირების, მგზავრების, ხელბარგის, საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგის, ტვირთის, ფოსტის, საბორტო მარაგის, ბორტკვების, თანმდევი საშუალებების, აეროპორტის მარაგის შემოწმების უზრუნველყოფას, მართლსაწინააღმდეგო ქმედების მცდელობის გამოვლენას და აღკვეთას.

2. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფა ხორციელდება აეროდრომებისა/ვერტოდრომების და საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტების, საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანიზაციებისა და სამოქალაქო ავიაციის საქმიანობასთან უშუალოდ დაკავშირებული პირების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სამსახურებისა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილი ორგანოების/სამსახურების მიერ.

3. აეროდრომის/ვერტოდრომის საავიაციო უშიშროების სამსახურები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა აღიჭურვონ ავტოტრანსპორტითა და სხვა მატერიალური  და  ტექნიკური საშუალებებით, რომლებიც საჭიროა შემოწმების, დაშვების კონტროლისა და დაცვის უზრუნველსაყოფად.

4. საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა უნდა გაიარონ სამსახურებრივი მოვალეობის შესაბამისი მომზადება და მიიღონ მომზადების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

5. აეროდრომს/ვერტოდრომს უნდა ჰქონდეს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა, რომელშიც დეტალურად უნდა აისახოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის გასატარებელი ღონისძიებები, ბაზირების აეროდრომის ექსპლუატაციის პირობების თავისებურებების, საჰაერო ხომალდების ფრენების გეოგრაფიის, ექსპლუატაციაში მყოფი საჰაერო ხომალდების ტიპების, სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების მოცულობების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

6. აეროდრომის/ვერტოდრომის მშენებლობისა და/ან რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს სააგენტოსთან, უნდა ითვალისწინებდეს:

ა) სამგზავრო ტერმინალში მინიმუმამდე დაყვანილ ისეთ სივრცეებს, რომელიც ხელს შეუწყობს მათლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეუმჩნევლად განთავსებას; 

ბ) ისეთი სამშენებლო მასალის შერჩევას, რომელიც აფეთქების ან სხვა სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, გამოიწვევს მინიმალურ მსხვერპლსა და ეკონომიკურ ზარალს (მაგ.: ლამინირებული/უნამსხვრევო მინა, შენობის გასამყარებელი საშუალებები და ა.შ.);

გ) გამფრენი და მომფრენი მგზავრების ერთმანეთთან შერევის გამორიცხვის მიზნით, გაფრენისა და მოფრენის დარბაზებისთვის ცალკე სივრცეების გამოყოფას;

დ) არაკონტროლირებადი და კონტროლირებადი ზონების  ერთმანეთისგან გამოყოფას კედლით, საკონტროლო-გამშვები პუნქტით ან მგზავრთა შემოწმების პუნქტით;

ე) საკმარის სივრცეს საკონტროლო-გამტარი პუნქტებისა და მგზავრთა შემოწმების პუნქტების განსათავსებლად;

ვ) საკმარის სივრცეს საავიაციო უშიშროების სამსახურის, სასაზღვრო-საიმიგრაციო, საბაჟო და სამართალდამცავი ორგანოების სამსახურების პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი  ოთახების განსათავსებლად;

ზ) მკაფიოდ განსაზღვრულ კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებს, უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობებით აღჭურვილ შემოწმების პუნქტებს მგზავრების, ხელბარგის და ბარგის შემოწმებისათვის;

თ) საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგის შემოწმებისა და დახარისხების ზონას;

ი) ოთახს მგზავრების მიერ დროებით შესანახად გადაცემული იარაღის, ტყვია-წამლის შესამოწმებლად და გადასაზიდად გასაფორმებლად;

კ) სათავსს საჰაერო დაცვის ოფიცრის სამსახურებრივი  იარაღის შესანახად;

ლ) სივრცეს მართლსაწინააღმდეგო ქმედების საპასუხო მოქმედებებში ჩართული უწყებების თანამშომლებისათვის;

მ) საკმარისი რაოდენობის მოსასვენებელი ადგილების მქონე დასასვენებელ სივრცეს საავიაციო უშიშროების სამსახურის  მორიგე ცვლისთვის, ადეკვატური ვენტილაციითა და სანიტარიული პირობებით;

ნ) საკმარის სივრცეს მგზავრთა საავიაციო უშიშროების შემოწების პუნქტებსა და სასაზღვრო-საიმიგრაციო შემოწმების პუნქტებს შორის, ეფექტური და შეუფერხებელი შემოწმების უზრუნველსაყოფად;

ო) საგუშაგოებს;

პ) საკონტროლო-გამტარ პუნქტებს (შემდგომში – სგპ);

ჟ) აეროდრომის/ვერტოდრომის პერიმეტრის შემოღობვას;

რ) რისკის შეფასების საფუძველზე გამოყოფილ არაკონტროლირებად ზონას;

ს) სივრცეს ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემის ოპერირებისთვის;

ტ) ზონას  სპეციალური იზოლირებული სადგომისათვის  და ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოვლენის და გაუვნებელყოფის მიზნით  გამოყოფილ, ლოკალიზატორებით აღჭურვილ  სპეციალური ზონას.

7. კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში, საავიაციო უშიშროების მოთხოვნათა შესრულებას უზრუნველყოფს აეროდრომის/ვერტოდრომის საავიაციო უშიშროების სამსახური. 

8. აეროპორტის/ვერტოდრომის არაკონტროლირებად ზონაში, საავიაციო უშიშროების მოთხოვნათა შესრულებას უზრუნველყოფს აეროდრომის/ვერტოდრომის საავიაციო უშიშროების სამსახური და  სამართალდამცავი ორგანოები  ურთიერთკოორდინაციით საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის № 241 დადგენილებით დამტკიცებული „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“ თანახმად.


მუხლი 28. აეროდრომის/ვერტოდრომის კონტროლირებადი ზონები, სასაშვო სისტემის ორგანიზება და საკონტროლო-გამშვები პუნქტების აღჭურვილობა

 

1. აეროდრომის/ვერტოდრომის ტერიტორიაზე სასაშვო სისტემის ორგანიზება ხორციელდება აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამის შესაბამისად. სასაშვო სისტემა უნდა ითვალისწინებდეს პირებისა და სატრანსპორტო საშუალებების დაშვების შეზღუდვებს ბაქანზე და შენობაში არსებულ შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში, სამიმოსვლო ბილიკებზე,  ასაფრენ-დასაფრენ ზოლებზე, საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ზონებში და ა.შ. სახელმწიფო და სამოქალაქო ავიაციის ერთობლივი ბაზირების აეროდრომებზე/ვერტოდრომებზე, ტერიტორიები უნდა იყოს გამიჯნული და შემოღობილი, დამაკავშირებელი სგპ-ებზე, აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახურის მიერ,  უნდა ხორციელდებოდეს დაშვების კონტროლი.

2. მგზავრის სტატუსის არმქონე პირები, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ აეროდრომის/ვერტოდრომის ტერიტორიაზე, ვალდებულნი არიან დაიცვან სასაშვო სისტემით გათვალისწინებული  მოთხოვნები.

3. აეროდრომის/ვერტოდრომის კონტროლირებად ზონაში დაუშვებელია აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის ნებართვის გარეშე ფოტო და ვიდეო აპარატურის გამოყენება;

4. აეროდრომის/ვერტოდრომის ავტოსატრანსპორტო საშუალებების სგპ აღიჭურვება კავშირის, განათების საშუალებებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიკაციისა და შემოწმების  საშუალებებით (ფარანი ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვადასხვა ზონების ეფექტურად შემოწმებისთვის ღამის საათებში, სარკე ან ვიდეოდაკვირვების სისტემა ფსკერის შესამოწმებლად), ავტოსატრანსპორტო საშუალების შესამოწმებელი ბუფერული ზონით, რომელიც არაკონტროლირებადი და კონტროლირებადი ზონებისგან გამოყოფილი იქნება ავტომატურად გაღების მექანიზმიანი რკინის ჭიშკრებით, რომელიც მოქმედებაში მოდის დისტანციური მართვის საშუალებებით, ჩაკეტილი სატელევიზიო და ვიდეოჩაწერის სისტემით, საგანგაშო სიგნალიზაციით, აეროპორტის მარაგის, ბორტკვების, საბორტო მარაგის, თანმდევი საშუალებების და კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შესატანი სხვა მასალების შესამოწმებლად განკუთვნილი საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობებით, საავიაციო უშიშროების სამსახურის მორიგე ცვლის სამორიგეო და მოსასვენებელი ოთახებით, ასევე სველი წერტილებით.

5. აეროდრომის/ვერტოდრომის მგზავრის სტატუსის არმქონე პირების სგპ აღიჭურვება კავშირის საშუალებებით, პირების იდენტიფიკაციის საშუალებებითა და ტურნიკეტებით, ჩაკეტილი სატელევიზიო და ვიდეოჩაწერის სისტემით, საგანგაშო სიგნალიზაციით, მგზავრის სტატუსის არმქონე პირების შესამოწმებელი საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობებით. აეროპორტის შენობის გარეთ არსებული სგპ-ები უნდა აღიჭურვოს საავიაციო უშიშროების სამსამსახურის მორიგე ცვლის სამორიგეო და მოსასვენებელი ოთახებით, ასევე სველი წერტილებით.

6. სგპ-ში უნდა მოეწყოს სტენდი აეროდრომის/ვერტოდრომის მოქმედი საშვების და ყველა სახის საშვზე ხელისმომწერის უფლების მქონე თანამდებობის პირების ხელმოწერის, ისევე როგორც საშვებზე დატანილი აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის და სააგენტოს ბეჭდების ნიმუშებით.

7. აეროდრომის/ვერტოდრომის პერიმეტრის შემოღობვაში უნდა იყოს გათვალისწინებული საჭირო რაოდენობის სათადარიგო გასასვლელები, ჩამკეტი ჭიშკრებით და დამცავი სიგნალიზაციის სისტემით. სათადარიგო გასასვლელების გამოყენება სატრანსპორტო საშუალებების მისასვლელად  ცალკე მდგომ ობიექტებთან კონტროლდება საავიაციო უშიშროების სამსახურის მიერ.

8. აეროდრომის/ვერტოდრომის კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაშვების კონტროლი უნდა განხორციელდეს სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 6 მარტის №26 ბრძანებით დამტკიცებული  „საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესისა“ და სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 3 ივლისის №109 ბრძანებით დატკიცებული „საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, მათ შორის გაფრენისწინა შემოწმების წესის“ მოთხოვნების შესაბამისად.

 


მუხლი 29. აეროდრომის/ვერტოდრომის ობიექტების დაცვის ორგანიზება და უზრუნველყოფა

 

1. აეროდრომის/ვერტოდრომის კონტროლირებად ზონაში მუდმივი დაცვის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს:

ა) საჰაერო ხომალდები;

ბ) ცალკე მდგომი ობიექტების და საწვავგამმართველი სატრანსპორტო საშუალებები;

გ) საფოსტო-სატვირთო ტერმინალები;

დ) ბორტკვების საწარმოები;

ე) საწყობები;

ვ) სააერნაოსნო საშუალებები;

ზ) საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ზონები;

თ) სგპ-ები.

2. აეროდრომის/ვერტოდრომის და სამოქალაქო ავიაციის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების ტერიტორიას მთელ პერიმეტრზე უნდა ჰქონდეს არანაკლებ 2,13-2,44 მეტრი სიმაღლის შემოღობვა გამაფრთხილებელი ანშლაგებით, რომლებიც კრძალავენ კონტროლირებად ზონაში შეღწევას. გამაფრთხილებელ ანშლაგებს შორის მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 100 მეტრს. შემოღობვის გარე და შიდა ზონებში ვიზუალური წვდომის უზრუნველსაყოფად, პერიმეტრული შემოღობვისთვის გამოიყენება მყარი, გამჭვირვალე მასალა, ისეთი როგორიცაა, ლითონის ბადე, შედუღებული ლითონის ცხაური და ა.შ. შემოღობვის საძირკველი მყარად უნდა იყოს ჩამაგრებული მიწაში ბეტონით ან სხვა მყარი სამშენებლო მასალით. გამორიცხული უნდა იყოს კონსტრუქციის დემონტაჟი მარტივი ხერხით.

3. ღამის საათებში საავიაციო უშიშროების სამსახურის მიერ პატრულირების ხელშეწყობის მიზნით, შემოღობვის მთელ პერიმეტრზე უნდა მოეწყოს განათება. დაცვის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, გამოყენებული უნდა იქნეს  ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემა, ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამცავი სიგნალიზაციის სისტემა, და დაცვის სხვა საინჟინრო-ტექნიკური საშუალებები, რომელთა ტიპები და სახეობები წინასწარ თანხმდება სააგენტოსთან. პერიმეტრის შემოღობვის ზემოდან უნდა დამონტაჟდეს სხვადასხვა პროფილის მეტალის კონსტრუქციები (მჩხვლეტავი, ეკალმავთულხლართი და სხვა). პერიმეტრული შემოღობვის შიდა და გარეთა მხარეს, 3მ სიგანის ზოლი უნდა გასუფთავდეს ნაგვის, ბუჩქნარის და ხეებისაგან. ამ ზოლში დაუშვებელია იმგვარი საქმიანობა/ობიექტის განთავსება, რომელიც შეზღუდავს ხილვადობას.

4. აეროდრომის/ვერტოდრომის ობიექტების შემოღობვის გასწვრივ, საჭიროების შენთხვევაში, შეიძლება დამატებით დაიდგას:

ა) საგუშაგო კოშკურები ან  საყურებელი მოედნები შემოღობვის და მიმდებარე ტერიტორიის სამეთვალყურეოდ;

ბ) სამსახურებრივი ძაღლების ბლოკ-საგუშაგოები;

გ) დამცავი სიგნალიზაციის სისტემები;

დ) დამრღვევის მიერ პერიმეტრის შემოღობვის გადალახვის ან მისი მცდელობის გამომვლენი და განგაშის მიმცემი ელექტრონული მოწყობილობები.

5. აეროდრომის/ვერტოდრომის შემოღობვის გასწვრივ, შიდა მხარეს, უნდა გაკეთდეს გზა საავიაციო უშიშროების სამსახურის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებით შეუფერხებლად პატრულირებისთვის.

6. აეროდრომზე/ვერტოდრომზე გათვალისწინებული უნდა იყოს საჭირო რაოდენობის საკონტროლო-გამშვები პუნქტები მგზავრის სტატუსის არმქონე პირებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების კონტროლისა და შემოწმების შეუფერხებლად და ეფექტურად განხორციელების მიზნით.

 


მუხლი 30. აეროდრომის/ვერტოდრომის ტერიტორიაზე გაფრენისწინა შემოწმების ორგანიზება და უზრუნველყოფა
1. გაფრენისწინა შემოწმება ხორციელდება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით.

2. მგზავრის სტატუსის არმქონე პირების შემოწმება ხორციელდება სგპ-ზე.

3. ავიაბილეთების გაყიდვის ადგილებში, მგზავრების რეგისტრაციის ზონებში, ბარგის გაფორმების და შემოწმების პუნქტების წინ უნდა  განთავსდეს საავიაციო უშიშროების სპეციალური ინფორმაციის შემცველი ბანერები/ეკრანები/პლაკატები, რომლებშიც უნდა მიეთითოს საჰაერო ტრანსპორტით გადასატანად აკრძალული ნივთიერებები და საგნები.

4. მგზავრები, დელეგაციები, მათ შორის, პირები, რომელთა მომსახურება ხორციელდება ოფიციალურ პირთა დარბაზებში, საჰაერო ხომალდში დაიშვებიან რეგისტრაციისა და გაფრენისწინა შემოწმების დადგენილი წესით გავლის შემდეგ.

5. შემნახველ საკნებში ჩასაბარებელი ბარგი ექვემდებარება შემოწმებას დადგენილი წესით.

6. შემოწმების პუნქტები აღიჭურვება საავიაციო უშიშროების უზრუნვესაყოფი მოწყობილობებით, ვიდეოჩაწერის სისტემით აღჭურვილი ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემით,  რომლის ინფორმაციაც ინახება სულ მცირე 30 კალენდარული დღის განმავლობაში, ავარიული განიავებით და ელექტრო-მომარაგებით, საგანგაშო სიგნალიზაციით, სატელეფონო კავშირებით, მათ შორის, პირდაპირი კავშირით მგზავრთა გადაყვანის ორგანიზების სამსახურის დისპეტჩერთან, ბილეთების რეგისტრაციისა და ბარგის მიმღებ პუნქტებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან.

7. შემოწმების პუნქტი შეიძლება იყოს ცენტრალიზებული ან ინდივიდუალური.  დაგეგმარება უნდა განხორციელდეს გაფრენისწინა შემოწმებაგავლილი და შეუმოწმებელი მგზავრების ერთმანეთში არევის გამორიცხვის გათვალისწინებით.

8. სამგზავრო ტერმინალი უნდა ითვალისწინებდეს:

ა) შემოწმების პუნქტებში, არანაკლებ 4 კვ.მ-ის ფართობის მქონე, საჭირო რაოდენობის პირადი შემოწმების სათავსებს   მგზავრთა პირადი შემოწმების ჩასატარებლად;

ბ)  სტერილურ ზონას ფართით 1 მგზავრზე არანაკლებ 1,7 კვ.მ-ისა, რომელშიც განთავსდება სკამები და საერთო სარგებლობის სივრცეები;

გ) ოფიციალური პირების და დელეგაციების დარბაზებში მგზავრების, ხელბარგის და ბარგის შესამოწმებელ პუნქტებს;

9. შემოწმების პუნქტის შესასვლელი და გასასვლელი კარებები არ უნდა იყოს ერთმანეთთან შეთავსებული, უნდა აღიჭურვონ საკეტებით და დამცავი სიგნალიზაციით. კარების გასაღებები უნდა ინახებოდეს საავიაციო უშიშროების სამსახურში.

10. შემოწმების პუნქტები უნდა შემოიღობოს, მასში შესასვლელი და გასასვლელი ისე უნდა მოეწყოს, რომ გამოირიცხოს უცხო პირების მხრიდან შემოწმების პროცესის დანახვა და შემოწმებულ მგზავრებთან კონტაქტი.

11. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი უზრუნველყოფს საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობების ყოველდღიურ შემოწმებას. მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება ხორციელდება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მიერ.


მუხლი 31. გაუთვალისწინებელი ვითარების შემთხვევაში ღონისძიებათა დაგეგმვა
1. გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმა (შემდგომში – გეგმა) განსაზღვრავს:

ა) კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოყალიბებული საავარიო-ოპერატიული ცენტრის ფუნქციებსა და უფლებამოსილებს;

ბ) მართლსაწინააღმდეგო ქმედების საპასუხო მოქმედებებში ჩართული ქვედანაყოფების ამოცანებსა და კოორდინაციის სქემებს;

გ) მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისას:

გ.ა) შეტყობინებისა და კავშირის სქემას;

გ.ბ) შექმნილი სიტუაციების რეგულირებისთვის საჭირო ძალებისა და საშუალებების რაოდენობას;

გ.გ) მუქარის მიღებისა და შეფასების პროცედურებს.

2. შეტყობინების და კავშირის სქემა და ძალების და საშუალებების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია საბოლოოდ მიეწოდება აეროდრომის/ვერტოდრომის სამსახურებსა და ქვედანაყოფების ხელმძღვანელობამდე.

3. აეროდრომის/ვერტოდრომის  საავარიო-ოპერატიული ცენტრი აღიჭურვება:

ა) საჭირო რაოდენობის სამუშაო მაგიდებითა და სკამებით;

ბ) საკანცელარიო ნივთებით;

გ) კომპიუტერული ტექნიკით (კომპიუტერი, პრინტერი, სკანერი და ა.შ.);

დ) კავშირგაბმულობის საშუალებებით (სტაციონარული ტელეფონები, მობილური ტელეფონები, ინტერნეტი, სატელევიზიო, რადიო და სატელიტური კავშირის საშუალებები და ა.შ.);

ე) აეროდრომის/ვერტოდრომის რუკებითა და სქემებით;

ვ) აეროდრომის/ვერტოდრომის გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმით;

ზ) საერთაშორისო და ეროვნული ნორმატიული ბაზის ბიბლიოთეკით;

თ) მართლსაწინააღმდეგო ქმედების საპასუხო მოქმედებებში ჩართული პირებისა და სხვა აუცილებელი საკონტაქტო მონაცემებით;

ი) სათადარიგო ელექტროკვების წყაროთი;

კ) სამზარეულოთი და სველი წერტილებით.

4. აეროდრომის/ვერტოდრომის ტერიტორიაზე გათვალისწინებული უნდა იყოს  მართლსაწინააღმდეგო ქმედებისას დაზარალებული მგზავრების ოჯახის წევრებისა და მასმედიის წარმომადგენლების განსათავსებელი სივრცეები.

5. აეროდრომის/ვერტოდრომის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს სპეციალური იზოლირებული სადგომი, სადაც გადაიყვანება საჰაერო ხომალდები, რომლებზეც ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ან/და  არსებობს ინფორმაცია ან   ვარაუდი   საჰაერო ხომალდზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ.

6. ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოვლენის და გაუვნებელყოფის მიზნით, საეჭვო საგნების შემოწმებისათვის აეროდრომს/ვერტოდრომს უნდა გააჩნდეს სპეციალური ზონა, აღჭურვილი ასაფეთქებელი მოწყობილობების ლოკალიზატორებით.

7. მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაში აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის პერსონალი, ავიასაწარმოების თანამშრომლები და აეროდრომის/ვერტოდრომის ტერიტორიაზე საქმიანობის მწარმოებელი სხვა პირები ვალდებულნი არიან დახმარება გაუწიონ ოპერატიულ ცენტრს სიტუაციის რეგულირებისათვის გატარებულ ღონისძიებებში, აეროდრომის/ვერტოდრომის გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმით გათვალისწინებული სქემის თანახმად.

8. მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ვითარების დარეგულირებისთვის, აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტს უფლება აქვს აეროდრომზე/ვერტოდრომზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიღოს უშიშროების დამატებითი ზომები, როგორიცაა: ფიზიკურ პირთა მოქმედების შეზღუდვა, საჰაერო ხომალდების მიღება-გაშვების აკრძალვა ან შეზღუდვა, სამგზავრო ტერმინალისა და აეროდრომის/ვერტოდრომის სხვა ობიექტების შენობებიდან მგზავრების, პერსონალის და სხვა პირების გაყვანა.

 


თავი VI
სასერტიფიკაციო მოთხოვნ(ებ)იდან გათავისუფლება

 


მუხლი 32. სასერტიფიკაციო მოთხოვნ(ებ)იდან გათავისუფლების ზოგადი დებულებები
1. სააგენტო, აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირების პროცესში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, უფლებამოსილია აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტს წერილობით მისცეს კონკრეტული სასერტიფიკაციო მოთხოვნ(ებ)იდან გათავისუფლების უფლება.

2. სასერტიფიკაციო მოთხოვნ(ებ)იდან გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღებამდე, სააგენტო უნდა დარწმუნდეს, რომ დაცული იქნება ფრენის უსაფრთხოება და საავიაციო უშიშროება.

3. სასერტიფიკაციო მოთხოვნ(ებ)იდან გათავისუფლების უფლება ეძლევა აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტს იმ პირობით, თუ გათავისუფლების შემთხვევაში, აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაციის პირობები შეესაბამება სააგენტოს მიერ ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის დადგენილ პირობებსა და პროცედურებს.

4. ადგილობრივი საფრთხეების გათვალისწინებით, ავიასაწარმოს მიერ განხორციელებული ადგილობრივი რისკის შეფასების საფუძველზე, რომლის შედეგიც შესათანხმებლად წარედგინება სააგენტოს, აეროდრომის ექსპლუატანტი შეიძლება ნაწილობრივ გათავისუფლდეს ამ წესით გათვალისწინებული საავიაციო უშიშროების მოთხოვნების შესრულებისაგან და დაუწესდეს ამ წესის 28-33 მუხლებით დადგენილი მოთხოვნებისგან განსხვავებული მოთხოვნები, რომელიც უზრუნველყოფს აეროდრომზე საავიაციო უშიშროების ზომების ეფექტურად განხორციელებას. ასეთ აეროდრომებს/ვერტოდრომებს მიეკუთვნება საწარმოები, საიდანაც ხორციელდება ფრენები მხოლოდ ქვემოთ მოცემული პირობების გათვალისწინებით:

ა)15 000 კგ-მდე მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებით;

ბ) ვერტმფრენებით;

გ) საავიაციო სამუშაოების შესასრულებლად;

დ) იმ ავიაგადამზიდველების, საჰაერო ხომალდების მწარმოებლების და ტექნიკური მომსახურების საწარმოების მიერ, რომლითაც არ ხორციელდება მგზავრების, საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგის, ტვირთის ან ფოსტის გადაყვანა-გადაზიდვა;

ე) საწარმოს პერსონალის, მგზავრების ან საქონლის გადაზიდვის მიზნით, 45 500 კგ ან ნაკლები მაქსიმალური ასაფრენის მასის მქონე საჰაერო ხომალდებით განხორციელებული არაკომერციული ფრენები, რომელიც სრულდება საწარმოს საქმიანობის მიზნით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს რისკის შეფასების მეთოდოლოგიას. სამოქალაქო ავიაციაში საავიაციო უშიშროების რისკის შეფასების მეთოდოლოგიას ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი.

6. თუ აეროდრომის/ვერტოდრომის მახასიათებლები არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №87 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, სააგენტოს შეუძლია განსაზღვროს ის პირობები და პროცედურები, რომლებიც აუცილებელია შესაბამისი მოთხოვნების ეკვივალენტური უსაფრთხოების დონის შესანარჩუნებლად.

7. აეროდრომის/ვერტოდრომის სასერტიფიკაციო მოთხოვნებიდან გათავისუფლება აღინიშნება სერტიფიკატში, შესაბამისი ჩანაწერის გაკეთებით.

 


თავი VII
საფრენი მოედნები

მუხლი 33. საფრენი მოედნის მოწყობა და აღჭურვა
1. საფრენი მოედანი შესაძლებელია მოეწყოს როგორც ხმელეთზე, ასევე წყლის ზედაპირზეც.

2. ფრენების უსაფრთხოების უზრუნველმყოფი მოთხოვნების გათვალისწინებით, ხმელეთის საფრენი მოედნის ძირითადი პარამეტრები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის  2018 წლის 16 თებერვლის №87 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის ძირითადი პირობების“ მოთხოვნებს და სულ მცირე, აღჭურვილი უნდა იყოს:

ა) ქარის მიმართულების მაჩვენებლით;

ბ) ადზ-ის/FATO და TLOF მონიშვნის ვიზუალური საშუალებებით;

გ) შესაბამისი დონის ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით;

დ) პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებით;

ე) ტერიტორიის საერთო შემოღობვით, დიდი და საშუალო ზომის ცხოველების საფრენ მოედანში შეღწევის აღკვეთის მიზნით (სავალდებულია მხოლოდ იმ საფრენი მოედნებისათვის, სადაც ხდება საჰაერო ხომალ(ებ)ის ბაზირება).

3. საფრენი მოედნები წყლის ზედაპირზე აღჭურვილი უნდა იქნეს:

ა) ქარის მიმართულების მაჩვენებლით;

ბ) საფრენი აკვატორიის აღმნიშვნელი მონიშვნებით;

გ) პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებით;

დ) პირსით, საჰაერო ხომალდის ნაპირთან დამაგრებისა და მგზავრების ჩასხდომა-გადმოსვლის უზრუნველსაყოფად.


მუხლი 34. საფრენი მოედნის რეგისტრაცია და აღრიცხვა
1. საფრენი მოედნის რეგისტრაცია დაიშვება, თუ:

ა) საფრენი მოედანი, 3 ან 4 კოდური აღნიშვნის მქონე სერტიფიცირებული აეროდრომის საკონტროლო წერტილიდან დაშორებულია არანაკლებ 5 კმ მანძილზე;

ბ) საფრენი მოედანი, 1 ან 2  კოდის მქონე სერტიფიცირებული აეროდრომის საკონტროლო წერტილიდან დაშორებულია არანაკლებ 3 კმ მანძილზე;

გ) მდებარეობს დასახლებული რაიონიდან/საცხოვრებელი ობიექტიდან მანძილით, რომელიც უზრუნველყოფს ფრენების უსაფრთხოდ შესრულებას.

2 აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიკატის გაუქმების შემთხვევაში, ეს აეროდრომი/ვერტოდრომი საფრენ მოედნად რეგისტრირებული შეიძლება იყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სააგენტოს მიერ მის შესახებ ინფორმაცია ამოღებული იქნება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულიდან (AIP) დადგენილი წესით.

3. საფრენი მოედნის რეგისტრაციისათვის, საფრენი მოედნის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირი,  წერილობით განცხადებას წარუდგენს სააგენტოს ამ წესის №7 დანართის შესაბამისად.

4. საფრენი მოედნის რეგისტრაციის განცხადება უნდა მოიცავდეს:

ა) ინფორმაციას განმცხადებლის შესახებ (პირადი ინფორმაცია ან მონაცემები იურიდიული პირის შესახებ, მისამართი);

ბ) საფრენი მოედნის რეგისტრაციის მიზეზს;

გ) საფრენი მოედნის დასახელებას, ახლო მდებარე დასახლებული პუნქტის სახელწოდებას, საფრენი მოედნის საკონტროლო წერტილის გეოგრაფიული კოორდინატებს (მსოფლიო გეოდეზიური სისტემის WGS-84 მიხედვით, ხოლო შემაღლებას EGM 96 გათვალისწინებით), რომელიც დამოწმებული იქნება უფლებამოსილი გეოდეზისტის მიერ;

დ) ადზ-ის პარამეტრებს და მიმართულებას ან დასაფრენად შესვლის საბოლოო ეტაპის და აფრენის ზონის (FATO) პარამეტრებს და მიმართულებას;

ე)  განცხადებას იმის თაობაზე, რომ საფრენი მოედნის მახასიათებლები აკმაყოფილებს იმ მაქსიმალური მახასიათებლების მქონე საჰაერო ხომალდის მიმართ დადგენილ ტექნიკურ მოთხოვნებს, რომელიც ამ საფრენ მოედანზე ფრენებს შეასრულებს. 

5. საფრენი მოედნის რეგისტრაციის განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) საფრენი მოედნის ფლობის დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან ნოტარიულად დამოწმებული  განცხადება იმის თაობაზე, რომ საფრენი მოედნის მესაკუთრე/მფლობელი პირი თანახმაა, რომ განმცხადებელმა ეს მოედანი  საჰაერო ხომალდის აფრენა-დაფრენისათვის გამოიყენოს;

ბ) საფრენი მოედნის განთავსების ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეულიდან (ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან) წერილობით თანხმობას, საფრენი მოედნის მოწყობისა და აღნიშნული მოედნიდან ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებით;

გ) საფრენი მოედნის გეგმა (რუკა), საზღვრების და მასშტაბის ჩვენებით, სადაც მითითებულია საფარის ტიპი (ბალახის, ბეტონის ან ასფალტ-ბეტონი და სხვა), დასაფრენად შესვლის არეალი, აფრენა-დაფრენის მიმართულებები, საფრენ მოედანზე არსებული ქარის მიმართულების მაჩვენებელის მდებარეობა, ნაგებობები (არსებობის შემთხვევაში), მნიშვნელოვანი დაბრკოლებები უშუალოდ საფრენ მოედანზე ან მის სიახლოვეს;

დ) საფრენ მოედანზე ფრენის შესრულების სახელმძღვანელო (ფშს).

6. საფრენი მოედნის რეგისტრაციის განაცხადის განხილვისას, სააგენტო უფლებამოსილია, მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა, თუ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება საფრენი მოედნის რეგისტრაციის შესაძლებლობა.

7. სააგენტო საფრენ მოედანს დაარეგისტრირებს მხოლოდ მაშინ, თუ განმცხადებელი ამ წესის ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს. სააგენტო განმცხადებელს წერილობით აცნობებს რეგისტრაციის თარიღს და მოქმედების ვადას, რომელიც განსაზღვრული იქნება საფრენი მოედნის რეგისტრაციის მოწმობაში (დანართი №8).

8. სააგენტოს უფლება აქვს საფრენი მოედანი არ დაარეგისტრიროს, თუ მისი რეგისტრაცია უარყოფით გავლენას მოახდენს საჰაერო მოძრაობის ფრენების უსაფრთხოებაზე და რეგულარობაზე.

9. საფრენი მოედანი რეგისტრირდება 5 წლის ვადით.

10. რეგისტრაცია უქმდება სააგენტოს მიერ ამ მუხლის პუნქტი 7-ის შესაბამისად გაცემულ მოწმობაში განსაზღვრულ თარიღისათვის.

11. საფრენი მოედნის ექსპლუატანტს უფლება აქვს  სააგენტოში შეიტანოს რეგისტრაციის განახლებაზე განაცხადი, ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად რეგისტრაციის მოწმობის მოქმედების ვადის დასრულებამდე არანაკლებ 1 თვისა. სააგენტოსთვის წარდგენილ განაცხადს თან უნდა დაერთოს ექსპლუატანტის განცხადება იმის თაობაზე, რომ ამ წესით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა მის მიერ დაკმაყოფილებულია.

12. იმ პირს, რომლის  საფრენი მოედნის რეგისტრაციის განცხადებაზე უარი ეთქვა ან რომლისთვის გაცემული რეგისტრაციის მოწმობა გაუქმდა, უფლება აქვს წარადგინოს ახალი განცხადება მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღმოფხვრილი იქნება უარის თქმის ან გაუქმების გამომწვევი მიზეზი.

13. პირი, რომელიც ექსპლუატაციას უწევს რეგისტრირებულ საფრენ მოედანს, სააგენტოს ატყობინებს საფრენ მოედანზე მომხდარი ნებისმიერი საავიაციო მოვლენის შესახებ, დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად.

14. საფრენი მოედნის რეგისტრაციის განაცხადის განხილვა ითვალისწინებს სააგენტოს მიერ მოედნის ვარგისობის ადგილზე შემოწმებას საჭიროებისამებრ.

15. დეტალური ინფორმაცია საფრენი მოედნისა და მისი გამოყენების პირობების შესახებ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი პირისათვის.

16. საფრენი მოედნის ექსპლუატანტი პასუხისმგებელია, საფრენი მოედნის რეგისტრაციის მთელ პერიოდში შეინარჩუნოს ის პირობები, რა პირობებითაც მოხდა საფრენი მოედნის დარეგისტრირება და გაიცა შესაბამისი მოწმობა.

17. საფრენი მოედნის გაუქმების შესახებ, ექსპლუატანტი ვალდებულია წერილობით აცნობოს სააგენტოს არაუგვიანეს ფრენების შეწყვეტამდე 5 დღით ადრე, რათა მოხდეს საფრენი მოედნის რეგისტრაციის გაუქმება და შესაბამისი რეესტრიდან ამოღება.

18. სააგენტო, რეგისტრირებული საფრენი მოედნების აღრიცხვის მიზნით აწარმოებს რეესტრს, რომელშიც მოცემული უნდა იქნეს მოქმედი საფრენი მოედნის დასახელება, მფლობელი/ექსპლუატანტი, მდებარეობა, საკონტროლო წერტილის კოორდინატები, ძირითადი საშუალებების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია.

19. საფრენი მოედნის რეესტრი ელექტრონული სახით ხელმისაწვდომი უნდა იქნეს დაინტერესებული პირებისთვის.

20. საფრენი მოედნები თავისუფლდება საავიაციო უშიშროების მოთხოვნებისაგან, იმ პირობით, რომ საავიაციო უშიშროებას (გაფრენისწინა შემოწმებას, სხ-ის დაცვას) საავიაციო უშიშროების მარეგულირებელი დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად უზრუნველყოფს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი/ოპერატორი.