„სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირებისა და საფრენი მოედნების, რეგისტრაციის და აღრიცხვის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 4 მარტის №32 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირებისა და საფრენი მოედნების, რეგისტრაციის და აღრიცხვის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 4 მარტის №32 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 16/02/2024
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016328
41
16/02/2024
ვებგვერდი, 20/02/2024
310150000.54.066.016328
„სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირებისა და საფრენი მოედნების, რეგისტრაციის და აღრიცხვის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 4 მარტის №32 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №41

2024 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირებისა და საფრენი მოედნების, რეგისტრაციის და აღრიცხვის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 4 მარტის №32 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირებისა და საფრენი მოედნების, რეგისტრაციის და აღრიცხვის წესის“ დამტკიცების შესახებ“ (matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016214, 05/03/2021) სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 4 მარტის №32 ბრძანებით დამტკიცებულ „სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირებისა და საფრენი მოედნების, რეგისტრაციის და აღრიცხვის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. წესის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირებისა და საფრენი მოედნების რეგისტრაციის და აღრიცხვის წესის (შემდგომში – წესი) მიზანია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სახმელეთო აეროდრომების და ვერტოდრომების სერტიფიცირება, საფრენი მოედნების რეგისტრაცია და აღრიცხვა, მათი უსაფრთხო ფუნქციონირების სამართლებრივი უზრუნველყოფა.

2. წესით განსაზღვრულია:

ა) აეროდრომის/ვერტოდრომის სასერტიფიკაციო მოთხოვნები, სერტიფიცირების წესი და პირობები, აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიკატის გაცემის, გაცემაზე უარის თქმის, სერტიფიკატის უკან დაბრუნების, შეჩერების, განახლების, შეზღუდვის, გაუქმების, გადაცემის და სერტიფიკატის გამოცვლის პირობები;

ბ) საფრენი მოედნების აღრიცხვისა და რეგისტრაციის მოთხოვნები, რეგისტრაციის და რეგისტრაციიდან მოხსნის წესი და პირობები;

გ) აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის, საფრენი მოედნის ექსპლუატანტისა და სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის გამცემი ორგანოს უფლებამოსილება.

3. სახელმწიფო ავიაციის აეროდრომი და ვერტოდრომი, რომელიც გამოიყენება სამოქალაქო მიზნებისთვის, ასევე ექვემდებარება სერტიფიცირებას სამოქალაქო ავიაციის აეროდრომის და ვერტოდრომის სერტიფიცირებისთვის დადგენილი წესის შესაბამისად.

4. სამოქალაქო აეროდრომი ექვემდებარება სერტიფიცირებას, თუ:

ა) აეროდრომი გამოიყენება სატრანსპორტო ავიაციის მიზნებისათვის და საჰაერო გადაყვანა- გადაზიდვა სრულდება იმ თვითმფრინავით, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა აღემატება 2370 კილოგრამს;

ბ) აეროდრომზე ხორციელდება საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა;

გ) სერტიფიცირებას მოითხოვს აეროდრომის სერტიფიკატის მაძიებელი.

5. სამოქალაქო ვერტოდრომი ექვემდებარება სერტიფიცირებას, თუ:

ა) ვერტოდრომზე ხორციელდება საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა;

ბ) სერტიფიცირებას მოითხოვს ვერტოდრომის სერტიფიკატის მაძიებელი.

6. დაუშვებელია, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაცია, თუ მისი ექსპლუატანტი არ ფლობს ამ წესის შესაბამისად გაცემულ აეროდრომის/ვერტოდრომის მოქმედ სერტიფიკატს.

7. საფრენი მოედანი ექვემდებარება რეგისტრაციას, თუ:

ა) გამოიყენება სატრანსპორტო ავიაციის, კომერციული სპეციალიზებული ავიაციის (საავიაციო სამუშაოები) მიზნებისა და ლოკალური ფრენებისთვის, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა.ა) საჰაერო ხომალდებით ფრენები სრულდება რეგულარულად წინასწარ დადგენილ მარშრუტებზე;

ა.ბ) ხორციელდება საჰაერო ხომალდების ბაზირება და ტექნიკური მომსახურება;

ა.გ) შვეულმფრენით ფრენების განხორციელების დაგეგმილი პერიოდი აღემატება 1 თვეს;

ბ) რეგისტრაციას მოითხოვს დაინტერესებული პირი.

შენიშვნა: ქალაქების, მჭიდროდ დასახლებული რაიონების, დასახლებების ან ღია ცის ქვეშ ხალხის თავშეყრის ადგილებში აფრენა-დაფრენა უნდა განხორციელდეს სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს №113 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესის“ მე-9 მუხლის მოთხოვნების დაცვით.

8. დაუშვებელია, ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფრენი მოედნის ექსპლუატაცია, თუ მისი ექსპლუატანტი არ ფლობს ამ წესის შესაბამისად გაცემულ საფრენი მოედნის მოქმედ რეგისტრაციის მოწმობას.

9. აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიკატის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებას, განახლებას, სერტიფიკატის შეზღუდვას, სერტიფიკატის გაუქმებას, სერტიფიკატის გადაცემას, სერტიფიკატის შეცვლას, ექსპლუატანტის საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობასა და კონტროლს, ასევე საფრენი მოედნების რეგისტრაციას, ამ წესის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) და აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგი (სერტიფიკატის სტატუსი, გარდა სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმისა) აისახება საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში დადგენილი წესის შესაბამისად.

10. იმ პირობების შეცვლისას, რომლებიც მითითებულია სერტიფიკატში, აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია, ახალი პირობებით აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაციამდე, სააგენტოში წარადგინოს ამ წესით გათვალისწინებული განცხადება, სერტიფიკატში საჭირო ცვლილებების შეტანის თაობაზე.

11. აეროდრომის/ვერტოდრომის საქმიანობაზე მუდმივი ზედამხედველობის განხორციელებისას, სააგენტო ადგენს ფრენების უსაფრთხოდ შესრულების, მოქმედი საავიაციო წესებისა და ნორმების დაცვის მდგომარეობასთან შესაბამისობას.

12. სააგენტოს მიერ, აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიკატის, ასევე საფრენი მოედნის რეგისტრაციის მოწმობის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 120 (ას ოცი) კალენდარული დღის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის გაგრძელება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესითა და პირობებით.

13. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის მიერ საერთაშორისო ავიარეისების მომსახურების დაგეგმვის შემთხვევაში იგი ვალდებულია, ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა, უზრუნველყოს საბაჟო, სასაზღვრო, სანიტარიული და საკარანტინო მომსახურება/ფუნქციების განხორციელება შესაბამისი უწყებების მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

14. სერტიფიცირებულ აეროდრომზე/ვერტოდრომზე ლიტერული და სპეციალური რეისების მომსახურება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

15. სერტიფიცირებული აეროდრომისათვის/ვერტოდრომისათვის, საერთაშორისო ინდექსის (ოთხი ლათინური ასოსაგან შემდგარი პირობითი ამოსაცნობი ნიშანი) მინიჭება და გაუქმება ხორციელდება იკაო-ს ოფიციალური გამოცემით DOC 7910 („ადგილმდებარეობის მაჩვენებლები/ინდექსები“) დადგენილი წესით, ამ აეროდრომის ექსპლუატანტის მოთხოვნისა და სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (შემდგომში – IATA) კოდის მინიჭება კი ხორციელდება IATA-ს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

16. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი, აეროდრომის/ვერტოდრომის ტერიტორიაზე, მისგან დამოუკიდებლად მოქმედ პირებთან – ავიასაწარმოებთან (სააერნაოსნო მომსახურების საწარმო, საჰაერო ხომალდის ხმელეთზე მომსახურე სამსახურები, საწვავგასამართი საწარმო, საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმო და სხვა), რომლებიც დაკავშირებული არიან აეროდრომის/ვერტოდრომის უსაფრთხო და შეუფერხებლად ფუნქციონირებასთან, აფორმებს სათანადო ხელშეკრულებას/შეთანხმებას, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს მხარეთა პასუხისმგებლობები, ურთიერთკოორდინაციის საკითხები, ასევე, აეროდრომის/ვერტოდრომის უსაფრთხო და მოწესრიგებული ფუნქციონირებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის საკითხები.

17. საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ ამ მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოსთან გაფორმებული ხელშეკრულება ასევე უნდა ითვალისწინებდეს სააერნაოსნო სანათების და ნიშნების მოწყობა/მომსახურების საკითხებს, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №87 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – სამოქალაქო ავიაციის აეროდრომის/ვერტოდრომის პროექტირებისა და ექსპლუატაციის ძირითადი პირობების“ 34-ე მუხლის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ აეროდრომის ექსპლუატანტი უშუალოდ არ ახორციელებს აღნიშნულ მომსახურებას.

18. სააგენტო, ამ წესით გაცემული აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიკატით განსაზღვრული მოთხოვნების სრულად შესრულებაზე ზედამხედველობას, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში, ახორციელებს არანაკლებ 24-თვიანი ციკლის მანძილზე“.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საავიაციო უშიშროების მარეგულირებელ ნორმატიული აქტები – ამ წესის მიზნებისთვის საავიაციო უშიშროების მარეგულირებელ დოკუმენტებს წარმოადგენს: საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №556 დადგენილებით დამტკიცებული „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა“, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №242 დადგენილებით დამტკიცებული „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამა“, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 20 სექტემბრის №125 ბრძანებით დამტკიცებული „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამა“; სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის №109 ბრძანებით დამტკიცებული „საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, მათ შორის გაფრენისწინა შემოწმების წესი“ და სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 6 მარტის №26 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესი“.

3. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „დ“, „ზ“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) აეროდრომის/ვერტოდრომის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №556 დადგენილებით დამტკიცებულ „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით“ დადგენილ მოთხოვნებს“;

„ზ) უსაფრთხოების მართვის სისტემის სახელმძღვანელო, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 20 სექტემბრის №196 ბრძანებით დამტკიცებულ „უსაფრთხოების მართვის სისტემის წესის“ მოთხოვნებს;

თ) აეროდრომის/ვერტოდრომის იმ პერსონალის და პასუხისმგებელი პირების კვალიფიკაციის და გამოცდილების დამადასტურებელი საბუთები, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული პერსონალის კვალიფიკაცია უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის №4 დანართის მოთხოვნებს, ასევე, საქართველოს საჰაერო კოდექსისა და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების მოთხოვნებს“;

„კ) ხელშეკრულება/შეთანხმება, აეროდრომის/ვერტოდრომის უსაფრთხო და მოწესრიგებულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სააერნაოსნო მომსახურების საწარმოსთან, რომელიც სერტიფიცირებულია სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 12 ივნისის №119 ბრძანებით დამტკიცებულ „სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ შესაბამისად, და რომელიც საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბერი №660 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესის“ შესაბამისად უზრუნველყოფს, აეროდრომისთვის საჰაერო სივრცის დასადგენად სააგენტოში შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენას“;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შემუშავებული აეროდრომის დაცვის არის ნახაზს, რუკის სახით, და ანგარიშს, რომელშიც მოცემული უნდა იყოს აეროდრომის დაცვის არის თითოეული ზედაპირის აღწერა, ათვლის წერტილები (შემაღლებების მითითებით) და პარამეტრები“.

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საწარმოს/ორგანიზაციის აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის შემადგენელ სტრუქტურულ ერთეულ(ებ)ად არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხელშეკრულებები არ მოითხოვება და ეს საწარმო ექვემდებარება სერტიფიცირებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“.

დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საწარმოს/ორგანიზაციის აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის შემადგენელ სტრუქტურულ ერთეულ(ებ)ად არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხელშეკრულებები არ მოითხოვება და აეროდრომის ექსპლუატანტის დამატებითი საქმიანობა ექვემდებარება სერტიფიცირებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რა დროსაც აეროდრომის ექსპლუატანტმა ასევე უნდა უზრუნველყოს აეროდრომისთვის საჰაერო სივრცის დასადგენად სააგენტოში შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის №660 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესის“ საფუძველზე“.

4. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ სერტიფიცირებით ნაკისრი იმ ვალდებულებების შემოწმებას, რომელიც აეროდრომის ექსპლუატანტს შეთანხმების/ხელშეკრულების ფარგლებში დელეგირებული აქვს სხვა ავიასაწარმო(ებ)ზე“.

5. 27-მუხლის:

ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. აეროპორტის/ვერტოდრომის არაკონტროლირებად ზონაში საავიაციო უშიშროების მოთხოვნათა შესრულებას უზრუნველყოფს აეროდრომის/ვერტოდრომის საავიაციო უშიშროების სამსახური და სამართალდამცავი ორგანოები ურთიერთკოორდინაციით, საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №556 დადგენილებით დამტკიცებული „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“ თანახმად.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. არაკონტროლირებადი ზონის უშიშროების ზომები განისაზღვრება აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ განხორციელებული რისკის შეფასების საფუძველზე, ზონებში არსებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების საფრთხეების გათვალისწინებით“.

6. 29-მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აეროდრომის/ვერტოდრომის და სამოქალაქო ავიაციის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების ტერიტორიას მთელ პერიმეტრზე უნდა ჰქონდეს არანაკლებ 2,13-2,44 მეტრი სიმაღლის შემოღობვა გამაფრთხილებელი ანშლაგებით, რომლებიც კრძალავენ კონტროლირებად ზონაში შეღწევას. გამაფრთხილებელ ანშლაგებს შორის მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 100 მეტრს. შემოღობვის გარე და შიდა ზონებში ვიზუალური წვდომის უზრუნველსაყოფად, პერიმეტრული შემოღობვისთვის გამოიყენება მყარი, გამჭვირვალე მასალა, ისეთი როგორიცაა ლითონის ბადე, შედუღებული ლითონის ცხაური და ა.შ. შემოღობვის საძირკველი მყარად უნდა იყოს ჩამაგრებული მიწაში ბეტონით ან სხვა მყარი  სამშენებლო  მასალით.  გამორიცხული  უნდა  იყოს  კონსტრუქციის დემონტაჟი მარტივი ხერხით. ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს პერიმეტრული შემოღობვის მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება“.

7. 30-მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. შემოწმების პუნქტები აღიჭურვება საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობებით, ვიდეოჩაწერის სისტემით აღჭურვილი ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემით, რომლის ინფორმაციაც ინახება სულ მცირე 90 კალენდარული დღის განმავლობაში, ავარიული განიავებით და ელექტრო-მომარაგებით, საგანგაშო სიგნალიზაციით, სატელეფონო კავშირებით, მათ შორის, პირდაპირი კავშირით მგზავრთა გადაყვანის ორგანიზების სამსახურის დისპეტჩერთან, ბილეთების რეგისტრაციისა და ბარგის მიმღებ პუნქტებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან“.

8. 34-მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 34. საფრენი მოედნის რეგისტრაცია და აღრიცხვა

1. საფრენი მოედნის რეგისტრაცია არ დაიშვება, თუ საფრენი მოედნის განთავსება დაგეგმილია სერტიფიცირებული აეროდრომის აფრენისას სიმაღლის აღების, დასაფრენად შესვლის და გარდამავალი ზედაპირების ფარგლებში.

2. საფრენი მოედნის რეგისტრაცია, სერტიფიცირებული აეროდრომის „სააეროდრომო სამეთვალყურეო მოსახურების“ ან „სააეროდრომო საფრენოსნო საინფორმაციო მომსახურების (AFIS)“ არეების ფარგლებში დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი იქნება სააერნაოსნო მომსახურების მიმწოდებელთან ურთიერთკოორდინაციის შეთანხმება.

3. აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიკატის გაუქმების შემთხვევაში ეს აეროდრომი/ვერტოდრომი საფრენ მოედნად რეგისტრირებული შეიძლება იყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სააგენტოს მიერ მის შესახებ ინფორმაცია, დადგენილი წესით, ამოღებული იქნება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულიდან (AIP).

4. საფრენი მოედნის რეგისტრაციისათვის, საფრენი მოედნის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირი წერილობით განცხადებას წარუდგენს სააგენტოს, ამ წესის №7 დანართის შესაბამისად.

5. საფრენი მოედნის რეგისტრაციის განცხადება უნდა მოიცავდეს:

ა) ინფორმაციას განმცხადებლის შესახებ (პირადი ინფორმაცია ან მონაცემები იურიდიული პირის შესახებ, მისამართი);

ბ) საფრენი მოედნის რეგისტრაციის მიზეზს;

გ) საფრენი მოედნის დასახელებას, ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტის სახელწოდებას, საფრენი მოედნის საკონტროლო წერტილის გეოგრაფიულ კოორდინატებს (მსოფლიო გეოდეზიური სისტემის WGS-84 მიხედვით, ხოლო შემაღლებას – EGM 96 გათვალისწინებით), რომელიც დამოწმებული იქნება უფლებამოსილი გეოდეზისტის მიერ;

დ) ადზ-ის პარამეტრებს და მიმართულებას ან დასაფრენად შესვლის საბოლოო ეტაპის და აფრენის ზონის (FATO) პარამეტრებს და მიმართულებას;

ე) განცხადებას იმის თაობაზე, რომ საფრენი მოედნის მახასიათებლები აკმაყოფილებს იმ მაქსიმალური მახასიათებლების მქონე საჰაერო ხომალდის მიმართ დადგენილ ტექნიკურ მოთხოვნებს, რომელიც ამ საფრენ მოედანზე ფრენებს შეასრულებს.

6. საფრენი მოედნის რეგისტრაციის განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონების შესახებ;

ბ) უძრავი ქონების მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ განმცხადებელი არ არის უძრავი ქონების მესაკუთრე;

გ) საფრენი მოედნის განთავსების ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეულიდან (ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან) წერილობითი თანხმობა, საფრენი მოედნის მოწყობისა და აღნიშნული მოედნიდან ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებით;

დ) საფრენი მოედნის გეგმა (რუკა), საზღვრების და მასშტაბის ჩვენებით, სადაც მითითებულია საფარის ტიპი (ბალახის, ბეტონის ან ასფალტ-ბეტონი და სხვა), დასაფრენად შესვლის არეალი, აფრენა-დაფრენის მიმართულებები, საფრენ მოედანზე არსებული ქარის მიმართულების მაჩვენებელის მდებარეობა, ნაგებობები (არსებობის შემთხვევაში), მნიშვნელოვანი დაბრკოლებები უშუალოდ საფრენ მოედანზე ან მის სიახლოვეს;

ე) საფრენ მოედანზე ფრენის შესრულების სახელმძღვანელო (ფშს).

7. საფრენი მოედნის რეგისტრაციის განაცხადის განხილვისას სააგენტო უფლებამოსილია, მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა, თუ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება საფრენი მოედნის რეგისტრაციის შესაძლებლობა.

8. სააგენტო საფრენ მოედანს დაარეგისტრირებს მხოლოდ მაშინ, თუ განმცხადებელი ამ წესის ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს. სააგენტო განმცხადებელს წერილობით აცნობებს რეგისტრაციის თარიღს და მოქმედების ვადას, რომელიც განსაზღვრული იქნება საფრენი მოედნის რეგისტრაციის მოწმობაში (დანართი №8).

9. სააგენტოს უფლება აქვს საფრენი მოედანი არ დაარეგისტრიროს, თუ მისი რეგისტრაცია უარყოფით გავლენას მოახდენს საჰაერო მოძრაობის რეგულარობაზე და ფრენის უსაფრთხოებაზე. 

10. საფრენი მოედანი რეგისტრირდება 5 წლის ვადით.

11. რეგისტრაცია უქმდება სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად გაცემულ მოწმობაში განსაზღვრული თარიღისათვის.

12. საფრენი მოედნის ექსპლუატანტს უფლება აქვს სააგენტოში შეიტანოს განცხადება რეგისტრაციის განახლებაზე ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის მოწმობის მოქმედების ვადის დასრულებამდე არაუგვიანეს 1 თვისა.

13. პირს, რომელსაც საფრენი მოედნის რეგისტრაციის განცხადებაზე უარი ეთქვა ან რომლისთვისაც გაცემული რეგისტრაციის მოწმობა გაუქმდა, უფლება აქვს წარადგინოს ახალი განცხადება მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღმოფხვრილი იქნება უარის თქმის ან გაუქმების გამომწვევი მიზეზი.

14. პირი, რომელიც ექსპლუატაციას უწევს რეგისტრირებულ საფრენ მოედანს, სააგენტოს ატყობინებს საფრენ მოედანზე მომხდარი ნებისმიერი საავიაციო მოვლენის შესახებ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

15. საფრენი მოედნის რეგისტრაციის განაცხადის განხილვა ითვალისწინებს სააგენტოს მიერ, საჭიროებისამებრ, მოედნის ვარგისობის ადგილზე შემოწმებას.

16. დეტალური ინფორმაცია საფრენი მოედნისა და მისი გამოყენების პირობების შესახებ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი პირისათვის.

17. საფრენი მოედნის ექსპლუატანტი პასუხისმგებელია საფრენი მოედნის რეგისტრაციის მთელ პერიოდში შეინარჩუნოს ის პირობები, რა პირობებითაც მოხდა საფრენი მოედნის დარეგისტრირება და გაიცა შესაბამისი მოწმობა.

18. საფრენი მოედნის გაუქმების შესახებ ექსპლუატანტი ვალდებულია წერილობით აცნობოს სააგენტოს არაუგვიანეს ფრენების შეწყვეტამდე 5 დღით ადრე, რათა მოხდეს საფრენი მოედნის რეგისტრაციის გაუქმება და შესაბამისი რეესტრიდან ამოღება.

19. სააგენტო, რეგისტრირებული საფრენი მოედნების აღრიცხვის მიზნით, აწარმოებს რეესტრს, რომელშიც შეიტანება შემდეგი მონაცემები: მოქმედი საფრენი მოედნის დასახელება, მფლობელი/ექსპლუატანტი, მდებარეობა, საკონტროლო წერტილის კოორდინატები, ძირითადი საშუალებების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია.

20. საფრენი მოედნის რეესტრი ელექტრონული სახით ხელმისაწვდომი უნდა იქნეს დაინტერესებული პირებისთვის.

21. საფრენი მოედნები თავისუფლდება საავიაციო უშიშროების მოთხოვნებისაგან იმ პირობით, რომ საავიაციო უშიშროებას (გაფრენისწინა შემოწმებას, სხ-ის დაცვას) საავიაციო უშიშროების მარეგულირებელი დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად უზრუნველყოფს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი/ოპერატორი“.

9. №4 დანართის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აეროდრომის/ვერტოდრომის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელ პირს (სამსახურის უფროსს) უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება მშენებელი ინჟინრის, ელექტროინჟინრის ან ინჟინერ მექანიკოსის კვალიფიკაციით, აღნიშნულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილებით. ასევე, დასაშვებია, უმაღლესი განათლების მქონე სხვა კვალიფიკაციის მქონე პირის დანიშვნა აეროდრომის/ვერტოდრომის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელ პირად (სამსახურის უფროსი), თუ მას გააჩნია აეროდრომის ექსპლუატაციის სამსახურში მუშაობის სულ მცირე 5 წლის გამოცდილება და გავლილი აქვს აეროდრომის ექსპლუატაციის შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ან/და ევროპის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ აღიარებულ სასწავლო დაწესებულებაში“.

10. №5 და №6 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
1. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული „სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირებისა და საფრენი მოედნების, რეგისტრაციის და აღრიცხვის წესის“ 30-ე მუხლის მე-6 პუნქტისა.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული „სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირებისა და საფრენი მოედნების, რეგისტრაციის და აღრიცხვის წესის“ 30-ე მუხლის მე-6 პუნქტი ამოქმედდეს ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან 6 თვის შემდეგ.


სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი