დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხელეთა პროფესიული განვითარების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 006242/21 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი |
| მიღების თარიღი | 19/10/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.58.070.016083 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (23/10/2020 - 19/03/2021)
|
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და 32-ე მუხლის შესაბამისად,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხელეთა პროფესიული განვითარების წესი (თან ერთვის).
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხელეთა
პროფესიული განვითარების წესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1 1. ეს წესი განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) მოხელეთა პროფესიული განვითარების პირობებსა და პროცედურებს. 2. პროფესიული განვითარება მოიცავს მოხელეთა პროფესიული განვითარების საჭიროებების უზრუნველყოფის ღონისძიებებს. მუხლი 2 1. მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროება წარმოადგენს მის მიერ უფლებამოსილებების განხორციელებისათვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების განვითარების საფუძველს, მაღალი პროფესიული სტანდარტის დამკვიდრებისა და სამსახურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. 2. მოხელეთა პროფესიული განვითარების საჭიროებები განისაზღვრება ყოველი წლის დასაწყისში, ერთ-ერთი ან რამდენიმე შემდეგი კრიტერიუმის გათვალისწინებით: ა) თითოეული იერარქიული რანგის თანამდებობისათვის გათვალისწინებული მოთხოვნები; ბ) თითოეული მოხელის სამუშაო აღწერილობა; გ) მოხელის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების შედეგები; დ) სამსახურის სტრატეგიული მიზნები და საჭიროებები. 3. მოხელეთა პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის მიზნით, ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ადგენს გეგმას, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: პროგრამის ტიპი, თემატიკა, სასწავლო პროგრამის დასახელება, პროგრამის აღწერა, პროფესიული სწავლების ფორმა, თანამდებობის იერარქია, მოხელეთა რაოდენობა, შესრულების პერიოდი. აღნიშნულ გეგმას ამტკიცებს გენერალური აუდიტორი და ეგზავნება სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მარტისა. 4. გენერალურმა აუდიტორმა, სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მიიღოს გადაწყვეტილება მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობის შესახებ წლის ნებისმიერ დროს. მუხლი 3 1. მოხელე ვალდებულია გაიაროს პროფესიული განვითარების საბაზისო და დამატებითი პროგრამები, რომელთა განხორციელებას უზრუნველყოფს სამსახური. 2. პროფესიული განვითარება, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პროგრამების გარდა, მოიცავს პროფესიული განვითარების დამატებით ღონისძიებებს, რაც გულისხმობს მოხელის უფლებას, საკუთარი ცოდნისა და უნარების განვითარების მიზნით, სამსახურის შეთავაზებით ან საკუთარი ინიციატივით სამსახურთან შეთანხმებით, დამატებით გაიაროს პროფესიული განვითარების სხვა პროგრამები. მუხლი 4 მოხელეთა პროფესიული განვითარების დაგეგმვას, ორგანიზებასა და შედეგების მონიტორინგს ახორციელებს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური. თავი II პროფესიული განვითარების სავალდებულო პროგრამები მუხლი 5 1. მოხელის პროფესიული განვითარების სავალდებულო პროგრამები ორი სახისაა: ა) საბაზისო, რომელიც მოიცავს შემდეგ მოდულებს: ა.ა) პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი; ა.ბ) მოხელის მენეჯერული უნარები; ბ) დამატებითი, რომელიც მოიცავს შემდეგ მოდულებს: ბ.ა) ფინანსური აუდიტი; ბ.ბ) შესაბამისობის აუდიტი; ბ.გ) ეფექტიანობის აუდიტი; ბ.დ) საბიუჯეტო კანონმდებლობა; ბ.ე) საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (IPSAS); ბ.ვ) ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი; ბ.ზ) ადამიანური რესურსების მართვა; ბ.თ) პრეზენტაციის უნარი; ბ.ი) პროექტის მართვა; ბ.კ) პროგრამული ბიუჯეტირება; ბ.ლ) სახელმწიფო შესყიდვები; ბ.მ) შიდა აუდიტი; ბ.ნ) აუდიტის მართვის სისტემა (AMS); ბ.ო) მონაცემთა დამუშავება; ბ.პ) ანგარიშის წერა; ბ.ჟ) საერთაშორისა/ადგილობრივი სასერტიფიკატო პროგრამები; ბ.რ) კომპიუტერული პროგრამები; ბ.ს) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამა (E-flow). 2. პროფესიული განვითარების სავალდებულო პროგრამების განხორციელებისა და გავლის წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 6 თუ სავალდებულო პროფესიული განვითარების პროგრამის ხანგრძლივობა 3 თვეს აღემატება და ეს პროგრამა სამსახურის მიერ ფინანსდება, მოხელესა და სამსახურს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მოხელეს უფლება არა აქვს საკუთარი ინიციატივით გათავისუფლდეს სამსახურიდან ამ პროგრამის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ მოხელე სამსახურს აუნაზღაურებს მისი პროფესიული განვითარებისათვის გაწეულ ხარჯებს. თავი III პროფესიული განვითარების დამატებითი ღონისძიებები მუხლი 7 1. სამსახური, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, ხელს უწყობს მოხელის ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პროფესიული განვითარების პროგრამაში (სასწავლო პროგრამა/სასერტიფიკატო გამოცდა) მონაწილეობას: ა) ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფით, რაც შეიძლება მოიცავდეს სამსახურის ან/და სამსახურის პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, სსიპ – სახელმწიფო აუდიტის ინსტიტუტის ან/და საერთაშორისო/უცხო ქვეყნის ორგანიზაციის მიერ სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების განხორციელებას; ბ) მოხელის ექსპერტული მხარდაჭერის უზრუნველყოფით, რომელიც სამსახურის საერთაშორისო/უცხო ქვეყნის ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. 2. ამ მუხლის შესაბამისად, სამსახურის შეთავაზებით მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში, მოხელეს და სამსახურს შორის შეიძლება დაიდოს ხელშეკრულება ფინანსური პასუხისმგებლობის (პირგასამტეხლოს ან/და პროფესიულ განვითარებაზე გაწეული ხარჯების საკომპენსაციო თანხების გადახდის ვალდებულება) შესახებ, რომელიც მოხელეს ეკისრება საკუთარი ინიციატივით ან დისციპლინური გადაცდომისათვის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, თუ ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი წარმოიშვა პროგრამის დასრულებიდან ერთი წლის განმავლობაში. მუხლი 8 1. მოხელეს უფლება აქვს, დამატებით თავადაც განსაზღვროს მისი პროფესიული განვითარებისთვის სასწავლო პროგრამის საჭიროება. 2. მოხელე საკუთარი ინიციატივით სასწავლო პროგრამაში მონაწილეობაზე სამსახურთან შეთანხმების მიზნით, მიმართავს გენერალურ აუდიტორს წერილობითი განცხადებით, სადაც უნდა დაასაბუთოს მისი პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი პროგრამის საჭიროება და წარადგინოს პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 3. მოხელის ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნაზე სამსახურის უარი უნდა დასაბუთდეს წერილობით. თავი IV პროფესიული განვითარებისათვის შვებულებით სარგებლობის წესი მუხლი 9 მოხელის მიერ პროფესიული განვითარებისათვის შვებულებით სარგებლობის საფუძვლებია: ა) მოხელის პროფესიული განვითარების სავალდებულო პროგრამებში (საბაზისო და დამატებითი) მონაწილეობა; ბ) სამსახურის შეთავაზებით და მოხელის თანხმობით პროფესიული განვითარების დამატებით ღონისძიებებში მონაწილეობა; გ) მოხელის ინიციატივით და სამსახურის თანხმობით პროფესიული განვითარების დამატებით ღონისძიებებში მონაწილეობა. მუხლი 10 1. ამ წესის მე-9 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, მოხელეს ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება პროფესიული განვითარების პროგრამის ხანგრძლივობით, რაც არ გულისხმობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლით გათვალისწინებულ კუთვნილ შვებულებას. 2. ამ წესის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, მოხელეს ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება 5 წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს სამი თვისა, ხოლო ანაზღაურების გარეშე შვებულება – 5 წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს ერთი წლისა, რაც არ გულისხმობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლით გათვალისწინებულ კუთვნილ შვებულებას. მოხელეს უფლება აქვს 5 წლის განმავლობაში ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულება ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს. 3. მოხელის პროფესიული განვითარებისათვის შვებულებით სარგებლობის წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თავი V პროფესიული განვითარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესი მუხლი 11 1. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, სასწავლო პროგრამის საფასურს, ასევე, მოხელის მიერ პროფესიული განვითარების სავალდებულო პროგრამის მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ გავლის შემთხვევაში, საცხოვრებელი ფართობის დაქირავების, ტრანსპორტირების, კვებისა და სხვა სადღეღამისო ხარჯებს ანაზღაურებს სამსახური, გარდა ხარჯების იმ ნაწილისა, რომელსაც აფინანსებს სასწავლო პროგრამის მიმწოდებელი მხარე ან/და დონორი ორგანიზაცია. სამსახურის მიერ ამ პუნქტით განსაზღვრული ხარჯები (გარდა სასწავლო პროგრამის საფასურისა) ანაზღაურდება „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილების შესაბამისად. 2. ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, სამსახურის მიერ მოხელის პროფესიული განვითარების დაფინანსების მიზნით გაწეული ხარჯები ანაზღაურდება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, პროფესიული განვითარების პროგრამის ხარჯებს (მათ შორის, პროგრამის საფასურს) სამსახური არ ანაზღაურებს. სამსახურმა მოხელესთან შეთანხმებით, შესაძლებელია, აანაზღაუროს მხოლოდ სადღეღამისო ხარჯები „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილების შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები