საბანკო და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის კოდექსის დამტკიცების თაობაზე

საბანკო და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის კოდექსის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 02/02/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2021
ძალაში შესვლის თარიღი 02/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016546
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
13/04
02/02/2021
ვებგვერდი, 03/02/2021
220010000.18.011.016546
საბანკო და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის კოდექსის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/02/2021 - 21/06/2023)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №13/04

2021 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საბანკო და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის კოდექსის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 47-ე მუხლის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 52-ე მუხლის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტების, 524 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის,  „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის, 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 45-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-5 პუნქტისა და 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს თანდართული საბანკო და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის კოდექსი.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 9 ივლისის ბრძანება №154/04  „ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების კოდექსი კომერციული ბანკებისთვის“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 2 აგვისტოს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე



საბანკო და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის კოდექსი

 


თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. მიზანი და მოქმედების სფერო

1.  კომერციული ბანკების, საბროკერო კომპანიებისა და აქტივების მმართველი კომპანიების საქმიანობა, მათი როლიდან გამომდინარე, დაფუძნებულია საზოგადოებრივ ნდობაზე. ამ კოდექსის მიზანია უზრუნველყოს კომერციული ბანკების, საბროკერო კომპანიებისა და აქტივების მმართველი კომპანიების, აგრეთვე მათ საქმიანობაში ჩართული პირების ეთიკური ქცევა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საბანკო სექტორისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის  რეპუტაციის ამაღლებას და გაზრდის მომხმარებელთა ნდობას. აღნიშნული დადებითად აისახება მთლიანად ფინანსური სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებაზე, ბაზრის მონაწილეების მდგრადობასა და საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე.

2. საბანკო და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის კოდექსის (შემდგომში – კოდექსი) მიზანია ფინანსურ ბაზრებზე ეთიკისა და პროფესიონალიზმის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დამკვიდრება, რაც ხელს შეუწყობს საბანკო, საბროკერო და აქტივების მმართველის საქმიანობის მიმართ საზოგადოების, მათ შორის, ინვესტორთა ნდობის ამაღლებასა და საბანკო და ფასიანი ქაღალდების ბაზრების სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას.

3. კოდექსით განსაზღვრული პრინციპები და სტანდარტები ვრცელდება კომერციულ ბანკებზე, საბროკერო კომპანიებსა და აქტივების მმართველ კომპანიებზე (მათ შორის საინვესტიციო კომპანიებზე, რომელთაც არ ჰყავთ დანიშნული გარე აქტივების მმართველი), მათ აქციონერებზე/მმართველი ორგანოს წევრებზე, ადმინისტრატორებსა და დასაქმებულ პირებზე, რომლებიც შესაბამისად ეწევიან საბანკო, საბროკერო ან/და აქტივების მმართველის საქმიანობას (შემდგომში – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები).

4. ამ კოდექსით განსაზღვრული პრინციპები და სტანდარტები ეფუძნება სერტიფიცირებულ ფინანსურ ანალიტიკოსთა (CFA) ინსტიტუტის მიერ განსაზღვრულ ეთიკის პრინციპებსა და პროფესიული ქცევის სტანდარტების ჩარჩოს, რომელიც ფინანსურ ბაზარზე საყოველთაოდ აღიარებული და მიღებული სახელმძღვანელო სტანდარტებია. თუ ეს კოდექსი არ შეიცავს ჩანაწერს კონკრეტულ საკითხთან მიმართებით და არ არსებობს ეროვნული ბანკის მხრიდან საკითხის დამატებითი განმარტება, კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალმა პირებმა და ეროვნულმა ბანკმა საკითხის განხილვისას უნდა იხელმძღვანელონ სერტიფიცირებულ ფინანსურ ანალიტიკოსთა (CFA) ინსტიტუტის განმარტებებითა და პრაქტიკული სტანდარტების სახელმძღვანელოებით. თუ კოდექსში განსაზღვრული რომელიმე ცნების განმარტებასთან თუ სხვა საკითხთან მიმართებით ვერ მოხდა ფინანსური ბაზრის მონაწილესა და ეროვნულ ბანკს შორის საერთო მოსაზრებაზე შეთანხმება, საკითხი გადაწყდება ეროვნული ბანკის მოსაზრების შესაბამისად.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კოდექსის მიზნებისთვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი – საბროკერო კომპანია, კომერციული ბანკი ან აქტივების მმართველი კომპანია (მათ შორის საინვესტიციო კომპანია, რომელსაც არ ჰყავს დანიშნული გარე აქტივების მმართველი), რომელიც ეწევა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით განსაზღვრულ საბროკერო საქმიანობას ან/და „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრულ აქტივების მმართველის საქმიანობას;

ბ) მომხმარებელი(კლიენტი) – საბანკო, საბროკერო ან აქტივების მმართველის  პროდუქტის/მომსახურების მიმღები ან ასეთი განზრახვის მქონე ფიზიკური ან იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე წარმონაქმნი;

გ) საინვესტიციო რჩევა (კონსულტაცია) – პირის მიერ,  კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, კლიენტისთვის რეკომენდაციის გაწევა ფასიან ქაღალდებთან/ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული ტრანზაქციების შესახებ;

დ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის მანიპულაცია  „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით განსაზღვრული ქმედება ან ქმედებათა ერთობლიობა;

ე) ინსაიდერული ინფორმაცია – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 452 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია;

ვ) ფიდუციური ოპერაცია – ნდობითი ოპერაცია, რომელსაც ბანკი ან ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი აწარმოებს თავისი სახელით, მაგრამ კლიენტის დავალებით და მისი ხარჯით (როგორც წესი, ინვესტიციების სამართავად); მთელი რისკისათვის კლიენტი თავადაა პასუხისმგებელი, ხოლო ბანკი/ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი მიიღებს საკომისიოს.

 

თავი II. ეთიკის პრინციპები საბანკო და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეებისთვის

მუხლი 3. ეთიკის ზოგადი პრინციპები

კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები ვალდებულნი არიან საქმიანობისას იმოქმედონ ეთიკის მინიმუმ შემდეგ პრინციპთა დაცვით:

ა) იმოქმედონ პატიოსნად, კომპეტენტურად, ყურადღებით, პატივისცემითა და ეთიკის ნორმების სრული დაცვით საზოგადოების, მომხმარებლების, დამსაქმებლების, დასაქმებულებისა და ფინანსური ბაზრის სხვა მონაწილეების მიმართ;

ბ) პირად ინტერესებზე მაღლა დააყენონ პროფესიული პატიოსნება და მომხმარებლების ინტერესები;

გ) პროფესიული საქმიანობისას იმოქმედონ გონივრული პროფესიული სიფრთხილითა და დამოუკიდებელი განსჯით;

დ) იმოქმედონ და მოუწოდონ სხვებსაც, იმოქმედონ ეთიკურად და კეთილსინდისიერად, რაც დადებითად აისახება მათზე და ზოგადად, საფინანსო სექტორზე;

ე) ხელი შეუწყონ საფინანსო სექტორისა და მის მონაწილეთა კეთილსინდისიერებასა და მდგრადობას საზოგადოებრივი სარგებლისათვის;

ვ) იზრუნონ საკუთარი და სხვების პროფესიული კომპეტენციის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე.

 

მუხლი 4. პროფესიონალიზმი

კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები უნდა იცავდნენ პროფესიონალიზმის მინიმუმ შემდეგ სტანდარტებს:

ა) კანონმდებლობის ცოდნა – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები სრულად უნდა იცნობდნენ და შეესაბამებოდნენ არსებული კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებსა და მოთხოვნებს. თუ ერთსადაიმავე სტანდარტზე ჩანაწერს შეიცავს როგორც ეს კოდექსი, ასევე სხვა სამართლებრივი აქტი, პირმა უნდა დაიცვას უფრო მკაცრი სტანდარტი. კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები შეგნებულად არ უნდა არღვევდნენ, არ უნდა მონაწილეობდნენ და ხელს არ უწყობდნენ კანონმდებლობის დარღვევას და მკაცრად უნდა ემიჯნებოდნენ ნებისმიერ კანონსაწინააღმდეგო პრაქტიკას;

ბ) დამოუკიდებლობა და ობიექტურობა – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები გონივრული სიფრთხილითა და განსჯით უნდა აღწევდნენ და ინარჩუნებდნენ დამოუკიდებლობასა და ობიექტურობას პროფესიულ საქმიანობაში. დაუშვებელია ნებისმიერ შეთავაზებაზე ან შუამდგომლობაზე დათანხმება ან ნებისმიერი სახის საჩუქრის, სარგებლისა თუ კომპენსაციის შეთავაზება/მოთხოვნა/მიღება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მათი ან სხვების დამოუკიდებლობასა და ობიექტურობას;

გ) შეცდომაში შეყვანა – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალ პირებს განზრახ შეცდომაში არ უნდა შეჰყავდეთ სხვა პირები თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას და ინფორმაციის მიწოდებისას;

დ) დაუშვებელი ქცევა – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები არ უნდა ჩაებან ისეთ პრაქტიკაში, რაც გულისხმობს არაკეთილსინდისიერ, თაღლითურ ქმედებას, განზრახ შეცდომაში შეყვანას ან ნებისმიერ სხვა ქმედებას, რაც უარყოფითად აისახება მათ პროფესიულ რეპუტაციაზე, კომპეტენტურობასა და კეთილსინდისიერებაზე.

 

მუხლი 5. კეთილსინდისიერება ფინანსურ ბაზრებზე

კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები უნდა იცავდნენ ფინანსურ ბაზრებზე კეთილსინდისიერების მინიმუმ შემდეგ სტანდარტებს:

ა) მატერიალური არასაჯარო ინფორმაცია – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები, რომლებიც ფლობენ ინსაიდერულ ინფორმაციას ან სხვა სახის მატერიალურ  არასაჯარო ინფორმაციას, რომელიც ახდენს ან შესაძლოა, მოახდინოს გავლენა ფინანსური ბაზრის და მათ შორის, საბანკო და ფასიანი ქაღალდების ბაზრის სექტორის შიდა პროცესებზე, ტრანზაქციებსა და გადაწყვეტილებებზე, არ უნდა გასცემდნენ/იყენებდნენ და ხელს არ უნდა უწყობდნენ ასეთი ინფორმაციის არასათანადო გადადინებას სხვა პირებზე ან/და გამოყენებას სხვა პირების მიერ;

ბ) ფინანსური ბაზრის მანიპულაცია – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები არ უნდა ჩაებან ფასიანი ქაღალდების ბაზრის მანიპულაციაში ან სხვა ისეთ მანიპულაციურ პრაქტიკაში, რომელიც უსამართლოდ ცვლის ფასებს (პროცენტი, საკომისიო და სხვ.) ან ხელოვნურად ზრდის ტრანზაქციის მოცულობას ბაზრის მონაწილეების შეცდომაში შეყვანის მიზნით.

 

მუხლი 6. ვალდებულებები მომხმარებლების მიმართ

კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალ პირებს მომხმარებლების მიმართ აქვთ მინიმუმ შემდეგი ვალდებულებები:

ა)  ერთგულება, წინდახედულობა და მზრუნველობა – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალმა პირებმა უნდა გამოიჩინონ ერთგულება, მზრუნველობა და გონივრული განსჯა თავიანთი მომხმარებლების მიმართ;

ბ) სამართლიანი მოპყრობა – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები ვალდებულნი არიან პროფესიული საქმიანობისა და კონსულტაციის გაწევის პროცესში მუდმივად ინარჩუნებდნენ სამართლიანობასა და ობიექტურობას;

გ) შესაბამისობა – მომხმარებელთან საკონსულტაციო ურთიერთობისას ან შეთავაზების განხორციელებისას, კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები ვალდებულნი არიან:

გ.ა) განახორციელონ გონივრული და სრულყოფილი  კვლევა მომხმარებლის ფინანსური და სხვა სახის ინფორმაციისა, რაც აუცილებელია გონივრული და მომხმარებლისთვის საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად. აღნიშნული ინფორმაცია მუდმივ გადამოწმებასა და განახლებას უნდა ექვემდებარებოდეს;

გ.ბ) შეთავაზების განხორციელებამდე შეაფასონ, რამდენად მორგებულია ის მომხმარებლის ფინანსურ მდგომარეობაზე და არის თუ არა შესაბამისობაში მის მიზნებთან, საჭიროებებთან, შეზღუდვებთან, აქტივებისა და ვალდებულებების სტრუქტურასთან და ფინანსურ შესაძლებლობებთან;

გ.გ) ფიდუციარული ოპერაციების შესრულებისას როგორც საკონსულტაციო, ისე კონკრეტული ტრანზაქციების განხორციელებისას და გადაწყვეტილებების მიღებისას შესაბამისობაში უნდა იყვნენ მომხმარებლის აქტივებისა და ვალდებულებების სტრუქტურის შეზღუდვებთან და გაცხადებულ მიზნებთან;

დ) ინფორმაციის წარდგენა – პირებისთვის ინფორმაციის, მათ შორის სარეკლამო ხასიათის ინფორმაციის მიწოდებისას ან მათთვის პროფესიული საქმიანობის შედეგების გაცნობისას, კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალმა პირებმა უნდა მიიღონ ყველა ზომა, რათა მათ მიერ წარდგენილი ინფორმაცია იყოს გასაგები, სრული, ზუსტი და სარწმუნო. სარეკლამო ხასიათის ინფორმაციის მიწოდებისას, კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალმა პირებმა უნდა უზრუნველყონ ინფორმაციის მიმღების გაფრთხილება მიწოდებული ინფორმაციის სარეკლამო ხასიათის შესახებ;

ე) კონფიდენციალურობის დაცვა – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები ვალდებულნი არიან დაიცვან მომხმარებლებისა და ყოფილი მომხმარებლების შესახებ მათ ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ:

 ე.ა) ინფორმაცია ეხება მომხმარებლის უკანონო საქმიანობას და კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალ პირს აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულება, გაუმჟღავნოს ინფორმაცია შესაბამის საგამოძიებო ორგანოს, სასამართლოს ან/და საქართველოს ეროვნულ ბანკს;

ე.ბ) ინფორმაციის გამჟღავნება სავალდებულოა კანონით;

ე.გ) მომხმარებელი ნებართვას გასცემს ინფორმაციის გამჟღავნებაზე.

 

მუხლი 7. ვალდებულებები დამსაქმებლის მიმართ

კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი დამსაქმებელი პირების მმართველი ორგანოს წევრებს და თანამშრომლებს აქვთ მინიმუმ შემდეგი ვალდებულებები დამსაქმებლის მიმართ:

ა) ერთგულება – იმოქმედონ თავიანთი დამსაქმებლის სასარგებლოდ, რაც მოიცავს მათი უნარებისა და კომპეტენციების გამოყენებას, კონფიდენციალურობის დაცვასა და დამსაქმებლისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებას;

ბ) შეთანხმებები დამატებით კომპენსაციაზე – არ მიიღონ საჩუქრები, სარგებელი, კომპენსაცია, რომელიც დამსაქმებლის ინტერესებს ეწინააღმდეგება ან შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ან შექმნას ინტერესთა კონფლიქტი დამსაქმებელთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს დამსაქმებლის წერილობითი თანხმობა;

გ) ხელმძღვანელთა ვალდებულება – ხელმძღვანელნი მუდმივად უნდა ამოწმებდნენ და რწმუნდებოდნენ, რომ მათ დაქვემდებარებაში მყოფი თითოეული პირის საქმიანობა სრულ შესაბამისობაშია არსებულ კანონმდებლობასთან, წესებთან, რეგულაციებთან, ამ კოდექსთან და ორგანიზაციის შიდა სტანდარტებთან.  

 

მუხლი 8. პროფესიული საქმიანობის პრინციპები

კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები უნდა იცავდნენ პროფესიული საქმიანობის მინიმუმ შემდეგ სტანდარტებს:

ა) მზრუნველობა და გონივრული საფუძველი – პროფესიული ქმედებების განხორციელებისას კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები:

ა.ა) უნდა მოქმედებდნენ შესაბამისი მზრუნველობით, დამოუკიდებლად და გულისხმიერებით;

ა.ბ)  უნდა ემყარებოდნენ გონივრულ და ადეკვატურ საფუძვლებს, რომლებიც გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი კვლევებითა და ანალიზით;

ბ) კომუნიკაცია მომხმარებლებთან – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალმა პირებმა:

ბ.ა) მომხმარებლებს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია საქმიანობის ძირითადი ფორმატისა და საფინანსო პროდუქტის ზოგადი პრინციპების/ძირითადი მახასიათებლების შესახებ. დაუყოვნებლივ უნდა გაუმჟღავნონ მომხმარებლებს ინფორმაცია ყველა იმ მატერიალური ცვლილების შესახებ, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათი საქმიანობის ფორმატსა და პრინციპებზე ან რომელიც დაკავშირებულია პროდუქტთან;

ბ.ბ) მომხმარებლებს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია პროდუქტთან ან ტრანზაქციასთან დაკავშირებული რისკების, შეზღუდვებისა და ლიმიტების შესახებ, უზრუნველყონ აღნიშნული ინფორმაციის განახლება და მომხმარებლებისთვის შესაბამისი ცვლილებების გამჟღავნება;

ბ.გ) გამოიყენონ გონივრული განსჯა იმ ფაქტორების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს მათი პროფესიული საქმიანობის ან მომხმარებლის მიერ გადაწყვეტილების მიღების კონტექსტში და მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორები გაუმჟღავნონ მომხმარებელსაც;

ბ.დ) მომხმარებლებთან კომუნიკაციისას, საბანკო/საფინანსო პროდუქტის შეთავაზებისას, საინვესტიციო რჩევის მიწოდებისას, თავიანთი საქმიანობის პრეზენტაციისას და ზოგადად პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, პირებისთვის ინფორმაციის მიწოდების დროს, ერთმანეთისგან მკვეთრად უნდა გამიჯნონ დადგენილი ფაქტი და პირადი მოსაზრება;

ბ.ე)  აწარმოონ შესაბამისი ჩანაწერები მომხმარებლებთან კომუნიკაციისას.

მუხლი 9. ინტერესთა კონფლიქტი და კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალ პირთა პასუხისმგებლობა

კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები უნდა იცავდნენ ინტერესთა კონფლიქტისა და სხვა შემდეგ სტანდარტებს:

ა) ინტერესთა კონფლიქტის მართვა და გამჟღავნება – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალმა პირებმა  უნდა მიიღონ ყველა ზომა იმისთვის, რომ უზრუნველყონ ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირება, თავიდან აცილება და მართვა. როდესაც ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება შეუძლებელია, მათ სრულად, სამართლიანობის პრინციპის დაცვით უნდა გაამჟღავნონ ყველა ის საკითხი, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მათ დამოუკიდებლობასა და ობიექტურობას ან ხელი შეუშალოს მათი მოვალეობების შესრულებას მომხმარებლებისა და დამსაქმებლის მიმართ. ასეთი გამჟღავნება უნდა განხორციელდეს ცხადად, გასაგებ ენაზე და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებით;

ბ) ტრანზაქციების პრიორიტეტულობა – აკრძალულია წინსწრებით ვაჭრობა. პირად ტრანზაქციებთან მიმართებით, უპირატესობა უნდა ენიჭებოდეს მომხმარებლებისა და დამსაქმებლებისთვის შესასრულებელ ტრანზაქციებს;

გ) მესამე მხარის მოსაკრებლები და ბონუსები – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალმა პირებმა დამსაქმებელსა და მომხმარებლებს წინასწარ უნდა გაუმჟღავნონ ინფორმაცია კონკრეტული საქმიანობის/მომსახურების გაწევისთვის მესამე მხარისგან მისაღები ან/და მათთვის გასაცემი ნებისმიერი სახის კომპენსაციის ან სარგებლის შესახებ;

დ) ქცევის ზოგადი სტანდარტი კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირებისათვის – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალმა პირმა არ უნდა შელახოს კომერციული ბანკის, საბროკერო კომპანიის ან აქტივების მმართველი კომპანიის (რომელშიც დასაქმებულია/რომლის აქციონერიცაა) და ამასთან საფინანსო ბაზრის რეპუტაცია და კეთილსინდისიერება. ამასთან, საფრთხე არ უნდა შეუქმნას საფინანსო სექტორის ფინანსურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას;

ე) კომპანიის ან საკუთარი პოზიციის სტატუსის გამოყენება – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალმა პირებმა კომერციული ბანკის, საბროკერო კომპანიის ან აქტივების მმართველი კომპანიის ან საკუთარი პოზიციის სტატუსის გამოყენებისას არ უნდა მოახდინონ პირთა შეცდომაში შეყვანა ან/და აღნიშნული სტატუსის  არასათანადოდ გამოყენება.

 

თავი III. პროფესიული ქცევის სტანდარტები საბანკო ბაზრის მონაწილეებისთვის

მუხლი 10. დამატებითი ვალდებულებები საბანკო სექტორის მონაწილეებისათვის

კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები, რომლებიც საბანკო სექტორის მონაწილეები (ამ თავის მიზნებისთვის შემდგომში – საბანკო სექტორის მონაწილეები) არიან, ამ კოდექსის II თავით განსაზღვრულ პრინციპებთან ერთად,  მუდმივად უნდა იცავდნენ, მინიმუმ, შემდეგ სტანდარტებს:

ა) არ უნდა მონაწილეობდნენ და ხელს არ უნდა უწყობდნენ საზედამხედველო არბიტრაჟს (კომერციული ბანკის მხრიდან ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ეკონომიკურ ნორმატივებთან, ლიმიტებთან, შეზღუდვებთან ან სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებული ან ნებისმიერი სხვა ინფორმაციის იმგვარი დამუშავება/წარმოდგენა ან/და ტრანზაქციის ისეთი ფორმით განხორციელება, რაც იმავე რისკ(ებ)ის შენარჩუნების პირობებში იწვევს კანონმდებლობის, მათ შორის, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნებისა და შეზღუდვების თავიდან არიდებას ან არამართლზომიერ შემსუბუქებას) და მკაცრად უნდა ემიჯნებოდნენ ნებისმიერი მსგავსი სახის პრაქტიკას;

ბ) უნდა უზრუნველყოფდნენ ე.წ. „ინფორმაციული მიჯნის“ შენარჩუნებას კომერციულ ბანკებსა და სხვა პირებს, მათ შორის, კომერციულ ბანკთან დაკავშირებულ მხარეებს შორის. კერძოდ, საბანკო ბაზრის მონაწილეებმა არ უნდა დაუშვან ბანკის შიდა ინფორმაციის (მატერიალური არასაჯარო ინფორმაცია, რომელზეც საბანკო ბაზრის მონაწილეებს ხელი მიუწვდება კომერციული ბანკის კაპიტალში (მეწილეობით) ან საქმიანობით, პროფესიული ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებით ან კომერციულ ბანკთან სხვა კავშირის გამო ან როდესაც ასეთ ინფორმაციას საბანკო ბაზრის მონაწილე სხვა გზით მიიღებს) არასათანადო გადადინება სხვა პირებთან, მათ შორის, კომერციული ბანკის დაკავშირებულ მხარეებთან;

გ) ხელს უნდა უწყობდნენ კეთილსინდისიერებას საბანკო სექტორში. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და შეზღუდვების გათვალისწინებით, საბანკო ბაზრის მონაწილეები არ უნდა ჩაებან ისეთ პრაქტიკაში, რომლის მიზანი ან შედეგია კონკურენციის შეზღუდვა, აღკვეთა ან/და აკრძალვა ან/და რომელიც აფერხებს/შესაძლოა შეაფერხოს თავისუფალი საფინანსო საქმიანობა ან ფინანსური პროდუქტების თავისუფალი შეთავაზება ან/და არასათანადო უპირატესობას ანიჭებს/შესაძლოა, მიანიჭოს მათ ფინანსურ ბაზარზე, მათ შორის, საბანკო სექტორის სხვა მონაწილეებთან მიმართებით, რაც არ შემოიფარგლება, თუმცა, გულისხმობს შემდეგი სახის პრაქტიკას:

გ.ა) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ან/და კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება, რაც არ შემოიფარგლება, თუმცა, მოიცავს შემდეგი სახის ქმედებებს:

გ.ა.ა)  შესყიდვის ან გაყიდვის ფასების (მათ შორის, არასამართლიანი ფასების) ან სხვა სავაჭრო პირობების (მათ შორის, არასამართლიანი სავაჭრო პირობების) პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა;

გ.ა.ბ) განსხვავებული/დისკრიმინაციული პირობების დაწესება ერთიდაიმავე ან მსგავს ტრანზაქციებზე ბაზრის არსებული და პოტენციური მონაწილეებისთვის ბაზარზე შესვლის ხელოვნური ბარიერების დაწესების ან არსებული მონაწილეების ბაზრიდან გაშვების მიზნით. ასევე, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით ექსკლუზიური შეთანხმება ან უარის თქმა გარიგებაზე, მათ შორის, ბანკთან დაკავშირებული მხარის სასარგებლოდ;

გ.ა.გ) საფინანსო სექტორში მონოპოლიური ბერკეტების მოპოვება და შენარჩუნება, რომლის შედეგი ან მიზანი კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვაა;

გ.ბ) სექტორში კონცენტრაცია – საბანკო ბაზრის მონაწილეები არ უნდა ჩაებან ისეთ პრაქტიკაში, რომელიც ხელს უწყობს სექტორში კონცენტრაციის ზრდას კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის მიზნით. ამასთან, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის კონცენტრაციის დაუშვებლობის პრინციპის გათვალისწინებით, დაუშვებელია კონცენტრაცია, რომელიც არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საბანკო სექტორში. თუ კონცენტრაცია წარმოქმნის ან აძლიერებს დომინანტურ მდგომარეობას, ივარაუდება, რომ ასეთი კონცენტრაცია არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საბანკო სექტორში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეკონომიკური აგენტი საპირისპიროს დაასაბუთებს.

 

თავი IV. პროფესიული ქცევის სტანდარტები პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე

მუხლი 11. დამატებითი ვალდებულებები პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე

კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები, რომლებიც მონაწილეობენ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ამ წესის II თავით განსაზღვრულ პრინციპებთან ერთად და მათი პრაქტიკაში დანერგვის მიზნით, მუდმივად უნდა იცავდნენ, მინიმუმ, შემდეგ სტანდარტებს:

ა) კლიენტების დავალებების აღსრულებისას უნდა იმოქმედონ სამართლიანად, გამჭვირვალედ და კლიენტების განსხვავებული დავალებების სპეციფიკური მახასიათებლების გათვალისწინებით;

ბ) კლიენტების დავალებების აღსრულებისას გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება იმისთვის, რომ კლიენტების დავალებები აღსრულდეს საუკეთესო პირობებით. აღნიშნულის დასადგენად, დავალებისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ ფაქტორებთან ერთად, მათ უნდა გაითვალისწინონ ისეთი საკითხები, როგორებიცაა ფასი, დავალების მოცულობა, დავალებასთან დაკავშირებული ხარჯები, დავალების აღსრულების სისწრაფე, ტრანზაქციის დასრულებისა და ანგარიშსწორების ალბათობა. თუ კლიენტისგან მიღებული აქვთ კონკრეტული ინსტრუქცია, უნდა იმოქმედონ აღნიშნული ინსტრუქციის შესაბამისად;

გ) კლიენტების მსგავსი დავალებები აღასრულონ დავალების მიღების დროის შესაბამისად, თუ საბაზრო პირობებით ეს შეუძლებელი არ არის ან დავალების დეტალები ან/და კლიენტის ინტერესები არ მოითხოვს სხვაგვარ ქმედებას;

დ) კლიენტებს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, თუ როგორ აღასრულებენ კლიენტების დავალებებს, რაც სულ მცირე უნდა მოიცავდეს იმ გარემოებების აღწერას, რომლებმაც შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს კლიენტის დავალების აღსრულებაზე, ასევე ინფორმაციას კლიენტების დავალებების აგრეგირების ან დროში პრიორიტეტულობის მინიჭების შესახებ;

ე) იმოქმედონ გამჭვირვალედ, როდესაც კლიენტს ან პოტენციურ კლიენტს აცნობენ მომსახურების პირობებს, კერძოდ, კლიენტს/პოტენციურ კლიენტს გააცნონ ყველა ის გადასახადი და საკომისიო, რაც შეიძლება დაეკისროთ მათ მომსახურების პერიოდში;

ვ) საინვესტიციო რჩევის გაცემამდე ან პორტფელის (აქტივების) მართვის მომსახურების გაწევამდე ამ წესის მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისობის შეფასებასთან ერთად: 

ვ.ა) განახორციელონ გონივრული და სრულყოფილი კვლევა, რათა შეისწავლონ კლიენტის ცოდნა, გამოცდილება, რისკისადმი ტოლერანტობა, მისთვის სასურველი სარგებლიანობის დონე, კლიენტის ფინანსური მდგომარეობა და მის წინაშე არსებული ფინანსური შეზღუდვები. რეგულარულად გადახედონ აღნიშნულ ინფორმაციას და საჭიროებისამებრ განაახლონ ის;

ვ.ბ) შეაფასონ, რამდენად შეესაბამება მათ მიერ განსახორციელებელი ქმედება კლიენტის მიერ მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებასა და კლიენტის ფინანსურ მდგომარეობას, აგრეთვე, რამდენად არის ის თანხვედრაში კლიენტის მიზნებთან, საჭიროებებსა და შეზღუდვებთან;

ვ.გ) შეაფასონ მათ მიერ განსახორციელებელი ქმედების შესაბამისობა კლიენტის მთლიანი პორტფელის ჭრილში;

ვ.დ) იმოქმედონ პორტფელის წინასწარ გაცხადებული მიზნებისა და შეზღუდვების ფარგლებში, თუ ისინი ახორციელებენ პორტფელის მართვას სპეციფიკური უფლებამოსილების, სტილის ან სტრატეგიის შესაბამისად;

ზ) ამ წესის მე-9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის პრაქტიკაში დანერგვის მიზნით, კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალმა პირებმა, რომლებიც მონაწილეობენ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე:

ზ.ა) კლიენტებს დამატებით უნდა მიაწოდონ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამსაქმებელთან გაფორმებული სპეციალური საკომპენსაციო ხელშეკრულებების შესახებ, რამაც შესაძლოა შექმნას ინტერესთა კონფლიქტი;

ზ.ბ) კლიენტებს უნდა გაუმჟღავნონ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადი დაინტერესების შესახებ, ყველა იმ ფასიან ქაღალდთან ან ინვესტიციასთან დაკავშირებით, რომლებსაც ისინი ურჩევენ ან სთავაზობენ კლიენტებს.

 

მუხლი 12. ორგანიზაციული მოთხოვნები

1. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლებმა მათი საქმიანობის სპეციფიკის, ზომისა და მასშტაბის გათვალისწინებით უნდა უზრუნველყონ:

ა) შესაბამისობის ოფიცრის დანიშვნა, რომლის უფლებები და პასუხისმგებლობები ნათლად იქნება განსაზღვრული, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და ექნება საჭირო ძალაუფლება და რესურსი იმისთვის, რომ უზრუნველყოს კომპანიის პროცედურების შესაბამისობა კანონმდებლობასთან;

ბ) საქმიანობის ორგანიზება იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული ინტერესთა კონფლიქტი. აღნიშნული, უზრუნველყოფილ  უნდა იქნეს ფუნქციების სეგრეგირებით, მათ შორის:

ბ.ა) სავაჭრო, რისკების მართვისა და ტრანზაქციების დამუშავების, ანგარიშსწორებისა და აღრიცხვის ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნით;

ბ.ბ) საკუთარი და კლიენტების ოპერაციების ერთმანეთისგან გამიჯვნით.

2. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლები ვალდებულნი არიან გააჩნდეთ:

ა) თანამშრომელთა ქცევისა და ეთიკის კოდექსი, რომლითაც უნდა უზრუნველყონ პოტენციურად დაუშვებელი ქცევისა და პრაქტიკის იდენტიფიცირება და მართვა;

ბ) კლიენტების დავალებების მართვისა და  აღსრულების პოლიტიკა და პროცედურები;

გ) კლიენტებთან კომუნიკაციის პოლიტიკა, რომელიც სულ მცირე უნდა მოიცავდეს კლიენტებთან ურთიერთობის გზებისა და საშუალებების აღწერას;

დ) მმართველი ორგანოს წევრებისა და თანამშრომლების საკუთარი გარიგებების/ვაჭრობის პოლიტიკა და შესაბამისი კონტროლი;

ე) სახელფასო და დაწინაურების ისეთი სტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ჯანსაღი საბაზრო პრაქტიკის განხორციელებას და არ შექმნის პოტენციურ ინტერესთა კონფლიქტს ბაზრის შუამავალსა და კლიენტებს შორის.

3. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლები ვალდებულნი არიან:

ა) კლიენტებთან/პოტენციურ კლიენტებთან არსებული კომუნიკაციის მხარდასაჭერად უზრუნველყონ თავიანთ საინვესტიციო ანალიზთან, რჩევებსა და რეკომენდაციებთან, სხვა არსებით პროფესიულ მოქმედებებსა და ინვესტიციებთან დაკავშირებული სათანადო, დროული, თანმიმდევრული და ზუსტი ჩანაწერების წარმოება;

ბ) უზრუნველყონ გარიგებების დადება სამსახურებრივი კომუნიკაციის საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს გარიგების შესახებ კომუნიკაციისა და ინფორმაციის შენახვას შემდგომი აუდიტის მიზნით. თუ ბაზრის შუამავლის შიდა პოლიტიკით დაშვებულია სამსახურებრივი მობილური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება, ბაზრის მონაწილე ვალდებულია აღნიშნულ საშუალებებზეც უზრუნველყოს გარიგებებთან დაკავშირებული ნებისმიერი კომუნიკაციის ჩაწერა და შენახვა. ტელეფონით (ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით) დადებული გარიგებები სავალდებულო წესით უნდა აღირიცხოს ბაზრის შუამავლის შესაბამის სისტემაში;

გ) შეიმუშაონ ჩანაწერების წარმოების პოლიტიკა და საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე განახორციელონ ჩანაწერების წარმოება იმ სახით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მათი სიზუსტე და სისრულე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერები შენახული უნდა იყოს  ისეთი სახით, რომ შესაძლებელი იყოს ყველა შეტანილი ცვლილების, ცვლილებამდელი ჩანაწერის, ცვლილების თარიღისა და ცვლილების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის ნახვა, როგორც ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლისთვის, ასევე ეროვნული ბანკისა და აუდიტისთვის.

5. ამ მუხლში განსაზღვრული დოკუმენტაცია და ჩანაწერები შესაძლებელია არსებობდეს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით და ბაზრის შუამავალმა მათი შენახვა უნდა უზრუნველყოს მინიმუმ 6 წლის ვადით.

 

თავი V. დამატებითი ვალდებულებები, პროცედურებიული წესები, საზედამხედველო ქმედებები და სანქციები

მუხლი 13. კომერციული ბანკის, საბროკერო კომპანიისა და აქტივების მმართველი კომპანიის ვალდებულებები

1. კომერციული ბანკი, საბროკერო კომპანია და აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულნი არიან, შექმნან ამ კოდექსით განსაზღვრული პრინციპებისა და სტანდარტების ეფექტური შესრულებისთვის საჭირო გარემო, მათ შორის, შეიმუშავონ (ან არსებული შიდა დოკუმენტები შეუსაბამონ) ამ კოდექსთან შესაბამისობაში მყოფი შიდა სტანდარტის დოკუმენტ(ებ)ი, რომელიც მინიმუმ უნდა მოიცავდეს ეთიკისა და პროფესიული ქცევის სტანდარტებს, მათი ეფექტური შესრულების უზრუნველყოფისა და მონიტორინგის, შესაბამისი ანგარიშგების, დარღვევის ფაქტების გამოძიების, დისციპლინური პასუხისმგებლობისა და შესაბამისი ზომების, საჩივრების განხილვის საკითხებს. კომერციულ ბანკს, საბროკერო კომპანიას და  აქტივების მმართველ კომპანიას უნდა გააჩნდეთ ეთიკის პრინციპებისა და სტანდარტების დარღვევის თაობაზე განცხადების/საჩივრების მიღების ეფექტური სისტემა და მექანიზმები, რომელიც მათ შორის, უზრუნველყოფს განცხადების/საჩივრის ავტორის ანონიმურობას (განცხადების/საჩივრის ავტორის მოთხოვნის შემთხვევაში).

2. კომერციულმა ბანკმა, საბროკერო კომპანიამ და აქტივების მმართველმა კომპანიამ უნდა უზრუნველყონ აღნიშნული პრინციპებისა და სტანდარტების, მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურული საკითხებისა და პასუხისმგებლობის/ზომების შესახებ, ასევე, შიდა სტანდარტში განხორციელებული ცვლილებების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირებისთვის, მათ შორის, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს აქციონერების სათანადო ინფორმირება, რაც შესაძლოა განხორციელდეს  კოდექსის/ინფორმაციის/ცვლილებების ვებგვერდზე გამოქვეყნებით ან/და მათთვის ელექტრონული/მატერიალური ფორმით გაგზავნის გზით. კომერციული ბანკი, საბროკერო კომპანია და აქტივების მმართველი კომპანია ხელს უნდა უწყობდნენ მათ მუდმივ შესაბამისობას ამ კოდექსით განსაზღვრულ პრინციპებთან და სტანდარტებთან, რაც სულ მცირე მოიცავს შესაბამის სწავლებებსა და გადამზადებას, ასევე, პოტენციური დარღვევების ეფექტური აღმოფხვრის მექანიზმის შემუშავებას.

3. გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, კომერციულმა ბანკმა დამატებით უნდა უზრუნველყოს შემდეგი:

ა) ამ კოდექსის/ბანკის შიდა დოკუმენტის ეფექტური შესრულების მიზნებისათვის, უნდა შექმნას (ან არსებულ სტრუქტურულ ერთეულს ფუნქციურად შეუთავსოს) შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელიც სხვა ფუნქციებთან ერთად, შეიმუშავებს ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ ბანკის შიდა დოკუმენტ(ებ)ს, მუდმივ მონიტორინგს გაუწევს ამ კოდექსისა და ბანკის შიდა სტანდარტების შესრულებას, მიიღებს, განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს მიღებულ საჩივრებსა და დარღვევის ფაქტებზე, ამასთან, დარღვევის ფაქტის არსებობის დადასტურების შემთხვევაში, განახორციელებს დამრღვევ პირთა მიმართ შესაბამისი ზომების გატარებას;

ბ) თუ პრეტენზიას/განცხადებას/საჩივარს ბანკში მომხმარებელი წარადგენს, აღნიშნული პრეტენზიის/განცხადების/საჩივრის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებით დამტკიცებული წესითა  და მოთხოვნების დაცვით უნდა განხორციელდეს აღნიშნულზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ. თუ აღნიშნული მოკვლევის ფარგლებში გამოიკვეთება ამ კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირის მხრიდან ამ კოდექსის რომელიმე მოთხოვნის შესაძლო დარღვევა, საქმის ამ მიმართულების პარალელური მოკვლევა და დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში – შესაბამისი ზომების მიღება, უნდა განახორციელოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა სტრუქტურულმა ერთეულმა;

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში (გარდა მომხმარებლების საჩივრების/პრეტენზიებისთაობაზე მიღებული გადაწყვეტილებებისა, რომელთა განხილვის პროცედურულ საკითხებს „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებით დამტკიცებული წესი განსაზღვრავს), საჩივარს განიხილავს კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭო/სამეთვალყურეო საბჭოსთან არსებული ეთიკის/შესაბამისობის/კორპორაციული მართვის კომიტეტი და საჭიროების შემთხვევაში, მიიღებს გადაწყვეტილებას საკითხის განმეორებითი მოკვლევის/სტრუქტურული ერთეულის მიერ მიღებული ზომების შეცვლის/პირველადი გადაწყვეტილების უცვლელად ძალაში დატოვების/პირველადი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. ამასთან, სამეთვალყურეო საბჭო ამტკიცებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შიდა სტანდარტის დოკუმენტებს და იღებს პერიოდულ ანგარიშგებას შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ შეფასების შედეგების, საჩივრებისა და მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების ეფექტური შესრულების მიზნებისათვის, სისტემურად მნიშვნელოვანი ან/და იმ კომერციული ბანკების მიერ, რომლებიც ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით დაექვემდებარებიან აღნიშნულ მოთხოვნას მათი ზომის, ტიპის, კომპლექსურობისა თუ სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით, სამეთვალყურეო საბჭოსთან უნდა შეიქმნას ეთიკის/შესაბამისობის/კორპორაციული მართვის კომიტეტი (შემდგომ – კომიტეტი), რომელიც ამ პუნქტში მოცემული ფუნქციების შესრულებისა და საქმიანობის თაობაზე განახორციელებს პერიოდულ ანგარიშგებას სამეთვალყურეო საბჭოსთან (შემდგომ – საბჭო).

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, თუ საბჭოს/კომიტეტის შემადგენლობაში შემავალ რომელიმე წევრს აქვს პირდაპირი ან არაპირდაპირი კავშირი განსახილველ საქმესთან ან მასთან კავშირში მყოფ პირთან/პირებთან, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საბჭოს/კომიტეტის წევრის ობიექტურობასა და დამოუკიდებლობას ან წარმოშვას ინტერესთა კონფლიქტი, აღნიშნულმა წევრმა არ უნდა მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში და ის კონკრეტული საქმის განხილვის ფარგლებში უნდა გამოირიცხოს საბჭოს/კომიტეტის შემადგენლობიდან.

4. კომერციული ბანკი (შესაბამისი სტრუქტურული ერთეული), საბროკერო კომპანია და აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულნი არიან, სხვადასხვა წყაროდან უზრუნველყოფდნენ შეუსაბამობის/დარღვევის ფაქტებისა და ინციდენტების მოძიებასა და მიღებას, მათ შორის, მოიაზრება მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ინციდენტები და დარღვევები, თვითგამჟღავნება, წერილობითი საჩივრები ან სხვა საჯარო წყაროდან მიღებული ინფორმაცია. კონკრეტული შემთხვევის მოკვლევის პროცესი სხვა მექანიზმებთან ერთად უნდა მოიცავდეს ახსნა-განმარტების მიღებას, შესაბამისი ინფორმაციის მოგროვებასა და გამოკითხვების წარმოებას. მოკვლევის შედეგების საფუძველზე სტრუქტურული ერთეული იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

5. კომერციული ბანკი (შესაბამისი სტრუქტურული ერთეული), საბროკერო კომპანია და აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულნი არიან, შეუსაბამობის/დარღვევის ფაქტების მოკვლევა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება განახორციელონ ამ კოდექსის, მის საფუძველზე შემუშავებული შიდა სტანდარტებისა და სერტიფიცირებულ ფინანსურ ანალიტიკოსთა (CFA) ინსტიტუტის სტანდარტების, ასევე, ზოგადი ეთიკის პრინციპებისა და ნორმების, მათ შორის, თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპთა დაცვით.

6. კომერციული ბანკი, საბროკერო კომპანია და აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულნი არიან, განახორციელონ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ყოველთვიური ანგარიშგება ეროვნულ ბანკთან ამ კოდექსის ფარგლებში დაფიქსირებულ ინციდენტებთან, დარღვევებთან, საჩივრებთან და გატარებულ ზომებთან დაკავშირებით.

 

მუხლი 14. საზედამხედველო ქმედებები და სანქციები

1. კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები უნდა აცნობიერებდნენ, რომ კოდექსით განსაზღვრული პრინციპებისა და სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი პირის მიმართ დარღვევის სერიოზულობიდან გამომდინარე, შესაძლოა, გატარებულ იქნეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და კომერციული ბანკის/საბროკერო კომპანიის/აქტივების მმართველი კომპანიის შიდა სტანდარტების დოკუმენტით განსაზღვრული ზომები.

2. კომერციული ბანკის ეთიკის/შესაბამისობის/კორპორაციული მართვის კომიტეტის, აგრეთვე საბროკერო კომპანიის ან აქტივების მმართველი კომპანიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შესაბამისი განცხადება შესაძლოა, წარედგინოს ეროვნულ ბანკს, რომელიც უფლებამოსილია, გაატაროს შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები, ამ კოდექსის ფარგლებში დაფიქსირებულ ინციდენტებთან და დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაციის საფუძველზე კომერციულ ბანკთან/საბროკერო კომპანიასთან/აქტივების მმართველ კომპანიასთან ერთად ან დამოუკიდებლად განახორციელოს შესაბამისი მოკვლევა და მიიღოს  შესაბამისი ზომები. მათ შორის, დარღვევის სერიოზულობიდან გამომდინარე:

ა) კომერციული ბანკების მიმართ გამოიყენოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომა ან/და სანქცია;

ბ) საბროკერო კომპანიების მიმართ გამოიყენოს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე და 551 მუხლებით გათვალისწინებული სანქციები;

გ) აქტივების მმართველი კომპანიების მიმართ გამოიყენოს „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები.

3. პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ ის აცნობიერებდა,  შეეძლო ან უნდა გაეცნობიერებინა, რომ კოდექსით ან/და კომერციული ბანკის/საბროკერო კომპანიის/აქტივების მმართველი კომპანიის შიდა სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნას არღვევდა.

4. თუ კონკრეტული დარღვევისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულია სხვა უფრო მკაცრი სანქცია, პირს უფრო მკაცრი პასუხისმგებლობა დაეკისრება. თუ უფრო მკაცრი სანქციის/პასუხისმგებლობის დაკისრება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების ფარგლებში (გარდა ეროვნული ბანკის წარმოებაში არსებული საქმეებისა) განხორციელდება, ეს არ გამორიცხავს პირისთვის ამ კოდექსიდან გამომდინარე სანქციის დაკისრებასაც.

5. კომერციული ბანკების შემთხვევაში, კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირების მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების დაცვის საკითხი სხვა საკითხებთან ერთად იქნება გათვალისწინებული კომერციული ბანკების რისკების შეფასების საერთო პროგრამის (GRAPE) ფარგლებში კორპორაციული მართვის რისკისა და ადმინისტრატორთა კანონმდებლობით განსაზღვრული შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასებისას.